რა განაპირობებს კანზე თეთრი ლაქების გაჩენას?

გააზიარე:

ადამიანის კანის ფერი უდიდესწილად ყავისფერი პიგმენტის, მელანინის, შემცველობაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელს სპეციალური უჯრედები – მელანოციტები წარმოქმნიან. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც მელანინის წარმოქმნა ირღვევა და კანზე ბაცი ლაქები ჩნდება. ასეთი ლაქები განსაკუთრებით თვალში საცემია გარუჯულ კანზე. მიზეზის კვალობაზე, შესაძლოა, პრობლემა მარტივად აღმოიფხვრას ან, პირიქით, ყოველგვარი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდეს.

ჰიპოპიგმენტაციის მიზეზებსა და მკურნალობაზე “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოლოგი სერგო დადაშიანი გვესაუბრება:

 

– ჰიპოპიგმენტაცია პიგმენტის ნაკლებობას ნიშნავს.  ამ დროს კანის განსაზღვრული უბანი გარემომცველ კანზე ბაცია. ჰიპოპიგმენტაცია შესაძლოა იყოს  ჭეშმარიტი და ცრუ, მდგრადი და გარდამავალი (დროებითი), პირველადი და მეორეული.

ჭეშმარიტ ჰიპოპიგმენტაციებს მიეკუთვნება დავადებათა ორი დიდი ჯგუფი: ვიტილიგო და ლეიკოდერმია.

ვიტილიგოთი დაავადებულის მელანოციტები, მელანინის წარმომქმნელი უჯრედები, ფუნქციას კარგავენ – მელანინს ვეღარ წარმოქმნიან. დაავადებაა ავტოიმუნურია, ლაქები სიმეტრიულია. ლეიკოდერმია ლოკალურია ანუ ადგილობრივი, ხშირად – თანდაყოლილი. ლეიკოდერმია შეიძლება პიგმენტურ ნევუსს, ხალს შევადაროთ – ეს უკანასკნელი ჰიპერპიგმენტური ლაქაა, ლეიკოდერმია კი კანის უპიგმენტო ან ჰიპოპიგმენტური უბანია.

მეორეული ჰიპოპიგმენტაციები დაავადებათა შედარებით ვრცელი ჯგუფია. მათგან  ყველაზე მეტადაა გავრცელებული სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ჰიპოპიგმენტაცია. მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზის დროს კანზე ჩნდება ლაქები, რომლებიც განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს რუჯის ფონზე, რადგან დაზიანებულ უბნებს მზე არ ეკიდება, ფერმკრთალი რჩება.

ნაირფერი პიტირიაზის დიაგნოზი ადვილად ისმება, მაგრამ არსებობს საკმაოდ მძიმე დაავადებათა წყება, რომლებიც შესაძლოა იმავე ნიშნებით გამოვლინდეს. მაგალითად, ათაშანგი, რომლის მეორე სტადიას ახასიათებს ე.წ. ვენერას საყელო: ყელზე ჩნდება თეთრი ლაქები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის, – ამიტომ დიაგნოზის დასმა დიდ დაკვირვებას მოითხოვს.

მეორეული დეპიგმენტაცია ახასიათებს პარაფსორიაზს. გამონაყარის ელემენტების ალაგების შემდეგ მათ ადგილას თეთრი ლაქები ჩნდება.

ჰიპოპიგმენტაცია, ისევე როგორც ჰიპერპიგმენტაცია, შესაძლოა ნებისმიერი ანთებითი პროცესის შედეგად განვითარდეს. ხშირად ის სალიცილის მჟავას მალამოს ხმარებას მოსდევს. ამ მალამოებს ამქერცლავი ეფექტის გამო იყენებენ ეპიდერმისის გასქელებით მიმდინარე პათოლოგიების დროს.

არსებობს უპიგმენტო მელანომაც, ანუ უფერული ხალი. ის კანის კიბოს  საკმაოდ იშვიათი ფორმაა, მაგრამ ანგარიშგასაწევია თავისი ავთვისებიანობის გამო. ცნობილია, რომ სიმსივნეებს შორის მეტასტაზირების ყველაზე დიდი რისკი სწორედ  მელანომას ახლავს. ის ყველაზე სწრაფად მეტასტაზირებადი კიბოა.

  • – რა განაპირობებს თეთრი ლაქების გაჩენას ასაკოვან პირებთან?

– ასაკოვან პირებთან ეს ლაქები, წესისამებრ, კერატოზისა და ასაკობრივი ლენტიგოს (ასაკობრივი მოყავისფრო ლაქები) ალაგების ადგილია. სხივური კერატოზი, იგივე აქტინიური (მზისმიერი) კერატოზი, და ასაკობრივი ლენტიგო ხშირად ვითარდება 20 წლამდე მიღებული რუჯის შედეგად, განსაკუთრებით – პირველი და მეორე ტიპის ანუ მგრძნობიარე, ბაცი კანის მქონე (ალბინოსებისა და სკანდინავიური ტიპის) პირებთან, რადგან ამ ტიპის კანი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ადვილად იწვება. გამოვლენით კი ისინი მხოლოდ  50-60 წელს გადაცილებულებთან ვლინდება. კერატოზი წარმოადგენს ამობურცულ აქერცვლად ლაქებს, რომლებიც მაჯებზე, თავსა და სხეულის სხვა ღია ადგილებზე წარმოიშობა და მიდრეკილია როგორც სიმსივნური გადაგვარებისკენ, ისე გაქრობისკენაც. კერატოზისა და ჰიპერპიგმენტური ლაქების ალაგების შემდეგ მათ ადგილას ხშირად ყალიბდება ფიბროზი და დეპიგმენტაცია, კანი კარგავს ფერს.

  • – სხვადასხვაა თუ არა ჰიპოპიგმენტაციის ლოკალიზაცია სხვადასხვა დაავადების დროს?

– დიახ, სხვადასხვაა. მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზი არასოდეს ვრცელდება კისრის ზევით და ბარძაყის ქვევით. ის მოიცავს მხოლოდ ტანს (მკერდს, ზურგს), ზედა კიდურებს და, იშვიათად, კისერს. ასეთივე ლოკალიზაცია ახასიათებს პარაფსორიაზსაც.

ვიტილიგოს დროს ლაქები უმეტესად მაჯებზე, წინამხრის გამშლელ და მომხრელ ზედაპირებზე, სასქესო ორგანოებზე, ფეხებზე, თვალების, ყურების, ნესტოების, პირის ირგვლივ ჩნდება. მისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული გამონაყარი. არასიმეტრიული, ცალმხრივი ლაქების დროს კი ლეიკოდერმიას ვეჭვობთ.

ვიტილიგოს არაკლასიკური ლოკალიზაციისას შესაძლოა პროცესში კიდურები არ იყოს ჩართული და ლაქები მხოლოდ ტანზე (მკერდზე ან ზურგზე) ან მხოლოდ ფეხებზე გაჩნდეს.

საინტერესოა, რომ ჭეშმარიტი ჰიპოპიგმენტაციის უბანზე ამოსული თმაც ჰიპოპიგმენტური, უფერულია, ამიტომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ადამიანს თავის თმიან ნაწილზე ჭაღარა თმის კეროვანი ბუდე გაუჩნდა.

  • – როგორ ადგენენ ჰიპოპიგმენტაციის მიზეზს?

– ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ყოველგვარი წარმონაქმნის დიაგნოსტიკისთვის თავდაპირველად იყენებენ ვუდის ნათურას. ეს ხელსაწყო სოკოვანი ინფექციის არსებობის შემთხვევაში კანის დაზიანებული უბნების პათლოგიურ ნათებას გვაძლევს.

ძალზე ეფექტურია დერმოსკოპია. დერმოსკოპი ოპტიკური ხელსაწყოა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ კანის გადიდებულ სურათს კი არ ვაკვირდებით, არამედ მის სიღრმეშიც ვიხედებით 2-4 მილიმეტრზე. დერმოსკოპია, ისევე როგორც ვუდის ნათურით გამოკვლევა, დიაგნოსტიკის არაინვაზიური მეთოდია. ამ გზით ადვილად შეიძლება ჭეშმარიტი და ცრუ პიგმენტაციის დიფერენცირება.

  • – გარდა კოსმეტიკური დეფექტისა, რა პრობლემას წარმოშობს უპიგმენტო ლაქა?

– მელანინი კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. უპიგმენტო ადგილი კი სრულიად დაუცველია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ და ამ არეზე მკვეთრად იზრდება კანის ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების რისკი. რაც უფრო დიდია ასეთი უბანი, მით უფრო მაღალია რისკი.

  • – რამდენად ეფექტიანია მკურნალობა?

 – მეორეული დეპიგმენტაცია თავისთავადი დაავადება არ არის – ის ორგანიზმის პასუხია სხვა დაავადებაზე, ამიტომ ძირითადი დაავადებისგან განკურნების შემდეგ დეპიგმენტირებულ უბნებზე პიგმენტაცია თავისთავად აღდგება.

გაცილებით რთულია ჭეშმარიტი დეპიგმენტაციის მკურნალობა. მაგალითად, არ არსებობს ვიტილიგოს მკურნალობის უნივერსალური ტაქტიკა, რომელიც განკურნების გარანტიას მოგვცემს.

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ლაქები მხოლოდ ხელ-ფეხზეა ლოკალიზებული, შესაძლოა, ადამიანს არასოდეს შეუქმნას პრობლემა; თუ სახეზეა, მიდგომა რადიკალურად განსხვავდება: გარდა იმისა, რომ ზრდის სიმსივნის რისკს, ის კოსმეტიკური დეფექტიცაა, რომელიც საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისას მნიშნვნელოვანია დაავადების დაწყების ასაკი. ბავშვობაში დაწყებული ვიტილიგო უფრო აგრესიულია, მისი პროგნოზი უფრო მძიმეა, ვიდრე ზრდასრულ ასაკში დაწყებულისა.

არსებობს მკურნალობისადმი სხვადასხვა მიდგომა. ძალზე შედეგიანია ფოტოთერაპია. ამ მეთოდით აღდგენილი პიგმენტაცია ასიდან 85 შემთხვევაში შემდგომ აღარ ქრება. ამ მიზნით იყენებენ 311 ნანომეტრი სიგრძის ულტრაიისფერ სხივებს (UVB 311).

არსებობს პრეპარატები, რომლებიც ან თვითონვე შეიცავს მელანინს, ან მის წარმოქმნას ასტიმულირებს. არსებობს მათი როგორც ლოკალური, ისე სისტემური ფორმები: ლოსიონი, მალამო, აბები, კაფსულები... ჩვენში ეს პრეპარატები ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. მათი კომბინირება UVB 311-თან ერთად კარგ ეფექტს იძლევა.

დიდი პიგმენტური კერების არსებობისას კიდევ ერთი გამოსავალია სპეციალური პრეპარატით დანარჩენი კანის დეპიგმენტაციაც. სწორედ ამ გზას მიმართა ვიტილიგოთი დაავადებულმა მაიკლ ჯექსონმა. თუმცა კანის ხელოვნური დეპიგმენტაცია შეუქცევადი პროცესია – ერთხელ თუ დაკარგე პიგმენტი, სამუდამოდ ასეთი დარჩები, ეს კი ცხოვრებას ართულებს – ზედმიწევნით უნდა ერიდო ულტრაიისფერ სხივებს. ამიტომაც უწევდა ჯექსონს ნიღბებით სიარული.

შეამჩნევდით, რომ ჰიპოპიგმენტაციის მკურნალობისას ორ უკიდურესობას ვაწყდებით: ნაირფერ პიტირიაზს – ძალიან ადვილად მოსარჩენ დაავადებას – და ვიტილიგოს – მძიმეს, რთულად სამართავს და ცუდი პროგნოზის მქონეს. მაგრამ რითაც არ უნდა იყოს უპიგმენტო ლაქები გამოწვეული, მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება – თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა პიგმენტაცია აღდგეს და კანს თავდაცვითი ფუნქცია დაუბრუნდეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: