ყველაფერი მიკრობთა სამყაროს შესახებ

გააზიარე:

 

 

კარგი, ცუდი, ბოროტი

როგორ ვუმკურნალოთ ინფექციებს

სამიზნე სასუნთქი სისტემა

საშარდე გზების ინფექცია

სქესობრივი გზით მოსიარულე მიკრობები

კანი და სოკოები

კარგი, ცუდი, ბოროტი

ჩვენს სხეულში ტრილიონობით მიკრობი ბინადრობს. მიკრობები არიან ყველგან – ჰაერში, საკვებში, მცენარეებში, ნიადაგში, წყალში, ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის – ცხოველებისა და ადამიანების კანზე. მათ ვერსად დავემალებით. არც არის საჭირო – აღმოჩნდა, რომ მიკრობები მხოლოდ ავადმყოფობას კი არ იწვევენ, არამედ ხშირად მასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან.
ახალშობილის კანი, პირის ღრუ და ნაწლავები დაბადებისთანავე მიკრობებით ივსება. ამ უხილავი ორგანიზმების რაოდენობა, თანაფარდობა, განაწილება გენეტიკურად არის განპირობებული და მკაცრ კანონზომიერებებს ემორჩილება. გამოდის, მიკრობებისა და ადამიანის თანაარსებობა შემთხვევითობა არ ყოფილა – იმთავითვე ასე ჩაუფიქრებია ბუნებას. მაინც რატომ? რა სარგებლობა მოაქვთ მიკროორგანიზმებს?

სამყარო სამყაროში
ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მოდი, მიკრობების სამყაროში მცირე ექსკურსია მოვაწყოთ. უფრო სწორად, სამყაროში, რომელსაც ისინი ჩვენს სხეულში ქმნიან.
ყველა იმ მიკროორგანიზმის – ბაქტერიის, ვირუსისა თუ პარაზიტის – ერთობლიობას, რომლებიც ადამიანთან თანაარსებობენ, მიკრობიომა ეწოდება. მიკრობიომა ძალიან საინტერესო სისტემაა.
მიკრობების რაოდენობა თვით ამ სხეულის უჯრედების რაოდენობას ათჯერ (!) აღემატება. და რა უცნაურია, რომ მათი უმეტესობა სასარგებლოა, მეტიც – აუცილებელი. მაგალითად, მიკრობიომა წარმოქმნის გაცილებით მეტ გენს, ვიდრე საკუთრივ ადამიანის გენომი (8 მლნ 22 000–ის წინააღმდეგ).
მიკრობიომა, მისი ფუნქცია და შესაძლებლობები დღემდე აქტიური შესწავლის საკითხია, თუმცა ისიც კი, რაც უკვე ცნობილია, საკმარისია ამ სისტემის მნიშვნელობაში დასარწმუნებლად.

კარგი მიკრობები
რას უნდა ვუმადლოდეთ მიკრობიომას?
მიკრობები გამოიმუშავებენ ვიტამინებს. ამ ფუნქციის მნიშვნელობაზე ბევრის თქმა ალბათ არ არის საჭირო. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვალეობაა მავნე მიკრობებისგან ორგანიზმის დაცვა. დიახ, მიკრობების შემოტევებისგან დიდწილად მიკრობებივე გვიცავენ. ამიტომ სავსებით სამართლიანი იქნება, თუ ამ მიკროორგანიზმებს მოკავშირეებს ვუწოდებთ. უცხოურ ლიტერატურაში მათ მეგობარ მიკროორგანიზმებად მოიხსენიებენ. უამრავი დაავადება სასარგებლო მიკრობების განადგურებით იწყება, მათი ეფექტური მკურნალობის მთავარი პირობა კი დარღვეული მიკრობული ბალანსის აღდგენაა.
სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად მიკრობიომა ჩვენსავე უგუნურებას ეწირება. მაგალითად, ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება მიკრობთა სამყაროს მიმართ განხორციელებული აგრესიის ერთ–ერთი საშიში ფორმაა. ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

ცუდი მიკრობები – აღმართში მიწეული ქვა
ჩვენს ორგანიზმში მობინადრე ყველა მიკრობი სასარგებლო როდია. ზოგიერთი მათგანი პოტენციური მტერია, რომელიც ცბიერი ტაქტიკით მოქმედებს: ომის დასაწყებად ძალა არ ყოფნის, ამიტომ მოწინააღმდეგის დასუსტებას ელოდება. საკმარისია, ამა თუ იმ მიზეზით ორგანიზმის თავდაცვითმა პოტენციალმა იკლოს ან სასარგებლო ბაქტერიებს ზიანი მიადგეთ, რომ მაშინვე წამოყოფენ თავს ზემოხსენებული მიკრობები. ასეთ მიკროორგანიზმებს კომენსალები ანუ პირობითპათოგენური ორგანიზმები ეწოდება. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ პათოლოგიურ ძვრებს ისინი მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში იწვევენ. თითქოს ერთი პრობლემა საკმარისი არ იყო, პირობითპათოგენური მიკრობების წყალობით ახალიც იჩენს თავს.
პირობითპათოგენური მიკრობია, მაგალითად, ყველასთვის კარგად ნაცნობი ნაწლავის ჩხირი, რომლითაც უხვად არის დასახლებული ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.

ბოროტი მიკრობები
სადაც სიკეთეს ვახსენებთ, არც ბოროტების დავიწყება ეგების. ან როგორ დავივიწყოთ, როდესაც ამ უხილავ არსებებს მთელი თაობები გაუნადგურებია. ყვავილს, გრიპს, პნევმონიას, პოლიომიელიტს და სხვა ინფექციურ დაავადებებს საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საბედნიეროდ, მედიცინის განვითარებამ, იმუნიზაციისა და ანტიბიოტიკების აღმოჩენამ მრავალი მკვლელი მიკრობი გაანეიტრალა, მაგრამ დღესაც არიან გარემოში ძალიან საშიში მიკროორგანიზმები, რომელთა დამარცხებაც თანამედროვე მედიცინის გამოწვევაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, დიარეული ინფექციები და ტუბერკულოზი მსოფლიოს 10 ყველაზე გავრცელებული სასიკვდილო დაავადების ნუსხაში შედის. დადგენილია ისიც, რომ ზოგიერთი მიკრობი ავთვისებიანი დავადების განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, პაპილომავირუსი – საშვილოსნოს ყელის, ჰელიკობაქტერ პილორი – კუჭის, B და ჩ ჰეპატიტი კი ღვიძლის კიბოს ალბათობას ზრდის.

გავიცნოთ ახლოს
ინფექციური აგენტები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. მათ ყოფენ:
* ბაქტერიებად;
* ვირუსებად;
* სოკოებად;
* უმარტივესებად.
ბაქტერია ერთუჯრედიანი ორგანიზმია. ის მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს. მეგობარი მიკრობების უმეტესობა ბაქტერიაა, თუმცა არსებობენ ნამდვილად საშიში ბაქტერიებიც, თანაც მრავლად. ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიათა დიდი ნაწილი ტოქსინს გამოყოფს – მძლავრ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც უჯრედებს აზიანებს. სხვა ბაქტერიები თვითონვე აღწევენ ქსოვილებში და აზიანებენ მათ.

ოკუპანტი ვირუსები
ვირუსები უჯრედებზე გაცილებით მცირე ზომისაა. მათ კლასიკური გაგებით ცოცხალ ორგანიზმებს ვერც ვუწოდებთ. ვირუსი, ფაქტობრივად, კაფსულაა, რომელიც გენეტიკურ მასალას შეიცავს. გამრავლებისთვის მას ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება. თვითონ კი ცოცხლის თვისებებს მას შემდეგ ავლენს, რაც ცოცხალ უჯრედში მოხვდება. უჯრედში შეჭრილი ვირუსი მის ნორმალურ ფუნქციებს არღვევს და უჯრედულ მექანიზმებს თავის გემოზე მომართავს. ამგვარად, ჩვენივე უჯრედი ვირუსწარმომქმნელ მანქანად იქცევა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ვირუსი იმ მტერს ჰგავს, რომელიც მოწინააღმდეგის ხომალდზე იჭრება, კაპიტანს ატყვევებს და საჭეს ხელთ იგდებს. ამიერიდან ხომალდის ეკიპაჟი მის მითითებებს ემორჩილება. მასპინძლის უჯრედი ამგვარი აგრესიის შედეგად უმეტესად იშლება, ნადგურდება.
ვირუსები მრავალ ინფექციურ დაავადებას იწვევს: აივ ინფექცია/შიდსი, გრიპი, ჰერპესი, წითელა, წითურა ვირუსული ინფექციებია.

საკვები, ობი, საფუარი და ავადმყოფობა
სოკოების სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია. მათ დაახლოებით ნახევარს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ეს მიკროორგანიზმები ცხოვრობენ ჰაერში, ნიადაგში, მცენარეებში, წყალში, ადამიანის სხეულში. განსაკუთრებით ერჩიან კანს, ფრჩხილებს, სასქესო ორგანოებს. სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი მაღალია, როცა იმუნური სისტემა სუსტდება, ამიტომ ის დიაბეტის, შიდსის, ონკოლოგიური დაავადებების თანმხლები პრობლემაა.

არცთუ მარტივი მიკრობები
მიკრობების ნაირსახეობაა უმარტივესებიც. სახელწოდებამ არ დაგაბნიოთ! ეს მარტივი არსებები ჩვენს რთულ ორგანიზმს ზოგჯერ ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
უმარტივესები ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან, რომლებიც პაწაწინა ცხოველებივით იქცევიან: სხვა მიკრობებზე ნადირობენ და საკვებად იყენებენ. უმარტივესები თავიანთ სასიცოცხლო ციკლს ხშირად ატარებენ საკვებში, ნიადაგში, წყალში, მწერების სხეულში, მერე კი დაბინძურებული წყლის ან საკვების მეშვეობით ან მწერის ნაკბენიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან. ბევრი უმარტივესისთვის ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა შინაური გარემოა. ისინი ზიანს არ გვაყენებენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ – ამებიაზისა, ლეიშმანიოზისა, მალარიისა, ტოქსოპლაზმოზისა.

ინფექცია და დაავადება,
მიკრობები გავიცანით. ახლა მათი მოქმედების თავისებურებებს გადავავლოთ თვალი. დავიწყოთ იმით, რომ ინფიცირებასა და დაავადებას შორის დიდი სხვაობაა. ინფიცირება მიკრობული თავდასხმის პირველი ნაყოფია. ეს ნიშნავს, რომ მიკრობმა ორგანიზმის საზღვრები გადმოლახა, მაგრამ თავდასხმა ყოველთვის ავადმყოფობით არ სრულდება – იმუნურ სისტემას შეუძლია, დასაწყისშივე აღკვეთოს აგრესია. მაგრამ თუ თავდამსხმელებმა იმძლავრეს და უჯრედები დააზიანეს, ეს უკვე ინფექციური დაავადებაა. მაგალითად, ტუბერკულოზის მიკობაქტერია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ ბაქტერიაგამომყოფ ადამიანთან ახლო კონტაქტი გაქვთ, ფაქტობრივად შეუძლებელია, კოხის ჩხირი თქვენს ორგანიზმშიც არ მოხვდეს. ეს ინფიცირებაა. განვითარდება თუ არა ამის შედეგად ტუბერკულოზი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: იმუნური სისტემის მდგომარეობაზე, საყოფაცხოვრებო პირობებზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. შესაძლოა, მთელი ცხოვრება ინფიცირებული იყოთ, მაგრამ არ დაავადდეთ და არც კი იცოდეთ, რომ თქვენს სხეულში კოხის ჩხირი ბინადრობს. თუმცა არც არის გამორიცხული, დაავადება ინფიცირებიდან მრავალი წლის შემდეგ განვითარდეს, როდესაც ორგანიზმში საამისო პირობები შეიქმნება.

როგორ ვრცელდება ინფექცია
არსებობს ინფექციები, რომლებიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. მათი შეჩერება შეუძლებელია. დაავადება ერთბაშად მოედება ხოლმე ქვეყნებს და ზოგჯერ კონტინენტებსაც კი. იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების მექანიზმში გავერკვიოთ, სამი რამ უნდა ვიცოდეთ:
* ინფექციის წყარო – ადგილი, სადაც ცოცხლობს ინფექციური აგენტი (მაგალითად, აბაზანის ზედაპირი, ადამიანის კანი);
* მიმღები ორგანიზმი – მაგალითად, ადამიანი, რომელსაც აქვს მიკრობის მიღების მზაობა;
* გადაცემის გზა – გზა, რომლითაც ინფექცია ვრცელდება.

წყარო
ინფექციის წყაროა, ფაქტობრივად, ნებისმიერი ზედაპირი, რომელზეც მიკრობი ბინადრობს. მიკრობებით უხვადაა დასახლებული სამედიცინო დაწესებულებები – პალატები, საწოლები, სამედიცინო მოწყობილობები, იარაღები, კათეტერები, ნივთები, რომლებსაც ხშირად ვეხებით.
ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცეს ადამიანიც: ავადმყოფი, საავადმყოფოს პერსონალი, ავადმყოფის ოჯახის წევრი ან მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირი. ინფექციის წყაროს შესაძლოა დაავადების ნიშნები არ ჰქონდეს და მხოლოდ ინფექციას ავრცელებდეს. ასეთი ფარული წყაროების არსებობა, ბუნებრივია, ერთიორად ზრდის სხვების ინფიცირების ალბათობას.

ინფექციის ადრესატი
მიკრობული აგრესიის მსხვერპლი ადვილად შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელსაც აუცრელობისა თუ იმუნიტეტის დაქვეითების გამო ინფიცირების მაღალი ალბათობა აქვს. შაქრიანი დიაბეტი, ორგანოების ტრანსპლანტაცია, სიმსივნე ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს ასუსტებს. დაავადების რისკს ზრდის ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის – ანტიბიოტიკების, სტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებაც. მიკრობებს ორგანიზმში შეჭრას უადვილებს ქირურგიული ჩარევა, კათეტერიზაცია, ზონდირება და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

გადაცემის გზა
ინფექციის გადაცემის ყველაზე მარტივი გზაა ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტი. ამ გზით ინფექცია სამგვარად ვრცელდება:
* ინფექცია გადაეცემა ადამიანისგან ადამიანს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ინფიცირებული პირი ეხება (ხელს ართმევს, ეხუტება, ჰკოცნის) არაინფიცირებულს, ახველებს ან აცემინებს და გარემოში აფრქვევს მიკრობებს. ინფექციის გამომწვევი შესაძლოა გავრცელდეს შინაგანი სითხეების გაცვლის შედეგად სქესობრივი კონტაქტის დროს. ჩამოთვლილთაგან რომელი გზით მოხდება დასნებოვნება, ცხადია, ეს მიკრობის ბუნებაზეა დამოკიდებული.
* ინფექცია გადაეცემა ცხოველისგან ადამიანს – ცხოველის, თუნდაც შინაურის, ნაკბენი ან ნაკაწრი შესაძლოა ინფექციად დაგიჯდეთ. ზოგჯერ ამ ყველაფერს ფატალური შედეგიც კი მოჰყვება (მაგალითად, ცოფის შემთხვევაში). ინფიცირების საფრთხეს შეიცავს ცხოველთა გამონაყოფიც. მაგალითად, ტოქსოპლაზმოზი კატის ექსკრემენტების საშუალებით ვრცელდება და შესაძლოა, მისი ტუალეტის დასუფთავებისას დაინფიცირდეთ.
* ინფექცია გადაეცემა დედისგან ახალშობილს – ორსულმა შესაძლოა მიკრობები მუცლად მყოფ ნაყოფს გადასცეს, ზოგიერთი ინფექცია კი ბავშვს მშობიარობის დროს გადაეცემა.

არაპირდაპირი კონტაქტი
მრავალი მიკრობი უსულო საგნებზეც კარგად გრძნობს თავს და დიდხანს ძლებს. კარის სახელური, მაგიდა, ტელეფონი და სხვა ზედაპირები, რომლებსაც ბევრი ადამიანი ეხება, შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.
მაგალითად, თუ გრიპით დაავადებულმა ვირუსი კარის სახელურზე დატოვა, მერე ამ სახელურს თქვენ მოჰკიდეთ ხელი, არ დაიბანეთ და ცხვირზე, პირზე ან თვალის ლორწოვანზე მოისვით, დიდი ალბათობით, ცხელება, ხველა და სურდო მალე თქვენც შეგაწუხებთ.
ზოგიერთი ინფექციის გავრცელებაში მწერები: კოღო, რწყილი, ტილი, ტკიპა – მონაწილეობენ. მათ ინფექციის გადამტანებს უწოდებენ.
ინფიცირების კიდევ ერთი გზაა გამომწვევით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღება. ამ მექანიზმით ინფექციის ერთი წყაროდან მიკრობი ბევრ ადამიანს გადაეცემა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკვების ყიდვისა და მომზადებისას. მოუხარშავი ხორცის, არაპასტერიზებული რძის, გაურეცხავი მწვანილის მოხმარება ინფიცირების ალბათობას ზრდის.

ვებრძვით მიკრობებს
არახალია, რომ ავადმყოფობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა მისი პრევენციაა. ასეა ინფექციების შემთხვევაშიც.
* ხშირად ავიწყდებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მარტივ პროცედურას – ხელების ბანას. არადა, ეს ინფექციურტი დაავადების თავიდან აცილების ყველაზე მარტივი და შედეგიანი საშუალებაა. საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები საკვების მომზადებისა და ჭამის წინ, დახველებისა და დაცემინების, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის, ტუალეტით სარგებლობის, ქუჩიდან შენობაში შესვლის შემდეგ. თუ წყალი და საპონი ხელთ არ გაქვთ, გამოიყენეთ სპირტის შემცველი სპეციალური გელი.
* ცხელება, ხველა, ცემინება, ღებინება, ფაღარათი – ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობისას ყოველგვარი კონტაქტი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. განსაკუთრებით საშიშია ავადმყოფის ყოფნა იქ, სადაც ბევრი ხალხია. ნუ წახვალთ სასწავლებელში, სამსახურში, კაფესა თუ კლუბში, ნუ გაუშვებთ ბავშვს ბაღში, სკოლაში, მეგობრებთან.
* ნუ მისცემთ სხვებს თქვენი პირად ნივთებით – კბილის ჯაგრისით, სავარცხლით, მაკრატლით, საპარსით სარგებლობის უფლებას. ნურც თქვენ გამოიყენებთ სხვისას. სასურველია, გქონდეთ საკუთარი თეფში და ჭიქაც. ჰიგიენას რომ თავი დავანებოთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი – მრავალი მიკრობი დიდხანს ძლებს მყარ ზედაპირზე და სხვისი ნივთების წყალობით თქვენს ორგანიზმში შესაძლოა ინფექციის გამომწვევი მოხვდეს.
* მოამზადეთ საკვები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. მომზადებამდე ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ. მოამზადეთ მხოლოდ სუფთა ჭურჭელში. კარგად მოხარშეთ ხორცი თუ თევზი. გამოიყენეთ მხოლოდ პასტერიზებული რძე. მზა საკვებს დიდხანს ნუ დატოვებთ უმაცივროდ.
* გახსოვდეთ საფრთხე ყველგან და ყოველთვის. ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს, იყოლიეთ ერთი პარტნიორი. სქესობრივი კონტაქტის დროს, განურჩევლად იმისა, რამდენად ენდობით პარტნიორს, ეცადეთ, გამოიყენოთ დაცვის ბარიერული საშუალება (კონდომი). თუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ნიშნები გაქვთ, ერიდეთ სექსს და აცნობეთ პარტნიორს.
* თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი ინფექციებია გავრცელებული ამ რეგიონში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება, რომელი აცრის გაკეთება ან მედიკამენტის მიღება მოგიწევთ ამისთვის. მიმართეთ ოჯახის ექიმს – ის დაგაკვალიანებთ, სად და როგორ ჩაიტაროთ პრევენციული სამედიცინო პროცედურები.
* არ გამოტოვოთ ვაქცინაცია. ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა იმუნიზაციაა. სწორედ ვაქცინების დამსახურებაა ნომერ პირველი ინფექციური მკვლელის, ყვავილის, ელიმინაცია. დღეს კი მსოფლიო პოლიომყელიტის, წითელასა და წითურას აღმოფხვრის გზაზეა. ჯანმოს მონაცემებით, ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველასა და წითელას საწინააღმდეგო აცრებით ყოველწლიურად ორმილიონ-ნახევრამდე ბავშვის გადარჩენა ხერხდება და თუ ჩამოთვლილი დაავადებები ზოგჯერ მაინც იწვევს ფატალურ შედეგს, ეს ჩვენივე უგუნურების ბრალია. ასე რომ, ნუ დატოვებთ ბავშვს აცრის გარეშე.
იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი ზემოხსენებულ დაავადებებთან ერთად მოიცავს წითურას, ყივანახველას, ყბაყურას, B ჰეპატიტის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ს, პნევმოკოკის, როტავირუსიული ინფექციის საწინააღმდეგო აცრებს. ზოგიერთ ვაქცინას მოგვიანებით ვიკეთებთ, მაგალითად, ცოფისას (საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის ან დადორბვლის შემთხვევაში) და გრიპისას, რომელიც, გამომწვევის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლდება.
კიდევ ერთი: ინფექციის პრევენციად მიიჩნევა მისი რაციონალური მკურნალობაც. თუ რატომ, ამას ჟურნალის მომდევნო გვერდებზე ამოიკითხავთ.

როგორ ვუმკურნალოთ ინფექციებს

მკურნალობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მისი სქემა ექიმმა უნდა შეარჩიოს. ჩვენ მხოლოდ იმ ზოგად წესებს გაგაცნობთ, რომლებიც ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის დროს უნდა დაიცვათ, განურჩევლად ინფექციის ტიპისა, დაავადების მიმდინარეობისა თუ პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა.

მიკრობების მტერი – ჩვენი მხსნელი
ბაქტერიულ ინფექციებთან საქმე შედარებით მარტივადაა. არსებობს მათზე მოქმედი მეტად ეფექტური საშუალება – ანტიბიოტიკები. მათი აღმოჩენის შემდეგ მავნე ბაქტერიებს სერიოზული ზიანი მიადგათ. მრავალი საშიში დაავადება დღეს უკვე მკურნალობას ექვემდებარება. მთავარია, დროულად მიმართოთ ექიმს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ანტიბიოტიკებს გვერდით ეფექტებიც ახასიათებს. მაგალითად, ისინი მავნესთან ერთად სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ. სწორედ ამიტომ იჩენს თავს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ნაწლავთა პრობლემები. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვთა ასაკში ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენება მიკრობიომის დაზიანებას იწვევს, ეს კი შემდეგში საკვების მონელების, ენერგიის გამომუშავების პროცესებზე ახდენს გავლენას და ჭარბწონიანობის განვითარებასაც კი უწყობს ხელს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბოლო ხანს ესოდენ გახშირებული სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი მიკრობიომაზე ასეთი თავდასხმებია. ბალანსის დარღვევას უნდა ვუმადლოდეთ სოკოვან ინფექციებსაც. ამიტომ ანტიბიოტიკებით მკურნალობის პარალელურად მიკრობიომის აღდგენაზეც უნდა იზრუნოთ. ამისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები – პრობიოტიკები. მათი მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებისთანავე. თუმცა, მიკრობიომას მხოლოდ მკურნალობის პროცესში არ სჭირდება მოფრთხილება, ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნება კი, უპირველესად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სწორ კვებასა და აქტივობას მოითხოვს.

რა ვუყოთ ვირუსებს?
ვირუსული ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკებივით ეფექტური საშუალება ჯერ არ არსებობს. შექმნილია ზოგიერთი ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური პრეპარატები, მაგრამ ვირუსების უმეტესობა ჯერაც უწამლოდაა. ასეთი დაავადებების მკურნალობის მთავარი პრინციპი სიმპტომების შემსუბუქება და ორგანიზმის თავდაცვის უნარის გაძლიერებაა.
იმუნიტეტის მოძლიერებას სოკოვან ინფექციებთან ბრძოლის დროსაც დიდი როლი ეკისრება, ვინაიდან ისინი უმეტესად დასუსტებულ ორგანიზმში აქტიურდებიან. არსებობს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებიც.
თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა მხოლოდ ფურცელზე. სინამდვილეში ინფექციურ დაავადებებზე არანაკლები პრობლემაა მათი არასწორი მართვა. შეცდომებს მრავლად ვუშვებთ. ფაქტობრივად, მკურნალობის ყოველ ეტაპზე. მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს შეცდომები და მათ გამოსწორებას შევუდგეთ.

სად ვუშვებთ შეცდომას?
ინფექციის საპასუხოდ იმუნური სისტემა მოქმედებას იწყებს. ინფექციისგან ორგანიზმის გათავისუფლებას ის სხვადასხვა გზით ცდილობს: მობილიზებულია სისხლის თეთრი უჯრედების მთელი არმია, ანტისხეულები და სხვა. სწორედ ამის შედეგია სიმპტომები, რომლებსაც ხშირად დაავადების ნიშნებად აღვიქვამთ და მონდომებით ვებრძვით. მაგალითად, გაციების დროს ცხელება, ხველა და ცემინება ერთგვარი დამცველობითი მექანიზმებია. მაღალი ტემპერატურა მიკრობებს გამრავლებაში უშლის ხელს, ხველა და ცემინება კი ორგანიზმიდან უცხოთა გამოძევებას ისახავს მიზნად. ასე რომ, მათი დათრგუნვა სულაც არ უწყობს ხელს დაავადების დამარცხებას. პირიქით, რაც მეტად შევზღუდავთ ორგანიზმის თავდაცვით რეაქციებს, მით მეტად მოგვერევა ავადმყოფობა. მკურნალობის მთავარი პრინციპია, არ ჩავერიოთ, სანამ ორგანიზმი თავად უმკლავდება მტერს, არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც დამცველობითი ან ადაპტაციური მექანიზმები პათოლოგიურში გადავა, მერე კი დროულად და სწორად დავეხმაროთ ბრძოლით დაღლილ სხეულს.
მაგრამ რას აკეთებს უმრავლესობა? საკმარისია, თერმომეტრმა ტემპერატურის ოდნავი მატება აჩვენოს, რომ სიცხის დამწევს, გაციების საწინააღმდეგო ჩაის, ამოსახველებელს, ხველის დამთრგუნველს და ათას სხვა მედიკამენტს მიაყრიან ორგანიზმს. არადა, ექიმები გვაფრთხილებენ: 38.5 0c-მდე სიცხის დამწევი არ უნდა დავლიოთ! ასევე განსაზღვრულ დრომდე არ არის საჭირო, მაგალითად, ხველის რეფლექსის დათრგუნვა. სამაგიეროდ, აუცილებელია დასვენება და ბევრი სითხის მიღება.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. თითქოს ორგანიზმის დასასუსტებლად ჩამოთვლილი საშუალებები არ კმაროდეს, სცენაზე ახალ მოთამაშე – ანტიბიოტიკები შემოგვყავს. აი, აქ კი ნამდვილად საბედისწერო შეცდომას ვუშვებთ.

კიდევ ერთხელ ანტიბიოტიკების შესახებ
არაერთხელ გვითქვამს რომ ანტიბიოტიკები ვირუსებს ვერ სპობს. ეს წამლები მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდაა გამოსადეგი. ამას ღაღადებენ ექიმები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი საინფორმაციო კამპანია ტარდება. მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ხალხი ისე მიეჩვია “უებარ” ანტიბიოტიკებს, მათზე უარის თქმა ვეღარ წარმოუდგენია. ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ მავნე ტენდენციას ზოგჯერ ექიმებიც უბამენ მხარს. თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ექიმს ბრმად არ უნდა ენდოთ – ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ანტიბიოტიკების გამოყენება დანაშაულია!

რა საფრთხეს გვიქადის ანტიბიოტიკები?
მაინც რატომ ვებრძვით ასე ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენებას? რა დაშავდება, თუ პაციენტი მათ არასწორად მიიღებს? დავიწყოთ იმით, რომ უნაკლო მედიკამენტი ჯერ არ შექმნილა. უბრალოდ, მათ ნაკლოვანებებზე თვალს ვხუჭავთ, როცა სარგებელი ზიანს გადაწონის. მაგრამ უგუნურებაა, ორგანიზმი ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების რისკის პირისპირ დავაყენოთ, როდესაც მათგან სარგებლის მიღება შეუძლებელია. გარდა ამისა, როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს, ანტიბიოტიკები სასარგებლო მიკრობებსაც ანადგურებენ, ანუ მათ, ვინც ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარებიან. გამოდის, ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება არათუ არ აჩქარებს განკურნებას, არამედ შესაძლოა დაამძიმოს კიდეც მდგომარეობა.
ეს ერთი.
მეორე: ალბათ, გაგიგონიათ ტერმინი ანტიმიკრობული რეზისტენტობა. ის მიკრობთა ძალიან საშიშ თვისებას აღნიშნავს. აღმოჩნდა, რომ მიკრობებს საოცარი უნარი ჰქონიათ – განსაზღვრულ შემთხვევებში ისინი ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას გამოიმუშავებენ. მარტივად რომ ვთქვათ ანტიბიოტიკი მათზე აღარ მოქმედებს. ეს რას ნიშნავს, ალბათ თავადაც ხვდებით.
რეზისტენტობა მიკრობების ბუნებრივი თვისებაა, ჩვენ კი ჩვენი დაუფიქრებელი საქციელით ერთიორად ვზრდით ამ საფრთხის ალბათობას და მასშტაბს.

რაც არ კლავს, აძლიერებს
შევაჯამოთ: რა უწყობს ხელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებას? უპირველეს ყოვლისა, ანტიბიოტიკების გამოყენება მაშინ, როდესაც ეს საჭირო არ არის. თუმცა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობასაც თავისი წესები აქვს. ანტიმიკრობული რეზისტენტობის რისკი მაშინაც იმატებს, როცა ანტიბიოტიკებს არასაკმარისი დოზით ვიღებთ ან მკურნალობას დროზე ადრე ვანებებთ თავს. მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ, მაგრამ მიკრობი ჯერ არ განადგურებულა. თუ წამლის მიღებას ამ ეტაპზე შეწყვეტთ, დასუსტებული ბაქტერია ძალას მოიკრებს, თანაც უკვე გაშიფრული ეყოლება მტერი და მისგან თავის დაცვის მექანიზმსაც იოლად შეიმუშავებს. თქვენგან მიკრობი სხვებზეც გავრცელდება, მათზე კი ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს, რადგან სხვებს უკვე რეზისტენტული შტამი დააავადებებს. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ბოლომდე მიიყვანოთ მკურნალობის კურსი. თუ მიკრობს არ მოკლავთ, ის მხოლოდ გაძლიერდება.
დიდი პრობლემაა ანტიბიოტიკების ვეტერინარიაში გამოყენება. ამას ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით აკეთებენ, თუმცა პროდუქტიულობასთან ერთად იმატებს რეზისტენტული შტამების რაოდენობაც, რომლებსაც მომხმარებელი ხორცთან ერთად უნებლიეთ იღებს.
სკეპტიკოსები იტყვიან: მეცნიერები ხომ გამუდმებით ქმნიან ახალ-ახალ წამლებს; მიკრობები ვერასდროს დაეწევიან ამ რიტმს, რეზისტენტობის საფრთხე გაზვიადებულიაო. სინამდვილეში მთელი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ახალი ანტიბიოტიკები ფაქტობრივად აღარ იქმნება. ასე ამიტომაც დავფოფინებთ არსებულ საშუალებებს. თავად განსაჯეთ: ახალი წამლების შექმნის პერსპექტივა ბუნდოვანია, სამაგიეროდ, ბაქტერიები სულ უფრო მეტად ხვეწენ მოქმედების გზებს – გამოდის, რომ არათუ დაგვეწევიან, შესაძლოა გაგვისწრონ კიდეც. ასე რომ, თუ რეზისტენტობა არსებული ანტიბიოტიკების მიმართაც განვითარდა, მიკრობებთან საუკუნოვან ბრძოლაში დავმარცხდებით და იმ ეპოქას დავუბრუნდებით, როდესაც, მაგალითად, სიტყვა “პნევმონია” სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა.
ერთი სიტყვით, ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება ჩვენსავე ინტერესებშია. ჩვენც კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: გონივრულად გამოიყენეთ ეს ფასდაუდებელი წამლები.

სამიზნე – სასუნთქი სისტემა


სასუნთქი სისტემა მიკრობების საყვარელი ადგილია. ბევრი ინფექციური აგენტი სწორედ ამ სისტემაზე იერიშის წყალობით გავიცანით. დღესაც კი ექიმისადმი მთავარი კითხვა ასეთია: “გავცივდი თუ ვირუსი მაქვს?” სიტყვა “ვირუსი” კი ჩვენში გრიპის სინონიმია. ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა, დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი და ფასდება პაციენტის ეპიდემიოლოგიური საშიშროება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაცივდით, შეგიძლიათ, ირგვლივ მყოფებს არ მოერიდოთ და არც საკუთარ მდგომარეობაზე იდარდოთ, გრიპზე კი იმავეს ვერ ვიტყვით.
რა ხდება სინამდვილეში? იმედი უნდა გაგიცრუოთ – გაციებაც ისეთივე ვირუსული ინფექციაა, როგორიც გრიპი. დიახ, მასაც მიკრობი, უფრო სწორად, მიკრობები იწვევენ. დღეისთვის ამ საქმეში შემჩნეულია ორასამდე ვირუსი. თუ გაცივდით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსიც გაქვთ და გადამდებიც ხართ. თუმცა ზემომოყვანილ მოსაზრებაში სიმართლის წილი არის: გაციება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და უფრო კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს, ვიდრე გრიპს. ამიტომაც გამოყვეს ცალკე გრიპის ვირუსი ექიმებმა. სასუნთქ სისტემაზე მოიერიშე ყველა დანარჩენ მიკრობს კი საერთო სახელი – რესპირატორული ტრაქტის მწვავე ინფექციები უწოდეს.

ვეძებთ განსხვავებას
ამრიგად, გაციებაც და გრიპიც ინფექციური დაავადებებია. ორივე მათგანი განსაკუთრებით აქტუალურია წელიწადის ცივ დროს, ჩვენს კლიმატურ სარტყელში – წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე. ინფიცირების ალბათობას ორივე შემთხვევაში ზრდის დაავადებულთან ახლო კონტაქტი, რადგან ავადმყოფი ხველებისა თუ ცემინების დროს გარემოში ვირუსებსაც გამოყოფს. ინფექცია შეიძლება შეგხვდეთ მაშინაც, თუ შეეხეთ ვირუსიან ზედაპირს, მერე კი ხელი ცხვირზე, პირზე ან თვალზე მოისვით.
ახლა კი განსხვავებებზე ვისაუბროთ: წელიწადში რამდენიმეჯერ შეიძლება გაცივდეთ, გრიპი კი ადამიანს უფრო იშვიათად – წესისამებრ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხვდება.
გრიპი სწრაფად იწყება, უმეტესად – დაავადებულთან კონტაქტიდან 2-3 დღეში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ვირუსმა ბრჭყალები ინფიცირებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაჩინოს. პირველი ნიშანია ცხელება (39-დან 41 გრადუსამდე). ბავშვებს სიცხე უფრო მაღლა უწევთ, ვიდრე მოზრდილებს. სხვა სიმპტომებია:
* სახსრების ტკივილი;
* შემცივნება;
* თავბრუ;
* თავის ტკივილის;
* სისუსტე;
* გულისრევა და ღებინება.
ცხელება და ტკივილი 2-4 დღეში გაივლის, თუმცა ავადმყოფობა ამით არ მთავრდება: გრძელდება მშრალი ხველა, ცემინება, ყელის ტკივილი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, სურდო.
საერთო ჯამში, სიმპტომების უმეტესობა მე-7 დღისთვის ალაგდება, სისუსტემ და ხველამ კი შესაძლოა კვირები გასტანოს.
გაციება უფრო მეტხანს, ზოგჯერ ორ კვირამდეც გრძელდება. შიმპტომები გრიპისას ჰგავს, თუმცა გაციების დროს წინა პლანზე წამოიწევს ხველა და სურდო. ნაკლებადაა გამოხატული თავისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, აპათია.
რესპირატორული ინფექციების უმეტესობა სერიოზული გართულებების გარეშე გაივლის, მაგრამ გრიპმა შესაძლოა ჰოსპიტალიზაციამდე და ლეტალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. მისი მთავარი გართულებებია პნევმონია, ენცეფალიტი და მენინგიტი. გრიპი საგრძნობლად ამძიმებს ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას. გართულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, როცა საქმე ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.

პრევენცია
პროფილაქტიკის ზოგად წესებზე უკვე ვისაუბრეთ. მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ, საბედნიეროდ, არსებობს გრიპის საწინააღდეგო ვაქცინაცია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალთათვის. ვაქცინაცია ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ, რადგან გრიპის ვირუსი გამუდმებით იცვლება და წინა წელს გაკეთებული აცრა გაისად ვერ დაგიცავთ. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერია.

მკურნალობა
გაურთულებელ გრიპს და გაციებას ერთნაირად მკურნალობენ. ვირუსს არაფერი შველის, ამიტომ მკურნალობის მთავარი პრინციპი სიმპტომების შემსუბუქებაა. სიცხის დასაწევად შეგიძლიათ მიიღოთ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი (ნუროფენი). არ დალიოთ ასპირინი! ისიც გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო, ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდეს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ზოგჯერ ერთი გრადუსით დაკლებაც საკმარისია.
მდგომარეობის შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს ხველის ან სურდოს საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებაც. არჩევანი ფართოა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი და იმავე შემადგენლობის წამლები ერთდროულად არ მიიღოთ (ამ კუთხით განსაკუთრებით მაცდურია გაციების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატები) – ამით ზედოზირების რისკი მოიმატებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს საშუალებები მხოლოდ მდგომარეობას ამსუბუქებს – გამოჯანმრთელებას ვერ აჩქარებს.
გრიპის დროს, გაციებისგან განსხვავებით, ზოგჯერ საჭიროა სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობაც, მაგრამ ასეთი პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება. მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ მას პირველი სიმპტომების გამოვლენიდან ორი დღის გასვლამდე დაიწყებთ.

საერთო რჩევები
თუ დაავადება შეგხვდათ:
* ერიდეთ ხალხთან კონტაქტს. ხველებისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე ხელსახოცი ან სახელო აიფარეთ.
* მიიღეთ ბევრი სითხე.
* არ გადაიღალოთ.
* არ მოწიოთ.
* ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს.
შემოდგომაზე არ დაგავიწყდეთ გრიპის ვაქცინაციის ჩატარება.
რაც მთავარია, არ შეშინდეთ – უმეტესად გრიპიც გაურთულებლად ჩაივლის. Uბრალოდ, ამ დროს მეტი ყურადღება გმართებთ.

გახსოვდეთ ბაქტერიები
სასუნთქ სისტემას ბაქტერიებიც არანაკლებ ემტერებიან. შწორედ მათი დამსახურებაა ბაქტერიული პნევმონია, იგივე ფილტვების ანთება.
შესაძლოა, ბაქტერიული ინფექცია ვირუსულის ფონზე განვითარდეს. უმეტესად ასეც ხდება: ჯერ ვირუსები დაასუსტებენ ორგანიზმს, მერე კი მას ბაქტერიები შეუტევენ, ამიტომ ბაქტერიული ინფექცია გაციებისა და გრიპის ყველაზე ხშირი გართულებაა.

იერიში ფილტვებზე
ფილტვების ანთების დროს მიკრობები უწვრილეს სასუნთქ გზებში – ალვეოლებში მრავლდებიან. ძოგჯერ დაავადება თავიდანვე ფილტვების ანთებით იწყება, ზოგჯერ კი, როგორც ვთქვით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ფონზე ვითარდება.
ცალკე თემაა პნევმოკოკური პნევმონია. მას ბაქტერია პნევმოკოკი იწვევს. ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ბავშვების მიმართ და საშიში გართულებები ახასიათებს. ჯანმოს მონაცემებით, 2008 წელს 5 წლამდე ასაკის 476 000 ბავშვი სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა, რაც ბავშვთა საერთო სიკვდილიანობის 5%-ია. თუმცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა პნევმოკოკური ვაქცინა შექმნეს. შედეგად გართულებათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. აღნიშნული ვაქცინა საქართველოს ეროვნულ კალენდარშიც დაინერგა.
აქვე გეტყვით, რომ არ არის გამორიცხული, პნევმონია ვირუსული წარმოშობისა იყოს (თუმცა ასეთი რამ შედარებით იშვიათია). ვირუსული პნევმონია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ზოგჯერ თავისთავადაც იკურნება.
ზოგჯერ პნევმონიას სოკოვანი ინფექციაც იწვევს, განსაკუთრებით მათთან, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, მაგალითად, შიდსის გამო.

როგორ ამოვიცნოთ
დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა. ზოგჯერ პნევმონიაზე ეჭვის მიტანა ჭირს, რადგან სიმპტომები გაციების და გრიპის მსგავსია. ყურადღება უნდა მიაქციოთ დაავადების ხანგრძლივობას – თუ ის ნორმაზე მეტხანს გაგრძელდა და სიმპტომები არათუ არ შემსუბუქდა, არამედ დამძიმდა კიდეც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ის, უპირველეს ყოვლისა, რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ჩაგიტარებთ. დაგჭირდებათ სისხლის საერთო ანალიზიც და, ექიმის შეხედულებისამებრ, სხვა კვლევებიც.
დაავადება მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც. უკანასკნელ შემთხვევაში საქმე შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია 65 წელს გადაცილებულებთან, ორ წლამდე ასაკის ბავშვებთან, მწეველებთან, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან.
პნევმონიის მკურნალობა გამომწვევზეა დამოკიდებული, პროგნოზი კი – დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ პათოლოგიებზე.

არ დაგავიწყდეთ
არ შეიძლება, სასუნთქი სისტემის ინფექციებზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ტუბერკულოზი. კოხის მიკობაქტერიით გამოწვეული დაავადება, რომელიც, მიუხედავად ჟამთასვლისა, აქტუალობას არ კარგავს და დღესაც დიდ გამოწვევებს უყენებს მედიცინას. თუმცა ამ დაავადებაზე იმდენჯერ ვისაუბრეთ, ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმ სიმპტომებს შეგახსენებთ, რომელთა აღმოცენების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:
* ორ კვირაზე ხანგრძლივი ხველა ნახველით;
* სხეულის დაბალი ტემპერატურა;
* ოფლიანობა;
* უმადობა;
* წონის კლება;
* საერთო სისუსტე.
არც ის დაივიწყოთ, რომ ტუბერკულოზის დამარცხება შესაძლებელია. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

საშარდე გზების ინფექცია

ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს შორის მეორე ადგილს საშარდე გზების ინფექცია (სგი) იკავებს.
სგი შარდგამომყოფი სისტემის ნებისმიერ უბანში შეიძლება განვითარდეს – თირკმელებში, შარდსადენში, შარდის ბუშტში, შარდსაწვეთში, თუმცა ინფექციის კერა ყველაზე ხშირად შარდის ბუშტშია. საშარდე სისტემაში მოხვედრილი მიკრობები მრავლდებიან და ანთებას იწვევენ.
სგი უმეტესად ბაქტერიების თავდასხმის შედეგია, უფრო იშვიათად – სოკოებისა.

ქალებო, ფრთხილად!
ქალებთან სგი 30-ჯერ ხშირად აღირიცხება, ინფექციაგადატანილი ყოველი ათი ქალიდან ოთხს კი ის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც უმეორდება. თუმცა ინფექციისგან დაცვის ასპროცენტიან გარანტიას არც ძლიერი კუნთები და ტესტოსტერონის სიჭარბე იძლევა – სგი მამაკაცებსაც ემართებათ, განსაკუთრებით – ხანდაზმულ ასაკში. ამასთან, ძლიერ სქესთან ის უფრო ძნელი სამართავია.
და მაინც, რატომ ქალები? ეს, უპირველეს ყოვლისა, ქალის სხეულის ანატომიური თავისებურებების ბრალია. მისი ურეთრა (მილი, რომლითაც შარდი საშარდე ბუშტიდან გამოდის) უფრო მოკლეა, ამიტომ მიკრობებს შარდის ბუშტში მოსახვედრად მცირე მანძილის გავლა უწევთ. გარდა ამისა, შარდსადენი საშოსა და უკანა გასასვლელთან ახლოს იხსნება, ეს უკანასკნელი კი მიკრობების წყაროა. სხვათა შორის, სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემიდან მიგრირებული ნაწლავის ჩხირია სგი-ის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი.
რისკი კიდევ უფრო მაღალია, თუ ქალი:
* ეწევა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას – ამ დროს დიდია საშოდან მიკრობების მიგრაციის ალბათობა;
* კონტრაცეფციისთვის იყენებს სპერმიციდებს – ისინი იმ სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებენ, რომელთა მოვალეობა სგი-სგან ორგანიზმის დაცვაა;
* ორსულადაა – ნაყოფის ზეწოლისა და გლუვი კუნთების დისფუნქციის გამო შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ნარჩენი შარდი კი ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის;
* მენოპაუზის ასაკშია – მენოპაუზის შემდგომი ესტროგენების დეფიციტის გამო საშოს კედლები თხელდება და შრება, რაც მავნე ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
* აქვს დიაბეტი – ამ დროს იმუნიტეტის დაქვეითებასთან ერთად ზიანდება ნერვებიც, ნეიროპათია კი შარდის ბუშტის დაცლას აფერხებს;
* აქვს საშარდე სისტემის დაავადება – მაგალითად, თირკმლის კენჭები შარდის ნაკადს ბლოკავს და ინფექციის განვითარების ალბათობას ზრდის;
* უდგას ან ცოტა ხნის წინ ედგა კათეტერი – რაც უფრო მეტხანს დარჩება კათეტერი შარდსადინარში, მით უფრო დიდია სგი-ს განვითარების ალბათობა, ამიტომ მას მხოლოდ აუცილებლობისას და რაც შეიძლება მოკლე ხნით დგამენ. ამასთან, მანიპულაციის დროს მედპერსონალმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას ასეპტიკის წესები.

ინფექციის ნიშნებია:
* ტკივილი და წვა შარდვის დროს;
* ხშირი შარდვის მოთხოვნილება;
* დაჭიმულობა მუცლის ქვედა ნაწილში;
* მყრალი შარდი;
* ამღვრეული შარდი;
* სისხლი შარდში;
* დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე;
* თირკმელების დაზიანებისას – ცხელება.

როგორ ადგენენ
სგი-ს პირველად დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. მის დასადასტურებლად, უპირველეს ყოვლისა, შარდის საერთო ანალიზია საჭირო.
ანალიზისთვის:
* აიღეთ დილის შარდი.
* გამოიყენეთ სპეციალური სტერილური კონტეინერი.
* შარდის აღებამდე საგულდაგულოდ ჩაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით.
* აიღეთ შარდის შუა ულუფა.
აღებიდან მაქსიმუმ 1,5 საათში მასალა ლაბორატორიაში უნდა იყოს.
ზოგჯერ, განსაკუთრებით – მორეციდივე ინფექციის დროს, დამატებითი ანალიზების ჩატარებაც ხდება საჭირო.

როგორ მკურნალობენ
როცა სგი ბაქტერიულია, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. უკეთესობას 1-2 დღის შემდეგ იგრძნობთ, მაგრამ კურსი მაინც ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
მკურნალობის შემთხვევაში სგი გაურთულებლად ჩაივლის, ნებაზე მიშვებული კი შეიძლება დიდ პრობლემად გექცეთ: ინფექცია თირკმელებსა და სხვა ორგანოებზე გავრცელდეს. ცხელება და წელის ტკივილი მიუთითებს, რომ ანთებამ თირკმელებს მიაღწია. იშვიათად გამომწვევი სისხლშიც გადადის. ეს ძალიან საშიში გართულებაა.

რეკომენდაციები, რომელთა შესრულება სგი-ს განვითარების ალბათობას ამცირებს:
* მოშარდეთ, როგორც კი მოთხოვნილებას იგრძნობთ. ნუ შეიკავებთ შარდს 3-4 საათზე მეტი ხნით. რაც უფრო მეტხანს დარჩება შარდი საშარდე ბუშტში, მით უფრო მოიმატებს ინფექციის განვითარების ალბათობა.
* მოშარდეთ სქესობრივი აქტის წინ და შემდეგ.
* ყოველდღიურად დაიბანეთ ანუსი და გარეთა სასქესო ბაგეები.
* ჩაიბანეთ წინიდან უკუმიმართულებით და არა პირიქით.
* სვით დღეში 6-8 ჭიქა წყალი.
* შეძლებისდაგვარად მალე გამოიცვალეთ სველი საცურაო კოსტიუმი და, საზოგადოდ, სველი ტანსაცმელი.
* ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ სამოსს.

სქესობრივი გზებით მოსიარულე მიკრობები

თუ გრიპისა და გაციების შესახებ ყოველი მეორე ნაცნობი შემოგჩივლებთ, ამ ინფექციებზე უმეტესობა დუმილს ამჯობინებს. ის კი არა, ზოგჯერ პარტნიორსაც საგულდაგულოდ უმალავენ, რაც პროცესის გართულებას და ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. ასე რომ, დუმილის უფლება არ გაქვთ. მთელ საახლობლოსთან არა, მაგრამ რამდენიმე ადამიანთან პრობლემაზე გულახდილად საუბარი ნამდვილად მოგიწევთ. მანამდე კი გაგაცნობთ ნიშნებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს ახასიათებს.

საეჭვო კონტაქტი
ეს დაავადებები სქესობრივი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. ადამიანისგან ადამიანს სასქესო ასოსთან, საშოსთან, ანუსთან ან პირთან კონტაქტის შედეგად გადაედება. მაშასადამე, ინფიცირების ალბათობა დიდია ორალური და ანალური სქესობრივი კავშირის დროს. თუმცა ზოგიერთი ინფექცია შეიძლება სხვაგვარადაც გავრცელდეს, მაგალითად, საერთო შპრიცით, ან ორსული დედისგან გადაედოს ნაყოფს.
სგგი სახუმარო თემა არ არის. ის ჯანმრთელობას მძიმე კვალს აჩნევს. ზოგჯერ უშვილობის ან საშვილოსნოგარე ორსულობის მიზეზი ხდება. თუ ინფექცია ორსულს აქვს, იმატებს ნაყოფის ინფიცირების რისკი, რაც შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ბავშვს. სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი დაავადება სხვა ასეთივე ინფექციით, განსაკუთრებით აივ`შიდსით ინფიცირების ალბათობას ზრდის ან დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს, ამიტომ სგგი-ს არსებობა სხვა სგგი-ს რისკფაქტორად განიხილება.

მთავარი გამომწვევები
დღეისთვის ოცამდე მიკრობია იდენტიფიცირებული. მათ შორის არიან ბაქტერიებიც, ვირუსებიც და უმარტივესებიც. მთავარ გამომწვევებად გვევლინებიან ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გონორეა, ადამიანის პაპილომავირუსი, სიფილისი, ტრიქომონიაზი, აივი.
ქალები ამ შემთხვევაშიც უფრო მოწყვლადნი არიან – მათ ეს დაავადებები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ემართებათ.

როგორ ამოვიცნოთ
სიმპტომები გამომწვევსა და მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც, რომლებიც სგგ ინფექციაზე მიუთითებს და რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:
* გამონადენი საშოდან`სასქესო ასოდან;
* წყლულები ან მეჭეჭები გენიტალების მიდამოში;
* მტკივნეული ან ხშირი შარდვა;
* ქავილი და სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოში;
* არაბუნებრივი სუნი საშოდან;
* ანალური გამონაყარი, ტკივილი ან სისხლდენა;
* წყლულები პირის პირის ღრუში;
* ტკივილი მუცლის არეში;
* ცხელება.
ზოგჯერ ინფექცია კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ეს სულაც არ არის კარგი. საქმე ის გახლავთ, რომ ინფიცირებული ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში გადამდებია. ცხადია, ჩუმი, ფარული ინფექციის წყარო დაავადებას უფრო ადვილად გაავრცელებს.

მკურნალობა
თუ დაავადების გამომწვევი ბაქტერია ან უმარტივესია, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, უმეტესად – პერორალური საშუალებებით, თუმცა შესაძლოა, ადგილობრივი მოქმედების ფორმებიც დაგვჭირდეს.
ვირუსული ინფექციების მკურნალობა კი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვირუსებისგან ორგანიზმი ბოლომდე თითქმის ვერასოდეს თავისუფლდება. მაგალითად, არსებობს წამლები, რომლებიც გენიტალური ჰერპესის შეტევებს აიშვიათებს და ამსუბუქებს, ამასთანავე, ამცირებს ინფექციის გადაცემის რისკს. შიდსის საწინააღმდეგოდ ტარდება სპეციალური ანტირეტროვირუსული მკურნალობა, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის და აგრეთვე ამცირებს ინფექციის გავრცელების ალბათობას.
როგორი წარმოშობისაც არ უნდა იყოს დაავადება, უნდა იმკურნალოს პარტნიორმაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. შესაძლოა, ექიმმა გარკვეული ხნით სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება გირჩიოთ. მისი ყველა რეკომენდაცია უნდა დაიცვათ!

შესაძლებელია პრევენცია?
სგგი-ს პროფილაქტიკა რისკის ფაქტორების აღკვეთას გულისხმობს.
* ერიდეთ დაუცველ სქესობრივ კავშირს – შესაძლოა, პარტნიორმა თვითონაც არ იცოდეს, რომ ინფიცირებულია. გამოიყენეთ პრეზერვატივი, თანაც ყურადღება მიაქციეთ ვადას, ხარისხს და გამოყენების წესს. გახსოვდეთ, რომ ინფიცირებისგან ვერ დაგიცავთ ვერც პერორალური კონტრაცეპტივი, – ის მხოლოდ დაორსულებას უშლის ხელს, – ვერც გაწყვეტილი სქესობრივი აქტი – ბევრი მიკრობისთვის დაავადების გამოსაწვევად სასქესო ორგანოზე მოხვედრაც საკმარისია.
* ერიდეთ პარტნიორების ცვლას. ლოგიკა მარტივია: თუ ერთი პარტნიორი გყავთ და მისთვისაც ერთადერთი ხართ, სქესობრივი გზით გადამდებ მიკრობებს სად შეხვდებით?! ასე რომ, ერთგულება სამედიცინო თვალსაზრისითაც დადებით შედეგს მოგიტანთ.
* ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. რაც უფრო საღ გონებაზე იქნებით, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
* არ გამოიყენოთ სხვისი პირადი ნივთები – საცვალი, პირსახორცი, სამართებელი, შპრიცი.
* საეჭვო ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

კანი და სოკოები

კანი ორგანიზმის კარიბჭეა. მას ყველაზე მეტ მიკრობთან უწევს შერკინება. კანის ინფექციური დაავადება ბაქტერიამაც შეიძლება გამოიწვიოს და ვირუსმაც, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას სოკოებზე შევაჩერებთ, რადგან კანი მათი მთავარი სამიზნეა.
საგულისხმოა, რომ კანის სოკოვანი დაავადება ადამიანს შეიძლება “თავისთავადაც” დაემართოს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ყოველთვის სხვისგან არ გადმოგვედება. საქმე ის არის, რომ ჩვენს სხეულზე თუ მის შიგნით უამრავი სოკო ბინადრობს, რომლებიც დაავადებას მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას იწვევს. ასეთ ფაქტორად ხშირად არასათანადო ჰიგიენა გვევლინება. თავის მხრივ, სოკოვანი ინფექცია სხვა მიკრობებსაც უხსნის გზას, ამიტომ სოკოების შესახებ მეტის ცოდნა არ გვაწყენდა.

ყველაზე გავრცელებული ინფექციები
სხვადასხვა ტიპის სოკოები, ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის დაავადებას იწვევს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი საფუარა სოკოების წარმომადგენელი თეთრი კანდიდაა. კანდიდათი გამოწვეულ დაავადებას კი კანდიდოზი ეწოდება. აღნიშვნის ღირსია სოკო ტრიქოფიტიაც, რომელსაც ასევე ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადების – ტერფის მიკოზის გამოწვევა ედება ბრალად. მისი განვითარების ალბათობას ზრდის ოფლიანობა, ფეხის ჩახურება, თუმცა ჩახურებული და ოფლიანი კანი მხოლოდ ტრიქოფიტიას არ იზიდავს – სითბოსა და ტენის სიყვარული სოკოებისთვის დამახასიათებელი ზოგადი თავისებურებაა, ამიტომ ისინი ხშირად იდებენ ბინას სასქესო ორგანოებზე, მკერდის ქვეშ, ბუნებრივ ნაოჭებში, სხეულის იმ ადგილებზე, რომლებიც ნაკლებად ნიავდება. ამავე მიზეზით სოკოვანი ინფექციები ყველაზე მეტად ზაფხულობით გვიტევენ.
სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი ემუქრებათ ჭარბწონიანებს, განსაკუთრებით – დიაბეტით დაავადებულებს. მათ კანზე მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოკოვანი ინფექცია სხვა ქრონიკული დაავადებების და, საზოგადოდ, სუსტი იმუნიტეტის თანმხლები პრობლემაცაა.

სოკოს ნაკვალევი
სოკოების დიდი ნაწილი კანის ზედაპირულ შრეში ცხოვრობს და სიღრმეში ვერ აღწევს, კანზე კი მრავალ ცვლილებას იწვევს: სიწითლეს, გაღიზიანებას, აქერცვლას, სიმშრალეს, ნახეთქებს, ქავილს, გამონაყარს, ზოგჯერ – ბუშტუკოვანსაც.
საგულისხმოა, რომ სხეულის ერთი ნაწილის სოკოვანმა ინფექციამ შესაძლოა სხვა, დაუზიანებელ ნაწილზე გამოიწვიოს გამონაყარი. მაგალითად, ტერფის მიკოზს ფეხის თითების გამონაყარი და ქავილი ახასიათებს. ეს მიკრობებზე ალერგიული რეაქციის გამოხატულებაა და ინფექციასთან უშუალო შეხების შედეგი არ გახლავთ.
გარდა შემაწუხებელი სიმპტომებისა და ზოგჯერ ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობისა, სოკოვანი ინფექცია იმითაც არის უსიამოვნო, რომ სოკოთი დაზიანებულ კანში სხვა მიკრობები უფრო ადვილად იჭრებიან და მეორეულ ინფექციას იწვევენ. მაგალითად, ასე ხდება სტრეპტოკოკით ინფიცირება და წითელი ქარის ჩამოყალიბება.

ვეძებთ სოკოს
სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ დათვალიერებაც კმარა, ზოგჯერ კი კანის სხვა დაავადებებისგან ინფექციის გამიჯვნაა საჭირო. დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის იღებენ კანის ანაფხეკს და მიკროსკოპით ათვალიერებენ ან ათავსებენ სპეციალურ ნიადაგში, სადაც სოკო მრავლდება და მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი ხდება.

ურმის გადაბრუნებამდე და შემდეგ
სოკოვანი დაავადებების მკურნალობა ორ პრინციპს ეფუძნება: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას და კანის სიმშრალის შენარჩუნებას.
პრეპარატების უმეტესობა ადგილობრივი მოქმედებისაა: კრემები, გელები, ლოსიონები, ხსნარები. არსებობს პერორალური ანუ შინაგანად მისაღები ფორმებიც. რომელი გჭირდებათ, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. გამონაყარისა და ანთების კუპირებისთვის შესაძლოა დაგინიშნონ კორტიკოსტეროიდებიც. სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის მოვლას.
მაქსიმალურად უნდა ერიდოთ სინოტივეს. ამისთვის:
* ბანაობის შემდეგ ტანი საგულდაგულოდ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცეთ ბუნებრივ ნაოჭებს, მკერდის ქვეშ და თითებს შორის არსებულ არეებს.
* ატარეთ ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, განსაკუთრებით – წინდები. თეთრეული, სასურველია, ბამბისა იყოს და ყოველდღე იცვალოთ.
* ბუნებრივი მასალისა და მოხერხებული უნდა იყოს ფეხსაცმელიც. ზაფხულობით სანდლების ჩაცმა ჯობს.
* რეკომენდებულია სპეციალური ტალკის გამოყენებაც, რომელიც კანის სიმშრალის შეარჩუნებას უწყობს ხელს.
* ერიდეთ ოფლიანობას, ხშირად დაიბანეთ, განსაკუთრებით – ზაფხულის ცხელ დღეებში.
* სოკოვანი ინფექცია გადამდებია, ამიტომ დაავადებულს ურჩევენ, ერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც გარდაუვალია სოკოთი ინფიცირებული კანის კანთან ან სხვა ზედაპირთან – იატაკთან, აბაზანასთან – შეხება. დიდია ოჯახის წევრების ინფიცირების ალბათობა, განსაკუთრებით – ტერფის მიკოზის შემთხვევაში, ამიტომ აუცილებელია მათი გამოკვლევაც.
* ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ნუ ივლით ფეხშიშველი აუზზე, სანაპიროზე, საშხაპეში.
* ნუ გამოიყენებთ სხვის პირად ნივთებს.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემმ

გააზიარე: