ვარჯიში ჩვილებისთვის

გააზიარე:

ვარჯიში ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რომ იქცეს, საუკეთესო შემთხვევაში ჩვევა ბავშვობაშივე უნდა შევიძინოთ. ასე რომ, რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესი.
ჩვილის ფიზკულტურა თითქოს სასაცილოა, მაგრამ, აბა, სცადეთ, ბოდი ან მაისური ისე გადააცვათ, ხელი არ გააშლევინოთ. მაშ, რა გვიშლის ხელს, ეს ვარჯიშად ვაქციოთ? ჯერ ერთი, ორივე გავერთობით, მეორეც, ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ასეთი ელემენტარული, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
მაია ხვიჩია
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურის მეთოდისტი
 – ახალს, სავარაუდოდ, არაფერს ვიტყვი. თუ შვილისთვის მასაჟის გაკეთებას გადაწყვეტთ, ეს აუცილებლად გამოცდილ პროფესიონალს უნდა მიანდოთ, რომელიც კარგად იცნობს ამ ასაკის ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკას. სასარგებლო და სრულყოფილი ის მასაჟია, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხასიათსაც კი ითვალისწინებს. უარყოფითი რეაქციის მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, შიმშილი (თუ მასაჟი უშუალოდ კვების წინ ჩატარდა), მეტისმეტად ინტენსიური მოძრაობები, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, თქვენ წარმოიდგინეთ, მასაჟისტის ცივი ხელებიც კი. თუ ბავშვი ტირის, მასაჟი სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ.
ბუნებრივია, მასაჟის ტექნიკას ჟურნალის ფურცლებიდან ვერ ავხსნით. სამაგიეროდ შევარჩიეთ მარტივი ვარჯიშები, რომელთა ჩატარება ფაქტობრივად ყველა დედას შეუძლია.
ვარჯიშის დროს ჩვილი ზურგზე წევს, მხოლოდ პამპერსი აცვია და ძალიან კარგ განწყობაზეა. სასურველია, თითოეული ვარჯიში 10-ჯერ მაინც გაიმეოროთ, ოღონდ ერთი პირობით: პატარა სპორტსმენს ეს უნდა სიამოვნებდეს. თუ ბავშვს ვარჯიში არ მოსწონს, შეწყვიტეთ, სხვა დროისთვის გადადეთ. მოძრაობები აუცილებლად ფრთხილი უნდა იყოს. თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, სთხოვეთ მასაჟისტს ან პედიატრს, ვარჯიშები პირველად თვითონ შეგასრულებინონ.
1. დაუდექით პატარას თავთან, უკანა მხრიდან. ხელები იდაყვებზე მოჰკიდეთ, ააწევინეთ და დააშვებინეთ.

2. ხელები წრიულად აბრუნებინეთ მხრის სახსარში ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
3. ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინებინეთ, ისე, რომ მარცხენა იდაყვი ზემოდან აღმოჩნდეს. ხელები გააშლევინეთ და ისევ გადააჯვარედინებინეთ, ოღონდ ამჯერად ზემოთ მარჯვენა აღმოჩნდეს.
 4. ამჯერად პატარას ფეხთით დაუდექით. მარცხენა ხელით მარცხენა წვივი დაუფიქსირეთ – მარჯვენა ხელი კი ტერფში მოჰკიდეთ და კოჭ-წვივის სახსარში წრიულად აბრუნებინეთ ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით. შემდეგ იგივე გააკეთებინეთ მეორე ფეხით.
5. მარცხენა მუხლი ისე დაუფიქსირეთ, რომ ფეხი ვერ მოხაროს, მეორე ხელი კი მარჯვენა წვივში მოჰკიდეთ და ფეხი მუხლში მოახრევინეთ. შემდეგ, პირიქით, მარჯვენა დაუფიქსირეთ და მარცხენა მოახრევინეთ.
6. მოჰკიდეთ ხელები წვივებში ისე, რომ ხელის ზურგები გარეთ აღმოჩნდეს. ორივე ფეხი ერთდროულად მოახრევინეთ და გააშლევინეთ.
7. ცალი ხელით დაუფიქსირეთ მარცხენა მუხლი, მეორე კი მარჯვენა ტერფში მოჰკიდეთ და მენჯ-ბარძაყის სახსარში წრიულად აბრუნებინეთ ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით. შემდეგ გააკეთებინეთ იგივე მარცხენა ფეხით.  

თინათინ ციქურიშვილი
პედიატრი
“ავერსის კლინიკის" რუსთავის ფილიალი
ჩვილისთვის მასაჟი რომ აუცილებელია, ამაში არც ერთ მშობელს ეჭვი არ ეპარება. სამაგიეროდ მედიკოსები დღემდე ვერ შეთანხმებულან, ჯანმრთელ ჩვილს  მასაჟი სჭირდება თუ არა.  მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ ჯანმრთელი ბავშვისთვის ზოგადი მასაჟი აუცილებელი არ არის – სავსებით საკმარისია ის რუტინული ვარჯიშები, რომლებსაც დედიკო ყოველდღე აკეთებინებს, ხოლო თუ დედამ მათი გამდიდრება და გამრავალფეროვნება მოისურვა, ამას პედიატრები მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მით უმეტეს, რომ ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა საკამათოდ არავის გაუხდია.
მასაჟი აუმჯობესებს კანის ტურგორს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებს ჩონჩხის კუნთოვან სისტემას, ხელს უწყობს მეტეორიზმის დროს აირებისგან ნაწლავების გათავისუფლებას, ჭირვეულ ჩვილებში აუმჯობესებს ძილს და დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროზე. მასაჟი სასურველია ნაკლებად მოძრავი, არააქტიური, დუნე კუნთოვანი სისტემის მქონე ჩვილებისთვის, ასევე – უმადობის შემთხვევაში, დაავადების შემდგომ პერიოდში, ფიზიკური განვითარების მსუბუქი დარღვევისას. მსუბუქი განზიდვები განსაკუთრებით სასარგებლოა მენჯ- ბარძაყის დისპლაზიის დროს.
მინდა, ყველა მშობელმა დაიმახსოვროს: მასაჟიც და ვარჯიშიც მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როცა ბავშვს სიამოვნებს და დისკომფორტს არ ჰგვრის.
მასაჟის ჩატარება არ შეიძლება, თუ ბავშვს აქვს:
* მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება და მაღალი ტემპერატურა;
* სისხლდენა ან სისხლდენისადმი მიდრეკილება (მაგალითად, ჰემოფილია);
* კანის ნებისმიერი ლოკალიზაციის ჩირქოვანი პროცესი;
* სისხლის ავთვისებიანი დაავადება;
* გულის თანდაყოლილი მანკი;
* თიაქარი (ჭიპის, ბარძაყის, საზარდულის );
* კანის, ფრჩხილებისა და თმის დაავადება;
* კუჭ-ნაწლავის დაავადება, რომელსაც თან ახლავს ღებინება და ფაღარათი.

გააზიარე: