ექსკრეტორული უროგრაფია

გააზიარე:

რენტგენის სხივების აღმოჩენამ მედიცინაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მათი მნიშვნელობა დღემდე არ დაკნინებულა. მეტიც – ინერგება რენტგენოლოგიური კვლევის ახალ-ახალი მეთოდები. ამასთან, მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისა, კვლევის ტრადიციულ მეთოდებს აქტუალობა არ დაუკარგავს. ყოველივე ამის კვალობაზე, დაავადებათა დიაგნოსტიკა უფრო ადვილი და, ამასთან, საინტერესო ხდება.

ათწლეულების წინ რენტგენოლოგიურ კვლევას წარმატებით ყენებდნენ ანატომიურ დაზიანებათა დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ ორგანოთა ფუნქციის შესახებ ინფორმაციას ის ვერ გვაწვდიდა. დღეს ანატომიური დაზიანების გარეშე მიმდინარე ფუნქციური პათოლოგიების გამოვლენა სირთულეს უკვე აღარ წარმოადგენს. საამისოდ მრავალი მეთოდი არსებობს. თბილისის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორ გრიგოლ ნემსაძეს, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მეთოდის – ექსკრეტორული უროგრაფიის შესახებ ვესაუბრებით.

 

– რას წარმოადგენს ექსკრეტორული უროგრაფია?

– ექსკრეტორული, იგივე ინტრავენური უროგრაფია გამოკვლევის ტრადიციული მეთოდია, რომელსაც საშარდე სისტემის გამოსახულების მისაღებად ვიყენებთ. მრავალი წლის განმავლობაში ის იყო დიაგნოსტიკის პირველი ნაბიჯი თირკმელკენჭოვანი დაავადების, ჰემატურიის დროს. თანამედროვე პრაქტიკაში ეს მეთოდი უფრო იშვიათად გამოიყენება, თუმცა მისი ცოდნა აუცილებელია. ექსკრეტორული უროგრაფიის დროს იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენური ინფუზიის ანუ შეყვანის შემდეგ ტარდება კონტრასტით გამკვრივებული თირკმელების, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის სერიული რენტგენოგრაფია დროის განსაზღვრული ინტერვალებით. ორგანიზმში შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერება კი მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის შედეგად.

– სახელდობრ, რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის მოწოდებული ექსკრეტორული უროგრაფია?

– თითქმის ყველა პათოლოგია, რომელთა დროსაც ხდება საშარდე სისტემის ანატომიური ან ფუნქციური დაზიანება, უროგრაფიის ჩვენებაა. უმეტესად ესენია შარდკენჭოვანი დაავადება, შარდსაწვეთის ლოკალური შევიწროება, თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევა, ანატომიური პათოლოგიები: გაორებული ან ნალისებური თირკმელი, თირკმლის დაწევა (ფთოზი). განსაზღვრულ ინფორმაციას გვაწვდის ეს მეთოდი მენჯის ღრუს სიმსივნეების დროსაც.

– რას გვამცნობს უროგრაფიის დასკვნა? რას ნიშნავს სტრიქტურა, მენჯ-ფიალათა სისტემის დილატაცია, ოკლუზია და სხვა ტერმინები?

– სტრიქტურა შარდსაწვეთის ლოკალური შევიწროებაა. ის, წესისამებრ, სამგვარი მიზეზით არის გამოწვეული: თავად შარდსაწვეთის კედლის გასქელებით, გარედან ზეწოლით და შარდსაწვეთის სანათურის შიგნიდან დახშობით. შარდსაწვეთის კედლის გასქელება გადატანილი ანთებითი პროცესის შედეგია და შარდსაწვეთის სანათურის შევიწროებას იწვევს. ამის გამო გასქელების ადგილას კონტრასტი ფერხდება, მის ზემოთ კი შარდსაწვეთი და თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემა დილატირებული ანუ გაფართოებულია. ასეთივე სურათს ვხედავთ მაშინაც, როდესაც შარდსაწვეთი გარედან განიცდის ზეწოლას. ზეწოლას შესაძლოა ახდენდეს დამატებითი სისხლძარღვი, სიმსივნე ან გადიდებული ლიმფური კვანძი. შარდსაწვეთის ლოკალური შევიწროება, მის ზემოთ კი გაფართოება დამახასიათებელია შარდასწვეთის სანათურის შიგნიდან დახშობისთვისაც, რომელსაც ოკლუზიას ვუწოდებთ. ოკლუზიას უმეტესად კენჭი იწვევს.

– როდის არის უკუნაჩვენები უროგრაფიის ჩატარება?

– აბსოლუტური უკუჩვენებაა ორსულობა. ამ დროს ყოველგვარი რენტგენოლოგიური კვლევა იკრძალება. ასევე არ შეიძლება უროგრაფიის ჩატარება იოდის პრეპარატებზე ალერგიის დროს, რადგან საკონტრასტო ნივთიერება იოდს შეიცავს. ზოგჯერ, გამოუვალ შემთხვევაში, ალერგიულ პირებს კვლევას მაინც ვუტარებთ, ოღონდ ალერგოლოგის კონსულტაციის შემდეგ, სათანადო მომზადებით, პრემედიკაციით.

შედარებითი უკუჩვენებაა თირკმლის ფუნქციის დაბალი მაჩვენებელი, მისი უკმარისობა. ამას სისხლში კრეატინინის დონით ვადგენთ. საკონტრასტო ნივთიერება ნეფროტოქსიკურია და თუ თირკმელმა ის ვერ გამოყო, შესაძლოა, ზიანი მიადგეს. მართალია, გამოკვლევისას სათანადო სურათს მივიღებთ, მაგრამ გამოკვლევიდან 2-3 დღის შემდეგ კრეატინინის დონე მოიმატებს, ამიტომ გამოკვლევის წინ ვითხოვთ კრეატინინის ანალიზს და ვაფასებთ რისკსა და პოტენციურ სარგებელს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, უროლოგის კონსულტაციისა და პაციენტის სათანადო მომზადების შემდეგ, გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული მკურნალობა.

– თუ უკუჩვენება არ არსებობს, კვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება მაინც საჭიროა?

– გამოკვლევის წინ სასურველია სამდღიანი ცილოვანი დიეტა. თუ პაციენტი მეტეორიზმს უჩივის, ვურჩევთ ესპუმიზანის ან სხვა გაზგამყვანი საშუალების მიღებას. მოგეხსენებათ, რენტგენოლოგიური კვლევისას სუმირებული სურათი მიიღება, ანუ სხვადასხვა ორგანოს გამოსახულება ერთმანეთს ედება, ამიტომ კვლევისთვის პაციენტის მომზადებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ნაწლავებში დიდი რაოდენობით აირის არსებობა შესაძლოა ცდომილების მიზეზად იქცეს.

– როგორ მიმდინარეობს უროგრაფია?

– ინტრავენური უროგრაფიის დაწყებამდე ყოველთვის ტარდება მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, რომელსაც რადიოლოგი ნახულობს კონტრასტის შეყვანამდე კონკრემენტების, გაკირული უბნების აღმოსაჩენად, ვინაიდან გამორიცხული არ არის, უროგრაფიის დროს ისინი საკონტრასტო ნივთიერების მიღმა დაიმალოს (თირკმლის კენჭების 80% იმდენად რენტგენოკონტრასტულია, რომ მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ჩანს). ამის შემდეგ იღებენ სურათებს დროის განსაზღვრული შუალედებით. რადიოლოგი თითოეულ მათგანს ნახულობს და რწმუნდება, რომ გამოკვლევა მოცემული პაციენტისთვის დასრულებულია. ინტრავენური უროგრაფიის წარმოება შესაძლოა საჭიროებისამებრ შეიცვალოს. პირველ სურათზე გამოვლენილი პათოლოგია გვკარნახობს განსხვავებული პროექციის ან დამატებითი რენტგენოგრამის გადაღების საჭიროებას, ვიდრე ორგანიზმში საკონტრასტო ნივთიერების არსებობა ამის საშუალებას იძლევა.

– რამდენად დიდია ცდომილება?

– ანატომიური სტრუქტურების შესაფასებისას უროგრაფია ცდომილებას, ფაქტობრივად, არ იძლევა, შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკისა და კენჭის იდენტიფიცირების დროს კი მცირე ცდომილება მოსალოდნელია. როცა ოკლუზია სრულია, შარდსაწვეთის ლოკალურ შევიწროებას, მის ზემოთ კი გაფართოებას თავად მივყავართ კენჭის ადგილამდე, მაგრამ ზოგჯერ კენჭი შარდსაწვეთს მთლიანად არ ახშობს და მისი ლოკალიზაცია ძვლოვანი სტრუქტურის, გაკირული სისხლძარღვის ლოკალიზაციას ემთხვევა. ეს შემთხვევები ყველაზე რთული სადიფერენციაციოა.

– ასეთ დროს როგორ იქცევით?

– გადავდივართ კვლევის სხვა მეთოდებზე. უპირველესად, ულტრაბგერით კვლევაზე, რომლის მეშვეობითაც კენჭს ადვილად ვპოულობთ, თუმცა ნაწლავთა გადაბერვა ამ შემთხვევშიც ხელის შემშლელია. რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები საშარდე სისტემის გამოკვლევის იაფი, მაგრამ მეტად ფასეული მეთოდებია, თუმცა ზოგჯერ ისინი არ კმარა. შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად კომპიუტერული ტომოგრაფია მიიჩნევა. წესისამებრ, კენჭს ნატიური უკონტრასტო გამოკვლევითვე აღმოვაჩენთ, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში კონტრასტირებას მივმართავთ. გარდა იმისა, რომ ცდომილება პრაქტიკულად არ არსებობს, გამოკვლევა მცირე ხანს, დაახლოებით წუთ-ნახევარს მოითხოვს. ეს კლინიკაში პაციენტის დაყოვნებას ამცირებს და საავადმყოფოს წარმადობას ზრდის.

– მაგნიტურ-რეზონანსული უროგრაფია თუ არსებობს?

– არსებობს, მაგრამ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მას არ მიმართავენ. სრულფასოვან მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. პაციენტს, რომელსაც ტკივილები აწუხებს, ამდენ ხანს აპარატში გაუნძრევლად წოლა ძალიან უჭირს. ამასთან, კვლევის ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ძვირიცაა, ამიტომ მაგნიტურ-რეზონანსული უროგრაფია ზემოხსენებული პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ ნაკლებეფექტურია. მას მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს რენტგენის სხივის აუტანლობა აქვს ან ორსულადაა, დიაგნოზი კი ძალიან გვჭირდება.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ საკონტრასტო ნივთიერებას გამოვიყენებთ?

–პრეპარატს უმეტესად პაციენტის წონისა და მდგომარეობის შესაბამისად ვარჩევთ. უროგრაფინი მაღალკონცენტრულია – მასში იოდის შემცველობა დაახლოებით 76%-ია. ულტრავისტს იგივე მაჩვენებელი 37% აქვს. მათი ღირებულებაც განსხვავებულია – ულტრავისტი უფრო ძვირიც ღირს. რომელს გამოვიყენებთ, შედეგისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: