სათესლე ჯირკვლების კვალდაკვალ
გააზიარე:
თუ ახლახან გახდით ვაჟის დედა, თქვენს შვილს კი სათესლე ჯირკვლები ჯერაც არ ჩამოსვლია სათესლე პარკში, ვფიქრობ, სტატიის სათაურის არსს სხვებზე უკეთ ჩასწვდებით. მედიცინა ვითარდება, უამრავ ახალ საშუალებას გვთავაზობს, ხოლო კითხვები: “როგორ მოვიქცეთ, როცა სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში არ არის ჩამოსული? რა ასაკში ჯობს ოპერაციის გაკეთება?” – კვლავაც არ კარგავს აქტუალობას. ვფიქრობ, დრო მოვიდა, უპასუხო კითხვებს პასუხები ვუპოვოთ. ამაში უროლოგი ზაზა ჭანტურაია დაგვეხმარება:
– კრიპტორქიზმი – ასე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული. სამწუხაროდ, საქართველოში სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, მსოფლიო სტატისტიკით კი 1 წლის ბიჭების 1%-ს სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ ჩამოსვლია. თუ სათესლე ჯირკვალი დაბადებისას არ არის სათესლე პარკში, ეს ჯერ კიდევ არ მიიჩნევა კრიპტორქიზმად – წესით, ის 6 თვემდე უნდა ჩამოვიდეს. თუ ასე არ მოხდა, ვსაუბრობთ კრიპტორქიზმზე.
– საინტერესოა, სად შეიძლება იყოს სათესლე ჯირკვალი, თუ არა სათესლე პარკში? რა ვიცით კრიპტორქიზმის მიზეზების შესახებ?
– სათესლეები უმეტესად იმ გზაზე ჩერდებიან, რომელსაც ისინი ბუნებრივად გაივლიან მუცლის ღრუდან სათესლე პარკამდე – მუცლის ღრუში, საზარდულის არხში ან საზარდულის არხის გარეთა ხვრელთან. ამას ჩვეულებრივი კრიპტორქიზმი ჰქვია. იშვიათად სათესლე ჯირკვლები ჩვეულ გზას გადაუხვევენ და უჩვეულო ადგილას იდებენ ბინას. მათ ექტოპიურ სათესლე ჯირკვლებს ვუწოდებთ. სათესლე შეიძლება გამოვიდეს საზარდულის არხიდან და ავიდეს ზევით, გადაინაცვლოს ბარძაყისკენ ან შორისში. კლინიკური მნიშვნელობის კლასიფიკაციაა პალპირებადი და არაპალპირებადი სათესლე ჯირკვალი. განასხვავებენ ასევე ცალმხრივ და ორმხრივ კრიპტორქიზმს. მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა შვილოსნობის პროგნოზის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ცალმხრივი კრიპტორქიზმის დროს ფერტილობის პერსპექტივა ნორმის მსგავსია, ხოლო ორმხრივის შემთხვევაში შვილოსნობის ფუნქცია ქვეითდება. ამ დროს ნორმალური სპერმის წარმოქმნის ალბათობა 60%-ია, ხოლო შვილოსნობისა – კიდევ უფრო ნაკლები. ორმხრივი კრიპტორქიზმის უკან შესაძლოა გენეტიკური დარღვევა იდგეს.
რაც შეეხება მოძრავ სათესლე ჯირკვალს, ეს უმეტესად ნორმალური რეფლექსია და არა პათოლოგია. ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე, ბოქვენზე ან სასირცხო ასოზე შეხებისას კრემასტერის კუნთი იკუმშება და სათესლე ჯირკვალი ზევით, საზარდულის არხისკენ გადაადგილდება. ეს მდგომარეობა, წესისამებრ, სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს, საჭიროა მხოლოდ მეთვალყურეობა 7-8 წლამდე, რადგან არსებობს მცირე შანსი, სათესლე ჯირკვალი მაღლა ავიდეს, დარჩეს იქ და სათესლე პარკში აღარ დაბრუნდეს. მშობელს ვურჩევთ, დააკვირდეს მას და წელიწადში 1-2-ჯერ შეამოწმოს. თუ ჯირკვალი უმეტესად ქვევითაა, მკურნალობა საჭიროდ არ მიიჩნევა.
ხდება ისეც, რომ ადამიანს ეჩვენება, თითქოს სათესლე ჯირკვალი პარკშია. სინამდვილეში ეს ჯირკვალი კი არა, ცხიმი ან შეშუპებული ქსოვილია.
კრიპტორქიზმის კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ბავშვს უმეტესად ასაკის შესაბამისი ჰორმონული ფონი აქვს, იბადება დროულად, ნორმალური წონით, მაგრამ სათესლე მაინც არ ჩამოდის. არსებობს გენეტიკური სინდრომები, რომლებსაც სხვა პათოლოგიებთან ერთად კრიპტორქიზმიც ახლავს თან, თუმცა ეს სინდრომები ძალზე იშვიათია, თავად კრიპტორქიზმი კი იმდენად გავრცელებული პათოლოგიაა, რომ უკვე დიდი ხანია, მის მიზეზებს შორის მემკვიდრეობით ფაქტორებს აღარ ასახელებენ.
– როდემდე უნდა გვქონდეს იმედი, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება?
– სათესლე ჯირკვალი ოდესმე შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩამოვიდეს პარკში, მაგრამ ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს. თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული. ყველა თანამედროვე რეკომენდაციით, მკურნალობის ოპტიმალურ ვადად 18 თვეა მიჩნეული. პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია. ამით შევამცირებთ სამომავლოდ ჯირკვლის დაზიანების ხარისხს. მიიჩნევა, რომ კრიპტორქიზმის მქონე პირებს მაღალი აქვთ 20-40 წლის ასაკში სათესლე ჯირკვლის სიმსივნის, უმეტესად – სემინომის, განვითარების რისკი. განურჩევლად იმისა, რა ასაკში მოვაგვარებთ პრობლემას, ონკოგენობა ნებისმიერ შემთხვევაში მომატებულია. მშობლებს ვთხოვთ, მომავალში გააფრთხილონ შვილები ამ საშიშროების შესახებ, რათა ყურადღებით იყვნენ და რეგულარულად შეიმოწმონ სათესლეები აბაზანისა თუ შხაპის მიღებისას.
კრიპტორქიზმის დროს, როგორც მოგახსენეთ, საგრძნობლად ზიანდება სათესლე ჯირკვლების რეპროდუქციული ფუნქციაც. ეს მუცლის ღრუსა და საზარდულის არხში არსებული სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის ბრალია. რაც უფრო გვიან გაკეთდება ოპერაცია, მით უფრო მაღალი იქნება უშვილობის რისკი (ალბათობა დიდია მუცლის ფორმის დროსაც), ხოლო რაც უფრო ადრე ჩამოვა პარკში სათესლე ჯირკვლები, მით უკეთესად განვითარდება და შვილოსნობის ფუნქციასაც უკეთ შეინარჩუნებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ვითარება ორმხრივი კრიპტორქიზმის დროს.
ცნობილია, რომ 1,5 წლამდე ჯირკვლის დაზიანების სიხშირე ძალიან მცირეა, დაზიანება უმთავრესად წლინახევრიდან იწყება, ამიტომ რაც უფრო ადრე მოხერხდება პრობლემის მოგვარება, მით უკეთესი.
– როგორ სვამენ კრიპტორქიზმის დიაგნოზს და როგორ მკურნალობენ?
– კრიპტორქიზმის დიაგნოზის დასასმელად ხელით გასინჯვაც საკმარისია. დიდი-დიდი, ულტრასონოგრაფიური გამოკვლევა დაგვჭირდეს, თუმცა მისი პასუხი მკურნალობის ტაქტიკას არ ცვლის – სათესლე ჯირკვალი რომც ვერ დავაფიქსიროთ, ოპერაციული ჩარევა მაინც გარდაუვალია. მნიშვნელოვანია სწორად გასინჯვა. უცხო გარემო, ექიმების გარემოცვა ბავშვს აფრთხობს. ამ დროს შესაძლოა გააქტიურდეს კრემასტერის რეფლექსი და სათესლემ აიწიოს. ამიტომ ეს არ არის დიაგნოსტიკის საუკეთესო გზა. ჩვენ მშობლებს ვასწავლით სწორ გასინჯვას, რათა მათ შინ, მშვიდ ვითარებაში, შეუმოწმონ შვილს სათესლეები.
გამოკვლევის სწორი ტექნიკა ასეთია: ვიდრე უშუალოდ სათესლე პარკის გასინჯვას შეუდგებოდეთ, ბოქვენის სიმფიზზე ორი თითის დაჭერით უნდა ჩაკეტოთ საზარდულის არხი, რათა სათესლე ჯირკვალი მაღლა ვეღარ ავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მისი ძებნა. თუ პირდაპირ სათესლის ძებნას დაიწყებთ, ის შესაძლოა ისე ახტეს მაღლა, რომ ვერც შეამჩნიოთ.
მკურნალობის ტაქტიკა სათესლე ჯირკვლის მდებარეობასა თუ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული, კრიპტორქიზმი ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ჩარევას, მოძრავ სათესლე ჯირკვალს კი, როგორც მოგახსენეთ, მკურნალობა არ სჭირდება.
პირადად მე კრიპტორქიზმის დროს წლამდე ასაკის ბავშვებს ოპერაციას არ ვუკეთებ. ამერიკელი და დასავლეთევროპელი ექიმები უფრო გამბედავები არიან – შედარებით ადრეულ ასაკში აკეთებენ ოპერაციას, ვიდრე ჩვენ. მიმაჩნია, რომ ქართულ რეალობაში წლინახევრისთვის ოპერაციის დაგეგმვა სასვებით დასაბუთებულია – ამაზე მცირე ასაკში ანესთეზია რამდენადმე სარისკოა, გარდა ამისა, უფრო პატარა ბავშვის ოპერირება გაცილებით რთულია და მეტია სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის ელმენეტების დაზიანების საფრთხეც. გარდა ამისა, ეს ასაკი რეკომენდებულ ვადებში თავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ წარმოიშობა სათესლე ჯირკვლების დაზიანების დამატებითი რისკი.
– მკურნალობის არაოპერაციულ მეთოდებზე, მაგალითად, ჰორმონთერაპიაზე რას გვეტყვით?
– მკურნალობის ეს მეთოდი საკმაოდ ცნობილია და განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მასზე ნელ-ნელა ამბობენ უარს. მკურნალობის ეს მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, დაბალეფექტურია – საუკეთესო შემთხვევაში, შედეგს ასიდან 16-20 პაციენტთან ვიღებთ, ისიც – არცთუ მყარს: 20%-თან მოსალოდნელია რეციდივი. გამოდის, რომ ხუთიდან ოთხ ბავშვს ამაოდ ვმკურნალობთ. თანაც ეს არ არის მარტივი მკურნალობა. ამ დროს გამოიყენება ჰორმონული პრეპარატის, ქორიონული გონადოტროპინის, უმეტესად საინექციო ფორმა, ნემსის გაკეთება კი, მოგეხსენებათ, ბავშვისთვის დამატებითი სტრესია. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ გონადოტროპინი თავად აზიანებს სათესლე ჯირკვალს, იწვევს მის აპოპტოზს და ფსევდოანთებით რეაქციას. არსებობს LHRH ანალოგი, ცხვირის დოზირებული სპრეი, მაგრამ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ის არ მოიპოვება.
2014 წელს გამოქვეყნდა ამერიკის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინი კრიპტორქიზმის შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ კრიპტორქიზმის მქონე პაციენტებთან ჰორმონთერაპია არ არის რეკომენდებული დაბალი ეფექტურობისა და ქორიონული გონადოტროპინის შესაძლო მავნე ზემოქმედების გამო. ამ მეთოდზე უარი თქვეს სკანდინავიის ქვეყნებმაც.
პირადად მე ჰორმონთერაპიას არასოდეს ვუნიშნავ და ყველა პაციენტს ოპერაციულ მკურნალობას ვთავაზობ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს მეთოდი კვლავ პოპულარულია და არცთუ იშვიათად უმართებულოდ გამოიყენება: რამდენიმე კურსი სრული დოზით, უშედეგო ოპერაციული მკურნალობის შემდეგ ჯირკვლის ჩამოსაყვანად, პრეპარატის გაკეთება საზარდულის არეში, ჰორმონთერაპიის დანიშვნა შედარებით მოზრდილ ბიჭუნებთან ნორმალური მოწიფების ფონზეც კი... თანამედროვე თვალთახედვით, სათესლე ჯირკვლის ჩამოსაყვანად ჰორმონთერაპია არ არის რეკომენდებული. მისი ერთადერთი ჩვენებაა დისპლაზიური სათესლე ჯირკვლები (ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც). ამ შემთხვევაში ინიშნება LHRH ანალოგი, ცხვირის დოზირებული სპრეი, სათესლე ჯირკვლის ქსოვილის უკეთესი განვითარებისათვის, თუმცა ეს მეთოდიც დასაბუთებას მოითხოვს.
ოპერაცია საკმაოდ მარტივია. პაციენტი მხოლოდ ერთი დღე რჩება საავადმყოფოში, მეორე დღეს, წესისამებრ, გაეწერება. ეფექტიანობა 95%-ის ტოლია. ოპერაციის მთავარი პრინციპი სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვებისა და თესლგამომტანი სადინარის გამოთავისუფლებაა, რათა ჯირკვალი თავისუფლად ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს პარკში. მიკერება აუცილებელი არ არის, თანაც მოძველებული მეთოდია, ამჟამად მას აღარ იყენებენ. საკმარისია, სათესლე ბაგირაკი იყოს მთელ სიგრძეზე გამოყოფილი და თავისუფლად მოთავსებული სათესლე პარკში. თუ აღმოჩნდა, რომ სათესლე ჯირკვალი რუდიმენტულ სტრუქტურას წარმოადგენს, მცირე ზომისაა და ჯირკვლის ქსოვილი ფაქტობრივად არ არის განვითარებული, მისი ამოკვეთაც გვიხდება.
10 წლიდან მუცლის ღრუში ჩარჩენილი სათესლე ჯირკვლის პარკში ჩამოტანა შეუძლებელია; ის ამოღებას ექვემდებარება, რადგან, წესისამებრ, ძალზე დაზიანებულია. თუ სათესლე ჯირვალი ექტოპიურია ან კანქვეშაა გამოსული და ტემპერატურული რეჟიმი დარღვეული არ არის, მისი ჩამოტანა შესაძლოა მოხერხდეს. თუ ჯირკვალი ღრმადაა საზარდულის არხში, მისი ჩამოტანის საკითხი კარგად დაფიქრებას მოითხოვს. რაც უფრო დიდია პაციენტი, მით უფრო დიდ მანძილზეა საჭირო ჯირკვლის გადაადგილება. მაგალითად, თუ ბავშვებთან ეს გზა დაახლოებით 5 სმ სიგრძისაა, ზრდასრულებთან 15 სმ-საც აღწევს, ასეთ მანძილზე კი ორგანოს გადატანა შეუძლებელია.
10 წლამდე კი ჯირკვალი, წესისამებრ, პარკში ჩამოგვაქვს, რათა პალპირებადი იყოს – პაციენტს შეეძლოს მისი ხელით გასინჯვა და სიმსივნური პროცესის დროულად აღმოჩენა და ვაფრთხილებთ, რომ თუ ჯირკვალმა ზრდა ან გამაგრება დაიწყო, მაშინვე ექიმს მიმართოს. ნორმაში სათესლე ჯირკვალი სქესობრივი მომწიფების დასრულებისთანავე ასრულებს ზრდას. ამის შემდეგ მისი ყოველგვარი ცვლილება პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებს.
სათესლის პარკში ჩამოტანა მამაკაცის სრულფასოვანი თვითშეფასებისათვისაც მნიშვნელოვანია. ხშირად გვეკითხებიან, გაიზრდება თუ არა ჯირკვალი, დაეწევა თუ არა მეორეს. სამწუხაროდ, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ვერ დაეწიოს, მაგრამ განსაზღვრულ ჰორმონულ ფუნქციას მაინც შეასრულებს.
თამარ არქანია