ახალგაზრდული თვალები

გააზიარე:

თანამედროვე მცირეინვაზიური მედიცინა სასწაულებს ახდენს, მის წინაშე ასაკიც კი უძლურია. ნაოჭები დღეს უკვე აღარ მიიჩნევა პრობლემად. თუმცა არის ჩვენს გარეგნობაში ერთი დეტალი, რომელთანაც ბოტოქსი ვერაფერს ხდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკთან ერთად თვალებქვეშ პატარა “ბალიშები” ჩნდება. როგორ მოვიქცეთ, როცა ქუთუთოები დაუნდობლად ამხელენ ჩვენს ასაკს? საბედნიეროდ, პლასტიკური ქირურგები მუდამ მზად არიან, ასაკის ნაკვალევი გააქრონ და ახალგაზრდული იერი დაგვიბრუნონ. სწორედ ამ საქმეს ემსახურება პლასტიკური ქირურგი ლაშა ოსეფაიშვილი, რომელიც ქუთუთოების პლასტიკის შესახებ გვესაუბრება:

 

– ბლეფაროპლასტიკა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაციაა. ის პლასტიკური ოპერაციების ხუთეულში შედის და ოდნავ ჩამოუვარდება სიხშირით რინოპლასტიკასა და მკერდის პლასტიკურ ოპერაციას. ჩვენი პაციენტების უდიდესი ნაწილი ქალია, თუმცა არც მამაკაცების წილია მცირე. უმეტესად 30 წელს გადაცილებული ქალბატონები მოგვმართავენ, თუმცა იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში, 18-25 წლის პაციენტებთანაც გვიწევს ამ ოპერაციის ჩატარება.

ქუთუთოების ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ცხიმოვანი თიაქარი – ქუთუთოების მიდამოში არსებული მცირე ზომის გამობერილობა. მისი მთავარი მიზეზი ასაკია. ასაკთან ერთად კანკუნთოვანი ტონუსი მცირდება და ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ნორმაში თვალბუდის მიდამოშია განლაგებული, ქვემოთ ეშვება. ცხიმოვანი თიაქარი საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას, უმეტესად მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. მისი გენეტიკური ბუნება დამტკიცებული არ არის, თუმცა მიიჩნევენ, რომ მისდამი გენეტიკური განწყობა ნამდვილად არსებობს. გენეტიკური განწყობა გულისხმობს არა მხოლოდ თვალის ანატომიურ თავისებურებებს, არამედ მთელი კანკუნთოვანი აპარატის სისუსტეს.

არ არის აუცილებელი, ქუთუთოების ცხიმოვანი თიაქარი ყოველთვის ჭარბად იყოს გამოხატული. ზოგჯერ პაციენტს უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის ზედა და ქვედა ქუთუთოების მეტისმეტი დანაოჭება. კოსმეტიკური თვალსაზრისით ესეც საკმაოდ უსიამოვნოა, ამიტომ ხშირად პაციენტების მთავარი საფიქრალი სწორედ დანაოჭებული ქუთუთოებია.

თიაქრის ტომრები ჩნდება როგორც ქვედა, ისე ზედა ქუთუთოზეც, თუმცა ქვედა ქუთუთოს თიაქარი უფრო ხშირად გვხვდება და უფრო შესამჩნევიცაა.

ადგილმდებარეობის მიხედვით გამოვყოფთ ქვედა ქუთუთოს სამი ტიპის ცხიმოვან თიაქარს: მედიალურს, რომელიც უფრო ახლოსაა ცხვირთან, შუა და გარეთა, იმავე ლატერალურ თიაქარს. ზედა ქუთუთოსთან მხოლოდ ორი – მედიალური და შუა თიაქარი წარმოიშობა.

ოპერაციის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ოპერაციულ მიდგომას ქირურგი პაციენტის ასაკის, თვალის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევს. როცა პაციენტი შედარებით ახალგაზრდაა და კანის მდგომარეობაც ნორმალურია, ანუ არ არის ჭარბი, ჩამოკიდებული და შესწევს უნარი, ოპერაციის შემდეგ შეიკუმშოს, ტარდება ტრანსკონიუნქტივური ბლეფაროპლასტიკა. ამ დროს განაკვეთი კეთდება შიგნიდან, თვალის კონიუნქტივის მხრიდან. ასეთი განაკვეთი გარედან არ ჩანს.

როცა პაციენტის ასაკი დიდია, კანი კი მოშვებული, ჩამოკიდებული და დანაოჭებული, ქვედა ბლეფაროპლასტიკას მივმართავთ. ამ დროს ცხიმოვან თიაქართან ერთად ზედმეტი კანის მოკვეთაც აუცილებელია, ვინაიდან თუ მხოლოდ თიაქარი მოვაშორეთ, მართალია, ის დაპატარავდება, მაგრამ ზედმეტი, ელასტიკურობადაკარგული კანი კვლავაც არაესთეტიკურად ჩამოეკიდება თვალზე. ამ დროს განაკვეთი გარედან, უშუალოდ წამწამების ქვევით კეთდება, მაგრამ ნაწიბური იმდენად ნაზი და ხარისხიანია, რომ უცხო თვალი თითქმის ვერ ამჩნევს.

ზედა ბლეფაროპლასტიკის დროს განაკვეთი ნებისმიერ შემთხვევაში გარედან კეთდება.

– როგორია სარეაბილიტაციო პერიოდი?

– ტრანსკონიუნქტივური ბლეფაროპლასტიკა ხანმოკლე ოპერაციაა – დაახლოებით 30-40 წუთს გასტანს. ქვედა ქუთუთოს პლასტიკა, ზედასგან განსხვავებით, აუცილებლად ზოგადი ნარკოზის თანხლებით ტარდება, ზედას პლასტიკა კი პაციენტის სურვილზეა დამოკიდებული – შეიძლება ჩატარდეს როგორც ზოგადი ნარკოზით, ისე მსუბუქი სედაციითა და ადგილობრივი გაუტკივარებითაც. ქვედა ქუთუთოს ოპერაცია, როცა ის ღია წესით ტარდება, 1-1,5 საათს გრძელდება. პაციენტებს, წესისამებრ, იმავე დღეს, ხანმოკლე დასვენების შემდეგ ვუშვებთ შინ. რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ მსუბუქია და სერიოზული დისკომფორტის გარეშე ჩაივლის. ოპერაციიდან მეოთხე დღეს პაციენტს ნაკერებს ვხსნით და რამდენიმე ხანს, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში, პლასტირებით განვაგრძობთ ფიქსაციას, საბოლოო შედეგს კი ოპერაციიდან 1,5-2 თვის შემდეგ ვიღებთ. ოპერაციის შემდეგ ქუთუთოების მიდამო ოდნავ შეშუპებულია, ზოგჯერ შეინიშნება სისხლჩაქცევებიც. მათ გაწოვას, ნაწიბურების დარბილებასა და მოშვებას დრო სჭირდება, ამიტომ, თუმცაღა შედეგი თავიდანვე თვალში საცემია, საბოლოო, ახალგაზრდულ იერს პაციენტი 1,5-2 თვეში იბრუნებს.

ოპერაციის შედეგი, წესისამებრ, ხანგრძლივიცაა. ასაკის მატებასთან ერთად რეციდივი მოსალოდნელია – ოპერაცია მხოლოდ არსებულ პრობლემას აგვარებს, მომავალი ასაკობრივი ცვლილებების შეჩერება კი, ბუნებრივია, არ შეუძლია, ამიტომ არსებობს წლების შემდეგ თიაქრის ხელახლა განვითარების რისკი, თუმცა თანამედროვე მეთოდების წყალობით შედეგი მაქსიმალურად დიდხანს, დაახლოებით 8-10 წელიწადს, ძლებს.

ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა საჭირო არ არის. ვინაიდან ქუთუთო თვალის მიმდებარე არეა, 2-3 დღის განმავლობაში უნდა ვერიდოთ თვალების გადაძაბვას, კომპიუტერთან მუშაობას, კითხვას, ტელევიზორის მცირე მანძილიდან ყურებას. გართულებების შემთხვევაში შესაძლოა დაგვჭირდეს სპეციალური ვარჯიშებიც.

– გართულება თუა მოსალოდნელი ოპერაციის დროს?

– გართულების რისკი, ისევე როგორც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევისას, ბლეფაროპლასტიკის დროსაც არსებობს. შედარებით მსუბუქი გართულებები მაღალკვალიფიციური ქირურგის მიერ ოპერაციის სკრუპულოზურად ჩატარების შემთხვევაშიც კი არ არის გამორიცხული. ასეთი გართულებებია თვალის მიდამოს პიგმენტაცია და მშრალი თვალის სინდრომი, რომლებიც მალევე გაივლის. ყურადსაღები და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გართულებაა ექტროპიონი – ქვედა ქუთუთოს დაშვება. მას იწვევს როგორც ქირურგის შეცდომა – ზედმეტი კანის მოკვეთა, ისე შიგნითა დანაწიბურებაც, რომელიც ყველა წესის დაცვით გაკეთებული ოპერაციის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს და ქვედა ქუთუთოს დაქაჩვა გამოიწვიოს. მისი გამოსწორება შესაძლებელია – მსუბუქ ფორმაც განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება, თავისთავად გაივლის, ხოლო მძიმე ფორმის დროს ისევ ქირურგიულ ჩარევას მივმართავთ. მხედველობის დარღვევა ან სიბრმავე ძალზე იშვიათია, სტატისტიკურად 10 000-დან დაახლოებით 5 შემთხვევშია მოსალოდნელი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 100 000 პაციენტზე დაახლოებით 40 შემთხვევაა აღწერილი. ასევე ესთეტიკური გართულებაა მრგვალი თვალი – თუ ქირურგმა ოპერაციის დროს ზედმეტი კანი ან კუნთი მოაშორა, ფიზიოლოგიური, ნუშისებრი ჭრილის ნაცვლად შესაძლოა მომრგვალებული მივიღოთ, რაც, ბუნებრივია, გარეგნობის მკვეთრ ცვლილებად აღიქმება. ამ თვალსაზრისით ბლეფაროპლასტიკა ძალზე საფრთხილო ოპერაციაა.

ისევე როგორც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის წინ, ბლეფაროპლასტიკამდეც გამოკვლევა, წინასაოპერაციო მომზადება ტარდება. თუ ყველაფერი რიგზეა და პაციენტს სერიოზული სომატური დაავადება არ დაუდასტურდა, ოპერაციას ვაკეთებთ. უკუჩვენებებიც ისეთივეა, როგორიც სხვა სახის ქირურგიული ჩარევისას: მძიმე სომატური დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები... სპეციფიკური უკუჩვენება არ არსებობს.

– კიდევ რა სახის პლასტიკისთვის მოგმართავენ?

– საკმაოდ ხშირია ქუთუთოს დანაწიბურება და ტრავმის შემდგომი დაზიანება. ნაწიბურები ქუთუთოს დეფორმაციას იწვევს, რაც არა მარტო ქუთუთოზე, არამედ მთელ თვალზე აისახება და პრობლემებს წარმოშობს. საკმაოდ ხშირია კანტოპექსიაც – ქვედა ქუთუთოს აწევა მისი გარეთა კუთხის გამაგრებით. მოგეხსენებათ, ახალგაზრდობისას თვალის გარეთა კუთხე უფრო მაღლაა, ვიდრე შიგნითა, ასაკთან ერთად კი გარეთა კუთხე დაბლა ეშვება, შიგნითას უტოლდება ან უფრო დაბლა ჩამოდის, რაც სახეს აალგაზრდულ იერს უკარგავს.

არსებობს ბლეფაროპლასტიკის კიდევ ერთი სახეობა – აზიური ბლეფაროპლასტიკა, როცა პაციენტს აზიელებისთვის დამახასიათებელი წვრილი თვალის ჭრილის შეცვლა სურს, თუმცა ჩვენში ასეთი რამ შედარებით იშვიათია.

თამარ არქანია

გააზიარე: