მყარი გარანტიები

გააზიარე:

ვფიქრობ, უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ ოჯახის დაგეგმვა ჯერ კიდევ მრავალი წყვილისთვის რჩება გადაუჭრელ პრობლემად. კონტრაცეფციის ბუნებრივ მეთოდებზეც ვისაუბრეთ და ისიც გითხარით, რომ ისინი არც ისე ეფექტურია. ვისაც მეტი გარანტია სჭირდება, მათ დღეს კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებსა და სპერმიციდებს გავაცნობთ.

ბარიერული მეთოდები და სპერმიციდები ორსულობის თავიდან აცილების ეფექტური საშუალებებია. მათ რიცხვში შედის მამაკაცის კონდომი, ქალის კონდომი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები, სპერმიციდული საცხები და აბები და ვაგინალური ღრუბელი. მათგან ყველაზე პოპულარული მამაკაცის კონდომია. სამწუხაროდ, კონტრაცეფციის სხვა საშუალებების შესახებ უმრავლესობას არაფერი გაუგონია, ან გაუგონია, მაგრამ არ იცნობს მათი გამოყენების წესებს და უპირატესობებს. იმედი გვაქვს, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და იქნებ თქვენთვის ყველაზე მოხერხებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებასაც მიაგნოთ.

 

მამაკაცის კონდომი

მამაკაცის კონდომი წარმოადგენს ელასტიკური მასალისგან (რეზინისგან, ვინილისგან ან ლატექსისგან) დამზადებულ თხელ ფუტლიარს, რომელიც სქესობრივი აქტის დროს ქმნის ბარიერს, რათა სპერმა საშოში არ მოხვდეს. აქვე გეტყვით, რომ ლატექსისა და ვინილისგან დამზადებული კონდომი, არასასურველ ორსულობასთან ერთად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგანაც (მათ შორის – აივ`შიდსისგან, B და C ჰეპატიტებისგან) იცავს.

ყველას აინტერესებს, 100%-ით გვიცავს თუ არა კონდომი ორსულობისგან. მოგეხსენებათ, მედიცინაში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ კონდომის კონტრაცეფციული ეფექტურობა 88-95%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 100-დან 15 სექსობრივი აქტის შემთხვევაში დაორსულების ალბათობა მაინც არსებობს. კონდომის სპერმიციდთან ერთად გამოყენების შემთხვევაში ეფექტი იზრდება.

კონდომი უსაფრთხოა, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ გააჩნია უკუჩვენებები, გარდა ამისა, სხვა საშუალებებთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვს, რაც მის პოპულარობას განაპირობებს:

* ეფექტს გამოყენებისთანავე ვიღებთ;

* გავლენას არ ახდენს ძუძუთი კვებაზე;

* მისი გამოყენება შეიძლება სხვა საშუალებებთან ერთად;

* შესაძლოა, გაახანგრძლივოს ერექცია და შეაყოვნოს ეაკულაცია;

* ფართოდ ხელმისაწვდომია და არ არის ძვირი;

* ჩასახვის საწინააღმდეგო ერთადერთი მეთოდია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგანაც იცავს;

* ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას.

როგორც ნებისმიერ სხვა საშუალებას, კონდომსაც აქვს ნაკლოვანებები. ზოგ ქალსა და მამაკაცთან მისი მასალა ალერგიულ რეაქციას იწვევს. ზოგი ჩივის, რომ კონდომი ამცირებს სასქესო ასოს მრძნობელობას და ართულებს ერექციას. აუცილებელია მისი შენახვის წესების დაცვაც. კონდომის უეფექტობა, როდესაც ქალი ორსულდება ან გადაედება სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, უმეტესად მის არასწორ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, თუმცა მისი დაზიანება სქესობრივი კავშირის დროსაც შესაძლებელია.

თუ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, დაორსულების შანსი შემცირდება:

* გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმეთ კონდომის ვარგისობის ვადა (თუ პაკეტზე მხოლოდ გამოშვების თარიღია მითითებული, იცოდეთ, რომ ვადა 4 წელია).

* ყოველი სქესობრივი აქტის დროს გამოიყენეთ ახალი კონდომი.

* ფრთხილად გახსენით პაკეტი, რათა უნებლიეთ არ დააზიანოთ კონდომი ფრჩხილით, კბილებით ან წვეტიანი საგნით.

* კონდომის დახურული ბოლოდან შუა და ცერა თითების მოჭერით გამოუშვით ჰაერი, რათა სპერმისთვის სივრცე გათავისუფლდეს.

* კონდომი უნდა წამოეცვას მხოლოდ ერეგირებულ ასოზე.

* კონდომი ლუბრიკანტითაა დაფარული. მისი უკმარისობის შემთხვევაში გამოიყენეთ დამატებითი საცხი. არ შეიძლება ლატექსის კონდომთან ერთად ზეთზე დამზადებული საცხის (მაგალითად, ვაზელინის, მინერალური ზეთის, სამასაჟე კრემის, ტანის ლოსიონის, კულინარიული ზეთის) გამოყენება – ის ლატექსს აზიანებს.

* ორგაზმის შემდეგ, ერექციის დასრულებამდე, საჭიროა კონდომის არშიის მტკიცედ შენარჩუნება ასოს გარშემო, რათა კონდომი შემთხვევით არ ჩამოცურდეს.

* თუ პაკეტი გახსნილია, კონდომის ვარგისობა საეჭვოა.

* დიდხანს ნუ დატოვებთ პაკეტს სითბოში (მანქანის სალონში, უკანა ჯიბეში ჩადებულ საფულეში), ნესტში, მზის გულზე.

 

ქალის კონდომი

ქალის კონდომი წარმოადგენს ელასტიკური მასალისგან (ლატექსისგან, სილიკონისგან) დამზადებულ თხელ ფუტლიარს, რომელიც საშოში თავსდება და ბარიერს უქმნის სქესობრივი აქტის დროს მასში ჩაღვრილ სპერმას, რათა სპერმატოზოიდები არ მოხვდეს ცერვიკალურ არხში.

ქალის კონდომი,  მამაკაცის კონდომის მსგავსად, ორსულობასთან ერთად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგანაც იცავს. მისი ეფექტურობა 79-95%-ია. მას იგივე უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს, რაც მამაკაცის კონდომს, მაგრამ მისი გამოყენების უკუჩვენებად, გარდა ლატექსზე ალერგიისა, მიიჩნევა საშოს განვითარების ანომალია, საშვილოსნოს პროლაფსი (გამოვარდნა), ცისტოცელე და ვარიკოცელეც. ქალის კონდომის საშოში მოთავსება სქესობრივ აქტამდე 8 საათით ადრეც შეიძლება.

პაკეტის გახსნამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით. ფრთხილად ამოიღეთ კონდომი პაკეტიდან (ნუ გამოიყენებთ ამისთვის ბასრ საგნებს) და მოითავსეთ საშოში. ქალის კონდომს აქვს ორი რგოლი – შიგნითა და გარეთა. შიგნითა რგოლი საშოში თავსდება და ბარიერს ქმნის, გარეთა კი დამატებით დაცვას უზრუნველყოფს, რადგან მთლიანად ფარავს ქალის გარეთა სასქესო ორგანოებს.

ასე რომ, ქალბატონებო, თუ თქვენს პარტნიორს არ სურს კონდომის გამოყენება, შეგიძლიათ, თავად გამოიყენოთ იგი. ქალის კონდომი ისეთივე უსაფრთხო და საიმედოა, როგორიც მამაკაცისა.

 

სპერმიციდები

სპერმიციდი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მანამდე იწვევს სპერმატოზოიდის ინაქტივაციას, ვიდრე ის ქალის შიგნითა სასქესო ორგანოებამდე მიაღწევდეს.

სპერმიციდი სხვადასხვა ფორმისაა: აეროზოლი (ქაფი), ვაგინალური ტაბლეტები, სუპოზიტორია, ხსნადი სანთლები, საცხი და ჟელე. თანამედროვე სპერმიციდების შემადგენლობაში, წესისამებრ, ორი კომპონენტი შედის: სპერმის დამაზიანებელი აქტიური ქიმიური ნივთიერება და მისი გადამტანი, რომელიც უზრუნველყოფს საშოში მის შეღწევას და ადგილზე აკავებს მას. ცნობილია, რომ სპერმიციდების კონტრაცეფციული ეფექტურობა 71-89%-ია. კონდომთან ერთად მისი გამოყენება, როგორც უკვე გითხარით, ამ მაჩვენებელს ზრდის. სპერმიციდი სრულიად უსაფრთხოა, არ იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა, ბარიერული საშუალებებისგან განხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ იცავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. რაც შეეხება სხვა ნაკლოვანებებს, ზოგიერთი სპერმიციდის გამოყენებისას შეინიშნება სოკოვანი ვაგინიტის გამწვავება.

სპერმიციდის ერთი დოზა ეფექტურია 1-2 საათის განმავლობაში.

თუ არასოდეს გამოგიყენებიათ სპერმიციდი, ყურადღებით წაიკითხეთ მისი გამოყენების წესი:

* სპერმიციდი გამოიყენება სქესობრივი აქტის დაწყებამდე. მიიტანეთ იგი საშვილოსნოს ყელთან ან მის ახლოს.

* დაწექით, ტაბლეტი ან სანთელი მოითავსეთ საშოში და შუა და საჩვენებელი თითით მიაწექით, რომ ღრმად შეიტანოთ. სპერმიციდმა შესაძლოა საშოში სითბოს შეგრძნება გამოიწვიოს, ეს ნორმალურია.

* სპერმიციდული სანთლები და ტაბლეტები საშოში შეტანილ უნდა იქნეს სქესობრივ აქტამდე 10-15 წუთით ადრე. მათი კონტრაცეფციური მოქმედება 10-15 წუთის შემდეგ იწყება და 1-2 საათი გრძელდება.

* თუ სქესობრივი აქტი არ ჩატარდა, სპერმიციდის პირველი დოზის შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ საჭიროა დამატებითი დოზის შეყვანა.

•  კრემი და ჟელე საშოში თავსდება სქესობრივი აქტის წინ სპეციალური აპლიკატორით. ეს ფორმები შეყვანისთანავე მოქმედებს და მათი მოქმედება 1-2 საათს გასტანს, ქაფისა კი – დაახლოებით 1 საათს.

* სპერმიციდმა სათანადო ეფექტი რომ მოახდინოს, სქესობრივი აქტიდან 6-8 საათის განმავლობაში ერიდეთ საშოს გამორეცხვას.

* კრემის გამოყენების შემდეგ აპლიკატორი გარეცხეთ საპნითა და წყლით.

 

კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების ჩამონათვალი ამით არ სრულდება. თუ გაინტერესებთ, კიდევ რა საშუალებები არსებობს უსაფრთხო სექსისთვის, მომდევნო ნომერს დაელოდეთ, სადაც საშვილოსნოს ყელის ჩაჩების, დიაფრაგმისა და ვაგინალური ღრუბლის შესახებ გიამბობთ.

თამარ არქანია

გააზიარე: