რას მივაქციოთ ყურადღება სარძევე ჯირკვლების გამოკვლევისას
გააზიარე:
მართალია, სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა არ მიეკუთვნება სასიამოვნო პროცედურების რიცხვს, მაგრამ აუცილებლად ჩასატარებელი კვლევების სიაში ნამდვილად ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ჯერ კიდევ თავს არიდებთ მის ჩატარებას? თუ სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადებების სიხშირეს და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელს გაითვალისწინებთ, ვფიქრობ, გამოკვლევას აღარ გადადებთ.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ექომამოგრაფია – სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ნუ შეშინდებით, ის, რენტგენომამოგრაფიისგან განსხვავებით, სრულიად უმტკივნეულო და ატრავმულია. აქვს თუ არა მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის გამოკვლევისთვის ციკლის ფაზას? რა სიხშირით არის რეკომენდებული მისი ჩატარება? რა იმალება ექიმის მიერ გამოყენებული სამედიცინო ტერმინოლოგიის მიღმა? ამ და სხვა საკითხებზე “ავერსის კლინიკის” ექიმი სონოგრაფერი სპარტაკ გელაშვილი გვესაუბრება:
– სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა რეკომენდებულია მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, სახელდობრ, ციკლის მეექვსე-მეთორმეტე დღეს. ციკლის მეორე ფაზაში ჯირკვლის სიმკვრივე იცვლება, რამაც შესაძლოა დიფუზური პათოლოგიების დროს შედარებით განსხვავებული ექოლოგიური სურათი მოგვცეს. მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება წარმონაქმნის ზომაც. ულტრაბგერით კვლევას უკუჩვენება არ გააჩნია, მისი ჩატარება ყოველთვის შეიძლება.
სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა ავლენს როგორც კეროვან, ასევე დიფუზურ პათოლოგიებს, თუმცა მისი როლი კეროვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში, კერძოდ, ცისტური და სოლიდური წარმონაქმნების დიფერენცირებაში უფრო დიდია.
– ექოსკოპიურ დასკვნებში ხშირად ვხვდებით დიაგნოზს: “ფიბროზული მასტოპათია”, “ფიბროზულ-ცისტოზური მასტოპათია”. რა ტიპის დაზიანებაზე მიუთითებს ეს ტერმინები და რამდენად საშიშია ის?
– მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა. განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას, რაც სარძევე ჯირკვალში ამა თუ იმ კომპონენტის – ჯირკვლოვანის, კისტოზურისა თუ ფიბროზულის – სიჭარბეზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული შერეული ფორმებია. მასტოპათიის დროს ჯირკვალში შეინიშნება დიფუზური ცვლილებები ან სხვადასხვა ზომის ცისტოზური და ფიბროზული ჩანართები. თუ სათანადოდ ვუმკურნალეთ, იგი არ მიეკუთვნება საშიშ დაავადებათა რიცხვს, არანამკუნალევი და გართულებული შემთხვევები კი კიბოსწინარე მდგომარეობად მიიჩნევა.
– რას გვეტყვით სარძევე სადინარების შესახებ? როდის საუბრობენ მათ გაგანიერებაზე?
– სარძევე სადინარი ჯირკვლის ანატომიური ერთეულია, რომლის დანიშნულებაა ლაქტაციის პერიოდში გამომუშავებული რძის გამოყოფა. ნორმის ფარგლებში მისი დიამეტრი 1,5-დან 2,5 მმ-მდე მერყეობს. სადინარის დილატაციის (გაგანიერების) მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული ან მექანიკური (როგორც ჯირკვალში, ასევე თავად სადინარში არსებული წარმონაქმნებით გამოწვეული) ცვლილებები, მაგალითად, ეპითელიუმის ჰიპერპლაზია (გასქელება) ან შემაერთებელქსოვილოვანი სკლეროზი, რაც, თავის მხრივ, ნაადრევი ინვოლუციური პროცესებით არის განპირობებული. მას შესაძლოა თან ახლდეს მრავლობითი ცისტის წარმოქმნა. ექოლოგიურად დასტურდება სადინართა ფორმის შეცვლა, კედლების არათანაბარი გასქელება და გაგანიერება, რაც შესაძლოა ცრუ ცისტადაც ჩაითვალოს.
– საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია ცისტა და სარძევე ჯირკვლის ცისტური დილატაციაც. რას ნიშნავს ეს?
– სარძევე სადინარის ტერმინალური ნაწილის ცისტური დილატაცია მართლაც ხშირად გვხვდება. ის უპირატესად მცირე ზომისაა, თუმცა ვაწყდებით შედარებით დიდი ზომის ცისტებსაც. ეს ცისტები ისეთსავე ყურადღებას მოითხოვს, როგორსაც სხვა ლოკალიზაციისა. ცისტა, იგივე კისტა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ რუსული ენის გავლენით, უწყინარი სითხური წარმონაქმნია. ის უმეტესად მკვეთრი, მკაფიოკონტურებიანი ანექოგენური წარმონაქმნის ექოლოგიურ სურათს გვაძლევს, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა სახესხვაობათა არსებობაც, ამიტომ ისინი სრულყოფილად უნდა აღიწეროს – ყურადღება მიექცეს ფორმას, ზომას, ლოკალიზაციას, კედლის სისქეს, კონტურსა და შიგთავსს. არსებობს ჯგუფებად განლაგებული მცირე ზომის ცისტები, რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს, გაერთიანდეს და ერთ დიდ ცისტად იქცეს. ცისტები ავთვისებიან წარმონაქმნებად არ მიიჩნევა, თუმცა მაინც არსებობს მათი გადაგვარების მცირე რისკი, ამიტომ, თუ ყურადღებას იქცევს ცისტის ფორმა, კედლის არათანაბარი გასქელება, შიგთავსის არაერთგვაროვნება, მოკლე ხანში ზომის მომატება, საჭიროა მისი პუნქციური ბიოფსია და შედარებით ხშირი ექოლოგიური კონტროლი. თუ ცისტა აღწერილ ცვლილებებს არ განიცდის, ექოლოგიური კონტროლი ექვს თვეში ან წელიწადში ერთხელ საკმარისია.
– რეპროდუქციული ასაკის ქალებს საკმაოდ ხშირად უსვამენ ფიბროადენომის დიაგნოზს. როგორ ვიქცევით მისი აღმოჩენისას? რა შემთხვევაში ტარდება ბიოფსია?
– ფიბროადენომა სარძევე ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ახასიათებს მკვეთრი, სწორი კონტური და საშუალო ექოგენობა. შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც, ცალმხრივიც და ორმხრივიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ფოთლისებრი ფიბროადენომა. ამ დროს ერთდროულად რამდენიმე წარმონაქმნი ჩნდება. ფოთლისებრ ფიბროადენომასაც მკვეთრი, სწორი კონტური აქვს, თუმცა სწრაფად იზრდება და დიდ ზომებს აღწევს. ფოთლისებრი ფიბროადენომა ავთვისებიანი პროცესის მოსაზღვრე მდგომარეობად მიიჩნევა, ამიტომ კვლევის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. საეჭვო დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია ბიოფსია. თუ დიაგნოზი დადასტურდა, ტარდება ოპერაციული მკურნალობა, თუ არა, წესდება შედარებით ინტენსიური კონტროლი და მეთვალყურეობა.
– როგორი ექოლოგიური სურათი აქვს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან წარმონაქმნს? საკმარისია თუ არა ექოსკოპია აღნიშნული დიაგნოზის დასასმელად?
– სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან წარმონაქმნებს ძალზე მრავალფეროვანი ულტრაბგერითი სურათი ახასიათებს, თუმცა უმეტესად გვხვდება არაწესიერი ფორმის, არამკვეთრი, წაშლილი, არასწორი კონტურებისა და დაქვეითებული ექოგენობის მქონე წარმონაქმნები. შესაძლოა, ცენტრალურად არაწესიერი ფორმის სითხური ჩანართებიც (ნეკროზის უბნები) აღმოვაჩინოთ. ასეთი ულტრაბგერითი სურათი ზოგჯერ სტრუქტურაშეცვლილ და კედლებდარღვეულ ცისტასაც აქვს, ამიტომ ექოსკოპია მხოლოდ ავთვისებიან პროცესზე ეჭვის საფუძველს გვაძლევს, საბოლოო დიაგნოზს კი მხოლოდ ბიოფსიის შემდეგ ვსვამთ.
– რა დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს სარძევე ჯირკვლის სონოგრაფიას ლაქტაციის პერიოდში? რომელი პათოლოგიების გამოვლენააა შესაძლებელი ამ გზით?
– ლაქტაციის პერიოდში ხშირია სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია. ექოსკოპიურად ხდება ლაქტოსტაზის (რძის შეგუბების), მასტიტის (სარძევე ჯირკვლის ანთების), გალაქტოცელეს, ფიბროადენომისა და სხვა წარმოაქმნების აღწერა. ამ პათოლოგიების დიაგოსტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს გამოხატული კლინიკური ნიშნების დროს. ლაქტაციის პერიოდში ძირითადი სადიაგნოზო მეთოდი სწორედ ულტრაბგერაა.
– რა სიხშირით არის საჭირო პროფილაქტიკური ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება? რომელი დიაგნოზი მოითხოვს მამოლოგის კონსულტაციას?
– პროფილაქტიკური კვლევა აუცილებელია თითქმის ყველა ასაკში, თუმცა გამოვყოფთ რისკჯგუფებს, სადაც ის შედარებით მეტი სიხშირით ტარდება. რისკის ფაქტორებია მძიმე ოჯახურ-გენეტიკური ანამნეზი, ჯირკვლის სხვადასხვა წარმონაქმნი, 35-40 წელზე უფროსი ასაკი. რისკჯგუფის პაციენტების მეთვალყურეობა ინდივიდუალური გრაფიკით ხდება. რიგგარეშე კვლევა ქალმა იმ შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს, თუ მოხდა ჯირკვლის ან კანის ვიზუალური ცვლილება, პალპაციით შემჩნეულ იქნა რაიმე წარმონაქმნი ან დვრილიდან შეფერილი გამონადენი.
ყველა ზემოთ აღწერილ შემთხვევაში საჭიროა მამოლოგის კონსულტაცია. იმ დროსაც კი, როდესაც პაციენტი რამეს უჩივის, მაგრამ ექოლოგიურად ცვლილებები არ შეინიშნება. ულტრაბგერითი მეთოდით ვერ ხერხდება სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების სრული სპექტრის კვლევა, ამიტომ მამოლოგის მეთვალყურეობით კომპლექსური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.
– რას ნიშნავს შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური კვანძი? როგორი ლიმფური კვანძი მიიჩნევა საშიშად ან საეჭვოდ?
– სარძევე ჯირკვლების გამოკვლევის დროს ყოველთვის ვათვალიერებთ იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა არეებს, რადგან ამ უბნების ლიმფური ქსელი წარმოადგენს მეტასტაზების უახლოეს სამიზნე ზონას ჯირკვლის ავთვისებიანი წარმონაქმნებისთვის.
შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური კვანძი ჩვეულებრივი ანატომიური სტრუქტურაა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საშიში, მაგრამ აუცილებელია მისი სტრუქტურის სრულყოფილი შეფასება. ლიმფური კვანძის ზომა არ არის მნიშვნელოვანი პარამეტრი; მთავარია მისი სტრუქტურა, ექოგენობა, ფორმა, შრეების დიფერენცირება. საეჭვოდ მიიჩნევა მომრგვალო, ჰიპოექოგენური ლიმფური კვანძი წაშლილი შრეობრივი დიფერენცირებით, განურჩევლად ზომისა.
იღლიის ფოსოში უხვად არის საოფლე ჯირკვლები, რომელთა გაღიზიანებაც ხშირად იწვევს იღლიის ლიმფური კვანძების გადიდებას 15 მმ-ზე მეტად. ასეთი კვანძები, წესისამებრ, არ არიან საშიში, მაგრამ აუცილებელია, სწორად შეფასდეს მათი სტრუქტურა და მოხდეს პათოლოგიური პროცესებისგან დიფერენცირება.
– კიდევ რომელი რბილქსოვილოვანი წარმონაქმნები ჩანს ექოსკოპიურად? როგორია ტაქტიკა მათი აღმოჩენის შემთხვევაში?
– სხვა რბილქსოვილოვანი პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ლიპომა, ათერომა პოსტოპერაციული ნაწიბურის არეებში ლიმფოცელე და სეროზოცელე (ლიმფისა და სეროზული სითხის დაგროვება). მათი დიფერენცირება შედარებით ძნელია, რადან თითქმის იდენტურ ექოლოგიურ სურათს იძლევა. ლიპომას შესაძლოა ჰქონდეს კაფსულა ან არაკაფსულირებული შედარებით მომატებული ექოგენობის უბნის სახით დაფიქსირდეს ცხიმოვან შრეში. დიაგნოზის დაზუსტების მთავარი გზაა ბიოფსია ექოსკოპიური კონტროლით. ნებისმიერი წარმონაქმნის აღმოჩენისას აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი კვლევები და დინამიკური კონტროლი.
სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კონტროლი, მისი არაინვაზიურობიდან და სიიაფიდან გამომდინარე, კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სკრინინგულ მეთოდს წარმოადგენს. სასურველია, 35-40 წლამდე ასაკის ქალმა კვლევა წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს, ხოლო მძიმე ანამნეზის ან ჯირკვალში წარმონაქმნის მქონემ – 6 თვეში ერთჯერ, საჭიროების შემთხვევაში – უფრო ხშირადაც.
თამარ არქანია