სკრინინგი გადარჩევა-გაცხრილვის ფილოსოფია

გააზიარე:
 სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ საქართველოში ბოლო ხანს აქტიურად ალაპარაკდნენ. ლაპარაკს საქმეც მოჰყვა და დღეს უკვე მოქმედებს პროგრამები, რომლებიც მოსახლეობის განსაზღვრულ ჯგუფს (მათ სამიზნე ჯგუფის სახელით მოიხსენიებენ) ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციაში ეხმარება.

“სკრინინგი” სიტყვასიტყვით “გაცხრილვას” ნიშნავს. მისი არსიც ეს არის: მეთოდი ეფექტურად განასხვავებს ჯანმრთელ ადამიანებს მათგან, ვისაც რაიმე საეჭვო ნიშანი აქვს. დიახ, სკრინინგი მხოლოდ ეჭვის მიტანის საშუალებას იძლევა, მისი საშუალებით საბოლოო დიაგნოზი არ დაისმის. სკრინინგი სხვადასხვაგვარია. არსებობს უნივერსალური სკრინინგი, რომელიც მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილზეა გათვლილი, მაგალითად, ყველა ბავშვზე ან ყველა მოხუცზე. არსებობს სკრინინგის ისეთი ფორმებიც, რომელთა მეშვეობით რისკის ჯგუფში შემავალ მოსახლეობას იკვლევენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სკრინინგული გამოკვლევები მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს. მის ეფექტიანობასაც სწორედ ეს განაპირობებს.
კარგად დავიწყებული ძველი
მიუხედავად იმისა, რომ “სკრინინგი” მოდური სიტყვაა, თავად ცნება სრულიადაც არ არის ახალი. ასეთი რამ ჩვენში ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა, ოღონდ იმხანად მას არა “სკრინინგს”, არამედ “გეგმურ გასინჯვას” უწოდებდნენ. ასეთ გასინჯვებს რეგულარულად ატარებდნენ სკოლებშიც. მაგალითად, მოსწავლეთა ტანადობის ან მხედველობის შესამოწმებლად თეთრხალათიანი ქალბატონები ხშირად არღვევდნენ გაკვეთილის მსვლელობას... ასეთი შემოწმება დროდადრო დღესაც ტარდება, თუმცა უცნობია, ავალებს თუ არა ამას სახელმწიფო სამედიცინო პერსონალს.
ამჟამად სკრინინგის ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ პროგრამებად მიჩნეულია კიბოს სკრინინგული პროგრამები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოშიც არის დანერგილი:
. პაპ-ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა;
. მამოგრაფია ძუძუს კიბოს დასადგენად;
. კოლონოსკოპია, რომელიც სწორი ნაწლავის კიბოს ავლენს;
. დერმატოლოგიური ტესტი მელანომის გამოსავლენად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ეფექტურ სკრინინგტესტად მიიჩნევა სტომატოლოგიური შემოწმება, რომელსაც პერიოდულად უტარებენ მოსწავლეებს. თუ კარგად გავიხსენებთ (ან მშობლებს ვკითხავთ), აღმოვაჩენთ, რომ ასეთ შემოწმებას ჩვენთანაც ატარებდნენ რამდენიმე ათეული წლის წინათ.
რას გვირჩევს ჯანმო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) რეკომენდაციით, სკრინინგი მხოლოდ კონკრეტული ჩვენებით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაავადების აღმოსაჩენად გაცხრილვა-გადარჩევის კორიანტელის დაყენება არ ღირს.
ჯანმომ ჯერ კიდევ 1968 წელს გამოაქვეყნა იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელთა მიხედვითაც უნდა შეირჩეს დაავადება სკრინინგისთვის. სახელდობრ, სკრინინგი რეკომენდებულია, როდესაც:
. დაავადება ქვეყნის მასშტაბით აქტუალურია;
. არსებობს მისი მკურნალობის მეთოდები და საშუალებები;
. არსებობს მისი სკრინინგის მეთოდი და აღჭურვილობა _ ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო);
. სკრინინგტესტი მოსახლეობისთვის იოლად მისაღებია;
. კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, ვინ უნდა აწარმოოს სკრინინგი და შემდგომი მკურნალობა;
. სკრინინგის ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ დაავადების მკურნალობის პოტენციური ფასი.
არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უკვე დანერგილი სკრინინგპროგრამების ეფექტიანობას შეისწავლის. ესა თუ ის სკრინინგპროგრამა სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ მათი შეფასების საფუძველზე გრძელდება ან წყდება.
ვიწყებთ მარტივი ტესტით
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი იმ ეფექტურ მეთოდთაგანია, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე შედეგების თავიდან აცილებაში გვეხმარება. საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) კიბო ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს, იმ ქვეყნებში კი, სადაც ამ დაავადების სკრინინგია დანერგილი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესამჩნევად იკლო.
სკრინინგი მარტივია: ტარდება პაპ-ტესტი, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზით კიბოს დიაგნოზს არ სვამენ. ტესტის პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ავთვისები
ანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, უფრო ზუსტად, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომლებმაც საშვილოსნოს ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედებით შესაძლოა ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს. მაგალითად, პაპ-ტესტის საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
ტექნიკური საკითხი

პაპ-ტესტი ასე ტარდება: საშვილოსნოს ყელის სპეციფიკური ადგილიდან (მას T ზონასაც უწოდებენ) გინეკოლოგი შპადელით ან ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპით გამოსაკვლევად. პროცედურამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, შესაძლოა მცირედი დისკომფორტი გამოიწვიოს, რომელიც მისი დასრულებისთანავე უკვალოდ ქრება. შპადელის შეხება, წესისამებრ, უმტკივნეულოა, მაგრამ თუ ძლიერი დისკომფორტი და ტკივილი იგრძენით, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.
ნაცხის აღების დროს ექიმი ათვალიერებს კიდეც საშოს ლორწოვან გარსს და თუ ცვლილებები შეამჩნია, შესაძლოა სხვა ტიპის გამოკვლევაც გირჩიოთ, მაგალითად, კოლპოსკოპია, თუმცა მისი აუცილებლობის საკითხი უფრო პაპ-ტესტის პასუხის მიღების შემდეგ დგება. პაპ-ტესტის პასუხის მისაღებად ათიოდე დღეა საჭირო, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში პროცედურის დაჩქარება შესაძლებელია.
თუ პაპ-ტესტისთვის ემზადებით, გაითვალისწინეთ:
* არ შეიძლება პაპ-ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩასატარებლად საუკეთესო დრო ციკლის შუა პერიოდია.
* პაპ-ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის 24 საათის განმავლობაში იმ სქესობრივი აქტის შემდეგ, რომლის დროსაც დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ – კონტრაცეფციული საშუალების ქიმიური შემადგენლობა ტესტის შედეგზე გავლენას მოახდენს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შედეგად აღმოჩენილი პათოლოგიური ცვლილებების მკურნალობის შემთხვევაში კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი! 
რა ხდება მერე
სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ცერვიკალური კიბოს სკრინინგის პროგრამა ფართოდ არის დანერგილი, პაპ-ტესტის საშუალებით გამოკვლეულთა 93,5%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. განმეორებითი გამოკვლევა ანუ ანალიზის გადამოწმებას ექიმი მაშინ გირჩევთ, როდესაც ნაცხი არადამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, საკვლევი უჯრედები სისხლით ან ლორწოთია დაფარული, ანდა ნაცხი არასათანადოდ არის აღებული.

თუ პაპ-ტესტმა ცვლილებები გამოავლინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალს კიბო აქვს, თუმცა ექიმი, როგორც ითქვა, მაინც დანიშნავს დამატებით კვლევას – კოლპოსკოპიას.
ისეც ხდება, რომ პაპ-ტესტი პათოლოგიურ ცვლილებებს ვერ აფიქსირებს. ეს მაშინ, როდესაც ავთვისებიანი უჯრედები ნორმალურისგან ძნელად განირჩევა ან საკვლევი მასალა (ნაცხი) პათოლოგიურ, გადაგვარებულ უჯრედებს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს. იმ ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პრაქტიკა მრავალწლიანია, ყოველი ათი ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს. სახელდობრ, მაშინ, როდესაც ანალიზი ინფექციას ავლენს. ამ შემთხვევაში მკურნალობაა საჭირო – სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ განკურნების შემდეგ მოხერხდება. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია სასაგნე მინის დაზიანება ან გატყდომა. ლორწოთი და სისხლით დაფარული ნაცხი და საკვლევ მასალაში გადაგვარებული უჯრედების სიმცირე უკვე ვახსენეთ.  
ეს უნდა იცოდეთ
საშვილოსნოს ყელის კიბო რომ არ გამოგეპაროთ, ასე მოიქეცით:
. ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც ცერვიკალური კიბოს განვითარებას უწყობს ხელს (მათ შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ).
. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქრონიკულ ანთებით, სქესობრივი გზით გადამდებ და კიბოსწინარე დაავადებებს. ნუ გადადებთ მათ მკურნალობას.
. წელიწადში ერთხელ ეწვიეთ გინეკოლოგს და ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაიტარეთ.
. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა სახის პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მიმართეთ ექიმს.
რისკის ფაქტორები
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალებს, რომლებმაც:
. ნაადრევად დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება;
. ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს;
. რამდენიმეჯერ აქვთ გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება;
. გადატანილი აქვთ რამდენიმე მშობიარობა – დაავადების რისკი ყოველი მშობიარობის შემდეგ იზრდება;
. აქვთ პაპილომავირუსული ინფექცია;
. აქვთ მავნე ჩვევები – მწეველებს შორის დაავადების რისკი მაღალია.
პატარა ვირუსით გამოწვეული დიდი პრობლემები
ადამიანის პაპილომავირუსი ერთი არ გეგონოთ – მისი 40-მდე ტიპია ცნობილი. ნუ შეშინდებით – უჯრედების გადაგვარებას ყველა არ იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზი უმთავრესად პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებია. ასიდან 70 შემთხვევაში პაპ-ტესტი ანომალიურ უჯრედებთან ერთად მე-16 და მე-18 ტიპის ვირუსებსაც ავლენს. პაპილომავირუსის სხვა ტიპებს ცერვიკალური კიბოს წინარე მდგომარეობის ჩამოყალიბებაში ბრალი იშვიათად მიუძღვით; ისინი უფრო სხვა პათოლოგიების განვითარებაში არიან შემჩნეულნი. მაგალითად, მე-6 და მე-11 ტიპები გენიტალურ კონდილომებსა და მეჭეჭებს იწვევენ.
პაპილომავირუსი სქესობრივი გზით ვრცელდება. ადამიანთა უმრავლესობა სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ინფიცირდება. საბედნიეროდ, უმეტესად ორგანიზმი თვითონვე უმკლავდება ინფექციას – ეს უკანასკნელი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებიდან 24 თვეში უკვალოდ ქრება. ეს საუკეთესო სცენარია. უარესიც არსებობს. ეს – იმ შემთხვევაში, თუ ქალის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლის უნარი არ აღმოაჩნდა. სწორედ ამ დროს აზიანებს ცერვიკალურ უჯრედებს აგრესიული მიკროორგანიზმი და კიბოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.პაპილომავირუსით გამოწვეული უსიამოვნებებისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა ვაქცინაცია.
ვაქცინაცია პირველ სქესობრივ კონტაქტამდე უნდა ჩატარდეს. რაღა თქმა უნდა, ასაკი განსაზღვრული არ არის, თუმცა საზღვარგარეთ ამ აცრას უმთავრესად პუბერტატული ასაკის გოგონებს უტარებენ.
შესაძლოა, ყური მოჰკრათ, რომ აცრის შემდეგ ქალმა ერთხანს თავი უნდა არიდოს სქესობრივ ცხოვრებას. სინამდვილეში კონტაქტი ნებადართულია, თანაც არათუ აცრების შემდეგ – თვით ვაქცინაციის პერიოდშიც კი (აცრა სამჯერადია), ოღონდ აუცილებლად თავდაცვის ბარიერული საშუალებით (პრეზერვატივით). ვაქცინაცია 6 თვეს გრძელდება და ქალს, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში იცავს მე-16 და მე-18 ტიპის ვირუსებისგან, მათთან ერთად კი მე-6 და მე-11 ტიპებისგანაც.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას საქართველოში თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდნენ. ბოლო ხანს მას უფრო მეტად ენდობიან, თუმცა აქა-იქ დღესაც წააწყდებით ქალებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ აცრა ავნებთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინა სრულიად უსვნებელია. კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათი და მეტად ბანალურია, ანუ ისეთი, როგორიც ყოველგვარი ტიპის ვაქცინაციას ახასიათებს: საინექციო ადგილის სიწითლე, შეშუპება, მცირედი მტკივნეულობა და ქავილი, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, გულისრევა და თავბრუხვევა.
გახსოვდეთ: თუნდაც აცრილი იყოთ, პერიოდული გამოკვლევა, რუტინული სკრინინგი, მაინც უნდა ჩაიტაროთ!
ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებსაც ურჩევენ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. ასეთი რეკომენდაცია საქართველოშიც არსებობს, თუმცა ქალთა კონტინგენტის მოცვაც კი იმდენად ჭირს, მამაკაცების ვაქცინირება აქტუალობას კარგავს. ცხადია, მამაკაცს საშვილოსნოს ყელის კიბო ვერ განუვითარდება, მაგრამ ის პაპილომავირუსის გადამცემია. გარდა ამისა, გამოკვლევები ადასტურებს, რომ ვირუსს შეუძლია, ასოსა და ანუსის კიბო გამოიწვიოს. მამაკაცების აცრა 9-დან 17 წლამდე ასაკშია რეკომენდებული.
გაითვალისწინეთ: ინფიცირებულს ვაქცინა ვერ იცავს, ამიტომ სქესობრივად აქტიური ქალის აცრა ნაკლებეფექტიანია, რადგან ის უკვე შეიძლება ინფიცირებული იყოს ამ ვირუსის ერთი ან ორივე ტიპით.
ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო
სტატისტიკური მონაცემებ
ით, დღეს ძუძუს კიბო ყოველ მეთორმეტე ქალს ემუქრება. ქალებში გავრცელების თვალსაზრისით მას პირველი ადგილი უკავია ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. საერთო ჯამში, მის წილად ონკოლოგიურ დაავადებათა 23% მოდის.
გავრცელებამ იმატა საქართველოშიც: ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად საშუალოდ 1200 ქალი ავადდება. სიკვდილიანობაც შემაშფოთებელია, თუმცა უკანასკნელ წლებში დანერგილი სკრინინგის ეროვნული პროგრამა იმედს იძლევა, რომ ეს მაჩვენებელი დაიწევს, რადგან პათოლოგიის დროული გამოვლენა და მკურნალობა კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას საგრძნობლად ამცირებს.
კიდევ ერთხელ მიზეზების შესახებ
ასაკის მატებასთან ერთად ძუძუს ქსოვილში სულ უფრო მეტი უჯრედი იყოფა და ყოველ ჯერზე იზრდება არანორმალური უჯრედების წარმოქმნის რისკი.
საბედნიეროდ, ორგანიზმს შესწევს უნარი, თავად გაანადგუროს სახეცვლილი უჯრედები, მაგრამ ისცე ხდება, რომ ეს უჯრედები ცოცხალი რჩება და დაყოფასა და გამრავლებას განაგრძობს, რასაც საბოლოოდ სიმსივნური წარმონაქმნის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.ესტროგენი ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს სარძევე უჯრედების ზრდას. როდესაც ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირეა (სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში), უჯრედების გამრავლებაც შენელებული ტემპით მიმდინარეობს.ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგად ყალიბდება მასტოპათია, რომელსაც მრავალი სპეციალისტი ძუძუს კიბოს წინამორბედად მოიაზრებს. მასტოპათია უმეტესად 30-40 წლის ასაკში იჩენს თავს. მასზე მიუთითებს სარძევე ჯირკვლის ტკივილი ციკლის ნებისმიერ პერიოდში, გამონაჟონი დვრილიდან, სხვადასხვა ზომის – ცერცვის მარცვლისოდენადან კაკლისოდენამდე – კეროვანი შემკვრივება.
მეორე პათოლოგია, რომელიც ასევე შეიძლება კიბოსწინარე მდგომარეობად ჩაითვალოს, ფიბროადენომაა. ამ დროს ძუძუს ქსოვილში წარმოიშობა გამკვრივებული, გლუვზედაპირიანი უბნები, რომლებიც ქსოვილის სიღრმეში მოძრაობს.
მასტოპათიის, შემდგომ კი ძუძუს კიბოს ჩამოყალიბების რისკფაქტორებია:
. ხშირი სტრესი;

. არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, რომელსაც თან ახლავს ჰორმონული ბალანსის რღვევა;
. მაიონიზებელი რადიაცია;
. ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს წევა;
. სარძევე ჯირკვლის ტრავმა;

. ხშირი აბორტი;
. ნაადრევი (12 წლამდე) მენსტრუაცია და გვიანი (55 წლის შემდეგ) მენოპაუზა;
. ხანმოკლე ლაქტაცია ან მისი არარსებობა;
. სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
. შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ენდოკრინული დაავადებები, იოდის ნაკლებობა;
. ჰორმონული თერაპია;
. სიმსუქნე, მცირე ფიზიკური აქტიურობა;
. მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
რისკების გაცხრილვა
ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოგრაფიულ გამოკვლევას გულისხმობს. არსებითად, ეს რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილი მინიმალურ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ დასხივებას იღებს.
ძუძუს კიბოს სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენა საწყის სტადიაში, როდესაც მისი თვალით შემჩნევა და ხელით შეგრძნება შეუძლებელია.
გახსოვდეთ: ძუძუს კიბოს საწყის სტადიაში განკურნება შესაძლებელია. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, პირველ სტადიაში მისი აღმოჩენისას ასიდან 98 პაციენტი იკურნება!

სკრინინგის პრინციპები
მამოგრაფია ხანმოკლე, მარტივი, უმტკივნეულო პროცედურაა. ის შიშველ მკერდზე ტარდება სპეციალური აპარატით და რამდენიმე წამს გრძელდება.
მამოგრაფიას თან ახლავს უმნიშვნელო დისკომფორტი, რომელსაც ქალები წნევის გაზომვას ადარებენ.
მამოგრაფიისთვის საგანგებო მომზადება არ არის საჭირო, ოღონდ გამოკვლევის დღეს ნუ ისხურებთ დეოდორანტს, ნუ წაიცხებთ კრემს, ნუ მიიფრქვევთ პუდრს.
გაითვალისწინეთ: ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციის დაწყებიდან მე-7-14 დღეს.
მამოგრამას (მამოგრაფიის დროს გადაღებულ სურათს, რომელზეც სარძევე ჯირკვლის ქსოვილია აღბეჭდილი) ორი ექიმი კითხულობს. პასუხს ქალს 10 დღის განმავლობაში აცნობებენ.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც ძუძუს კიბოს სკრინინგი ფართოდ არის დანერგილი, მამოგრაფია ასიდან 95 შემთხვევაში არავითარ საეჭვო ცვლილებას არ ავლენს. განმეორებით კვლევას ექიმი მაშინ გირჩევთ, თუ:
. მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას მოითხოვს;
. ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგები არ იკითხება.
თუ მამოგრაფიამ საეჭვო ცვლილებები გამოავლინა, ექიმი ქალს ექოსკოპიას ან ბიოფსიას ურჩევს, ხოლო თუ სკრინინგის მეშვეობით ვერავითარი ცვლილების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ხელმეორედ გამოკვლევის ჩატარება მხოლოდ ორი წლის
შემდეგ მოგიწევთ.
რა მოხდება მერე
თუ ექიმმა მკურნალობა გირჩიათ, ნუ შეშფოთდებით – ძუძუს დაავადებათა უმრავლესობას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასითებს, თუმცა ყოველ მათგანს დროული და სწორი მკურნალობა სჭირდება, ამისთვის კი, სკრინინგის პროგრამაში მომუშავე ექიმის რჩევით, სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწესებულებას უნდა მიმართოთ. ეს იმიტომ, რომ სკრინინგის პროგრამა მკურნალობას არ ითვალისწინებს.
დაიხსომეთ: სკრინინგის საშუალებით უკვე არსებულ სიმსივნეს აღმოვაჩენთ; მომავალში მის ჩამოყალიბებას ის თავიდან ვერ აგვაცილებს. ძუძუს კიბო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე, შესაძლოა მამოგრაფიის შემდეგ, მომდევნო გამოკვლევამდე არსებულ პერიოდში განვითარდეს. ასე რომ, თუნდაც ძუძუს ქსოვილში ცვლილებები არ აღმოგაჩნდეთ, ყურადღებას ნუ მოადუნებთ და მომდევნო ვიზიტს ნუ გადადებთ.
არ გამოგეპაროთ!
ძუძუს კიბო რომ არ გამოგეპაროთ, ასე მოიქეცით:
. ყოველთვიურად ჩაიტარეთ ძუძუს თვითგასინჯვა მენსტრუაციის დასრულებიდან მე-7-12 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში. ძუძუს თვითგასინჯვის ტექნიკის შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ ჩვენი ჟურნალის ??? წლის ??? ნომერში.
. პროფილაქტიკური გასინჯვისთვის რეგულარულად ეწვიეთ მამოლოგს: 18-დან 35 წლამდე – 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 35 წლიდან – ყოველწლიურად.
. თუ თვითგასინჯვისას ძუძუში საეჭვო ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ექიმს.
. გულისყურით მოეკიდეთ ძუძუში პათოლოგიური პროცესის მაუწყებელ ნიშნებს, მაგალითად, გამონადენს დვრილიდან, მეტადრე – სისხლიანს, ძუძუს დეფორმაციას და ა.შ. 
. თუ 40 წელს გადააბიჯეთ, 2 წელიწადში ერთხელ რეაგულარულად ჩაიტარეთ ძუძუს კიბოს სკრინინგი!
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ რისკის ფაქტორები:
. მენსტრუაციის ნაადრევი, 12 წლამდე ასაკში დაწყება;
. მენოპაუზის დაგვიანება – ციკლის შეწყვეტა 50 წლის შემდეგ;
. ხშირი აბორტი;
. მშობიარობა გვიან ასაკში (თუმცა ყურადღება მაშინაც გმართებთ, თუ არც ერთხელ არ გიმშობიარიათ);
. ხანმოკლე ლაქტაცია;
. საკვერცხეების ქრონიკული ანთებითი დაავადება;
. ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია;
. ძუძუს კიბოს შემთხვევები I და II რიგის ნათესავებში;
. გადატანილი ძუძუს კიბო.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი ამ რისკის ფაქტორებიდან ერთდროულად 4-მა ან მეტმა მოიყარა თავი, ძუძუს კიბოს განვითარების საფრთხე მკვეთრად იმატებს და ქალს განსაკუთრებული ყურადღება მართებს!

***************
როგორ ჩავერთოთ სკრინინგის პროგრამაში
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში ჩართვა შეუძლია სამიზნე ასაკის ყველა ქალს:
. 40-დან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის;
. 25-დან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის.
თუ რომელიმე ამ ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნით, დარეკეთ ეროვნული სკრინინგის ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ნომერზე – (8 32) 220 35 35.
ძუძუს პროგრამული გამოკვლევა უფასოა ორ წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელისა კი – სამ წელიწადში ერთხელ.
სკირნინგის პროგრამები მოქმედებს რეგიონებში, სხვადასხვა სამედიიცნო დაწესებულების ბაზაზე. ინფორმაცია, თუ რომელ სამედიიცნო დაწესებულებას უნდა მიაკითხოს რეგიონის მაცხოვრებელმა ქალმა, შეუძლია მიიღოს ზემოაღნიშნულ ტელეოფნის ნომერზე. 
იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე, იზრუნე მომავალზე!
სკრინინგს სახელმწიფო ან დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის – თუ ასეთი ტესტები ხელმისაწვდომი არ იქნა, მათში საზოგადოების ჩართვა გაძნელდება.
საქართველოში სხვადასხვა დაავადების სკრინინგის პროგრამა მოქმედებს.
. ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის, ხოლო საშვილოსნოსი – 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს.
. პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს უტარდებათ, ხოლო სწორი ნაწლავიდან ფარული სისხლდენის სკრინინგი – ორივე სქესის წარმომადგენლებს 50-დან 70 წლამდე.
მოქმედებს სკრინინგული პროგრამები ბავშვებისთვისაც:
. განვითარების შეფერხების სკრინინგი – ტარდება 6 წლამდე, ხელს უწყობს სკოლისთვის ბავშვის მზაობის შეფასებას;
. სმენის დარღვევათა სკრინინგი – დაბადებიდან, სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.
პერიოდულად, გრანტებისა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება სხვა დაავადებების სკრინინგიც. ამკერად კერძო ინიციატივით ტარდება დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი და მკურნალობა.
-----------------------
ეს საინტერესოა

ბოლო ხანს პროსტატის კიბოს სკრინინგის მიზანშეწონილობაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც სკრინინგის პროგრამების ეფექტიანობას იკვლევდა. აქაური ექსპერტების აზრით, პსა-ტესტირება მამაკაცებში არ ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს, ისევე როგორც ამ სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ეს მონაცემები პსა-ტესტირების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა უკვე მრავალ ქვეყანაში შეჩერდა, რადგან მისთვის დახარჯულმა თანხამ სარგებელს გადააჭარბა.
ასე უფრო სწორია
 სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი საქართველოშიც ტარდება, თუმცა არა ისე აქტიურად, როგორც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. 
სკრინინგტესტი განავალში ისეთი უმნიშვნელო ოდენობის სისხლსაც კი ავლენს, რაც, ჩვეულებრივ, არ ჩანს კუჭის მოქმედების დროს. სკრინინგის ამ მეთოდს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი ეწოდება. ფეკალურ მასებში ფარული სისხლდენის ტესტისთვის მასალას სახლის პირობებში იღებენ _ განავლის სინჯს უსვამენ სპეციალურ ფირფიტაზე, რომელსაც შემდეგ ლაბორატორიაში გზავნიან. პროცედურაა სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს.
მსხვილი ნაწლავის კიბოს დი
აგნოსტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება კი კოლონოსკოპიაა. ის, წესისამებრ, ფარული სისხლდენის ტესტის პარალელურად ტარდება. ალბათ იკითხავთ: რა საჭიროა კოლონოსკოპიის ჩატარება, თუ ფარული სისხლდენის ტესტმა ნორმიდან გადახრა აჩვენა? გადახრის მიზეზი შესაძლოა სულაც არ იყოს ავთვისებიანი სიმსივნე, ამიტომ დიაგნოზის დასაზუსტებლად კოლონოსკოპიური გამოკვლევა აუცილებელია. ფარული სისხლდენის გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შემოგთავაზებენ ვიზიტს შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით კოლონოსკოპიის შესახებ და შეაფასებს, ესატყვისება თუ არა ამ პროცედურას თქვენი მდგომარეობა.
უფრო და უფრო იშვიათი
არსებობს მძიმე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდშივე ყალიბდება. ეს ის დაავადებებია, რომლებსაც თანდაყოლილი მემკვიდრეობითი სნეულებების სახელით ვიცნობთ და რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის უმცირესი ნაწილის – გენის ან გენების ნაკრების ცვლილებით არის განპირობებული.
ასეთი დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა ანუ სკრინინგი მრავალ ქვეყანაში წარმოებს. მას ან მუცლადყოფნის პერიოდშივე მიმართავენ (პრენატალური სკრინინგი), ან ახალშობილობისას (ახალშობილთა სკრინინგი).
გენეტიკური სკრინინგის ჩასატარებლად გამბედაობა პირველად ფრანგებმა მოიკრიბეს. ახალშობილთა სკრინინგის იდეა ევროკავშირის იშვიათ დაავადებათა ექსპერტების შეხვედრაზე დაიბადა, ხოლო პრენატალური სკრინინგის იდეის ავტორები საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჟ დი ფრანსის თანამშრომლები იყვნენ. ამით საფუძველი ჩაეყარა გენეტიკური ტესტირების მეთოდს, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევდა, დროულად მიეღოთ ინფორმაცია პატარას ჯანმრთელობის შესახებ. ამჟამად პრენატალური სკრინინგის მიზანია:
. მშობელს დროულად
 ეცნობოს ნაყოფის ან ემბრიონის განვითარების მანკების შესახებ, რათა მკურნალობა, თუ ეს, საერთოდ, შესაძლებელია, მუცლადყოფნის პერიოდშივე მოხდეს, ანდა ბავშვის დაბადებისთანავე დაიწყოს, რადგან ზოგიერთი თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიის დროს სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ახალშობილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, ხოლო თუ მკურნალობა შეუძლებელია, ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ნაყოფის შენარჩუნებისა თუ მოცილების თაობაზე;
. მშობლებს მიეცეთ ფსიქოლოგიური მომზადებისა და იმ ფინანსური დანახარჯის განსაზღვრის საშუალება, რომელიც ამგვარი ბავშვის აღზრდას ახლავს თან, ასევე – დრო იმ დახმარებისა თუ შეღავათების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ამა თუ იმ გენეტიკური პათოლოგიის მქონე ბავშვს.
რას ვცხრილავთ?
ახალშობილთა სკრინინგი დღეს მრავალ ქვეყანაში ტარდება, თუმცა აღმოსაჩენი დაავადებების საყოველთაო ნუსხა არ არსებობს. ზოგან თუ ორი გენეტიკური დაავადების სკრინინგი ტარდება, ზოგან მათი რიცხვი ოცდაათს აღწევს. უმეტესად კი პრენატალური სკრინინგი მიმართულია ისეთი პათოლოგიების აღმოსაჩენად, როგორებიცაა ნერვული მილის დეფექტი (სპინა ბიფიდა), დაუნის სინდრომი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თალასემია, ცოსტოფიბროზი, კუნთოვანი დისტროფია. ზოგიერთ ქვეყანაში პრენატალურ გამოკვლევას ორსულობის ადრეულ ეტაპზე ნაყოფის სქესის დასადგენად მიმართავენ, რაც, უმეტესად – აზიის ქვეყნებში, ხელს უწყობს სქესთან დაკავშირებული (არასასურველი სქესის ბავშვის მოსაცილებლად გამიზნული) აბორტების რიცხვის ზრდას. მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია ძალისხმევას არ იშურებს ამგვარი “სელექციის” თავიდან ასაცილებლად.
ახალშობილთა სკრინინგს კანონიერი საფუძველი ევროპის 17 ქვეყანაში აქვს. აქედან მხოლოდ 9 ქვეყანაში ითხოვენ მშობლების ნებართვას. 2 ქვეყანაში მშობელთან შეთანხმება კატეგორიულად არის აკრძალული. 12 ქვეყანაში მშობელს პოსტ ფაქტუმ აყენებენ საქმის კურსში.
როგორ და როდის
პრენატალური სკრინინგი ძირითადად ამნიოცენტეზსა და ულტრასონოგრაფიას მოიცავს, თუმცა ზოგიერთი კლინიკა უფრო მაღალტექნოლოგიურ მეთოდებსაც მიმართავს. ზოგი მათგანი მეტად ინვაზიურია, ზოგი – ნაკლებად.
პრენატალურ სკრინინგს მუცლის მოშლის მცირე ალბათობა ახლავს თან, რასაც ექიმი ყოველთვის აცნობებს მომავალ დედას. აბორტის საფრთხის გამო გენეტიკურ ტესტირებას, წესისამებრ, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული რისკფაქტორების არსებობისას ატარებენ. რისკის ხარისხს სპეციალური მეთოდით გამოთვლიან. სახელდობრ, ადგენენ, რამდენად არის გავრცელებული მოსახლეობაში კონკრეტული დაავადება. პრენატალური სკრინინგი მიზანშეწონილად რომ ჩაითვალოს, მაჩვენებელი 1:270 (ზოგიერთი მეცნიერის მიხედვით, 1:300-ს) და ამაზე ნაკლები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც სკრინინგი მინიმალური რისკის დროსაც (1:1000) კი ტარდება, ხოლო ისეთი მაღალი რისკის შემთხვევაში, როგორიც 1:10-ია, გენეტიკური ტესტირება შესაძლოა არც კი ჩატარდეს.
პრენატალურ ტესტირებას უმეტესად მაშინ მიმართავენ, როდესაც რისკის ფაქტორი რამდენიმეა:
. ორსულის ასაკი აღემატება 35 წელს;
. წინა ერთი ან რამდენიმე ორსულობა თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ნაყოფის გაჩენით დასრულდა (განსაკუთრებით აქტუალურია პათოლოგიები, რომლებიც გულის დეფექტებს იწვევს);
. ორსულს აქვს მაღალი არტერიული წნევა, წითელი მგლურა, დიაბეტი, ასთმა ან ეპილეფსია;
. წინაპრებს ჰქონდათ რომელიმე გენეტიკური დაავადება;
. ორსულს გადატანილი აქვს ერთი ან მეტი სპონტანური აბორტი;
. ორსულობა მრავალნაყოფიანია.
გენეტიკური ტესტირების პასუხს დიდხანს ლოდინი არ სჭირდება. სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, რადგან ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადების მკურნალობა უმალვეა დასაწყები. პასუხს უმეტესად რამდენიმე დღეში მიიღებთ. სხვა შემთხვევებში ლოდინი მინიმუმ ერთი დღე, მაქსიმუმ ერთი კვირა მოგიხდებათ.
არჩევანი ვისზეა?
მშობლისთვის სკრინინგის შედეგის გაცნობისა და მის არჩევანში ექიმის ჩარევის მეთოდიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.
მაგალითად ისევ საფრანგეთს მოვიყვანთ, სადაც დაუნის სინდრომის სკრინინგი 2009 წელს დაინერგა. სკრინინგტესტირება ორ მეთოდს მოიცავს: ადრეულ სონოგრამას (ულტრაბგერით სკანირებას) და ორსულობის პირველ ტრიმესტრში ორსულის სისხლის გაღრმავებულ კვლევას. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასეთ სკრინინგზე ორსულთა (უფრო სწორად, წყვილთა) მხოლოდ 80%-ია თანახმა. დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში კი ამნიოცენტეზს მიმართავენ. იმავე დაკვირვების თანახმად, ექიმთა მხოლოდ 32% აძლევს წყვილს სწორ ინფორმაციას სკრინინგის მოსალოდნელი შედეგის შესახებ. საფრანგეთსა და ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში ბევრმა ქალმა არც კი იცის, რომ სკრინინგის უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც კი (ანუ მაშინ, როდესაც ტესტი პათოლოგიას არ ავლენს), არსებობს რისკი, ახალშობილი სხვა ტიპის პათოლოგიით დაიბადოს. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ამნიოცენტეზის დროს არსებობს მუცლის მოშლის რისკიც – მცირე, მაგრამ მაინც.
ამჟამად მეცნიერები დაუნის სინდრომის სკრინინგის უფრო დახვეწილი და უსაფრთხო მეთოდის შემუშავებას ცდილობენ. გარდა ამისა, იქმნება გაიდლაინები და საერთაშორისო სტანდარტები, რომლებითაც ისარგებლებენ ექიმები მშობლებისთვის დიაგნოზის გაცნობის დროს. მრავალ ქვეყანაში იზრდება სოციალური მუშაკების როლი – ისინი იმუშავებენ ოჯახებთან, რომლებიც გენეტიკური პათოლოგიის მქონე ბავშვს ელოდებიან. სწორედ მათ ევალებათ მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ყველა იმ სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლებიც გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
ახალშობილთა სკრინინგი
ერთ-ერთი დაავადება, რომლის აღმოსაჩენადაც მიმართავენ ახალშობილთა სკრინინგს, ფენილკეტონურიაა. ეს არის პათოლოგია, რომელიც ამინმჟავა ფენილალანინის სინთეზის დარღვევით გამოიხატება და საბოლოოდ გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს.ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი დაბადებიდან 48 საათის შემდეგ ტარდება, მიზანშეწონილია, ამ ორი პათოლოგიის სკრინინგი განხორციელდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 და არა უგვიანეს 72 საათისა.
აშშ-სა და ევროპაში ახალშობილებს მასობრივად იკვლევენ ფენილალანინზე. ყველაზე მარტივია შარდში მისი შემცველობის შემოწმება სამქლორიანი რკინის 5%-იანი ხსნარისა და რამდენიმე წვეთი ძმარმჟავას საშუალებით. თუ ფენილალანინი ნორმაზე მეტია, შარდი მწვანედ იღებება (ფელინგის სინჯი). ფენილალანინის განსაზღვრა სისხლის პლაზმაშიც შეიძლება. საამისოდ იყენებენ გატრის მიკრობიოლოგიურ ტესტს. ფენილალანინის შემცველობა სისხლში 2-6 მგ`დლ-ზე მეტი არ უნდა იყოს.
ახალშობილებში დროულ სკრინინგს ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მან შესაძლოა ისეთი დაავადებები გამოავლინოს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ფატალურად სრულდება.
ახალშობილთა სკრინინგის მეთოდების უმრავლესობა მეტაბოლური ცვლის შესწავლას გულისხმობს, რაც სხვა არაფერია, თუ არა სისხლის ნიმუშის კვლევა ფერმენტებზე. ახალშობილთა სკრინინგის არანაკლებ გავრცელებული სახეებია სმენის სკრინინგი და გულის თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგი.
ახალშობილთა სკრინინგი არაინვაზიური და ძალიან მარტივია. მაგალითად, მეტაბოლური სკრინინგი სპეციალური ტესტფურცლებით ტარდება.
ახალშობილთა სკრინინგის მეთოდოლოგიები და იმ დაავადებათა ნუსხა, რომელიც სკრინინგს საჭიროებს, გამუდმებით ივსება. მსოფლიოში დანერგილი მეთოდოლოგიები საქართველოშიც აპრობირებულია, თუმცა მათ ყველა კლინიკა არ იყენებს.
რას ვხედავ?
ბავშვებში სკრინინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს ბუნებრივიც არის, რადგან პათოლოგიის დროული გამოვლენა დროული მკურნალობისა და ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალშობილებს რამდენიმე ტიპის ტესტირებას უტარებენ: თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიების გამოსავლენად (ვრცლად ამის შესახებ ?-? გვერდებზე წაიკითხავთ), სიყრუის დასადგენად და გულის ფუნქციის შესამოწმებლად.გენეტიკური პათოლოგიების სკრინინგი სისხლის ნიმუშების ანალიზით ხორციელდება, სმენას სპეციალური ხელსაწყოთი ამოწმებენ, რომელსაც ექიმი პაწიას ყურში ათავსებს, გულის ფუნქციის შესამოწმებლად კი პულსური ოქსიმეტრია ტარდება – იზომება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონე. ამისთვის ბავშვის ტერფზე ან ხელის თითზე სპეციალურ სენსორს ათავსებენ.აშშ-ში ახალშობილებს მხედველობასაც უმოწმებენ, სხვა ქვეყნებში კი ეს გამოკვლევა შედარებით მოზრდილ ასაკში ტარდება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დღენაკლულებს, რომლებსაც შესაძლოა დღენაკლულთა რეტინოპათია აღმოაჩნდეთ – მძიმე პათოლოგია, რომელიც დროული ჩარევის გარეშე სიბრმავით სრულდება.
სავალდებულოა ბავშვის მხედველობის შემოწმება დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში (ამას უკვე უბნის პედიატრი აკეთებს). სავსებით მშვიდად რომ ვიყოთ, სასურველია, იგივე გამოკვლევა პატარამ 3,5 და 5 წლის ასაკშიც გაიაროს.
ყოველწლიურად მოწმდებიან ბავშვები, რომლებიც სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს ატარებენ. საქართველოში მხედველობის სკრინინგი სასკოლო ასაკში, პირველ კლასში ტარდება. ექიმთა გარკვეული ჯგუფები დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგსაც ეწევიან, თუმცა საერთო ჯამში ბავშვის მხედველობის მეთვალყურეობა ჩვენში გაცილებით სუსტად არის განვითარებული, ვიდრე აშშ-სა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ამიტომ მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რათა დროულად შეამჩნიონ, რომ პატარა ცუდად ხედავს.
საყურადღებო ნიშნებია:
. თვალების მუდმივი სრესა;
. სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
. საგნებისთვის თვალის გაყოლებისა და მზერის ფოკუსირების სირთულე;
. თვალის კაკლების უცნაური მოძრაობები (ეს ნიშანი უპირატესად 6 თვის შემდეგ იჩენს თავს);
. თვალის ქრონიკული სიწითლე და ცრემლდენა;
. გუგის ფერის ცვლილება.
სასკოლო ასაკში მხედველობის პრობლემებს გვაეჭვებინებს დაფაზე კითხვის და, საზოგადოდ, კითხვის სირთულე, კითხვისას თვალების ჭუტვა, ტელევიზორთან ახლოს ჯდომა, კომპიუტერის ეკრანზე “ცხვირის მიდება”.
რას შეიძლება ველოდეთ
ბავშვებს ყველაზე ხშირად მხედველობის შემდეგი პორბლემები აწუხებთ:
. ამბლიოპია, რომელსაც სხვაგვარად “ზარმაც თვალსაც” უწოდებენ. მისი დროული მკურნალობა აუცილებელია, რადგან გაზარმაცებულმა თვალმა შესაძლოა თანდათან დაკარგოს ხედვის უნარი. პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო დრო სკოლამდელი ასაკია.
. სტრაბიზმი ანუ სიელმე – მდგომარეობა, როდესაც თვალის კაკალი არასწორი კუთხით არის შებრუნებული: გარეთ, შიგნით, ზემოთ ან ქვემოთ. ამ პრობლემას ხშირად ამბლიოპიაც ახლავს თან. სტრაბიზმის კორექციისთვის ბავშვს ოპერაციას ან სპეციალური სათვალის ტარებას ურჩევენ.
. რეფრაქციის მანკები – შორსმხედველობა და ახლომხედველობა, ასევე – ასტიგმატიმი. მათი კორექციისთვის უმეტესად სათვალესა და კონტაქტურ ლინზებს იყენებენ.
სხვა პათოლოგიებიდან აღსანიშნავია რეტინობლასტომა, ახალშობილთა კატარაქტა და გლაუკომა. ამჯერად მათზე არ შევჩერდებით, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ახალშობილობის ასაკში მათ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გააზიარე: