აქამდე უცნობი კონტრაცეფცია

გააზიარე:

ჟურნალის წინა ნომერში კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდზე გესაუბრეთ, თუმცა რამდენიმე არც ისე პოპულარული საშუალების შესახებ არაფერი გვითქვამს. არადა ვინ იცის, იქნებ სწორედ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდეს თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. დღეს საშვილოსნოს ყელის ჩაჩზე, დიაფრაგმასა და კონტრაცეფციულ ღრუბელზე მოგითხრობთ.

საშვილოსნოს ყელის ჩაჩი

საშვილოსნოს ყელის ჩაჩს განიერი საათის ფორმა აქვს. თავდაპირველად მას ვერცხლისგან ან სპილენძისგან ამზადებდნენ, შემდეგ – კაუჩუკისგან, ალუმინისგან, სქელი რეზინისგან ან პლასტმასისგან. ამჟამად ჩაჩები რბილი რეზინისგან მზადდება.

არსებობს საშვილოსნოს ყელის ჩაჩის რამდენიმე ტიპი:

* პრენტიფის ჩაჩი. დამზადებულია რბილი რეზინისგან და არშიის შიგნითა ზედაპირის გასწვრივ აქვს პატარა ჭრილი. არშიის შიგნითა დიამეტრის მიხედვით განასხვავებენ 22, 25, 28 და 31 მმ-იან ჩაჩებს. ასეთი ჩაჩი რეკომენდებულია ცილინდრული ფორმის საშვილოსნოს ყელის მქონე ქალებისთვის.

* დუმასის ჩაჩი. დამზადებულია სქელი რეზინისგან. მჭიდროდ ეხება საშოს თაღებს. ფორმით დიაფრაგმას წააგავს. მისი ზომები, არშიის გარეთა დიამეტრის მიხედვით, 50-75 მმ-ია. ასეთი ჩაჩის გამოყენება რეკომენდებულია საშვილოსნოს ყელის დეფორმაციის დროს.

* ვიმულის ჩაჩი. ისიც რბილი რეზინისგანაა დამზადებული. არშიით მჭიდროდ ეხება საშოს თაღებს და არა უშუალოდ საშვილოსნოს ყელს. ვიმულის ჩაჩის ზომებია 42, 48, 52 მმ (არშიის გარეთა დიამეტრის მიხედვით).

საშვილოსნოს ყელის ჩაჩის მოქმედების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც დიაფრაგმისა – ის ქმნის ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდებს საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილებში შეღწევასა და გადაადგილებაში.

საშვილოსნოს ყელის ჩაჩის კონტრაცეფციური ეფექტურობა შედარებით დაბალია – 84-91%-ს შეადგენს, ანუ 100 ქალთან ორსულობის წელიწადში საშუალოდ 9-11 შემთხვევა აღირიცხება. რაც მთავარია, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი სრულიად უსაფრთხოა, მის გამოყენებას არ ახლავს არავითარი გვერდითი მოვლენა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი. თუმცა მისი გამოყენება არ შეიძლება საშოს განვითარების ანომალიების, ცერვიციტის (საშვილოსნოს ყელის ანთება), საშვილოსნოს პროლაფსის (გამოვარდნა), პაპილომავირუსული ინფექციის, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციებისა და ანამნეზში ტოქსიკური შოკის არსებობის შემთხვევაში.

საშვილოსნოს ყელის ჩაჩს, კონტრაცეფციის სხვა საშუალებათა მსგავსად, აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებებიც. მისი ღირსება ის არის, რომ შეიძლება მრავალჯერადი გამოყენება, გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე და ნაწილობრივ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც იცავს, ნაკლი კი ის, რომ მისი კონტრაცეფციული ეფექტურობა შედარებით დაბალია, დისკომფორტს იწვევს ყოველი სქესობრივი კავშირის წინ მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა, არც თავად ჩაჩის ჩადგმა და ამოღებაა მარტივი. არსებობს კანდიდოზური კოლპიტის (საშოს ანთება) განვითარების საფრთხეც.

ჩაჩს საშოში ითავსებენ სქესობრივი აქტის წინ ან რამდენიმე (მაქსიმუმ 5) საათით ადრეც და იტოვებენ აქტის შემდეგ 8 საათის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა. არც ერთ ეტაპზე არ არის რეკომენდებული საშოს გამორეცხვა. ყოველი განმეორებითი სქესობრივი აქტის წინ საჭიროა სპერმიციდის (კრემის ან ჟელეს) დამატებითი დოზა.

თუ საშვილოსნოს ჩაჩის გამოყენება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გამოგადგებათ შემდეგი ინსტრუქცია:

* ჩაჩის ჩადგმისა და ამოღების წინ ხელები დაიბანეთ.

* ჩაჩის მესამედი აავსეთ სპერმიციდით.

* დაწოლილმა ან ჩამუხლულმა მოძებნეთ საშვილოსნოს ყელი, მოკეცეთ ჩაჩი, დაიკავეთ ცერსა და ორ მომდევნო თითს შორის და შეიტანეთ საშოს უკანა კედლის გასწვრივ, სანამ ჩაჩის არშია არ შეეხება საშვილოსნოს ყელს.

* ჩაჩის საშოში შეტანის შემდეგ შეამოწმეთ მისი მდებარეობა – საშვილოსნოს ყელი მთლიანად უნდა იყოს დაფარული.

* განმეორებითი აქტის წინ ჩაჩში – მისი ამოღების გარეშე, სპეციალური აპლიკატორით – მოათავსეთ კრემის ან ჟელეს დამატებითი დოზა.

* ჩაჩის გამოსაღებად არშიაზე ზეწოლით უნდა დაარღვიოთ ჰერმეტულობა საშვილოსნოს ყელსა და ჩაჩს შორის, შემდეგ კაუჭს გამოსდოთ საჩვენებელი თითი და ჩაჩი გამოიღოთ.

* გამოყენების შემდეგ ჩაჩი საპნით გარეცხეთ, გაამშრალეთ და დეზინფექციისთვის 10 წუთით ჩადეთ 70-80%-იან ეთილის სპირტში. შეინახეთ მშრალ ადგილას.

 

დიაფრაგმა

დიაფრაგმა ლატექსის (რეზინის) გუმბათის ფორმის ფინჯანია, რომელსაც ბოლოში დრეკადი არშია აქვს. ის სქესობრივი აქტის დაწყებამდე იდგმება საშოში და ფარავს საშვილოსნოს ყელს.

არსებობს დიაფრაგმის ოთხი ტიპი:

* დიაფრაგმა ბრტყელი ზამბარით. იყენებენ უმთავრესად არანამშობიარები ქალები, რომლებსაც საშოს კუნთების კარგი ტონუსი აქვთ. ამ ტიპის დიაფრაგმა კარგად იკეცება და შეიძლება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით ჩაიდგას საშოში.

* დიაფრაგმა სპირალიანი ზამბარით. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც საშოს კუნთების ზომიერი ტონუსი და ზომიერად გამოხატული ბოქვენის რკალი აქვს. მის ჩასადგმელადაც შეიძლება სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენება.

* დიაფრაგმა რკალისებრი ზამბარით. აქვს ძლიერი ზამბარა და მოკეცილი იღებს რკალის ფორმას. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს: დიაფრაგმა, რომელიც იკეცება არშიის გასწვრივ ყველა წერტილში და დიაფრაგმა, რომელიც მხოლოდ ორ წერტილში იკეცება. ამ მოდელს ფართოდ იყენებენ ქალები საშოს კუნთების სუსტი ტონუსის, ცისტოცელესა და რექტოცელეს დროს.

* დიაფრაგმა ფართო რბილი აპკით. უზრუნველყოფს საშოს კედლებთან მჭიდრო კონტაქტს და მოხერხებულია სპერმიციდის გამოყენებისას.

ყოველგვარი ტიპის დიაფრაგმა გამოდის 50-55 მმ-დან 95 მმ-მდე ზომისა.

დიაფრაგმაც, ჩაჩის მსგავსად, ბარიერს ქმნის, ოღონდ საშოში, რითაც ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილებში სპერმატოზოიდთა შეღწევას. ისიც უსაფრთხო საშუალებაა, თუმცა მისი კონტრაცეფციური ეფექტურობა უფრო დაბალია – 100 ქალთან ორსულობა დაახლოებით 6-21 შემთხვევაში აღირიცხება. კონტრაცეფციური ეფექტის მისაღებად აუცილებელია, ექიმმა შესაფერისი ტიპისა და ზომის დიაფრაგმა შეგირჩიოთ, ამასთან, გასწავლოთ მის ჩადგმისა და ამოღების ტექნიკა. დიაფრაგმის არჩევისას ითვალისწინებენ შორისის კუნთების ტონუსს, საშოს სიღრმესა და სიგანეს. დიაფრაგმა, რომლის ჩადგმაც არ იწვევს დისკომფორტს, ოპტიმალურადაა შერჩეული. ზომის შერჩევის მარტივი მეთოდი ასეთია: დიაფრაგის არშიის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს საშოს სიგრძეს. დიაფრაგმის ზომის დასადგენად შეიძლება სპეციალური რგოლების გამოყენება. სწორად შერჩეული დიაფრაგმა არ უნდა მოძრაობდეს საშოში, მჭიდროდ უნდა ეკვროდეს მის გვერდით კედლებს და უკანა თაღს.

ნამშობიარები ქალები ხშირად იყენებენ 70-80 მმ-მდე ზომის დიაფრაგმას. გინეკოლოგიური ოპერაციის, წონის მომატების ან დაკლების (4 კგ) შემდეგ კი საჭიროა ახალი ზომის დიაფრაგმის შერჩევა.

დიაფრაგმაც მხოლოდ ნაწილობრივ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. მისი გამოყენებისას ასევე მცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი. შეიძლება მისი მრავალჯერადი გამოყენება.

ნაკლოვანებები მასაც იგივე აქვს, რაც ჩაჩს: შედარებით მცირე ეფექტურობა და ყოველი სქესობრივი აქტის წინ მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა.

დიაფრაგმის გამოყენების უკუჩვენებებია ალერგია ლატექსზე, რეზინაზე ან სპერმიციდზე, ენდოცერვიციტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ეჭვი საშვილოსნოს ყელის ავთვისებიან პროცესზე, საშარდე გზების მორეციდივე ინფექცია, საშოს განვითარების ანომალია, საშვილოსნოს პროლაფსი და ტოქსიური შოკი ანამნეზში.

დიაფრაგმა საშოში იდგმება სქესობრივი აქტის წინ (შეიძლება რამდენიმე, მაქსიმუმ 6 საათით ადრეც). ისიც 8 საათის განმავლობაში უნდა დაიტოვოთ, თუმცა არა უმეტეს 24 საათისა. საშოს გამორეცხვა არ შეიძლება. ყოველი აქტის წინ საჭიროა დიაფრაგმაში სპერმიციდული კრემის ან ჟელეს ჩამატება.

დიაფრაგის ჩასადგმელად და ამოსაღებლად უდნა დაწვეთ, ჩაიმუხლოთ ან ცალი ფეხი სკამზე შემოდგათ. პროცედურის ჩატარებამდე დაიბანეთ ხელები. წაუსვით დიაფრაგმას შიგნითა მხარეს და არშიის კიდეებზე სპერმიციდი, დაადეთ წვერზე საჩვენებელი თითი და ცერსა და დანარჩენ თითებს შორის მოხარეთ. შეაცურეთ საშოში ქვემოთ და გვერდებისკენ, ვიდრე არ მაიღწევთ საშოს უკანა თაღს. ამის შემდეგ არშიის ზედა ნაწილი ასწიეთ მაღლა საშოს წინა კედლის გასწვრივ. თითებით შეამოწმეთ დიაფრაგმის მდებარეობის სისწორე – იგი უნდა ფარავდეს საშვილოსნოს ყელს.

დიაფრაგმის ამოსაღებად საჭიროა, არშიას კაუჭივით გამოსდოთ საჩვენებელი თითი და ქვემოთ ჩამოქაჩოთ. დიაფრაგმა ყოველი გამოყენების შემდეგ ჩაჩივით უნდა დამუშავდეს.

 

კონტრაცეფციული ღრუბელი

კონტრაცეფციული ღრუბელი მექანიკური და ქიმიური მეთოდების კომბინაციაა – ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის არხში სპერმატოზოიდების მოხვედრას და შეიცავს სპერმიციდულ ნივთიერებებს. არსებობს მისი ორი ტიპი:

* ზღვის ღრუბელი, რომელიც გაჟღენთილია სპერმიციდით;

* ღრუბელი, რომელიც დამზადებულია პოლიურეთანისგან და შეიცავს სპერმიციდს.

არც ამ კონტრაცეფციული საშუალების ეფექტურობაა 100%-იანი – 100 ქალთან დაორსულების რისკი წელიწადში 9-16-ს უტოლდება.

კონტრაცეფციული ღრუბელი სრულიად უსაფრთხო საშუალებაა, იოლი გამოსაყენებელია, ნაწილობრივ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე. კოლპიტის, ცერვიციტისა და საშვილოსნოს პროლაფსის დროს მისი გამოყენება უკუნაჩვენებია.

ღრუბელს აქვს მომრგვალო, ცალ მხარეს ჩაღრმავებული ბალიშის ფორმა. მას იდგამენ უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ. ცერი და საჩვენებელი თითებით ღრუბელი შეგვაქვს საშოში და ვათავსებთ ისე, რომ ჩაღრმავებული ადგილი საშვილოსნოს ყელის მხარეს აღმოჩნდეს. ღრუბელი საშოში შეიძლება 24 საათს დარჩეს. ამ ხნის განმავლობაში განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს დამატებითი დამცავი მეთოდის გამოყენება არ არის საჭირო. ღრუბელი ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ გამოუსადეგარია.

 

ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერულ საშუალებებზე უკვე ყველაფერი იცით, თუმცა თანამედროვე კონტრაცეფცია ამით როდი შემოიფარგლება. თუ ჯერაც ვერ მიაგენით თქვენთვის ხელსაყრელ მეთოდს, გული არ გაიტეხოთ, მომდევნო ნომრებში სხვა საშუალებებზეც გიამბობთ.

თამარ არქანია

გააზიარე: