ორსულობის ენდოკრინოლოგია
გააზიარე:
ჰორმონები ის სუბსტანციებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფაქტობრივად ყოველგვარ პროცესში მონაწილეობს. ჩვენი ჯანმრთელობა, შვილოსნობის უნარი, სქესობრივი ცხოვრება, გუნება-განწყობა და ცხოვრების რიტმიც კი მნიშვნელოვანწილად ჰორმონებზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი სამართლიანად იპყრობენ არა მარტო ექიმების, არამედ ფსიქოლოგების ყურადღებასაც. ჰორმონთა მნიშვნელობა ერთიორად იმატებს, როდესაც საქმე ორსულობას ეხება. მათ დაუხმარებლად შთამომავლობის ყოლა გამორიცხულია.
მოდი, ერთად გავიგოთ, რა ფუნქცია აკისრია ამა თუ იმ ჰორმონს ორსულობის ნორმალური წარმართვისთვის. ორსულობის ენდოკრინოლოგიაზე ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა გეგეჭკორი გვესაუბრება.
– რა მნიშვნელობა აქვს ორსულობისთვის ჰორმონულ ბალანსს და უმთავრესად რომელი ჰორმონები მონაწილეობენ ორსულობის ნორმალურ წარმართვაში?
– მთელი ორსულობის პროცესი: განაყოფიერება-ჩასახვა, მიმდინარეობა, დასასრული, – ინიცირებული და მართულია სასქესო და პროტეინული ჰორმონებით. გარდა იმისა, რომ ჰორმონთა თანაფარდობასა და კონცენტრაციაზეა დამოკიდებული ნაყოფის ნორმალური მიმაგრება, ზრდა-განვითარება, დედის ორგანიზმსა და მას შორის ენერგეტიკული ცვლა, თავად საკვერცხეში მიმდინარე ძირითადი პროცესებიც, რომლებსაც ორსულობა მოჰყვება: კვერცხუჯრედის მომწიფება, განაყოფიერება, საშვილოსნოს მზაობა, – ენდოკრინული სისტემის მიერ იმართება. ჰორმონებივე განაპირობებს მშობიარობის აღძვრასა და ლაქტაციას. ასე რომ, რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელებაში მათი როლი ფასდაუდებელია.
ორსულობაზე ფაქტობრივად ყველა ჰორმონი ახდენს გავლენას, მაგრამ, ცხადია, უპირატესი მნიშვნელობა სასქესო ჰორმონებს ენიჭება. ესტროგენებისა და პროგესტერონის სინთეზი და მეტაბოლიზმი ცენტრალურ რეგულაციას ექვემდებარება. ამას ჰიპოფიზის წინა წილის – ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი – ჰორმონები უზრუნველყოფს. პირველი მათგანი ფოლიკულის მომწიფებას უწყობს ხელს (ეს მენსტრუაციის პირველ, ფოლიკულურ ფაზას შეესაბამება), მეორე კი ყვითელი სხეულის პოსტოვულაციურ განვითარებას განაპირობებს (ლუთეინური ფაზა). ფოლიკულის შიდა შრის ამომფენი გრანულოზური უჯრედები ესტრადიოლს გამოყოფს, ხოლო ყვითელი სხეული – პროგესტერონს. თუ ორსულობა არ შედგა, ჰორმონების კონცენტრაცია მკვეთრად დაეცემა, ამას მოჰყვება მენსტრუაცია – საშვილოსნოს ლორწოვანის ჩამოფცქვნა, რის შემდეგაც ახალი ციკლი დაიწყება. ამრიგად, არაორსული ქალისთვის სასქესო ჰორმონების წყარო საკვერცხეებია, მაგრამ თუ ორსულობა დადგა, მე-9 კვირიდან საკვერცხე “შვებულებაში გადის” და თავის ფუნქციებს პლაცენტას “გადაულოცავს”. ამ ეტაპიდან, პრაქტიკულად, სწორედ პლაცენტა წარმართავს ორსულობას.
ჰორმონი, რომელიც ორსულობისას ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, პროგესტერონია. ამ ჰორმონის სახელწოდება (ლათ. პრო – თვის, გესტაციო – ორსულობა) პირდაპირ მიანიშნებს მის ფუნქციაზე. მართალია, მას სხვა დროსაც დიდი როლი ენიჭება, მაგრამ ორსულისთვის მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. პროგესტერონი იღვწის, რომ ორსულობა დადგეს, უკვე დამდგარი ორსულობა კი გართულებების გარეშე წარიმართოს. უპირველეს ყოვლისა, ის საშვილოსნოს ლორწოვანს ჩანასახის მისაღებად ამზადებს. გარდა ამისა, იწვევს საშვილოსნოს მძლავრი გლუვკუნთოვანი შრის მოდუნებას, რის ხარჯზეც ამ ორგანოს მოცულობა 500-ჯერ იმატებს. პროგესტერონისმიერი რელაქსაცია რომ არა, საშვილოსნო ჩანასახს გამოაძევებდა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ნაყოფის კორტიკოსტეროიდების სინთეზია. პლაცენტა დედის ორგანიზმისგან მიღებული ნედლეულით, ქოლესტეროლით, აწარმოებს პროგესტერონს და ორივე ორგანიზმს ამარაგებს მისით: დედას – უკვე ხსენებული ეფექტებისთვის, ნაყოფს კი – კორტიკოსტეროიდების სინთეზისთვის.
პირველი რვა კვირის განმავლობაში პროგესტერონს საკვერცხის ყვითელი სხეული გაიმომუშავებს, მეცხრე კვირიდან კი ამ ფუნქციას, როგორც აღვნიშნეთ, პლაცენტა ახორციელებს. პროგესტერონის დონე მთელი ორსულობის განმავლობაში მაღალი რჩება, ორსულობის დასასრულს კი ესტროგენებთან ერთად ქვეითდება, რაც პროსტაგლანდინურ სისტემას აძლიერებს და მშობიარობის დაწყებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ პროგესტერონის რეცეპტორები არა მარტო საშვილოსნოში, არამედ ყველა გლუვკუნთოვან ორგანოშია. სწირედ ეს განაპირობებს ორსულობისთვის დამახასიათებელ ნიშანთა წყებას. მაგალითად, შარდის პასაჟის დარღვევა და აღმავალი ინფიცირების მაღალი რისკი საშარდე სისტემაში პროგესტერონისმიერი რელაქსაციის შედეგია. მასვე უკავშირდება პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – გულძმარვა, შეკრულობა და სხვა. პროგესტერონის რეცეპტორები მრავლადაა თავის ტვინშიც. სწორედ ამის შედეგია ძილის დარღვევა, მოდუნება, ყნოსვასთან დაკავშირებული ეფექტები, მადის გაუკუღმართება. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ განსაზღვრული მოვლენების და ადამიანების აუტანლობაც კი გარკვეულწილად პროგესტერონითაა განპირობებული. ამრიგად, ჩამოთვლილი სიმპტომები ორსულობის ნიშნებია და არა მისი გართულებები.
ესტროგენები ჰორმონთა ჯგუფია. ესტრადიოლს საკვერცხე გამოიმუშავებს, მაგრამ არა ორსულობის დროს; ამ პერიოდში წამყვანია სხვა ტიპის ესტროგენი – ესტრიოლი, რომელიც მამაკაცის სასქესო ჰორმონებისგან წარმოიქმნება. ის ხელს უწყობს საშვილოსნოს როგორც სარეცლის მომზადებას და ზრდას, უზრუნველყოფს მშობიარობის წინ საშვილოსნოს ყელის სიმწიფეს. მონაწილეობს სარძევე ჯირკვლების სტრუქტურირებაშიც.
უნდა ითქვას, რომ ესტროგენების წყარო მხოლოდ დედის ანდროგენები არ არის – თურმე ნაყოფიც თავის ანდროგენებს დედას აწვდის, რომ მათგან ესტრიოლი წარმოიქმნას. ასე რომ, ნაყოფსაც შექავს მცირე წვლილი საკუთარი სარეცლის მომზადებაში. ამ რთულ და საინტერესო სისტემას კი კოორდინირებას პლაცენტა უწევს.
პლაცენტა ასევე გამოიმუშავებს ორ ტრანზიტორულ (დროებით) ჰორმონს – ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინსა (აქგ) და პლაცენტურ ლაქტოგენს. აქგ არის ყველგან, სადაც კი ორსულობასთან დაკავშირებული უჯრედი – ტროფობლასტი მოიპოვება. ორსულობის ვადასთან ერთად მისი კონცენტრაციაც იმატებს და ჩასახვიდან დაახლოებით მე-80 დღეს (ორსულობის მე-11 კვირას) პიკს აღწევს, მერე კი ოდნავ მცირდება და მუდმივი, ტონური სეკრეციით ორსულობის ბოლომდე გრძელდება. მისი ფუნქცია პროგესტერონის სინთეზის შენარჩუნება და ამით ორსულობისთვის ხელის შეწყობაა. სწორედ აქგ-ის თვისებრივი განსაზღვრა ხდება ორსულობის ტესტით. რაოდენობრივად მის შესაფასებლად კი ლაბორატორიული გამოკვლევაა საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ექიმს მეტად ღირებულ ინფორმაციას აწვდის ორსულობის დინამიკის, საშვილოსნოსგარე ორსულობის, ტროფობლასტური დაავადების და სხვათა შესახებ.
კიდევ ერთი დროებითი ჰორმონი პლაცენტური ლაქტოგენია, რომელიც სტრუქტურით ძალიან ჰგავს ზრდის ჰორმონსა და პროლაქტინს. ის დედისა და ნაყოფის ორგანიზმებს შორის ენერგეტიკულ ბალანსს უზრუნველყოფს. ნაყოფის ენერგეტიკა გლუკოზაზეა დამოკიდებული, დედისა – თავისუფალ ცხიმოვან მჟავებზე. სწორედ ამ ორი პროცესის დიფერენცირებას უწყობს ხელს პლაცენტური ლაქტოგენი. გლუკოზის მობილიზაცია ნაყოფისთვის არის საჭირო და დედის ორგანიზმში გამომუშავებული ინსულინი “უსაქმოდ” რჩება. ეს დიაბეტოგენურ მდგომარეობად მიიჩნევა, დიაბეტისადმი განწყობილ (ჭარბი წონის, დატვირთული გენეტიკის მქონე) ქალებს შესაძლოა გესტაციური დიაბეტი განუვითარდეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონი პროლაქტინია. მისი დონე ორსულობის განმავლობაში დინამიკურად იმატებს, ხოლო მშობიარობის შემდეგ, სხვა ჰორმონებისგან განსხვავებით, არათუ მკვეთრად იკლებს, არამედ მატებას განაგრძობს კიდეც. ის ჰიპოფიზის წინა წილში გამომუშავდება. მისი დანიშნულება ლაქტაციისთვის სარძევე ჯირკვლის მომზადება და ხსენისა და რძის წარმოქნაა. პროლაქტინი აქტიურად რომ გამომუშავდეს, ჰიპოფიზის წინა წილის მოცულობაც კი იზრდება. ამას ერთვის ზრდის პროცესების გაძლიერება ორსულობის დროს და ადენოჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის მომატებული სეკრეცია. ორსულობის ბოლოს ოდნავ გადიდებული (და არა შეშუპებული) ცხვირი, ტუჩები, ხელები, ფეხები სწორედ ჰორმონის მომატების შედეგია.
– რამდენად მიზანშეწონილია ჰორმონების დეფიციტის დროს მათი ანალოგების მიღება? ორსულობისას ჰორმონთერაპიას ბევრი სკეპტიკურად უყურებს...
– ეს საკითხი უმთავრესად ალბათ პროგესტერონის ანალოგებს ეხება. მისი დეფიციტის შესავსებად პრეპარატები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, პროგესტერონის გარეშე ორსულობა, უბრალოდ, ვერ წარიმართება. მეტიც – ზოგჯერ მათი დანიშვნა სხვა ტიპის პრობლემების დროსაცაა საჭირო. მაგალითად, აბორტის საშიშროების, ნაადრევი მშობიარობის რისკის, საშვილოსნოს ყელის დამოკლების, მომატებული ტონუსის შემთხვევაში. წლების წინ იყენებდნენ პროგესტერონის ანალოგებს, რომლებიც, მართალია, ჰორმონის ნაკლებობას ანაზღაურებდა, მაგრამ არასასურველ ეფექტებსაც მრავლად იწვევდა. დღევანდელი ბაზარი ხარისხიანი პროდუქციითაა გაჯერებული. ეს პრეპარატები, რომლებიც ნატურალურ პროგესტერონს ან მის ანალოგებს წარმოადგენს, გვერდით ეფექტებს ნაკლბად იწვევს. არსებობს მდგომარეობები – ჰიპერანდროგენია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შედეგად დამდგარი ორსულობა და სხვა, – რომელთა დროსაც პროგესტერონის ანალოგების მიღება მისი დეფიციტის ლაბორატორიული დადასტურების გარეშეც მისაღებია. ჰორმონულ პრეპარატებს არა მარტო პაციენტები, არამედ, სამწუხაროდ, ზოგი ექიმიც უფრთხის. სინამდვილეში, როდესაც პრეპარატს კარგად იცნობ, ისიც იცი, როდის დანიშნო და როდის – არა. თანამედროვე მედიცინა ორსულთა დემედიკალიზაციისკენ არის მიმართული, აუცილებლობის გარეშე წამლის დანიშნვნა ნამდვილად არასასურველია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს გარდაუვალია. ასეთ დროს მთავარია, შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა, რომ არსებულ პრობლემაც მოგვარდეს და არც ახალი წარმოიშვას.
– გვერდით ეფექტებზე რას გვეტყვით?
– არსებობს პროგესტერონის ანალოგების როგორც პერორალურად მისაღები, ასევე ადგილობრივად გამოსაყენებელი ფორმები. ცხადია, სასურველ ეფექტს გვერდითი მოვლენების გარეშე ეს უკანასკნელი უფრო იძლევა, მაგრამ ხდება ისეც, რომ ადგილობრივად პრეპარატის გამოყენება ვერ ხერხდება. მაგალითად, ანთებითი ან სისხლიანი გამონადენის დროს წამალიც გამოიდევნება, სრულყოფილად ვერ შეიწოვება. ამ შემთხვევაში ტაბლეტები უფრო მისაღებია. გვერდით მოვლენათაგან უმთავრესად ცენტრალური ეფექტებია გამოხატული – მოდუნება, ძილიანობა, არეაქტიულობა. ქალებს, რომლებიც საჭესთან სხედან, აუცილებლად ვაფრთხილებთ ამის შესახებ.
– ესტროგენების პრეპარატებს თუ იყენებენ ორსულობისას?
– გამოხატული ესტროგენდეფიციტის შემთხევვაში დაორსულება ვერ ხერხდება, რადგან საშვილოსნოს პროლიფერაციული შრე მეტისმეტად თხელია, ან ჩასახვა ხდება, მაგრამ ვეღარ ვითარდება. ასეთ დროს ესტროგენის პრეპარატების დანიშვნა აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ეხება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მიღებულ ორსულობას, როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანის მზაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვგულისხმობ, რასაკვირველია, ნატურალურ და არა სინთეზურ ესტროგენებს. ამ უკანასკნელთა მიღება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ორსულობის მეორე ნახევარში ესტროგენული პრეპარატები პრაქტიკულად არ ინიშნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჰიპოესტროგენული მდგომარეობა მკვეთრად არის გამოხატული.
გვანცა გოგოლაძე