აი, მეც მოვედი...
გააზიარე:
რამდენი თვეა, ამ პაწია საოცრებას ელოდით და აი, ისიც! რამდენი სიხარული მოაქვს ბავშვის დაბადებას და, იმავდროულად, რამდენ შრომას მოითხოვს – ჩვენ ხომ მზად ვართ, საყვარელ პაწაწინას ცივი ნიავი არ მივაკაროთ!
განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა სამშობიაროდან გამოწერის შემდგომი დღეები, როდესაც ბავშვი პირველად ხვდება შინ – გარემოში, სადაც თავს ამდენი მოსიყვარულე ადამიანი ახვევია.
აი, სწორედ მოსიყვარულე ადამიანებს შორის ატყდება ხოლმე ფაციფუცი – ნათესავები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ მოუვლის პაწია მტირალას. სწორედ ამ საპასუხისმებლო მომენტში უწევთ ყველაზე მეტი ძალისხმევა დედიკოსა და მამიკოს, რომლებიც პატარასთვის მშობლებიც უნდა იყვნენ და სამშობიაროს ექთანის ფუნქციებიც ოსტატურად შეითავსონ. მოდი, სწორედ იმ ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბროთ, რომელთა ათვისებაც გამოუცდელ მშობელს უთუოდ მოუწევს.
ვიწყებთ საწოლის შერჩევით
პაწიამ თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, აუცილებელია, საწოლი სწორად იყოს შერჩეული.
საბავშვო საწოლები მრავალფეროვანი მასალისგან მზადდება. ყველაზე სასურველი, ცხადია, ბუნებრივი, ხის მასალაა, ყველაზე იაფფასიანი და ნაკლებად მოთხოვნადი კი ლითონისკარკასიანი საწოლი გახლავთ.
ერთერთი კრიტერიუმი, რომელსაც მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, საწოლის კონსტრუქციაა. ყველაზე მარტივი და იაფფასიანი ვარიანტია საწოლი, რომელიც არ ირწევა. მისი ერთადერთი მოძრავი ნაწილი ფსკერია, რომლის სიღრმის რეგულირება სურვილისამებრ შეიძლება, რაც ძალიან მოხერხებულია –თავდაპირველად ჩვილი დედიკოსა და მამიკოსთვის “ხელმისაწვდომ” სიმაღლეზე დაიძინებს, ხოლო როცა წამოიზრდება, ფსკერს დავწევთ და საწოლი ბავშვს მანეჟის მაგივრობასაც გაუწევს.
შედარებით დახვეწილი მოდელია ბორბლებიანი საწოლი, რომელსაც ბორბლები ეხსნება. ის იოლი გადასაადგილებელია და, რაც მთავარია, ირწევა, თუმცა ასეთი კონსტრუქციის მოდელსაც აქვს ნაკლი: ბორბლები იატაკზე ნაკვალევს ტოვებს და ზოგჯერ პარკეტსაც კაწრავს. იდეალური კონსტრუქცია აქვს სარწეველა საწოლს. ის ორი ტიპისაა. ერთი წინ და უკან ირწევა, მეორე – მარჯვნივ და მარცხნივ. ბარემ აქვე გეტყვით, რომ პირველი უფრო კომფორტულია – პატარა მასში გაცილებით მყუდროდ გრძნობს თავს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ბავშვი რომ წამოიზრდება, საწოლი შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რწევის ფუნქცია გაუუქმოთ.
ნებისმიერი კონსტრუქციის საბავშვო საწოლს აქვს უჯრა, რომელშიც შეგიძლიათ პაწაწინას თეთრეული და ტანსაცმელი ჩააწყოთ და მოაჯირი, რომელიც, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ასწიოთ, დასწიოთ ან სულაც მოხსნათ და საწოლი პატარა დივანს დაამსგავსოთ.
ალბათ, ბავშვობიდან ჩაგრჩათ მეხსიერებაში ხის მარტივი კონსტრუქცია მოძრავი ძირისა და ბორბლების გარეშე. ეს ე.წ. რუსული საწოლი გახლდათ, რომელიც მეტისმეტად თავშენახულ ოჯახებს თუ ექნებათ შემორჩენილი. დღეს უპირატესობას ევროპულ მოდელებს ანიჭებენ. თანამედროვე მშობლების გულის გასახარად, კონსტრუქტორებმა აკვანიმოდერნი შექმნეს. ასეთ აკვანს დისტანციური ელექტროსამართავი პულტი აქვს, რომლის საშუალებითაც მშობელს შორიდანვე შეუძლია მისი რწევა. ზოგიერთ მოდელში დიქტოფონია ჩამონტაჟებული, რომელზეც დედიკოსა და მამიკოს ხმებია ჩაწერილი. ატირდება თუ არა ჩვილი, ძიძა (ბებია, დეიდა ან სხვა მომვლელი) ჩართავს ჩანაწერს და ბავშვსაც უმალვე დაამშვიდებს საყვარელი ხმა. პულტითვე შეიძლება საწოლის თავზე ჩამოკიდებული ბზრიალა სათამაშოს ჩართვა და გამორთვა.
პატარამ ტკბილად და მშვიდად რომ იძინოს, ასე მოიქეცით:
. საწოლს ოთახის ყველაზე მყუდრო კუნჭულში მიუჩინეთ ადგილი. სასურველია, ეს კუთხე ნათელი იყოს, ოღონდ მზისა და ნათურის სინათლე ბავშვს პირდაპირ არამც და არამც არ უნდა ეცემოდეს. გარდა ამისა, ბავშვის ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ, ოღონდ ისე, რომ პატარა ორპირ ქარში არ მოხვდეს.
. გულდასმით შეარჩიეთ ლეიბი. ის მაგარი უნდა იყოს – ეს აუცილებელი პირობაა ხერხემლის ფორმირებისთვის. გაითვალისწინეთ ზომაც – ლეიბი ზუსტად უნდა იმეორებდეს საწოლის კონტურებს, ხოლო მასა და საწოლის კიდეს შორის მანძილი 3 სმს არ აღემატებოდეს.
. ნუ დაუდებთ ჩვილს ბალიშს. უმჯობესია, მატრასს თავი დაახლოებით 30 გრადუსით წამოუწიოთ. ასე პატარა უკეთ ისუნთქებს და თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობს.
თუ ახალშობილს ჭიპლარის ტაკვი სამშობიაროშივე მოვარდა, ბინაზე გაწერის შემდეგ საჭიროა მისი დამუშავება ექიმის მიერ დანიშნული ანტისეპტიკური ხსნარით. ჭრილობა დროულად რომ შეხორცდეს, ჭიპის სისუფთავე და სიმშრალე უნდა უზრუნველვყოთ, ჭიპის დამუშავებამდე კი ხელები კარგად დავიბანოთ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ახალშობილს ჭიპის ჭრილობიდან ჩირქოვანი გამონადენი ან ჭიპის გარშემო მკვეთრი სიწითლე გაუჩნდა, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.
იცოდით, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებულია ბავშვის ბინაზე გაწერა ჭიპლარის ტაკვით? მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ასეთი ტაქტიკა მკვეთრად ამცირებს ინფიცირების რისკს.
რა დაემართა კანს?
პირველი “სიურპრიზი”, რომელსაც პაწიას თოთო კანი გვიწყობს, უჩვეულო გამონაყარია, რომელიც ნასიცხიც შეიძლება იყოს, ატოპიური დერმატიტის პირველი ნიშანიც და საფენით გამოწვეული გაღიზიანებაც.
საბავშვო საფენი (ან, უბრალოდ, პამპერსი), თუმცაღა, ლოგიკურად, მხოლოდ კომფორტთან უნდა ასოცირდებოდეს, მაინც იწვევს მცირედ დისკომფორტს. პრობლემა, რომელსაც პედიატრები საფენისმიერ დერმატიტს უწოდებენ, კანის ანთებითი დაზიანებაა, რომელიც საფენით დაფარულ ადგილას იჩენს თავს.
საფენისმიერი დერმატიტი ვლინდება:
. საბავშვო საფენით დაფარულ ადგილას (დუნდულებზე, ბარძაყის ნაკეცებში, გარეთა სასქესო ორგანოებზე) წითელი გამონაყარით, კანის შეშუპებით;
. პაწიას განწყობის ცვლილებით. ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, განსაკუთრებით – შარდვისა და დეფეკაციის დროს, ასევე – დაბანისას, როდესაც მშობელი ხელით ეხება გაღიზიანებულ კანს.
საფენისმიერი დერმატიტისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა მისი მიზეზების ცოდნაა. აი ეს მიზეზები:
. კანის გაღიზიანება შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების შედეგად. ხშირი შარდვა, უფრო მეტად კი დეფეკაცია თოთო კანს აღიზიანებს.
. მენიუს ცვლილება- არა მარტო ბავშვისა, არამედ დედიკოს მენიუსიც. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, შესაძლოა, საფენისმიერი დერმატიტი დედის მენიუში ცვლილების შეტანამაც გამოიწვიოს. მით უმეტეს – მაშინ, თუ დედიკო პომიდვრიან კერძს შეექცა.
. სარეცხი ფხვნილები, კოსმეტიკური საშუალებები. თუ პაწიას ტანსაცმელს ჩვეულებრივი სარეცხის ფხვნილით რეცხავთ, ადვილი შესაძლებელია, მისმა აგრესიულმა კომპონენტებმა ნაზი კანი გააღიზიანოს. ამგვარი სიურპრიზისგან დაზღვეულები იქნებით, თუ ბავშვის სამოსს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით გარეცხავთ.
ზოგიერთ ნამცეცას თოთო კანს საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური კომპონენტებიც უღიზიანებს. თუ შეამჩნიეთ, რომ კანის ზეთმა ან ლოსიონმა ბავშვს ტაკუცები გაუღიზიანა, უთუოდ გამოცვალეთ.
. ბაქტერიული და სოკოვანი ინფექცია. მათი გავრცელებისთვის საფენის ქვეშ იდეალური პირობებია: გახეხილი კანი (რომელშიც ინფექცია იოლად აღწევს), ნესტი და სითბო. ინფექციის შეჭრის ადგილას კანი შეწითლებული და მტკივნეულია.
. მგრძნობიარე კანი. თუ პაწიას კანის პრობლემა აქვს (ატოპიური დერმატიტი, ეგზემა), საფენის ქვეშ ტაკუცები უფრო იოლად გაუღიზიანდება.
. მჭიდროდ შეკრული პამპერსი ან სხვა ტანსაცმელი. ამ დროს კანი იხეხება და ძლიერ ღიზიანდება. ნუ იფიქრებთ, რომ პამპერსის მჭიდროდ შეკვრა შარდის გამოჟონვისგან უკეთ დაგიცავთ.
. ანტიბიოტიკები. ამ ტიპის მედიკამენტები მავნე მიკრობებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებენ, ამიტომ კანზე იოლად ვრცელდება სოკოვანი ინფექცია.
ასეთივე შედეგი შეიძლება მივიღოთ, როდესაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, დედას კი ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება უწევს.
თუ პრობლემას თავი ვერ გაართვით: დერმატიტი არ გაქრა ან უფრო მეტად გავრცელდა, პაწიას სიცხე მისცა, წვრილწვრილი გამონაყარი ბუშტუკებად გადაექცა, – ექიმს მიმართეთ.
გამონაყარის შესამცირებლად:
. პაწიას საფენი ხშირად გამოუცვალეთ.
. საფენის ყოველი გამოცვლისას კანი სველი ბამბის ფთილით ან სველი ხელსახოცით გაუწმინდეთ. გამოიყენეთ ხელსახოცი, რომელიც არც ალკოჰოლს შეიცავს და არც სურნელოვან დანამატებს.
. დაბანის შემდეგ ტაკუცები რბილი ნაჭრით ან ფაფუკი პირსახოცით შეუმშრალეთ, ძალიან ფაქიზად, ყოველგვარი ხახუნის გარეშე. ნაჭერი ან პირსახოცი კანზე დააფინეთ, რომ სისველე შეიშროს.
. საფენი მჭიდროდ არ შეუკრათ. ჯერ ერთი, ჰაერი ვეღარ იმოძრავებს, მეორეც, მაცერაციის (კანის გახეხვის) შედეგად კანზე ნაჭდევები გაჩნდება. შეგიძლიათ, კანის მოშუშებამდე ერთი ზომით დიდი საფენიც ჩააცვათ.
. ბავშვი ხშირად გაანიავეთ: შეუხსენით საფენი და რამდენიმე წუთი ასე დატოვეთ.
. ბავშვის ტანსაცმელი სპეციალური სარეცხი ფხვნილით რეცხეთ. სასურველია, წყალში რამდენჯერმე გაავლოთ.
. გაღიზიანებულ კანზე პატარას საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემი წააცხეთ. ასეთი კრემები შეიცავს თუთიის ოქსიდს, რომელიც თოთო კანს აშრობს და გაღიზიანებისგან იცავს.
. საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ. გახსოვდეთ, გაღიზიანებულ კანში ბაქტერიები იოლად აღწევს.
ეს რჩევები დაბანის დროსაც გამოგადგებათ:
. ვიდრე პაწიას წყალში ჩასვამდეთ, გულდასმით შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. ის დაახლოებით 37 გრადუსი უნდა იყოს. თუ თერმომეტრს არ ენდობით, მის მაგივრობას იდაყვი გაგიწევთ.
. წყლის პროცედურები არა გვიან საღამოს, არამედ დღის სხვა მონაკვეთში, მაგალითად, საღამოს 6 საათისთვის, შუადღისას ან დილით ჩაუტარეთ.
. არც ის არის აუცილებელი, პაწიას მაინცდამაინც კვებამდე ერთი საათით ადრე ვუკრათ თავი წყალში. ჭამიდან ერთი საათის შემდეგაც შეიძლება ვაბანაოთ ან წყლის გამაკაჟებელი პროცედურები ჩავუტაროთ.
. თუ ბავშვი წყლის გაცივებისას ტირილს იწყებს, თვალი ადევნეთ, რომ წყლის ტემპერატურა მკვეთრად არ შეიცვალოს. თუ ერთორგრადუსიანი ცვლილებაც აწუხებს, წყლიდან ამოიყვანეთ და თბილად ჩააცვით, გასაკაჟებელი პროცედურა კი მცირე ხნით გადადეთ.
. თუ ბავშვის გასაკაჟებლად წყლის გაცივება განიზრახეთ, ონკანი პირდაპირ აბაზანაში ჩაუშვით, ისე, რომ პაწია წყლიდან არ ამოიყვანოთ. პირველ ჯერზე წყალს მეტისმეტად ნუ გააგრილებთ, მხოლოდ 23 გრადუსი “მოპარეთ” (34 გრადუსზე ნაკლები ნუ იქნება).
არამც და არამც არ მოიქცეთ ასე ცხელი წყლის ჩამატებისას! ბავშვი აბაზანიდან ამოიყვანეთ და ცხელი წყალი მერე ჩაამატეთ.
. წყლის სიღრმე აბაზანაში 810 სმ უნდა იყოს.
ატოპიური დერმატიტი კანის ალერგიული ხასიათის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვლინდება კანის სიმშრალით, სხვადასხვანაირი გამონაყარითა და ქავილით. დაავადების სიხშირე ადრეული ასაკის ბავშვებში 20%ს შეადგენს. ასიდან 65 შემთხვევაში დაავადება იწყება 1 წლამდე. ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ლოყების მკვეთრი შეწითლება და სიმშრალე, ნახეთქების, ბუშტუკების წარმოქმნა, გამონადენი, შეშუპება და ფუფხი. ძლიერი ქავილი იწვევს უძილობას, ტირილს, აგზნებადობას. ფუფხის დასარბილებლად თავის თმიან ნაწილზე დაბანამდე 2030 წუთით ადრე ზეთი წაუსვით, ხოლო დაბანის შემდეგ მომლბალი ფუფხი ხელით ან რბილი ჯაგრისით მოაცილეთ. ძალდატანებით, უხეშად მისი მოცილება არ შეიძლება – ეს კანის მეორეულ ინფიცირებას გამოიწვევს.