მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია

გააზიარე:

 ყოველგვარი დაავადების წარმატებული მკურნალობის საწინდარი სწორი დიაგნოზია. მის გარეშე მკურნალობას აზრი არ აქვს. საუკუნეების განმავლობაში დაავადებათა დიაგნოსტიკა მხოლოდ ექიმის ცოდნაზე, გამოცდილებასა და, პირდაპირი მნიშვნელობით, სმენასა და მხედველობაზე იყო დამოკიდებული. დღეს მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია, დიაგნოსტიკის მეთოდები დღითი დღე იხვეწება და მდიდრდება. მთელ ამ სპექტრში განსაკუთრებული ადგილი უკავია მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას. მისი მეშვეობით თითქმის ყოველგვარი ანატომიური დაზიანების აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგრამ რა მაღალტექნოლოგიურიც უნდა იყოს კვლევა, კვალიფიციური ექიმის გარეშე მასაც აზრი ეკარგება.
მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიაზე, მის ჩვენებებსა და უკუჩვენებებზე “ავერსის კლინიკის” რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ საინიშვილი გვესაუბრება.

– რას ემყარება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
– ეს კვლევა ემყარება ფიზიკურ მოვლენას – ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსს, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნება რენტგენის სხივის უნარს, სხვადასხვა სიმკვრივის ქსოვილში სხვადასხვანაირად გააღწიოს. ყველა ცოცხალ ორგანიზმში არის წყალბადის პროტონები, რომელთაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვთ. ძლიერი გარეგანი მაგნიტური ველის ზემოქმედებით ეს პროტონები ენერგიას გამოასხივებს. სწორედ ამ ენერგიის აღრიცხვა ხდება მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფზე. ეს ნიშნავს, რომ კვლევის დროს ორგანიზმი დასხივებას არ განიცდის. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის საზიანო ზემოქმედება მრტ-ს არ ახასიათებს. ეს მისი საკმაოდ დიდი უპირატესობაა სხვა მაღალტექნოლოგიურ მეთოდებთან შედარებით.
– საჭიროა თუ არა კვლევის წინ მომზადება?
– ნატიური კვლევისთვის განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის. მხოლოდ მაშინ, თუ კვლევა ნარკოზით ტარდება, პაციენტს უწევს ექიმის განსაზღვრული მითითებების შესრულება. ერთი პაციენტის კვლევისთვის სტანდარტულად ნახევარი საათია გამოყოფილი. უმეტეს კვლევას ეს დრო ჰყოფნის. სპეციფიკური კვლევები კი, რომლებიც კონტრასტირებას მოითხოვს, 40-50 წუთი გასტანს.
– რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებენ  მრტ-ს?
– თანამედროვე მრტ აპარატი პრაქტიკულად ყველა ორგანოს კვლევისას გამოიყენება, გარდა ფილტვებისა და ღრუ ორგანოებისა (კუჭი, ნაწლავები). ფილტვები სუნთქვის დროს მოძრაობს, რაც კვლევას ხელს უშლის. ამასთან, მასში პარენქიმის წილი ჰაერთან შედარებით მცირეა, მრტ კი უფრო ქსოვილოვანი სტრუქტურების შესაფასებლადაა მოწოდებული. არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ფილტვის მრტ-ს მოითხოვს, ოღონდ ამ შემთხვევაში კვლევას სუნთქვას უთავსებენ ანუ ატარებენ ან ჩასუნთქვის, ან ამოსუნთქვის პიკზე. იმავე მიზეზით, ქსოვილოვანი ფენის სიმცირის გამო, არ ტარდება მრტ ღრუ ორგანოებზე. მას უმთავრესად პარენქიმული ორგანოების – ღვიძლის, პანკრეასის, თირკმლის, თირკმელზედა ჯირკვლის, პროსტატის და სხვათა – საკვლევად იყენებენ, კვლევათა 60-70% კი თავის ტვინის წილად მოდის. 
– მართლა ყოველგვარი ანატომიური დაზიანების აღმოჩენაა შესაძლებელი?
– შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მრტ-ს მეშვეობით ვერ ვხედავთ ფუნქციური ხასიათის ცვლილებებს, მაგრამ მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა, რათა ანატომიური ნიშნების საფუძველზე შევძლოთ ფუნქციური დარღვევების დიაგნოსტიკაც. სპექტროსკოპია, ტრაქტოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსური კვლევის სხვა სპეციფიკური მეთოდები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
– როდისაა უკუნაჩვენები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
– ამჟამად ძირითადი, სასიცოცხლო უკუჩვენებაა გულის რიტმის იმპლანტირებული წამყვანი. პეისმეიკერიანი პაციენტის მაგნიტურ ველში მოხვედრა კატეგორიულად იკრძალება. ყველა დანარჩენი იმპლანტი დაიხვეწა და გამოდის მაგნიტურად ინერტული შემადგენლობით. შესაბამისად, ის, რაც 10-20 წლის წინ აბსოლუტური უკუჩვენება იყო ნელ-ნელა შეფარდებითი ხდება. მაგალითად, კორონარული სტენტის იმპლანტაციიდან 8 კვირის შემდეგ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა სრულიად უსაფრთხოა, წლების წინ კი ასეთი რამ შეუძლებელი იყო.
– ორსულობის დროს თუ შეიძლება კვლევის ჩატარება?
– ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მრტ-ს ჩატარება თამამად შეიძლება, პირველ ტრიმესტრში კი მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების დროს არის მიზანშეწონილი.
– პაციენტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თავად კვლევის პროცესია. ნახევარი საათი გვირაბში გაუნძრევლად წოლას სპეციფიკური ხმაც ემატება, რაც ზოგიერთზე საკმაოდ მძიმედ მოქმედებს.
– ამ მართლაც შემაწუხებელ ხმაურს მუშაობის პროცესში ზეგამტარი მაგნიტი გამოსცემს. მის შესამცირებლად სპეციალურ ყურსაცვამებს ვიყენებთ. რაც შეეხება დახურულ სივრცეს, კლაუსტროფობიის დროს შეიძლება კვლევის ჩატარება ღია მაგნიტზე, – ეს გახლავთ დაბალი სიმძლავრის მაგნიტი, რომელსაც მილის ფორმა არ აქვს, – ან ალტერნატიული საშუალების – კომპიუტერული ტომოგრაფისი გამოყენება, ანდა, თუ მრტ აუცილებელია, მისი ჩატარება მედიკამენტური სედაციით. 
– რას გულისხმობს კონტრასტული კვლევა?
– ეს კვლევის სპეციფიკური მეთოდია. ვენაში შეგვყავს კონტრასტი, რომლის ფონზეც უფრო მკაფიოდ გამოისახება მაგისტრალური სისხლძარღვები და სხვადასხვა წარმონაქმნი. ინტრავენური კონტრასტირებით კვლევა რუტინულად არ ტარდება. ის მაშინ ინიშნება, როდესაც ნატიური კვლევით აღმოჩენილი საეჭვო უბნის მეტი დეტალიზაციაა საჭირო. სპეციფიკურ კვლევებს მიეკუთვნება მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფია. ესეც კონტრასტული კვლევაა, კონტრასტის ფასის გამო საკმაოდ ძვირად ღირებული, და მამოლოგის დანიშნულებით უტარდებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ულტრაბგერითი მამოგრაფია, კონვენციური რენტგენომამოგრაფია და განსაზღვრული ნიუანსების დაზუსტება სჭირდებათ. ესენი უმთავრესად ონკოლოგიური პაციენტები არიან. მრტ ასევე გამოიყენება პოსტოპერაციული მონიტორინგისთვის ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის რეციდივისგან განსასხვავებლად, ინტრამამალური იმპლანტების მდგომარეობის შეფასებლად...
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის სპეციფიკური მეთოდია სპექტროსკოპიაც. მას უმთავრესად თავის ტვინის კვლევისთვის ვიყენებთ, თუმცა შეიძლება პროსტატასა და თირმელზეც ჩატარდეს. სპექტროსკოპიის დროს თავის ტვინში ძირითადი მეტაბოლიტების სპექტრული ანალიზი ხდება. ქოლინის, აცეტილასპარტატის, ლაქტატის და სხვათა პიკების შეფასებით განვსაზღვრავთ, ესა თუ ის წარმონაქმნი მეტად ავთვისებიანია თუ არა. ეს დამხმარე მეთოდი არა იზოლირებულად არამედ ძირითად კვლევებთან ერთად გამოიყენება. 
– ოპერაციის მსვლელობისას თუა შესაძლებელი მაგნიტურ-რეზონანსული კველვის წარმოება?
– ინტრაოპერაციული მრ კვლევა, ცხადია, არსებობს, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულია.მას ევროპისა და ამერიკის ზოგიერთი საუნივერსიტეტო კლინიკაც კი ვერ ატარებს. თავად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც ოპერაციის დროს გამოიყენება, დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ტომოგრაფისგან. საქმე ის არის, რომ საოპერაციო ინვენტარი მთლიანად ინერტული მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, ეს კი ძალზე ძვირი სიამოვნებაა.
– რამდენად დიდია კვლევის შედეგად ცდომილების ხარისხი?
– ანატომიური სტრუქტურების კვლევისას რეალურ სურათთან ყველაზე მიახლოებული მეთოდი ჯერჯერობით სწორედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა. მისი მგრძნობელობა და სიზუსტე 96-97% აღწევს. თუმცა არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორებიც. აქ საქმე, უპირველესად, პაციენტის მიერ მკვლევარის მითითებათა შესრულებას ეხება. მოძრაობა კვლევისთვის არტეფაქტია და თუ პაციენტმა ინსტრუქციები არ დაიცვა, შესაძლოა, გამოსახულება უხარისხო აღმოჩნდეს. ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად ექიმსაც. სამწუხაროდ, პაციენტებს ჰგონიათ, რომ დიაგნოზს აპარატი სვამს. სინამდვილეში აპარატით მხოლოდ გამოსახულება მიიღება. დიაგნოსტიკა კი ექიმის პრეროგატივაა. მეტიც, თავად გამოსახულების მიღებაც კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად აირჩევს მკვლევარი კვლევის რეჟიმს. სხვადასხვა ორგანოსთვის, სისტემისთვის, ანატომიური სტრუქტურისთვის სხვადასხვა რეჟიმია საჭირო. დაბოლოს, რასაკვირველია, აუცილებელია ინტერპრეტაციის სიზუსტეც, რაც იმ ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული, რომელიც დასკვნას წერს.
– აქვს თუ არა მნიშვნელობა აპარატის ხარისხს?
– აპარატის ხარისხს, ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ინსტალაციის დროს ახალი იყოს და მწარმოებელმა ფირმამ დაამონტაჟოს. ჩვენს კლინიკაში დღეს ორი ტომოგრაფია და ამ მოთხოვნებს ორივე აკმაყოფილებს. იგეგმება მესამე ტომოგრაფის შეძენაც, რომელიც ასევე ახალი იქნება და მწარმოებლის მიერ დამონტაჟდება.
გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: