სიმსუქნე და უნაყოფობა

გააზიარე:
ჟურნალის წინა ნომერში, ჭარბთმიანობის მიზეზებზე საუბრისას, ექიმმა რეპროდუქტოლოგმა სიმსუქნეც ახსენა. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ჭარბი წონა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას იწვევს. ერთ-ერთი მათგანია უშვილობა – ხშირად სწორედ სიმსუქნეა ქალისა თუ მამაკაცის უნაყოფობის მთავარი მიზეზი. ამ საკითხების შესახებ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რეპროდუქტოლოგი ქეთევან ქანთარია გვესაუბრება:

–კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში სხეულის მასასთან მიმართებით ესთეტიკური თვალხედვა რამდენიმეჯერ შეიცვალა. ძველად ქალის სისავსე, სიმსუქნე ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა. ფიროსმანის ცნობილ ტილოზე, სადაც ქართველი ქალის სილამაზისა და ძლიერების სიმბოლო – თამარ მეფეა გამოსახული, მკაფიოდ მოჩანს მომრგვალებული სილუეტი. ჩვენი დიდი ბებიების ახალგაზრდობისას ქალები, უფრო ლამაზები რომ გამოჩენილიყვნენ, “საკურტუმოებს” იკეთებდნენ... ამრიგად, საზოგადოება ჭარბწონიანობის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. საბედნიეროდ, დღეს განწყობა რადიკალურად განსხვავებულია.

  • – რას წარმოადგენს სიმსუქნე და ჭარბი წონა და რამდენად აქტუალური პრობლემაა ის დღეისათვის?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეფინიციით, სიმსუქნე არის ორგანიზმში ცხიმის ჭარბი, არანორმატიული დაგროვება, რაც გამოწვეულია ცხოვრებისა და კვების არასწორი წესით, ჭარბი წონის მიმართ გენეტიკური მიდრეკილებით და ენდოკრინული დარღვევებით.
სიმსუქნე საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. 2008 წლისთვის მსოფლიოში 1,5 მილიარდ ზრდასრულ ადამიანს ჰქონდა ჭარბი წონა; 2015 წლისთვის 2,3 მილიარდი ჭარბწონიანი იქნება, ხოლო 700 მილიონი დაავადებული იქნება სიმსუქნით.

  • – რამ გამოიწვია სიმსუქნის ესოდენ მასშტაბური გავრცელება?

– ბოლო 50-70 წლის განმავლობაში მკვეთრი ცვლილებები განიცადა ადამიანის კვებითმა ქცევამ და ცხოვრების წესმა. ერთი მხრივ, დაბალკალორიული ცილოვანი საკვები, ბოსტნეული და მწვანილი, უხეშად დაფქული მარცვლეულის პროდუქტები მაღალკალორიული, ცხიმების შემცველი, რაფინირებული და ადვილად ასათვისებელი საკვებით შეიცვალა (შაქარი, სწრაფი კვება, კოკაკოლიზაცია); მეორე მხრივ, კომპიუტერიზაციამ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და მათთან დაკავშირებულმა მჯდომარე პროფესიებმა შეზღუდა ფიზიკური აქტივობა და ადამიანის ცხოვრება გაცილებით ჰიპოდინამიური გახადა, რამაც კალორიების ხარჯვის მნიშვნელოვან შემცირებამდე და ჭარბი ცხიმის დაგროვებამდე მიგვიყვანა.

  • – როგორ განისაზღვრება ჭარბი წონა?

– ჭარბი წონისა და სიმსუქნის ინტერპრეტაციისთვის მოწოდებულია სხეულის მასის ინდექსი (სმი). ის მართებულია ორივე სქესისთვის 15 წლიდან. ნორმატიულად მიიჩნევა მაჩვენებელი 18,5-დან 24,9 კგ`მ-მდე; 25-29კგ`მ² ჭარბ წონად განიხილება, ხოლო 30კგ`მ-ზე მეტი – სიმსუქნედ.

  • – რა იწვევს სიმსუქნეს?

– წარმოშობის მიხედვით იგი შეიძლება იყოს ალიმენტური (არასწორი, არაბალანსირებული კვებით გამოწვეული), გამოწვეული მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის დისბალანსით ან გენეტიკური და ენდოკრინული დარღვევებით განპირობებული. ენდოკრინულ მიზეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ინსულინრეზისტენტულ მეტაბოლურ სინდრომს, ჰიპოთირეოზს, თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის დაავადებებს.

  • – ცნობილია, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის მავნეა. სახელდობრ, რას იწვევს ჭარბი წონა?

–    სიმსუქნე, გარდა იმისა, რომ სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა, ისეთი მძიმე, ქრონიკული დაავადებების რისკფაქტორსაც წარმოადგენს, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ართროზი, ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი და ა.შ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ზოგიერთი დაავადების განვითარების შეფარდებითი რისკი სიმსუქნის დროს:
დაავადება    შეფარდებითი რისკი ქალებში    შეფარდებითი რისკი მამაკაცებში
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2    12.7    5,2
არტერიული ჰიპერტენზია    4.2    2.6
მიოკარდიუმის ინფარქტი    3,2    1.5
სტენოკარდია    1,8    1,8
ნაღვლის ბუშტის დაავადებები    1.8    1,8
ოსტეოართრიტი    1,4    1,9
ინფარქტი, ინსულტი    1.3    1.3
Journal of Clinical Pathology 2003 by the BMJ Publishing Group Ltd.
ასევე აღსანიშნავია , რომ პირველი ხარისხის სიმსუქნის დროს და ქალებში ძუძუს კიბოს რისკი 1,5-ჯერ მეტია , ხოლო საშვილოსნოსი – 3,5-ჯერ მეტი (National Health and Nutrition Examination Survey, 1999-2000 წ.).
ჩვენთვის, რეპროდუქტოლოგებისათვის, მნიშვნელოვანია ჭარბი წონისა და სიმსუქნის როლი ქალისა და მამაკაცის უნაყოფობაში.

  • – საინტერესოა, რა გზით იწვევს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი მენსტრუალური ციკლის დარღვევებსა და უნაყოფობას...

– უნდა ვიცოდეთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი არ არის ინერტული, მხოლოდ კალორიების დეპო. ამჟამად იგი განიხილება დიდ ენდოკრინულ ორგანოდ, რომელშიც მიმდინარეობს ჰორმონთა მთელი წყებისა და უჯრედულად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნა და ტრანსფორმაცია. კერძოდ, ქალის ორგანიზმში რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობისთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმონის, ესტრადიოლის მესამედი ცხიმოვან ქსოვილში იწარმოება, ხოლო მამაკაცის ორგნიზმში ეს ქსოვილი წარმოქმნის მის ორ მესამედს. ჭარბცხიმიანობის შემთხვევაში ამ სასქესო ჰორმონის დონე იმატებს, რაც ქალებში ანოვულაციას იწვევს, ხოლო მამაკაცებში – სპერმატოგენეზის დარღვევას.
მეორე მხრივ, დადგენილია კავშირი ჭარბცხიმიანობასა და ინსულინრეზისტენტობა`ჰიპერინსულინემიას (ინსულინის ჭარბი სეკრეცია) შორის, ინსულინი კი საკვერცხეებში ანდროგენების სინთეზის ერთ-ერთი მძლავრი სტიმულატორია. გარდა ამისა, მისი ჭარბწარმოება განაპირობებს სასქესო ჰორმონთა თავისუფალი ფრაქციის მატებას, რასაც ასევე სასქესო სტეროიდების დისბალანსამდე და, საბოლოოდ, უნაყოფობამდე მივყავართ.
ამრიგად, რეპროდუქციული ასაკის ქალებში გაცხიმოვნება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მენსტრუალური ციკლის რღვევისა, ანოვულატორული ციკლისა, უნაყოფობისა და ორსულობის ვადამდე მიუტანლობისა. ათეულობით ფართომასშტაბიანი კვლევით ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ინსულინორეზისტენტობა`ჰიპერინსულინემია და მასთან ასოცირებული გაცხიმოვნება საკვერცხეების პოლიკისტოზის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის მონაცემებით, ჭარწონიან და მსუქან ქალთა 30-47%-ს დარღვეული აქვს მესტრუაციული ციკლი. ქალებში, რომელთა სმი 29-კგ`მ -ზე მეტია, მისი 1 ერთეულით მატება 4%-ით ამცირებს ბუნებრივი ციკლის ფარგლებში დაორსულების შანსს, ხოლო სხეულის მასის 5-10%-ით შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ოვულაციას და ზრდის დაორსულების ალბათობას.
დიდია გაცხიმოვნების როლი მამაკაცის უნაყოფობაშიც. არსებობს ურთიერთკავშირი ჭარბი წონისა და ოლიგოსპერმია`ასთენოსპერმიის (სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის ან მათი მოძრაობის უნარის შემცირება) გახშირებას შორის.
დღესდღეობით იკვლევენ, არსებობს თუ არა უშუალო კავშირი დედის სიმსუქნესა და ნაყოფის პათოლოგიური განვითარების ალბათობას შორის. არსებობს მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა 2007 წელს და ხუთწლიანი კვლევის შედეგებს ასახავს. ტეხასის უნივერსიტეტში 15 000 ქალზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სიმსუქნით დაავადებულებს თანდაყოლილი დეფექტების (სპინა ბიფიდა, გულის, გენიტალური ორგანოების, შარდის ბუშტის, ძვლოვანი სისტემის განვითარების მანკების) მქონე ბავშვები ნორმალური წონის ქალებზე გაცილებით ხშირად უჩნდებოდათ. ასე რომ, სიმსუქნე ნაყოფის პათოლოგიის რისკფაქტორიც არის.

  • – არსებობს უამრავი პოპულარული დიეტა, ხდება წონის დაკლების მრავალი მეთოდის რეკლამირება... მაინც რა არის სიმსუქნის მკურნალობის უმთავრესი სტრატეგია?

– სიმსუქნის მკურნალობისას უმთავრესი ამოცანაა მისი მიზეზების იდენტიფიცირება და ამის საფუძველზე ადეკვატური სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბება. ალიმენტური და გენეტიკური გაცხიმოვნების მკურნალობისას წამყვანია მიღებული და დახარჯული კალორაჟის კონტროლი. ენდოკრინული დისბალანსით განპირობებული გაცხიმოვნების დროს ჰორმონული წონასწორობის აღდგენა მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, კვებით ქცევასა და ფიზიკურ დატვირთვებთან ერთად. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ სიმსუქნის მკურნალობა არ არის ერთჯერადი პროცესი, იგი კვებისა და ცხოვრების წესის ერთხელ და სამუდამოდ შეცვლას მოითხოვს. ამ შემთხვევაში სამოქმედო პრინციპად გამოგვადგება ქართული ანდაზა: მუცელს აქორებ – ქორია, აღორებ – ღორიო.


ჭარბ წონას რომ გაუმკლავდეთ:

. მიირთვით დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით;
. მკვეთრად შეზღუდეთ ნაშირწყლების (შაქარი, შაქრის შემცველი და თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები) მიღება;
. რადიკალურად შეამცირეთ ცხიმების (როგორც ცხოველურის, ისე მცენარეულის) წილი საკვებ რაციონში;
. მისდიეთ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: