სუფთა და გლუვი კანისთვის
გააზიარე:
მაშ ასე, თმის მოცილების ორი მეთოდი არსებობს: დეპილაცია, რაც თმის მექანიკურ მოცილებას გულისხმობს და ეპილაცია, რომელიც უშუალოდ ფოლიკულს აზიანებს.
დეპილაციის მეთოდებია:
. გაპარსვა;
. ქიმიურად დაშლა სპეციალური კრემის – კრემ-დეპილატორის საშუალებით, რომლის ქიმიური კომპონენტები რეაქციაში შედის თმის ღერთან და შლის მას.
. ბიოდეპილაცია – შუგარინგი და დეპილაცია ცვილით, რომელიც თმის ერთბაშად მოცილების მეთოდია.
. ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა აპარატ-დეპილატორის გამოყენებაა.
თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ დეპილაციის მეთოდები ჭარბთმიანობის სამკურნალოდ არ გამოგადგებათ. ისინი მხოლოდ დროებით გაგათავისუფლებთ ამ პრობლემისგან. სამაგიეროდ, ეპილაცია თანდათანობით გაგიქრობთ ზედმეტ თმას. ამ მეთოდის გამოყენებით ზიანდება თმის ფოლიკული და თავიდან ამ ადგილას თმის შედარებით სუსტი ღერი ამოდის, 4-5 პროცედურის შემდეგ კი თმა სრულიად ქრება. ამასთანავე, თმის ჩაბრუნება და ღერების არასასურველი მიმართულებით ზრდა სწორედ დეპილაციას ახასიათებს და არა ეპილაციას. ეს პრობლემა თავს იჩენს როგორც აპარატ-დეპილატორის საშუალებით თმის მოცილების, ისე გაპარსვის შემდეგ.
ეპილაციის მეთოდებია:
. ელექტროეპილაცია;
. ლაზერული ეპილაცია;
. ფოტოეპილაცია;
. ელოს-ეპილაცია.
გაპარსვა
ამ დროს თმის ღერების მოკვეთასთან ერთად კანს მკვდარი უჯრედებიც სცილდება. მეორე მხრივ, ხშირი პარსვის შედეგად თმა უფრო ინტენსიურად იზრდება. გარდა ამისა, თუ დეპილაციის ეს მეთოდი აირჩიეთ, გლუვი და მომხიბლავი კანის იმედი ნუ გექნებათ – ხშირი პარსვა, განსაკუთრებით ზაფხულში, კანის გაღიზიანებასა და თმის ჩაბრუნებას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ფეხები ცხელი შხაპის შემდეგ უნდა გაიპარსოთ, რათა კანი დარბილდეს. მშრალი წესით ფეხების გაპარსვის შემდეგ შესაძლოა კანზე გამონაყარიც კი გაგიჩნდეთ. რაც შეეხება იღლიის ფოსოებს, აქ უხვადაა ლიმფური კვანძები და საოფლე ჯირკვლები, ამიტომ ამ უბნებისთვის გაპარსვა თმის მოცილების ყველაზე ნაკლებპრობლემური მეთოდია.
კრემ-დეპილატორი
რაც შეეხება კრემ-დეპილატორს, ფეხებისთვის ეს მეთოდი ალბათ ყველაზე მოხერხებულია, მაგრამ კრემ-დეპილატორის გამოყენებამდე არ დაგავიწყდეთ საკონტროლო სინჯის ჩატარება, რადგან ის ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
ბიოდეპილაცია
ბრაზილიური (ბიო) დეპილაცია თითქმის საუკუნეა წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. გამთბარი ცვილის შემცველი ნივთიერება თმის ზრდის მიმართულებით უნდა წაისვათ და საპირისპირო მიმართულებით აიფხრიწოთ. თბილი მასა ფორებს აფართოებს და თმა ძირიანად ამოაქვს. ბიოდეპილაციის შედეგად კანს მკვდარი უჯრედები სცილდება, რაც მას ეფექტურობას, ბზინვარებას მატებს, სასიამოვნო შესახებს ხდის. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება სხეულის ნებისმიერ ადგილზე, თუმცა სახეზე მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. შეიძლება ღია ფერის თმის მოშორებაც. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ბიოდეპილაცია არ ახშირებს თმას; ახალამოსული თმა რბილია და აქვს ბუნებრივი ეფექტი.
პროცედურის დასრულების შემდეგ სასურველია ტალკის მიყრა, რადგან ცხელი მასის წასმისას ფორები ფართოვდება.
შუგარინგი
შუგარინგი ბიოდეპილაციის ერთ-ერთი მეთოდია. მას სპარსულ ეპილაციას უწოდებენ და სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
შუგარინგის უპირატესობები:
. გაცილებით იოლი გასაკეთებელია, ვიდრე ეპილაცია ცხელი თაფლით ან ცვილით.
. არ არსებობს დამწვრობის მიღების საფრთხე.
. მიიჩნევა, რომ შაქარი და თაფლი (ხანდახან შაქარს თაფლსაც ურევენ) თმის ძირამდე უკეთ ჩადის, ვიდრე სხვა საშუალებები, რაც თმის ჩაწყვეტის ან ჩაბრუნების რისკს ამცირებს.
. შაქრის ბურთულა სხვა წასასმელ ან დასაკრობ საშუალებებთან შედარებით ნაკლებად ეკვრის კანს, ის უმთავრესად თმას იკრავს, ამიტომ ნაკლებად მტკივნეულია და გამოადგებათ მათაც, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.
. ყველაზე ეკონომიურია – მისი ფასი 1 კგ შაქრის ფასის ტოლია.
. ამ მეთოდისთვის არ არის საჭირო ნაჭერი, შპადელი და წასასმელი ფუნჯი.
. კანი მეტხანს რჩება გლუვი.
მომზადების წესი:
აიღეთ 1 კგ შაქარი, ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 7 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 8 სუფრის კოვზი წყალი. ქვაბი ნელ ცეცხლზე დადგით, დაახურეთ თავსახური და პერიოდულად ურიეთ. შაქარი ჯერ გადნება, შემდეგ აქაფდება, ბოლოს გაყავისფრდება. ამ დროს თავსახური უნდა მოხადოთ. არ დაგავიწყდეთ მომზადებისას პერიოდულად მორევა. როდესაც შაქარი კარამელს დაემსგავსება, გადაიღეთ კონტეინერში, რომლითაც შეინახავთ. მიღებული მასა გააგრილეთ, მაგრამ შაქრის გაქვავებას ნუ დაელოდებით – აიღეთ პატარა ბურთულა, დაახლოებით კვერცხისოდენა, და კარგად მოზილეთ, სანამ არ გაბაცდება.
თუ ბურთი მეტისმეტად გეწებებათ, ესე იგი ჯერ საკმარისად არ არის გაცივებული. თუ მეტისმეტად მაგარია, ცოტა წყალი დაუმატეთ. რამდენიმე წვეთი საკმარისია. თუ მასა ძალიან მაგარია და უცბად ქვავდება, კონტეინერი ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადგით და 1 სუფრის კოვზი წყალი დაუმატეთ, გააცხელეთ, სანამ მასა არ გადნება, კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
გამოყენება:
მასა თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით უნდა წაისვათ კანზე და მოიცილოთ თმის ზრდის მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობით. თმის სიგრძე 4-5 მმ უნდა იყოს. თუ თმა უფრო გრძელია, პროცედურა მეტად მტკივნეული იქნება, თუ მოკლე – შესაძლოა მისი მოცილება ვერ მოხერხდეს.
1 კგ შაქრისგან მომზადებული მასა რამდენიმე თვე გეყოფათ. როდესაც ეპილაციის გაკეთება მოგინდებათ, წყლის აბაზანაში გაათბეთ (წყალი არ დაამატოთ) და მისგან ახალი ბურთულა გააკეთეთ.
დეპილატორი
დეპილატორი ერთგვარი მექანიზებული პინცეტია, რომელიც ღერებს ფესვიანად გლეჯს. ამის გამო თმა შედარებით გვიან ამოდის. თმის ჩაბრუნების ალბათობა ამ მეთოდის გამოყენებისას გაცილებით მეტია. ამასთანავე, დეპილაციის ეს მეთოდი საკმაოდ მტკივნეულია. თმის ღერების ფესვებიანად ამოგლეჯა სხეულის შედარებით დიდ უბანზე კანის გაღიზიანებას და ანთებას იწვევს.
არსებობს თმის მექანიკური მოცილების კიდევ ერთი, ნაკლებპოპულარული მეთოდი – შეტრუსვა, რომელსაც უმეტესად ხელებზე არასასურველი თმის მოსაცილებლად მიმართავენ. ის საკმაოდ მარტივია: ხელი სწრაფად უნდა მოატაროთ ანთებულ ქურაზე, თუმცა მას თითქმის ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც გაპარსვას და არც დამწვრობის მიღებაა გამორიცხული.
ელექტროეპილაცია
ელექტროეპილაცია გულისხმობს თმის მოცილებას მაღალი სიხშირის გალვანური ან ცვლადი ელექტრული დენით. წვრილი ნემსი თმის ღერის მიმართულებით ბოლქვში შედის და დენის ზემოქმედებით თმის ფოლიკულს აზიანებს. ელექტროეპილაციისთვის კოსმეტოლოგები ხშირად მოოქრულ ან მოვერცხლილ ნემსებს იყენებენ, რაც ინფექციის ალბათობას გამორიცხავს. უმეტესად კი აპარატს სამედიცინო ფოლადის ნემსები აქვს.
გაითვალისწინეთ, ეს პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ეფექტიანი. ამასთანავე, ის სწორად უნდა ჩატარდეს, ფოლიკული მართლა უნდა დაზიანდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში დენის ზემოქმედებით ფორი გაფართოვდება, თმის ამოღება გამარტივდება, ბოლქვს კი თმის წარმოქმნის უნარი კვლავ დაუბრუნდება. ამასთანავე, შესაძლოა წარმოიქმნას ნაწიბურები, ლაქები და სისხლჩაქცევები. პროცედურის შემდეგ კანი წითლდება და ნანემსრებზე ფუფხი ჩნდება, რომლის ხელით მოცილება არ არის რეკომენდებული. პერიოდულად უნდა ისვათ სპირტი და გამოიყენოთ ტალკიც, რომ მკვდარი უჯრედები თავისთავად მოგცილდეთ.
ლაზერული ეპილაცია
ჭარბთმიანობისგან განკურნება ლაზერული ეპილაციის ოქროს სტანდარტად წოდებული ალექსანდრიტის ლაზერით 90-იანი წლებიდან გახდა ხელმისაწვდომი. იგი ასუსტებს და ანადგურებს არასასურველი თმის ფოლიკულებს. სამიზნე თმის ფოლიკულის განადგურებისას, სპეციალური დინამიკური გამაგრილებელი მოწყობილობის წყალობით, არ იწვის მიმდებარე კანი. ალექსანდრიტის ლაზერით ჭარბთმიანობის მკურნალობა შესაძლებელია სწრაფად და უსაფრთხოდ ყველა ტიპის კანზე. განკურნება დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე. მკურნალობას უფრო ადვილად ემორჩილება უხეში, მუქი თმა.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს ახალამოსული თმა, პროცედურები რეგულარულად უნდა ჩატარდეს ოთხ-ექვსკვირიანი ინტერვალებით. შედეგის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 5 პროცედურა. პაციენტების 85% იკურნება ჭარბთმიანობისგან, თუ არ აქვს ჰორმონული დისბალანსი. ასეთი დარღვევის შემთხვევაში კი მეტი პროცედურაა საჭირო.
ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა. ყოველდღიური ზემოქმედებისას მზის სხივებიც კი უფრო არასასურველ გავლენას ახდენს კანზე, ვიდრე ლაზერი.
რეკომენდაციები ლაზერული ეპილაციის შემდეგ:
. 7-10 დღის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა.
. 20 დღის განმავლობაში შინიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის წასმა 3-საათიანი ინტერვალით.
. კანის აქერცვლის ან შეწითლების შემთხვევაში რეკომენდირებულია ანტისეპტიკური მალამოს წასმა.
. პროცედურებს შორის ნუ მოიშორებთ თმას სხვა მეთოდებით.
. ეპილაციით დამუშავებულ ადგილებში 3-4 დღის განმავლობაში შესაძლოა თავი წამოყოს ლაზერით დაშლილი თმის პატარა ბოლოებმა, რომლებიც შეიძლება პინცეტით მოიშოროთ.
ფოტოეპილაცია
ფოტოეპილაციის პრინციპი სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას ეფუძნება. კანის შერჩეულ, 5 კვ. სანტიმეტრი ფართობის უბანს სპეციალური მოწყობილობით დაასხივებენ სინათლის ხილულ სხივებსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომელთა ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს. დასხივება არ იწვევს ტრავმას და ანთებას, თუმცა პროცედურის დროს მსუბუქ ჩხვლეტას იგრძნობთ. თუ უშუალოდ პროცედურის წინ დასამუშავებულ ადგილზე წაისვამთ გამჭვირვალე გამაგრილებელ გელს, არასასიამოვნო შეგრძნებებს თავიდან აიცილებთ.
ფოტოეპილაციას საფუძვლად უდევს თმის შემადგენელი ნივთიერების, მელანინის უნარი, შთანთქოს და გაატაროს სხივი. მელანინი სხივის იმპულსის შთანთქმის შედეგად თმის ბოლქვს აცხელებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იშლება. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თმა ცვენას იწყებს.
სინათლის სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის არა ერთ, არამედ რამდენიმე ბოლქვზე.
კანზე ზემოქმედებენ სპეციალური მოწყობილობით – მანიპულატორით, რომელსაც მთის ბროლისგან დამზადებული დაბოლოებები აქვს.
პროცედურის შემდეგ დამუშავებულ კანზე უსვამენ დამარბილებელ კრემს ან ასხურებენ სპეციალურ აეროზოლს.
ფოტოეპილაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაპარსვა შეიძლება; პროცედურის დროს თმის ღერის სიგრძე 1 მილიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით, რომელიც ვერაფერს უხერხებს ღია ფერის თხელ თმას, ფოტოეპილაცია წარმატებით უმკლავდება ნებისმიერი სისქისა და ფერის ღერებს სახისა და სხეულის ნებისმიერ ადგილზე.
თმა ცვენას იწყებს არა მყისიერად, არამედ ერთი ან ორი კვირის შემდეგ, მერე კი თმის ზრდის შენელებას და მათი რაოდენობის კლებასაც შეამჩნევთ. თმა ზრდას წყვეტს ფოტოეპილაციის 3-6 სეანსის შემდეგ.
ფოტოეპილაციის კურსის უკუჩვენება და რეკომენდაციები
. რეკომენდებული არ არის ფოტოეპილაციის სეანსამდე ორი კვირით ადრე და სეანსიდან ორი კვირის შემდეგ მზეზე გარუჯვა. ზაფხულობით, პროცედურების შემდეგ, აუცილებელია, დამუშავებულ კანზე წავისვათ სპეციალური მზისგანდამცავი კრემი.
. ფოტოეპილაციის შემდეგ თავი უნდა ვარიდოთ ოდეკოლონის, სუნამოს, სპირტის შემცველი ტონიკისა და ლოსიონის ხმარებას – ამ საშუალებებმა შესაძლოა კანზე პიგმენტური ლაქები გააჩინოს.
. პროცედურამდე ერთი დღით ადრე და ერთი დღის შემდეგ რეკომენდებული არ არის აბანოში, საუნაში თუ აუზზე წასვლა. ფოტოეპილაციის სეანსებს შორის კი თმის მოცილება შეიძლება მხოლოდ მაკრატლით, სადეპილაციო კრემით ან მუსით. ამ პერიოდში სხვა საშუალებების გამოყენება ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღებას.
. ფოტოეპილაციამდე 10-14 დღის განმავლობაში არ შეიძლება ეპილაციის ჩატარება სხვა საშუალებით, მაგალითად, პინცეტითა და ელექტროეპილატორით.
არასასურველი თმის მოშორებასთან ერთად ფოტოეპილაციის დროს მიმდინარეობს კანის გაახალგაზრდავებაც. სინათლის ძლიერი ტალღა ასტიმულირებს კანის რეგენერაციის პროცესს, ააქტიურებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. შედეგად კანი მკვრივდება, სწორდება ნაოჭები.
ელოს-ეპილაცია
ელოს-ეპილაცია ელექტროოპტიკური სინერგიით, ანუ სინათლის ენერგიისა და ელექტროდენის ერთობლივი ზემოქმედებით თმის მოცილებას გულისხმობს. პროცედურის დროს სინათლის მაღალი სიხშირის იმპულსი და დენი ხვდება კანს, აღწევს მის ზედაპირულ შრეებში არსებულ ფოლიკულებამდე და შლის მათ. ასე დაშლილი ფოლიკული ვეღარ აღდგება.
ელოს-ეპილაცია მთლიანად ანადგურებს თმის ფოლიკულს, მაშინ როცა ფოტოეპილაციის დროს თმის ფოლიკული არ კვდება და პროცედურიდან 1,5-2 წლის შემდეგ კვლავ იწყებს მოქმედებას.
. ელოს-ეპილაცია აცილებს ნებისმიერი ტიპის თმას.
. პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა (იღლიის ქვეშ და ბიკინის ზონაშიც კი). პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გრძნობს კონტაქტის ადგილას მსუბუქ ჩხვლეტას ან სითბოს.
. ელოს-ეპილაციის შემდეგ შეიძლება გარუჯვაც და ზღვაში ბანაობაც.
. ელოს-ტექნოლოგია არ იწვევს არავითარ გართულებას: დამწვრობას, იარებს, სიწითლეს, კანის ბუნებრივი პიგმენტის დაკარგვას, – რადგან ეპილაციის დროს კანი სპეციალური შემადგენლობის გელით იფარება.
. ელოს-ეპილაცია აუმჯობესებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც კანს ამკვრივებენ და სილამაზესა და სიჯანსაღეს სძენენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი ელოს-ეპილაციის პირველივე სეანსის შემდეგ შესამჩნევია, თმის სამუდამოდ მოცილებისთვის, როგორც წესი, აუცილებელია 4-8 პროცედურა 4-6-კვირიანი ინტერვალებით.
ელოს-ეპილაციის რამდენიმე სეანსის ჩატარების აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ გამოსხივება მოქმედებს მხოლოდ აქტიურ ფოლიკულებზე, ანუ ზრდის სტადიაში მყოფ თმაზე. ამ დროს კი ფოლიკულების ნაწილი, როგორც წესი, სიმშვიდის სტადიაშია. მათზე ელოსის ენერგია არ მოქმედებს. ერთ სეანსზე ნადგურდება ფოლიკულების დაახლოებით 15%.
. ელოს-ეპილაციის სეანსამდე ორი კვირა ნუ გაირუჯებით სოლარიუმში და ნუ ჩაიტარებთ დეპილაციას. ეს აუცილებელია, რათა კოსმეტოლგიურ კაბინეტში მისვლამდე თმა დაახლოებით 1-2 მმ-ით გაიზარდოს.
რა უკუჩვენებები აქვს ელოს-ეპილაციას?
ელოს-ეპილაციას უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია. გამონაკლისია ონკოლოგიური დაავადებები და ორსულობა.