პროსტატა და მისი პრობლემები
გააზიარე:
პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, კენტი ორგანოა, რომელიც მენჯის ღრუში მდებარეობს. მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობები.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, სამწუხაროდ, გახშირდა. პროსტატასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან უროლოგს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის გამგეს პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს თეიმურაზ ჩიგოგიძეს მივმართეთ.
სად მდებარეობს
– სიტყვა “პროსტატა” მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან “პროსტატეს”, რაც “წინ მდგომს” ნიშნავს და ორგანოს მდებარეობაზე მიუთითებს – პროსტატა მდებარეობს სწორი ნაწლავის წინ, შარდის ბუშტსა და ასოს შორის, მენჯის ფსკერის კუნთების ზემოთ. ასეთი მდებარეობის წყალობით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის დიგიტალური გამოკვლევა (თითით გასინჯვა) სწორი ნაწლავიდან.
ურეთრა – ვიწრო მილი, რომელსაც შარდი და სპერმა სასქესო ასოს გავლით სხეულიდან გამოაქვს – პროსტატის ცენტრში გაივლის.
წინამდებარე ჯირკვლის წონა დაახლოებით 20-30 გრამია, საშუალო სიგრძე – 3 სმ, სიგანე – 4 სმ, ხოლო სისქე – 2 სმ.
პროსტატა მარჯვენა და მარცხენა ნაწილებისგან შედგება. მასში ორი ტიპის ქსოვილი გვხვდება: ძირითადი ანუ ჯირკვლოვანი, რომლის უჯრედებიც წარმოქმნის პროსტატის წვენს და კუნთოვანი.
წინამდებარე ჯირკვალში გამოყოფენ სამ (ზოგი ავტორი – ოთხ) ძირითად ზონას. სამედიცინო თვალსაზრისით მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი – პერიფერიული და გარდამავალი. სწორედ პერიფერიული ზონის გამოკვლევაა შესაძლებელი სწორი ნაწლავიდან და პროსტატის კიბოც უმეტესად სწორედ ამ ზონაში ვითარდება, გარდამავალ ზონაში კი უფრო ხშირად – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ასევე ცნობილი როგორც პროსტატის ადენომა.
რა ევალება
– წინამდებარე ჯირკვალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ არის, თუმცა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ცენტრალური ნაწილია და მამაკაცის მეორე გულსაც კი უწოდებენ.
პროსტატის ჰისტოლოგიურად ორგვაროვანი აგებულება მის ორ განსხვავებულ ფუნქციას უზრუნველყოფს. როგორც კუნთოვანი ორგანო, ის ქმნის შარდსადენის უნებლიე (გლუვკუნთოვან) მძლავრ სფინქტერს, ხოლო როგორც ჯირკვლოვანი, გამოიმუშავებს განსაკუთრებულ, მკვებავ სეკრეტს, რომელიც სპერმატოზოიდების ფუნქციობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. თხელი, რძისმაგვარი სითხე უხვად შეიცავს ფერმენტს – პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენს (პსა). ეს ფერმენტი თესლს ათხელებს. სეკრეტი ტუტე ხსნარია და მისი წყალობით სპერმატოზოიდები საშოს მჟავე გარემოში დიდხანს ინარჩუნებენ განაყოფიერების უნარს.
პროსტატის მიერ გამომუშავებული სეკრეტი სპერმის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.
ეაკულაციის (სპერმის დანთხევის) დროს კუნთოვანი უჯრედები იკუმშება, რის შდეგადაც პროსტატაში შენახული სითხე შარდსადენში გადადის და სპერმატოზოიდებს კვებისა და ტრანსპორტისთვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, პროსტატა ასრულებს ბარიერულ ფუნქციას – ეაკულაციის დროს, როდესაც ერთდროულად ხდება სპერმატოზოიდების გამოსვლა სათესლე ჯირკვლებიდან და სითხის გამოსვლა პროსტატიდან, ეს უკანასკნელი ბლოკავს შარდის ბუშტის ყელს, რათა ეაკულატში შარდი არ მოხვდეს.
წინამდებარე ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შარდვის პროცესშიც. შარდის ნორმალური გამოყოფა პროსტატის მოდუნებას მოითხოვს. თუ ასე არ მოხდა, შარდვა გართულდება, მტკივნეული გახდება და გახშირდება.
წინამდებარე ჯირკვალი ჰორმონის მეტაბოლიზმშიც მონაწილეობს: მამაკაცის სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი მასში ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად – დიჰიდროტესტოსტერონად გარდაიქმნება.
რა არის პროსტატიტი
– სამწუხაროდ, პროსტატა ხშირად ხდება ინფექციური აგენტების სამიზნე. წინამდებარე ჯირკვლის ანთება უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ და უროლოგთან ვიზიტის მოწინავე მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
განასხვავებენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ მიმდინარეობას.
მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი
– წინამდებარე ჯირკვლის მწვავე ანთების დროს აღინიშნება ტკივილი ბოქვენის უკანა მიდამოში და წვა შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და მაღალი ტემპერატურა, ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომები კი უფრო მრავალფეროვანია: შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები (შარდვის დაწყების გაძნელება, წყვეტილი შარდვა, შარდის სუსტი ნაკადი, შარდვა წვეთებით, ნარჩენი შარდი, შარდის უნებლიე გამოყოფა), მუცლის ქვედა მესამედის, წელისა და ბარძაყის შიდა ზედაპირების ტკივილი, სქესობრივი დარღვევები (ნაადრევი ან მტკივნეული ეაკულაცია, ერექციული დისფუნქცია).
რა იწვევს
– ანთებას იწვევს:
* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელსაც ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა შეუძლია;
* მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება;
* იმუნური სისტემის დათრგუნვა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან
– პროსტატიტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობის გაზრდა – კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა, ველოსიპედით სიარული (ეს არეგულირებს წინამდებარე ჯირკვალში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას).
თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და ნებაზე ნუ მიუშვებთ ავადმყოფობას, გახსოვდეთ, რომ მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობაა საჭირო.
თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება შარდვის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი მილიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
კავშირი იმპოტენციასთან
– პროსტატის ანთება თავისთავად არ იწვევს იმპოტენციას, მაგრამ ნებაზე მიშვებულმა ქრონიკულმა პროსტატიტმა, ისევე როგორც სათესლე პარკის ანთებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ლტოლვის დათრგუნვა, ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ან დაჩქარებული ეაკულაცია და წაშლილი ორგაზმი.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
– პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (პკჰ) როგორც დაავადების ან კლინიკური სურათის ზუსტი განმარტება არ არსებობს, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ასაკის მატებასთან დაკავშირებული პროგრესული დაავადება, რომელიც ქვედა საშარდე გზების ობსტრუქციული სიმპტომებით (შარდის ნაკადის შესუსტება, ნარჩენი შარდის რაოდენობის მომატება, პროსტატის ზომის მომატება, სიმპტომთა ჯამის გაუარესება) ვლინდება.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია მისი განვითარებისთვის აუცილებელი ორი ფაქტორი: ასაკი – ქვედა საშარდე გზების ობსტრუქციული სიმპტომები 65 წელს გადაცილებულ მამაკაცთა დაახლოებით 30%-ს აღენიშნება – და ჰორმონული სტატუსი – დიჰიდროტესტოსტერონი წინამდებარე ჯირკვლისა და გარეთა სასქესო ორგანოების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. საუკუნეზე მეტია, რაც დადასტურებულია სათესლე ჯირკვლების როლი პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ჩამოყალიბებაში. ამჟამად ამ პროცესის ზუსტი მოლეკულური მექანიზმების კვლევა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არცერთი რისკფაქტორი არ ექვემდებარება არავითარ პროფილაქტიკურ ღონისძიებას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და პროსტატის კიბოს შორის კავშირი არ არის.
როგორ სვამენ დიაგნოზს
– პაციენტის გამოკვლევა ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის შეკრებით იწყება. სიმპტომების შეფასების ყველაზე ოპტიმალური მეთოდია სიმპტომთა ჯამის შედგენა. სიმპტომების სიძლიერის, შემაწუხებლობისა და ცხოვრების ხარისხის შეფასების მიზნით ივსება სპეციალური კითხვარი. სიმპტომთა ჯამი პირველადი შეფასების შემადგენელი ნაწილია. მისი გამოყენება მკურნალობის მეთოდის შერჩევაში, პროგნოზირებასა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასებაში გვეხმარება.
ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერ:
არასდროს - 0
ხუთიდან ერთხელ - 1
სამიდან ერთხელ - 2
ორიდან ერთხელ - 3
სამიდან ორჯერ - 4
თითქმის ყოველთვის - 5
შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
0 1 2 3 4 5
მოშარდეთ წინა მოშარდვიდან ორი საათის გასვლამდე
0 1 2 3 4 5
შარდვის დასრულებამდე შარდის ნაკადი რამდენჯერმე შეწყდა და განახლდა
0 1 2 3 4 5
მოშარდვის სურვილის გაჩენისას საპირფარეშომდე მისწრება გაგიჭირდათ
0 1 2 3 4 5
შარდის ნაკადი სუსტი იყო
0 1 2 3 4 5
დაგჭირდათ გაჭინთვა, რომ შარდი წამოსულიყო
0 1 2 3 4 5
არასდროს- 0
ერთხელ - 1
ორჯერ - 2
სამჯერ - 3
ოთხჯერ - 4
ხუთჯერ და მეტჯერ - 5
ღამით დგებით მოსაშარდად
0 1 2 3 4 5
ჩვენი რჩევაა, 40 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა შეავსოს ეს კითხვარი და თუ სიმპტომთა ჯამმა რვას გადააჭარბა, მიმართოს უროლოგს.
სავალდებულო კვლევები
– ვიდრე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტს მკურნალობა დაენიშნება, უნდა ჩაუტარდეს თითით გასინჯვა სწორი ნაწლავიდან და სისხლის ანალიზი პსა-ს დონის განსასაზღვრად. ნორმაში ის 0-დან 4 ნგ`მლ-მდე მერყეობს. თუ ის მომატებული აღმოჩნდა, უნდა ჩატარდეს მცირე მენჯის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში – პროსტატის ბიოფსია ავთვისებიანი ჰიპერპლაზიის გამორიცხვის მიზნით. მიზანშეწონილია, 45 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა ჩაიტაროს ანალიზი პსა-ზე, რათა პათოლოგია, თუ ის არსებობს, დროულად გამოვლინდეს.
წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა (ტრანსაბდომინალურად – მუცლის წინა კედლიდან – ან ტრანსრექტალურად – სწორი ნაწლავიდან) სავსე შარდის ბუშტზე ტარდება. მისი მეშვეობით ირკვევა პროსტატის ზომა და ფორმა, კენჭების არსებობა-არარსებობა შარდის ბუშტში, ანთებითი პროცესის, ნარჩენი შარდის არსებობა-არარსებობა და ა.შ. წინამდებარე ჯირკვლის წონისა და სტრუქტურის შესაფასებლად უფრო ზუსტი მეთოდია ტრანსრექტალური ექოსკოპია.
როგორ მკურნალობენ
– არსებობს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები. მედიკამენტური თერაპიისთვის მოწოდებულია 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები, მცენარეული მედიკამენტები და ალფა-1 ადრენორეცეპტორების ბლოკერები. მცენარეული მედიკამენტები პოპულარულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ბოლო დროს – აშშ-შიც. საუკეთესო შედეგი Serenoa repens-ის ექსტრაქტზე დამზადებულ მედიკამენტებს აქვს. ქიმიურთან შედარებით მცენარეული პრეპარატების უპირატესობა ნაკლები თანამოვლენებია.
უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად გაიზარდა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენება. მათ შესწევთ უნარი, გამოიწვიონ პროსტატის კუნთოვანი სისტემისა და შარდის ბუშტის ყელის მოდუნება, რაც სიმპტომების შემსუბუქებას განაპირობებს. ეს მედიკამენტები მიიღება ტაბლეტების სახით დღეში ერთხელ, ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება და იშვიათი გვერდითი მოვლენები.
პროსტატის ტური
– წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ქირურგიული მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია პროსტატის ტური – ტრანსურეთრული რეზექცია. სპეციალური ენდოვიდეოაპარატურის დახმარებით ურეთრის (საშარდე მილის) გავლით ამოიკვეთება პროსტატის პათოლოგიური ქსოვილები.
პროსტატის ამოკვეთა ღია წესით (ადენომექტომია) მიზანშეწონილია დიდი ზომის ჯირკვლისა და შარდის ბუშტის დიდი ზომის კენჭების დიაგნოსტირების შემთხვევაში.
ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდი
– ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდია ოპერაცია ტულიუმის ლაზერით. მისი უპირატესობა მაღალი ეფექტურობა და, რაც მთავარია, სერიოზული გართულებების (სისხლდენა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები) დაბალი სიხშირეა. აღნიშნული აპარატი საშუალებას გვაძლევს, ყველაზე რთულ და მძიმე კონტინგენტსაც კი წარმატებით ჩავუტაროთ ოპერაცია. მაგალითად, ასაკოვან, მძიმე კარდიალური ანამნეზის მქონე, ანტიკოაგულანტებზე მყოფ პაციენტებს. ტულიუმის ლაზერმა ნებისმიერი სიმძიმის პაციენტთა ოპერაციული მკურნალობა გახადა შესაძლებელი.
პროსტატის ავთვისებიანი დაავადება
– კიბო პროსტატის ყველაზე რთულ და საშიშ პათოლოგიად მიიჩნევა. ამასთან, ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. მსოფლიოში ყოველწლიურად მისი 400 000 ახალი შემთხვევა ვლინდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მამაკაცების სიმსივნურ პათოლოგიათაგან პროსტატის კიბო ყველაზე მეტადაა გავრცელებული ფილტვის კიბოს შემდეგ. სტატისტიკის თანახმად, ის საქართველოშიც მეორე ადგილს იკავებს და მამაკაცებს შორის მის წილად მოდის ონკოლოგიური დაავადებით გარდაცვალების მიზეზთა 9%.
რისკფაქტორები
– დაავადების წარმოშობის მიზეზი დღეისთვის არ არის დადგენილი. კვლევების თანახმად, წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადება წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში მომხდარი განსაზღვრული ცვლილებების შედეგად ვითარდება, თუმცა რა იწვევს ამ ცვლილებებს, უცნობია.
რისკის ფაქტორებია:
* ასაკი – დაავადების შემთხვევათა 75%-ზე მეტი მოდის 70-80 წლის მამაკაცების წილად. დაავადებულთა მხოლოდ 7%-ია 60 წელზე ნაკლები ასაკისა, პაციენტების საშუალო ასაკი კი 72 წელია, თუმცა უკანასკნელ ხანს შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია;
* ესტროგენებისა და ანდროგენების დისბალანსი, რაზეც მიუთითებს ღვიძლის ციროზის კავშირი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მომატებულ რისკთან და ესტროგენოთერაპიით მიღწეული წარმატებები;
* კვების თავისებურებები – აზიის ქვეყნებში, სადაც საკვები მდიდარია A ვიტამინით და მცენარეული ესტროგენებით, წინამდებარე ჯირკვლის კიბო გაცილებით იშვიათია, რაც ანდროგენების ნეიტრალიზაციით აიხსნება. დამცავი ეფექტი აქვს ვიტამინ E-ს, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სიხშირეს 3,5%-ით ამცირებს.
პროსტატის კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობა – ის 2-3-ჯერ ხშირად უდასტურდებათ მამაკაცებს, რომელთა მამას ან ძმას იგივე დაავადება ჰქონდა.
წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებას დაახლოებით ათი წლით უსწრებს წინ პროსტატის ინტრაეპითელური ნეოპლაზია (პინ), რომელიც 30 წლის შემდეგ ვითარდება. არსებობს დაბალი და მაღალი ხარისხის პინი. მაღალი ხარისხის პინის დროს კიბოს განვითარება თითქმის გარდაუვალია.
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ასიდან 70-80 შემთხვევაში პერიფერიულ ზონაში ვითარდება, 15-20 შემთხვევაში – გარდამავალში.
კიბოს სიმპტომები
– წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომები პირობითად სამ ჯგუფად იყოფა:
I – ქვემო საშარდე გზების ობსტრუქციის სიმპტომები (20%): შარდვის გაძნელება, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, შარდვის გახშირება, ღამით ხშირი შარდვა;
II – სიმსივნური უჯრედების მიმდებარე სტრუქტურებზე გავრცელების სიმპტომები: ტკივილი შარდვის დროს, შარდის შეკავება, ტკივილი შორისისა და ბოქვენზედა არეში, ჰემატურია (სისხლი შარდში); სიმსივნური პროცესის სწორ ნაწლავში ინვაზია იწვევს შეკრულობას და სწორი ნაწლავიდან სისხლიან გამონადენს;
III – შორეული მეტასტაზების განვითარებასთან დაკავშირებული სიმპტომია ძვლების ტკივილი. თუ პროცესში ძვლის ტვინიც ჩაერთო, შესაძლოა განვითარდეს მორეციდივე თრომბოფლებიტი, კოაგულოპათია, სისხლდენა და ანემია.
დიაგნოსტიკა
– პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის მეთოდებია:
● რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევა თითით;
● პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) დონის განსაზღვრა ვენურ სისხლში;
●ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა – ტუტე ფოსფატაზა ერთ დროს პროსტატის კიბოს ერთადერთი მარკერი იყო. ამჟამად მისი განსაზღვრის მეთოდს იშვიათად იყენებენ, თუმცა პროსტატის კიბოს შემთხვევათა 70-85%-ში მისი აქტივობა მომატებულია, განსაკუთრებით – ძვლებში მეტასტაზების დროს;
● პროსტატის ბიოფსია – ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, ტრანსრექტალური (სწორი ნაწლავიდან) ექოსკოპიის კონტროლის თანხლებით. ეს დიაგნოსტიკის სტანდარტული მეთოდია;
* ტრანსრექტალური ულტრაბგერითი ექოსკოპია – ამ გზით ფასდება სიმსივნის გავრცელება. ექოსკოპიის საშუალებით 1 სმ3 მოცულობის სიმსივნური კერების აღმოჩენაა შესაძლებელი;
* პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია – მისი საშუალებით შესაძლებელია საკვლევი მორფოლოგიური მასალის ნებისმიერი არიდან აღება და შარდის დარღვეული პასაჟის აღდგენა;
* მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია – გამოიყენება პროსტატის შესაფასებლად, გადიდებული ლიმფური კვანძების გამოსავლენად და შორეული მეტასტაზების დასადგენად.
რა არის პსა
– რა არის პსა და რატომ არის რეკომენდებული პერიოდულად მისი შემოწმება?
– ამ ცილას მხოლოდ პროსტატის უჯრედები გამოიმუშავებს და მისი ძირითადი ფუნქცია სპერმის ბლანტი მასის გათხიერებაა. პსა-ს უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან სათესლე სითხესთან ერთად გამოიყოფა; მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის სისხლში. აქ ის არსებობს ორი – თავისუფალი და ცილასთან შეკავშირებული – ფორმით. პსა-ს სტანდარტული ტესტი სისხლში ამ ორი ფორმის ჯამურ რაოდენობას განსაზღვრავს.
პსა, ასევე ცნობილი როგორც ადამიანის კალიკრეინი, პროსტატასპეციფიკური მარკერია და არა ონკოლოგიური, რაც იმას ნიშნავს, რომ პსა-ს დონე იმატებს წინამდებარე ჯირკვლის არა მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის, არამედ კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ან ანთების დროსაც და სხვა კლინიკურ და ცხოვრებისეულ შემთხვევებშიც (ეაკულაცია, პროსტატის ფიზიოთერაპია, ცისტოსკოპია და სხვ.).
ტესტი გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, პროსტატის ბიოფსიის საჭიროების დასადგენად, პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, პროსტატის კიბოს რეციდივის გამოსავლენად.
მიუხედავად იმისა, რომ, მრავალი სპეციალისტის აზრით, თუ სისხლში პსა-ს დონე 2.5 ნგ`მლ-ზე ნაკლებია, სიმსივნის რისკი მინიმალურია, არ არსებობს პსა-ს მაჩვენებელი, რომელიც 100%-ით გამორიცხავს პროსტატის კიბოს. რისკი პსა-ს დონის მიხედვით მერყეობს. 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 97%-ისთვის 4.0 ნგ`მლ-ზე დაბალი მაჩვენებელი ზღვრულ ნიშნულადაა მიღებული.
მკურნალობა
– პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდის შერჩევისას გასათვალისწინებელია დაავადების სტადია, პაციენტის ასაკი, გართულებების რისკი და თანმხლები დაავადებები. ძირითადი სამკურნალო სტრატეგიებია:
* ქირურგიული მკურნალობა. ტარდება რადიკალური პროსტატექტომია – პროსტატის ამოკვეთა. ყველაზე ხშირად სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ ორგანოში ლოკალიზებული და ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს. არსებული მონაცემებით, მისი ეფექტიანობა 90%-ს უტოლდება.
* სხივური თერაპია. მისი მიზანი სიმსივნური უჯრედების განადგურება და მათი გამრავლების შეჩერება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მრავლდება, გაცილებით ადვილად იშლება გამოსხივების ზემოქმედებით, ვიდრე მიმდებარე ნორმალური უჯრედები.
* ჰორმონული თერაპია. მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ტესტოსტერონის მიერ ამ სტიმულაციის დაქვეითებას ისახავს მიზნად.
* კრიოთერაპია. კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობას ჯერ მხოლოდ შეისწავლიან. სიმსივნურ უჯრედებს თხევადი აზოტით და არგონით ყინავენ და ასე ანადგურებენ. აღნიშნული ნივთიერებები უშუალოდ სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილას შეჰყავთ ნემსით. პროცედურა ულტრაბგერის კონტროლით ტარდება.
* ქიმიოთერაპია. ჰორმონრეზისტენტული პროსტატის კიბოს შემთხვევაში ქიმიოთერაპიას იყენებენ როგორც პალიატიური მკურნალობის მეთოდს, რომლის მიზანი სიმსივნის ზრდის შეფერხება და სიმპტომების შემსუბუქებაა.
შესაძლებელია თუ არა პრევენცია
– 40 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის წელიწადში ერთხელ სასურველია სისხლში საერთო პსა-ს დონის განსაზღვრა. ამ გზით ხერხდება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლენა მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც მისი განკურნება შესაძლებელია.
პსა-ს მაჩვენებლის ზუსტად განსაზღვრისთვის გაითვალისწინეთ:
* ანალიზის აღებამდე, სულ მცირე, 48 საათის განმავლობაში რეკომენდებულია ეკულაციისგან (სპერმის დანთხევისგან) თავის შეკავება.
* პროსტატის ფიზიოთერაპიის კურსმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პსა-ს დონეზე, ამიტომ მისი დონის გამოკვლევა მიზანშეწონილია პროცედურიდან არანაკლებ 3 დღის შემდეგ.
* პროსტატის ტრანსრექტალური (სწორი ნაწლავიდან) ულტრაბგერითი გამოკვლევა გავლენას ახდენს სისხლის შრატის პსა-ს დონეზე, ამიტომ ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილია აღნიშნული კვლევიდან არანაკლებ 1 კვირის შემდეგ.
* პროსტატის ბიოფსიის შემთხვევაში პსა-ს დონის გამოკვლევა რეკომენდებულია არანაკლებ 6 კვირის შემდეგ.
* ცისტოსკოპია (შარდის ბუშტის გამოკვლევა) ზრდის სისხლში პსა-ის დონეს.
მიმართეთ ექიმ უროლოგს, რათა მან გააანალიზოს კვლევის შედეგები და საჭიროების შემთხვევაში სწორი მკურნალობა დაგინიშნოთ.
ნუ შეუშინდებით და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, პრევენცია ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.
მარი მარღანია