შოვი

გააზიარე:
მცხუნვარე მზე, გრილი ტყე, ცივი წყაროები, ყვავილებით სავსე მწვანე მდელოები – ეს სამოთხე კი არა, კურორტი შოვია, რომელიც უზარმაზარ მთებს შორის მოქცეულა.

შოვი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთით მას კავკასიონის მწვერვალები ესაზღვრება, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით კი კავკასიონის ქედი. კურორტი ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ონიდან შოვში ასასვლელად სულ რაღაც 30 კილომეტრის გავლა დაგჭირდება. აქ ამოსულს შოველები დაწვრილებით მოგიყვებიან დაბის ისტორიას, გაგაცნობენ მის კულტურას. ისინი საოცრად ამაყობენ თავიანთი კუთხის ბუნებით და განსაკუთრებული მოწიწებით იგონებენ კურორტის დამაარსებელ ექიმ შამშე ლეჟავას. ამ უკანასკნელის ხელის შეწყობით აშენდა შოვში სანატორიუმი და კურორტის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო.
შოვში ზაფხული ზომიერად თბილია. საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსია. ზამთარი ცივი და ნალექიანია, თოვლის სიმაღლე ხანდახან სამ მეტრსაც აღწევს, ამიტომ გვიანი შემოდგომიდან შუა გაზაფხულამდე შოვი ცარიელდება. საკურორტო სეზონი აქ ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. მაშ, ერთად შემოვიაროთ ვეებერთელა მთებს შორის მოქცეული პატარა კურორტი და გავიგოთ
რატომ უნდა წავიდეთ დასასვენებლად შოვში
თუ გაუთავებელმა საქმეებმა, ქალაქის მტვერმა და ხმაურმა დაგღალა, შოვი საუკეთესო ადგილია სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. გაისეირნე ტყეში მეგობრებთან ერთად, დაანთე კოცონი და შეწვი მწვადები იქვე გამოთლილ შამფურზე, დაკრიფე სოკო და, რაც მთავარია, დაიბრუნე ჯანმრთელობა! თუ შოვში ღამის გასათევი არ გაქვს, ნუ იდარდებ – აქ რამდენიმე სანატორიუმი და კერძო კოტეჯებია, სადაც იმდენ ნომერს აიღებ, რამდენიც მოგესურვება. სანატორიუმსა და კოტეჯში ღამისთევის საფასური 20-დან 50 ლარამდეა. ამ ფასად მასპინძლები დღეში რამდენჯერმე გაგიმასპინძლდებიან კიდეც.
ტყეს შოვსა და მის შემოგარენში 25 ათასი ჰექტარი უკავია. აქ ათასი ჯურის ხე ხარობს: ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა, რცხილა, არაყი, შინდი, თხმელა... ისინი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იზრდებიან, ამიტომ მათი სამკურნალოდ გამოყენებაც შეიძლება. ჯანმრთელობისთვის მარგებელ ჰაერს სწორედ წიწვოვანი ტყის მასივი ქმნის. ამასთან, ხეები იძლევა მერქანს, შეშას, ინახავს წყალს და ეროზიისგან იცავს ნიადაგს.
შოვში მთავარი მაინც მინერალური წყლებია. კურორტის ტერიტორიაზე მინერალური წყლის თევსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი, რომლებსაც სხვადასხვა შემადგენლობა აქვს, თუმცა ძირითადად ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალიუმიანი მინერალური წყლებია. ექიმები ხშირად ურჩევენ შოვში დასვენებას პაციენტებს, რომლებსაც სასუნთქი ორგანოები, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე სისტემის, საშარდე გზების დაავადებები აწუხებთ.
შოვის წყლები სასმელადაც გამოიყენება და აბაზანებისთვისაც. სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები მათ სხვადასხვა სახით მოიხმარენ. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუნქციის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მინერალური წყლის ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით სმა. კუჭის წვენის მომატებული სეკრეციისა და კუჭის მოტორიკის გაძლიერების შემთხვევაში, პირიქით, ერთბაშად და სწრაფად უნდა დალიოთ. თუ ყაბზობა გაწუხებთ, ძალიან ცივი წყალია რეკომენდებული, ხოლო ფაღარათის თავიდან ასაცილებლად – თბილი ან ცხელი. ჰიპოსეკრეციული მდგომარეობის დროს წყალი ჭამამდე 20 წუთით ადრე ინიშნება, ჰიპერსეკრეციის შემთხვევაში – ჭამამდე 1,5 საათით ადრე.

მინერალური წყლის აბაზანებს იყენებენ გულის კუნთის მოდუნების, ნევრასთენიის და საერთო სისუსტის დროს.
შოვი განსაკუთრებით სასარგებლოა მცირეწლოვანთათვის. გარდამავალი ჰავა  ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და ბავშვებს მასთან შეგუება არ უჭირთ. შოვის ჰაერი უხდება ბრონქულ ასთმას, ძვლისა და სახსრების ტუბერკუ
ლოზს, ჰიპოქრომულ ანემიას, რაქიტს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ნერვული სისტემის ფუნქციურ მოშლილობას, დაქვეითებულ იმუნიტეტს.
მკურნალობასთან ერთად შოვში შეგიძლია ქორ-შევარდნითაც ინადირო. აქაურ სათიბებში მწყერი რუსეთიდან აგვისტოს შუა რიცხვებში შემოდის. შოველებს ძალიან უყვართ ნადირობა. თუ სანადიროდ გაყოლა სთხოვე, შესაძლოა ნადირობის იშვიათ ტექნიკასაც დაეუფლო. თუ თავგადასავლები და აქტიური დასვენება გიყვარს, მაგრამ ნადირობა არ გიზიდავს, იჯირითე! ცხენს შოვში მრავლად ნახავ. აქ ის გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა.
თუ ალპინიზმით ხარ გატაცებული, შოვი კლდეზე ცოცვისთვის ზედგამოჭრილია. კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არის მწვერვალები, სადამდეც ვერც ერთმა ალპინისტმა ვერ მიაღწია. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600 მეტრია.
აქაური მთის მდინარეები საუკეთესოა ჯომარდობისთვის. მაშ, შეკრიბე მეგობრები და მათთან ერთად დაეშვი მთის მდინარიდან სპეციალური ნავით.
შოვში მეფუტკრეობასაც მისდევენ. აქ ფუტკრები ძალიან სასარგებლო და გემრიელ თაფლს ამზადებენ.

აუცილებლად ეწვიე სოფელ გლოლას, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სოფელს. გლოლაში ორი ეკლესიის ნანგრევებს ნახავ. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი დავით აღმაშენებლმა ააგებინა, მეორე კი თამარ მეფემ.
შოველები მხიარული, ძლიერი და მეგობრული ხალხია, სტუმართმოყვარე და უჩვეულოდ დინჯი. მათი აზრით, საქართველო გლოლიდან იწყება და აქვე მთავრდება. ამიტომაც უთქვამთ:
“აქ მთავრდება საქართველო მამისონის მთებით,
თავის მარად მყინვარებით, უზარმაზარ ქვებით.
აქ იწყება საქართველო მამისონის მთითა,
დეკათი და გვირილებით,
ცივი წყაროს წყლითა“.
ჰოდა, მოდი, წავიდეთ შოვში!

გააზიარე: