როგორ გამოვიკვლიოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი?
გააზიარე:
სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველას ასტკივებია კუჭი ან ჭამის შემდეგ მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებას შეუწუხებია. იშვიათია, გიყვარდეს ქართული სამზარეულო და გასტროენტეროლოგის კაბინეტის ხშირი სტუმარი არ იყო. რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ექიმი, სწორი დიაგნოზის დასასმელად მას პაციენტის ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგები დასჭირდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის კი სულ რამდენიმე ასეთი გამოკვლევა არსებობს. ამჯერად კუჭისა და ნაწლავების გამოკვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდებზე ვისაუბრებთ. ჩვენი რესპონდენტი “ავერსის კლინიკის” რენტგენოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი რადიოლოგი ვასილ ჩხიროძე გახლავთ.
- – ბატონო ვასილ, როგორ უნდა მოვემზადოთ კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევისთვის და რა სახის პროცედურაა ეს?
– კუჭ-ნაწლავის კონტრასტული რენტგენოსკოპია უმჯობესია დილის საათებში, უზმოზე ჩატარდეს. კვლევის წინა საღამოს პაციენტმა 8-10 საათიდან უნდა შეზღუდოს საკვებისა და სითხის მიღება. ცნობილია, რომ რენტგენოლოგიური გამოსახულების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია კონტრასტულობა – გამოსაკვლევი ორგანოები სიმკვრივით უნდა განსხვავდებოდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან. ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შემთხვევაში ბუნებრივი კონტრასტულობა არ გვაქვს, გამოსახულების მისაღებად ხელოვნური საკონტრასტო ნივთიერების, ბარიუმის სულფატის წყალხსნარის, გამოყენება გვიწევს. იგი არ არის ტოქსიკური, არ იწოვება საჭმლის მომნელებენ ტრაქტში და მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. იშვიათად შესაძლოა წყალში ხსნადი კონტრასტი (ომნიპაკი, ულტრავისტი) გამოვიყენოთ. ბარიუმის ფაფის გამოყენების უკუჩვენებაა პერფორაცია (საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევა), ნაწლავის ობსტრუქცია, ორსულობა და სხვა.
- – როდის არის საჭირო კუჭ-ნაწლავის კონტრასტული რენტგენოსკოპიის ჩატარება?
– კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპია ერთ-ერთი ინფორმაციული გამოკვლევაა. მას შეუძლია, წარმოდგენა შეგვიქმნას მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები) შესახებ. კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია ყლაპვის დარღვევის, მკერდის ან მუცლის ღრუს საპროექციო არეში ტკივილის, პირღებინების, შეკრულობისა და ფაღარათის, სისხლიანი განავლის ეპიზოდის და ზოგიერთი სხვა ჩივილის არსებობისას. რენტგენოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ წყლულოვანი დაზიანება, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, სტრუქტურული დარღვევები (დივერტიკული, სტრიქტურა, პოლიპი), ანთებითი ხასიათის დაავადებები (ეზოფაგიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი), სიმსივნური დაზიანება და უამრავი სხვა პათოლოგია.
- – საყლაპავის რომელი დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება რენტგენოლოგიურად და როგორ აღწერენ მათ დასკვნაში რენტგენოლოგები?
– კონტრასტის საყლაპავში გატარების შედეგად რენტგენოლოგიურად ვსწავლობთ მის მდებარეობას ვადგენთ, გამავალია თუ არა ის მთელ სიგრძეზე, ხომ არ გვაქვს საქმე რომელიმე თანდაყოლილ ანომალიასთან, მაგალითად, საყლაპავის დუპლიკაციასთან, ტრაქეოეზოფაგურ ფისტულასთან. ტრაქეოეზოფაგური ფისტულის შემთხვევაში პერორალურად მიღებული საკონტრასტო ნივთიერება საყლაპავიდან ტრაქეაში გადადის, რასაც ჩვენ რენტგენის აპარატის დახმარებით აღვნუსხავთ. ეს გამოკვლევა ინფორმაციულია საყლაპავის როგორც სტრუქტურული (პერფორაცია, დივერტიკული, შაცკის რგოლი, უცხო სხეული და სხვა), ისე ფუნქციური (დიფუზური სპაზმი, სტრიქტურა, აქალაზია) პათოლოგიების გამოსავლენად.
საყლაპავის პერფორაციაზე, მთლიანობის დარღვევაზე, ეჭვის დროს ვიყენებთ წყალში ხსნად კონტრასტს. კონტრასტული ნივთიერება საყლაპავის კონტურის გარეთ, შუასაყარში ან მუცლის ღრუში ვრცელდება. საყლაპავის ვიწრო ქვედა რგოლი, ე.წ. შაცკის რგოლი, ლორწოვანი გარსისგან წარმოიქმნება და საყლაპავისა და კუჭის შეერთების ადგილას 2-5 მმ სიგრძეზე სანათურის ბეჭდისებურ ცირკულარულ შევიწროებას იწვევს, რის გამოც დროდადრო, უპირატესად – მყარი საკვების მიღებისას (თუ რგოლის დიამეტრი 13 მმ-ზე ნაკლებია), საყლაპავის განვლადობა მცირდება და ყლაპვა ძნელდება. რენტგენოლოგიურად კი ამ უბანში კონტრასტი ყოვნდება. უცხო სხეული, თუ ის რენტგენოკონტრასტულია, ზოგჯერ მიმოხილვით რენტგენოსკოპიაზე, კონტრასტირების გარეშეც ჩანს. ეზოფაგიტს, საყლაპავის ლორწოვანის ანთებას, დამახასიათებელი სურათი აქვს. ამ დროს საყლაპავის ლორწოვანის ნაოჭები შემსხვილებული და არათანაბარია. სიმსივნური პროცესისთვის ავსების დეფექტის არსებობაა დამახასიათებელი – სიმსივნურ უბანში კონტრასტი არ ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია საყლაპავის სპაზმი. ამ დროს რენტგენზე საყლაპავის სანათურის ცირკულარული, გარდამავალი შევიწროება ჩანს. ის შეიძლება იყოს როგორც გავრცობილი, ისე სეგმენტურიც, თუმცა მასთან მონათესავე საყლაპავის მოტორიკის სხვადასხვა დარღვევის ანალიზი არა რენტგენოლოგის, არამედ გასტროენტეროლოგის პრეროგატივაა. რაშიც მას დამატებითი დიაგნოსტიკური საშუალებები, მათ შორის – ბიოფსიური მასალის კვლევა, ეხმარება.
- – რენტგენოლოგიურ დასკვნებში ხშირად ვხვდებით ტერმინებს: “გასტროეზოფაგური რეფლუქსი”, “დუოდენოგასტრალური რეფლუქსი”. რა პათოლოგიებთან გვაქვს საქმე?
– გასტროეზოფაგური რეფლუქსი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოტყორცნება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, ხოლო მეორე მხრივ – ყველა ის პათოლოგია, რაც კი საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნებას იწვევს, მათ შორის – სისტემური დაავადებებიც. რენტგენოლოგიურად ვხედავთ, როგორ ბრუნდება ბარიუმის სულფატი კუჭიდან უკან, საყლაპავში. დუოდენოგასტრალური რეფლუქსის დროს კი თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსი ბრუნდება კუჭში. დიაგნოსტირება რენტგენოლოგიურად ხდება, ხოლო მიზეზის დადგენა გასტროენტეროლოგის პრეროგატივაა.
- – დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოზს ხშირად ვხვდებით ენდოსკოპიური კვლევის დასკვნებში. რომელია მისი დიაგნოსტირების წამყვანი და მართებული მეთოდი?
– დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დიაგნოსტირებისას წამყვანი მეთოდი რენტგენოლოგიურია. აქსილარული თიაქრის დიაგნოსტიკა შესაძლებელია უკონტრასტოდ, მიმოხილვითი რენტგენოსკოპიით. ამ დროს უმეტესად გულის ჩრდილის უკან მოჩანს ჰაერ-სითხის დონე. მცოცავი და პარაეზოფაგური თიაქრების ვერიფიცირება კი ბარიუმის სულფატით პოლიპოზიციური კვლევისას ხდება. რენტგენოლოგიურად ვხედავთ, როგორ ადის კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში. რაც შეეხება ენდოსკოპიურად ნანახ საყლაპავის ხვრელის თიაქარს, იგი აუცილებლად მოითხოვს რენტგენოლოგიურ კონტროლს.
- – კუჭის შესახებ რა ინფორმაციას გვაწვდის კონტრასტული რენტგენოსკოპია?
– აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია კუჭის ფორმის, ზომის, მდებარეობის დადგენა, მისი ორგანული პათოლოგიების, მაგალითად, სიმსივნის, სტენოზის, დიაგნოსტირება, ასევე – ფუნქციურ პათოლოგიებზე, მაგალითად, კუჭის ფუნქციურ პარეზზე, ეჭვის მიტანა. დიაგნოსტიკა მეტწილად რენტგენოლოგის ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზის – გასტრიტის დროს რენტგენოლოგიურად ვლინდება კუჭის ლორწოვანის ნაოჭების გასქელება, ჰიპერტროფია და ბარიუმის წერტილოვანი დეპონირება, წყლულოვანი დაზიანებისას კი ბარიუმი კონტურზე გამომავალი ან ე.წ. რელიეფ-ნიშის სახით გროვდება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პათოლოგიების შესახებ უფრო ნათელ სურათს ენდოსკოპიური გამოკვლევა გვაძლევს.
კუჭის სიმსივნური წარმონაქმნი ავსების დეფექტის სახით ვიზუალიზდება. ნორმაში ბარიუმის წყალხსნარი თანაბრად ვრცელდება კუჭის კედელზე, სიმსივნის არსებობისას კი გარს უვლის მას და ქმნის ავსების დეფექტს. ავსების დეფექტს, წესისამებრ, სხვადასხვა ფორმა და უსწორმასწორო კონტურები აქვს, მიმდებარე ლორწოვანის ნაოჭები დეფორმირდება და წყდება, ხოლო პერისტალტიკის ტალღა მიმდებარე სიმრუდეზე არ ვიზუალიზდება.
- – წვრილი ნაწლავების შესწავლისას რამდენად მნიშვნელოვანია კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევა?
– რენტგენოლოგიური კვლევები, უპირატესად – წვრილი ნაწლავის სერიული რენტგენოგრაფია, წვრილი ნაწლავის პათოლოგიების კვლევის დროს ხშირად გამოიყენება და მას თავისი ჩვენებები აქვს. მისი ჩატარება უპრიანია ზედა გაუვალობების, სტრიქტურების, დივერტიკულების (მათ შორის – დუოდენალური და მეკელის დივერტიკულების), ასევე – თეძოს ნაწლავის ტერმინალური სეგმენტის სპეციფიკურ ცვლილებებზე (კრონის დაავადება, ტუბერკულოზი, ლიმფომა) ეჭვის დროს. რენტგენოლოგიური ნიშნები დიდად ეხმარება კლინიცისტს დაავადების მართვის სწორ დაგეგმვაში. რაც შეეხება ენტერიტებს, წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე პათოლოგიებს, არსებობს რენტგენოლოგიური ნიშნების წყება: ლორწოვანი გარსის არაერთგვაროვნება, ნაოჭების გასქელება, – რომლებიც რენტგენოლოგს საფუძველს აძლევს, აღნიშნული პათოლოგია იეჭვოს, თუმცა საბოლოო დიაგნოსტიკისათვის საჭიროა სხვა კვლევების ჩაატრებაც, მათ შორის – კაფსულარული ენტეროსკოპია, ენდოსკოპიური ენტეროგრაფია, კტ-ენტეროგრაფია. ნაწლავური პოლიპის რენტგენოლოგიური ნიშანია ოვალური ან მრგვალი ფორმის, მკაფიოკონტურიანი ავსების დეფექტი. დივერტიკულის შემთხვევაში ნაწლავის კედელზე აისახება დამატებითი, ოვალური ან მრგვალი ფორმის “ჯიბე”, რომელშიც კონტრასტი გროვდება.
- – რომელი რენტგენოლოგიური მეთოდით არის შესაძლებელი მსხვილი ნაწლავის პათოლოგიების აღმოჩენა?
– თუ კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევისას მსხვილი ნაწლავის შეფასებაც დაგვჭირდა, პაციენტს მეორე დღესაც ვაკვირდებით. მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ბარიუმის ფაფის პასაჟის ვადები – რამდენ საათში გადადის იგი მსხვილ ნაწლავში, რამდენ ხანში იცლება კონტრასტისგან სრულად და ა.შ. ამის საფუძველზე ვაფასებთ მსხილი ნაწლავის ფუნქციას, თუმცა მის ორგანულ ცვლილებებზე კვლევის ამ მეთოდით ვერ ვიმსჯელებთ – საამისოდ ირიგოსკოპიას მივმართავთ.
ირიგოსკოპია მსხვილი ნაწლავის კვლევის მეთოდია, რომელიც ბარიუმის სულფატის წყალხსნარის რექტალურად, ოყნის საშუალებით შეყვანას და მსხვილი ნაწლავის სეგმენტების სერიულ რენტგენოგრაფიას გულისხმობს. ირიგოსკოპია ინფორმაციულია მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზის, განვითარების ვარიანტების (მარყუჟები, დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი), სიმსივნური პროცესის გავრცელების შესაფასებლად. გავრცელებული დიაგნოზებია ტრანსვერსოპტოზი – განივი კოლინჯის დაწევა, დოლიქოკოლონი – მსხვილი ნაწლავის დაგრძელება. როგორც ენტერიტების შემთხვევაში, კოლიტების ანუ მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებით მიმდინარე პათოლოგიების დროსაც (არასპეციფიკური პათოლოგია იქნება ეს, იშემიური, რადიაციური თუ ინფექციური) არსებობს განსაზღვრული რენტგენოლოგიური ნიშნები, თუმცა ისინი არასპეციფიკურია და მხოლოდ ეჭვის მიტანის საფუძველს იძლევა, დიაგნოზის დასადასტურებლად კი დამატებითი კვლევების, უპირველეს ყოვლისა – კოლონოსკოპიური კვლევის, ჩატარებაა საჭირო.
თამარ არქანია