კვლევები მამაკაცებისთვის
გააზიარე:
თუ ახალგაზრდა კაცს ჰკითხავთ, რომელი ორგანოა მისი ჯანმრთელობისთვის უმთავრესი, აღმოაჩენთ, რომ ნუსხაში პირველ ადგილს შარდსასქესო სისტემის ორგანოები იკავებს. თუმცა მამაკაცები ამ სისტემის დისფუნქციაზე საუბარს ერიდებიან და მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიდიან ექიმთან. უმთავრესად – იმ კვლევების შიშით, რომლებიც უროლოგთან ვიზიტის დროს ელით.
მოდი, გავიგოთ, როდის რომელი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოების სრულფასოვანი ფუნქციობა დიდხანს გაგრძელდეს.
პირველი ვიზიტი
სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხით ჩამოსვლას მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყებს და დაბადების მომენტისთვის, წესისამებრ, უკვე სათესლე პარკშია. ხდება ისეც, რომ ეს პროცესი დაბადების შემდეგაც გრძელდება და 6 თვემდეც კი ჭიანურდება, თუმცა საბოლოოდ ჯირკვალი მაინც აღწევს დანიშნულების ადგილს. თუ სცენარი ამგვარად არ განვითარდა, საქმე გვაქვს კრიპტორქიზმთან და ვგეგმავთ ბავშვთა უროლოგთან ვიზიტს.
თანამედროვე რეკომენდაციით, ქირურგიული ჩარევა კრიპტორქიზმის მკურნალობის ერთადერთი შედეგიანი მეთოდია და მის ოპტიმალურ ვადად 12-18 თვეა მიჩნეული. პრობლემის დროულად მოგვარება აუცილებელია. ამით შევამცირებთ სამომავლოდ ჯირკვლის დაზიანების ხარისხს.
კრიპტორქიზმის დიაგნოზის დასასმელად ხელით გასინჯვაც საკმარისია. შესაძლოა, ექიმმა ულტრასონოგრაფიური გამოკვლევაც დანიშნოს, თუმცა მისი პასუხი მკურნალობის ტაქტიკას ვერ შეცვლის – სათესლე ჯირკვალი ექოსკოპისტმა რომც ვერ დააფიქსიროს, ოპერაციული ჩარევა მაინც გარდაუვალია. მნიშვნელოვანია სწორად გასინჯვა. უცხო გარემო, ექიმების გარემოცვა ბავშვს აფრთხობს. ამ დროს შესაძლოა გააქტიურდეს კრემასტერის რეფლექსი და სათესლემ აიწიოს, ამიტომ ეს არ არის დიაგნოსტიკის საუკეთესო გზა.
ხშირად ექიმი მშობლებს ასწავლის გასინჯვის სწორ ტექნიკას, რათა მათ შინ, მშვიდ ვითარებაში, შეუმოწმონ შვილს სათესლეები.
გამოკვლევის სწორი მეთოდი ასეთია: ვიდრე უშუალოდ სათესლე პარკის გასინჯვას შეუდგებოდეთ, ბოქვენის სიმფიზზე ორი თითის დაჭერით უნდა ჩაკეტოთ საზარდულის არხი, რათა სათესლე ჯირკვალი მაღლა ვეღარ ავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მისი ძებნა. თუ პირდაპირ სათესლის ძებნას დაიწყებთ, ის შესაძლოა ისე ახტეს მაღლა, რომ ვერც შეამჩნიოთ.
მიიჩნევა, რომ კრიპტორქიზმის მქონე პირებს მაღალი აქვთ სათესლე ჯირკვლის სიმსივნის, უმეტესად – სემინომის, განვითარების რისკი. ამიტომ აუცილებელია, ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჯერ მშობელმა, მერე კი თავად პაციენტმა რეგულარულად ამოწმონ სათესლეები აბაზანისა თუ შხაპის მიღებისას. თუ ჯირკვალმა ზრდა ან გამაგრება დაიწყო, აუცილებელია ექიმთან მისვლა. ნორმაში სათესლე ჯირკვალი სქესობრივი მომწიფების დასრულებისთანავე ასრულებს ზრდას. ამის შემდეგ მისი ყოველგვარი ცვლილება პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებს.
გადავწიოთ თუ არ გადავწიოთ?!
სტატისტიკურად, მშობლები ბავშვთა უროლოგს ყველაზე ხშირად ჩუჩის გარეთა რგოლის სივიწროვის, ე.წ. ფიმოზის გამო მიმართავენ, თუმცა ჩვილ ასაკში ასეთი რამ პათოლოგიად არ მიჩნევა. ჩუჩა დაბადებიდანვე ძალიან ცოტა ახალშობილს გასდასდის. ხშირად ჩუჩის სივრცე საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული. 3-4 წლის ასაკში ჩუჩა თავისთავად სცილდება ასოს თავს მისი ზრდის გამო. ამ ასაკში დედას შეუძლია, თვითონვე შეამოწმოს, თავისუფლად გადადის თუ არა ჩუჩა ასოს თავზე, თუმცა ძალის დატანება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ქსოვილები დაზიანდება და დასკდება. არსებობს უფრო მძიმე გართულების, ე.წ. პარაფიმოზის განვითარების საფრთხეც. ამ დროს ძალდატანებით გადაწეული ჩუჩის რგოლი იჭედება, უკან აღარ ბრუნდება და ასოს შეშუპებას და სისხლის მიმოქცევის მოშლას იწვევს. ასეთ ვითარებაში სასწრაფო ჩარევაა საჭირო.
თუ ბავშვს ფიმოზით გამოწვეული საშარდე გზების ხშირი ინფექცია ან სხვა სახის ჩივილი (შეშუპება, სიწითლე, ტკივილი შარდვის დროს, შარდის ნაკადის შემცირება) არ აქვს, მოშარდვისას მხოლოდ ჩუჩის გადაბერვა არ მიუთითებს ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე.
როდესაც ასო არასწორად, არასათანადოდ სუფთავდება, მის შიგნით სმეგმა გროვდება. სმეგმა ყველისმაგვარი კონსისტენციის ნივთიერებაა, რომელიც სასქესო ორგანოების არეში წარმოიქმნება. მასში შედის კანის უჯრედები, ცხიმი და წყალი. მისი დაგროვება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, უსიამოვნო სუნის გაჩენას ან ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ ასოს დაბანისას ჩუჩა ფრთხილად უნდა გადაიწიოს იქამდე, სადამდეც შესაძლებელია, ასოს თავი მსუბუქად მოიბანოს საპნითა და თბილი წყლით, გამშრალდეს და ჩუჩა უკანვე დაბრუნდეს. გადაწეულის დატოვება არ შეიძლება.
თუ 5-6 წლის ასაკში ასოს მფარავი კანის სრულფასოვნად გადაწევა ვერ ხერხდება, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა სხვა ჩივილებიც, ბავშვი აუცილებლად მიიყვანეთ უროლოგთან, რომელიც ხელით გასინჯავს და შეაფასებს ფიმოზის ხარისხს ჩუჩის ჭრილსა და ასოს თავის დიამეტრს შორის არსებული თანაფარდობით, რის შემდეგაც სათანადო მკურნალობას დანიშნავს.
კონსერვატიული მკურნალობისთვის გამოიყენება ადგილობრივად მოქმედი ჰორმონული მალამოები, რომლებიც კანიდან და ლორწოვანიდან ორგანიზმში არ შეიწოვება. მათი დანიშნულება გარეთა რგოლის დარბილებაა. მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ მშობელი იწყებს ჩუჩის ყოველდღიურად გადაწევას სასურველი შედეგის მიღებამდე. კურსი, ჩვეულებრივ, ერთი თვიდან თვე-ნახევრამდე გრძელდება და უმეტესად დადებითი შედეგით სრულდება. ასეთ თერაპიას მეტწილად არ ემორჩილებიან ის ბიჭუნები, რომლებსაც ჩვილ ასაკში ნაძალადევად გადაუწიეს ჩუჩა და ამის შედეგად ქსოვილი დაუნაწიბურდათ. ნაწიბურს სტეროიდი ვერაფერს შველის, ამიტომ საჭიროა ოპერაციული ჩარევა.
ვიკვლევთ ვენებს
ვარიკოცელე, სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდების დაავადებაა – უმეტესად 15-დან 25 წლამდე ასაკში გვხვდება, თუმცა შესაძლოა, ბავშვებთანაც იჩინოს თავი. მისი მთავარი მიზეზი პაციენტის ანატომიის თავისებურებებია. განსაზღვრულ როლს გენეტიკური განწყობაც ასრულებს. ზოგჯერ ის გენერალიზებული ანგიოლოგიური პრობლემის გამოხატულებაცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორმხრივია, ისე კი, ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად მარცხენა მხარეს ვითარდება. დაავადება ხშირად აღენიშნებათ იმ პირებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა ან ამა თუ იმ მიზეზით მუცლის ღრუში წნევა მომატებული აქვთ.
დიაგნოსტიკა იწყება ფიზიკური დათვალიერებით. ვარიკოცელეს დამახასიათებელი შესახედაობა აქვს: სათესლე პარკი გადიდებულია, ჩამოწეული, შორს წასულ შემთხვევაში კი ყურძნის მტევნის მსგავსი ფორმა აქვს. გარდა დათვალიერებისა, აუცილებელია ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული კვლევების ჩატარებაც, რათა განისაზღვროს სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრი. აღნიშნული პროცედურა ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულოა, არც წინასწარი მომზადება სჭირდება.
ვარიკოცელეს დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა გაკეთდეს სპერმოგრამა, რადგან დადგენილია, რომ სათესლე ჯირკვლების ვენების ვარიკოზული გაგანიერება სპერმაში აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას იწვევს და ამით საფრთხეს უქადის შვილოსნობის ფუნქციას.
სპერმოგრამა
მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევათაგან უმთავრესია ეაკულატის გამოკვლევა. მამაკაცის ნაყოფიერება მთლიანად სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა მის სქესობრივ აქტივობაზე. უნაყოფობის მთავარი მიზეზი სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფების პროცესის, სპერმატოგენეზის, დარღვევაა. სპერმატოგენეზის მდგომარეობა ყოველთვის აისახება სპერმოგრამაში – სპერმის ანალიზში. კერძოდ, ის აჩვენებს, რომ შეცვლილია სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის ხარისხი, არსებობს დეფექტიანი, მაგალითად, უკუდო სპერმატოზოიდები და სხვა. ამიტომ მამაკაცის უნაყოფობის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, წესისამებრ, სპერმის ანალიზით იწყება.
კვლევისთვის მომზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება. სპერმოგრამის ჩატარებამდე 2-3 დღის განმავლობაში მამაკაცმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ცხოვრებისა და ალკოჰოლის მიღებისგან. სპერმის აღება არ არის მიზანშეწონილი მაღალი ტემპერატურის დროს და საუნის შემდეგ. ეაკულატი ხელოვნური თვითგაღიზიანებით მიიღება. არ შეიძლება სპერმის შეგროვება პრეზერვატივში – ის სპეციალურ სტერილურ კონტეინერში უნდა შეგროვდეს. ამასთანავე, შეგროვდეს მთლიანად, დაუღვრელად. განსაკუთრებით არასასურველია პირველი ულუფის დაღვრა. თუ პაციენტი კლინიკაში ვერ ახერხებს მასალის აღებას, შეუძლია, ეაკულატი შინიდან წაიღოს სპეციალური კონტეინერით, აღებიდან 1 საათის განმავლობაში.
მამაკაცის ჰორმონები
სპერმატოგენეზის პროცესს, თავის მხრივ, რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსი არეგულირებს. ამის კვალობაზე, მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ არა მარტო სასქესო ჯირკვლებში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ამ პროცესებზე პასუხისმგებელი, მათი მარეგულირებელი ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციობაზეც. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის არასრულფასოვანი მუშაობის შედეგია ჰიპო- და ჰიპერგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი (ტესტოსტერონის დეფიციტი, ჰიპერპროლაქტინემია და სხვ.).
მამაკაცის ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მას ადრეულ ასაკში აღენიშნებოდა ზრდა-განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხება.
მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჰორმონული სტატუსის დასადგენ ძირითად ლაბორატორიულ ტესტებად განიხილება გონადოტროპინების: ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH), მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH), პროლაქტინის (PRL) და ტესტოსტერონის (T. Testosterone), – განსაზღვრა. იკვლევენ უმთავრესად ვენური სისხლის შრატს ან პლაზმას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სათანადო მომზადებას. სისხლის აღება სასურველია დილის საათებში, უზმოზე. უნდა გამოირიცხოს ფიზიკური აქტიურობა და ემოციური გადაღლა, თუ რომელიმე მედიკამენტს იღებთ, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან სამკურნალო საშუალებები ცვლის ჰორმონების გამოყოფის ინტენსივობას. გასათვალისწინებელია, რომ პროლაქტინს ახასიათებს სეკრეციის სადღეღამისო რიტმი, ამიტომ საანალიზოდ სისხლის აღება სასურველია დილით, უზმოზე, გაღვიძებიდან 3 საათის შემდეგ. ანალიზის წინა დღეს რეკომენდებულია, თავი შეიკავოთ სპირტიანი სასმელებისგან, საუნისგან, ერიდოთ სტრესს. მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონს ახასიათებს სეკრეციის სადღეღამისო რიტმი. მისი დონე დღის განმავლობაში იცვლება – დილით მომატებულია, საღამოს კი იკლებს.
პსა–ის დონის განსაზღვრა
პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, კენტი ორგანოა, რომელიც მენჯის ღრუში მდებარეობს. მასზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობები. ამ ორგანოს დაავადებათაგან საყურადღებოა მწვავე\ ქრონიკული ანთება და სიმსივნური პათოლოგია.
პროსტატასპეციფიკურ ანტიგენს (პსა) მხოლოდ პროსტატის უჯრედები გამოიმუშავებს და მისი ძირითადი ფუნქცია სპერმის ბლანტი მასის გათხიერებაა. ამ ცილის უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან სათესლე სითხესთან ერთად გამოიყოფა, მხოლოდ მცირე ნაწილი გადადის სისხლში. აქ ის არსებობს ორი – თავისუფალი და ცილასთან შეკავშირებული – ფორმით. პსა-ს სტანდარტული ტესტი სისხლში ამ ორი ფორმის ჯამს განსაზღვრავს.
პსა, რომელსაც ადამიანის კალიკრეინსაც უწოდებენ, პროსტატასპეციფიკური მარკერია და არა ონკოლოგიური, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დონე იმატებს წინამდებარე ჯირკვლის არა მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნის, არამედ კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და ანთების დროსაც და სხვა კლინიკურ და ცხოვრებისეულ შემთხვევებშიც (ეაკულაცია, პროსტატის ფიზიოთერაპია, ცისტოსკოპია და სხვ.).
ტესტი გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, პროსტატის ბიოფსიის საჭიროების დასადგენად, პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, პროსტატის კიბოს რეციდივის გამოსავლენად.
მიუხედავად იმისა, რომ, მრავალი სპეციალისტის აზრით, თუ სისხლში პსა-ის დონე 2.5 ნგ/მლ-ზე ნაკლებია, სიმსივნის რისკი მინიმალურია, არ არსებობს მაჩვენებელი, რომელიც 100%-ით გამორიცხავს პროსტატის კიბოს. რისკი პსა-ის დონის მიხედვით მერყეობს. 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 97%-ისთვის 4.0 ნგ/მლ-ზე დაბალი მაჩვენებელი ზღვრულ ნიშნულად არის მიღებული.
მარი მარღანია