ვერტებრობაზილარული უკმარისობა: რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგებისა და გამართული ფუნქციობისთვის აუცილებელია სრულყოფილი სისხლის მიმოქცევა. თავის ტვინი სისხლით ორი წყაროდან მარაგდება – წყვილი შიგნითა საძილე და წყვილი ხერხემლის არტერიიდან. ხერხემლის, იგივე ვერტებრული არტერიები კისრის ორივე მხარეს სიმეტრიულად არის განლაგებული, თავის ქალას ფუძეზე ერთდება და ბაზილარულ არტერიას ქმნის. თუ ვერტებრულ ან ბაზილარულ არტერიაში სისხლის მიმოქცევა რაიმე მიზეზით დაირღვა, სისხლით სათანადოდ ვეღარ მომარაგდება ტვინის ის უბნები, რომლებიც მოძრაობასა და წონასწორობაზე აგებს პასუხს.

ტერმინი “ვერტებრობაზილარული უკმარისობა” სწორედ დაზიანებული არტერიების სახელწოდებიდან მომდინარეობს. სტატისტიკური მონაცემებით, 70 წელს გადაცილებულ ყოველ მეოთხე ადამიანს ვერტებრობაზილარული უკმარისობით გამოწვეული წონასწორობის დარღვევა და წაქცევის მომატებული რისკი აქვს.

რა იწვევს

ვერტებრობაზილარული უკმარისობის ძირითად მიზეზად სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვება მიიჩნევა.

ათეროსკლეროზული ფოლაქები ძირითადად ქოლესტეროლისა და კალციუმისგან შედგება. იწვევს არტერიების ელასტიკურობის დაქვეითებას და სიხისტეს, თანდათან იზრდება და ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, რითაც ხელს უშლის თავის ტვინისკენ სისხლის თავისუფალ დენას, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა დაახშოს  არტერიის სანათური და სრულიად დაბლოკოს ტვინისკენ მიმავალი სისხლის ნაკადი, ამიტომ ვერტებრობაზილარული დაავადება ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის რისკის მატებასთან ასოცირდება. ეს უკანასკნელი სიმპტომებით ინსულტს ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, 24 საათში ალაგდება.

ვერტებრობაზილარული უკმარისობა მამაკაცებთან ქალებზე ორჯერ ხშირად აღირიცხება. რაც უფრო დიდია პაციენტის ასაკი, მით უფრო მაღალია დაავადების რისკი, მაგრამ ახალგაზრდასაც შეიძლება ჰქონდეს მისი განვითარების ალბათობა, თუ ანამნეზში აქვს შაქრიანი დიაბეტი, ქოლესტეროლის მაღალი დონე, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი, მწეველობა.

როგორ ვლინდება

ვინაიდან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე ახდენს გავლენას, სიმპტომებიც სხვადასხვანაირია. ისინი ზოგჯერ რამდენიმე წუთს გრძელდება, ზოგჯერ კი მუდმივია. სიმპტომთა გამოხატულების სპექტრი იმაზეა დამოკიდებული, რომელი უბანია დაზიანებული და რამდენად არის შეზღუდული სისხლის მიმოქცევა.

ვერტებრობაზილარული უკმარისობის დროს ყურადღებას იპყრობს თავბრუხვევა, უეცარი და აუხსნელი გონების კარგვის შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, უმიზეზო წაქცევა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება, სიტყვების დავიწყება, კოორდინაციის დარღვევა და დაბნეულობა, ყლაპვის გართულება, უეცარი საერთო სისუსტე. ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა ინსულტს მოასწავებდეს, ამიტომ მათი აღმოცენებისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. დროული ჩარევა სრული გამოჯანმრთელების საწინდარია.

გარდამავალი ვერტებრობაზილარული უკმარისობა ამ დაავადების იშვიათი ფორმაა. ამ დროს სიმპტომები თავის მობრუნებისას აღმოცენდება, ამიტომ მას თავის ტრიალით განპირობებულ სინკოპეს ან როტაციულ (ბრუნვით) ვერტებრობაზილარულ უკმარისობასაც უწოდებენ.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ვერტებრობაზილარული უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ხერხემლის (ვერტებრული) და ბაზილარული არტერიების გამოკვლევა შესაძლებელია როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის, ისე სტანდარტული ანგიოგრაფიის (რენტგენი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის ფონზე) საშუალებით. ამგვარად აფასებენ სისხლძარღვების მდგომარეობას და ადგენენ ვერტებრობაზილარულ უკმარისობას, ხოლო კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ გამომსახველობით კვლევას ინსულტის არსებობა-არარსებობის შესაფასებლად მიმართავენ.

როგორ მკურნალობენ

ვერტებრობაზილარული უკმარისობის მართვა სხვადასხვანაირად შეიძლება. არსებობს მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მეთოდები, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია ცხოვრების სტილის მოწესრიგება – მოწევისთვის თავის დანებება, ალკოჰოლზე უარის თქმა, მეტი ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი, ქოლესტეროლით ღარიბი საკვების მიღება, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული წნევის გულმოდგინე კონტროლი, ჯანსაღი წონის შენარჩუნება. მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია ქოლესტეროლის დონისა და სისხლის შედედების ფუნქციის დაქვეითებისკენ.

თუ ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტური თერაპია საკმარისი არ აღმოჩნდა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, ტარდება ოპერაცია.

ხერხემლისა და ბაზილარული არტერიებით თავის ტვინში სისხლის მიდენის აღსადგენად მიმართავენ სამ ძირითად ქირურგიულ მეთოდს:

* შუნტირებას – დაზიანებული სისხლძარღვის ჩანაცვლებას ორგანიზმის სხვა უბნიდან აღებული ახალი სისხლძარღვით;

* პირდაპირ არტერიულ ტრანსპოზიციას – არტერიის მონაკვეთის გადატანას მეზობელ ჯანსაღ სისხლძარღვთან და მათ შეერთებას;

* ენდარტერიექტომიას – ფოლაქის მოცილებას დაზიანებული არტერიიდან.

რეაბილიტაციის პერიოდი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. ენდოვასკულური პროცედურის შემდეგ ის უფრო მეტხანს გრძელდება.

შედარებით ახალი ტექნიკაა ენდოვასკულური ანგიოპლასტიკა – სისხლძარღვშიდა აღდგენის მეთოდი, რომელიც ვერტებრობაზილარული უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება. ის გულისხმობს კანზე გაკეთებული პატარა განაკვეთიდან საზარდულის არტერიაში კათეტერის ჩადგმას. აქედან ბალონი ხერხემლის არტერიაში გადაინაცვლებს, იბერება და არტერიის სანათურს აფართოებს. მეორე მეთოდია სტენტირება – მილის მსგავსი ლითონის სტენტი თავსდება არტერიაში, რათა სისხლის ნაკადმა თავისუფლად იდინოს. ამ პროცედურის შემდეგ ჰოსპიტალში დაყოვნების დრო, წესისამებრ, ერთი-ორი დღეა, პაციენტი მალევე უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას.

ვერტებრობაზილარული უკმარისობის გამოსავალი უკეთესია, თუ დროულად დაისვა დიაგნოზი და ჩატარდა მკურნალობა, მისი ხანგრძლივი მიმდინარეობისას კი ტვინის დაზიანებამ შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, ორგანიზმის გამართულ ფუნქციობას ხელი შეეშალოს, რაც ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: