ექიმთან მივდივართ

გააზიარე:

თანამედროვე მედიცინა დაავადებათა პრევენციაზეა ორიენტირებული. ეს არც არის გასაკვირი – მრავალი გამოკვლევა მოწმობს, რომ მკურნალობა გაცილებით რთული და ძვირად ღირებული საქმეა, ვიდრე პროფილაქტიკა. ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებთან, ამიტომ პედიატრია არა მხოლოდ ავადმყოფი ბავშვის კვლევასა და მკურნალობას, არამედ ჯანმრთელის განვითარების მონიტორინგს, დაავადებათა პროფილაქტიკას და მათ დროულ გამოვლენასაც მოიცავს.

იმის შესახებ, როდისაა საჭირო პედიატრთან ვიზიტი, “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრება:

 

– სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურად იზრდება, ყოველთვიურად იმატებს წონას, სიგრძეს, სხეულის სხვა პარამეტრებიც სწრაფად ეცვლება. იწყება მისი ინტელექტუალური განვითარებაც. ყველა ამ მაჩვენებელს პერიოდული შემოწმება სჭირდება, რადგან ნორმიდან გადახრა დროულად თუ არ შეფასდა და აღმოიფხვრა, შემდგომ მისი გამოსწორება ძალზე ძნელია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც, ამიტომ ადრეულ ასაკში ჯანმრთელი ბავშვი პედიატრთან უფრო ხშირად მიგვყავს: სიცოცხლის პირველ თვეებში – ყოველთვიურად, მერე – 6, 9, 12 თვის ასაკში. ეს იმას ნიშნავს, რომ პედიატრს მივმართავთ მაშინაც, როცა ბავშვი ავადაა და მაშინაც, როცა ის ჯანმრთელია.

 

ვიზიტის ფარგლებში

ვიზიტის დროს ექიმი ბავშვს აწონის, გაუზომავს სხეულის სიგრძეს, თავის გარშემოწერილობას, გასინჯავს, შეაფასებს მის ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებას, რაც გულისხმობს პატარას პოზის, რეფლექსების, მოძრაობის, ინტელექტუალური განვითარების შეფასებას. ვიზიტზე ასევე ფასდება ბავშვის ორგანოთა სისტემების მდგომარეობა, მოწმდება იმუნიზაციის სტატუსი, კვება, დადგენილი პერიოდულობით უტარდება საჭირო ლაბორატორიული კვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები: ოფთალმოლოგისა – 3 თვის ასაკში, ორთოპედისა და ნევროლოგისა – 2 თვის ასაკში, 4-9 თვეზე – სისხლის საერთო ანალიზი, 18 თვეზე – აუტიზმის სკრინინგი. ბავშვის განვითარება და შინაგანი ორგანოების მდგომარეობა ყველა ვიზიტის დროს ფასდება, ხოლო თუ გეგმური ვაქცინაციაა საჭირო, პატარას აცრაც ჩაუტარდება. საქართველოს ეროვნული კალენდრის მიხედვით, აცრების სერია 2 თვიდან იწყება და 14 წლის ასაკში სრულდება. აცრები ტარდება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჰემოფილუსის ჩხირის, B ჰეპატიტის, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციების, წითელას, წითურას, ყბაყურას წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ექიმი, ბავშვის ასაკისა და მდგომარეობის შესაბამისად, გაგიწევთ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, მოგცემთ რჩევა-დარიგებას ბავშვის შემდგომი მოვლისა და კვების შესახებ, უპასუხებს თქვენს ყველა კითხვას და, დასასრულ, მომდევნო შეხვედრის თარიღს დაგითქვამთ.

ბავშვის ექიმთან ვიზიტის მეორე მიზეზი მისი ავადმყოფობაა. ამ დროს შეგიძლიათ წინასწარ შეათანხმოთ ვიზიტი პედიატრთან და დათქმულ დროს ეწვიოთ კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად.

 

როდის ავცრათ პატარა

დადგენილია, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში დაიწყება და დასრულდება პროფილაქტიკური აცრების კურსი, მით უფრო ნაკლებია აცრის შემდგომი რეაქციებისა და გართულებათა განვითარების ისედაც მცირე რისკი, ამიტომ მიზანშეწონილია, ბავშვის იმუნიზაცია 2 თვიდან დაიწყოთ. აცრის ჩვენებებსა და უკუჩვენებებს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი ექიმი თავად განსაზღვრავს.

– როდის ვითარდება აცრის შემდგომი რეაქციები და რა ვიღონოთ?

– აცრის შემდეგ პატარას შესაძლოა ტემპერატურამ აუწიოს. ეს აცრის შემდგომი რეაქციაა და იმუნური სისტემის რეაქციაზე მიუთითებს. ტემპერატურის მომატება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა 48 საათი გაგრძელდეს, ხოლო წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგომ ცხელება შესაძლოა მე-5-7 დღეს დაიწყოს. ნუ შეშინდებით, მისდიეთ თქვენი ექიმის რჩევებს და ბავშვს სათანადო დოზით მიეცით სიცხის დამწევი პრეპარატი. ის ვაქცინის შეყვანის ადგილას განვითარებულ ტკივილსაც დაუამებს და ტემპერატურასაც დაუწევს.

აცრის წინ ნუ მისცემთ ბავშვს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტს ექიმის დანიშნულების გარეშე. გახსოვდეთ, ასეთი მედიკამენტები ჰისტამინის გამომუშავებას თრგუნავს, ეს უკანასკნელი კი იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს. აცრის შემდეგ სწორედ ამ რეაქციებზეა დამოკიდებული სრულყოფილი იმუნიტეტის წარმოქმნა.

 

რჩევები ექიმთან ვიზიტის წინ

ექიმთან მომზადებული რომ მიხვიდეთ, სასურველია, შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

* აუცილებლად წინასწარ ჩაიწერეთ ყველა ის კითხვა, რომელიც გაგიჩნდათ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ბავშვის ჯანმრთელობასა თუ მის განვითარებასთან დაკავშირებით, რათა ვიზიტის დროს ექიმს დაუსვათ.

* თან იქონიეთ ბავშვის შესახებ ყველა ჩანაწერი, დანიშნულება თუ დოკუმენტი.

* თუ პატარას თავად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიეცით რომელიმე მედიკამენტი, თან იქონიეთ მისი ფლაკონი (ან ანოტაცია).

 

დაუყოვნებელი ვიზიტი

ბავშვი ზრდასრული ადამიანისგან არა მარტო ზომებით, არამედ ორგანოთა სისტემების ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებითაც განსახვავდება. სწორედ ამ განსხვავების გამოა, რომ მრავალი დაავადება მხოლოდ ბავშვებთან ან მხოლოდ ზრდასრულებთან გვხვდება. ბავშვის ორგანიზმის უმწიფრობა განაპირობებს იმასაც, რომ ამა თუ იმ დაავადების ფონზე მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად დამძიმდეს და საჭირო გახდეს, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ამისთვის საშიშროების ზოგადი ნიშნების შეფასება მოგიწევთ.

საშიშროების ზოგადი ნიშნები ის სიმპტომებია, რომლებიც ბავშვის მძიმე მდგომარეობაზე მიგვითითებს. მათი გაჩენა გვაუწყებს, რომ სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ბავშვის მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

შეგვიძლია, ეს ნიშნები ორ ჯგუფად დავყოთ: 1 კვირიდან 2 თვემდე და 2 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

1 კვირიდან 2 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის საშიშროების ზოგადი ნიშნებია:

* გულყრა (კრუნჩხვა);

* უჩვეულო ძილიანობა – ამ დროს ბავშვის გაღვიძება ძალიან ძნელია;

* ჩვეულებრივზე ნაკლები მოძრაობა;

* სუნთქვის გახშირება (წუთში 60 და მეტი სუნთქვა);

* ნესტოების ვიბრაცია;

* გულმკერდის გამოხატული ჩადრეკა;

* ხმაურიანი სუნთქვა;

* ამობურცული ყიფლიბანდი;

* სხეულის ტემპერატურის მომატება 37,50ჩ-მდე და მეტად;

* სხეულის ტემპერატურის დაქვეითება 35,50ჩ-ზე მეტად;

* ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან;

* ჭიპზე ან მის გარშემო კანის გაწითლება;

* უხვი ჩირქოვანი გამონაყარი კანზე.

2 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საშიშროების ზოგადი ნიშნებია:

* გულყრა;

* უჩვეულო ძილიანობა, მოდუნება;

* საკვებისა და სითხის მიღებაზე უარის თქმა;

* ღებინება ყოველი კვებისა და სითხის მიღების შემდეგ.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი გულყრის შემთხვევაში?

– გულყრა ანუ კრუნჩხვა ეპილეფსიის დამახასიათებელი ნიშანია. ის შესაძლოა განვითარდეს ნერვული სისტემის ინფექციის (მენინგიტის, ენცეფალიტის), ინტოქსიკაციის დროს. გულყრა ვითარდება წყლისა და მინერალური ცვლის მოშლის შემთხვევაშიც. ბავშვებთან ხშირია ე.წ ფებრილური გულყრა, რომელიც მაღალი ცხელების დროს ვითარდება.

გულყრის შემთხვევაში მშობელმა ბავშვი უნდა დააწვინოს გვერდულად უსაფრთხო მყარ ზედაპირზე, თავქვეშ ამოუდოს ბალიში, რათა მოძრაობისას ბავშვს თავი არ დაუზიანდეს. შეუხსნას მჭიდროდ შეკრული ტანსაცმელი სასუნთქი გზების გამავლობის გასაუმჯობესებლად. დაუშვებელია გულყრის დროს ისეთი ტიპის ჩარევა, როგორიცაა თითის გაჭრა ან ნემსით ჩხვლეტა, რაც, საზოგადად, ხალხშია გავრცელებული.

– როგორ განისაზღვრება სუნთქვის სიხშირე?

– სუნთქვის გახშირების მთავარი მიზეზია პნევმონია ანუ ფილტვის ანთება. სუნთქვა უნდა დათვალოთ 1 წუთის განმავლობაში, გულმკერდზე ხელის დადებით ან ბავშვის გულმკერდზე დაკვირვებით მოსვენებისას. ერთი სუნთქვითი მოძარობა ნიშნავს ერთ ამოსუნთქვას და ერთ ჩასუნთქვას.

სუნთქვის სიხშირე არ უნდა იყოს:

* 2 თვემდე ასაკში – 60 და მეტი;

* 2 თვიდან 1 წლამდე – 50 და მეტი;

* 1-დან 5 წლამდე – 40 და მეტი;

* 5 წლიდან – 30 და მეტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, საშიშროების რომელიმე ნიშნის შემჩნევისას თავად მშობელი არ აჰყვეს პანიკას და წყნარად, მშვიდად იმოქმედოს – სასწრაფოდ დაუკავშირდეს მკურნალ პედიატრს ან გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: