ვზრდით პატარა გენიოსს

გააზიარე:
მემკვიდრეობა მემკვიდრეობად, მაგრამ თითოეული ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გარემო არანაკლებ გავლენას ახდენს. პატარას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან შეიძლება შევუწყოთ ან შევუშალოთ ხელი, რომ მისგან გენიალური პოეტი,

მუსიკოსი, ინჟინერი, მეცნიერი დადგეს. დღეს უკვე საქართველოშიც შეხვდებით ათასგვარ სათამაშოს თუ წიგნს, რომლის წარწერა ამაყად გამცნობთ: “ხელს უწყობს ადრეულ ინტელექტუალურ განვითარებას”. საზღვარგარეთ ჩვილებისთვის სპეციალური CD და DVD დისკებიც კი არსებობს, რომელთა მწარმოებლებს ასეთივე პრეტენზია აქვთ. მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ, რომ ჩვენთან ისინი ხელმისაწვდომი არ არის, ნურც საზღვარგარეთ მცხოვრებ ნაცნობ-მეგობრებს დაუწყებთ ძებნას – სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვილებს, რომლებსაც ამ “ვიდეოგაკვეთილებით” ზრდიან, განვითარების თანატოლებზე უკეთესი კი არა, საშუალოსტატისტიკურზე უარესი მაჩვენებლები აქვთ. სასამართლო გარჩევის შემდეგ მკვლევარებმა დააზუსტეს: ვერ გამოვრიცხავთ, შესაძლოა, ასეთი ცუდი მაჩვენებლები სხვა რამის ბრალიც იყოს, მაგრამ ვიდეოს ყურება გონებრივ განვითარებას რომ არ აჩქარებს, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვამტკიცოთო.
სამაგიეროდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აშკარაა, რომ მზრუნველ დედას, რომელსაც შვილთან საუბარი, თამაში და მოფერება არ ეზარება (და, რაც მთავარია, ამისთვის სცალია), ვერავითარი გამოგონება ვერ შეცვლის, და ეს არის მთავარი, რაც პატარას შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოვლენაში დაეხმარება.
პირველი შთაბეჭდილებები
ერთ-ერთი პირველი, რასაც პატარა ისწავლის, ის არის, რომ თქვენს გამოჩენას, შეხებას თუ ხმის გაგონებას შიმშილის დაოკება, ჭუჭყიანი პამპერსის გახდა, სველი ტანსაცმლის გამოცვლა და საერთოდ, სითბო და სიმშვიდე მოჰყვება. შეგიძლიათ, სწავლა გაუადვილოთ, თუ მის შეგრძნებებს წაახალისებთ ღიმილით, დაყვავებით, მოფერებით.
ასეთი პაწაწინებიც კი მზად არიან, გაიცნონ გარე სამყარო. უყვართ სახეებზე, განსაკუთრებით დედიკოს სახეზე დაკვირვება. ხმებიც პირველივე დღეებიდან იქცევს მათ ყურადღებას. დედიკოს ხმაზე შეიძლება წრიალი შეწყვიტონ და თავის აქეთ-იქით ტრიალიც კი დაიწყონ იმის გასარკვევად, საიდან მოდის ხმა. როცა უღიმით და ელაპარაკებით, თქვენი ხმა და სახე მისთვის კომფორტისა და სიმშვიდის წყაროდ იქცევა და მისი პაწაწინა გონება თქვენს ხატს საჭმელთან, სითბოსა და მოფერებასთან აკავშირებს.
ჩვილები რეფლექსებით ანუ განსაზღვრულ სტიმულებზე დაპროგრამებული პასუხებით იბადებიან. ეს რეფლექსები მათ გადარჩენას ემსახურება და ამავე დროს პატარას სამყაროსთან ურთიერთობის საშუალებასაც აძლევს. მაგალითად, თუ პაწაწინას ლოყაზე, პირის კუთხესთან მოუთათუნებთ ხელს, თავს იქით მიაბრუნებს. თავდაპირველად ეს რეფლექსი მას საკვების მიღებაში ეხმარება, მაგრამ სულ რამდენიმე კვირის შემდეგ პატარები ძუძუსა თუ ბოთლისკენ თავს მხოლოდ რეფლექსის წყალობით კი არ აბრუნებენ, არამედ იმიტომაც, რომ უკვე ისწავლეს: ეს მათი ფიაა.
მოდი, ვითამაშოთ
პატარასთვის არც ისე საინტერესოა გარემო, სადაც ახალი არაფერი ხდება, თვალთახედვის არეში ახალი ნივთები თუ სახეები არ ექცევა და არც ბევრი და განსხვავებული ხმა ისმის. მეორე მხრივ, არც საპირისპირო სიტუაციაა უკეთესი: ხმებისა თუ სახეების სიუხვე პაწაწინას აბნევს, ღლის და კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს.
მნიშვნელოვანია, დედიკომ პატარას გაგება ისწავლოს, ხვდებოდეს, როდის არის ის თამაშისა და სამყაროს შეცნობის გუნებაზე და როდის პირიქით – გადაღლილია და სიმშვიდე სჭირდება. ეს არც ისე ძნელია: დააკვირდით თქვენს პატარა მასწავლებელს და სულ მალე მისი გუნება-განწყობის ამოცნობას ისწავლით. თამაშის გუნებაზე მყოფი ჩვილი ნაკლებად წრიალებს, ყურადღებით გაკვირდებათ. თამაშსაც ამ ასაკში, ბუნებრივია, მიბაძვის სახე აქვს. სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებს ბავშვი სამ წლამდე სწორედ მიბაძვით, უფროსებზე დაკვირვებით და მათი ქმედების გამეორებით იძენს. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი ყველას და ყველაფერს ბაძავს – წაბაძვით ცდილობს სიარულს, ლაპარაკს, ჭამას, ცდილობს გაიმეოროს უფროსების ყოველი ქმედება, ამიტომ ბავშვისთვის თანაბრად საინტერესოა ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავს, დაწყებული საგანგებოდ მისთვის შეძენილი სათამაშოებით, დამთავრებული საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით (ეს უკანასკნელი, უფროსების გასაკვირად, ხშირად ფერად და ჭყეტელა სათამაშოებზე უფრო მიმზიდველია პატარასთვის).
პატარას პირველივე კვირებიდან სჭირდება ასაკის შესაფერისი სათამაშოები, რომლებიც მის მხედველობას, სმენასა თუ შეხების უნარს წაახალისებს: ჩხრიალები, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის მარტივი სათამაშოები, მუსიკალური სათამაშოები. მკვეთრი
  კონტრასტები (მაგალითად, წითელი, თეთრი და შავი), მრუდები და სიმეტრია ახალშობილის მხედველობის განვითარებას უწყობს ხელს, მხედველობის გაუმჯობესება კი გარემოსთან უკეთესად ურთიერთობას შეაძლებინებს.
ზრდასთან ერთად იცვლება ბავშვის შესაძლებლობები და მოთხოვნილებებიც. მის ყურადღებას იპყრობს პრაქტიკულად ყველა საგანი, რომელიც მისი თვალთახედვის არეში მოხვდება. სასურველი ნივთის ხელში ჩაგდებისთანავე ბავშვს იგი პირისკენ მიაქვს და გემოს უსინჯავს, ამიტომ აუცილებელია, სათამაშო უვნებელი, არატოქსიკური მასალისგან იყოს დამზადებული. ამ ასაკში ბავშვი ვერ ხვდება ამა თუ იმ საგნის ფუნქციას და საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობს გართობას. ხოხვისას უკვე  რაც შეიძლება მეტი ნივთის მონადირება  და “დამუშავება” სურს, ამიტომ ყველა საშიში და მტვრევადი ნივთი კარგად უნდა გადამალოთ, პატარა მკვლევარს კი საშუალება მისცეთ, დაუღალავად აწარმოოს “დაკვირვებები” და “ექსპერიმენტები”.
უფროსებს ხშირად უკვირთ, რომ უამრავი ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშოს პატრონებს ასე იზიდავთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საგნები – ისინი, რომლებსაც მშობლები და ოჯახის წევრები ყოველდღიურად იყენებენ.
ნუ დაუშლით პატარას სამზარეულო ინვენტარით (ცხადია, გარდა ბასრი და მჭრელი საგნებისა) გართობას. სანამ თქვენ სამზარეულოში საქმიანობთ, ის ქვაბით, ხის კოვზებით, ტაფებით, საწურითა და სხვა ნივთებით მშვენივრად შეიქცევს თავს.
რამდენიმე იდეა სწავლისა და თამაშის წასახალისებლად:
. ჩართეთ მშვიდი მუსიკა და მელოდიის რიტმში პატარა ნაზად აქანავეთ;
. შეარჩიეთ რომელიმე წყნარი, მელოდიური სიმღერა ან იავნანა და პატარას ხშირად უმღერეთ. ნაცნობი ბგერები და სიტყვები დამამშვიდებელ გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა გაღიზიანებულია და სატირლად ემზადება.
. გაუღიმეთ, დაეჭყანეთ, ენა გამოუყავით – მიიღეთ სხვადასხვა გამომეტყველება. ეს პატარას სწავლისა და მიბაძვის სურვილს გაუჩენს.
. მოიმარჯვეთ და ბავშვის თვალთახედვის არეში ამოძრავეთ მისი საყვარელი სათამაშო, რათა მზერის დაფიქსირებასა და გაყოლებას მიაჩვიოთ; ასევე ამოძრავეთ და თან ანჯღრიეთ ჩხრიალაც, ხმით მისი მოძებნა რომ სცადოს.
. ყოველდღე რამდენიმე წუთით მუცელზე დააწვინეთ, რომ კისერი, მხრები და პრესის კუნთები გაუძლიეროთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში პაწაწინას უფროსი უნდა აკვირდებოდეს, რათა, თუ ბავშვი დაიღალა ან ასე წოლა მობეზრდა, პოზა სწრაფად შეუცვალოს. ნუ მისცემთ საშუალებას, მუცელზე მწოლიარემ ჩაიძინოს! ჩვილებს აუცილებლად ზურგზე უნდა ეძინოთ – ეს უეცარი სიკვდილის ალბათობას ამცირებს.
. ელაპარაკეთ პა
 ტარას. წაახალისეთ კომუნიკაციის მცდელობა იმ ბგერების მიბაძვით, რომლებსაც ის გამოსცემს. ამით ხაზს უსვამთ, რომ მას უსმენთ, ის თქვენთვის მნიშვნელოვანია და თან სტიმულს აძლევთ, თვითონაც იგივე გააკეთოს.
თითებიდან ტვინამდე
ადრეც გვითქვამს: ადამიანის თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ძალიან ახლოს მდებარეობს უბანთან, რომელიც ხელის თითების მოძრაობას უზრუნველყოფს, ხელის თითების მიზანმიმართული ვარჯიში კი, თავის მხრივ, მეტყველებისა და სხვა მეზობელ უბნებსაც ააქტიურებს. ამიტომ ბავშვის ხელები საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ, მით უმეტეს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა.
წვრილი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოების შესრულებას შეგვიძლია 2-3 თვის ასაკიდანვე შევუდგეთ.
ხელის მტევნებისა და თითის ფალანგების მსუბუქი მასაჟი სრულდება ყოველდღე, 3-5 წუთის განმავლობაში. მოიცავს წრიულ მოძრაობებს ხელისგულზე ცერა ან საჩვენებელი თითით, ფალანგების გაშლა-მოხრას, ფალანგების დაზელას წრიული მოძრაობით თითის ბოლოდან წვერისკენ (ხელისგულიდან ფრჩხილისკენ), “წვიმის წვეთებს” – მსუბუქ კაკუნს თითის ბალიშებით, “დამაუთოებელ” მოძრაობებს.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილკბილება სავარცხელი და ნაზად “დავარცხნოთ“ ხელისგულები და თითები.
ხუთი თვის ბავშვს ხელები მუშტებად აღარ უნდა ჰქონდეს შეკრული, უნდა შეეძლოს მისთვის გაწვდილი სათამაშოს ჩამორთმევა, ხელის მტევნების დამოუკიდებლად გაშლა-მომუჭვა, ხელის გაწვდენა იმ ნივთისკენ, რომელიც დააინტერესებს, ერთი ხელიდან მეორეში ნივთის გადატანა, “მონადირებული” საგნის პირისკენ წაღება, ორი ნივთის სხვადასხვა ხელში დაჭერა და ერთმანეთზე დაკაკუნება.
ჩვენ გვიყვარს კითხვა
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პირველი დაბადების დღისთვის ბავშვებს უკვე ათვისებული აქვთ ყველა ბგერა, რომელიც კი მშობლიურ ენაზე სალაპარაკოდ არის საჭირო. რაც უფრო მეტს წაუკითხავთ, რაც უფრო მეტ სიტყვას გაიგონებენ, მით უფრო უკეთ ილაპარაკებენ. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვებმა, რომელთაც მშობლები ხშირად ელაპარაკებიან და უკითხავენ, ორი წლისთვის თანატოლებზე მეტი სიტყვა იციან, კითხვასაც უფრო ადრე და უკეთ სწავლობენ.
კითხვისას ბავშვი ისმენს მრავალი სხვადასხვა ემოციის გამომხატველ ბგერებს, ეს კი მის სოციალურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს. კითხვისას ბავშვს ასევე ვიწვევთ, შეხედოს, მიუთითოს, შეეხოს, კითხვებს უპასუხოს, ეს ყველაფერი კი სოციალური და სააზროვნო უნარების განვითარებისთვის არის საჭირო. ამავე დროს ბგერების მიბაძვით, სურათების გამოცნობით, სიტყვების შესწავლით ჩვილი ენობრივ უნარებსაც ხვეწს.
და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ბავშვს წიგნი ვუკითხოთ, ის არის, რომ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს – თქვენს ხმასა და სიახლოვეს – პატარა წიგნთან აკავშირებს; დედიკოს წიგნის წასაკითხად დრო რომ არ ენანება, ეს პატარას არწმუნებს, რომ კითხვის შესწავლა ნამდვილად ღირს.
. თუ კითხვის დროს გულში ჩაიკრავთ, პატარა თავს უსაფრთხოდ, თბილად იგრძნობს და თქვენთან კავშირსაც უფრო ხელშესახებად აღიქვამს.
. იკითხეთ მხატვრულად, აუწიეთ და დაუწიეთ ხმას, სადაც საჭიროა, სხვადასხვა პერსონაჟი სხვადასხვა ხმაზე გაახმოვანეთ.

. ნუ იდარდებთ, თუ ტექსტს ზუსტად არ მიჰყვებით. დროდადრო გაჩერდით და კითხვები დასვით ან სურათებსა და ტექსტზე კომენტარები გააკეთეთ (“სად არის ფისო? აი, სად ყოფილა! რა მშვენიერი შავი ფისუნიაა!”). შესაძლოა, პატარა პასუხის გაცემას ჯერ ვერ ახერხებდეს, მაგრამ ეს დაეხმარება, მოგვიანებით მოახერხოს.
. უმღერეთ, გამოაჯავრეთ ცხოველებს, აჯირითეთ პატარა მუხლზე, ერთი სიტყვით, გააკეთეთ ყველაფერი, რაც პატარას მიახვედრებს, რომ კითხვა სახალისოა.
. ბავშვებს უყვართ გამეორება, ამით ისინი სწავლობენ, ამიტომ ნუ დაიზარებთ, ერთი და იგივე წიგნი კვლავ და კვლავ წაუკითხოთ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე აქცენტები გამოიყენეთ, როგორც ნაცნობი სიმღერის გამეორებისას მოიქცეოდით.
. როცა პაწია წამოიზრდება, წაახალისეთ, რომ შეეხოს და ხელში დაიჭიროს მაგარი ვინილის, ნაჭრის ან მუყაოს წიგნები. ბუნებრივია, წიგნების ღეჭვის წახალისებას არ გთხოვთ, მაგრამ პირში ჩადებით პატარა მათ შეისწავლის, არკვევს, როგორ
ი  ფაქტურა და გემო აქვთ, გამოდგება თუ არა საჭმელად.

გააზიარე: