სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები _ რჩევები მოზარდებს

გააზიარე:

რომელიმე მოზარდს რომ ჰკითხოთ, რა იცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, უთუოდ გაკვირვებული შემოგხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი ცხოვრების ან, უბრალოდ, სექსის შესახებ თინეიჯერთა თაობა უამრავ ინფორმაციას იღებს (უმთავრესად – ფილმებიდან), ძირითადი პრინციპები თუ საჭირო ტერმინები მათი ყურადღების მიღმა რჩება. საზოგადოდ, ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც თაობათა კვლავწარმოების საკითხებს განიხილავს, მოსახლეობაში, განსაკუთრებით – მოზარდებში, მეტად მწირია, ამიტომაც სტატისტიკა, რომელიც რეპროდუქციული სფეროს პრობლემებს ასახავს, შემაშფოთებელია.

აქამდე ყველაფერი ვენერას ბრალდებოდა

ამჟამად ტერმინი “ვენერული სნეულება” იშვიათად გამოიყენება. წინათ სიყვარულის ქალღმერთის სახელს უმთავრესად სიფილისს (იმავე ათაშანგს) და გონორეას უკავშირებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთი ადამიანისგან მეორის ორგანიზმში სქესობრივი გზით კიდევ არაერთი დაავადება მოგზაურობს. ასეთ სნეულებებს საერთო სახელწოდება – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (STI – sexsual transmission infections) აერთიანებს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების  თანამედროვე ნუსხა ასე გამოიყურება:  

* სპეციფიკური ინფექციები – სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვეტიანი კონდილომები, B და C ჰეპატიტები, მუნი, ბოქვენის ტკიპა და, რასაკვირველია, შიდსი;
* სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სინდრომები, რომლებიც სინდრომულ დიაგნოსტიკასა და სინდრომულ მკურნალობას მოითხოვს – ურეთრიტი, ბალანოპოსტიტი, ბაქტერიული ვაგინოზი, ვაგინალური გამონადენი, სქესობრივი ორგანოების წყლულოვანი დაავადება, მენჯის ანთებითი დაავადება (მად), ეპიდიდიმოორქიტი და სქესობრივი გზით გადამდები რეაქტიული ართრიტი.

დაავადებათა VIP სია
გაგაცნობთ ყველაზე მეტად გავრცელებული სგგდ-ების ნიშნებს, რომლებიც მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ.

გონორეა

გონორეის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან 2-10 დღის განმავლობაში მჟღავნდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლინიკური ნიშნები სრულებით არ იჩენს თავს ან უმნიშვნელოდ არის გამოხატული. მამაკაცებში ვლინდება: მოყვითალო ან მონაცრისფრო გამონადენი სასქესო ასოდან,  ტკივილი და წვა შარდვისას, ზოგჯერ – სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი;  ქალებში – წვის შეგრძნება შარდვისას და ჩირქოვანი გამონადენი საშოდან.

ჰეპატიტები

ჰეპატიტებიდან თავდაპირველად B-ს ნიშნებს გავეცნოთ. ესენია: სიყვითლე  (კანისა და თვალების გაყვითლება),  უმადობა, მუცლის ტკივილი, სისუსტე,  გულისრევა, ღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა.

C ჰეპატიტი ერთობ ვერაგი დაავადებაა. ის შეიძლება წლობით სრულიად უსიმპტომოდ არსებობდეს ორგანიზმში. სტატისტიკური მონაცემებით, C ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი მწვავე სიმპტომები, როგორიც არის სიყვითლე და სისუსტე, ვირუსით ინფიცირებულთა 5%-ზე ნაკლებს უვითარდება. ამდენად, მისი აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე შეიძლება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰეპატიტებით ინფიცირება? 

.  უმჯობესია, უარი თქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. უკიდურეს შემთხვევაში, ნურასოდეს გამოიყენებთ  საზიარო შპრიცს.
. იყოლიეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი და იქონიეთ უსაფრთხო სექსი.
. ჩაიტარეთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა; 
. თუ სტომატოლოგთან, ტატუირების კაბინეტსა თუ მანიკურის სალონში მოგიხდათ სტუმრობა, დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტები კარგად არის გასტერილებული.
.  პირადი ჰიგიენის საგნებს ნურავის ათხოვებთ. ნურც სხვისას გამოიყენებთ.

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ერთი-სამი კვირის განმავლობაში მჟღავნდება, თუმცა ხშირად ის აშკარა კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. ქლამიდიოზით ინფიცირებულ ქალთა დაახლოებით 75%-მა და მამაკაცთა დაახლოებით 50%-მა არ იცის, რომ ინფიცირებულია. უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია: მამაკაცებში – რძისებრი გამონადენი სასქესო ასოდან, განსაკუთრებით – დილაობით, შარდვისას წვის შეგრძნება, სასქესო ორგანოების შეშუპება და ტკივილი; ქალებში – საშოდან რძისებრი გამონადენი, მუცლისა და წელის ტკივილი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს და`ან მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში,  ზოგჯერ – მტკივნეული შარდვა.

ჰერპესი

ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით პირის ღრუში, ტუჩებზე, გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო. არსებობს ჰერპესის ორი ძირითადი სახეობა, რომლებიც ორალურ (პირის) და სასქესო ორგანოების ჰერპესულ დაზიანებას იწვევს.
დაიხსომეთ: ჰერპესის ვირუსი გადაედება გამონაყარსა და ლორწოვანი გარსთან კონტაქტის გზით, ანუ კოცნითა და სქესობრივი კავშირით. გადადება შესაძლებელია გამონაყარის არარსებობის დროსაც, განსაკუთრებით – თუ ადამიანი აივინფიცირებულია.

ციტომეგალოვირუსი
ციტომეგალოვირუსისთვის დამახასიათებელია სისუსტე, მაღალი სიცხე,  ყელის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება.
გაითვალისწინეთ: დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა ხშირად სრულებით არ ვლინდება და სნეულება დიდხანს ფარულად მიმდინარეობს, ხოლო თავჩენილი სიმპტომები შეიძლება სულ სხვა პათოლოგიაზე მიუთითებდეს. ასე რომ, ცმვ-ით ინფიცირებულმა უმეტესად არც იცის, რომ დაავადებულია.

სიფილისი
სიფილისით ინფიცირების მომენტიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ ტრეპონემის შეჭრის ადგილას (სასქესო ორგანოებზე ან სხვაგან) წარმოიქმნება წყლული (შანკრი), რასაც თან სდევს ახლომდებარე ლიმფური კვანძების გადიდება. წყლული უმტკივნეულო და მკვრივფუძიანია. ის ადვილად იკურნება.

დაავადების მომდევნო სტადიაზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის მრავლობითი გამონაყარი, განსაკუთრებით – ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, ლორწოვანზე. გამონაყარი პერიოდულად ქრება და შემდეგ ისევ ჩნდება. დამახასიათებელია აგრეთვე მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში. წყლულები ძლიერ გადამდებია. ათაშანგის მეორე სტადია, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვითარდება. ამ სტადიაში შინაგანი ორგანოები და ნერვული სისტემა არ ზიანდება. 
III სტადიაში (რომელიც ინფიცირებიდან ათი წლისა და მეტი ხნის შემდეგაც შეიძლება ჩამოყალიბდეს) დაავადების მიმდინარეობა კიდევ უფრო რთულდება. ჩნდება ხორკლისმაგვარი წარმონაქმნები, ვითარდება ნეიროსიფილისი, რომელიც პროგრესირებს და ზურგის ტვინის ღრმა ცვლილებებს იწვევს. ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემაც.

ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზის სიმპტომებია: ყვითელი, სუნიანი გამონადენი, წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში, წვა შარდვის დროს და ხშირი შარდვა, გაღიზიანებადობა, მტკივნეული სქესობრივი აქტი, წელის ტკივილი.
ასეთი სიმპომატიკა ქალებს ახასიათებთ. მამაკაცებს სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა ზოგჯერ აქვთ გამონადენი სასქესო ასოდან, უჩნდებათ წვის შეგრძნება შარდვისას და შარდვის ხშირი მოთხოვნილება.

როგორ დავიცვათ თავი სგგდ-სგან?

  • სქესობრივი ინფექციებისგან თავდაცვის ერთადერთი საიმედო გზა უსაფრთხო სექსია.
  • მოზარდებს, რომელთაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, უფრო მაღალი აქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ქლამიდიოზი, გონორეა, ვენერული კოჟრები, B ჰეპატიტი, აივი) დასნებოვნების ალბათობა. 
  • ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით). 
  • თავი არიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირს. 
  • გამოიყენეთ ახალი კონდომი ყოველი შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს. 
  • ენდეთ მხოლოდ ისეთ პრეზერვატივებს, რომლებსაც ხარისხის ნიშანი აქვთ.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, შიდსისა და ჰეპატიტისგან ჩასახვის საწინააღმდეგო თანამედროვე საშუალებებს შორის მხოლოდ პრეზერვატივი იცავს.
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება ადამიანს წინდაუხედავს ხდის და ხელს უწყობს სგგდ-ის გავრცელებას.
  • დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს.
  • სგგი-ზე გამოკვლევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა ინფექცია, ვინაიდან ისინი უმეტესად კომპლექსურად გვხვდება.
  • სგგი-ს არსებობის შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება.
  • დაუშვებელია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების შეცვლა. 
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს. 
  • მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის – აივ/შიდსზე. ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ.
გააზიარე: