ვენური პრობლემები
გააზიარე:
მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ ეს პათოლოგიები.
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს.
ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული. ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.
ასეთივე მდგომარეობა შესაძლოა ვენის თრომბით ბლოკირებამაც (ღრმა ვენების თრომბოზი) გამოიწვიოს.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ხანგრძლივი მდგომარეობაა. ის ვენების ნაწილობრივი ბლოკირებისა და ვენური სარქველების გარშემო სისხლის გაჟონვის შედეგია.
ვენური უკმარისობის რისკფაქტორებია:
- ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი;
- ასაკი;
- მდედრობითი სქესი (კავშირი აქვს ჰორმონ პროგესტერონის დონესთან);
- სიმაღლე;
- გენეტიკური ფაქტორები;
- სიმსუქნე;
- ორსულობა;
- ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა;
სიმპტომები კი ასეთია:
- ქვედა კიდურების ყრუ ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება ან “ფეხის გაკვანძვა” (უეცარი კრუნჩხვითი ტკივილი);
- ქავილი და ჩხვლეტა;
- ტკივილი, რომელიც დგომისას ძლიერდება;
- ტკივილი, რომელიც ფეხის მაღლა აწევისას მცირდება;
- ქვედა კიდურების შეშუპება.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ასევე შესაძლოა უჩიოდეთ:
- ქვედა კიდურების სიწითლეს;
- წვივის მიდამოში კანის ფერის შეცვლას;
- ზედაპირული ვარიკოზული ვენების არსებობას;
- ქვედა კიდურების კანის გასქელებას და გამაგრებას (ამას ლიპოდერმატოსკლეროზი ეწოდება);
- წყლულებს ქვედა კიდურებზე.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
ვარიკოზული ვენები და მსუბუქი (ზედაპირული) ვენური წნულები ზოგისთვის თუ მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, ზოგს ისინი ძლიერი ტკივილისა და დისკომფორტის წყაროდ ექცევა. ზოგჯერ ვარიკოზული ვენები სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამავე დროს, ისინი სისხლის მიმოქცევის სხვა პრობლემების მაღალი რისკის მაუწყებელიც არის.
ვარიკოზის მკურნალობა გულისხმობს კიდურების სპეციფიკურ მოვლას, კონსერვატიულ ან ქირურგიულ მკურნალობას, რაც ვენის დახურვას ან ამოკვეთას გულისხმობს.
ვენის ვარიკოზული გაგანიერება თავისთავად ტკივილს არ იწვევს. ვარიკოზზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
- ვენების მუქი იისფერი ან ცისფერი შეფერილობა;
- დაკლაკნილი ან ამობურცული ვენები, რომლებიც ხშირად ფეხებზე თოკებივით არის განფენილი.
- გარდა ამისა, ვარიკოზს შესაძლოა თან ახლდეს:
- უსიამოვნო შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
- სიმხურვალე, კუნთების კრუნჩხვითი ტკივილი და კოჭების შეშუპება;
- ტკივილის გამძაფრება დიდხანს ჯდომის ან ფეხზე დგომის შემდეგ;
- ქავილი ერთი ან რამდენიმე ვენის გარშემო;
- წყლულების გაჩენა კოჭის გარშემო.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები.
ვენური ბადეები (ტელეანგიოექტაზიები) ვარიკოზულ ვენებს წააგავს, მაგრამ მცირე ზომისაა. ეს ბადეები კანთან უფრო ახლოს არის განლაგებული და ხშირად წითელი ან ლურჯია. ისინი ფეხზეა განფენილი, თუმცა შესაძლოა სახეზეც აღმოაჩინოთ. სხვადასხვა ზომისაა და ხშირად ობობას ქსელს მოგაგონებთ. ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის მკურნალობა
ვენური უკმარისობის დროს:
- გამოიყენეთ სპეციალური ელასტიკური ტრიკოტაჟი, რათა შეამციროთ ქრონიკული შეშუპება;
- თავი არიდეთ დიდხანს ჯდომას ან დგომას. ფეხების მცირე მოძრაობაც კი ხელს შეუწყობს სისხლის ქვედა კიდურებიდან გულში დაბრუნებას;
- განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდეთ ქვედა კიდურების კანზე გაჩენილ ნებისმიერ დაზიანებასა და ინფექციას.
ღრმა ვენების თრომბოზი
ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება ვენაში სისხლის კოლტის, თრომბის წარმოქმნას.
ღრმა ვენების თრომბოზი უმთავრესად წვივისა და ბარძაყის დიდ ვენებზე ვითარდება. თრომბმა შესაძლოა დაბლოკოს სისხლის დინება და შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს. თუ თრომბი დაიშალა, ნაწილი მოსწყდა და სისხლის ნაკადს გაჰყვა, ამას ემბოლიას უწოდებენ. ემბოლი შესაძლოა მოხვდეს თავის ტვინში, ფილტვებში, გულში ან სხვა ორგანოში და სისხლის მიმოქცევის მოშლა გამოიწვიოს.
თრომბი შესაძლოა წარმოიქმნას ვენაში სისხლის ნაკადის ამა თუ იმ მიზეზით შენელების ან შეცვლის შედეგად. თრომბოზის რისკფაქტორებია:
- კარდიომასტიმულირებელი კათეტერის გამოყენება ვენის გავლით (პროცედურის შემდგომი პერიოდი);
- წოლითი რეჟიმი;
- თამბაქოს წევა;
- თრომბოზის ოჯახური ისტორია;
- მენჯისა და ფეხის მოტეხილობა;
- მშობიარობის შემდგომი 6-თვიანი პერიოდი;
- გულის უკმარისობა;
- სიმსუქნე;
- ოპერაციული ჩარევა;
სისხლის გასქელება (ჭეშმარიტი პოლიციტემია), როდესაც ძვლის ტვინი სისხლის უჯრედებს ჭარბად წარმოქმნის.
თრომბოზისკენ მიდრეკილება აშკარაა, თუ აკმაყოფილებთ ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ პირობას:
- მომატებული გაქვთ სისხლის შედედება (ჰიპერკოაგუალცია)
- გაქვთ სიმსივნე;
- იღებთ ესტროგენებს ან ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებს. თუ ამავე დროს მწეველიც ბრძანდებით, რისკი კიდევ უფრო იმატებს.
თრომბოზი უმეტესად 60 წელს გადაცილებულთა ხვედრია, რაც არ გამორიცხავს ნებისმიერ ასაკში მის განვითარებას.
დიდხანს ჯდომამ, თუნდაც მგზავრობისას, შესაძლოა გაზარდოს თრომბოზის განვითარების რისკი, მით უმეტეს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორებიდან ერთი მაინც არსებობს.
თრომბოზის სიმპტომებია:
- ცალ ფეხზე
- კანის ფერის შეცვლა (გაწითლება);
- ტემპერატურის მატება, სიმხურვალე;
- მტკივნეულობა;
- კანის დარბილება, გაფაქიზება;
- შეშუპება;
კვლევები და ტესტები
ექიმი ფიზიკურად გაგსინჯავთ. ამ გზით ის აღმოაჩენს სიწითლეს, შეშუპებას ან დარბილებას. რაც შეეხება გამოკვლევებს, ტარდება:
- სისხლის გამოკვლევა სპეციფიკური მარკერების – D-დიმერების გამოსავლენად (D-dimer blood test);
- ფეხების დოპლერული ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- ფეხების ფლეთისმოგრაფია — სისხლის ნაკადის გაზომვა;
- ფლებოგრაფია (რათა დაზიანებული ადგილი გამოჩნდეს).
- სისხლის ანალიზით ავლენენ ჰიპერკოაგულაციას – სისხლის შედედების მომატებულ რისკს.
მკურნალობა
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის გასათხელებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები). ისინი თავიდან აგაცილებთ ახალი თრომბების წარმოქმნას და ძველი თრომბების ზრდას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს პრეპარატები არ შლის უკვე არსებულ თრომბებს.
პირველი არჩევის პრეპარატია ჰეპარინი. მასთან ერთად ინიშნება ვარფარინიც, რომლის მიღება ზოგიერთ პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევს.
გამოიყენება ადგილობრივი საშუალებებიც, მაგალითად, ჰეპარინზე დამზადებული გელები.
პრევენცია
ატარეთ სპეციალური ელასტიური ტრიკოტაჟი – ეს გააუმჯობესებს ფეხებში სისხლის დინებას და შეამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს.
თუ თრომბოზის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ ან თრომბოზის რისკის შემცველ ოპერაციას იკეთებთ, ექიმი პრევენციის მიზნით შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.
ხშირად ამოძრავეთ ფეხები თვითმფრინავში ჯდომისას, მანქანით მგზავრობისას და ყოველთვის, როცა დიდხანს ზიხართ ან წევხართ.
არ მოწიოთ. თუ ეწევით, მიატოვეთ. თუ მწეველი ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო პერაპრატებს იღებს, მოწევას აუცილებლად უნდა დაანებოს თავი.
თამარ არქანია