უხერხული პრობლემა
გააზიარე:
უმეტესობას ჰგონია, რომ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ყოველთვის ჰემოროიდულ დაავადებას (ბუასილს) უკავშირდება. მართალია, ბუასილი მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მაგრამ ამ პრობლემას სხვა პათოლოგიაც, თანაც არაერთი, შეიძლება ედოს საფუძვლად. უკანა ტანიდან სისხლდენისას ურიგო არ იქნება, რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება. უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სისხლის ფერი. ის ალისფრიდან მუქ შინდისფრამდე მერყეობს. სისხლდენა ზოგჯერ დეფეკაციის აქტის დასასრულს ვითარდება და სისხლი განავლოვან მასებთან არ არის შერეული; ზოგჯერ ის ტუალეტის ქაღალდზე ტოვებს კვალს, ზოგჯერ კი განავლოვან მასებს ერევა. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ტკივილის სინდრომს. ექიმისთვის მრავლისმთქმელია, სისხლდენისას მტკივნეულია თუ არა დეფეკაციის აქტი. სწორი ნაწლავიდან ძლიერი სისხლდენა იშვიათია, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა, ანემიის განვითარებაა მოსალოდნელი. ეს უკანასკნელი საერთო სისუსტით, ძილიანობით, თავბრუხვევითა და უმადობით ვლინდება.
რა არის უკანა ტანიდან სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზი?
ყველაზე ხშირად რექტალურ სისხლდენას ჰემოროი (ბუასილი) და ანუსის ნაპრალი იწვევს, თუმცა სწორი ნაწლავის კიბომ, ანგიოდისპლაზიამ (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია), მსხვილი ნაწლავის კიბომ, პოლიპმა, ყაბზობამ, კრონის დაავადებამ, დიარეამ, დივერტიკულოზმა (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე), ნაწლავთა გაუვალობამ, პროქტიტმა და სწორი ნაწლავის ერთეულმა წყლულმაც შეიძლება გამოიწვიოს. რექტალური სისხლდენა შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიის, უპირატესად წყლულის ან კიბოს შედეგიც იყოს. ჩვენ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
როდის მოვინახულოთ ექიმი
ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ, თუ უკანა ტანიდან სისხლდენას თან შოკის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ერთვის:
. ზერელე, ხშირი სუნთქვა;
. თავბრუხვევა;
. მხედველობის დაბინდვა;
. გულის წასვლა;
. გულისრევა;
. ცივი, წებოვანი, ფერმკრთალი კანი;
. შარდის გამოყოფის დაქვეითება.
ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ, თუ სისხლდენა მუდმივი და მძიმეა და თან მუცლის ძლიერი ტკივილი, სპაზმი ან ანალური ტკივილი ახლავს. ასევე ექიმის კონსულტაციას მოითხოვს სისხლდენა, რომელიც 2 დღეზე მეტხანს გრძელდება.
რა არის ჰემოროი?
მოდი, მცირე ანატომიას გავეცნოთ. მსხვილი ნაწლავის დასასრულ ნაწილს ანალური არხი ეწოდება. აქ მრავლადაა ჰემოროიდული კვანძი. ეს გირჩისმაგვარი სტუქტურებია, რომლებიც სისხლძარღვებს შეიცავს. სწორედ ჰემოროიდული კვანძების ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას ეწოდება ჰემოროი. ჰემოროის ძლიერი ჭინთვები (დეფეკაციის აქტის დროს) და სხვა ისეთი მიზეზები წარმოშობს, რომლებიც აღნიშნულ ვენებში წნევის მომატებას განაპირობებს (მაგალითად, ორსულობა).
ჰემოროი ორგვარია: გარეგანი (კანქვეშ ანალური არხის ირგვლივ) და შინაგანი (სწორი ნაწლავის შიგნით). ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. 50 წელს მიღწეულთა ნახევარი ეჯახება ისეთ პრობლემებს, როგორებიც უკანა ტანის ქავილი, სისხლდენა და დისკომფორტია. საბედნიეროდ, დღეისთვის მისი სამკურნალო უამრავი ეფექტური საშუალება არსებობს. დაავადებულთა უმრავლესობა შვებას ცხოვრების სტილის გაუმჯობესებითა და სახლში ჩატარებული მკურნალობით პოვებს.
როგორ ვლინდება ჰემოროი?
. დეფეკაციის აქტის დროს სისხლდენით (ტკივილის გარეშე) – პაციენტმა შესაძლოა ცოტაოდენი ალისფერი სისხლი ტუალეტის ქაღალდზე ან უნიტაზში შეამჩნიოს;
. ანალური მიდამოს ქავილითა და გაღიზიანებით;
. ტკივილით ან დისკომფორტით;
. ანალური არხის გარშემო შესივებით;
. ანალურ არხთან მტკივნეული და მგრძნობიარე კვანძის არსებობით.
იშვიათად ჭინთვებმა შესაძლოა ჰემოროიდული კვანძების გარეთ გამოვარდნაც (პროლაფსი) გამოიწვიოს, რაც მეტად მტკივნეულია.
გახსოვდეთ: უკანა ტანიდან სისხლდენა შესაძლოა სხვა, უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომიც იყოს, ამიტომ ყურადღებით იყავით და აუცილებლად გაიარეთ პროქტოლოგის კონსულტაცია. თუკი განავალი შავი ან ყავისფერია, სისხლის კოლტებს შეიცავს ან მასში სისხლია შერეული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს შესაძლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილიდან უფრო სერიოზულ სისხლდენაზე მიუთითებდეს.
რა იწვევს ჰემოროის?
ჰემოროიდული ვენები წნევის ზემოქმედების შედეგად გაგანიერებისკენაა მიდრეკილი. სწორ ნაწლავში წნევის მომატებას კი შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:
* ჭინთვები დეფეკაციის დროს;
* ტუალეტში ხანგრძლივად ჯდომა;
* ქრონიკული დიარეა ან ყაბზობა;
* სიმსუქნე;
* ორსულობა;
* ანალური სქესობრივი კავშირი;
* ცხოვრების მჯდომარე სტილი;
* უმოძრაობა;
* ცხარე და მარილიანი საკვები, ალკოჰოლი.
ჰემოროი გენეტიკური არ არის, თუმცა მის მიმართ გენეტიკური განწყობა არსებობს. ბუასილი მოწიფული ასაკის შემდეგ ვითარდება, ვინაიდან ასაკთან ერთად ჰემოროიდული ვენების დამჭერი ქსოვილი სუსტდება.
დიაგნოზს პროქტოლოგი სვამს. ამისთვის მას რექტალური გასინჯვა და ანალური არხის ანოსკოპით დათვალიერებაც ჰყოფნის.
მკურნალობა
ხშირად მკურნალობა მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა გულისხმობს, მაგრამ ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობა და ქირურგიული პროცედურებიც ხდება საჭირო.
თუ ჰემოროი საშუალო დისკომფორტს გიქმნით, ექიმმა შესაძლოა მალამოების, კრემების, სანთლების გამოყენება შემოგთავაზოთ. ეს საშუალებები ისეთ ინგრედიენტებს (მაგალითად, ჰიდროკორტიზონს) შეიცავს, რომლებიც ტკივილისა და ქავილის სიმპტომს აქრობს. გახსოვდეთ, ექიმთან შეუთანხმებლად მათი ერთ კვირაზე მეტხანს გამოყენება არ შეიძლება (გვერდითი ეფექტების გამო).
თუ მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ აღმოჩნდა, ექიმთა არსენალში სხვა, მინიმალურად ინვაზიური პროცედურებიც მოიპოვება:
* ლატექსის რგოლებით ლიგირება – ექიმი ამ რგოლებს ჰემოროიდული კვანძის ფუძეზე უჭერს. ერთი კვირის განმავლობაში ჰემოროიდული კვანძი ხმება და ძვრება. სამწუხაროდ, პროცედურა არც ისე კომფორტულია და იშვიათად სისხლდენით რთულდება.
* სკლეროთერაპია – ჰემოროიდულ ქსოვილში ისეთი ქიმიური ნივთიერება შეჰყავთ, რომელიც მის შეჭმუხვნას იწვევს.
* კოაგულაცია – კოაგულაციისთვის ლაზერს, ინფრაწითელ სხივებს ან სითბოს იყენებენ. მათი წყალობით მცირე ზომის სისხლმდენი შინაგანი ჰემოროი მაგრდება და ხმება. თუმცა ასეთი მკურნალობის შემდეგ გამორიცხული არ არის ჰემოროის რეციდივი.
თუ სხვა პროცედურები უშედეგო აღმოჩნდა ან ჰემოროის დიდი ზომისაა, დღის წესრიგში ოპერაციული ჩარევა: ჰემოროის მოშორება, ჰემოროიდექტომია – დგება. ამ დროს ქირურგი იმ ზედმეტ ქსოვილს აცილებს, რომელიც სისხლდენის წყაროა. აღნიშნული ოპერაცია შეიძლება როგორც ზოგადი, სპინალური, ისე ადგილობრივი (სედაციასთან კომბინაციაში) ანესთეზიით ჩატარდეს.
სასარგებლო რჩევები
* ხშირად მიიღეთ აბაზანა. ეს ჰემოროის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა, რადგან ანალური მიდამოს მიკროცირკულაციას აუმჯობესებს და სისუფთავესაც უზრუნველყოფს.
* დაიცავით პერიანალური მიდამოსა და შორისის ჰიგიენა. ტუალეტის ქაღალდის გამოყენებით ნუ შემოიფარგლებით, აუცილებლად ჩაიბანეთ უკანა ტანი დეფეკაციის აქტის შემდეგ. ეცადეთ, რბილი ტუალეტის ქაღალდი იხმაროთ.
* ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ყაბზობის განვითარება და მოიწესრიგოთ ნაწლავთა მოქმედება, რასაც რეგულარული და ჯანსაღი კვებით მოახერხებთ.
* ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დიარეა.
* ეცადეთ, დეფეკაციის აქტის დროს მინიმალურად გაიჭინთოთ.
* გადაცივებას მოერიდეთ, რადგან ამ დროს სისხლმომარაგება ირღვევა და ჰემოროის გამწვავების საშიშროება იმატებს.
* ეცადეთ, მჯდომარემ დიდი ხანი არ გაატაროთ. მჯდომარე სამსახური სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ვენურ სისტემაში მის შეკავებას იწვევს. თუ ასეთი სამსახური გაქვთ, ხშირად შეისვენეთ, გარდა ამისა, მისდიეთ აერობიკას, იცურეთ, მეტი იარეთ ფეხით.
* ნუ გაატარებთ დიდ დროს საჭესთან.
* ჭარბად ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, ცხარე და მარილიან საკვებს. ალკოჰოლი პერიანალურ მიდამოში სისხლის მიდენას აძლიერებს, ცხარე და მლაშე საკვები კი ამ მიდამოს გაღიზიანებას იწვევს.
* დროულად მიმართეთ ექიმს, ნუ ეცდებით, თავად დასვათ დიაგნოზი. ზოგჯერ სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომების ჰემოროისთვის გადაბრალებით მკურნალობა გვიანდება.
რა უნდა ვიცოდეთ ანალური ნაპრალის შესახებ
ანალური ნაპრალი ანუსის (სწორი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის) ლორწოვანი შრის მცირე ზომის (ერთორსანტიმეტრიანი) დეფექტია. ის უკანა ტანიდან სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია ბუასილის შედეგ და უმთავრესად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების: გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ბუასილის, – ფონზე იჩენს თავს. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც კი სწორი ნაწლავის ლორწოვანი შრის გაღიზიანებას იწვევს, შესაძლოა ანალური ნაპრალის მიზეზად იქცეს. მთავარი ყაბზობა, ნაწლავთა გაძნელებული მოქმედება და მყარი განავლოვანი მასებია. ზოგჯერ ხანგრძლივ დიარეას ან ანალური მიდამოს ანთებით პროცესებსაც მიუძღვის ბრალი. როცა კანის მთლიანობა ირღვევა, ყოველი მომდევნო დეფეკაცია მტკივნეულია. ტკივილი, წესისამებრ, ძლიერია. ამ დროს ცოტაოდენი სისხლიც იღვრება. სისხლი ალისფერია და განავლოვან მასებთან არ არის შერეული, ხშირად ტუალეტის ქაღალდზე რჩება.
ანალური ნაპრალის სიმპტომები ხშირად ჰემოროიში ერევათ, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დეფეკაციის აქტის დროს ტკივილი სწორედ ანალური ნაპრალისთვისაა დამახასიათებელი.
საზოგადოდ, ამ პათოლოგიას შემდეგი ტრიადა ახასიათებს:
* ტკივილი დეფეკაციის აქტის დროს ან მის შემდეგ;
* სისხლდენა;
* ანალური სფინქტერის (მომჭერი რგოლის) სპაზმი.
დეფეკაციის აქტის დროს ტკივილი ანალური სფინქტერის სპაზმს აძლიერებს, სპაზმი კი უფრო მეტად ართულებს ნაწლავთა დაცლის პროცესს და ნაპრალის შეხორცებასაც უშლის ხელს. გარდა ამისა, ტკივილის მოლოდინი დეფეკაციის შეკავებას იწვევს, შედეგად განავლოვანი მასები უფორ მეტად მაგრდება და საქმე უარეს შედეგამდე მიდის.
ანალური ნაპრალი ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს, თუმცა ბავშვებში ყველაზე ხშირია. ის უპირატესად სუსტ სქესს ერჩის, განსაკუთრებით ხშირდება მშობიარობის შემდეგ. დიაგნოზის დასასმელად ხშირად უკანა ტანის დათვალიერებაც საკმარისია. ნაპრალთა უმეტესობა თავისით, მკურნალობის გარეშე ხორცდება. სიმპტომური მკურნალობა ტკივილისა და სფინქტერის სპაზმის მოხსნას გულისხმობს. ეს შეხორცებას უწყობს ხელს. მთავარი პირობა კუჭის მოქმედების მოწესრიგებაა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ანალური ნაპრალის მკურნალობა ყაბზობისა და დიარეის მკურნალობას ითვალისწინებს.
ყაბზობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
* უჯრედისით მდიდარი საკვების (ხილის, ბოსტნეულის) მიღება;
* დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ტკივილგამაყუჩებელი მალამო, ვაზელინი, თუთიის ოქსიდი და ჰიდროკორტიზონის 1%-იანი მალამო ჭრილობას აშუშებს და ტკივილს ამცირებს.
ანალური ნაპრალები მკურნალობას ადვილად ემორჩილება და ხორცდება, თუმცა იშვიათად შეიძლება არ შეხორცდეს. სწორედ ამ დროს ერთვება მკურნალობაში ქირურგია. შიგნითა ლატერალური სფინქტეროტომია – ასე ჰქვია ანალური ნაპრალის ოპერაციას, რომლის დროსაც ანალურ სფინქტერზე მცირე ზომის განაკვეთი კეთდება. ამის წყალობით კუნთი დუნდება და შეხორცებას ხელს აღარ უშლის. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ტკივილი გაივლის, საბოლოო შეხორცებას კი რამდენიმე კვირა სჭირდება.
რა უნდა ვიცოდეთ დივერტიკულოზის შესახებ
დივერტიკულოზი ნაწლავის კედლის პარკისებრი გამოდრეკილობაა. 50-60 წლითვის ადამიანთა უმრავლესობას დივერტიკული აქვს. მსხვილი ნაწლავის დივერტიკულის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მას ნაწლავის სანათურში არსებული მაღალი წნევა ან ნაწლავის კედლის სისუსტე იწვევს. აღნიშნული პრობლემა მუდმივია, ვერავითარი დიეტა მას ვერ აქრობს. მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიულია და დივერტიკულის შემცველი ნაწლავის მონაკვეთის ამოკვეთას გულისხმობს.
დივერტიკულოზის დროს, როგორც წესი, ნაწლავის გასწვრივ რამდენიმე დივერტიკული ვითარდება. ის ყველაზე ხშირად სიგმოიდურ და დასწვრივ კოლინჯში გვხვდება. პაციენტთა უმრავლესობა არაფერს უჩივის. ის არც ქმნის რაიმე პრობლემას, თუ არ გასკდა ან არ დაინფიცირდა. უკანასკნელ შემთხვევაში დივერტიკულიტი ვითარდება. ის მუცლის ტკივილს, ტემპერატურის მომატებას და უმეტესად მუცლის მარჯვენა ქვედა ნახევრის მტკივნეულობას იწვევს. იშვიათად, როცა ინფექციის გამო დივერტიკულის შიგნით სისხლძარღვი სუსტდება და სკდება, დივერტიკულიდან სისხლდენა ვითარდება. ამ შემთხვევაში ის უფრო ძლიერია, ვიდრე ანალური ნაპრალის ან ბუასილის დროს.
ახალგაზრდა ასაკში რექტალური სისხლდენით ჰოსპიტალიზაციისა და სისხლის ტრანსფუზიის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ აღნიშნული პათოლოგიაა. სიგმოიდურ კოლინჯში მდებარე დივერტიკულიდან მდინარი სისხლი ალისფერია, მარჯვენა ასწვრივი კოლინჯიდან მდინარი – მუქი წითელი.
მსხვილი ნაწლავის კიბო და პოლიპი
მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის სიმსივნე ნაწლავის კედლიდან აღმოცენებული წანაზარდია. მსხვილი ნაწლავის კეთილთვისებიან სიმსივნეს პოლიპს უწოდებენ, ავთვისებიანს კი კიბოს და მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, სწორედ პოლიპებისგან ვითარდება. პოლიპის წარმოშობის მიზეზი უცნობია, კიბოს განვითარების რისკფაქტორების შესახებ კი შეგვიძლია ვისაუბროთ. მათ მიეკუთვნება:
* ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობა ნაწლავის სიმსივნით;
* მსხვილი ნაწლავის პოლიპი;
* მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
* თამბაქოს წევა;
* სიმსუქნე;
* დიაბეტი;
* ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
სიმსივნის დროს სისხლდენა ზომიერია, გარდამავალი, წყვეტილი და სისხლის დიდ დანაკარგებს არ იწვევს. თუ პროცესი სწორ ნაწლავსა და სიგმოიდურ კოლინჯშია, უფრო მეტად სავარაუდოა, სისხლდენა საშუალო ინტენსივობისა იყოს, ხოლო სისხლი – ალისფერი. ანუსიდან უფრო მეტად დაცილებული მიდამოს სისხლდენა შესაძლოა ფარული იყოს და დროთა განმავლობაში რკინადეფიციტური ანემიაც კი გამოიწვიოს.
მსხვილი და სწორი ნაწლავის პოლიპისა და კიბოს დიაგნოსტირების საუკეთესო საშუალება კოლონოსკოპიაა. კოლონოსკოპიის შედეგად აღმოჩენილი პოლიპების მოცილების პროცედურას პოლიპექტომია ეწოდება. მათი ელექტროკოაგულაციაც (ელდენით მოწვა) შესაძლებელია. პოლიპექტომია შესაძლოა სისხლდენით გართულდეს.
კიბოს მკურნალობაც ქირურგიულია. სწორი ნაწლავის კიბოს საუკეთესო პრევენცია ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევაა, მით უმეტეს, თუ უკვე გადააბიჯეთ 50 წელს. დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას მკურნალობა ბევრად ეფექტურია, ამიტომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თუ უკანა ტანიდან სისხლდენა შენიშნეთ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება კი მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.