მწვავე პანკრეატიტი

გააზიარე:

კუჭქვეშა ჯირკვლის ამბოხი

ქირურგიულ დაავადებებს შორის მწვავე პანკრეატიტი ანუ კუჭუკანა ჯირკვლის ანთება და პანკრეონეკროზი ერთ-ერთ ყველაზე ძნელად სამკურნალო და ცუდი პროგნოზის დაავადებად ითვლება, რაც მეტწილად პანკრეასის ჯირკვლის მდებარეობითაა განპირობებული. თუმცა ექიმთა დიდი ძალისხმევა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები პაციენტებს გამოჯანმრთელების მეტ იმედს აძლევს. გვესაუბრება აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის ქირურგი თემურ ბეშკენაძე.

–დღის განმავლობაში ჯანმრთელ ადამიანს 1-1.5 ლიტრი პანკრეასის წვენი გამოეყოფა. ნაღვლის წვენთან ერთად იგი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს. პანკრეატიტის დროს კუჭუკანა ჯირკვალი წვენს ჭარბად წარმოქმნის. პანკრეასის სადინარის ქვით ან შეშუპების გამო ობსტრუქციის (დახშობის) შემთხვევაში პანკრეასის წვენი მუცლის ღრუში გადადის და ანთებას იწვევს. პანკრეასის წვენი კი იმდენად აგრესიულია, მასში ჩაგდებული მონეტა ერთ კვირაში იშლება. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება, როცა ის მუცლის ღრუში ჟონავს.

პანკრეატიტების ორი დიდი ჯგუფი გამოიყოფა – მწვავე და ქრონიკული. მწვავე პანკრეატიტი ქრონიკულზე საშიშია. იგი მწვავე შეშუპებად და პანკრეონეკროზად იყოფა, ეს უკანასკნელი კი ჰემორაგიულ, ცხიმოვან და ბილიარულ პანკრეონეკროზებს მოიცავს. 

სიმპტომებიდან წამყვანია გაუსაძლისი სარტყლისებური ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში (პაციენტები მას ხშირად “კუჭის თავზე” ტკივილად აღიქვამენ) და მრავალჯერადი ღებინება. პანკრეატიტის ამ ორ ძირითად ნიშანს შესაძლოა სხვებიც დაერთოს: თუ პანკრეატიტის სტადია მალევე გადადის პანკრეონეკროზში, ვითარდება ძლიერი ინტოქსიკაცია – პაციენტს გონება ებინდება, მალევე ვლინდება მწვავე მუცლის კლინიკა. შედეგად, მატულობს სხეულის ტემპერატურა. ავადმყოფს ამცივნებს. ვინაიდან პანკრეასის თავში ნაღვლის სადინარი გადის, შესაძლოა, მას შეშუპებულმა პანკრეასმა მოუჭიროს და საშუალო დონის სიყვითლეც გამოიწვიოს. 

საბოლოო დიაგნოზის დადგენამდე პანკრეატიტი მწვავე მუცლის კლინიკით მიმდინარე სხვა დაავადებებში ერევათ. ყოფილა მრავალი შემთხვევა, როდესაც მწვავე ინფარქტი და პანკრეატიტი ერთმანეთში შეშლიათ. 

დიაგნოზის დასმისას წამყვანია კლინიკური ნიშნები, რის გამოც სისხლში ამილაზას რაოდენობას ვიკვლევთ. ეს პანკრეასის ჰორმონია, რომელიც პანკრეატიტის დროს ნორმასთან შედარებით 13-14-ჯერაც კი იმატებს. დიაგნოსტიკის საფუძველი, ფაქტობრივად, სწორედ ამილაზას მატებაა. შემდეგ უკვე ტარდება ამ შემთხვევისთვის დამხმარე კვლევები – ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი მეშვეობით ჩანს პანკრეასის დაზიანების ხარისხი და მეორეული გართულებები: არის თუ არა პერიტონიტის ნიშნები – თავისუფალი სითხე მუცლის ღრუში, რა მდგომარეობაშია პანკრეასის თავი, კუდი და სხეული, განვითარდა თუ არა ნაღველკენჭოვანი დაავადება და სხვა.  

ასევე კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები ანთებით პროცესზე მიანიშნებს.

თუ ჩამოთვლილი ცვლილებები ზომიერადაა გამოხატული, ითვლება, რომ მწვავე პანკრეატიტის შეშუპებით ფორმასთან გვაქვს საქმე და მკურნალობა შესაძლოა მხოლოდ კონსერვატიული მეთოდებით შემოიფარგლოს. შედეგად, ავადმყოფი ან სრულიად გამოჯანმრთელდება, ან პროცესი ქრონიკულ სტადიაში გადავა, რომელიც მართალია არ იკურნება, მაგრამ დიეტით რეგულირდება. 

შეშუპებით სტადიას სხვა გამოსავალიც აქვს – პანკრეონეკროზი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
პერიტონიტის ნიშნები – მუცლის ღრუში სითხე დგება, უარესდება სისხლის ანალიზი, კონსერვატიული დეტოქსიკაციური მკურნალობა უშედეგოა და ა.შ. 

მწვავე პანკრეატიტის მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში კონსერვატულად იწყება. ძველად ძირითადი მეთოდები გახლდათ ეპიგასტრიუმის არეში ცივის დადება, ავადმყოფის მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა და შიმშილი. თანამედროვე მედიცინა უფრო დახვეწილ საშუალებას გვთავაზობს – პრეპარატი სალდოსტატინი პროტეაზების ინჰიბიტორი ჰორმონია, რომელიც პანკრეასს კუმშავს და მისი წვენის პროდუცირებას ამცირებს.
თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება. 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე აგრესიული ალკოჰოლური პანკრეონეკროზია. ძალზე ცუდად ექვემდებარება მკურნალობას ჰემორაგიული პანკრეონეკროზიც, სამაგიეროდ, შედარებით კეთილთვისებიანია ბილიარული და ცხიმოვანი პანკრეონეკროზები. 

პაკრეონეკროზის ქირურგიული მკურნალობის დროს ვამოწმებთ, რამდენადაა დაზიანებული კუჭუკანა ჯირკვალი, შეძლებისდაგვარად ვაცილებთ ნეკროზულ ქსოვილს და ადეკვატურად ვადრენირებთ. თუმცა სათქმელადაა ადვილი, თორემ მისი დრენირება საკმაოდ ძნელია – ჯირკვალი რეტროპერიტონეალურ სივრცეშია მოთავსებული და ძნელი მისადგომია. შემდეგ დრენაჟების საშუალებით ყოველდღიურად ვრეცხავთ ნაოპერაციევ ჯირკვალს. დანეკროზებული სხეულის ნაწილი ამ გამორეცხვებით გამოიდევნება. 

მეორეული ჩირქოვანი გართულებების გამო მუცელი ბოლომდე არ იხურება, ლაპაროსტომა ედება და 5-6 დღის განმავლობაში შემდგომი ქირურგიული ჩარევა ტარდება. ამ ყველაფრის მთავარი მიზანია, ავადმყოფს მუცლის ღრუში ჩირქოვანი სითხე და ქსოვილები არ დარჩეს. ამას ემატება ზოგადი მდგომარეობის მაკორეგირებელი მკურნალობა.

ოპერაციის შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს მეორეული სეფსისი, გართულებები ფილტვების მხრივ, თირკმელების უკმარისობა. 
ასეთ ავადმყოფს შეიძლება 5-7 ოპერაცია დასჭირდეს და საქმე მაინც ცუდად დამთავრდეს. ზოგჯერ 3-4-თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტები სისხლდენით ან ინტოქსიკაციით იღუპებიან. ფსიქოლოგიურად ეს ექიმისთვისაც მძიმეა – ამდენ ხანს ელოლიავები პაციენტს და უცბად ან ნაწლავური ფისტულები ყალიბდება, ან დრენაჟებიდან სისხლდენა იწყება. მწვავე პანკრეონეკროზი გადაუდებელ ქირურგიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა – მიზეზსაც ადგენ, დიაგნოზსაც სვამ, ოპერაციასაც აკეთებ, მთელ ძალისხმევას ახმარ ავადმყოფს, მაგრამ ისე ვერ ეხმარები, როგორც საჭიროა. 

დროულად გატარებულ ღონისძიებებს, რაც ამ დაავადების ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში კონსერვატიული მკურნალობის დაწყებას გულისხმობს,  ძალზე დიდი ეფექტი აქვს. მით უმეტეს, თუ პანკრეატიტი ნაღველკენჭოვანი დაავადებითაა გამოწვეული.

საქართველოში რატომღაც მიაჩნიათ, რომ კენჭი ნაღვლის ბუშტში ჩვეულებრივი მოვლენაა და უვნებელია. ფიქრობენ, წვრილი კენჭები რას გვიზამსო, მაგრამ ისინი უფრო საშიშია, ნაღვლის საერთო სადინარში ადვილად იჭედება. ერთადერთი კენჭიც რომ იყოს, ნაღვლის ბუშტი ამოსაღებია, რადგანაც გეგმურად გაკეთებული ოპერაცია გაცილებით ნაკლებად შეგვაწუხებს, ვიდრე ამ კენჭის შესაძლო ჩაჭედვით გამოწვეული გართულებები, მათ შორის – პანკრეატიტი. 

როგორც აღვნიშნეთ, პანკრეონეკროზის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი კვებითი ინტოქსიკაციაა. რუსეთში კი ყველაზე ხშირად პანკრეატიტის მიზეზი უხარისხო არაყი ხდება. ამიტომ პროფილაქტიკის ერთ-ერთი ღონისძიება ჯანსაღი კვება და მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი სასმლის მიღებაა.

გააზიარე: