პრობლემის სათავე ვენებშია

გააზიარე:

  როგორ უნდა მოიქცე, თუ დიდი ხანია მენჯის ღრუს ყრუ ტკივილი გაწუხებს, უამრავი გამოკვლევა ჩაიტარე, მიზეზი კი ჯერაც ვერ დაგიდგინეს?

ექიმებმა ყველა ორგანოს პათოლოგია გამორიცხეს – გეუბნებიან, რომ საშვილოსნო იდეალურ მდგომარეობაშია, ვერც საკვერცხეებს დასდებ წუნს, შარდის ანალიზი შარდის ბუშტის პათოლოგიას არ ადასტურებს, ნაწლავებიც საათივით მუშაობენ... მაშ, რაშია საქმე? რა გტკივა?


დადგენილია, რომ ქალების მესამედი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილს უჩივის. მენჯის ღრუს ქრონიკულ ტკივილად მიიჩნევა არაციკლური ხასიათის ტკივილი, რომელიც 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. ცნობილია, რომ ეს მეტად კომპლექსური მდგომარეობა სხვადასხვა სპეციალისტის ერთდროულ ჩარევას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც ფიზიკური გასინჯვის, რუტინული თუ სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების პათოლოგიები გამოირიცხება, ექიმები მცირე მენჯის ღრუს სისხლსავსეობის სინდრომს ვარაუდობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტკივილი ჯდომისა და ფეხზე დგომისას იჩენს თავს და ქალს ანამნეზში ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც აქვს. 


შესაძლოა, სახელწოდებამ დაგაბნიოთ, მაგრამ დაავადების არსის გაგება იოლია. ალბათ ყველას გაგიგონიათ ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზული გაგანიერება. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ასეთივე პროცესი მიმდინარეობს მცირე მენჯის ღრუში არსებულ ვენებშიც, სახელდობრ, ხდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების – საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და პარამეტრალურ სისხლძარღვთა წნულების გაგანიერება. მთავარი მიზეზი საკვერცხეების ვენათა სარქვლოვანი უკმარისობაა, რაც იწვევს უკუნაკადს და მცირე მენჯის ღრუს ვენურ წნულებში წნევას ზრდის. 
ალბათ, ლოგიკური კითხვა გაგიჩნდათ: მაინც რა იწვევს მცირე მენჯის ღრუში არსებული ვენების გაგანიერებას? მიზეზი მრავლადაა, თუმცა მათ უშუალო მიზეზებს ვერ დავარქმევთ; უფრო მართებული იქნება, ხელშემწყობი ფაქტორები ვუწოდოთ. ესენია:

 

  • ორი ან მეტი ორსულობა – ცნობილია, რომ ორსულობის დროს მცირე მენჯის ღრუში წნევა იმატებს, გადიდებული საშვილოსნო მაგისტრალური სისხლძარღვების ნაწილობრივ კომპრესიას იწვევს, რის შედეგადაც მცირე მენჯის ღრუს ვენებში მიმავალ სისხლს მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. ამის შედეგად სისხლი ვენებში ყოვნდება, გუბდება, რასაც დროთა განმავლობაში მათ ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ. შესაძლოა, ქალს გენეტიკური განწყობა ჰქონდეს აღნიშნული პათოლოგიისადმი ან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა ხშირად სწორედ ორსულობა (განსაკუთრებით – განმეორებითი) ხდება კლინიკური გამოვლენის გამშვები მექანიზმი;
  • ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი – თუ ქალს უკვე გამოაჩნდა ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ვენური სისტემა, ვენური სარქვლები გენეტიკურად კარგად არ არის განვითარებული. ამგვარი ანამნეზის მქონე ქალებთან მცირე მენჯის ღრუს ვენათა პრობლემები გასაკვირი სულაც არ არის;
  • ცხოვრების მჯდომარე წესი ან რეგულარული ფიზიკური დატვირთვა;
  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი და ჰორმონული დარღვევები – ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დაავადების განვითარების საფუძველი ჰორმონული დისბალანსი და ვენების გლუვკუნთოვან უჯრედებზე პროგესტერონის უარყოფითი გავლენაა. არსებობს მოსაზრება, რომ დაავადება მენოპაუზის დადგომის შემდეგ ისე მძაფრად აღარ ვლინდება.
  • მცირე მენჯის ღრუს ვენების სისხლსავსეობის სინდრომი რეპროდუქციული ასაკის ქალების პრობლემაა. დაავადების გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ის, წესისამებრ, სხვადასხვა შეცდომით დასმული გინეკოლოგიური თუ არაგინეკოლოგიური დიაგნოზის უკან იმალება. მცირე მენჯის ღრუს სისხლსავსეობის სინდრომის მქონე ქალებს ხშირად თვეობით უშედეგოდ მკურნალობენ საშვილოსნოს ან მისი დანამატების ანთების, ენდომეტრიოზის, ცისტიტის, კოლიტის, კრონის დაავადების, გავა-თეძოს სახსრის ანთების და სხვა უამრავი მცდარი დიაგნოზის გამო. ზოგიერთი სპეციალისტი დაავადების მიმდინარეობის ორ ვარიანტს გამოყოფს: მცირე მენჯის ღრუს სისხლსავსეობის სინდრომს და მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზს, – თუმცა ორივე მათგანს ერთი და იგივე ფაქტორები იწვევს და კლინიკური სურათიც დაახლოებით ერთნაირი აქვთ, ასე რომ, მათ შორის ზღვარის გავლება ხშირად ძალიან ჭირს.

როდის ვიეჭვოთ მცირე მენჯის ღრუს სისხლსავსეობის სინდრომი?


თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი მანც გაწუხებთ, აუცილებლად ესტუმრეთ ანგიოლოგს:

  • უკვე 6 თვეა, რაც მენჯის მიდამოში ყრუ ტკივილს, სიმძიმის, ზეწოლის შეგრძნებას უჩივით.
  • ტკივილი განსაკუთრებით მძაფრდება ჯდომის, დგომის, სქესობრივი აქტის, ფიზიკური მუშაობის, გადაციების დროს და დღის ბოლოს.
  • სწორედ აღნიშნული სიმპტომებია ყველა პაციენტისთვის პათოგნომური. დანარჩენი ჩივილები კი ნაკლებსპეციფიკური და განსხვავებულია. მაგალითად, ზოგიერთს ლეთარგია, უღონობა, დეპრესია ეუფლება, ზოგს ვაგინალური გამონადენი, დისმენორეა, შეშუპებული ვულვა, რექტალური დისკომფორტი და შარდვის გახშირება აწუხებს. გინეკოლოგიური გასინჯვის დროს პაციენტებს საშვილოსნოსა და საკვერცხეების მიდამოში გარკვეული მგრძნობიარობა აქვთ; ზოგიერთ მათგანს შესაძლოა სწორი ნაწლავის ჰემოროიდული ვენები და ქვედა კიდურების ვარიკოზიც აღმოაჩნდეს, ზოგიერთი კი აღნიშნავს, რომ ტკივილი შორისის მიდამოში გადაეცემა.

კაცმა რომ თქვას, დაავადების აღმოჩენა ძნელი არ არის. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ დიაგნოზს ძალიან იშვიათად სვამენ გამოკვლევის დასაწყისში – წესისამებრ, ამ პათოლოგიაზე ეჭვი მას შემდეგ მაიქვთ, რაც მცირე მენჯის ღრუში არსებულ ყველა ორგანოს პათოლოგიას გამორიცხავენ. ჭეშმარიტებამდე გასავლელი გზა ხშირად ხანგრძლივი და დამღლელია. აღნიშნული დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობა მედიკოსებისთვის დღემდე დიდი გამოწვევად რჩება.


დიაგნოსტიკის მთავარი და ყველაზე რუტინული მეთოდი მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ულტრაბგერითი გამოკვლევაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სწორედ ამ გამოკვლევით იწყება დიაგნოზის ძიება, მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზი მაინც გამოეპარებათ ხოლმე. ამის პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ სქესობრი გამოცდილების მქონე ქალები დღემდე უფრთხიან ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარებას და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევას ტრანსაბდომინალურად ამჯობინებენ. ცნობილია, რომ ვაგინალური გამოკვლევა გაცილებით ინფორმაციულია, ვიდრე ტრანსაბდომინალური. მცირე ზომის სტრუქტურები, მაგალითად, ვენები სხვაგვარად შესაძლოა არ გამოჩნდეს. ულტრაბგერის დოპლერის რეჟიმი ექიმს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს და შეაფასოს ვენებში სისხლის ნაკადის დინამიკა. დაგვიანებული დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მიზეზი თავად ექიმები არიან: ხშირად ისინი მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზს სათანადოდ არ აფასებენ, უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, მაშინ როდესაც მათი ჩივილის მიზეზი შესაძლოა სწორედ საშუალო სირთულის ვენების ვარიკოზი იყოს.


დიაგნოსტიკის მეორე, უფრო რაფინირებული საშუალება კომპიუტერული ტომოგრაფიაა. ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ღირებულება მაგნიტურ-ტეზონანსულ ტომოგრაფიას აქვს. ამ გამოკვლევით კარგად ჩანს გაგანიერებული, დაკლაკნილი ვენები საშვილოსნოსა და საკვერცხეების მოსაზღვრედ.
მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზის მკურნალობა თანამედროვე მედიცინის პირობებშიც კი პრობლემად რჩება. წლების განმავლობაში მისი მკურნალობის უამრავი მეთოდი და სქემა შემუშავდა. დღეისთვის მცირე მენჯის ღრუს სისხლსავსეობის სინდრომის სამკურნალოდ მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას, მინიინვაზიურ ჩარევას და ქირურგიულ ოპერაციას. მცირე მენჯის ღრუს ვენების ვარიკოზის არაქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ფსიქოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, ვენოტონური საშუალებებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და სამკურნალო ფიზკულტურას. ექიმები პაციენტებს ურჩევენ შრომისა და დასვენების ნორმალური რეჟიმის დაცვას, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვისა და ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავებას. სპეციალური ვარჯიშები და სამკურნალო კომპრესიული საცვლის ტარება აუმჯობესებს ქვედა კიდურებიდან, საკვერცხის ვენებიდან და მენჯის ღრუს ვენური წნულებიდან მომდინარე სისხლის ნაკადს. ცნობილია, რომ კონსერვატიული მკურნალობა დაავადების საწყის სტადიებზე პაციენტებს შვებას ჰგვრის, თუმცა შედეგი, როგორც წესი, ხანმოკლეა. 


ქირურგიულ მეთოდებს დაავადების შორს წასულ შემთხვევებში მიმართავენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება საკვერცხის ვენების ქირურგიული ლიგატურა და ჰისტეროსკოპია ორმხრივ სალპინგოოოფორეტქომიასთან ერთად (საშვილოსნოს ამოღება კვერცხსავალ მილებსა და საკვერცხეებთან ერთად ) ან მის გარეშე. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ რადიკალურია, ქალები იშვიათად თანხმდებიან ასეთ ჩარევაზე. 
შედარებით ახალია მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდია – მცირე მენჯის ღრუს გაგანიერებული ვენების ემბოლიზაცია კათეტერის მეშვეობით. სპეციალისტი კათეტერით შედის საჭირო ვენაში, შეჰყავს საკონტრასტო ნივთიერება და ვარიკოზის აღმოჩენის შემთხვევაში მცირე ზომის ემბოლით ახშობს სისხლძარღვს. პროცედურა ინტრავენური სედაციისა და ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ტარდება. ემბოლის შეყვანის შემდეგ სისხლძარღვში სისხლი აღარ მიედინება და, შესაბამისად, ტკვილის სინდრომიც იხსნება ან მცირდება. ათიდან რვა შემთხვევაში პროცედურა ეფექტურია და ქალბატონები შედეგით კმაყოფილები არიან. 


როგორც ხედავთ, საქმე არც ისე უიმედოდაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასე რომ, მცირე მენჯის ღრუს გახანგრძლივებული ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს – იქნებ პრობლემის სათავე ვენებში იყოს?


თამარ არქანია

გააზიარე: