როგორ მოვუაროთ მშრალ კანს?

გააზიარე:

ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, მისი შინაგანი მდგომარეობა და დაბერების პროცესი სხეულის არც ერთ ნაწილზე ისე არ აისახება, როგორც კანზე. ამიტომ, კანმა რომ არ გაგვთქვას, მასზე უნდა ვიზრუნოთ.

ხავერდოვანი და მოვლილი კანი გარეგნობის მნიშვნელოვანი შტრიხია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას მრავალი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. შესაბამისად, მისი სწორი მოვლით მხოლოდ გარეგნობას კი არა, ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდებით.
სწორი მოვლის შემთხვევაში ყველას შეიძლება ლამაზი და ჯანსაღი კანი ჰქონდეს. ჩვენ დაგეხმარებით, სწორად შეარჩიოთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ნაწარმი, სწორად მოუაროთ ამა თუ იმ ტიპის კანს. მშრალ კანზე საუბრით დავიწყებთ. მისი მოვლის წესებზე გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე გვესაუბრება:

– ესთეტიკურთან ერთად კანს სასიცოცხლო ფუნქციებიც აკისრია. ერთი მათგანია ბარიერული ფუნქცია. კანი ორგანიზმს იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან, კერძოდ, ულტრაიისფერი და რადიაციული გამოსხივებისგან, ასევე – მექანიკური დაზიანებისგან, ტოქსინების შეჭრისგან.
კანის მოვლის თანამედროვე პრინციპები გულისხმობს კანის ტიპისა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების ცოდნას. კანის კომპლექსური მოვლა ითვალისწინებს გასუფთავებას და დატენიანებას, დაბალანსებულ კვებას, მოძრაობას და საკმარის ძილს.

კანის ტიპები
იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიურად და სახის რომელ ნაწილში გამოყოფს ცხიმს ცხიმოვანი ჯირკვლები, განასხვავებენ კანის ოთხ ტიპს: მშრალს, ცხიმიანს, ნორმალურს და კომბინირებულს.
მოვლას კანის ტიპის გარკვევით ვიწყებთ. სასურველია, ამისთვის დერმატოლოგს მიმართოთ, თუმცა კანის ტიპის დადგენა სახლის პირობებშიც შესაძლებელია: თუ პირის დაბანიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ სახის კანი დაიჭიმა, ესე იგი მშრალია.
ვიწრო ფორების წყალობით მშრალი კანი ლამაზად და სუფთად გამოიყურება. მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ასეთი კანის მქონე ქალებს არასოდეს აწუხებთ აკნე და ამის გამოწვეული პრობლემები. სამაგიეროდ, არასწორი და არასაკმარისი მოვლისას მშრალი კანი უფრო ადრე ბერდება, ადვილად ზიანდება და ავადდება.

როგორ გამოიყურება მშრალი კანი:

. ფერმკრთალია;
. სწრაფად იჭიმება;
. აქვს ვიწრო ფორები;
. იმდენად თხელია, რომ მის ქვეშ სისხლძარღვოვანი ქსელიც კი ჩანს;
. იქერცლება;
. ადვილად აღიზიანებს ქარი, სიცივე, ყინვა;
. ადვილად ნაოჭდება;
. მალე ბერდება.

კანმა ელასტიკურობა რომ შეინარჩუნოს და მალე არ დანაოჭდეს, აუცილებელია, მუდმივად ტენიანი იყოს. ეს ორი გზით მიიღწევა: დამატენიანებელი კრემის აპლიკაციით და კანში არსებული ტენის შენარჩუნებით. ამ უკანასკნელ ფუნქციას ასრულებს ცხიმოვანი, ე.წ. ლიპიდური შრე. ცხიმოვანი ჯირკვლებიდან გამოყოფილი ცხიმი და საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი ერთმანეთს ერევა და წარმოქმნის ლიპიდურ მანტიას, რომელიც კანს გადაეკვრება და ხელს უშლის წყლის აორთქლებას.
ლიპიდები რქოვანა შრის გამკვრივებულ მკვდარ უჯრედებთან ერთად კანის ბარიერულ ფუნქციასაც უზრუნველყოფს. ერთად ეს ორი კომპონენტი დამცავ ფენას წარმოქმნის.
თუ ცხიმოვანი ჯირკვლები ცოტა ცხიმს გამოყოფს, ირღვევა რქოვანა შრის მთლიანობა, უხვად ორთქლდება წყალი და კანი ტენს ვერ ინარჩუნებს.

რა განაპირობებს კანის სიმშრალეს

ყველაზე ხშირად – გენეტიკა, მაგრამ შესაძლოა, ის გარეგანმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ასეთებია:
* მეტეოროლოგიური ფაქტორები – ულტრაიისფერი გამოსხივება, მაღალი ტემპერატურა, სიცივე, ქარი, ყინვა;
* დაბინძურებული ჰაერი;
* კონდიცირებული ჰაერი;
* არასწორი მოვლა;
* ტუტე საპნის გამოყენება;
* ცხელი წყლით ხშირი ბანა;
* მძიმე მაკიაჟი;
* დაუბალანსებელი და არაჯანსაღი კვება;
* სითხის ნაკლებობა;
* ძილის ნაკლებობა;
* თამბაქო და ალკოჰოლი;
* ფსიქიკური ფაქტორები, მაგალითად, სტრესი;
* ჰორმონული დარღვევები;
* ასაკი.
თუ გენეტიკურად მშრალი კანი გაქვთ, მის მოვლას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ, თორემ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენით ის უფრო მეტად გამოშრება, გათხელდება, უფრო მგრძნობიარე გახდება, ადვილად გაღიზიანდება და მალე დაბერდება.
კანის სიმშრალე შესაძლოა ზოგიერთმა დაავადებამაც გამოიწვიოს, მათ შორის – ენდოკრინულმა დაავადებებმა, შაქრიანმა დიაბეტმა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა.

როგორ მოვუაროთ

პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორი მოვლის გარეშე ვინმემ ჯანსაღი კანი შეინარჩუნოს, მაგრამ თუ მისი მოვლა არ იცით, ზედმეტი გულმოდგინებით შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოთ მას.
მშრალი კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს – მას ცხიმოვანი საფარი არ გააჩნია, ამიტომ ადვილად ზიანდება და შრება. გარეგანი სტრუქტურით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კანი სუფთაა. მიუხედავად ამისა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, მისი გაწმენდა და დატენიანება აუცილებელია.
კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს:
1. გაწმენდა
2. ტონირება
3. შრატის წასმა
4. დატენიანება
5. მზისგან დაცვა.
სწორი წმენდა, ერთი მხრივ, უნდა ასუფთავებდეს კანს, მეორე მხრივ კი არ არღვევდეს მისი ლიპიდურ მანტიას. თანამედროვე გამწმენდი საშუალებები უნდა შეიცავდეს წყალს, ცხიმოვან მჟავებსა და სხვადასხვა ექსტრაქტს (ევკალიპტისას, ჩაის ხისას და სხვა). მათ შეუძლიათ, ისე გაწმინდონ კანი, რომ ლიპიდების ზედაპირული ფენა არ მოაშორონ. გამწმენდი არ უნდა შეიცავდეს სპირტს!
კარგია მშრალი კანის წმენდა სპეციალურად ამ ტიპისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური რძით, რადგან მისი შემადგენლობის 70% ცხიმოვანი მჟავაა.
მშრალი კანი იშვიათად უნდა დაიბანოთ, ისიც – ნელთბილი და არამც და არამც ცხელი წყლით, რადგან ეს უკანასკნელი ლიპიდურ შრეს ჩამორეცხავს. იბანეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ და მხოლოდ დამატენიანებელი საპნით. გელი და ტუტე საპონი კანს უფრო მეტად გამოაშრობს და დააზიანებს. გარდა იმისა, რომ გამომშრალი კანი ცუდად გამოიყურება და მალე ნაოჭდება, მისი ბარიერული ფუნქციაც ირღვევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში უფრო ადვილად იჭრებიან მავნე მიკრობები.
ტონიკი არ უნდა შეიცავდეს სპირტს. ეს კოსმეტიკური საშუალება აუმჯობესებს კანის ფერსა და სტრუქტურას (ოღონდ არ წაისვათ თვალის ირგვლივ!). მისი წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ შეგიძლიათ შრატს წასმა. შრატი ჰიალურონის მჟავას შეიცავს, ღრმად აღწევს კანის შრეებში და კარგად ატენიანებს მას.
10-15 წუთის შემდეგ ისვამთ დამატენიანებელ კრემს. მისი შერჩევისას ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას. კრემი უნდა იყოს ჰიპოალერგიული და არ შეიცავდეს გამაღიზიანებელ კომპონენტებს – პარაბენებს, საღებავებს, არომატიზატორებს.
დამატენიანებელი კრემის მთავარი კომპონენტი წყალია. ის მასის 70%-ს შეადგენს. ამის გამო კრემი ნახევრად თხევადი კონსისტენციისაა და ადვილად შეიწოვება კანში. მის შემადგენლობაში შედის ასევე დამატენიანებელი კომპონენტები და ნივთიერებები, რომლებიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს.
დამატენიანებელი კომპონენტებია: ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორები (შარდოვანა, რძის მჟავა), გლიცერინი, კოლაგენი, ელასტინი, ჰიალურონის მჟავა.
ტენიანობის შენარჩუნებაში კანს ეხმარება ცხოველური და მცენარეული ცხიმები – ვაზელინი, პარაფინი, ლანოლინი, ცვილი.
დამატენიანებელი საცხის შერჩევას გულისყურით მოეკიდეთ. უმჯობესია, ლუპა იქონიოთ თან და ისე დააკვირდეთ მასში შემავალი ნივთიერებების ჩამონათვალს. არასწორად შერჩეულმა საცხმა შესაძლოა კანი სერიოზულად დაგიზიანოთ.

რას შეიძლება შეიცავდეს დამატენიანებელი კრემი:
. მზისგან დამცავ კომპლექსს (უმჯობესია SPF 15) – იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;
. ჰიალურონის მჟავას – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;
. C და E ვიტამინებს – უზრუნველყოფს მავნე ზემოქმედებისგან კანის დაცვას;
. კოენზიმ Q10-ს – პასუხს აგებს უჯრედების ენერგომომარაგებაზე, ასტიმულირებს უჯრედულ სუნთქვას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს;
. ავოკადოსა და არაქისის ზეთებს – არბილებს კანს და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას;
. კრაზანის, ატმის ან ნიგვზის ზეთს – ანიჭებს კანს ჯანსაღ, თანაბარ ფერს, სიგლუვეს, კვებავს, ახდენს ანტისეპტიკურ ეფექტს.
. ყავის ან ზეთისხილის ზეთს – საჭირო ვიტამინებით ამარაგებს კანს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას;
. სოიის ზეთს – კვებავს კანს ძვირფასი მცენარეული ცილითა და ლიპიდებით;
. ანწლის, ბალბის ან სუროს ექსტრაქტს – ატენიანებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას;
. სტაფილოს ან ხორბლის ექსტრაქს – ამარაგებს კანს მცენარეული ცილით;
. მწვანე ჩაის, გუარანის, კვლიავის ექსტრაქტს ან A ვიტამინი – კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას;
. კვიპაროსის ან ყურძნის ექსტრაქტს – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, იცავს სისხლძარღვებს.
ძალიან ეფექტურია ნატურალური დამატენიანებელი საშუალებები: არგანის ზეთი, შიის კარაქი, – მაგრამ მხოლოდ საღამოობით წაისვით, რადგან არ შეიცავს მზისგან დამცავ ფაქტორს.
საზოგადოდ, დამატენიანებელი კრემი დღისით უნდა გამოიყენოთ, ხოლო ღამით, ძილის წინ, უმჯობესია მკვებავი წაისვათ. როგორც იცით, უჯრედების აღდგენის პროცესი ყველაზე ინტენსიურად ღამით მიმდინარეობს, ამიტომ ღამის კრემი უფრო ძლიერმოქმედი უნდა იყოს, შეიცავდეს უფრო აქტიურ მკვებავ, აღმდგენ, დამატენიანებელ და დამცავ ნივთიერებებს. წყალი ღამის მკვებავი კრემის მხოლოდ 30%-ს შეადგენს.
ღამის მკვებავის გამოყენება სასურველია 40-45 წლიდან. მას დაწოლამდე 40 წუთით ადრე ისვამენ.

რას შეიძლება შეიცავდეს ღამის კრემი:
. კოენზიმ Q10-ს;
. ჰიალურონის მჟავას;
. სოიისა და კაკაოს ზეთს;
. C, N და E ვიტამინებს;
. აბრეშუმის პროტეინს – ამარაგებს კანს კოლაგენის ბოჭკოების საშენი მასალით;
. სტაფილოს ექსტრაქტს – აქვს ვიტამინების, მინერალური ნაერთების, ეთერზეთებისა და ფერმენტების უიშვიათესი შემადგენლობა;
. კიტრის, წიწმატის ან გულყვითელას ექსტრაქტს – ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას;
. ასკილის ზეთს – აღადგენს დაზიანებულ უბნებს და ატენიანებს კანს;
. ჭინჭრის, სალბის ან როზმარინის ექსტრაქტს – აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი მოქმედება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

(გაგრძელება მომდევნო ნომერში 155)

გააზიარე: