ახალგაზრდული სახის საიდუმლო
გააზიარე:
სახის კანის მდგომარეობა გარეგნობის მთავარი ფაქტორია. როგორც არ უნდა მოვიკაზმოთ, თუ სახის კანი მოუვლელი გვაქვს, ყოველგვარი ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა ეფექტს დაკარგავს. პირველი, რაც ქალის ასაკს გათქვამს, სწორედ სახის კანია, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
ყველაზე მეტად ნაოჭები გვაშინებს. როგორ მოვიქცეთ, რომ ასაკი რაც შეიძლება მეტხანს დავმალოთ? თანამედროვე მედიცინისა თუ კოსმეტოლოგიის წყალობით ეს არც ისე ძნელია.
სახის კანის მოვლის შესახებ ალბათ ათასი რამ წაგიკითხავთ და გამოგიცდიათ. ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ, გვერწმუნეთ, მხოლოდ ხალხური მეთოდებით მიზნის მიღწევა გაგიჭირდებათ. ჯობს, გამოცდილი კოსმეტოლოგებისა და დერმატოლოგების რჩევებს ენდოთ:
* გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა. კანს ისე არაფერი აბერებს, როგორც იაფფასიანი, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები.
* არასოდეს დაიძინოთ მაკიაჟით, რა ხარისხიანიც უნდა იყოს ის და როგორც უნდა გეზარებოდეთ მისი მოშორება. მაკიაჟის ნარჩენები ღრმად ჯდება ფორებში და ხელს უშლის კანის სუნთქვას. რაც უფრო მეტხანს დაიტოვებთ მაკიაჟს, მით უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ მის მოსაშორებლად. ასე რომ, რა დაღლილიც უნდა დაბრუნდეთ შინ, აუცილებლად გამონახეთ რამდენიმე წუთი კანის მოსავლელად. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს მისი კანის ტიპისთვის შესაფერისი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება. ზოგი მხოლოდ ქაფს იყენებს, ზოგი – რძეს. ჩვენ ორივე მათგანის გამოყენებას გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაკიაჟი მძიმეა.
* ნაოჭების გაჩენის მთავარი წინაპირობა კანის არასაკმარისი სინოტივეა. კანის დასანოტივებლად მისი ტიპის შესატყვისი დღისა და ღამის კრემები გამოიყენეთ. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, დერმატოკოსმეტოლოგს მიმართეთ – ის ეფექტური დამანოტივებელი საშუალების შერჩევაში დაგეხმარებათ.
* დროულად დაიწყეთ ნაოჭებთან ბრძოლა. ამჟამად ბაზარზე დაბერების საწინააღმდეგგო უამრავი ეფექტური საშუალება იყიდება. 30 წლიდან მოყოლებული, ყოველი ხუთწლეულისთვის სხვადასხვა ტიპის კრემია მიზანშეწონილი. მართალია, 30 წლის ასაკში ნაოჭებს ცოტა თუ უჩივის, მაგრამ საქმეც ეს არის – ნაოჭებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა მათი პრევენციაა, თორემ უკვე გაჩენილს კრემებით ვეღარ ვუშველით – ქირურგის დახმარება დაგვჭირდება. ქირურგიული მეთოდების შესახებ მომდევნო გვერდებზე წაიკითხავთ.
* სვით დღეში, სულ მცირე, ორი ლიტრი წყალი, ზაფხულობით, როცა აორთქლების პროცესი აქტიურია – უფრო მეტიც. კანი აღარ გამოშრება და სიგლუვესა და სიმკვრივეს მეტხანს შეინარჩუნებს.
* ახალგაზრდობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ძილი. ალბათ შეგიმჩნევიათ, ქალს ერთი ღამის გამოუძინებლობაც კი ეტყობა, ხოლო ქრონიკული უძილობა ნაადრევი დაბერების საწინდარია.
* ეცადეთ, სძლიოთ მავნე ჩვევებს – სიგარეტი და ალკოჰოლი სახის კანის მთავარი მტრები არიან.
* ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მზე რომ კანს აბერებს, ალბათ, გაგიგონიათ, მაგრამ თუ ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გიჭირთ, მზის აბაზანები დილაობით, 11 საათამდე მიიღეთ და ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებებიც გამოიყენეთ. არც სათვალის გაკეთება დაგავიწყდეთ – თვალების მოჭუტვა ნაოჭების გაჩენისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
* იშვიათად იარეთ სოლარიუმში. სულაც არ არის აუცილებელი, მთელი წელი ნამზეური გქონდეთ – ასე ის ეფექტს კარგავს.
* მირთვით ბევრი ხილი, განსაკუთრებით – ზაფხულობით.
* დროდადრო აუცილებლად მიმართეთ კოსმეტოლოგს. წელიწადში ორჯერ მაინც ყვოველგვარი ტიპის კანს სჭირდება გაწმენდა. სახის გაწმენდა პილინგით იწყება. ეს კანს მკვდარი ეპიდერმისისგან ათავისუფლებს, ფორებს ხსნის და ღრმა წმენდას აადვილებს. პროცედურის დასასრულს შეგიძლიათ გამაახალგაზრდავებელი ან მატონიზებელი ნიღაბიც გაიკეთოთ. შინ კი კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ ზედაპირული პილინგი სპეციალური სკრაბით.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი სახის კანი დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. მაგრამ რა გულმოდგინედაც უნდა მოუაროთ თავს, ნაოჭები ადრე თუ გვიან მაინც გაჩნდება. ამის შემდეგ სახის მოვლის ახალი ეტაპი დაიწყება – ოდნავ უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე მანამდე...
მსხვერპლად შეწირული უამრავი კრემის, ნიღბის, ენერგიისა თუ მონდომების მიუხედავად, დროს ვერ შევაჩერებთ. კანის სათანადო მოვლის შემთხვევაშიც კი დგება დღე, როცა სახეზე პირველი ნაოჭები ჩნდება. ქალები ამას განსაკუთრებით განიცდიან და ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რათა სილამაზისა და ახალგაზრდობის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს დაუბრუნდნენ.
საბედნიეროდ, თანამედროვე კოსმეტოლოგიის შესაძლებლობები უსაზღვროა. ინტერნეტში კანის გადაჭიმვისა და ნაოჭების გასწორების შესახებ ინფორმაციის ძიებისას უამრავ უცხო ტერმინს წააწყდებით: ბოტოქსი, ფილერი, პლაზმოლიფტინგი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია... გამოუცდელი ადამიანი იოლად დაიბნევა: რომელი პროცედურა სჭირდება, რითი დაიწყოს და როდის? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე გვესაუბრება.
ყველაფერი ბოტოქსის შესახებ
– ნაოჭების გასწორების მრავალი საშუალება არსებობს. მოდი, ყველაზე ცნობილით – ბოტოქსით დავიწყოთ.
– სახელწოდება “ბოტოქსი” სამ პრეპარატს გულისხმობს: A ტიპის ბოტულოტოქსინს, ქსეომინსა და დისპორტს. სამივე მათგანის მოქმედი ნივთიერება გაწმენდილი და შესუსტებული ბოტულიზმის ნეიროტოქსინია. ერთმანეთისგან ისინი მხოლოდ ცილოვანი დანამატებით განსხვავდება. პირადი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ სამივე პრეპარატი ეფექტურია. არჩევანი ექიმსა და ცალკეულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.
ბოტოქსს 80-იანი წლებიდან აქტიურად იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ისე კოსმეტიკური მიზნითაც. კანში მისი შეყვანა იწვევს კუნთების დროებით დამბლას, პარეზს. რამდენიმე ხნის შემდეგ პარეზი გაივლის, მაგრამ იზღუდება მიმიკა, მაგალითად, წარბების შეყრისას ნაოჭები აღარ იკვეთება.
თავდაპირველად ბოტოქსს მხოლოდ სახის ზედა ნახევრისთვის იყენებდნენ. თანდათან დაიწყეს მისი გამოყენება სახის ქვედა მესამედისთვის, ყელისა და სხვა არეებისთვისაც.
ამრიგად, ბოტოქსით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება სახის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა მისი მეშვეობით პროცედურებს უმეტესად სახის ზედა მესამედზე ატარებენ, ყველაზე ხშირად – წარბებს შორის, თვალების ირგვლივ და შუბლზე. კარგად ასწორებს ტუჩების ირგვლივ არსებულ მწეველთა ნაოჭებს. შესაძლებელია მისი მეშვეობით ყელის გადაჭიმვაც.
კითხვაზე, როდის უნდა დაიწყოთ ბოტოქსის გამოყენება, ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერავინ გაგცემთ. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: კანის ტიპზე, გენეტიკაზე, იმაზე, როგორ უვლიდით კანს, რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდით... თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, სახის რომელი ნაწილი არ მოსწონს თავად პაციენტს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმი იღებს, ცხადია, პაციენტთან შეთანხმებით.
როდის დავიწყოთ?
– ბოტულოტოქსინის ხანგრძლივი გამოყენებისას ორგანიზმი მის მიმართ ანტისხეულებს გამოიმუშავებს და პროცედურების ეფექტი სუსტდება. ამ დროს მინარევიან ბოტულოტოქსინზე გადავდივართ. აქედან გამომდინარე, მცდარია წარმოდგენა, თითქოს ნაოჭების პრევენციისთვის ბოტოქსის გამოყენება რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ. პირიქით, რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო დიდი რეზერვი ექნება ორგანიზმს.
პროცედურა ამბულატორიულად ტარდება. პაციენტთან ერთად ვარჩევთ ჩარევის მასშტაბს და ვიწყებთ ინექციებს. ბოტოქსი ინსულინის უწვრილესი ნემსით შეგვყავს. პროცედურა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და მცირე დისკომფორტს იწვევს. მას უმეტესად ანესთეზიის გარეშე ვატარებთ, მაგრამ თუ პაციენტმა მოისურვა, გაუტკივარებაც შეიძლება.
ბოტოქსის ეფექტი სამიდან ექვს თვემდე გასტანს. ინექციის არეში კუნთები მოძრაობის უნარს კარგავს, კანი გადაჭიმული რჩება და, ამის კვალობაზე, აღარც მიმიკური ნაოჭები წარმოიშობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოტულოტოქსინი დაბერების პროცესს აჩერებს _ ამ სამი თვის განმავლობაში კანი ჩვეულებრივ ბერდება და როცა ბოტულოტოქსინის მოქმედების ვადა ამოიწურება, ნაოჭები ერთბაშად იჩენს თავს. ამრიგად, ბოტოქსი კი არ აფერხებს, არამედ განსაზღვრული ხნით ნიღბავს კანის დაბერების ბუნებრივ პროცესს.
ბოტოქსის ინექციებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან მათ მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტის შესანიღბავად არ იყენებენ. უკანასკნელ ხანს ის ეფექტურად გამოიყენება ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) სამკურნალოდ. ამ დროს ინექციები კეთდება იღლიის ფოსოებში, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე. მათთვის, ვინც სახის ოფლიანობას უჩივის, ბოტოქსის პროცედურები ორმაგ დატვირთვას იძენს. ჭარბი ოფლიანობის მკურნალობისას ბოტულოტოქსინის ეფექტი შთამბეჭდავია.
უმჯობესია, პროცედურები მანამდე დავიწყოთ, ვიდრე ღრმა ნაოჭები და ღარები ჩამოყალიბდება, თორემ შესაძლოა, ბოტოქსის ინექციები საკმარისი აღარ აღმოჩნდეს და ნაოჭების ფილერით შევსება მოგვიწიოს.
ეფექტი ბოტულოტოქსინის შეყვანიდან მესამე დღეს ხდება შესამჩნევი, პიკს ორი კვირის თავზე აღწევს და, როგორც უკვე გითხარით, სამიდან ექვს თვემდე გასტანს. ეფექტის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ უვლის ქალი კანს, დადის თუ არა საუნაში, სოლარიუმში და სხვა.
ვის მივმართოთ?
– სახე ცვილის ნიღაბს რომ არ დაემსგავსოს, ბოტოქსი ეტაპობრივად, დოზირებულად და სიმეტრიულად უნდა შევიყვანოთ. ეს მთელი ხელოვნებაა, ამიტომ პროცედურა პროფესიონალმა უნდა ჩაატაროს. პრეპარატის არასწორი შეყვანისას შესაძლოა საქმე გართულებებით დასრულდეს. ყველაზე მსუბუქი გართულებაა სისხლჩაქცევები ინექციის ადგილას, ყველაზე მძიმე კი _ ქუთუთოს პტოზი. ამ დროს ადამიანი თვალს ვეღარ ახელს. ნამდვილი პტოზი ექვს თვეს გრძელდება.
პროფესიონალურად ჩატარებული პროცედურის შემდეგ არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი. მხოლოდ ბოტოქსის შუბლის კუნთში შეყვანისას შეიძლება შეგვაწუხოს თავის ხანმოკლე ტკივილმა. ცხადია, არც ინდივიდუალური აუტანლობა, შეშუპება, ალერგიული რეაქციაა გამორიცხული. ამას თუ არ ჩავთვლით, უკუჩვენება პრაქტიკულად არ არსებობს, თუმცა პროცედურა არ ტარდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – მძიმე ქრონიკული დაავადების (მიასთენიის, ჰემოფილიის), კანის ინფექციური დაავადების, გამონაყარის, ჰერპესის დროს.
პროცედურის შემდეგ 4 საათის განმავლობაში არ შეიძლება დაძინება. არ არის სასურველი დიდი ხნით თავის დახრა. პირველ დღეს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, ხოლო პირველი ორი კვირის განმავლობაში – მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვა, საუნაში წასვლა. მართალია, ბოტოქსის შემდეგ კანი, ერთი შეხედვით, ახალგაზრდავდება, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, უჯრედულ დონეზე მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები არ წყდება, ამიტომ აუცილებელია კანის მოვლა, დამატენიანებელი და აღმდგენი ნიღბების გამოყენება. თერმულ პროცედურებს კი რამდენიმე ხანს უნდა ვერიდოთ.
სასწაულმოქმედი ფილერი
– ზემოთ ფილერი ახსენეთ. რა არის ეს და რა დანიშნულება აქვს?
– ფილერი ჰიალურონის მჟავას საფუძველზე დამზადებული სპეციალური შემავსებელი გელია. მას ღრმა ღარების ამოსავსებად და სახის რელიეფის კორექციისთვის იყენებენ. ჰიალურონის მჟავა ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება მისი ხელოვნურად შექმნილი სტაბილიზებული ფორმა.
ხელოვნურ ბიოპოლიმერებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს იყენებდნენ სახის დეფექტების კორექციისთვის, ამჟამად პრაქტიკაში ვეღარ შეხვდებით. ისინი სუფთა ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულმა შემავსებლებმა შეცვალა.
ფილერებს წარმატებით ვიყენებთ სახის, კისრის, ხელის ნაოჭების გასასწორებლად, დაშვებული კანის ასაწევად. მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად კანქვეშა ცხიმოვანი შრე ატროფირდება და სახე ფორმას იცვლის. ფილერი ატროფირებული შრის ადგილს იკავებს და სახეს ახალგაზრდულ ოვალს უბრუნებს. ამასთან ერთად, ჰიალურონის მჟავა იკავშირებს წყლის მოლეკულებს და ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რისი წყალობითაც კანი უკეთ ნოტივდება და უფრო ელასტიკური ხდება, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობით წარმოიქმნება ნაოჭები.
სხვა შესაძლებლობები
– ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა.
პროცედურისთვის კანს წინასწარ ვამზადებთ და ვამუშავებთ. პრეპარატს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და დეფექტის მიხედვით ვარჩევთ. ქსოვილი ნაკლებად რომ დაზიანდეს, შემავსებელი სპეციალური ბლაგვცხვირიანი კანულით შეგვყავს, თუმცა მისი შეყვანა მიკროინექციითაც შესაძლებელია. პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. აღდგენით პერიოდს ის არ მოითხოვს.
ეფექტი მყისიერია და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება. განსაზღვრული ხნის შემდეგ ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება პრეპარატის დამატებაც. საბოლოო ჯამში, შედეგი ერთ წლამდე გასტანს.
ფილერის შეყვანაც დიდ სიზუსტეს მოითხოვს. თუ ექიმმა დოზას ოდნავ გადააჭარბა, შესაძლოა, სახე შეშუპდეს, რადგან ჰიალურონის მჟავა, როგორც მოგახსენეთ, წყალს აკავებს. მნიშვნელოვანია პრეპარატის ხარისხიც. ხარისხიანი შემავსებელი ხანგრძლივი ეფექტისა და მინიმალური გართულების გარანტიაა.
მეზოთერაპია – ნაოჭების პრევენცია
– ბოლო ხანს მეტად აქტუალური გახდა მეზოთერაპია...
– მეზოთერაპია მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ეს გახლავთ გაახალგაზრდავების არაქირურგიული, სრულიად უსაფრთხო და, რაც მთავარია, ძალზე ეფექტური მეთოდი.
მეზოთერაპიის დროს კანქვეშ შეგვყავს სპეციალური მეზოთერაპიული კოქტეილი _ ვიტამინების, მცენარეული ექსტრაქტების, მინერალების, ამინმჟავებისა და სახის კანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების ნარევი.
მეზოთერაპიის სრული კურსის შემდეგ ცვლილებებს ორ კვირაში შეამჩნევთ: კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოიმატებს კანის სიმკვრივე და ტურგორი, მოწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, დაიწყება წონის კლება.
მეზოთერაპიას, ცხადია, შეუძლია ნაოჭების გასწორებაც, მაგრამ უფრო ზედაპირული, მცირე ზომის ნაოჭებისა. სამაგიეროდ, შესანიშნავად აუმჯობესებს სახის ფერს, სიმკვრივესა და ელასტიკურობას უბრუნებს კანს, შეუძლია ღაბაბის, კაპილარების, სტრიების, ატროფიული, ჰიპერტროფიული, კელოიდური, ფერიმჭამელების შემდეგ დარჩენილი ნაიარევების გაქრობა, თვალების ირგვლივ არსებული მუქი რგოლების გაუფერულება, კანის პიგმენტაციის შემცირება, ფერიმჭამელებისგან განკურნება, ფორების შევიწროება და, თქვენ წარმოიდგინეთ, თმის ცვენის შეჩერებაც კი.
მეზოთერაპიას ტანის კორექციისთვისაც იყენებენ – სახელდობრ, ფორთოხლის ქერქის ეფექტის აღმოსაფხვრელად, არასასურველ ადგილას ჩალაგებული ცხიმის მოსაშორებლად. დაბოლოს, ის აუმჯობესებს კონტურული პლასტიკისა და სხვა კოსმეტოლოგიური თუ ფიზიოთერაპიული პროცედურების ეფექტს.
მეზოთერაპიის კურსს სპეციალისტი ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს. სრული კურსი მოიცავს 8-10 პროცედურას, რომლებიც კვირაგამოშვებით ტარდება. შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია წელიწადში მეზოთერაპიის ორი კურსის გავლა.
ბიორევიტალიზაცია – ახალგაზრდობის კიდევ ერთი ელექსირი
– შედარებით ახალი ტერმინია ბიორევიტალიზაცია, რომლის მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის...
– ბიორევიტალიზაცია ინოვაციური და ძალზე ეფექტური მეთოდია. შეგვიძლია, ის მეზოთერაპიის სახესხვაობად მივიჩნიოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში კანის ღრმა, დერმულ შრეში არა მეზოთერაპიული კოქტეილი, არამედ ჰიალურონის მჟავა შეგვყავს.
ჰიალურონის მჟავა, როგორც მოგახსენეთ, კანის უმთავრესი კომპონენტია. ის მონაწილეობს კანქვეშა ნივთიერებათა ცვლაში, უზრუნველყოფს კანის დანოტივებას. 30 წლიდან ჰიალურონის მჟავას ოდენობა იკლებს, ამის კვალობაზე, იმატებს ნაოჭების რაოდენობა და კანი უფრო მგრძნობიარე ხდება გარეგანი ფაქტორების მიმართ.
“ბიორევიტალიზაცია” სიტყვასიტყვით “გაცოცხლებას” ნიშნავს. ეს მეთოდი ეფექტურად ებრძვის კანის დაბერების ყველა ნიშანს, სიგლუვეს სძენს კანს, ელასტიკურობას უბრუნებს მის თითოეულ შრეს, აღადგენს ახალგაზრდა კანისთვის დამახასიათებელ ტონუსს და, რაც მთავარია, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, რითაც მისი დაბერების პროცესს აფერხებს. პროცედურის შემდეგ კანის ტენიანობა იმატებს, რადგან, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ჰიალურონის მჟავა კარგად აკავებს სითხეს. გარდა ამისა, ის კოლაგენის სინთეზსაც ასტიმულირებს, რისი წყალობითაც ქრება თვალების გარშემო და პირის კუთხეებთან არსებული წვრილი ნაოჭები.
ბიორევიტალიზაცია წინასწარ მომზადებას არ მოითხოვს. პროცედურის დაწყებამდე ვაფასებთ კანის ტიპს, გამოვრიცხავთ უკუჩვენებებს და პაციენტთან ერთად განვსაზღვრავთ მიზანს.
პროცედურების ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ეფექტი მყისიერია. მის შესანარჩუნებლად საკმარისია, ყოველწლიურად ჩატარდეს ბიორევიტალიზაციის 1-2 კურსი, რომლებიც 3-4 პროცედურისგან შედგება. პროცედურის შემდეგ 10 დღის განმავლობაში უნდა ერიდოთ აუზს, აბანოს, საუნას, სოლარიუმს და მცხუნვარე მზეს.
პლაზმოლიფტინგის შესაძლებლობები
– პლაზმოლიფტინგის გამაახალგაზრდავებელი ეფექტის შესახებ დიდი ხანია ვიცით. კიდევ რა დანიშნულება აქვს მას?
– პლაზმოლიფტინგი არა მხოლოდ გამაახალგაზრდავებელი, არამედ სამკურნალო მეთოდიც არის. პროცედურა დილით, უზმოზე ტარდება. ექიმი ვენიდან იღებს სისხლს და ათავსებს ცენტრიფუგაში, სადაც სისხლის წითელ უჯრედებს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა გამოეყოფა. კანში სწორედ ეს უკანასკნელი შეგვყავს.
თრომბოციტების მაღალი კონცენტრაცია ინტენსიურად აღადგენს ქსოვილებს, ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას, რომელიც კანში ერთგვარ მტკიცე კარკასს წარმოქმნის და ებრძვის სიბერის ნიშნებს, არეგულირებს კანის მჟავატუტოვან ბალანსს, აღადგენს მის ელასტიკურობას, ტენიანობას, აუმჯობესებს ფერს. ყველაფერთან ერთად, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ამაგრებს ფოლიკულებს და ააქტიურებს ღერების ზრდას, ასე რომ, პლაზმოლიფტინგი თმის ცვენასთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაც არის. ბოლო ხანს მას ძალზე ეფექტურად ვიყენებთ სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ. პლაზმით ეფექტურად მუშავდება ხელები, კისერი, დეკოლტეს ზონა და ნაოჭები როგორც სახეზე, ასევე ტანზეც.
პლაზმოლიფტინგისთვის აუცილებელია თანამედროვე აპარატურა, სათანადო სტერილიზაცია და ვაკუუმი.
შედეგის მისაღებად საჭიროა 3-დან 6-მდე პროცედურა 10-დღიანი შუალედებით. ეფექტი წელიდად-ნახევრიდან ორ წლამდე ძლებს. მეთოდი სრულიად გამორიცხავს შორეული გართულებების ალბათობას. შესაძლოა, პროცედურის შემდეგ გაჩნდეს ჰემატომები და შეშუპებება, მაგრამ მალევე გაივლის.
პლაზმოლიფტინგი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, სისხლის, კანის, ონკოლოგიური დაავადებების, ჰეპატიტების დროს.
ოქროს ძაფები
– ოქროს ძაფები განსაკუთრებით ეფექტურია სახის კანის ასაკობრივი დაშვებისას. ეს უკანასკნელი, წესისამებრ, 30 წლიდან იჩენს თავს და ცხვირ-ტუჩისა და ლოყების არეშია განსაკუთრებით შესამჩნევი. დაშვების მიზეზი კანის შემაერთებელი ქსოვილისა და ელასტიკური ბოჭკოების ასაკობრივი დაზიანება. ამ პერიოდისთვის უკვე იწყებს წარმოქმნას ნაოჭები და ნაკეცები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღრმავდება.
ოქროს ძაფებს აქვს მიკროსკოპული ფხები, რომლებიც ადგილობრივი გაუტკივარებით შეჰყავთ კანქვეშ. მეზოძაფები წარმოქმნის ერთგვარ ბადე-კარკასს, რომელიც ქსოვილის ფიქსაციას ახდენს და მისი ჩამოწელვის პროცესს აჩერებს. ამასთან, ძაფები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ააქტიურებს კაპილარების მუშაობას, ყველაფერი ეს კი სახის ეფექტურ ლიფტინგს უზრუნველყოფს. უმჯობესდება ტონუსი, ფერი, ნორმას უბრუნდება ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ფუნქციობა, ქრება კუპეროზი (ხილული კაპილარული ქსელი). პროცედურა ნაწიბურს არ ტოვებს.
ვის სჭირდება?
– ოქროს ძაფებით სამგანზომილებიანი კონტურირების ჩატარება შეუძლია 30-დან 60 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს – როგორც ქალს, ისე მამაკაცსაც, რომელსაც სახის ოპერაციულად დაჭიმვა არ სურს.
ოქროს ძაფებით შესაძლებელია დაშვებული ლოყების, წარბის კუთხეების აწევა, ღაბაბის, კისრის მოშვებული კანის გადაჭიმვა, მოშვებული მუცლის, დუნდულების, მხრების, ბარძაყის შიგნითა ზედაპირების ლიფტინგი.
პროცედურა, დასამუშავებელი ზონის ფართობის კვალობაზე, 1-დან 2 საათამდე გრძელდება. ეფექტი, წესისამებრ, მყისიერია, რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება და საშუალოდ ორ წელიწადს გრძელდება. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო ხანგრძლივია შედეგი. ეფექტის შესუსტების შემდეგ შესაძლებელია პროცედურის გამეორება.
ჩვენს კლინიკაში ყველა კოსმეტოლოგიურ მანიპულაციას საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ექიმი დერმატოკოსმეტოლოგები ატარებენ მხოლოდ FDA სტანდარტების შესაბამისი პრეპარატებით.
დასასრულ, მინდა გითხრათ, რომ სახის მოვლის საჭიროებისგან ვერც ერთი ეს მეთოდი ვერ გაგვათავისუფლებს. გახსოვდეთ, რაც უფრო უკეთ მოუვლით კანს, მით უფრო მეტხანს შეინარჩუნებთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურებით მიღწეულ ეფექტს.
პლასტიკური ქირურგი ექიმია, მაგრამ, თამამად შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის, თანაც ისეთებს, რომლებსაც ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა შეუძლია. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირად თუ საქმიან ურთიერთობებში გარეგნობა. ისიც მართალია, რომ ყოველი ადამიანი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ბევრს უჭირს ამ სილამაზის დანახვა და ფიზიკური ნაკლი უდიდეს დაბრკოლებად ექცევა ხოლმე. ასეთ დროს პლასტიკური ქირურგის ჯადოსნურ სკალპელს უდიდესი სამსახურის გაწევა შეუძლია. თუმცა ადამიანის ხელახლა გამოწერვა არც პლასტიკურ ქირურგიას ხელეწიფება.
მაშ, რომელი ფიზიკური ნაკლის გამოსასწორებლად შეიძლება მივმართოთ პლასტიკურ მედიცინას და რა აღემატება მის შესაძლებლობებს? ამ და სხვა კითხვებზე პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გია გვარამია გვიპასუხებს.
იდეალური ცხვირის ძიებაში
– ბატონო გია, ყველაზე ხშირად რისთვის მოგმართავენ პაციენტები?
– ცხვირის პლასტიკისთვის. ზოგს კეხის მოცილება უნდა, ზოგს განიერი ან ზედმეტად აპრეხილი ცხვირი არ მოსწონს. მოგვმართავენ უკვე ნაოპერაციევი ან ტრავმისგან დეფორმირებული ცხვირის ფორმის შესაცვლელად ან თანდაყოლილი დეფექტის გასასწორებლადაც. პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია ცხვირის ზომისა და ფორმის შეცვლა, ნესტოების ფორმის შეცვლა, ძგიდის გასწორება და ა.შ. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ყველა პაციენტს განსხვავებულად ლამაზი ცხვირი სჭირდება, ასე რომ, ჩარევის ხასიათსა და მასშტაბს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პაციენტთან ერთად ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ.
გარეგნობის პროგნოზი
– ოპერაციამდე ტარდება კომპიუტერული მოდელირება – იგეგმება ცხვირის ოპტიმალური ფორმა პაციენტის სურვილისა და რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ეს უაღრესად ხელსაყრელია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვისაც, რომელმაც ამის შემდეგ დაახლოებით უკვე იცის, რას ელოდეს რინოპლასტიკისგან, ნაკლებად აშინებს მოსალოდნელი ახალი ფორმა და ოპერაციის შემდეგ სარკეში ჩახედვაც უადვილდება.
პლასტიკურ ქირურგთან მისულ პაციენტს, როგორც წესი, თავისი მოსაზრებები აქვს ცხვირის მომავალი ფორმის შესახებ. მოგეხსენებათ, ცხვირი იზოლირებულად არ არსებობს, ის სახის ნაწილია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფოტომოდელირების შემდეგ პაციენტს აზრი ეცვლება, რადგან აღმოაჩენს, რომ იმ ფორმის ცხვირი, რომელიც სურდა, მის სახეს არ უხდება. ცხვირის პლასტიკის მთელი ხელოვნება სწორედ ის არის, რომ მხოლოდ ცალკე აღებული ცხვირი კი არ იყოს ლამაზი, არამედ სახის ნაკვთებშიც ჰარმონიულად ჩაჯდეს. მართალია, ფოტომოდელირებით 100%-იან თანხვედრას ვერ ვიღებთ, მაგრამ სურათი მოსალოდნელ შედეგთან ძალიან ახლოსაა.
დღეს რინოპლასტიკას ახალი გამოწვევები აქვს. პაციენტებს ლამაზი ცხვირი სურთ, თანაც ისე, რომ ცვლილება თვალში საცემი არ იყოს. უმრავლესობა გარეგნობის რადიკალური ცვლილების წინააღმდეგია. იშვიათია პაციენტი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოითხოვს. ასეთ პაციენტებს პროფესიულ რჩევებს ვაძლევთ, ვუხსნით, რომ რადიკალურ ცვლილებებთან შეგუება ადვილი არ არის და ჯობს, არა უბრალოდ ლამაზი, არამედ მისი სახის პროპორციების შესაბამისი ფორმა შევურჩიოთ. როდესაც კონსენსუსს ვაღწევთ, ოპერაცია წარმატებულია, პაციენტი კი – კმაყოფილი.
ოპერაცია რომ ჩატარდეს, პაციენტის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს, პიროვნება კი – სტაბილური და გაწონასწორებული.
ესთეტიკური რინოპლასტიკისთვის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სასურველია, 17-18 წელზე ნაკლები არ იყოს. ფუნქციური რინოპლასტიკა, რომელიც სუნთქვის ქირურგიული გზით აღდგენას გულისმობს, ესთეტიკურისგან განსხვავებით, უფრო ადრეულ ასაკშიც შეიძლება გაკეთდეს, თუ დეფექტი საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ღია ან დახურული წესით. დახურული ოპერაციის დროს განაკვეთი საერთოდ არ კეთდება, თუმცა ღია წესით ჩატარებისას მიზნის მიღწევა უფრო ადვილია, ამიტომ უმეტესად ამ მეთოდით ვმუშაობთ. ამ დროს განაკვეთი უმნიშვნელოა, ცხვირის ქვეშაა მოქცეული და რამდენიმე თვეში პრაქტიკულად შეუმჩნეველი ხდება.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, თითქოს შემავსებლებით ცხვირის ნებისმიერი დეფექტის გასწორება იყოს შესაძლებელი. ასე არ არის, ფილერით კარგი შედეგის მიღება იშვიათად, მინიმალური დეფექტის დროს ხერხდება.
ძგიდით თუ ძგიდის გარეშე?
– წინათ ძგიდისა და ცხვირის ესთეტიკურ პლასტიკას ცალ-ცალკე აკეთებდნენ. დღეს ეს არათუ სამედიცინო შეცდომად, დანაშაულადაც კი მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ ერთსა და იმავე ორგანოზე ორჯერ გვიწევს ოპერაციის ჩატარება, ამას რამდენიმე სხვა მიზეზიც აქვს.
ძგიდის გამრუდების დროს ხრტილებს საერთოდ იღებენ ან ასწორებენ და ისე აბრუნებენ უკან. ჩვენ კი ყველა ხრტილი გვჭირდება, რადგან ცხვირის პლასტიკის თანამედროვე მეთოდები ახალი ფორმის შესაქმნელად მათ გამოყენებას მოითხოვს. ხშირია შემთხვევა, როცა ძგიდის ოპერაციაგადატანილი პაციენტი პლასტიკური ოპერაციისთვის მოგვართავს, ჩვენ კი მასალა აღარ გვაქვს. ასეთ დროს ხრტილის ყურიდან ან ნეკნიდან აღება გვიწევს, რაც დამატებით საქმეს გვიჩენს და არც პაციენტისთვისაა სასიამოვნო.
არასწორად დაგეგმილი ცხვირის პლასტიკის დროს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. ცნობილია, რომ ადამიანების 70-75%-ის ცხვირის ძგიდე უმნიშვნელოდ აქვს გამრუდებული ან მასზე მცირე ზომის წანაზარდები ესახება. არც ერთი ეს დეფექტი ქირურგიულ ჩარევას არ მოითხოვს, რადგან პაციენტს სუნთქვაში ხელს არ უშლის. როცა ესთეტიკური პლასტიკის შედეგად ცხვირი პატარავდება, წანაზარდები პრობლემად იქცევა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. საჭირო ხდება დამატებითი ჩარევა და ძგიდის პლასტიკა.
დღეს კატეგორიული მოთხოვნაა, ესთეტიკური და ძგიდის პლასტიკა ერთ მომენტად ჩატარდეს. ესთეტიკური პლასტიკის დროს ხშირად გვიწევს ძგიდის გასწორება და ახალი ფორმისთვის მორგება.
რეაბილიტაცია
– სწორად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ყველაზე სასიამოვნო მომენტი ნახვევის მოხსნა და შედეგით კმაყოფილი პაციენტის სახის დანახვაა. ფოტომოდელირების წყალობით ის იმას იღებს, რასაც ელოდა და აღარც ფსიქოლოგიური შეგუების პერიოდია რთული და ხანგრძლივი.
პაციენტი წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული რეაბილიტაციის პერიოდის სირთულეებისა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ. რინოპლასტიკის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს რთულს ვერ ვუწოდებთ. როგორც წესი, ოპერაციიდან დაახლოებით 5-10 დღე შეინიშნება შეშუპება და სისხლჩაქცევები. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში პაციენტი აქტიურია და მცირე მაკიაჟის დახმარებით საჭიროებისას სამსახურში წასვლაც კი შეუძლია. ერთი კვირის განმავლობაში მას უწევს ფიქსატორის მუდმივი ტარება, ხოლო მომდევნო 3-4 კვირა – მხოლოდ ძილის დროს. ფიქსატორი თაბაშირისაც შეიძლება იყოს და თრომბოპლასტიკური პლასტმასისაც. ბოლო ხანს ამ უკანასკნელს ამჯობინებენ.
ტამპონებს ზოგიერთი ოპერაციის დროს საერთოდ არ ვიყენებთ, ხოლო საჭიროებისას ვუდებთ თანამედროვე ტიპის ტამპონებს, რომლებიც დოლბანდ-სილიკონისგანაა დამზადებული, მოკლეა და უმტკივნეულო გამოსაღები. ოპერაციიდან მეექვსე დღეს ძაფები უნდა მოიხსნას. ქირურგის მოვალეობაა, ლამაზ ცხვირთან ერთად პაციენტს მაქსიმალური კომფორტიც შეუქმნას, რათა ის რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. წესისამებრ, პაციენტები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ ამ მცირე დისკომფორტის მოთმენა არ უჭირთ.
ცხვირის მცირედი, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი შეშუპება რამდენიმე თვე რჩება. სწორედ შეშუპების ბოლომდე დაცხრობის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, იღებს ცხვირი საბოლოო ფორმას. იშვიათად მის დახვეწას წელიწადზე ოდნავ მეტი ხანი სჭირდება.
რას უნდა ვერიდოთ
– ოპერაციიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, სასურველია, ერიდოთ სათვალის მუდმივ ტარებას, ძლიერ სიცხეს, ცხელ შხაპს, საუნას, მზეს, სოლარიუმს და ღია ცეცხლთან ჯდომას, რადგან ეს ყველაფერი შეშუპებას აძლიერებს.
გართულება შეიძლება ნებისმიერ ოპერაცის მოჰყვეს. ცხვირის ესთეტიკური პლასტიკის შემდეგ გართულებები უმეტესად ორი ტიპისაა: პაციენტმა ვერ მიიღო ის შედეგი, რომელსაც ელოდა ან სუნთქვა გაუუარესდა. გართულებებმა რომც იჩინოს თავი, რეაბილიტაციის პერიოდის დასრულებამდე არაფერს ვვცლით, რადგან ხშირად ყველაფერი თავისთავად გაივლის და სასურველი შედეგი დგება. თუ შედეგი მაინც არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, ვიწყებთ პრობლემის მოგვარებას. ამისთვის შესაძლოა მინიმალური ჩარევა დაგვჭირდეს, მაგალითად, ინექცია ან მარტივი, რამდენიმეწუთიანი ოპერაცია. ყოველთვის არის შანსი, ოპერაციის შემდეგ პაციენტს რაღაცის გამოსწორება დასჭირდეს.
სახის გადაჭიმვა – ახალგაზრდული იერის საწინდარი
– ასაკის მატებასთან ერთად ეშვება სახის კუნთები, კანი ელასტიკურობას კარგავს და ნაოჭდება, სახე თანდათან ქვევით ეშვება. ადამიანს დაღლილი, მოწყენილი იერი აქვს, ეტყობა ასაკი. ადამიანთა უმეტესობა, თუმცაღა ესმის, რომ ახალგაზრდობას ვერ დაიბრუნებს, ძნელად ეგუება ასაკით გამოწვეულ გარეგნულ ცვლილებებს და, ხატოვნად რომ ვთქვათ, დროის შეჩერებას ცდილობს.
პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია გააქროს ასაკის განსაკუთრებით აშკარა ნიშნები – გაასწოროს ნაოჭები, ნაწილობრივ ასწიოს სახე, დაჭიმოს კანი და ა.შ. პრობლემის მიხედვით, შეიძლება ჩატარდეს მთელი სახისა და ყელის დაჭიმვა, ფეისლიფტინგი (სახის აწევა), სახის რომელიმე ნაწილის: შუბლის, ზედა, შუა ან ქვედა მესამედის, – ან მხოლოდ ყელის დაჭიმვა. ოპერაცია ითვალისწინებს მოშვებული კანის აშრევებას, კუნთების დაჭიმვას, ზედმეტი კანის მოცილებას. შედეგად სახე უფრო ახალგაზრდული, მკვრივი და გლუვი ხდება.
მეტი დეტალი
– სახის ოპერაციები ყველაზე მაღალი კლასის და, იმავდროულად, ძალზე ეფექტური ოპერაციებია. მოგეხსენებათ, სახეზე უამრავი ნერვი და სისხლძარღვი გადის, ამიტომ ოპერაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს რომელიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, არ განვითარდეს სახის კუნთების დამბლა, ასიმეტრია, არ დაიკარგოს სახის მიმიკა და მგრძნობელობა. იშვიათად ასეთი ცვლილებები რამდენიმე დღით იჩენს თავს და თავისთავად გაივლის, მთავარია, მუდმივი არ გახდეს.
პაციენტს ეკრძალება სიგარეტის მოწევა ოპერაციამდე, სულ მცირე, ორი და ოპერაციის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში. ოპერაცია ტარდება ნარკოზით ან ადგილობრივი ანესთეზიისა და სედაციის (მედიკამენტური ძილის) კომბინირებით. მოცულობის კვალობაზე, ის შესაძლოა 1,5-დან 5 საათამდე გაგრძელდეს. საბოლოო შედეგის შეფასება შესაძლებელია 3-6 თვის შემდეგ.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სახე ისეთივე გახდეს, როგორიც 20-25 წლის ასაკში იყო, მაგრამ ეფექტი შესამჩნევია. პლასტიკის შემდეგ პაციენტი 10-15 წლით ახალგაზრდავდება. ოპერაციის შედეგი უწინარესად იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყურებოდა პაციენტი ოპერაციის წინ, რა მდგომარეობაში ჰქონდა კანი და, საზოგადოდ, ჯანმრთელობა. სახის ლიფტინგის ეფექტი 7-10 წელი გრძელდება. 10 წლის შემდეგ პაციენტმა რომც არ გაიკეთოს ხელახალი დაჭიმვა, მაინც გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ოპერაციის გარეშე იქნებოდა მოსალოდნელი.
ტრადიციული ფეისლიფტი სახესა და თავის თმიან ნაწილზე საკმაოდ გრძელ ნაწიბურებს ტოვებდა (მათ მალავდნენ თმაში ან ყურების უკან). ამჟამად ოპერაცია ენდოსკოპით ტარდება, ამიტომ საკმარისია რამდენიმე მოკლე განაკვეთი, რომელთა მიერ დატოვებული ნაწიბურები თითქმის შეუმჩნეველია.
შუბლის დაჭიმვის ოპერაციები საგრძნობლად გაიშვიათდა. ისინი ეფექტურობისა და პროცედურის სიმარტივის წყალობით ბოტოქსის ინექციემა ჩაანაცვლა.
მოხდენილი კისერი
– თუ ცვლილებები მინიმალურია, თერაპიული ჩარევაც საკმარისია, ხოლო თუ კანი შესამჩნევადაა დანაოჭებული და ჩამოკიდებული, საჭიროა მისი დაჭიმვა. ყელის დაჭიმვა იზოლირებულად იშვიათად ტარდება, უმეტესად იჭიმება სახის ქვედა მესამედთან და მთელ სახესთან ერთად.
16 წლის ასაკისთვის დამახასიათებელი სიგლუვის დაბრუნება შეუძლებელია და არაბუნებრივიც იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კანის განახლება. ოპერაციის დროს ვაშორებთ ზედმეტ კანს, დარჩენილს კი ვჭიმავთ და ისე გადავაკერებთ. სახის ქვედა მესამედისა და ყელის დაჭიმვის შემთხვევაში ნაწიბურები ტრადიციულ ადგილებზეა, უმეტესად – ყურების უკან, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, ისინიც თითქმის შეუმჩნეველი იყოს.
რეაბილიტაცია
– რეაბილიტაციის პერიოდი შედარებით ხანგრძლივია. ოპერაციის შემდეგ სახე შეშუპებულია, შეინიშნება სისხლჩაქცევები. სრული რეაბილიტაცია 1-1,5 თვეს მოითხოვს. სახისა და კისრის დაჭიმვისას საჭიროა გადახვევა და კორსეტის მსგავსი სპეციალური ნიღბის ტარება. მიუხედავად ამისა, პაციენტი აქტიური და შრომისუნარიანია, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. შეუძლია, გამოიყენოს სპეციალური კრემები ან ჩაიტაროს ფიზიოპროცედურები ნაწიბურებისა და შეშუპების გასაქრობად.
ლამაზი თვალების ხელოვნება
– ესთეტიკური ოპერაციის საშუალებით შეიძლება შერბილდეს, მაგალითად, ზედა ქუთუთოს ჭარბი ნაკეცით გამოწვეული სახის მონგოლოიდური შესახედაობა, თუმცა ნაკეცის მთლიანად გაქრობა სასურველი არ არის, რადგან ეს რადიკალურად შეუცვლის იერს პაციენტს. თუ ნაკეცს ოდნავ შევამცირებთ, გარეგნობა დაიხვეწება, თუმცა რადიკალურად არ შეიცვლება. გარეგნობის რადიკალურ ცვლილებებთან შეგუება ბევრს უჭირს, მისი გამოსწორება კი დამატებით ოპერაციებს მოითხოვს, ამიტომ ქუთუთოსა და თვალზე ნებისმიერი პლასტიკური ჩარევისას სიფრთხილე და ზომიერებაა საჭირო.
ბლეფაროპლასტიკა გულისხმობს ზედა და ქვედა ქუთუთოებიდან ზედმეტი კანისა და ჭარბი ცხიმის მოცილებას. ამ გზით სწორდება და იჭიმება ზედა ქუთუთოების მოშვებული კანი, ხოლო ქვედადან ქრება ე.წ. ბალიშები. ქუთუთოების ეს დეფექტები ადამიანს ასაკს მატებს და გადაღლილ იერს ანიჭებს, ზოგჯერ პრობლემებს უქმნის მხედველობასაც. ბლეფაროპლასტიკის შემდეგ პაციენტს შეუძლია, 2-3 საათში დატოვოს კლინიკა.
გასათვალისწინებელია, რომ ბლეფაროპლასტიკა არ ასწორებს თვალის ირგვლივ არსებულ ნაოჭებს და არ აუფერულებს გამუქებულ კანს თვალების ქვეშ, არც დაშვებულ წარბებს სწევს მაღლა. ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს სახის სხვა ქირურგიულ პროცედურებთან ერთად. სურვილისამებრ, შესაძლებელია მხოლოდ ზედა ან მხოლოდ ქვედა ქუთუთოების პლასტიკის ჩატარება.
ბევრს ჰგონია, რომ პლასტიკურ ქირურგიათ ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მაგალითად, ხშირად გამოუთქვამთ თვალის ჭრილის შეცვლის სურვილი. ამ ეფექტის მიღებაც შესაძლებელია, მაგრამ არა თავად თვალის ჭრილის, არამედ ქუთუთოს პლასტიკით, ასევე – წარბის ბოლოს აწევით, ე.წ. საფეთქლის ლიფტინგით.
ბლეფაროპლასტიკა ძალზე საპასუხისმგებლო და ნატიფი ოპერაციაა, თუმცა როდესაც მას კვალიფიციური ქირურგი ატარებს, პოსტოპერაციული გართულებები საერთოდ არ იჩენს თავს ან მინიმალურია.
ძირითადი პრობლემები, რომლებსაც ეჯახება პაციენტი ოპერაციის შემდეგ, არის გაორებული ან ბუნდოვანი მხედველობა, თვალის კონტურის შეშუპება ან მცირედი ასიმეტრია. ზოგიერთს უჭირს თვალების დახუჭვა. ეს პრობლემები, წესისამებრ, 1-2 დღეში ალაგდება.
ძალიან იშვიათად ვითარდება ამობრუნებული ქვედა ქუთუთოს ფენომენი. ამ შემთხვევაში განმეორებითი ოპერაციაა საჭირო.
წინასწარ კონსულტაციაზე ექიმი პაციენტთან შეთანხმებით გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ოთხივე ქუთუთოს კორექცია. თუ პაციენტს ქვედა ქუთუთოზე მხოლოდ ბალიშები აქვს და კანი არ არის მოშვებული, ტარდება დახურული ბლეფაროპლასტიკა, ანუ განაკვეთი კეთდება ქვედა ქუთუთოს შიგნითა მხრიდან. ამის შედეგად კანზე ნაწიბური არ რჩება.
ტუჩების გადიდება – ოპერაცია თუ ფილერი?
– როდესაც ტუჩებზე აშკარა დეფექტი არ შეინიშნება და პაციენტს მათი მხოლოდ ოდნავ გადიდება სურს, ფილერს იყენებენ. წინათ, როცა კარგი საინექციო შემავსებლები არ არსებობდა, ხდებოდა გადაკერება, სილიკონის იმპლანტის ჩამატება, დამატებითი ქსოვილის ჩასმა. მოგვიანებით გაჩნდა პოლიმერული მასალები, ბოლო ხანს კი მეცნიერებმა შეიმუშავეს უსაფრთხო, ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პრეპარატები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და სტაბილურ, ხანგრძლივ შედეგს იძლევა.
პროცედურა ძალზე ხანმოკლეა და გვერდითი მოვლენები თითქმის არ ახასიათებს.
ქირურგიულ ჩარევას დღეს იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ, მაგალითად, ნაწიბურით დეფორმირებული ტუჩის პლასტიკისთვის. ერთადერთი განსხვავება ეფექტის ხანგრძლივობაა: ოპერაციით სამუდამო შედეგს ვიღებთ, ფილერით კი დროებითს. თუმცა პირადად მე ეს ფილერის ნაკლად კი არა, ღირსებად მიმაჩნია. ძალზე ახალგაზრდა ასაკში მუდმივი შემავსებლის, მაგალითად, სილიკონის ჩადგმისას მოსალოდნელია ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია და გრანულაციების, შეხორცებების განვითარება. შესაძლოა, განსაზღვრული ხნის შემდეგ ტუჩმა დეფორმაციაც კი განიცადოს და განმეორებითი ოპერაცია გახდეს საჭირო. გარდა ამისა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი უფრო ხანგრძლივია – დაახლოებით 10-15 დღე, ხოლო საბოლოო შედეგს ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ, შეშუპებისა და ნაწიბურის გამო, ორ თვეზე ადრე ვერ დავინახავთ.
მოხდენილი კონტურები
– სახის იმპლანტებს პლასტიკური ქირურგები სახის კონტურული დეფექტების აღმოსაფხვრელად იყენებენ. იმპლანტის ჩადგმით ბალანსდება სახის დარღვეული პროპორციები.
ეს იმპლანტები უმეტესად სილიკონისგან მზადდება და ინერტულობით გამოირჩევა. მათი მეშვეობით შესაძლებელია ყვრიმალის, ნიკაპის, ზედა და ქვედა ყბის ფორმების კორექცია.
ყვრიმალის პლასტიკის ქირურგიულ მეთოდებს დღეს იშვიათად მიმართავენ. სახის იმპლანტები წარმატებით შეცვალა ფილერებმა. მათი დახმარებით კარგად ხერხდება ყვრიმალების გამოხატვა, თუ ისინი მეტისმეტად არ არის დაშვებული. ფილერის მაგივრად პაციენტისავე ცხიმის შეყვანაც შეიძლება. ყვრიმალის ძლიერი დაშვებისას ოპერაციული ჩარევაა რეკომენდებული – სახის ზედა და შუა მესამედების ან მხოლოდ შუა მესამედის აწევა ანდა სილიკონის იმპლანტების ჩადგმა.
მენტოპლასტიკა ნიკაპის ფორმის შესაცვლელად ტარდება. არსებობს ნიკაპის ფორმის კორექციის ორი გზა: იმპლანტის ჩადგმა და ძვლის დაპატარავება. ამ ოპერაციას ხშირად მიმართავენ პაციენტები, რომელთაც ცხვირის პლასტიკა აქვთ გადატანილი. მიზანი სახისთვის ბუნებრივი პროპორციის მიცემაა.
ექიმთან წინასწარი კონსულტაციის დროს ირკვევა და ზუსტდება ოპერაციისთვის საჭირო ყველა დეტალი. სასურველია, ჩატარდეს ფოტომოდელირებაც.
ოპერაცია უმეტესად ადგილობრივი გაუტკივარებით ტარდება, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ზოგადი ანესთეზიის გამოყენებაც შეიძლება.
კოხტა ყურების საიდუმლო
– ოტოპლასტიკა ქირურგიული გზით ყურის ამა თუ იმ დეფექტის გამოსწორებაა. ყურების ყველაზე გავრცელებული პრობლემა გამოწეული ყურებია. ოპერაცია უმეტესად უკეთდებათ 4-დან 15 წლამდე ასაკის პაციენტებს, თუმცა მოზრდილებთანაც ხშირად ტარდება.
ოპერაციის შემდეგ ყურების უკან მცირე, პრაქტიკულად შეუმჩნეველი ნაწიბურები რჩება. რეაბილიტაცია ათ დღემდე გრძელდება. პაციენტი 3-4 კვირა ატარებს სპეციალურ კომპრესიულ ქუდს. რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა ტკივილმაც შეასწუხოს. ნაკერები ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ იხსნება.
მოგვმართავენ ასევე დიდი ზომის ყურების, დიდი ზომის ბიბილოების, თანდაყოლილი დეფექტების: წაკვეთილი, წვეტიანი (მაკაკას), ნიჟარისებური ყურების, – გამო. ოტოპლასტიკით ამ დეფექტების გამოსწორებაც შესაძლებელია. შესაძლებელია აგრეთვე ყურების პროთეზირება მათთვის, ვისაც ნიჟარა დაბადებიდანვე არ აქვს ან უბედური შემთხვევის გამო დაუზიანდა.
რაც შეეხება ბიბილოს ტრავმულ დაზიანებას საყურის ჩამოხევის ან პირსინგის შემდეგ დარჩენილი დიდი ხვრელის გამო – ეს ყველაფერი რეკონტრუქციული ქირურგიის პრეროგატივაა.
თამარ არქანია
მარი აშუღაშვილი