როგორ გამოვხატოთ ის, რისი გამოხატვაც სიტყვებით შეუძლებელია

გააზიარე:

შვილისადმი მშობლის სიყვარული განუსაზღვრელია. ეს ის გრძნობაა, რომელსაც ვერც გაზომავ, ვერც აწონი და, რა უცნაურიც უნდა იყოს, ვერც სათანადოდ გამოხატავ. გიკვირთ? სულ ტყუილად. ფსიქოლოგები და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტები სათანადოდ გამოხატვაზე საუბრისას სწორად გამოხატვას გულისხმობენ და ეს სულაც არ არის ისეთი ადვილი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. გიფიქრიათ, რას გრძნობს, რას ფიქრობს ბავშვი თქვენთან ურთიერთობისას ან რამდენად აცნობიერებს და გაიაზრებს მისდამი თქვენს დამოკიდებულებას, თქვენს უსაზღვრო სიყვარულს? მშობლის სიყვარული და მისი გამოხატულება მრავალფეროვანია. ის მზრუნველობასაც მოიცავს, სასჯელსაც და აკრძალვასაც, ხოლო ამ ყველაფრის მიღმა — უპირობო სითბოს, დადებით ემოციებს, მოფერებას და უამრავ სხვა ასპექტს.

ფსიქოლოგები გამოყოფენ სიყვარულის ხუთ `ენას“, რომელთა მეშვეობითაც მშობელი სრულყოფილად გამოხატავს თავის გრძნობებს და უსიტყვოდ ამჟღავნებს შვილის სიყვარულს.

 

1. ფიზიკური კონტაქტი

ცხადია, ეს გარდაუვალი და თავისთავად ნაგულისხმევი მოცემულობაა, თუმცა ფიზიკური კონტაქტი ჩახუტებით, კოცნით და მოფერებით არ შემოიფარგლება. გაიხსენეთ ის ჟესტები, რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, მეგობრებსა და თქვენივე ასაკის ადამიანებთან იყენებთ: მხარდაჭერის გამომხატველი მხარზე ხელის დატყაპუნება, შეთანხმებისას ხელის ჩამორთმევა ან ხელისგულის ხელისგულზე დაკვრა, თვალებით კონტაქტი საუბრისას — ეს ყველაფერი სიღრმეს შემატებს თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობას და ბავშვიც საკუთარი პიროვნებისადმი პატივისცემას იგრძნობს. გაიხსენეთ, უმეტესად როგორ გამოხატავთ სიყვარულს: ჩაბღუჯვით, ჩაკოცნით, შემაწუხებელი ჩახუტებით; გაიხსენეთ ბავშვის უკმაყოფილო გრიმასა, რომელიც თქვენს ასეთ საქციელს მოსდევს და ყველაფერი ნათელი გახდება.

 

2. გამხნევება

გამხნევება სხვაა და მოფერება — სხვა. ბავშვისთვის ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. უნდა გვახსოვდეს, რომ არასწორი სტერეოტიპების ჩამოყალიბებით პატარას მომავალში საკუთარ შესაძლებლობათა შეფასებას ვურთულებთ. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც მშობლები და ახლობლები დაუღალავად უმტკიცებენ, რომ იგი `ყველაზე მაგარი“, „ყველაზე ყოჩაღი“, „ყველაზე ლამაზი“ და „ყველაზე ჭკვიანია~, განსაზღვრული ხნის შემდეგ, სხვადასხვა სოციუმში (ბაღში, კლასში...) მოხვედრისას, დაებადება ლოგიკური კითხვა: “კი მაგრამ, სხვებსაც ხომ შეუძლიათ იგივე, რაც მე. მაშ, რით ვარ გამორჩეული?” აქედან არასწორ თვითშეფასებამდე კი ერთი ნაბიჯია.

ბავშვი უნდა გრძნობდეს თქვენს უპირობო მხარდაჭერას ნებისმიერ ვითარებაში, მაშინაც კი, როცა ვერ არის „ყველაზე მაგარი“, მარცხდება შეჯიბრებაში ან ცუდ ნიშანს იღებს. გამხნევება სიტყვითაც შეიძლება და ქცევითაც. გვერდით მიუჯექით, აგრძნობინეთ, რომ მისი პრობლემები თქვენთვის მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ბავშვისთვის ეზოში თამაშის დროს განცდილი მარცხი ისევე მტკივნეულია, როგორც თქვენთვის სამსახურში მნიშვნელოვანი საქმის ჩაფლავება.

 

3. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვს

რამდენ დროს უთმობთ შვილთან თამაშს, საუბარს, სეირნობას? ბოლოს როდის წაუკითხეთ წიგნი? როდის მოჰყევით ერთად წვიმაში და მხიარულად იჭყაპუნეთ გუბეებში? როდის მოხატეთ ცარცით ასფალტი ან გაუშვით საჰაერო ბუშტები? პასუხი მრავალნაირი შეიძლება იყოს. თითქმის ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მოუცლელობაზე ან დაღლილობაზე იქნება საუბარი. არადა, შვილთან მეტი დროის გატარება ისეთი მარტივი და მნიშვნელოვანი რამაა! ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგად შეიძლება გართობა და განტვირთვა რთული სამუშაო დღის შემდეგ ბავშვთან ერთად. გარწმუნებთ, როდესაც ბავშვი ბედნიერია, ის არც ჭირვეულობს და არც ჯიუტობს. შესთავაზეთ მას თუნდაც უბრალოდ გასეირნება, ესაუბრეთ მისთვის საინტერესო თემებზე, გამოჰკითხეთ ეზოს, მეგობრების, თანაკლასელების ამბები, ეთამაშეთ და ისიამოვნეთ შვილთან გატარებული განუმეორებელი წუთებით — ბავშვები ხომ ასე სწრაფად იზრდებიან. რამდენჯერ მოგვენატრება ის დრო, როდესაც მათი თვალებიდან ბედნიერება ასხივებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებმა ერთად თამაში შესთავაზეს...

 

4. საჩუქრები

ცდებით, თუ გგონიათ, რომ საჩუქრის შეძენა მხოლოდ ძვირიან მაღაზიებშია შესაძლებელი. ბავშვისთვის უძვირფასესი საჩუქარია ერთად ნაპოვნი ფერადი კენჭები, ერთობლივი ნახატი დიდ ფორმატზე, სიურპრიზი მისი სურვილების გათვალისწინებით, მისი ნახატის მიხედვით შეკერილი თოჯინა, ერთად გამომცხვარი ნამცხვარი...

 

5. დახმარება

ბავშვს ყოველგვარ ვითარებაში უნდა ჰქონდეს თქვენი დახმარების იმედი. ოღონდ, ცხადია, დათვურ სამსახურს არ ვგულისხმობთ. საშინაო დავალების მის ნაცვლად დაწერა დახმარებაზე მეტად დანაშაულია, ერთობლივ საქმიანობაზე უკეთესს კი ვერაფერს მოიფიქრებთ. ნაცვლად იმისა, რომ უკმაყოფილო სახით, აგრესიულად ან ბრძანების კილოთი მოუწოდოთ, ვთქვათ, ოთახის მოწესრიგებისკენ, დახმარება შესთავაზეთ და ერთად შეუდექით საქმეს. ხალისით, ინტერესით შესრულებული რუტინული საქმიანობა არც მომავალში მოხვდება `მძიმე საოჯახო მოვალეობათა“ შავ სიაში. გახსოვდეთ ისიც, რომ განსაზღვრულ ასაკში ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება თქვენგან დამოუკიდებელი ცხოვრება პატარ-პატარა საიდუმლოებით; მას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ გასაჭირში ჩავარდნილს თქვენსავით ვერავინ დაეხმარება.

გააზიარე: