როგორ დავამარცხოთ შიში

გააზიარე:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ემოცია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს, მის პიროვნებას და აგრეთვე წარმართავს მის ქცევას ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.

პიროვნების ემოციური გამოვლინება ადრეულ ასაკშივე იწყება და ბავშვების ემოციებზე საუბრისას უმეტესად გამოყოფენ ერთ-ერთ ძლიერ ემოციურ განცდას – შიშს.
შიში არასასიამოვნო და ზოგჯერ საკმაოდ შემაწუხებელი გრძნობაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე კონკრეტული (რეალური ან წარმოსახვითი) საფრთხით; ის შეიძლება იყოს უმნიშნელოც და მხოლოდ შფოთვის შეგრძნებას იწვევდეს და იმდენად ყოვლისმომცველიც, რომ გამოუვალი და საკმაოდ რთული მდგომარეობის მიზეზად იქცეს.
ისიც ცნობილია, რომ შიში თავდაცვითი რეაქციის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ამ გრძნობის გარეშე უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება.
იმ შემთხვევაში, როდესაც შიში რეალური საფრთხით არ არის გამოწვეული და საფუძვლად ედება მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას, აუცილებელია დროული ჩარევა და სწორი მიდგომა.
ჩვეულებრივ, ბავშვებს აშინებთ ძლიერი ან აუხსნელი წარმოშობის ხმაური, უცნობი ადამიანი, სიბნელე, ჩრდილი, ძლიერი განათება, მარტოობა, ექიმები, ცხოველები, სასჯელი, მწერები, ქვეწარმავლები. ამავე ნუსხას შეიძლება მივამატოთ სრულიად უწყინარი ობიექტები: კლოუნები, სხვადასხვა გმირად გადაცმული ადამიანები, ჩიტები, სათამაშოები...
საზოგადოდ, შიში მით უფრო ძლიერია, რაც უფრო გაურკვეველია საფრთხე – თუ ბავშვმა ვერ დაადგინა საშიშროების წყარო და სახე, ანუ ვერ მოახდინა მისი იდენტიფიკაცია, ვერც ადეკვატური თავდაცვისთვის მოემზადება. სწორედ ამ დროს იჩენს თავს არასასურველი შედეგები: ნერვული ტიკები, ღამის წამოყვირება, შფოთვა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა.
რა აჩენს შიშს? რა ცხოვრებისეული გამოცდილება უდევს მას საფუძვლად? ამ საკითხებზე სასაუბროდ ფსიქოლოგ ელენე გოგიშვილს მივმართეთ:
– შიშის მიზეზი, ინტენსივობა, ხანგრძლივობა და ზემოქმედების ძალა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირია. ნუ გეგონებათ, რომ შიშის შეგრძნება ბავშვს უმიზეზოდ ეუფლება. სპეციალისტები შიშის წარმომშობ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:
. წაბაძვა. ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვს შიში გადაედება უფროსებისგან, ანუ იმავესი ეშინია, რისიც, ვთქვათ, დედას ან ბებიას. ხშირად საკმარისია, ბავშვმა შეამჩნიოს, რომ დედა აფორიაქებულია და მასაც უმალვე მოიცავს მღელვარება. ამასთან, თუ დიდ ადამიანს შეუძლია, თავი დაიმშვიდოს შიშის რაციონალური გააზრებით, ბავშვს ეს ინსტრუმენტი არ გააჩნია და მღელვარებას ასე იოლად ვერ ერევა.
. დაშინება. საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა გუდიანების, ცუდი ბიძიების, მგლების, დევების, პოლიციის და ამგვარი ობიექტების მოშველიება ბავშვის დასამორჩილებლად, მისი სასურველი ქცევის მისაღებად. თუ ასეთი რამ გამუდმებით ხდება, ბავშვს აუცილებლად ჩამოუყალიბდება კონკრეტული სახე-სიმბოლო და ის შფოთვის წარმომშობ მიზეზად ექცევა.
. ჰიპერმზრუნველობა. ზედმეტად ფრთხილი მშობლები უამრავ აკრძალვას უწესებენ ბავშვს. შედეგად იგი მფრთხალი და უუნარო ხდება ისეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებშიც კი, რომლებთან გამკლავებაც დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
. რეალური ტრავმა, მწვავე ფსიქიკური განცდა. ეს განცდა ცნობიერში გენერალიზდება და საფრთხის გავლის, მწვავე სიტუაციის მინელების შემდეგაც იჩენს თავს. ასეთი შეიძლება იყოს ძაღლის შიში, წყლის შიში, ავტომობილის შიში – გააჩნია პირველწყაროს.
. დიდ გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკური და ემოციური ფონის ჩამოყალიბებაზე ოჯახში არსებული აღზრდის სტილი და ურთიერთობები: გადაჭარბებული მოთხოვნები, “ტირანული მზრუნველობა”, დესპოტური მიდრეკილებები ბავშვის სიღრმისეულ, ბაზისურ გრძნობებზე აისახება და სხვადასხვა პათოლოგიად ყალიბდება.
. ცალკე გამოიყოფა სიკვდილის ან ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში. როდესაც ბავშვი შეიტყობს სიცოცხლის გარდაუვალი დასასრულის შესახებ, მას თითქმის ყოველთვის უჩნდება ამ ამოუცნობი და იდუმალი აქტის მიმართ შიშის შეგრძნება.
სპეციალისტი მუშაობისას ითვალისწინებს ასაკსაც, რადგან ამ კუთხით შესამჩნევია განსაზღვრული კანონზომიერებები. მაგალითად, წლამდე ასაკის ბავშვისთვის შიშის მიზეზი მეტწილად დედასთან დაშორებაა. ასეთ დროს ემოცია გამოიხატება მოუსვენრობით, ჭირვეულობით, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევით. ორიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად სიბნელე, მარტოობა, ტკივილი, სასჯელი აშინებთ. ამას მოჰყვება შიშები, რომლებიც “ფანტაზიის მოშველიებით” გენერალიზდება: ირეალური არსებების, სახე-სიმბოლოების, ზღაპრის უარყოფითი გმირების შიში... ექვსი წლისთვის, ზოგჯერ – უფრო გვიან, ჩნდება ახლობელი ადამიანებისა თუ საკუთარი სიკვდილის შიში. შვიდი წლიდან ვიზუალური და კონკრეტული ობიექტების ან ქმედებების (ჩრდილები, ჭექა-ქუხილი, მოჩვენებები, სიმაღლე, ქურდები, ძალადობა) შიში იჩენს თავს. 8-9 წლიდან შეინიშნება შიშები, რომლებიც უფრო სოციალურ სფეროსა და კომუნიკაციის პრობლემებს განეკუთვნება – კრიტიკის, ავტორიტეტის, დაგვიანების შიში, შიში, “არ იყოს განსხვავებული`გამორჩეული”, დაცინვის, წარუმატებლობის, სოციუმში მიუღებლობის შიში და სხვა.
უნდა ითქვას, რომ შიშები კლასიფიცირდება სტრუქტურულადაც. განასხვავებენ ზეღირებულ, აკვიატებულ და ბოდვით შიშებს. ამათგან ყველაზე გავრცელებული პირველია. ეს არის ფანტასტიკური წარმოშობის ობიექტებისადმი ან გამოცდილების გარეშე გენერალიზებული შიშები. მაგალითად, მოჩვენებების, სულების შიში ან წყლის შიში კონკრეტული, გაცნობიერებული გამოცდილების მიუღებლად. ასეთი შიში შესაძლოა ადამიანს სამუდამოდ გაჰყვეს.
აკვიატებულ შიშებს, როგორც წესი, გარკვეული წინაპირობა აქვთ და ადამიანი ერთგვარად თავს იცავს იმავე სიტუაციაში მოხვედრისგან. ხშირად აკვიატებული შიშები საკმაოდ ძნელი დასაძლევია.
ბოდვითი შიშები კი უმიზეზო, ალოგიკური წარმოშობისაა და უმეტესად ფსიქიკის ამა თუ იმ დარღვევაზე მიუთითებს.
– ბავშვები ვერბალურად და არგუმენტირებულად ვერ გამოხატავენ საკუთარ ემოციებს. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ დროულად ამოიცნოს პრობლემა და შიში აკვიატებად არ იქცეს?
– პრობლემის პრევენციისთვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
. ბავშვს ზედმეტად აღელვებს საკუთარი ან ახლობელი ადამიანების უსაფრთხოებით და თავს არიდებს გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც მისი ასაკისა და განვითარებისთვის ნიშანდობლივია, მაგალითად, არ ჩადის ეზოში, არ ეთამაშება თანატოლებს, არ ცდილობს დამოუკიდებლად ამა თუ იმ ქმედების განხორცელებას;
. ზედმეტი მღელვარებითადა პასუხისმგებლობით ეკიდება შესასრულებელ დავალებას;
. ზედმეტად ფრთხილობს და წინასწარ საუბრობს დესტრუქციულ შედეგებზე, ან ზედმეტად ბევრს ფიქრობს იმაზე, რაც არ მომხდარა, მაგრამ შესაძლოა მოხდეს;
. აქვს პანიკური და ისტერიული გამოვლინებები;
. შფოთვა და მღელვარება გრძელდება არაადეკვატურად დიდიხანს;
. ღამით იღვიძებს ტირილით და ესიზმრება კოშმარები;
. უფრთხის ადამიანებთან ურთიერთობას, გამუდმებით შფოთავს უსაფუძვლოდ საკუთარი ან ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
. აქვს დაბალი თვითშეფასება და არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში;
. ხშირად უჩივის მუცლისა და თავის ტკივილს, ჭარბად ოფლიანდება, ვერ ახერხებს მოდუნებას ან ადვილად ჩაძინებას.

თუ ჩამოთვლილთაგან არსებობს ორზე მეტი კრიტერიუმი, სასურველია, მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ და დროულად იზრუნონ პრობლემის აღმოფხვრაზე.
აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ შიში, საზოგადოდ, ნორმალური ემოციური მოვლენაა და თავისი ფუნქცია და დანიშულება აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორებიდანაც ცალკეული მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს და ისე ჩიაროს, რომ განსაკუთრებული სირთულე არ გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით – ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. ასე რომ, ცოდნა ზედმეტი არავისთვის იქნება.
– რას ურჩევდით მშობლებს იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს შიშის დაძლევა უჭირს?
– თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:
. მოისმინეთ ბავშვის მონათხრობი დაცინვის ან აგდებული დამოკიდებულების გარეშე. გახსოვდეთ, თუ ბავშვი დევებსა და დინოზავრებზე გიყვებათ, მისთვის ეს ფანტასტიკის სფერო კი არა, სავსებით რეალური მოვლენაა. თუ მან დაკარგა თქვენ მიმართ ნდობა და იგრძნო, რომ მის პრობლემას არასერიოზულად ეკიდებით, აღარც მოისურვებს გულახდილობას და თავის თავში ჩაიკეტება.

. ეცადეთ, სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნათ იმის შესახებ, რაც ბავშვს აწუხებს; მიზეზები, ხარისხი, ემოციის განვითარებისა და გამოვლენის ნიუანსები, ხანგრძლივობა, ინტენსივობა – ეს ყველაფერი სწორი სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარებათ.
. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ დედა და მამა მას ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავენ. შეუქმენით უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო მისთვის საყვარელი ნივთებისა და სათამაშოების მეშვეობით. თუ მას სიბნელისა ან მარტო დაძინების ეშინია, შეურჩიეთ რბილი საამაშო, ან უყიდეთ ახალი და მას გარკვეული ფუნქცია დააკისრეთ. 10 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პერსონიფიცირება და საწოლში ჩაწვენილი საყვარელი სათამაშო მათთვის სავსებით ხელშესახები “მცველი” და თანამოზიარე გახდება.
. ნურასდროს ეტყვით, რომ მისი შიში სულელურია და ნუ აგრძნობინებთ, რომ არ გჯერათ ნაამბობის. არამც და არამც არ შეიძლება დასჯა და სასჯელის დაპირებით შიშის აღმოფხვრის მცდელობა.
. არ დააშინოთ ბავშვები სხვადასხვა არსებით ან ქმედების დაპირებით. აღზრდის სტრატეგიის შემუშავებისას საერთოდ დაივიწყეთ წინადადების წყობა “გააკეთე ეს, თორემ გუდიანი (დევი, პატრული, ექიმი...) მოვა და...”
. აკონტროლეთ მედიასაშუალებებთან მისი კონტაქტი. ტელევიზიით და ინტერნეტით ნანახი კადრები, ძალადობის სცენები, საშინელებათა ფილმები და ზოგიერთი “საბავშვო” მულტფილმი ყველაზე ხშირად იქცევა შიშისა და შფოთვის პი
რველწყაროდ.
. ნუ ეცდებით შიშთან გამკლავებას შიშის პროვოცირებით. მაგალითად, თუ ბავშვს წყლისა ეშინია, ნუ დააძალებთ ცურვას. ასეთ დროს საჭიროა, ჯერ შიში დავძლიოთ სხვა, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდეგ დავუ
პირისპირდეთ მის მიზეზს.
. აუცილებელია არგუმენტირებული პასუხების პოვნა შიშის გასაბათლებლად. მაგალითად, თუ ბავშვს კედელზე “მცოცავი” ჩრდილებისა ეშინია, გასაგებ ენაზე აუხსენით, რა მოვლენაა ჩრდილი და აჩვენეთ ფანჯრიდან ჩრდილის გამომწვევი რეალური მიზეზი. თუ მას ეშინია მონსტრის, რომელიც “საწოლის ქვეშაა დამალული”, აუხსენით, რომ საწოლის ქვეშ მონსტრი კი არა, ნოხია, ან, უბრალოდ, ცარიელი იატაკი.
. წაუკითხეთ ან მოიფიქრეთ და მოუყევით ისტორიებსა და ზღაპრებს, სადაც ბოროტი აუცილებლად მარცხდება და ნადგურდება, ან ვერავითარ ზიანს ვერ აყენებს კეთლ, ძლიერ და მამაც გმირს.
. გამოიყენეთ არტთერაპია – დაახატვინეთ ბავშვს ნახატი, სადაც ის თავის შიშს გამოსახავს და მერე იგი საკუთარი ხელით დაახევინეთ (თუკი, ცხადია, თვითონ დაგთანხმდებათ ნამუშევრის განადგურებაზე).

შიში ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვები ამ ემოციას გაცილებით დრამატულად და გაზვიადებით გამოხატავენ და უფრო ძნელადაც უმკლავდებიან. ეცადეთ, თქვენი სიმშვიდით, ყურადღებით, სწორი მიდგომით შეუმსუბუქოთ მათ მდგომარეობა და ძლიერ, დამოუკიდებელ, მამაც ადამიანებად ჩამოყალიბებაში დაეხმარეთ.

გააზიარე: