დიალიზი
გააზიარე:
ჰემოდიალიზის ფიზიოლოგიური საფუძვლების ძიებას მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებისკენ მივყავართ – 1854 წელს შოტლანდიელმა სწავლულმა თომას გრეჰემმა გამოაქვეყნა ნაშრომი “კოსმოსური ძალა”, სადაც ხსნარების დიფუზიის პროცესი იყო აღწერილი და ამ მოვლენას დიალიზი უწოდა. 1913 წელს კი ამერიკელმა სწავლულმა ჯონ ჯეკობ აბელმა შექმნა ჰემოდიალიზის აპარატი, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის წინამორბედი გახლდათ. ადამიანს დიალიზი პირველად 1924 წელს ჩაუტარდა, 1945 წელს კი კლინიკურ პრაქტიკაში პირველად დადასტურდა მეთოდის ეფექტურობა. მას შემდეგ იგი საგრძნობლად დაიხვეწა და გაუმჯობესდა.
დიალიზის რთულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცედურაზე სასაუბროდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ნეფროლოგს ნინო შონიას ვეწვიეთ.
– რა არის დიალიზი?
– მარტივად რომ ავხსნათ, დიალიზი არის სისხლის გაწმენდა ნახევრად გამტარი მემბრანის მეშვეობით. ამ დროს ხელოვნურად შექმნილი არტერიავენური შენაერთიდან სისხლი შედის დიალიზატორში, სადაც გაივლის 100 000-მდე ნახევრადგამტარ ბიოთავსებადი მასალისგან შემდგარ ბოჭკოში, რომლებსაც გარს ერტყმის სადიალიზო ხსნარი. ხსნარსა და სისხლს შორის ხდება ნივთიერებათა დიფუზური გაცვლა, რის შედეგადაც სისხლი თავისუფლდება ურემიული ტოქსინებისგან, ხოლო შემდგომ, გაწმენდილი და სადიალიზო ხსნარიდან საჭირო ნივთიერებებით შევსებული, ორგანიზმში ბრუნდება.
სადიალიზო სითხის მოსამზადებლად აუცილებელია, წყალი იყოს ზედმიწევნით სუფთა (გაწმენდილი როგორც მექანიკურად, ასევე ქიმიურად) და დეიონიზებული.
განასხვავებენ დიალიზის ორ სახესხვაობას – ჰემოდიალიზს და პერიტონეალურ დიალიზს. ჰემოდიალიზის დროს სისხლის გაწმენდა ხდება სხეულის გარეთ (ექსტრაკორპორალურად), ხოლო პერიტონეალური დიალიზის დროს – სხეულის შიგნით (ინტრაკორპორალურად). ამ დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის ტრანსპორტირება ხორციელდება მუცლის ფარის გავლით, რადგან ეს უკანასკნელი დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს შეიცავს და თუ მუცლის ღრუში შევიყვანთ სითხეს, პერიტონეუმი იქცევა ნახევარგამტარ მემბრანად სისხლსა და სითხეს შორის, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ურემიული ტოქსინები (რომლებიც შემდგომ გარეთ გამოიდევნება) და ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებები. ამისთვის მუცლის ღრუში წინასწარ იდგმება კათეტერი, საიდანაც ხდება სადიალიზო ხსნარის ცვლა. პერიტონეალური დიალიზის დროს საშუალოდ 6 საათში ერთხელ საჭიროა ტოქსინებით გაჯერებული ხსნარის გამოდევნა და ახალი სადიალიზო ხსნარით შეცვლა. ჰემოდიალიზისგან განსხვავებით, ეს პროცედურა სახლის პირობებში ტარდება.
– რომელი დაავადებების დროს მიმართავენ დიალიზს?
– დიალიზი ტარდება თირკმლის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული უკმარისობის დროს. მოგეხსენებათ, ორივე ეს მდგომარეობა ორგანიზმში ურემიული ტოქსინების დაგროვებას და ორგანიზმის თვითმოწამვლას იწვევს. ვითარდება საერთო სისუსტე, მოთენთილობა, პრეკომა (ანუ კომის წინარე მდგომარეობა), კომა, ჰიპერკალიემია (კალიუმის სიჭარბე), ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვა და სხვა.
როდესაც თირკმლის კაპილარული გორგლების ფილტრაციის სიჩქარე წუთში 8-10 მლ-ს არ აღემატება, ვსაუბრობთ თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ ანუ მე-5 სტადიაზე. ამ დროს აუცილებელია პაციენტის დიალიზზე გადაყვანა.
– როდის ტარდება ჰემოდიალიზი და როდის – პერიტონეალური დიალიზი?
– როგორც პერიტონეალური დიალიზი, ასევე ჰემოდიალიზი ინიშნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს. ორივე მეთოდს აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც, ამიტომ პროცედურა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. პაციენტს დაწვრილებით უნდა აეხსნას ორივე მეთოდის არსი, რათა, თუ არჩევანის საშუალება აქვს, თვითონვე გადაწყვიტოს, რომელი პროცედურა უფრო მოხერხებულია მისთვის. განსაზღვრულ შემთხვევებში კი ექიმი უხსნის, რომელი პროცედურაა მისთვის უფრო მეტად მიზანშეწონილი. მაგალითად, დიაბეტური ნეფროპათიის დროს უმჯობესია პერიტონეალური დიალიზი ჩატარდეს, რადგან დიაბეტური ანგიოპათიის დროს არ არის სასურველი სისხლძარღვებზე მანიპულაცია, ხოლო მუცლის ღრუს ანთებითი პროცესების დროს ჰემოდიალიზის ჩატარება ჯობია.
ჰემოდიალიზსა და პერიტონეალურ დიალიზს შორის არჩევანის გაკეთებისას ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც ენიჭება მნიშვნელობა. ჰემოდიალიზის დროს პაციენტს კვირაში რამდენჯერმე უწევს კლინიკაში მისვლა პროცედურის ჩასატარებლად, ხოლო პერიტონიალური დიალიზის ჩატარება თვითონვე შეუძლია შინ – რა თქმა უნდა, ჰიგიენის წესების სრული დაცვით.
მწვავე უკმარისობის დროს თირკმელი უეცრად წყვეტს ფუნქციას. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის ზედმიწევნით შეკრებას და მიზეზის დადგენას. მისი აღმოფხვრის შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია უფრო სწრაფად აღდგება. თუმცა ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა 4 კვირაც კი გრძელდება. ქრონიკული უკმარისობის დროს თირკმლის ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია; ამ დროს დიალიზის მიზანია ტოქსინებისა და ზედმეტი სითხისგან ორგანიზმის გაწმენდა, მჟავატუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის მოწესრიგება – ყოველივე ამის შედეგად პაციენტის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დროს დიალიზის ერთადერთი ალტერნატივა, თირკმლის გადანერგვაა.
– რამდენ ხანს გრძელდება დიალიზი?
– თითო პროცედურა დაახლოებით 4 საათს გასტანს და კვირაში სამჯერ ტარდება. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ეს პროცედურები მთელი სიცოცხლე გრძელდება, ხოლო მწვავე უკმარისობის დროს – 1 დღიდან 4 კვირამდე, იმისდა მიხედვით, რამდენად სწრაფად აღმოვაჩენთ მიზეზს.
მწვავე უკმარისობის ათიდან დაახლოებით რვა შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია აღდგება და პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მოითხოვს დაკვირვებას, ხოლო 20% შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.
– თქვენ ბრძანეთ, რომ დიალიზი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად ირჩევა. რას ითვალისწინებენ ამ დროს?
– პაციენტის წონას, თირკმლის ნარჩენ ფუნქციას, სისხლის ნაკადისა და ფილტრაციის სიჩქარეს, დიალიზატორის ფართობსა და გამავლობას. დიალიზის პარალელურად ინდივიდუალურად კეთდება სისხლის გამათხელებელი პრეპარატიც. დიალიზის დაწყებამდე და დიალიზის შემდეგ გამოითვლება ადეკვატურობის ინდექსი, ანუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა პროცედურა. სასურველია, ინდექსი არ იყოს 1.3-ზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ვერ მოხერხდება ორგანიზმის სრული გაწმენდა. ამიტომ ინდექსის გადამოწმება ძალიან მნიშვნელოვანია.
– მტკივნეულია თუ არა დიალიზის პროცედურა?
– სრულიად უმტკივნეულოა. დისკომფორტს მხოლოდ ის ქმნის, რომ პაცენტი იძულებულია, 4 საათი ნახევრად მჯდომარე პოზაში გაატაროს, თუმცა შეუძლია, ამ დროს იკითხოს, ტელევიზორს უყუროს.
– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დიალიზს?
– არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, თავის ტკივილი, გულისრევა, ქავილი ზურგის არეში, სახსრების ტკივილი, თუმცა ეს ყოველივე კონტროლირებადია, თანაც არც ისე ხშირი. პუნქციის ადგილას შესაძლოა განვითარდეს შეწითლება, ჩამოყალიბდეს თრომბი, ამიტომ მის მოვლას დიდი ყურადღება და ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა სჭირდება. ძალზე იშვიათია მძიმე გართულებები – ინსულტი, სისხლდენა კუჭიდან, თორმეტგოჯა ნაწლავიდან და სხვა.
ჰიგიენა მნიშვნელოვანია პერიტონეალური დიალიზის დროსაც, რათა არ მოხდეს მუცლის ფარის ინფიცირება და არ განვითარდეს მძიმე გართულება, მაგალითად, პერიტონიტი.
– როდის არ შეიძლება დიალიზის ჩატარება?
– დიალიზის აბსოლუტურ უკუჩვენებებად მიიჩნევა ჰემორაგიული ინსულტი, გასტროდუოდენალური სისხლდენა, არასტაბილური სისხლის მიმოქცევა და ავადმყოფის ძალიან მძიმე საერთო მდგომარეობა – ამ შემთხვევებში დიალიზი ტარდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ანუ მაშინ, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ დიალიზის გარეშე პაციენტი დაიღუპება.
– საჭიროა თუ არა დიალიზისთვის პაციენტის საგანგებო მომზადება?
–პროცედურის წინ პაციენტს ვწონით, ვადგენთ მისი წონის ნამატს წინა დიალიზის შემდგომ – იგი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 კილოგრამს. ვათვალიერებთ პუნქციის ადგილს ინფექციის გამოსარიცხად, ვინაიდან სტაფილოკოკური ინფექციები ჩვენს პაციენტებში ხშირია. თუ ინფექცია დადასტურდა, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მისი მკურნალობა.
– რა მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ზოგად განათლებას?
– პაციენტის ზოგად განათლებას დაავადების შესახებ როგორც დიალიზამდელ პერიოდში, ასევე დიალიზის საჭიროების შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მან უნდა იცოდეს, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია – ამან შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს. ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის დროს აუცილებელია გამოკვლევა; თუ ნორმიდან გადახრა აღმოვაჩინეთ, კვლევა უნდა გაღრმავდეს, რათა ამ გადახრის მიზეზი დავადგინოთ.
პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ექიმის ყველა მითითება და დანიშნულება, რათა”თირკმლის ჩანაცვლებითი” თერაპიაზე გადასვლის პერიოდი გაიხანგრძლივოს.
– ცხოვრების როგორი რეჟიმი უნდა ჰქონდეს დიალიზზე მყოფ ადამიანს? შეიძლება თუ არა მისთვის მუშაობა, მოგზაურობა?
– კვირაში სამი 4-4 საათიანი პროცედურა, რა თქმა უნდა, ცხოვრების რიტმს თავისთავად ცვლის. სხვა მხრივ კი, თუ პაციენტი ზედმიწევნით იცავს დანიშნულებას – კვების რეჟიმს, სითხის ბალანსის კონტროლს – და დიალიზიც ადეკვატურია, მას მუშაობაც შეეძლება, მოგზაურობაც და, საზოგადოდ, ჩვეულებრივ იცხოვრებს. თუმცა, ყველა დიალიზდამოკიდებული პაციენტი პირველი ჯგუფის ინვალიდები არიან.
რაც შეეხება დასვენებას და მოგზაურობას, საქართველოს საკურორტო რეგიონებში გახსნილია სადიალიზო ცენტრები, სადაც პაციენტებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ ამ მომსახურების მიღება. საზღვარგარეთაც შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება, თუმცა აქ უკვე ფინანსური პრობლემა იჩენს თავს.
– რა სახის მონიტორინგია საჭირო დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის?
– ჰემოდიალიზის დაწყებიდანვე კონტროლდება წნევა, პულსი, ტემპერატურა, ჰეპარინიზაცია და სხვა მონაცემები, ასევე – წონა და დიალიზის ადეკვატურობის ინდექსი. პერიტონეალური დიალიზის დროს აუცილებელია თვეში ერთხელ მაინც საავადმყოფოში მისვლა და სპეციალური შემოწმების გავლა. კათეტერის ჩადგმის ადგილის ინფიცირების ან სადიალიზო ხსნარის ამღვრევის შემთხვევაში საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა, ან კათეტერის შეცვლა, ან პაციენტის ჰემოდიალიზზე გადაყვანა. რაც შეეხება ანალიზებს, გეგმურად ან საჭიროებისამებრ მოწმდება შარდოვანას, კრეატინინის მაჩვენებლები, სისხლის საერთო სურათი, კოაგულოგრამა, ქოლესტერინის შემცველობა, ჰეპატიტების არსებობა-არარსებობა, კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა, პარათჰორმონის დონე. გეგმურად – დაახლოებით 6 თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროებისას დაუყოვნებლივ ტარდება კარდიოგრამა, ექოსკოპია, რენტგენოგრამა.
– ტარდება თუ არა მკურნალობა დიალიზის პარალელურად?
– რა თქმა უნდა, დიალიზის პარალელურად ტარდება ძირითადი დაავადებების მკურნალობაც. ასევე მნიშვნელოვანია თირკმლისმიერი წარმოშობის ანემიის მკურნალობა. სამიზნე ჰემოგლობინი 120-100 გ/ლ-ია. მისი დონის მოსაწესრიგებლად ვუნიშნავთ ერითროპოეტინებსა და რკინის პრეპარატებს. დიდი ყურადღება ეთმობა კოაგულოპათიების მკურნალობას. საჭიროებისამებრ, აუცილებელია წნევის მარეგულირებელი წამლების მიღებაც. სამიზნე წნევაა 130-120/70-60 მმ ვწყ სვ. თუ წონისა და სითხის კონტროლი ვერ ხერხდება, საჭიროა დიეტის გადახედვა და მარილისა და ნატრიუმის შეზღუდვა.
თუ თირკმლის ფუნქცია მცირედ მაინცაა შენარჩუნებული, სასურველია მკურნალობაში ნეფროპროტექტორების ჩართვა, ასევე – ძვლის მეტაბოლური ცვლის მკურნალობა, განსაკუთრებით – ხანგრძლივი დიალიზების დროს, ძვლის სტრუქტურის ცვლილების თავიდან ასაცილებლად. საამისოდ აუცილებელია კალციუმის, ფოსფორისა და პარათჰორმონის კონტროლი. ხშირად საჭირო ხდება ანტიბაქტერიული მკურნალობაც.
– როგორი უნდა იყოს დიალიზზე მყოფი პაციენტების კვების რეჟიმი და რა მნიშვნელობა ენიჭება მას?
– დიეტოთერაპიას დიალიზზე მყოფთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დიალიზამდე იზღუდება კალორაჟი და ცილოვანი პროდუქტები, დიალიზზე გადასვლის შემდგომ, პირიქით, რაციონის ენერგეტიკული ღირებულება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. აუცილებელია მარილის შეზღუდვა, რაც წყურვილის შეგრძნებას ამცირებს. შეზღუდვა ეხება ელექტროლიტების შემცველ საკვებსაც – იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც ჰიპერკალიემიას იწვევს. აუცილებელია სითხის ბალანსის დაცვა. ავადმყოფმა უნდა აკონტროლოს საკუთარი წონა, მიიღოს ფოსფორით ღარიბი პროდუქტები.
დიაბეტიკებს დიეტა უნდა დაენიშოთ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ნახშირწყლებს ეხება. საკვების 60% ცხოველური, ცილოვანი შემადგენლობისა უნდა იყოს. ასაკოვანი პაციენტებისთვის აუცილებელია ქოლესტერინის კონტროლიც და თუ საჭიროა, მის მარეგულირებელ პრეპარატებსაც ვნიშნავთ.
– რა ასაკიდან შეიძლება დიალიზის ჩატარება?
– გვყავს როგორც 18 წლის, ასევე 84 წლის პაციენტიც, რომელიც უკვე 8-9 წელია დიალიზზე იმყოფება. დიალიზი შეიძლება ჩაუტარდეთ ბავშვებსაც. ამ შემთხვევაში პროცედურები ბავშვთა სპეციალურ კლინიკაში ტარდება.
– რას ურჩევთ მათ, ვისაც თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?
– სამწუხაროდ დროულად ექიმს ცოტა თუ მიმართავს. არადა, თირკმლის მცირე პრობლემის დროსაც კი აუცილებელია ნეფროლოგის კონსულტაცია, რათა სათანადო მკურნალობა მანამდე ჩატარდეს, სანამ პრობლემა გამწვავდება.
არაფრით შეიძლება თვითმკურნალობა, მით უმეტეს – თირკმლის პათოლოგიის დროს, რადგან წამლის აქტიური ნივთიერების ნაწილი ორგანიზმიდან თირკმლის გავლით გამოიყოფა და შესაძლოა, მომწამვლელიც კი გახდეს ორგანიზმისათვის. თირკმელზე ზემოქმედებას ახდენს ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები. ვინაიდან ნეფროპათია შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა, დიაბეტის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. სისხლძარღვთა ანთების დროს აუცილებელია მკურნალობა, რათა არ ჩამოყალიბდეს გართულება თირკმელების ფუნქციის მხრივ. დიდი ყურადღებაა საჭირო კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების დროსაც (მაგალითად კორონაროგრაფია და სხვა).
დასასრულ, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა ერთი რამ: როცა ექიმი და პაციენტი მხარდამხარ იბრძვიან, დაავადება თითქმის ყოველთვის მარცხდება. თუ პაციენტი ზედმიწევნით დაიცავს ექიმის დანიშნულებას, სიცოცხლესა და შრომისუნარიანობას საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნებს. ხოლო თუ იგი არ მკურნალობს, არ ასრულებს ექიმის მითითებებს – ამ შემთხვევაში გამარჯვებული დაავადება რჩება.
***
დიალიზთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სამსახურის უფროსს, მედიცინის დოქტორ მიხეილ ღონღაძეს გავესაუბრეთ.
– ბატონო მიხეილ, არსებობს თუ არა დიალიზის სახელმწიფო პროგრამა და თუ არსებობს, ვის შეუძლია ამ პროგრამაში მოხვედრა?
– დიალიზის სახელმწიფო პროგრამა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო ხანს იგი უფრო დაიხვეწა და 2011 წლიდან დაბრკოლება არც ერთ ბენეფიციარს აღარ ექმნება. მანამდე თუ ადგილების დეფიციტი იყო და პაციენტებს უხდებოდათ რიგში დგომა, ან ვერ ხვდებოდნენ დაფინანსებულთა რიცხვში და თანხის გადახდა უწევდათ, ახალი კანონის მიხედვით, ადგილები ლიმიტირებული აღარ არის, ამიტომ როგორც კი დაისმება თირკმლის ქრონიკული დაავადების V (ტერმინალური) სტადიის დიაგნოზი, განურჩევლად მდგომარეობის სიმძიმისა, პაციენტს სრულად დააფინანსებენ და რიგში დგომის გარეშე გადაიყვანენ დიალიზზე.
დაფინანსების მისაღებად პაციენტმა ჯანდაცვის სამინისტროში უნდა მიიტანოს ფორმა №100. გეგმურ შემთხვევაში მოთხოვნას დიალიზის პროგრამაში ჩართვის თაობაზე 3-4 დღეში დააკმაყოფილებენ. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მდგომარეობა დიალიზზე დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს, პირდაპირ ვიწყებთ დიალიზს და შემდგომ ვაგზავნით საბუთებს ჯანდაცვის სამინისტროში. რა თქმა უნდა, დაფინანსებას ასეთი პაციენტიც იღებს. ასე რომ, პროგრამა ამჟამად საკმაოდ დახვეწილია, მოქნილია, პირველ რიგში – პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვისაც.
– დღესდღეობით რამდენი კაცი იტარებს საქართველოში დიალიზს?
– 1549. მათ შორის არიან როგორც ჰემოდიალიზზე, ასევე პერიტონიალურ დიალიზზე მყოფი პაციენტები. დაფინანსება ორივე შემთხვევაში ერთნაირად ხდება.
– სად ტარდება საქართველოში დიალიზი?
– საქართველოში სულ ცამეტი სადიალიზო ცენტრია. რამდენიმე მათგანი თბილისშია, ორი – ბათუმში, დანარჩენები – ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. უახლოეს მომავალში ასეთი ცენტრი გაიხსნება კახეთის რეგიონშიც.
პაციენტებს შეუძლიათ, პირდაპირ რეგიონებში მიმართონ სადიალიზო ცენტრებს, მათ არ სჭირდებათ მიმართვისთვის თბილისში ჩამოსვლა. ეს ყველაფერი პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კეთდება.
მარი ზაზაშვილი