გამაახალგაზრდავებელი პროცედურები
გააზიარე:
კანის მოვლის საშუალებები შევარჩიეთ, უკვე ვიცით, რომელ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ ახალგაზრდულ იერს, მაგრამ დაბერების პროცესის შესანელებლად ეს არ არის საკმარისი. ისიც უნდა ვიცოდეთ, მოვლის რომელი საშუალებები მოქმედებს კომბინირებულად და რა თანმიმდევრობით უნდა წავისვათ ისინი სახეზე, რომელი ანტიასაკობრივი პროცედურებია უფრო ეფექტური. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ გარეგანი მოვლით, გონივრულად დაბალანსებული რაციონისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.
გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე ამჯერად სწორედ მოწიფული კანის მოვლის სპეციფიკაზე გვესაუბრება.
ყოველდღიური რუტინა
– ორმოცი წლიდან კანი ყურადღების მოდუნებას აღარ გვპატიობს.თუ მისთვის სიკეთე გინდათ, ყოველ დილა-საღამოს გამონახეთ დრო მის მოსავლელად.
დილაობით სახე გულმოდგინედ გაიწმინდეთ გამწმენდი რძით ან ემულსიით. არ დაგავიწყდეთ ყელი და დეკოლტე – ამ ადგილებზე კანი მეტისმეტად თხელი და ნაზია, ხოლო კანქვეშა ცხიმოვანი შრე – მინიმალური, შესაბამისად, კანი მშრალია და დაუცველი, ამიტომ ადვილად ნაოჭდება. კანი ნაზად გაისუფთავეთ, არ იხეხოთ. ერიდეთ პირის დაბანას, განსაკუთრებით – საპნით. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბანეთ, თუ მძიმე მაკიაჟი გისვიათ. სახის გაწმენდა ტონიკით დაასრულეთ (ტონიკიც დამანოტივებელი შეარჩიეთ), 10-15 წუთის შემდეგ კი შრატი წაისვით. თუ ალერგიული ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, შრატის წასმამდე ტონიკი ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
უკვე იცით, რომ შრატი კრემის ეფექტს აძლიერებს. შრატის წასმიდან 10-15 წუთის შემდეგ გადაისვით დღის კრემი.
როგორც წინა ნომრიდან გახსოვთ, მოწიფული კანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს მოვლა, ამიტომ იგივე პროცედურები საღამოსაც ჩაიტარეთ, ოღონდ დღის კრემის ნაცვლად გადაისვით ანტიასაკობრივი მკვებავი, რომელიც კანს მთელი ღამით მოამარაგებს რეგენერაციისთვის საჭირო ნივთიერებებით. კრემმა კარგად რომ იმოქმედოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით.
კრემი სახის იმ უბანზე უნდა წაისვათ, რომლისთვისაცაა განკუთვნილი. სხვაგვარად შესაძლოა კანი გაგიღიზიანოთ.
მექანიკური პილინგი
– მექანიკური პილინგი კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ შინ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. ის აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, რაც აუცილებელია კანის უჯრედებში მიმდინარე პროცესებისთვის. კანის ზედაპირი გარქოვანებული უჯრედებისგან თავისუფლდება და ბუნებრივ ელფერს იბრუნებს. სკრაბი უნდა შეიცავდეს რბილ ნაწილაკებს და ნაზად ასუფთავებდეს კანს.
გლიკოლის ან რძის მჟავას შემცველი სკრაბი ასტიმულირებს კოლაგენის რეგენერაციას. რეტინოლისა და და პეპტიდების შემცველი კი ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სიმტკიცეს, რაც თავისთავად კანის სიმკვრივეს განაპირობებს.
ნიღბები
– ნაოჭებს არავითარ შანსს არ დაუტოვებთ, თუ კანი მუდმივად დატენიანებული გექნებათ, ამიტომ კრემებს დამატენინებელი ნიღბებიც დაახმარეთ. თუ კვირაში 3-4-ჯერ მოახერხებთ ნიღბის გაკეთებას, შედეგიც შესამჩნევი იქნება.
ნიღაბი სხვადასხვანაირია: კოლაგენის, ვიტამინების კოქტეილის, ჰიალურონის მჟავას, რეტინოლის, წყალმცენარეების ექსტრაქტის შემცველი.
თუ ბუნებრივ ინგრედიენტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, არჩევანი მოცვის ნიღაბზე შეაჩერეთ. მასში შემავალი ნივთიერებები იცავენ უჯრედებს და ანელებენ დაბერებას.
არ დაგავიწყდეთ ნიღბის ყელსა და დეკოლტეზე წასმა.
ერიდეთ ცხელ წყალს და ორთქლის აბაზანებს. უმჯობესია, სახე, ყელი და დეკოლტე ყინულის კუბიკებით დაინამოთ - ეს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, გაააქტიურებს უჯრედების განახლებას.
ყოველდღიურ რუტინაში სახის მსუბუქი მასაჟიც ჩართეთ, რომელიც ასევე სისხლის მოძრაობას შეუწყობს ხელს.
დღის განმავლობაში გარე ფაქტორების ზეგავლენით კანი შრება და უსიცოცხლო იერი ედება. ჩანთაში ყოველთვის იქონიეთ თერმული წყალი და დროდადრო სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე ისხურეთ. შეიძლება მაკიაჟის ზემოდანაც. ის შეიცავს მინერალებს, რომლებიც კანს ჟანგბადით აჯერებს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ანოტივებს.
გამაახალგაზრდავებელი პროცედურები
– დღეს ესთეტიკური მედიცინა იმდენ ინვაზიურ თუ არაინვაზიურ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას გვთავაზობს, მათში გასარკვევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამისთვის დრო რომ არ დაკარგოთ, გამოვყოფთ რამდენიმე პროცედურას, რომლებიც ძალიან ეფექტურია 40 წლიდან.
ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავებისა და დანოტივების ინექციური მეთოდია. კანში შეჰყავთ სუფთა ჰიალურონის მჟავა. პროცედურა კეთდება სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე. მისი მიზანია კანის ტენით მომარაგება, სტრუქტურის აღდგენა, ფიბრობლასტების სტიმულაცია, კანის ფერის გაუმჯობესება. სასურველია 3-5 პროცედურის ჩატარება 3-4-კვირიანი ინტერვალით კანის მდგომარეობის შესაბამისად. ებრძვის ნაოჭებს და მოშვებულ კანს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას.
მეზოთერაპია ნაოჭების, მოშვებული კანისა და პიგმენტაციის საწინააღმდეგო მეტად პოპულარული მეთოდია. ის უჯრედულ დონეზე უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის სტიმულაციას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უჯრედულ ცვლას, აჩქარებს კანის უჯრედების აღდგენის პროცესს. შედეგად უმჯობესდება კანის ზოგადი მდგომარეობა, იმატებს მისი სიმკვრივე და ტურგორი. კანში შეჰყავთ ეგრეთ წოდებული კოქტეილები, რომელთა შემადგენლობაში შედის ვიტამინები, ამინმჟავები, ანტიოქსიდანტები, პეპტიდები, ჰიალურონის მჟავა. კოქტეილი ჩვენებისამებრ უნდა შეირჩეს.
პლაზმოლიფტინგი კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცდურაა. პაციენტის სისხლიდან იღებენ თრომბოციტებით მდიდარ პლაზმას და კანში შეჰყავთ. ამის შედეგად აქტიურდება უჯრედშორისი მეტაბოლიზმი, გამომუშავდება კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა, რაც კანის ახალგაზრდულ იერს, თანაბარ ფერს, ელასტიკურობას და სიგლუვეს განაპირობებს. სასურველი ეფექტის მისაღებად საკმარისია 2-3 პროცედურის ჩატარება 3-4-კვირიანი ინტერვალით. პროცედურას გვერდითი ეფექტები არ აქვს. პრეპარატი მზადდება პაციენტის პლაზმისგან ყოველგვარი დანამატის გარეშე.
ქიმიური პილინგი კანის ზედაპირიდან გარქოვანებული უჯრედების აცლას გულისხმობს. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, რაც აჩქარებს უჯრედების განახლებას. ქიმიური პილინგისმიზანია კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, პიგმენტური ლაქებისა და ზედაპირული ნაწიბურების მოშორება. სტიმულირდება კანის სტრუქტურებში მიმდინარე აღდგენითი პროცესები.
ქიმიური პილინგის დროს იყენებენ გლიკოლის და ხილის მჟავებს. იმის მიხედვით, კანის რომელ ფენაზე უნდა მოხდეს ზემოქმედება, მათ სხვადასხვა თანაფარდობით არჩევენ. ღრმა პილინგის დროს კანის აშრევება რამდენიმე დღე გრძელდება, რეაბილიტაციის პროცესი კი 8-10 დღეს მოიცავს. ეფექტი ძლიერია და დაახლოებით 2-3 წელი ნარჩუნდება.
ულთერაპია კანის გამკვრივებისა და ლიფტინგისარაინვაზიური მეთოდია. ულტრაბგერის ზემოქმედების შედეგად კანში გამომუშავდება ახალი კოლაგენი, რაც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი განახლების პროცესს. პროცედურა უმტკივნეულოა. გრძელდება 30-90 წუთამდე, საბოლოო შედეგი კი 3-4 თვეში ხდება თვალსაჩინო.
ცხოვრების ჯანსაღი წესი და კანი
– სწორი და დროული მოვლა რომ აუცილებელია კანისთვის, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. თუ მოვლას ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაბალანსებულ კვებასაც დაახმარებთ, ახალგაზრდულ იერთან ერთად ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
თუ გსურთ, სილამაზე და ჯანმრთელობა რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოთ, მოგიწევთ, მეტი იმოძრაოთ. მოძრაობა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ორგანოთა კვებას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. ვარჯიშის დაწყება კი არასოდეს არის გვიანი.
მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. კანის უჯრედების რეგენერაცია სწორედ ძილის დროს ხდება. ეს პროცესი შეუფერხებლად რომ მიმდინარეობდეს, აუცილებელია ღამეში 7-8 საათი ძილი. ძილისთვის საუკეთესო პერიოდი კი 22-23-დან 6-7 საათამდეა.
ჯანსაღად იკვებეთ. ყოველღიური რაციონი მდიდარი უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულით, საღი მარცვლეულის ნაწარმით, უჯერი ცხიმებით. უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე.
საკვები სილამაზისთვის
– ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ვიტამინები ორგანიზმს საკვებიდან უნდა მივაწოდოთ, ამიტომ კვებას დიდი როლი ენიჭება ნაოჭებთან ბრძოლაში.
თავისუფალი რადიკალები ქიმიური მოლეკულებია, რომლებიც ორგანიზმში ჩვეულებრივი ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოიქმნება ან გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად ხვდება და უჯრედებს ანადგურებს. მათი დაუძინებელი მტრები ანტიოქსიდანტები - A, C და E ვიტამინები არიან.
A ვიტამინი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია. ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას. ამ ვიტამინით მდიდარია თევზის ქონი, საქონლის ღვიძლი, კვერცხი, რძე, რძის ნაწარმი, ბეტა-კაროტინის (A ვიტამინის წინამორბედის) სახით მას შეიცავს სტაფილო, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, პარკოსნები (სოია, ბარდა), ატამი, გარგარი, ვაშლი, ყურძენი, ასკილი, ქაცვი.
E ვიტამინი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ის უხვადაა თხილეულში, სოიაში, მცენარეულ ზეთში, წიწიბურაში, ცეხვილი ხორბლის პურში, ღვიძლში, თევზეულში.
C ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, ქსოვილთა კედლებს და უჯრედის სტრუქტურას, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ ხელს უწყობს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნას და ამით კანის ელასტიკურობას და სიმტკიცეს განაპირობებს. ამ ვიტამინით მდიდარია კენკრა (განსაკუთრებით –ლურჯი), ციტრუსი, კივი, ასკილი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, წითელი წიწაკა, ბულგარული წიწაკა.
ანტიასაკობრივი ეფექტის მქონე მნიშვნელოვანი საკვები ელემენტები:
ომეგა-3 და ომეგა -6 უჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს უჯრედთა გამართულ მუშაობას, რაც აუცილებელია კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის. უხვადაა თევზსა და მარცვლეულში.
ყოველდღიურ მენიუში შეიტანეთ:
* ბოსტნეული და ხილი: არტიშოკი, ბროკოლი, სატაცური, ბარდა, პომიდორი, ოხრახუში, მოცხარი, ალუბალი, ქლიავი, გოგრა;
* თევზეული: ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, თინუსი;
* სანელებლები: კურკუმა, ჯანჯაფილი, სალბი, როზმარინი.
ერიდეთ ცხიმიან ხორცს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, ტკბილეულს, ლიმონათს, მარილსა და შაქარს.
შევაჯამოთ
1. ნაოჭებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება მზისგან თავის დაცვაა. დადასტურებულია, რომ თუ ყოველდღე წასვამთ მზისგან დამცავ კრემს, ნამდვილად მიიღებთ ანტიასაკობრივ ეფექტს.
2. სწორად და რეგულარულად მოუარეთ კანს.
4. უარი თქვით სიგარეტზე. ის ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას – მწეველთა ორგანიზმში სისხლის მოძრაობა ნელდება და უჯრედები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს.
5. ალკოჰოლი მიიღეთ ზომიერად. ჭარბი მიღებისას სისხლძარღვები ფართოვდება, რის შედეგადაც სახეზე წითელი ლაქები ჩნდება. გარდა ამისა, ალკოჰოლი ხელს უწყობს კანიდან ტენის აორთქლებას, იწვევს კანის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა აკნე, როზაცეა და ფსორიაზი.
6. იკვებეთ დაბალანსებულად. ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით მდიდარი საკვების წყალობით დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდულ და გლუვ კანს.
7. მისდიეთ სპორტს. ანტიასაკობრივ ეფექტი აქვს ფეხით და ველოსიპედით სიარულს, ცურვას. ოღონდ არ გადააჭარბოთ.
8. სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. სასურველია დღეში 2-3 ლიტრი. მწვანე ჩაიც არ დაგავიწყდეთ. ის საუკეთესო ანტიოქსიდანტია. აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და მონაწილეობს იმუნიტეტის მოძლიერებაში.
9. შეამცირეთ შაქარი – ის ხელს უწყობს კანის მოდუნებას და დანაოჭებას.
10. არ აჰყვეთ უსიამოვნებებს. ქრონიკულად გაღიზიანებული და უკმაყოფილო ადამიანები მალე ბერდებიან. ეცადეთ, სტრესი იოგათი, აუტოგენური ვარჯიშით, მედიტაციით მოიხსნათ.