წკეპლისა და თაფლაკვერის ფილოსოფია
გააზიარე:
ყველა მშობელი ოცნებობს, ჰყავდეს კარგი, დამჯერი და ზრდილი შვილი; ეტყვი – გაგიგონებს, სთხოვ – შეასრულებს, ზედმეტ პრობლემებს არ შექმნის და ყველა მითითებას უსიტყვოდ დაემორჩილება.
რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ბავშვებს რომ ერთხელ ნათქვამი ესმოდეთ.
მე – ბევრჯერ.
მაგრამ ასე, ცხადია, არ ხდება. თვინიერი და ჩვენთვის მოხერხებული ბავშვები, უბრალოდ, არ არსებობენ. და ძალიანაც კარგი. აბა, წარმოიდგინეთ გაწვრთნილი, უნაკლო არსება, რომელიც წინადადების დასრულებისთანავე იწყებს დავალების შესრულებას. ვერაფერს იტყვი, ზრდილიც არის, დამჯერიც, კარგიც, მაგრამ... უსულო და უემოციო რობოტს უფრო შეშვენის ეს ყველაფერი, ვიდრე საინტერესო, მოაზროვნე, მიზანდასახულ, შემოქმედებით, საკუთარი მოსაზრებებითა და იდეებით სავსე პატარა ადამიანს.
შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ პრობლემებს ბავშვთან ურთიერთობისას სწორედ ის თვისებები ქმნის, რაც აუცილებელია მისი სწორი განვითარებისა და აღზრდისთვის: მიზანდასახულობა, საკუთარი აზრის გატანა, დამოუკიდებლობა, ჟინი, სიმამაცე, გაბედულება...
როგორ მოიქცეს მშობელი? წაახალისოს ბავშვის ყველა სურვილი და საქმიანობა, შეაქოს და მოუწონოს ნებისმიერი საქციელი თუ მკაცრად აკონტროლოს მისი ქცევა და შეუზღუდოს თავისუფალი არჩევანი ცუდი საქციელის თავიდან ასაცილებლად?
პასუხი მარტივია: აუცილებელია ოქროს შუალედი მკაცრ აკრძალვებსა და თავისუფალ ქმედებებს შორის, რადგან სწორედ ამ გონივრული ბალანსის მეშვეობით არის შესაძლებელი ჰარმონიული განვითარება.
ბავშვი ქვეყნიერებას მოევლინება თუ არა, მაშინვე იწყებს თვითდამკვიდრებისთვის ზრუნვას. ასე რომ, პატარებს არც ისეთი უზრუნველი და უმიზნო ცხოვრება აქვთ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან გარშემო მყოფთაგან საკუთარი თავის იდენტიფიცირება არ არის იოლი საქმე. ტირილი, ყვირილი, წუწუნი, ცელქობა “საკუთარი ძალების მოსინჯვისა“ და “საკუთარი უფლებების გაფართოების“ ის საშუალებებია, რაზეც ბავშვს მიუწვდება ხელი. ასეთ დროს უფროსის სწორი ჩარევა, აკრძალვები, შენიშვნა და წახალისება განსაზღვრავს ბავშვის ხასიათს, მიზანდასახულობას, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების გადალახვის, სხვებზე ზრუნვისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარს და უამრავ სხვა თვისებას, რომლებიც თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ქვემოთ სწორედ აკრძალვებზე, შენიშვნებსა და სასჯელზე და წახალისება-შექების სწორად მიწოდებაზე გვექნება საუბარი.
წესები წესების შესახებ
ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ განსაზღვრული ტიპის აკრძალვები აუცილებელია, უამისოდ შეუძლებელია ბავშვთან ურთიერთობა, მაგრამ აკრძალვა არ უნდა ეხებოდეს ბავშვის აქტივობის ყველა სფეროს და უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, მინიმალური რაოდენობისა. სწორი ორიენტირებისთვის დავასახელებთ იმ სამ სფეროს, სადაც აკრძალვებსა და შეზღუდვებს ვერ გავექცევით:
. ყველაფერი, რაც ეხება ბავშვის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. თუმცა ამ შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებები, მაგალითად, ელექტროხელსაწყოების, მსხვრევადი, მტვრევადი, ძვირფასი ნივთების, წამლებისა და ქიმიკატების ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე შენახვა, ბევრ უსიამოვნებას აგვაცილებს თავიდან.
. ყველაფერი, რაც ეხება სხვა ბავშვებისა და ახლობლების უსაფრთხოებას – უპატივცემულობა, აგრესია, ცემა, კბენა და ა.შ.
. მატერიალური, კულტურული და სოციალური ფასეულობები. ბავშვს აუცილებლად უნდა აეკრძალოს გარემოსა და კულტურული ფასეულობებისთვის ზიანის მიყენება.
სამწუხაროდ, უფროსები ბავშვებს შეზღუდვებსა და აკრძალვებს მათივე საკეთილდღეოდ კი არა, არამედ იმიტომ უწესებენ, რომ ასე უფრო მოხერხებულია. მაგალითად: ხეზე არ აძვრე, არ დაისვარო, ხელი არ მოჰკიდო მიწაზე დაგდებულ საგნებს, არ ისრიალო... ამ ტიპის აკრძალვები უადგილო და მეტიც – მავნებელია.
შევაჯამოთ:
მოთხოვნა არ უნდა იყოს ბევრი და ყველაფრისმომცველი, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკობრივ და ფიზიკურ თავისებურებებს.
ბავშვისთვის ვრცელი ტირადების კითხვას და ჭკუის დარიგებას იგივე ეფექტი ექნება, რაც მგლის თავზე წაკითხულ სახარებას, ამიტომ წესები ჩამოაყალიბეთ მოკლედ, გასაგებად და რაც შეიძლება კონკრეტულად. მაგალითად:
არასწორია “ნახე, რას ჰგავს ოთახი, ახლავე მიაწესრიგე!”
ამას სჯობს “მოდი, დავაბრუნოთ ნივთები თავ-თავიანთ ადგილზე!”
არასწორია ”როგორ იქცევი?! რამდენჯერ გაგაფრთხილე, ახლავე მოიქეცი წესიერად!”
ამას ჯობს “თუ შეიძლება, ისაუბრე ხმადაბლა”,
ან უბრალოდ – “ნუ ყვირი!”
და კიდევ: გახსოვდეთ, რომ აკრძალვა და აღზრდა არ უნდა გადაიზარდოს ტირანიასა და დიქტატში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველი შედეგის ნაცვლად ბავშვისგან მივიღებთ საპასუხო რეაქციას – სიჯიუტეს, ჭირვეულობას, ისტერიკას ან გულჩათხრობილობასა და ჩაკეტილობას.
აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ერთ ფაქტორზე: ეცადეთ, აკრძალვა იყოს თანამიმდევრული, ანუ რაც არ შეიძლება ახლა, არ შეიძლება არც ოცი წუთის შემდეგ, არც ტირილისა და ისტერიკის შემდეგ და არც ბებოსა და ბაბუს თხოვნითა და ნებართვით. ეს უკანასკნელი “დაბრკოლება” განსაკუთრებით ძნელი დასაძლევია, ამიტომ სასურველია, მთავარი წესები ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. მაგალითად, თუ ვუკრძალავთ ბავშვს ტელევიზორის ყურებას ნახევარ საათზე მეტხანს, არამც და არამც არ შეიძლება ბებოს ან ბაბუს ხათრით “ლიმიტის“ გახანგრძლივება.
როგორ მოვიქცეთ ისეთ დროს, როცა აკრძალვა არ ჭრის და ბავშვი მაინც თავის ჭკუაზე იქცევა? ცხადია, სასჯელისა და საპასუხო ქმედების გარეშე ვერაფერს გავაწყობთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავსაჯოთ ბავშვი სწორად, ანუ ისე, რომ ამას აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდეს და არა სადამსჯელო.
დანაშაული და სასჯელი
1. აუხსენით ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის ცუდ საქციელს. აუცილებლად შეასრულეთ ის, რაზეც წინასწარ შეთანხმდებით. თუ მეორედ სცადა იმავეს გაკეთება, მას ექნება არჩევანის საშუალება და ხელმეორედ იმავე სასჯელის მიღებას, სავარაუდოდ, აღარ მოინდომებს.
2. “თუ არ...“ და “რატომ“ – ცუდ საქციელს, როგორც წესი, ამ სიტყვებით დაწყებული წინადადებები მოსდევს. პირველ შემთხვევაში ის, რასაც დაჰპირდებით, არ უნდა იყოს არარეალური, რადგან ასეთი ფორმულირება ბავშვისთვის გაუგებარი და უაზროა: “თუ არ გამიგონებ, არ ვიცი რას გიზამ” ან “თუ მომატყუე, რქები ამოგივა” და ა.შ. ამის ნაცვლად: “თუ არ შეასრულებ თხოვნას, სამწუხაროდ, ვერ მიიღებ ნაყინს”, ან “ვერ უყურებ ტელევიზორს”, ან “არ წავალთ სტუმრად” და ა.შ. მეორე შემთხვევაში კი საინტერესოა, რა პასუხს ველით პატარა დამნაშავისგან, როცა გაუთავებლად ვეკითხებით: “ეს რატომ გააკეთე?” “ასე რატომ მოიქეცი?” “რატომ არასდროს მიგონებ?” – და ა.შ. მოპასუხე მხარეს პასუხი ამ რიტორიკულ კითხვებზე, როგორც წესი, არ აქვს, ასე რომ, კონფლიქტის მოგვარებას ისინი ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობენ.
3. არ შეიძლება ბავშვების ცემა, ლანძღვა, საერთოდ, მათზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა. როდესაც გეჩვენებათ, რომ მის საქციელს მხოლოდ ცემით გამოასწორებთ, წამით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ გაალმასებული, გაანჩხლებული, აყვირებული და გაბოროტებული საკუთარი თავი, ხოლო თქვენს პირისპირ – უმწეო, შეშინებული ბავშვი. ის, ცხადია, ფიზიკურად ვერ მოგერევათ და დაუყოვნებლივ ვერ გიპასუხებთ იმავე აგრესიით, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევს მასში შეუქცევად და მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას.
4. შეეცადეთ, აგრძნობინოთ ბავშვს, რომ მისი დანაშაულიც და სასჯელიც გაწუხებთ და გულს გტკენთ. მათთვის ძალიან ძვირფასია თქვენი ემოცია და განწყობა.
5. უმჯობესია, დავსაჯოთ ბავშვი ისე, რომ მოვაკლოთ მას რაიმე სასიამოვნო, მისთვის სასურველი. მაგალითად: “შენ ცუდად მოიქეცი, ამიტომ, სამწუხაროდ, დღეს ვეღარ გავალთ სასეირნოდ ერთად”, ან “ვეღარ ვითამაშებთ შენს საყვარელ თამაშს”, ან “ვერ მიიღებ სტუმრად მეგობარს”. იზრუნეთ იმაზეც, რომ სასჯელი ბავშვისთვის ნამდვილად არასასიამოვნო და დისკომფორტის მომგვრელი იყოს. მაგალითად, აზრი არ აქვს სეირნობის აკრძალვას, თუ სახლში დარჩენილი ბავშვი მთელ დროს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან გაატარებს. კარგი იქნება, თუ წინასწარ იზრუნებთ სასიამოვნო აქტივობათა მარაგზე – შეიძინეთ სამაგიდო თამაშები ან დააწესეთ ერთობლივი თამაშების ოჯახური ტრადიცია, მოიფიქრეთ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დროის გატარების სხვადასხვა ხერხი: ერთად ცხობა, საყვარელი წიგნის ხმამაღლა კითხვა, ჭრა-კერვა, ხატვა, დაჭერობანა, დამალობანა...
აქვე დავამატებთ, რომ დაუშვებელია, სასჯელის სახით ბავშვს დაავალოთ რაიმე საოჯახო საქმე ან საშინაო დავალებების გაორმაგებით შესრულება. ჯერ ერთი, ეს უარყოფითად იმოქმედებს მის შრომისუნარიანობაზე, მეორეც, ეს საქმეები მომავალში მისთვის სასჯელსა და იძულებასთან ასოცირდება.
6. ოთხი წლიდან განსაკუთრებულ შემთხვევებში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაიმ-აუტის მეთოდი: ბავშვი, უბრალოდ, გაგყავთ ცალკე ოთახში, უხსნით მიზეზს, რატომ რჩება რამდენიმე წუთით მარტო: “დაფიქრდები საკუთარ საქციელზე, შეწყვეტ ტირილს და გამოხვალ!” – და კარს გამოიხურავთ. დადასტურებულია, რომ ჯანმრთელი ბავშვისთვის ტირილი და ისტერიკა სასიცოცხლოდ სახიფათო არ არის, ამიტომ უსაფრთხო ოთახში მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება მიზანშეწონილად მიიჩნევა. ცხადია, გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებებიც: თუ მას ჰქონია თვითდაზიანების მცდელობა, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ.
7. თუ ბავშვი გაჯიუტდა და დაჟინებით მოითხოვს სურვილის შესრულებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ დასჯის ასევე ქმედითი და მიღებული ფორმა – ავტომოპასუხის ეფექტი: მოიკრიბეთ მოთმინება და მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნა გაიმეორეთ ყოველგვარი ემოციის გარეშე იმდენჯერ, სანამ ბავშვს ყველა არგუმენტი არ შემოელევა თავისი სურვილის გასატანად.
8. ზოგიერთი ფსიქოლოგი და პედიატრი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივი შედეგების მეთოდს. ასე ბავშვს საშუალება ეძლევა, თავად აგოს პასუხი საკუთარ უსაქციელობაზე და თვითონვე მივიდეს სწორ დასკვნამდე. მაგალითად, ბავშვი ჯიუტობს და არ იცმევს თბილ სვიტრს ცივ ამინდში. მიეცით საშუალება, წავიდეს სასეირნოდ ისე, როგორც თავად სურს და საკუთარი სიჯიუტის შედეგი იწვნიოს. ან, ვთქვათ, სადილის დროს მოუსვენარი პატარა, მიუხედავად არაერთგზისი გაფრთხილებისა, არ წყნარდება და შედეგად წვნიანს ტანსაცმელზე გადაივლებს. ნუ მივარდებით არაფრის მომცემი საყვედურებით: “ხომ გითხარი!” და “რატომ არასდროს მიგონებ!“ მოიქეცით ასე: ერთხანს ნუ გამოუცვლით ტანსაცმელს, მერე კი შესთავაზეთ, თავად გამოიცვალოს და თავად “გარეცხოს“. ბავშვს აუცილებლად შეაწუხებს სველი და დაბინძურებული ტანსაცმელი, გარეცხვაც, რა თქმა უნდა, გაუჭირდება და ეს გაკვეთილი უკეთ დაამახსოვრდება, ვიდრე თითის ქნევა და საყვედურები. მაგრამ ვიდრე ამ მეთოდს მიმართავთ, დაუსვით საკუთარ თავს ორი კითხვა: “რა მოხდება, თუკი არ ჩავერევი“ და “მზად ვარ თუ არა, ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და არ წამოვეგო თხოვნებსა და დაპირებებს“. თუ ამ კითხვებზე პასუხი იძლევა ბავშვის უსაფრთხოების გარანტიას და გათვალისწინებულია მის გარშემო მყოფთა უსაფრთხოებაც, შეგიძლიათ თამამად მისცეთ მოვლენებს თვითდინების საშუალება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გამოყენება იშვიათად დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, ბავშვს სასჯელსა და აკრძალვაზე მეტად კეთილგანწყობა და კარგი მაგალითი სჭირდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მისი საქციელი ყველაზე ნაკლებად იმსახურებას ამას.
აქვე გთავაზობთ იმ შემთხვევების ჩამონათვალს, როცა ბავშვის დასჯა გაუმართლებელი და აკრძალულია:
• ავადმყოფობისას;
• ძილის წინ ან ახალგაღვიძებულზე;
• ჭამის დროს;
• ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ;
• თუ ბავშვი გულწრფელად ნანობს ჩადენილს;
• როცა იგი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის;
• როცა სხვა მიზეზით ხართ გაღიზიანებული და განერვიულებული.
სტატიის დასასრულს გვინდა, თქვენი ყურადღება ნებისმიერი მშობლისთვის სასიამოვნო ქმედებებზეც შევაჩეროთ.
ქება და წახალისება
ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბება შესაძლებელია შექება-წახალისებითაც. მეტიც – ეს მეთოდი გაცილებით ძლიერი და სწრაფმოქმედია. ის, როგორც კარგი წამალი, აძლიერებს და ამყარებს იმ მეთოდების მოქმედებას, რომლებზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით.
რაც უფრო მეტია წახალისება, რაც უფრო გულწრფელია შექება და კეთილგანწყობა, მით უფრო ქმედითია სასჯელიც და აკრძალვაც. ოღონდ გასათვალისწინებელია ერთი “უკუჩვენება“ – უსაფუძვლო ქებამ და წახალისებამ შესაძლოა ავნოს პატარას, გააზულუქოს და გაათამამოს. ისეც ხდება, რომ ბავშვი ყოველგვარი დავალების შესრულებაზე უარს ამბობს, თუ არ მიიღო რაიმე წამახალისებელი სტიმული, მაგალითად, ჭურჭლის დარეცხვის სანაცვლოდ – ნაყინი, საშინაო დავალების შესრულების სანაცვლოდ – შოკოლადი და ა.შ. ასეთი მიდგომა ბავშვს უყალიბებს წარმოდგენას, რომ მხოლოდ ჯილდოსთვის ღირს საქმის კეთება.
ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ ბავშვის მცდელობა, კარგად შეასრულოს დავალება (კონსტრუქტორის აგება იქნება ეს თუ სახლის დალაგება). ყურადღებას ნუ გაამახვილებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, ნუ დაუწყებთ კირკიტს და ნაკლის ძებნას. თუ ხედავდით, რომ ბავშვი მთელი მონდომებით მუშაობდა, შეაქეთ მისი მცდელობა, ნაკლოვანებების აღმოფხვრაში კი თავად დაეხმარეთ.
ერიდეთ მატერიალური ჯილდოს ხშირად მიცემას – ბავშვის წახალისება ფასიანი საჩუქრების გარეშეც შეიძლება. დააჯილდოეთ იგი თქვენი ყურადღებით, ეთამაშეთ მისთვის საინტერესო თამაში, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა თხოვნის შესრულებისთვის და ისე მოექეცით და ელაპარაკეთ, როგორც თანატოლს.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ხშირი და საფუძველს მოკლებული ქება, წახალისება და ფერება, ზედმეტი ყურადღება და მზრუნველობა მავნეა ბავშვისთვის. მას შესაძლოა გადაჭარბებული წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავზე. ამას ხელს უწყობს ისეთი ტიპის ქება-წახალისებაც, რომელიც მიმართულია არა ბავშვის საქციელისკენ, არამედ მისი პიროვნებისკენ: ”შენ ყველაზე მაგარი ხარ“, “ყველაზე ჭკვიანი და ყოჩაღი ხარ”, “ყველას სჯობიხარ“ და ა.შ. ასეთ ბავშვს შემდგომ გაუჭირდება ოჯახის გარეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და ეცდება, თავი აარიდოს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რადგან მისი წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რეალობას.
ქება და წახალისება, როგორც ერთი ინგლისელი პოეტი, ბენჯამინ ჯონსი ამბობს, ძვირფას ქვას ჰგავს: რაც უფრო იშვიათი და ძნელი მოსაპოვებელია, მით უფრო ღირებულია.