ფაღარათი – ზაფხულის პრობლემა

გააზიარე:
ზაფხული – ზღვა, მთა, სუფთა ჰაერი, კარგი მადა, მხიარულება და უეცრად... წამდაუწუმ ერთხელ საპირფარეშოში სირბილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურის მომატება, საშინელი სისუსტე... აღარც ზაფხული გახარებს, აღარც გართობა და არც ათასნაირი ნუგბარი. ეს დიარეა, იგივე ფაღარათი, უბრალო ენით – კუჭის აშლილობაა.

რუბრიკის სტუმარია მედიცინის დოქტორი, “ავერსის კლინიკის” თერაპევტი, ოჯახის ექიმი ნათია სვანიძე.

  • – რას უწოდებენ დიარეას?

– დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფართოდ ხმარებული ტერმინი “კუჭის აშლილობა” არ არის სწორი და არ გამოხატავს დაავადების არც მექანიზმს და არც არსს. დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღეღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა. უფრო ზუსტი განმარტებით, ფაღარათად მიიჩნევა მდგომარეობა, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა აღემატება 200 მლ-ს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-95%-ს.
ზოგიერთი ინფექციური წარმოშობის დიარეის დროს ნაწლავთა მოქმედების სიხშირემ დღე-ღამეში შესაძლოა 20-30-საც კი მიაღწიოს (დაახლოებით 30 წუთში ერთხელ).
2-3-კვირიან დიარეას მწვავე ეწოდება, უფრო მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში ქრონიკული დიარეის სინდრომზე საუბრობენ. ეს უკანასკნელი ვითარდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, სხვადასხვა ტიპის ენტეროპათიის, ქრონიკული პანკრეატიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ცელიაკიის (გლიადინის აუტანლობის), მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) ზოგიერთი სახეობის სიმსივნის დროს და სხვა.

  • – რა იწვევს დიარეას?

– მწვავე დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია როგორც ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა, ასევე ვირუსები, კერძოდ, ენტეროვირუსები (როტავირუსი, ადენოვირუსი და სხვ), ხოლო არაინფექციური ფაქტორები მოიცავს ფსიქოგენურ სტრესს (ამ შემთხვევაში დიარეა ვითარდება ადრენალინის ჭარბი გამოყოფის შედეგად), კვებით ალერგიას, ზოგიერთი მედიკამენტის (მათ შორის – მეტრონიდაზოლის, დალაცინის) თანმხლებ ეფექტს, თირეოტოქსიკოზს, ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობას.

  • – დიარეა განსაკუთრებით ზაფხულობით ხშირდება. რისი ბრალია ეს?

– ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საკვებში არსებული პათოგენური მიკრობები ადვილად მრავლდება, ამიტომ ამ სეზონზე დიარეის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ინფექციური აგენტებია. მაგიდაზე დაწყობილი კარგად გარეცხილი ხილის ერთი საათის შემდეგ მირთმევის შემთხვევაშიც კი დიდია ინფიცირების რისკი, რომ არაფერი ვთქვათ კრემიან საკონდიტრო ნაწარმზე, არასათანადოდ დამუშავებულ და შენახულ ხორცის პროდუქტებზე და სხვ.
ზაფხულში, განსაკუთრებით – კურორტზე, სადაც მოსახლეობის დიდი თავშეყრაა და სათანადოდ არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში ორგანიზმი ადვილად ინფიცირდება, მერე კი თვად იქცევა ინფექციის წყაროდ, ამიტომ ზაფხულობით ზღვის სანაპიროზე და სხვა კურორტებზე ხშირია ნაწლავური ინფექციის ეპიდემიური აფეთქებები.

  • – რა არის მოგზაურთა დიარეა, აქტუალურია თუ არა იგი ჩვენს ქვეყანაში, როგორ ხდება მისი პრევენცია?

– ე.წ. მოგზაურთა დიარეა ვითარდება სხვადასხვა ქვეყანაში ან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაადგილების დროს. მას უმთავრესად არაადეკვატური სანიტარიული პირობების გამო დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით ორგანიზმში მოხვედრილი ინფექციური აგენტები იწვევს. თუმცა დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს წყლის ან საკვების უჩვეულო, არაინფექციური კომპონენტებიც (მაგალითად, ეგზოტიკური კერძების ესა თუ ის ინგრედიენტი). მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი კარგად არის განვითარებული, შესაბამისად, მოგზაურთა და სეზონური დიარეის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
დიარეის პრევენციის მიზნით მოგზაურებს ურჩევენ დიეტური საკვებისა და ნახშირწყლებით მდიდარი სასმლის მიღებას. უმჯობესია თავი არიდონ ონკანის წყლის დასალევად თუ საკვები პროდუქტების გასარეცხად გამოყენებას. სახიფათოა არაპასტერიზებული რძე, უმი ზღვის პროდუქტები და უმი ან ნაკლებად შემწვარი ხორცეული, ქუჩაში ნაყიდი სწრაფი კვების ნაწარმი.

  • – უმეტესად რა სიმპტომებს ვხვდებით დიარეასთან ერთად?

– დამატებითი ნიშნების არსებობა მეტწილად დამოკიდებულია დიარეის მიზეზსა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, ასევე – თანმხლებ დაავადებებზე, მედიკამენტების გამოყენებაზე და სხვა.
გახშირებული თხელი განავლით დეფეკაციის გარდა, დიარეას შესაძლოა ახლდეს:
* ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები, რომლებიც ადვილი ამოსაცნობია: კანის სიმშრალე, პირის სიმშრალე, წყურვილის მუდმივი შეგრძნება, შარდის შემცირება და გამუქება, ზოგად ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული სიმპტომები – სისუსტე, თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა;
* საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანების ნიშნები: გულისრევა-ღებინება, უმადობა, მუცლის მჭრელი, მოვლითი ტკივილი, მუცლის შებერვა. 
* მალაბსორბციის სინდრომი, ანუ ორგანიზმისთვის საჭირო საკვები პროდუქტების, მიკროელემენტებისა და მინერალური ნივთიერებების შეწოვის დეფიციტი, რაც გამოიხატება წონის კლებით, ზოგიერთი ნივთიერების დეფიციტის ნიშნებით და სხვა. 
ორგანიზმში წყლის ნაკლებობა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის – მათი სხეულის უდიდესი ნაწილი წყალია (უჯრედშორისი სითხე, უჯრედის მასა) და, ამდენად, მისი კარგვა მეტად არასასურველია. ბავშვთა ასაკში გაუწყლოების გამო შესაძლოა უცრემლო ტირილიც კი განვითარდეს. დასუსტებული სარეგულაციო მექანიზმებისა და თანმხლები დაავადებების ფონზე გაუწყლოების მიმართ ასევე მგრძნობიარეა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმიც.

  • – როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა ფაღარათის დროს?

– აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია, თუ ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით და:
* დიარეა გრძელდება სამ დღეზე მეტხანს;
* გაქვთ დეჰიდრატაცია, რასაც მოწმობს ძლიერი წყურვილი, პირისა და კანის სიმშრალე, შარდის შემცირება, გამუქება ან არარსებობა, ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა;
* გაწუხებთ მუცლის ან რექტალური მიდამოს ძლიერი ტკივილი;
* განავალი სისხლიანი, ჩირქოვანი ან შავია;
* მკვეთრად არის გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 38.5 °-ს.
ბავშვებში, განსაკუთრებით – ჩვილებში, დიარეამ შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ექიმს დაუკავშირდით, თუ 24 საათის განმავლობაში დიარეა არ იკლებს ან ჩვილს:
* სამი საათისა და მეტი ხნის განმავლობაში არ მოუშარდავს (არ დაუსველებია საფენი);
* ღებინების გამო ვერ იღებს სითხეს;
* აქვს 38.5 გრადუსზე მაღალი სიცხე;
* აქვს სისხლიანი ან შავი განავალი;
* გამომშრალი აქვს პირი ან ტირის უცრემლდ;
* ხელის მოკიდების და მოჩქმეტის შემდეგ კანი ძნელად უსწორდება;
* უჩვეულოდ მოდუნებულია, ეძინება, მივარდნილია, გაღიზიანებულია ან დაძახებაზე არ პასუხობს;
* განუვითარდა კრუნჩხვა.

  • – ყოველთვის აუცილებელია თუ არა დიარეის მიზეზის დადგენა? როგორ ადგენენ მას?


– ზოგიერთი მიკრობით გამოწვეული დიარეა 24 საათის განმავლობაში თვითლიკვიდაციას განიცდის, ანუ თავისთავად გაივლის. ასეთ დროს საკმარისია დამხმარე საშუალებების გამოყენება. შედარებით რთულ შემთხვევებში (ამაზე უკვე ვისაუბრეთ) პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას ჩაუტარებს.
დიარეის მიზეზის დადგენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის სწორ და სრულყოფილ შეკრებას, დაავადების დასაწყისს, მის განვითარებას, მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა პირებთან პაციენტის კავშირს, შესაძლო დაბინძურების არეში ყოფნას, ასევე – განსაზღვრული სახის საკვების მიღებისას მის რეგულარულ აღმოცენებას და სხვა.
როდესაც დიარეის სავარაუდო მიზეზად ინფექცია მოიაზრება, ყურადღება ექცევა განავლის სახეს, ფერს. მაგალითად, ამებიაზის დროს განავალი შეიცავს ლორწოსა და სისხლს, ზოგჯერ ლორწო სისხლითაა გაჟღენთილი და ჟოლოსებრ ჟელეს წააგავს, დიზენტერიის დროს მკვრივი განავლით პირველ დეფეკაციას მოსდევს თხიერი განავალი მცირე ულუფებითა და მოვარდისფრო მინარევით.
დიარეის გამომწვევის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რათა ზუსტად დაინიშნოს ეტიოტროპული მკურნალობა.
აუცილებელი კვლევები მოიცავს სისხლის, განავლის საერთო ანალიზს, სისხლში კრეატინისა და შარდის გამოკვლევას, მუცლის ექოსკოპიურ გამოკვლევას. პრინციპულია განავლის ბაქტერიოლოგიური შესწავლა. არსებობს რამდენიმე საყურადღებო ნიშანი, რომელთა მიხედვით ექიმები დამატებითი კვლევების ჩატარების აუცილებლობას განსაზღვრავენ.

  • – როგორ მკურნალობენ დიარეას?

– დიარეის მკურნალობა კომპლექსურია. დიეტურ კვებაზე გადასვლასთან ერთად აუცილებელია წყლისა და მიკროელემენტების დანაკარგის შევსება და გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ სათანადო მკურნალობის ჩართვა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიარეა საჭმლის მომნელები სისტემის ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს, ამიტომ აუცილებელია რაციონიდან გამაღიზიანებელი, ცხიმიანი, სუნელებით შეზავებული, შემწვარ-მოხრაკული კერძების ამოღება და ძირითადად მოხარშული, დიეტური საკვების გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყლის მიღებას – დიარეის დროს მიღებული წყლის საერთო მოცულობა დღე-ღამეში სამ ლიტრს უნდა აღწევდეს. წყალთან ერთად ორგანიზმი ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს კარგავს, რის გამოც აუცილებელია მისი შევსება სპეციალური საშუალებებით – ელექტროლიტური ფხვნილებით, რომლებიც იხსნება განსაზღვრული რაოდენობის წყალში და მიიღება დღე-ღამის განმავლობაში. გონივრული იქნება, თუ ქვეყნის შიგნით ან გარეთ გადაადგილების შემთხვევაში თან ვიქონიებთ რამდენიმე პაკეტს ელექტროლიტური ხსნარის დასამზადებლად (აისოლს, რეჰიდრონს, “ჰუმანას” ელექტროლიტებს).
ბევრი თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინს, ფტალაზოლს და სხვ.), არადა დიარეის მიზეზი შეიძლება ვირუსი იყოს, რომელზეც ანტიბიოტიკი ვერ იმოქმედებს, პირიქით, ზიანს მიაყენებს ნაწლავურ ფლორას და გააღრმავებს დისბაქტერიოზს.
სიტუაციის შესაბამისად, შეიძლება ნაწლავთა მიკროფლორის აღმდგენი პრეპარატების, ფერმენტების დანიშვნა, თუმცა ამას ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია არ ითვალისწინებს.

  • – გამართლებულია თუ არა დიარეის მკურნალობის შინაური მეთოდების გამოყენება?

– სანამ მედიცინა ასე დაიხვეწებოდა და განვითარდებოდა, გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენი წინაპრები წარმატებით მოიყენებდნენ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს. ალბათ გვახსოვს ბებიების წამალი – ანწლის მურაბა, რომელიც გამოხატული მთრიმლავი ეფექტით გამოირჩევა. თუმცა როგორი ნაცადიც არ უნდა იყოს მსგავსი საშუალებები, მათი გამოყენება ყოველთვის არ არის რეკომენდებული. მკურნალობის პრინციპი დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე, მის დასაწყისსა და მიმდინარეობაზე.
დაბოლოს, დავუმატებდი, რომ ზაფხულში განსაკუთრებით საჭიროა ჭამის წინ ხელების დაბანა; ცოცხალი ხილი და ბოსტნეული უნდა გაირეცხოს უშუალოდ გამოყენების წინ და სხვა.

სამახსოვრო
ვირუსული დიარეის პრევენციისთვის:
* ხშირად იბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ დიარეის გავრცელება.
* აუცილებლად დაიბანეთ ხელები: საკვების მომზადების, უმი ხორცის შეხების, ტუალეტის გამოყენების, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის, ცემინების, ხველის, ცხვირის მოხოცვის შემდეგ.
* აქაფებული საპონი ხელზე ხანგრძლივად (დაახლოებით 20 წამის განმავლობაში) გაიჩერეთ.
* თუ ხელების დაბანა ვერ მოახერხეთ, გაიწმინდეთ სველი სტერილური ხელსახოცით. სრულყოფილად დაიმუშავეთ ხელისგულიც და ხელის ზურგიც.

დაბინძურებული საკვებით გამოწვეული დიარეის პრევენციისთვის:
* მიირთვით საკვები მომზადებისთანავე. ნარჩენი მალევე შეინახეთ მაცივარში. გახსოვდეთ, ოთახის ტემპერატურაზე დატოვებისას იზრდება საკვებში ბაქტერიების გამრავლების რისკი.
* სამზარეულოში სამუშაო ზედაპირი ხშირად გარეცხეთ, რათა თავიდან აიცილოთ მიკრობების გავრცელება ერთიდან მეორე საკვებზე. საჭმლის მომზადებისას რამდენჯერმე გარეცხეთ სამუშაო ზედაპირი და დაიბანეთ ხელები.
* გაყინული პროდუქტების გასალღობად ან მაცივარი გამოიყენეთ, ან (მით უმეტეს – თუ პლასტმასის კონტეინერშია მოთავსებული) ჩადეთ წყლიან თასში.

მოგზაურთა დიარეის პრევენციისთვის:
* შეამოწმეთ, რას ჭამთ; მიირთვით ცხელი (ახალმომზადებული), სათანადოდ დამუშავებული პროდუქტისგან მომზადებული კერძი; თუ თავად არ გაქვთ ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვის საშუალება, ერიდეთ მათ უმად მიღებას; ასევე ერიდეთ უმ ან ცუდად შემწვარ ხორცსა და თერმულად დაუმუშავებელ რძის ნაწარმს.
* აკონტროლეთ სასმელიც: სვით ბოთლში ჩამოსხმული სასმელი წყალი, მინერალური წყალი, ლუდი. ერიდეთ ონკანის წყალს და ყინულს. უმჯობესია, კბილების გამოსახეხადაც სასმელი წყალი გამოიყენოთ, ხოლო შხაპის მიღებისას პირი არ გააღოთ. ანადუღარი წყალი ნაკლებსახიფათოა, ამიტომ ყავისა და ჩაის დალევა უფრო გაბედულად შეგიძლიათ. გახსოვდეთ, ალკოჰოლი და კოფეინი დიარეას ამძაფრებს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: