ურეკი

გააზიარე:
თუ ზაფხულის პაპანაქებაში მთაში და ზღვაზე ერთდროულად დასვენება მოგინდა, შენი ქალაქიდან მატარებელი ურეკში სულ რამდენიმე საათში ჩაგიყვანს.

დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ურეკი შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მდინარეები სეფა და სუფსა ჩაუდის, ხოლო აღმოსავლეთიდან წვერმაღალას მთა აკრავს.
გამოკვლევები მოწმობს, რომ ურეკი უძველი დროიდან დასახლებული პუნქტი იყო, კურორტის სტატუსი კი მას ოფიციალურად 1971 წელს მიენიჭა.
ურეკის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. მზის ნათების ხანგრძლივობა 1800-1820 საათს შეადგენს, საშუალო წლიური ტემპერატურა კი 14,3 გრადუსია.
აქაურები დღესაც ამაყად ჰყვებიან, რომ მდინარე სუფსის შესართავთან არქეოლოგებმა ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს საგანძური აღმოაჩინეს. განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. გარდა ამისა, 1942 წელს ზღვისპირა ყრილში გვიანანტიკური ხანის რომაული ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს, რომლებიც მესამე საუკუნით თარიღდება.
და მაინც, როცა საქართველოში ამდენი კურორტია, რატომ წავიდეთ მაინცდამაინც ურეკში? ზღვა, მზე, წვრილი ხავერდოვანი ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ურეკის ბუნებრივი მონაცემები შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში გულ-სისლძარღვთა, პერიფერიული ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სამკურნალოდ გამოვიყენოთ. ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი. ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებისა და დასვენებისთვის.
თუ კურორტზე დასვენება უკვე გადაწყვიტე, ღამის გასათევ ადგილზე წინასწარ მოგიწევს ზრუნვა. აქ ბევრი სასტუმრო და ჰოსტელია. ღამისთევის ფასი პირობების შესაბამისად მერყეობს. მკურნალობის განსაკუთრებულ კურსს ყველგან ვერ შემოგთავაზებენ, თუმცა ძნელი არ არის ისეთის პოვნა, სადაც კვალიფიციური ექიმის კონსულტაციის შემდეგ თავად იზრუნებენ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ინდივიდუალურ მკურნალობაზე.
სამკურნალო ფაქტორების სწორად გამოყენება განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. დადებითი ძვრები განპირობებულია არა მარტო ქვიშის, არამედ ყველა ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის – თალასოთერაპიის გავლენითაც. ურეკი კარგია მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც D ვიტამინის გამოსამუშავებლად ულტრაიისფერი სხივები უხვად სჭირდებათ.

ერთი სრული კურსის ხანგრძლივობა 24 დღეა. აკლიმატიზაცია 2-დან 5 დღემდე გრძელდება. მისი მიზანი გარემო პირობებთან ორგანიზმის შეგუებაა. აკლიმატიზაციის ხანგრძლივობა ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, დაავადებების ხასიათსა და ურეკიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაშორებაზეა დამოკიდებული. ჰაერის აბაზანების დოზა დაავადების ხარისხითა და ხასიათით განისაზღვრება. აბაზანები ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურის დროს ინიშნება. რაც უფრო დაბალია გარემოს ტემპერატურა და მეტია ქარის სიჩქარე, მით მეტია ჰაერის აბაზანის გამაღიზიანებელი მოქმედება. მათი მთავარი მიზანია სხეულის გაკაჟება, ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერება მეტეოფაქტორთა ზემოქმედების მიმართ.
ჰაერის აბაზანა მზის აბაზანაზე გადასასვლელ მოსამზადებელ პროცედურად ითვლება. მზის აბაზანა ძლიერმოქმედი სითბური პროცედურაა. იგი იწვევს თერმოლეგურაციის მექანიზმების დაძაბვას და ცვლის სითბოს რეგულაციაში მონაწილე ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციას. პროცედურის სწორი დოზირება ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენის დადებითი მაჩვენებელია. მზის აბაზანები ზაფხულობით დილის საათებში ტარდება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი შუადღისას.
მაგნიტური ქვიშის აბაზანის მიღება ურეკში ასე მიმდინარეობს: ქარისგან დასაცავად პლაჟის რომელიმე უბანს მესერს შემოავლებენ. დილის 7 საათიდან ამ ადგილზე ქვიშას საცერით ცრიან და თითოეული პაციენტისთვის მონაკვეთს პატარა უბნებად ყოფენ. ყოველი ნაკვეთის ირგვლივ 30 სმ სიმაღლის ქვიშის ბორცვები კეთდება. დღის 11-12 საათისთვის, როდესაც ქვიშა 50-55 0ც-მდე გათბება, პაციენტი გამზადებულ უბანზე წვება. მას ტანზე ცხელ ქვიშას აყრიან. თავს, კისერსა და გულმკერდს შიშვლად უტოვებენ. მზის სხივებისგან თავის დასაფარავად საჩრდილობელს უდგამენ. ამ პროცედურის ხანგრძლივობა მოზრდილთათვის 10-დან 30-40 წუთამდეა, ბავშვებისთვის – 5-15 წუთი. პროცედურის შემდეგ პაციენტს ქვიშისგან გაწმენდენ, ზეწარს შემოახვევენ და 15-20 წუთით ჩრდილში ასვენებენ. ამის შემდეგ მზეზე გამთბარ წყალს გადაავლებენ და კარგად შეამშრალებენ. პროცედურის დასრულებიდან 2 საათის განმავლობაში პაციენტმა უნდა დაისვენოს.
მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანაა. პაციენტი პროცედურას ყოველდღე ან დღეგამოშვებით გადის. ზღვის აბაზანების დროს ორგანიზმის რეაქცია ძირითადად ორი ფაზისაგან შედგება. პირველი პირველადი გაცივების ფაზაა, რომელიც სხეულის უეცარ გაცივებასთან არის დაკავშირებული. ფაზა ნერვულ-რეფლექსური ხასიათისაა. ის გამოვლინდება ზედაპირულ სისხლძარღვთა სპაზმით და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვთა გაფართოებით, რის შედეგადაც სისხლი შინაგანი ორგანოებისაკენ გადაინაცვლებს. აღინიშნება რეფლექსური ვაგუსის აღგზნება, მისი ფუნქციის გაძლიერება, რაც გულის მუშაობის რიტმის შენელებას, სუნთქვის გაღრმავებას და გაიშვიათებას, სისხლის არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
მეორე ფაზა ვლინდება სითბოს შეგრძნებით, რაც გამოწვეულია კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით. ამ დროს მკვეთრად იწევს სითბოს რეგულაციის დონე, სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, 2-3 ჯერ იმატებს ჟანგბადის მოხმარება, ძლიერდება ჟანგვააღდგენითი პროცესი, ფილტვების ვენტილაცია და გულის მუშაობა. ზღვის აბაზანები სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების კომპენსირებული ფორმის, ლიმფადენტის, რაქიტის, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. ზღვაში ბანაობა ინიშნება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის შემდეგ შესაბამისი კლიმატური რეჟიმის გათვალსწინებით.
მკურნალობისა 
და რეკრეაციის შემდეგ ურეკში კარგად გაერთობით. აქ ბევრი დისკოთეკა და კაფე-ბარია, სადაც უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. 2003 წლიდან ფუნქციობს დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი “იმედის ქალაქი”.
თუ ექსტრემის მოყვარული ხარ, “ციცინათელაში” გაისეირნე – ურეკთან ახლოს მდებარე პარკში ყველა ასაკისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ატრაქციონებია.
აუცილებლად ესტუმრე ნასაკირალს, რომელიც ურეკთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აქ სამკურნალო წყლებსაც აღმოაჩენ, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ქლორიდულ ნატრიუმიან წყლებს მიეკუთვნება. მათ წყლის აბაზანებისთვისაც იყენებენ საყრდენ-
მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების დროს. სასარგებლოა კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდაც.
თუ რამდენიმე დღის მთაში გატერება გადაწყვიტე, აქვეა გომისმთა. მისი მწერვალის სიმაღლე 2100-დან 2755 მეტრამდეა. მთისთვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის საზაფხულო აგარაკად ითვლება. განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ჭინჭაოს ტბა მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. გომისმთა შესანიშნავი საკურორტო ადგილია, სადაც მინერალურ წყლებსაც დააგემოვნებ, ტყეშიც გაისეირნებ და სამკურნალო კლიმატითაც ისიამოვნებ. ეს ყველაფერი სამკურნალო, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება.
მაშ, რაღას ელი, თუ შვებულება აიღე და ყველა საქმეს მორჩი, ისღა დაგრჩენია, ბარგი ჩაალაგო და ურეკისაკენ აიღო გეზი!

გააზიარე: