ორქიტი - სათესლე ჯირკვლის ანთება

გააზიარე:

ყბაყურას გვიან სტადიაზე ბიჭუნებს ხშირად ემართებათ სათესლე ჯირკვლის ანთება. მშობლებსაც და ექიმებსაც ამ გართულებისა განსაკუთრებით ეშინიათ, რადგან შესაძლოა, უნაყოფობის მიზეზად იქცეს. თუმცა ორქიტი არც მხოლოდ ყბაყურას გართულებაა და არც მხოლოდ პატარა ბიჭების პრობლემა.

ზრდასრულ მამაკაცებთან სათესლე ჯირკვლის ანთების შესახებ "ავერსის კლინიკის" ექიმი უროლოგი ეკა უგლავა გვესაუბრა.

– სათესლე ჯირკვლები მამაკაცის სასქესო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს პატარა წყვილი ორგანო ასოს უკან, სათესლე პარკში მდებარეობს და ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

1. მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანდროგენების, სინთეზში (უმთავრესად – ტესტოსტერონისა, რომელიც აკონტროლებს რეპროდუქციული ორგანოების და მამაკაცისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნების განვითარებას, როგორიცაა სხეულისა და სახის თმიანობა, დაბალი ტემბრი, განიერი ბეჭები);

2. გამოიმუშავებს და გამოყოფს სპერმას.

მუცლად ყოფნის პერიოდში ორივე სათესლე ჯირკვალი ჩანასახის მუცლის ღრუში მდებარეობს. მერე ქვემოთ იწყებს დაწევას, ნელ-ნელა გაივლის საზარდულის არხს და სათესლე პარკში ჩადის. ანატომიურად მარცხენა სათესლე ჯირკვალი მარჯვენაზე ოდნავ დაბლაა.

თითოეული ჯირკვალი ცხრაასამდე უწვრილესი მილაკისგან შედგება, რომლებიც სავსეა ტესტოსტერონით და სპერმატოზოიდების წარმომქმნელი უჯრედებით. ნორმალური სპერმის წარმოსაქმნელად სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა სხეულისაზე დაბალი უნდა იყოს, ამიტომ თითოეულ ჯირკვალს გარს აკრავს შვიდი გარსი, რომლებიც მას გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავს და, ამასთან ერთად, გამოიმუშავებს სითხეს ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის უზრუნველსაყოფად.

რა იწვევს ანთებას

– სათესლე ჯირკვლის`ჯირკვლების ანთება ბავშვებს, როგორც წესი, ყბაყურას ფონზე უვითარდებათ ამ დაავადების გამოვლენიდან 4-6 დღის შემდეგ.

ზრდასრულ მამაკაცებთან კი ორქიტი შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ვირუსულმა, ისე ბაქტერიულმა ინფექციამ. უშუალო მიზეზად შესაძლოა იქცეს რომელიმე გავრცელებული ინფექციურ-ანთებითი დაავადება (გრიპი, ჩუტყვავილა, პნევმონია, მუცლის ტიფი, ბრუცელოზი...) ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი). არც ის არის გამორიცხული, ორქიტი შარდსასქესო სისტემის სხვა ორგანოს (შარდსადინარის, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე ჯირკვლის დანამატის) ანთებას დაერთოს.

ძალიან ხშირად ბაქტერიული ორქიტი სწორედ ეპიდიდიმიტის – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთების – თანდართული პროცესია. ამრიგად, ყალიბდება ეპიდიდიმიტ-ორქიტი, რომელსაც, თავის მხრივ, ურეთრიტი (შარდსადინარის ანთება) ან ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) იწვევს.

ორქიტის გამოწვევა სათესლე ჯირკვლის, სათესლე პარკის, შორისის ტრავმასაც შეუძლია.

გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

ორქიტის განვითარებას ხელს უწყობს იმუნური სისტემის დასუსტება, სხეულის გადაცივება.

რისკის ფაქტორები

– ორქიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ მამაკაცებს, რომლებსაც:

* არ ჩაუტარებიათ ყბაყურას აცრა;

* აღენიშნებათ შარდსასქესო ტრაქტის განმეორებითი ინფექციები;

* გადატანილი აქვთ ოპერაცია საშარდე გზებზე ან სასქესო ორგანოებზე;

* დიდხანს ედგათ კათეტერი ურეთრაში;

* გადიდებული აქვთ წინამდებარე ჯირკვალი;

* აქვთ შარდსასქესო სისტემის თანდაყოლილი ანომალია (შარდის ბუშტის, ურეთრის სტრუქტურული ცვლილებები).

რისკჯგუფს ქმნიან მაღალრისკიანი სქესობრივი ქცევის მქონე მამაკაცებიც. მაღალრისკიანი სქესობრივი ქცევა გულისხმობს: მრავალ სქესობრივ პარტნიორს, სქესობრივ ურთიერთობას კონდომის გარეშე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას ავადმყოფობის ისტორიაში ან ასეთი დაავადების მქონე პარტნიორის ყოლას.

რა მიგვანიშნებს ორქიტზე

– ორქიტის ძირითადი ნიშანია ტკივილი სათესლეებისა და საზარდულის არეში. მასთან ერთად მოსალოდნელია:

* უსიამოვნო შეგრძნება და მტკივნეულობა სათესლე პარკების შეხებისას;

* მტკივნეული შარდვა;

* მტკივნეული ეაკულაცია (სპერმის გადმოსროლა);

* სათესლე პარკის შესივება;

* სპერმაში სისხლის გაჩენა;

* გამონადენი ასოდან;

* პროსტატის გადიდება;

* საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება;

* გულისრევა და ღებინება;

* სხეულის ტემპერატურის მომატება.

განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ორქიტს. მწვავე ორქიტის დროს სათესლე ჯირკვალი მკვეთრად დიდდება, თავს იჩენს მწვავე ტკივილი, სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს, ზოგჯერ ჯირკვალი ჩირქდება ან ატროფირდება (განილევა, პატარავდება).

ორქიტის ქრონიკული ფორმა მწვავე ორქიტის არასათანადო მკურნალობის ან მწვავე ეპიდიდიმიტის გახანგრძლივების შედეგად ყალიბდება. სათესლე ჯირკვალი ამ დროს უფრო მეტად მკვრივდება, უფრო მეტად სუსტდება მისი სეკრეტორული ფუნქცია და გაცილებით იმატებს უნაყოფობის რისკიც.

აქვე დავძენ, რომ ცალმხრივი ორქიტი უნაყოფობის მიზეზად ნაკლებად განიხილება – ამ პრობლემაზე საუბრობენ მაშინ, როცა ორქიტი ორმხრივია.

კიდევ რას ველოდოთ

– ორქიტის სხვა გართულებებია: ქრონიკული ეპიდიდიმიტი, სათესლე ჯირკვლის ატროფია, სათესლე ჯირკვლის ინფარქტი, ფისტულა, რომელიც სათესლე პარკის ზედაპირზე იხსნება, სათესლე პარკის აბსცესი (დაჩირქება).

აბსცესი მდგომარეობას იმით ამძიმებს, რომ ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს. სათესლე პარკი ამ დროს წითლდება და გადასწორდება, ტკივილი ძლიერდება. შესაძლოა, უნაყოფობის მიზეზად თვითონ აბსცესიც იქცეს.

როგორ ისმება დიაგნოზი

– უპირველეს ყოვლისა, ვეცნობით ავადმყოფობის ისტორიას და ვსინჯავთ სათესლე ჯირკვალს. ორქიტის დროს ის მკვეთრადაა გადიდებული. სათესლე პარკი გაწითლებულია, ნაოჭები – გადასწორებული, ხელით გასინჯვა კი ძლიერ ტკივილს იწვევს. საზარდულში, ანთებადი სათესლის მხარეს, გადიდებული ლიმფური კვანძები ისინჯება. პროსტატის მდგომარეობის შესაფასებლად ზოგჯერ საჭირო ხდება რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გასინჯვაც.

ინსტრუმენტული მეთოდებიდან სათესლე ჯირკვალში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად ყველაზე ხშირად იყენებენ ულტრაბგერას, ზოგჯერ – დოპლერსაც, რომელიც სათესლეებში სისხლის ნაკადის დინებაზე გვიქმნის წარმოდგენას. იშვიათად კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც ინიშნება.

ლაბორატორიული მეთოდებიდან ტარდება შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და სხვა ინფექციების აღმოსაჩენად – ურეთრის ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, შარდისა და ეაკულატის ბაქტერიოლოგიური კვლევა (ნათესი). ეფექტიანი მკურნალობისთვის განისაზღვრება ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიის მგრძნობელობა.

მკურნალობა

– ორქიტის მკურნალობაც, ისევე როგორც ყველა სხვა დაავადებისა, გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ბაქტერიული ორქიტისა და ეპიდიდიმიტ-ორქიტის დროს. თუ მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აღმოჩნდა, პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს.

სიმპტომების  შემსუბუქებისთანავე ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება. მკურნალობა აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ!

მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში სათესლე ჯირკვლის პარკი შესაძლოა შეხებისას მტკივნეული დარჩეს.

მწვავე პროცესის დროს დისკომფორტის შესამცირებლად რეკომენდებულია ჯირკვლის დაფიქსირება სპეციალური ფიქსატორით, მტკივან ადგილას ყინულის პაკეტის დადება, ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ზოგჯერ, მოგვიანებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებიც ინიშნება.

აბსცესის დროს აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, ჩირქგროვის დრენირება, მძიმე შემთხვევებში – ორქექტომია, სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა.

ვირუსული ორქიტის მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა. ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (იბუპროფენი, ნაპროქსენი, პარაცეტამოლი), წოლითი რეჟიმი. ჯირკვლის ფიქსაცია ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია. ვირუსული ორქიტის დროს მდგომარეობა, როგორც წესი, 3-10 დღეში უმჯობესდება, თუმცა მტკივნეულობა ზოგჯერ რამდენიმე კვირა გასტანს.

დიდ ყურადღებას მოითხოვს ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა), რომელიც ზოგჯერ ორმხრივი ორქიტით და სათესლე ჯირკვლის ატროფიით რთულდება.

არასპეციფიკური ორქიტის (სათესლე ჯირკვლის ტუბერკულოზის) და სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დროს ჯირკვალი თანდათანობით დიდდება. მტკივნეულობა არ ახასიათებს.

ამ ორი დაავადების ორქიტისგან დიფერენცირებისთვის ტარდება სათესლე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, მცირე მენჯისა და სათესლე ჯირკვლის კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში – სათესლე ჯირკვლის ბიოფსია.

რა გავითვალისწინოთ მკურნალობისას

– დისკომფორტის მოსახსნელად უმჯობესია, პაციენტმა დაიცვას წოლითი რეჟიმი, მტკივანი სათესლე ჯირკვალი წოლისას ზემოთ ჰქონდეს ამოწეული, დაიდოს ზედ ცივი საფენები, თავი შეიკავოს სქესობრივი ცხოვრებისგან, ერიდოს მძიმე საგნების აწევას.

შესაძლებელია თუ არა პრევენცია

– ორქიტის თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი გზაა, არ გამოვატოვებინოთ ბავშვს ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა, რომელსაც აცრების ეროვნული კალენდარი ითვალისწინებს, ზრდასრულმა მამაკაცმა კი უნდა დაიცვას სქესობრივი უსაფრთხოების წესები, რათა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას არ ემსხვერპლოს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: