ვუვლით ვენებს

გააზიარე:
გაგანიერებული და დაბერილი ვენები, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედაობას აძლევს ფეხებს, დისკომფორტსაც იწვევს, რომლისგან გათავისუფლება აუცილებელია. ამდენად, იმის ცოდნას, როგორ მოვუაროთ მწყობრიდან გამოსულ ვენებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვენების ვარიკოზული გაგანიერების სახელით ცნობილი პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 30-40%-ს, სტატისტიკის თანახმად, ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აღენიშნება. ასაკის კვალდაკვალ ეს პათოლოგიებიც ხშირდება და 60%-მდე აღწევს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს აშკარად შეიმჩნევა ვენური პათოლოგიების გაახალგაზრდავების ტენდენცია.
  • მაინც რა ხდება

დაავადების ჩამოყალიბების მიზეზი ვენის ტონუსის დაქვეითებაა: ვენის კედელი კარგავს სიმკვრივეს, ეშვება და ვენა ფართოვდება.
ქვედა კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დინებას განაპირობებს ვენებში არსებული სარქვლები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდინებას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლა გახლავთ: სარქვლები მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით იჟონება სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება დატვირთვის შემდეგ და დღის ბოლოს, უფრო მეტად _ წელიწადის ცხელ თვეებში.
ვენური დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინება უფრო და უფრო მეტად ფერხდება, ვენური ქსელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, ხოლო კანქვეშ მუქი იისფერი კვანძები წარმოიქმნება. მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმა ცვლილებები იჩენს თავს: კანის პიგმენტაცია, ტროფიკული წყლულები, მწვავე თრომბოფლებიტი – ვენების ანთება და მათ სანათურში თრომბების გაჩენა. ჩამოთვლილი გართულებები განსაკუთრებით აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარიხს, ხოლო მკურნალობა, მით უმეტეს – ისეთი აგრესიული გართულებისა, როგორიც არის ტროფიკული წყლული, საკმაოდ ძვირად ღირებული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

  • ვენური მსხვერპლი

ქვედა კიდურების ვენური სისტემის პათოლოგია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ის ყველაზე მეტად ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პათოლოგიის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული რამდენიმე რისკის ფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
. ასაკი. წლების მატებასთან ერთად ვენური ტუმბო, რომელიც სისხლის ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ – დინებას განაპირობებს, მწყობრიდან გამოდის, შედეგად სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქვლები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა;
. მდედრობითი სქესი. ვენური სისტემის პათოლოგია უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც ქალური ჰორმონების გავლენით უნდა აიხსნას. გარდა ამისა, იგი ხშირად ორსულობისას იჩენს თავს. ამაში დამნაშავეა არა მხოლოდ ჰორმონი პროგესტერონი, არამედ ის ფიზიკური დატვირთვაც, რომელსაც ვენური სისტემა მთელი ცხრა თვის განმავლობაში განიცდის.
- მემკვიდრეობა. თუ მშობლებს ვენური დაავადება აქვთ, დიდია ალბათობა, ის შვილსაც დაემართოს.
- პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას (ქირურგი, პარიკმახერი, პედაგოგი) ან ჯდომას მოითხოვს.

  • ვივარჯიშოთ თუ არა

ბევრი გაგანიერებული ვენების ხსნას ქვედა კიდურების დასვენებაში ხედავს. მართლაც, ერთადერთი, რაც ყოველგვარი რჩევისა და ძვირად ღირებული კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ გააკეთოთ, ფეხების მაღლა შემოწყობაა. არ აქვს მნიშვნელობა, მუთაქაზე შეაწყობთ ქვედა კიდურებს თუ სამუშაო მაგიდაზე – ფეხებს ნებისმიერ შემთხვევაში ეამებათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე აქტიური ცხოვრება ხანგრძლივი დასვენების საშუალებას არ იძლევა. მეტიც – ზაფხულის მოახლოებისთანავე ბევრი ქალბატონი სპორტულ დარბაზსაც კი მიაშურებს და არც კი კითხულობს, ეამება თუ არა ვენებს მეტისმეტი დატვირთვა.
ვიდრე ფიტნესკლუბს ეწვეოდეთ, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, რა სახის დატვირთვას აიტანს თქვენი ვენები.


უპირველეს ყოვლისა, თავად შეაფასეთ, რამდენად მკაფიოდ არის გამოხატული ვენური ქსელი და შეშუპება. თუ სისხლძარღვოვანი ბადე მთელ კიდურს მოჰყვება, შეშუპება კი მოსვენების შემდეგაც არ ქრება, ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავებას გირჩევთ. მანამდე მაინც, ვიდრე ვარიკოზისგან არ განიკურნებით და დაკლაკნილ ვენებს არ მოიცილებთ.
თუ ვენური პათოლოგია მსუბუქად არის გამოხატული (ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება დასვენების შემდეგ ქრება, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ოდნავ თუ შეიმჩნევა), შეგიძლიათ, ანგიოლოგთან (ფლებოლოგთან) კონსულტაციის შემდეგ ფიტნესკლუბს მშვიდად ესტუმროთ. ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს შესანიშნავია ცურვა – წყალში სისხლძარღვები არცთუ ძლიერ იტვირთება. ძალზე სასარგებლოა აკვააერობიკა. ფიტნესცენტრში კი, უმჯობესია, ინსტრუქტორისა და ცენტრის ექიმის (კვალიფიცირებული ექიმი ყველა ულტრათანამედროვე ფიტნესცენტრში ჰყავთ) ზედამხედველობით წაივარჯიშოთ კარდიოტრენაჟორზე და ბედი ძალისმიერ სპორტშიც სცადოთ.
ძალისმიერს ეძახიან, თუმცა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას სრულიად არ მოითხოვს, მაგალითად, ასეთი ვარჯიში: წევხართ ზურგზე და ქვედა კიდურებს ხრით და შლით.


კარდიოტრენაჟორებიდან თქვენთვის შესაფერისია ჰორიზონტალური ველოტრენაჟორი, რომლის მეშვეობითაც ფეხებს ზურგზე მწოლიარე ავარჯიშებთ.
თუ ექიმი ნებას მოგცემთ, შეგიძლიათ, მცირე ხნით მორბენალ ბილიკზეც დადგეთ.
ძალზე სასარგებლოა აღმოსავლური და ლათინოამერიკული ცეკვებიც. და კიდევ: არამც და არამც არ დაივიწყოთ იოგა და პილატესი და აი, რატომ: ვარჯიშთა უმრავლესობის შესრულებისას აქცენტი კუნთის შეკუმშვაზე კეთდება, რაც დაზიანებული ვენებისთვის სასარგებლო არ გახლავთ; იოგასა და პილატესის შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია კუნთის მოდუნება და გაჭიმვა, ეს კი ვენებს რგებს, ვინაიდან ამ დროს სისხლძარღვებზე ზეწოლა მაქსიმალურად მცირდება. გარდა ამისა, ამ ვარჯიშებს ბევრია ისეთი პოზიცია აქვს, რომლებიც ზურგზე წოლას და ფეხების თავს ზემოთ აწევას მოითხოვს, რაც ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
დაიხსომეთ: ნებისმიერ ვარჯიშს, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, თავდაპირველად მხოლოდ ნახევარი საათი უნდა დაუთმოთ. არასდიდებით არ შეიძლება, ქვედა კიდურები თავიდანვე მეტისმეტად დაიტვირთოს.


ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას მკაცრად არის აკრძალული ფიზიკური დატვირთვის ზოგიერთი სახეობა. მაგალითად, კარდიოკომპლექსიდან გამორიცხეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სირბილს, ხტუნვას და, საზოგადოდ, ინტენსიურ მოძრაობებს მოითხოვს. არ შეიძლება სტეპი და კლასიკური აერობიკა, საიკლინგი და სპინინგი (ამ ტერმინთა მნიშვნელობებს ნებისმიერ ფიტნესცენტრში აგიხსნიან), აგრეთვე – აფრიკული და ირლანდიული ცეკვების ილეთები, რომლებსაც დენსაერ
ობიკის ჯგუფურ მეცადინეობაზე ხშირად შემოგთავაზებენ.
ამათ გარდა შავ სიაში მოხვდა ყოველგვარი ვარჯიში, რომელიც ქორეოგრაფიულ დგამთან სრულდება და სტატიკური ტანვარჯიშის ერთ-ერთი სახეობა – კალანეტიკა. ორივე შემთხვევაში ზეწოლა ქვედა კიდურებს ადგება, რაც დაზიანებული ვენებისთვის არასასურველია. რაც შეეხება ძალისმიერ ვარჯიშებს, მაგალითად, ძალისმიერ აერობიკასა და სიმძიმეებით ბუქვნას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას მათი შესრულება არამც და არამც არ შეიძლება. საზოგადოდ, ვენური უკმარისობის დროს 3-5 კილოგრამზე მეტის აწევა აკრძალულია.

  • რა ვჭამოთ

გარდა დამზოგველი ფიზიკური დატვირთვისა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას სასურველია, ვენებისთვის სასარგებლო საკვებიც მიიღოთ. მათ შორის საუკეთესოა:
. ბარდა, გაღივებული ხორბალი, სალათის ფურცლები, პრასი, კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი. ამ პროდუქტებში ჭარბად არის E ვიტამინი, რომელიც ვენებს ელასტიკურობას შემატებს;
. კომბოსტო, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, ციტრუსი, შავი მოცხარი – ეს ყველაფერი ჩ ვიტამინის წყაროა, ეს ვიტამინი კი ვენების კედლის განმტკიცებაში დაგეხმარებათ;
. მჟავე წითელი კენკრა და ჭარხალი – ისინი მდიდარია ბიოფლავონოიდებით, რომლებიც თრომბის დაშლას უწყობს ხელს;
. ზღვის პროდუქტები, საქონლის ღვიძლი – შეიცავს სპილენძს, რომელიც ელასტინის სინთეზში მონაწილეობს, ელასტინი კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ვარიკოზული გაგანიერების ჩამოყალიბებას;
. ხილი, ბოსტნეული და ქატო – ეს ყველაფერი უჯრედისის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედების რეგულაციას და თავიდან გვაცილებს შეკრულობას, რომელიც ვენებისთვის არასასურველია.

  • ვუვლით, ვუფრთხილდებით

იმისთვის, რომ შეშუპებულ ვენებს უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოთ, ასე მოიქეცით:
. ერიდეთ საუნასა და აბანოს, მზის პირდაპირ სხივებს. გასარუჯად პლაჟზე დიდი ხნით ნუ წამოწვებით. თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება მკვეთრად არის გამოხატული, გარუჯვისგან თავის შეკავება მოგიწევთ.
. თუ ხანგრძლივი მგზავრობა გელით, გირჩევთ, კომპრესიული ტრიკოტაჟი (კოლგოტები, გოლფები) ატაროთ. ზოგიერთი ევროპული ავიაკომპანია მგზავრებს აფრენის წინ ასეთ ტრიკოტაჟს თვითონვე ურიგებს.
. ნუ გაგიტაცებთ ანტიცელულიტური მასაჟი. ზედმეტი ფიზიკური ზეწოლა შებერილ ვენებს არამც და არამც არ არგებს.
. ერიდეთ მძიმე ტვირთის აწევას, რაც ვენურ სანათურში წნევას უფრო მეტად გაზრდის და სისხლძარღვის კედლებს უფრო მეტად დააზიანებს. 
. დასვენებისას, იჯდებით თუ იწვებით, ფეხები შემაღლებულზე შემოაწყვეთ (წოლისას – მუთაქაზე, ჯდომისას – პატარა სკამზე). რაც მთავარია, მაქსიმალურად ერიდეთ ფეხის ფეხზე გადადებას.
. არჩევანი საშუალო სიმაღლის (4 სმ) ქუსლიან ფეხსაცმელზე შეაჩერეთ. მაღალი ქუსლები ვენებს მეტისმეტად ტვირთავს, თუმცა არც სულ მთლად უქუსლო ძირები რგებს.

  • მკურნალობის პრინციპები

ქრონიკული ვენური დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა.
სადღეისოდ შემუშავებულია ვენური დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ელასტიკური კომპრესია, მაკორექტირებელი თერაპია (სკლეროთერაპია), ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა. ეს მეთოდები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და ამიტომ უმეტესად ერთად გამოიყენება. თითოეული მათგანის მიზანშეწონილობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი ადგენს.
დაიხსომეთ, რომ ვენური დაავადების ადრეული გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია და ეფუძნება ისეთ სიმპტომებს, როგორებიც არის სიმძიმის, სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება), რათა დროულად დაიწყოს ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგაცილებთ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს. 

გააზიარე: