პრეეკლამფსია და ეკლამფსია

გააზიარე:

ორსულობა რომ მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის, არაერთხელ გვითქვამს. ამ დროს საკმაოდ ხშირია წნევის ცვლილება. დაბალი წნევა, თუმცაღა მეტად შემაწუხებელია, ორსულობას სერიოზულ საფრთხეს არ უქადის, აი, ჰიპერტენზია კი შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგვიანდა. დღეს სწორედ ორსულთა ჰიპერტენზიის ყველაზე მძიმე გამოვლენაზე –  პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიაზე გესაუბრებით.

პრეეკლამფსია დედათა სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში. ამ პათოლოგიის სიმძიმეში დასარწმუნებლად სტატისტიკური მონაცემებიც კმარა: პრეეკლამფსიით ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ქალი კვდება. ის ორსულთა 3-14%-თან გვხვდება, შემთხვევათა 75%-ში –  მსუბუქი, ხოლო 25%-ში –  მძიმე ფორმით. მძიმე პრეეკლამფსია-ეკლამფსიის დროს 5-ჯერ იმატებს პერინატალური სიკვდილობა და 9,6-ჯერ – მკვდრადშობადობა. როგორც ყოველთვის, ამ დროსაც მთავარი დაავადების დროული აღმოჩენა და ადეკვატური მკურნალობაა. სამწუხაროდ, ხშირად სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო ეწირება პროცესს დედისა და ნაყოფის სიცოცხლე.

რას წარმოადგენს პრეეკლამფსია და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს კლინიკა “ბიბიდას” დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი ვახტანგ ბარკალაია.

– პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა. მას ორსულობის გვიან ტოქსიკოზსაც უწოდებენ. მისი მთავარი სიმპტომები მაღალი წნევა და პროტეინურია –  შარდში ცილის არსებობაა. ეს საკმაოდ მძიმე გართულებაა, რომელიც სათანადო მართვის გარეშე მძიმე შედეგებს იწვევს. პროგრესირებადი პრეეკლამფსია ეკლამფსიაში გადადის. ამ დროს ზემოხსენებულ სიმპტომებს გულყრაც ემატება.

– რა იწვევს პრეეკლამფსიას?

– უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მდგომარეობები, რომლებსაც პრეეკლამფსიის განვითარების რისკფაქტორებად მიიჩნევენ. მათ მიაკუთვნებენ პირველ ორსულობას, გენეტიკურ განწყობას, 18 წლამდე ან 35 წელზე უფროს ასაკს, მრავალნაყოფიან ორსულობას, ჭარბ წონას, ასევე –  ქრონიკულ ჰიპერტენზიას.

– პრეეკლამფსია იმიტომ ხომ არ განიხილება გვიან ტოქსიკოზად, რომ მის განვითარებაში ორსულის ადრეულ ტოქსიკოზსაც უდევს წილი?

– ორსულობის პირველი ტრიმესტრის ტოქსიკოზი და პრეეკლამფსია სრულიად სხვადასხვა მდგომარეობებია. ადრეული ტოქსიკოზის წამყვანი ნიშნები გულისრევა, ღებინება და ნერწყვდენაა, რომლებიც, წესისამებრ, მეორე ტრიმესტრიდან მცირდება ან ქრება. პრეეკლამფსიის დროს ღებინება შესაძლოა არც კი განვითარდეს. აქ მთავარი წნევის მატება და ამით გამოწვეული სიმპტომებია.

– სახელდობრ, რომლები?

– გამოყოფენ პრეეკლამფსიის მსუბუქ და მძიმე ფორმებს. ამ უკანასკნელის პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება ეკლამფსია. დაავადების სიმძიმის შეფასება არტერიული წნევისა და შარდში ცილის მააჩვენებლებს ემყარება. მსუბუქი პრეეკლამფიის დროს წნევა 150-100 მმ ვწყ სვ-ს არ აღემატება, პროტეინურიაც 3გ`ლ-ზე ნაკლებია. სხვა მხრივ ორსული განსაკუთრებულს არაფერს უჩივის. როცა ტოქსიკოზი მძიმდება ანუ წნევის მაჩვენებლები იმატებს, თავს იჩენს ტკივილი კუჭქვეშა მიდამოში, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი, შეშუპება, პოლიორგანული დაზიანების ნიშნები. წინათ პრეეკლამფსიას ნეფროპათიას უწოდებდნენ. დღეს ამ ტერმინს აღარ იყენებენ, რადგან პროცესი თირკმელებით არ შემოიფარგლება. მასში ერთვება ღვიძლი, ფილტვები, შორს წასულ შემთხვევაში კი თავის ტვინში სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითება გულყრას იწვევს.

– რომელ უბანში წარმოიშობა შეშუპება?

– შეშუპება ტერფებიდან იწყება და ნელ-ნელა ზემოთ ადის. მუცლის წინა კედლისა და სახის შეშუპება, ანასარკა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. ხშირად ამბობენ, შეშუპება ორსულობამ იცისო. ეს შეცდომაა. ორსულს შეშუპება არ უნდა ჰქონდეს, მისი განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ დარღვეულია სითხის ცვლა, ამიტომ შეშუპების დროს აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

– რა ცვლილებებს განიცდის ნაყოფი?

– პრეეკლამფსიის დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. მართალია, ნაყოფი ცდილობს, აინაზღაუროს დანაკლისი, მაგრამ თუ კორექცია დროულად არ მოხდა, კომპენსაცია ვეღარ ხერხდება, განვითარება ფერხდება და ნაყოფი სიმწიფით ჩამორჩება ასაკს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

– როგორც მოგახსენეთ, მთავარი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი წნევისა და პროტეინურიის მაჩვენებლებია. დიაგნოზის დასმის შემდეგ მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად, მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად სხვა კვლევების ჩატარება, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქციის ბიოქიმიური შეფასებაც არის საჭირო. მნიშვნელოვანია ოლიგურიის ანუ შარდის რაოდენობის შემცირების გამოვლენაც. ეს ნიშნები თირკმელების ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს. მძიმე პრეეკლამფსიის დროს მცირდება თრომბოციტების რაოდენობაც, რაც საბოლოოდ შესაძლოა სისხლის შედედების სერიოზულ პრობლემად იქცეს, ამიტომ თრომბოციტოპენიის დროული გამოვლენაც აუცილებელია.

– როგორ მკურნალობენ?

– მკურნალობა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: არტერიული წნევის ნორმალიზებასა და კონტროლს, გულყრის პრევენციას მაგნეზიური თერაპიით და ოპტიმალურ ვადაზე მშობიარობას.

მსუბუქ პრეეკლამფსიას ჰიპოტონიკების მეშვეობით ვმართავთ. თუ წნევის ციფრები იამტებს ანუ პრეეკლამფსია მძიმდება ან თავს იჩენს პოლიორგანული დაზიანების სხვა ნიშნები, აუცილებელია მაგნეზლური თერაპიის დაწყება. ეს გახლავთ მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ის გულყრის პრევენციას ახდენს. გულყრა ეკლამფსიის ყველაზე რთული და საშიში სიმპტომია. საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს, თორემ შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს. პრეეკლამფსიის დროს სიკვდილის მიზეზი უმეტესად სწორედ თავის ტვინში სისხლჩაქცევაა.

სამწუხაროდ, შესაძლოა თავად მაგნეზიური თერაპიაც პრობლემად იქცეს გვერდითი ეფექტების გამო. მაგნიუმის სულფატით ინტოქსიკაციის ნიშნებია ტკივილი გულმკერდის არეში, შარდის რაოდენობის შემცირება ან სრული არარსებობა, სუნთქვის გაიშვიათება. ამ სიმპტომების გამომჟღავნებისას მაგნიუმის ინფუზია უნდა შეწყდეს და, საჭიროებისამებრ, შეყვანილ იქნეს ანტიდოტი.

– ოპტიმალურ ვადაზე მშობიარობა რას გულისხმობს?

– შეიძლება ითქვას, პრეეკლამფსიის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ორსულობის შეწყვეტაა, მაგრამ რთულია, ორსულობა ისეთ ვადაზე შევწყვიტოთ, რომ არც ნაყოფს შევუქმნათ საფრთხე. ტაქტიკისთვის მთავარი მნიშვნელობა, ცხადია, ორსულობის ვადას ენიჭება. თუ პრეეკლამფსია 37 კვირის შემდგომ განვითარდა, დაუყოვნებლივ ვიწვევთ მშობიარობას ან ვატარებთ საკეისრო კვეთას, –  ამ ვადაზე ნაყოფი უკვე მომწიფებულია და დიდი საფრთხე არ ემუქრება; თუ უფრო ადრე –  ვიწყებთ მკურნალობას, ვცდილობთ, გართულებების გარეშე მივაყვანინოთ ქალს ორსულობა იმ დრომდე, როდესაც მშობიარობა უსაფრთხო იქნება, მაგრამ თუ მაგნეზიურმა თერაპიამ 24 საათის განმავლობაში ვერ გამოიღო შედეგი, ნაყოფს ნაადრევი მშობიარობისთვის ვამზადებთ, ესე იგი ჰორმონული პრეპარატებით ხელს ვუწყობთ მისი ფილტვების მომწიფებას და შემდგომ აღვძრავთ მშობიარობას ან ვატარებთ საკეისრო კვეთას.

– მშობიარობის გზა რაზეა დამოკიდებული?

– მშობიარობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა გესტაციური ასაკის, საშვილოსნოს ყელის სიმწიფის ხარისხისა და ნაყოფის მდებარეობა-მდგომარეობის მიხედვით. უპირატესობა ვაგინალურ მშობიარობას ენიჭება, მაგრამ თუ ორსულობის ვადა 32 კვირაზე ნაკლებია, სამშობიარო მოქმედების ინდუქციას საკეისრო კვეთით მშობიარობა სჯობს. გაუტკივარებისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ უსაფრთხო და ეფექტური რეგიონული ანალგეზია`ანესთეზია, რადგან ენდოტრაქეული გაუტკივარების დროს იმატებს დედის ინტრაკრანიული (ქალაშიდა) ჰემორაგიის რისკი. ისიც უნდა ითქვას, რომ სრულიად დაუშვებელია გულყრაში მყოფი ქალის სასწრაფო მშობიარობა –  ეს აუცილებლად მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ უნდა მოხდეს.

– მკურნალობა ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს?

– მსუბუქი პრეეკლამფსიის მართვა დღის სტაციონარში წარმოებს, საშუალო და მძიმე ფორმების დროს კი ორსულის ჰოსპიტალიზაციაა საჭირო.

– რა ხდება მშობიარობის შემდეგ?

– პრეეკლამფისა შესაძლოა მშობიარობის შემდეგაც განვითარდეს, ამიტომ აუცილებელია წნევის, პროტეინურიის ხარისხის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მკაცრი მონიტორინგი. უნდა გაგრძელდეს ანტიჰიპერტენზიული მკურნალობაც.

– როგორ შეიძლება პრეეკლამფსიის პრევენცია?

– პრევენციის აბსოლუტური საშუალება არ არსბობს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თუ ჩარევა დროულად მოხდა, გართულობების ალბათობა მინიმუმამდე იკლებს. შესაბამისად, პრეეკლამფსია-ეკლამფსიის პრვეენცია უმთავრესად წნევისა და პროტეინურიის ხშირ მონიტორინგს გულისხმობს. ეს მაჩვენებლები ორსულს ყოველ კონსულტაციაზე რუტინულად უტარდება, ამიტომ აუცილებელია, მეტადრე –  რისკფაქტორების არსებობისას, კვალიფიციურ ექიმთან ხშირი ვიზიტი და მისი რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: