მწვავე პანკრეატიტი: რატომ გვიტევს პანკრეასი?

გააზიარე:

სიტყვა “პანკრეატიტი” ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მისი სიმპტომები, ვფიქრობ, მრავალ თქვენგანს ეცნობა, რადგან მისი გამომწვევი ფაქტორების უმეტესობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

პანკრეატიტი უმეტესად მსუბუქად ვლინდება და შესაძლოა, მკურნალობის გარეშეც დაიხიოს უკან, მისი რთული ფორმები კი სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს.

 

რა არის

მწვავე პანკრეატიტი პანკრეასის მწვავე ანთებითი დაავადებაა. მისი არსი უფრო ადვილად რომ გავიგოთ, მცირე წარმოდგენა შევიქმნათ პანკრეასზე. ეს არის ჯირკვალი, რომელიც განივად მდებარეობს კუჭის ქვეშ, მუცლის უკანა კედელზე. მისი მასა დაახლოებით 70 გრამია, ხოლო სიგრძე – 15-25 სანტიმეტრი. ჯირკვალი მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელებასა და ცვლაში. სახელდობრ, წარმოქმნის ჰორმონებს ინსულინსა და გლუკაგონს, რომლებიც არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლას. საკვების მიღებიდან 1-3 წუთის შემდეგ პანკრეასი  გამოყოფს წვენს, რომელიც პანკრეასის სადინარის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება. წვენის გამოყოფა 6-10 საათი გრძელდება, ხოლო მოცულობა 1.5-2 ლიტრს აღწევს. ის შეიცავს მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც ჯირკვალში პასიურ მდგომარეობაში არიან და მხოლოდ თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის შემდეგ აქტიურდებიან. მწვავე პანკრეატიტის დროს ეს ფერმენტები პანკრეასშივე იწყებენ გააქტიურებას და აზიანებენ ჯირკვლის ქსოვილებს, რაც ანთებით პროცესს განაპირობებს. შესაძლოა, დაირღვეს ქსოვილების მთლიანობაც, რაც გამოიწვევს ფერმენტების შემცველი წვენის მუცლის ღრუში გადასვლას და შემდგომ – სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებს.

 

რატომ ბობოქრობს პანკრეასი

ჰოსპიტალიზებულთა თითქმის 80%-თან მწვავე პანკრეატიტის მიზეზი ნაღვლის კენჭები და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაა. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული პანკრეატიტი ქალებთან უფრო ხშირად აღირიცხება, ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული კი – მამაკაცებთან, ვინაიდან ისინი უფრო მეტს სვამენ. დღეში 5-8 ჭიქა ალკოჰოლური სასმლის მიღებამ 5 წლის განმავლობაში და მეტხანს შესაძლოა პანკრეასის ქსოვილის დაზიანება და ორგანოს ანთება გამოიწვიოს. თუ კენჭმა ნაღვლიდან მისსავე სადინარში გადაინაცვლა და დაახშო ის, პანკრეასის წვენი უკან, პანკრეასშივე დაბრუნდება და ჯირკვლის შეშუპებას გამოიწვევს.

დაავადების განვითარებაში წვლილი გენეტიკურ განწყობასაც შეაქვს.

 

სხვა მიზეზები

* აუტოიმუნური პროცესები – იმუნური სისტემა უტევს საკუთარ ჯანსაღ უჯრედებს;

* ქირურგიული ჩარევის შედეგად პანკრეასის ან მისი სადინარის და ნაღვლის ბუშტის დაზიანება;

* ცხიმების, კერძოდ, ტრიგლიცერიდების მაღალი კონცენტრაცია სისხლში (ტრიგლიცერიდემია);

* პანკრეასის ტრავმული დაზიანება;

* ცისტური ფიბროზი – გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს იონთა გამტარობის დარღვევას და ფიბროზულ-კისტოზურ დეგენერაციას;

* სისხლში კალციუმის დონის მომატება (ჰიპერკალცემია), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერფუნქცია (ჰიპერპარათირეოიდიზმი);

* რეიეს სინდრომი – ჰეპატოცერებრალური სინდრომი, თავის ტვინის უეცარი შეშუპება, ღვიძლისა და თირკმლის ცხიმოვანი დეგენერაცია;

* ზოგიერთი მედიკამენტი (განსაკუთრებით – ესტროგენები, კორტიკოსტეროიდები, სულფანილამიდები, თიაზიდები და აზათიოპრინი);

* ვირუსული და ბაქტერიული ინფექციური დაავადებები (მაგ., წითელა, მიკოპლაზმოზი);

* თამბაქოს წევა;

პანკრეასის კიბო;

* ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის ენდოსკოპიური გამოკვლევა.

ზოგჯერ გამომწვევი უცნობია.

 

კლინიკური გამოვლენა

მთავარი სიმპტომია ტკივილი, რომელიც მუცლის ზედა ნაწილის, ეპიგასტრიუმის, მარჯვენა მხარეს ან შუაში პროეცირდება და ზოგჯერ წელის არეშიც გადაეცემა. ზოგჯერ ერთბაშად, მოულოდნელად იწყება, ზოგჯერ თანდათანობით ვითარდება. თავდაპირველად მსუბუქია და მხოლოდ სითხის ან საკვების, განსაკუთრებით – ცხიმიანის, მიღების შემდეგ იმატებს; დღიდან დღემდე უფრო და უფრო ინტენსიური, საბოლოოდ კი მუდმივი ხდება. ტკივილს აძლიერებს ზურგზე წოლაც.

ტკივილტან ერთად ხშირად აღინიშნება:

. ცხელება;

. გულისრევა;

. ღებინება;

. ოფლიანობა.

სხვა თანმხლები სიმპტომებია:

. თიხისფერი განავალი;

. სლოკინი;

. დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა);

. კანისა და სკლერების სიყვითლე;

. მუცლის პასიური დაჭიმულობა (იგრძნობა შეხებისას);

. გულისცემის გახშირება.

 

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასასმელად, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლიან პაციენტის პირად და ოჯახურ ანამნეზს, შემდგომ – გასინჯავენ, ბოლოს ტარდება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევა, მათ შორის – კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი.

* განისაზღვრება სისხლში პანკრეასის ფერმენტების ამილაზისა და ლიპაზის ოდენობა – მათი მომატება მწვავე პანკრეატიტზე მიანიშნებს (ლიპაზა უფრო სპეციფიკური ფერმენტია, რადგან უფრო მეტხანს რჩება მომატებული, ხოლო ამილაზის დონე რამდენიმე საათში იკლებს).

* პანკრეასის ფუნქციური ტესტი გვაჩვენებს, ნორმალური ოდენობით გამომუშავდება თუ არა პანკრეასში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები.

* გლუკოზატოლერანტული ტესტი მიუთითებს პანკრეასის იმ უჯრედების დაზიანებაზე, რომლებშიც ინსულინი წარმოიქმნება.

* ულტრაბგერითი კვლევით ადგენენ ანთებითი პროცესის, პანკრეასისა და ნაღვლის სადინარის ბლოკადის არსებობა-არარსებობას.

 

როგორ მკურნალობენ

თითქმის ყოველთვის საჭიროა:

* ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მას, უპირველეს ყოვლისა, ტკივილს გაუყუჩებენ;

* სითხის ინტრავენური გადასხმა – პანკრეასის ფუნქციის აღსადგენად სხეული კარგავს დიდ ენერგიას და უამრავ სითხეს, ამიტომ საჭიროა ამ უკანასკნელის მარაგის შევსება;

* დიეტა – ორი დღის განმავლობაში ავადმყოფმა არავითარი საკვები არ უნდა მიიღოს, რათა პანკრეასის ფუნქცია აღდგეს, მერე კი თანდათან დაიწყოს სითხისა და მსუბუქი საკვების მიღება. თუ ამის შემდეგ ისევ იჩინა თავი დაავადების სიმპტომებმა, ძლიერმა ტკივილმა და შეუპოვარმა ღებინებამ – ცხვირიდან ან პირის ღრუდან კუჭში დგამენ მილს, რათა ის შიგთავსისგან გაათავისუფლონ.

შესაძლოა საჭირო გახდეს:

* პანკრეასის გარშემო არსებული სითხის გამოღება;

* ნაღვლის კენჭების მოშორება;

* პანკრეასის დაბლოკილი სადინარის გაფართოება.

ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხდება ქირურგიული ჩარევა და პანკრეასის დაზიანებულ, მკვდარ ან ინფიცირებულ ქსოვილს ამოკვეთენ.

 

გართულებები

პანკრეატიტი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით გართულდეს, მაგალითად:

* ფსევდოცისტით – პანკრეასში წარმოიქმნება სითხით სავსე ცისტა ან აბსცესი, რომელიც შესაძლოა გასკდეს და შინაგანი სისხლდენა და ორგანიზმში ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს;

* ასციტით – მუცელში სითხის დაგროვებით;

* ინფექციით – მწვავე პანკრეატიტი ხელს უწყობს პანკრეასში ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას, ეს კი არცთუ უწყინარი მდგომარეობაა და ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს;

* თირკმლის უკმარისობით – ესეც სერიოზული გართულებაა, რომელიც მძიმე შემთხვევაში მხოლოდ დიალიზით მკურნალობას ექვემდებარება;

* სუნთქვის პრობლემებით – მწვავე პანკრეატიტის დროს ორგანიზმში მომხდარი ქიმური ცვლილებები გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციობაზე და სისხლში ჟანგბადის დონეს სიცოცხლისთვის საშიშ მაჩვენებლამდე ამცირებს.

* დიაბეტით – პროცესის გაქრონიკულების შემთხვევაში პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების დაზიანებას დიაბეტამდე მივყავართ;

* მალნუტრიციით (კვების დარღვევით) – პანკრეასში ანთებითი პროცესის შედეგად, ჯირკვალი წარმოქმნის ნაკლები რაოდენობის იმ ფერმენტებს, რომლებიც საჭიროა საკვების დასაშლელად და გადასამუშავებლად. ეს იწვევს დიარეას და წონის კლებას მაშინაც კი, როდესაც მიირთმევთ იმავე საკვებს იმავე ოდენობით.

* პანკრეასის კიბოთი – პანკრეასის გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი გადაიზრდება ქრონიკულ პანკრეატიტში, რომელიც სერიოზული რისკფაქტორია პანკრეასის კიბოს განვიათარებისთვის.

 

როდის მივმართოთ ექიმს

მწვავე პანკრეატიტი, არანამკურნალევ შემთხვევაში და რეციდივების არსებობისას, წინაპირობაა პროცესის ქრონიზაციის, სიმტომები კი საკმაოდ დამაბნეველია, რადგან მუცლისა და წელის არეში ტკივილი შესაძლოა სხვა მიზეზებითაც იყოს განპირობებული, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ ამ სიმტომებს. თუ თქვენ გაქვთ მუდმივი ტკივილი მუცლის არეში, მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით დაუყოვნებლივ მიმართეთ, თუ ტკივილი ძლიერია და არცერთი პოზის მიღება არ გიმსუბუქებთ მდგომარეობას.

 

ცხოვრება შემდგომ

მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის შემდეგ მნიშვნელოვანია მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და აღკვეთოთ ყველა რისკფაქტორი, რომლებიც დაავადების, თქვენს შემთხვევაში კი რეციდივის ალბათობას ზრდის.

მაქსიმალურად ერიდეთ ალკოჰოლს. თუ ფიქრობთ, რომ ალკოჰოლდამოკიდებული ხართ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს – ის ჩაგსვამთ პროგრამაში, სადაც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებიან.

არ მოწიოთ. თუ ეწევით – შეწყვიტეთ, ხოლო თუ არ ეწევით, ნურასოდეს დაიწყებთ. თუ მოწევას თავს ვერ ანებებთ, ექიმს მიმართეთ დახმარებისთვის.

აირჩიეთ დაბალკალორიული საკვები. ერიდეთ ცხიმებს. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ცილოვანი საკვები.

მიიღეთ ბევრი სითხე. პანკრეატიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის დეჰიდრატაცია (სითხით გაღარიბება), ამიტომ ეცადეთ, ბევრი წყალი სვათ.

 

პროგნოზი

მწვავე პანკრეატიტი ხშირად ერთ კვირაში ან უფრო ადრეც კი იხევს უკან, და პაციენტთა უმეტესობა მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გართულებაცაა მოსალოდნელი.

პროგნოზი ცუდია, თუ:

* პანკრეასში დაიწყო სისხლდენა;

. ანთება გართულდა ღვიძლის, თირკმლის ან გულის პრობლემებით;

* პანკრეასში წარმოიქმნა აბსცესი;

* განვითარდა პანკრეონეკროზი და ქსოვილის დიდი ნაწილი მოკვდა.

ცხოვრების წესის შეცვლა-გაჯანსაღებასთან ერთად მკურნალობაც უფრო ეფექტიანია და სასურველი შედეგის ალბათობაც – უფრო მაღალი.

მარიამ ჯანიაშვილი

 

გააზიარე: