სად ვიპოვოთ ვიტამინები

გააზიარე:
დამეთანხმებით, რომ ვიტამინები მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარებისთვის, განსაკუთრებით – როდესაც საქმე ბავშვის ორგანიზმს ეხება. ერთი ვიტამინის ნაკლებობაც საკმარისია, რომ რომელიმე დაავადება განვითარდეს. როგორ ავიცილოთ თავიდან ვიტამინების ნაკლებობა და როგორ დავაგროვოთ მათი მარაგი, ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” პედიატრი ნინო არაბიძე გვესაუბრება.

 – ავიტამინოზი ბერძნული წარმოშობის ტერმინია და ვიტამინების უქონლობას აღნიშნავს. ეს მდგომარეობა გამოწვეულია საკვებში სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების – ვიტამინების უკმარისობით. ავიტამინოზით გამოწვეული დაავადებები (სურავანდი, პელაგრა, ბერი-ბერი და სხვა) ძალზე იშვიათია, თუმცა ხშირად გვხვდება ავიტამინოზის სუსტად გამოხატული ფორმა – ჰიპოვიტამინოზი და რამდენიმე ვიტამინის ერთდროული უკმარისობა – პოლიავიტამინოზი. მისი განვითარების მთავარი მიზეზებია არარაციონალური, არასრულფასოვანი კვება და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
ჰიპოვიტამინოზის ორი ფორმა არსებობს: ეგზოგენური (გარეგანი, საკვებით განპირობებული) და ენდოგენური (შინაგანი).
ეგზოგენური ჰიპოვიტამინოზი ვითარდება არასრულფასოვანი, ერთფეროვანი კვებისას, ჩვილებში – ხილისა და ბოსტნეულის რაციონში დაგვიანებით ჩართვისას, მეძუძური დედის არასრულფასოვანი კვებისას. შესაძლოა იყოს საკვები პროდუქტების არასწორი შენახვისა და არასწორად მომზადების შედეგიც. არ არის გამორიცხული, განვითარდეს მედიკამენტებით: სულფანილამიდებით, ფენობარბიტალით, ანტიბიოტიკებით – მკურნალობის შემდეგ.
ჰიპოპოვიტამინოზის ენდოგენური ფორმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, დისბაქტერიოზი და ხანგრძლივი დიარეა, ამიტომ აუცილებელია გამომწვევი მიზეზების დადგენა და დროული მკურნალობა.
– წელიწადის რომელ დროს ვლინდება ჰიპოვიტამინოზი?
– უმეტესად – ზამთრის მიწურულს და გაზაფხულზე, როდესაც ხილსა და ბოსტნეულში თანდათან ილევა ვიტამინები და მინერალები და ორგანიზმი სათანადო კვების შემთხვევაშიც კი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს. ვიტამინ D3-ის გამომუშავებას მზის სხივებით არასაკმარისი ინსოლაციაც აფერხებს.
– რა სიმპტომებით ვლინდება ჰიპოვიტამინოზი?
– ჰიპოვიტამინოზის სიმპტომატიკა მრავალფეროვანია და თითოეული ვიტამინისა თუ მიკროელემენტის დეფიციტზეა დამოკიდებული. ამ დროს შეინიშნება ადვილად დაღლა, ხშირი გაციება, რომელიც უმეტესად რთულდება, კონცენტრაციის , ყურადღების დაქვეითება, ხშირი გაღიზიანება, ნერვული აშლილობა, კბილების გამოხეხვისას – სისხლდენა, კანის გამოშრობა და აქერცვლა, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა. ხანგრძლივად მიმდინარე ავიტამინოზისთვის დამახასიათებელია სტომატიტი, პირის კუთხეების დახეთქვა, კარიესი, წყლულოვანი გასტრიტი, დიარეა, დერმატიტი, ანემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა, ტაქიკარდია, ქოშინი, კუნთების ტონუსის დაქვეითება, ძვალსახსროვანი სისტემის არასწორი განვითარება, ზრდა-განვითარების ჩამორჩენა, გონებრივი განვითარების შეფერხება, შესაძლოა განვითარდეს სინათლის შიშიც...
– როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?
– ბავშვთა ჰიპოვიტამინოზის პრევენციის ერთ-ერთი წამყვანია ფაქტორია კვება – როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ისე ჩვილი ასაკიდან. ორსულობისას დედა უნდა მიირთმევდეს სრულფასოვან, ბალანსირებულ, ვიტამინებით გამდიდრებულ საკვებს, რათა ნაყოფმა დედისგან მიიღოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა ნივთიერება.
მნიშვნელოვანია ახალშობილის ბუნებრივი კვება. თუ მეძუძური დედა ექიმის დანიშნულებისამებრ იკვებება, მისი რძე ჩვილისთვის უნიკალური საკვები იქნება. დედის რძე მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც პატარას ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის არის საჭირო. რძის შემადგენლობაც პატარას ზრდისა და მოთხოვნილებების შესაბამისად იცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ დედის რძე შეიცავს იმუნოგლობულინებს, რომლებიც ჩვილს ინფექციებისგან იცავს.
ჰიპოვიტამინოზის პრევენციისთვის აუცილებელია დამატებითი საკვების დროული მიცემა. პირველ დამატებით საკვებს ჩვილს 6 თვის ასაკში ვაძლევთ. ეს არის ბოსტნეულის სუპ-პიურე, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა, მიკრო- და მაკროელემენტებით. დამატებით საკვებს ვაძლევთ მცირე ულუფებით და მზარდი დოზებით, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქცია. მომდევნო დამატებითი საკვებია ბურღულის – წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის – ფაფა (შვრიისას მოგვიანებით ვაძლევთ). 7 თვიდან ჩვილის რაციონს ვამდიდრებთ ქათმის, ხბოს, საქონლის ხორცით – ის დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და ამის წყალობით ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას, მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში. 8 თვიდან შეიძლება რაციონში შევიტანოთ ხორცის ბულიონი, კვერცხის გული, თევზი, ხაჭო, მაწონი – რასაკვირველია, თანდათანობით. ეს პროდუქტები მდიდარია A, D, B ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი, რკინით, კალციუმით, იოდით, თუთიით, ფთორით და სხვა მიკროელემენტებით. ჩამოთვლილი ნივთიერებები მონაწილეობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში, ძვლების, კბილების ჩამოყალიბებაში, კუნთების მუშაობაში და სხვა.
1 წლიდან ბავშვი გადაგვყავს ზოგად კვებაზე, თუმცა სასურველია, ჯერ არ მოვწყვიტოთ ძუძუს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში დედის რძე კვებითი ღირებულებით არ გამოირჩევა, იგი კვლავ მდიდარია იმუნოგლობულინებით და ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს. ხელოვნურ კვებაზე გადაყვანისას ჩვილს უნდა მივცეთ ადაპტირებული მშრალი რძის ნარევები, რომლებიც შეიცავს ყველა საჭირო მიკრო- და მაკროელემენტს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და აკმაყოფილებს ამ ასაკის როგორც ენერგეტიკულ, ასევე ნუტრიციულ მოთხოვნებს.
1 წლიდან ბავშვის სრულყოფილი კვებისთვის ჯანმო გვთავაზობს კვებით პირამიდას. ამ პირამიდის მიხედვით, საკვები პროდუქტები დაყოფილია 4 ძირითად ჯგუფად:
1. მარცვლეული და სახამებლის შემცველი ბოსტნეული (პური, ფუნთუშეული, მაკარონი, ვერმიშელი, კარტოფილი, ბრინჯი და სხვა);
2. ხილი და ბოსტნეული;
3. ხორცი და მისი ალტერნატივა (თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილი, კაკალი);
4. რძე და რძის ნაწარმი.
ბავშვი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ყოველი ჯგუფიდან თუნდაც ერთ პროდუქტს.
ბავშვის რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ცხიმებს – როგორც მცენარეულს, ასევე ცხოველურს, რადგან არსებობს ვიტამინები, რომლებსაც ორგანიზმი სრულყოფილად მხოლოდ  ცხიმოვან გარემოში ითვისებს. ესენია A, D, E, რომლებსაც ამ თვისების გამო ცხიმში ხსნად ვიტამინებს უწოდებენ.

A ჰიპოვიტამინოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ხილი. იგი ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ალუბალი, ბალი, წარმოადგენს ბუნებრივ ანტიბიოტიკს. მათში უხვადაა ნივთიერებები (მაგალითად, ფიტონციდები), რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ბავშვისთვის უკეთესია ის ხილი, რომელიც ბუნებრივად მოდის საქართველოში. ის უნდა მივირთვათ იმ სეზონზე, როცა იგი მწიფდება, უმჯობესია, ცოცხალი ან ახალგამოწურული წვენის სახით (წვენში შემავალი ვიტამინები ჰაერთან ხანგრძლივი შეხებისას იშლება). სხვა სეზონზე ნებისმიერი ხილი ვიტამინებით ღარიბია. 
– რა მნიშვნელობა აქვს საკვების მომზადების წესების დაცვას?
– ამ გზით მაქსიმალურად შევინარჩუნებთ საკვების ნუტრიციულ ღირებულებას და ზიანს არ მივაყენებთ პატარას.
* ბავშვისთვის საკვები უნდა მომზადდეს უშუალოდ ჭამის წინ.
* საკვების მომზადებისას აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
* საკვები პროდუქტები უნდა იყოს საშუალო ზომისა, საღი, არ არის აუცილებელი, უნაკლოდ გამოიყურებოდეს.
* პროდუქტები უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით 15-20 წუთის განმავლობაში.
* ბოსტნეულს ხარშვისას უნდა დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაიფაროს, პერიოდულად საწყის დონემდე შევავსოთ ანადუღარი წყლით, რათა არ ამოშრეს. უნდა ვხარშოთ აუცილებლად თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში.
* ცხიმი დავუმატოთ ბოლოს, რათა დუღილის დროს არ დაიშალოს მასში შემავალი ვიტამინები.
თერმული დამუშავებისას ხილში არსებული ვიტამინების 40-50% იშლება, გაყინვისას კი ვიტამინების რაოდენობა თითქმის იგივე რჩება, რაც ცოცხალში, ამიტომ საზამთროდ ხილი უმჯობესია გაყინული შევინახოთ.
– რა შემთხვევაში უნდა მივცეთ ბავშვს ვიტამინები დამატებით, პრეპარატის სახით?
– არსებობს ვიტამინები, რომელთა საკვებთან ერთად მიღებული ოდენობა არ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნებს. ასეთია, მაგალითად, D ვიტამინი. იგი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში. მისი დეფიციტი იწვევს რაქიტს.
D ვიტამინის მნიშვნელოვანი რაოდენობა ქოლიკალციფეროლის სახით სინთეზდება ორგანიზმში მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით, ამიტომ აუცილებელია, ბავშვი რეგულარულად ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე. მზის ყოველდღიური თხუთმეტწუთიანი აბაზანები საკმარისია ამ ვიტამინის დღიური ულუფის გამოსამუშავებლად.
მიზანშეწონილია, ზამთარში პატარას D ვიტამინი მივცეთ მზა სახით, პროფილაქტიკური დოზით – 200-400 სე ყოველდღიურად.
ზამთარში თითქმის არც ერთი ხილი არ შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, გარდა ჩირისა. სასურველია, ამ პერიოდში ბავშვს ვიტამინური მარაგი სწორედ ჩირით შევუვსოთ.
სწრაფად და ადვილად მოსამზადებელი საკვები – სუპები, დამუშავებული ბურღულეული, ფაფები – ვიტამინებით ღარიბია, ამასთან, დიდი რაოდენობიოთ შეიცავს საკვებ დანამატებს, გემოს გამაძლიერებლებს, მარილს, ამიტომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ნუ მისცემთ. უმეტესად ავიტამინოზი აღენიშნებათ ხშირად მოავადე ბავშვებს, რადგან მადა დაქვეითებული აქვთ, მოთხოვნილება ამ თუ იმ ვიტამინზე, მიკრო- და მაკროელემენტზე კი მომატებული. ავადმყოფობის დროს არ არის აუცილებელი, ბავშვმა საკვების მთელი ულუფა მიიღოს. თუ ძუძუზე, ვაწოვოთ უფრო ხშირად, თუ ხელოვნურ ან საერთო კვებაზე – მივცეთ მეტი სითხე.
ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის განმავლობაში, ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისთვის უნდა გავზარდოთ კვების სიხშირე – მივცეთ დღეში ერთით მეტი ულუფა, ვიდრე ავადმყოფობამდე იღებდა. საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზოგჯერ საჭიროა ვიტამინების კომპლექსის მიღებაც.
არიან ბავშვები, რომლებიც, დედის დიდი მონდომების მიუხედავად, არ იღებენ საკმარისი რაოდენობის ხილს, ბოსტნეულს და ამიტომ ავიტამინოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები უვლინდებათ. ზოგიერთი ბავშვი ჩამორჩება ფიზიკური განვითარების ასაკობრივ ნორმებს. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მკურნალობის სქემაში ვიტამინების კომპლექსის ჩართვა. უმჯობესია, ეს კომპლექსი არ შეიცავდეს მიკრო- და მაკროელემენტებს, რათა ეს ნივთიერებები ჭარბად არ დაგროვდეს ბავშვის ორგანიზმში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ორგანიზმისთვის საშიშია ვიტამინებისა და სხვა ელემენტების არა მარტო დეფიციტი, არამედ სიჭარბეც, ამიტომ პატარას ვიტამინების კომპლექსი განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივცეთ.
მარი ზაზაშვილი

გააზიარე: