რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს?

გააზიარე:

თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტერნეტგვერდს ეწვევით, ზაფხულის თანმხლები ახალი საფრთხის შესახებ შეიტყობთ. ქართველი ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით საშიში დაავადების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, შემთხვევები გახშირდა. თუ სამედიცინო განათლება არ გაქვთ, ალბათ არც ამ დაავადების შესახებ გსმენიათ რამე და ეს არც არის გასაკვირი – როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, საქართველოში ამ დაავადების დიაგნოზი ადრე არასდროს დასმულა; პირველი შემთხვევის დიაგნოსტირება მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა შესაძლებელი.

რას უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ამ განსაკუთრებით საშიში ინფექციის გავრცელება და როგორ არის შესაძლებელი მასთან ბრძოლა, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელზა ვაშაკიძე გვესაუბრება:

– ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ბუნებრივ-კეროვანი ზოო-ანთროპონოზული მწვავე ინფექციაა. მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპა. ყველაზე ხშირად იგი გადააქვთ შემდეგი სახეობების: Hyalomma marginatus-ის, Dermacentor marginatus-ის, Ixodes ricinus რიცინუს-ის, – წარმომადგენლებს.

დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს. ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება და წელიწადის რომელ დროს ხშირდება იგი?

– ყირიმ-კონგოს ცხელება, როგორც ბუნებრივ-კეროვანი ინფექცია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. დაავადების ყოველწლიური აფეთქება რეგისტრირდება ცენტრალურ აზიაში, ჩინეთსა და ბულგარეთში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, პაკისტანში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში (კონგო, კენია, უგანდა, ნიგერია და სხვ.). ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია რუსეთშიც, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში, დაღესტანსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში. დაავადების გავრცელების არეალი ემთხვევა მისი გადამტანი ტკიპების გავრცელების არეალს. ჩვენ სულ რამდენიმე წელიწადია, რაც საექიმო პრაქტიკაში ყირიმ-კონგოს ცხელებას ვხვდებით, მანამდე ამ დაავადებას მხოლოდ ლიტერატურიდან ვიცნობდით. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ყირიმ-კონგოს ცხელების გადამტანი ვექტორების – ტკიპების – გავრცელების ეპიდემიოლოგია შეისწავლა. დადგენილ იქნა, რომ დაავადების გადამტანი რამდენიმე სახეობის ტკიპა მთელი საქართველოს ტერიტორიაზეა გავრცელებული.

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების პირველი შემთხვევის დიაგნოზი ჩვენმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, ექიმმა ინფექციონისტმა ალეკო ნანუაშვილმა დასვა. პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი, მძიმე ჰემორაგიული სინდრომითა და პოლიორგანული უკმარისობით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ამ დაავადების კიდევ ათამდე შემთხვევის დიაგნოზი დაისვა და დადასტურდა ლაბორატორული კვლევებით.

რამ გამოიწვია ამ განსაკუთრებით საშიში დაავადების გავრცელების არეალის გაფართოება და მის გლობალურ ეპიდპროცესში საქართველოს ჩართვა, ამის ზუსტი მიზეზები, რა თქმა უნდა, უცნობია. სავარაუდოდ, ეს გლობალურ დათბობას და ფეხსახსრიანების, კერძოდ, ტკიპების, მიგრაციული პროცესების გაძლიერებას უკავშირდება. საზოგადოდ, ცნობილია ფეხსახსრიანების მეშვეობით გადამდები დაავადებების აქტივაცია გლობალურ დათბობასთან ერთად. იგივე შეიძლება ითქვას კოღოებსა და მოსკიტებზე და მათ მიერ გადატანილ დაავადებებზე. ამჟამად ევროპაში ფართოდაა გავრცელებული ტკიპისმიერი ენცეფალიტი, რაც ცენტრალური ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევების მატება ტკიპების გააქტიურების – მაისიდან სექტემბრამდე – პერიოდს ემთხვევა.

  • – დაავადების გადაცემის სხვა გზაც ხომ არ არსებობს?

– ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში, როცა სისხლდენა ეწყება. აღწერილია საავადმყოფოსშიდა ინფიცირების შემთხვევებიც. რისკი განსაკუთრებით მაღალია სამედიცინო პერსონალისთვის, ამიტომ ასეთი პაციენტების მოვლისას უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვაა საჭირო.

  • – როგორ ვლინდება ეს დაავადება კლინიკურად?

– ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მწვავე ორფაზიანი დაავადებაა. პირველ ფაზაში თავს იჩენს ინფექციური დაავადებისა და მძიმე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი არასპეციფიკური სიმპტომები: მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, ზოგჯერ – გულისრევა, პირღებინება, სახის წამოწითლება, წნევის დაცემა. დაავადების პირველი ფაზა ძალიან მალე, 2-6 დღეში, მეორეში გადადის. სწორედ მეორე ფაზაში იწყება ყირიმ-კონგოს ცხელებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებით საშიში პროცესები. სისხლში ვითარდება სერიოზული კოაგულოლოგიური ცვლილებები, ირღვევა შედედების ფუნქცია, რასაც მძიმე ჰემორაგიული სინდრომის განვითარება მოჰყვება. ჩნდება მასიური სისხლჩაქცევები კანზე, იწყება სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშარდე გზებიდან, საშვილოსნოდან. დაავადების ტერმინალურ სტადიაზე ვითარდება პოლიორგანული უკმარისობა. პრაქტიკულად ყველა ორგანო წყვეტს ნორმალურ ფუნქციობას. ყველაზე ხშირი და საშიში კი ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობაა. შორს წასულ შემთხვევებში პირველი სიმპტომების გამოვლენიდან მე-6-10 დღეს დაავადება ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება.

ცხადია, ცხელება ყოველთვის ასე მძიმედ არ მიმდინარეობს. არსებობს მისი შედარებით მსუბუქი ფორმებიც, რომლებიც გამოხატული კლინიკის არარსებობის გამო, როგორც წესი, არ დიაგნოსტირდება.

  • – როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა დღეს საქართველოში?

– ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში გამოიკვეთა რეგიონი, სადაც ყირიმ-კონგოს ცხელების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ეს რეგიონია შუა ქართლი, ბორჯომისა და ხაშურის რაიონები. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ დაავადების გავრცელების არეალი არ გაფართოვდება ან ჩვენი ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონში არ გადაინაცვლებს. წელს გვიანი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იყო, რის გამოც ორი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ყველა სხვა შემთხვევა პაციენტთა სრული გამოჯანმრთელებით დასრულდა. ჩვენი კლინიკის უმძიმესი ავადმყოფების განკურნება ინფექციური პათოლოგიის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ექიმების უდიდესი შრომითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

  • – როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

– დაავადებაზე ეჭვის მიტანა, ცხადია, კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება, რის შემდეგაც პაციენტი თავსდება სპეციალიზებულ განყოფილებაში. დაავადების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში ექიმს განსაკუთრებულ დახმარებას ანამნეზური მონაცემები უწევს. დღეისთვის დაავადების სპეციფიკური დიაგნოსტიკა პრობლემას არ წარმოადგენს. წინათ ჩვენი ექიმები კვლევის სეროლოგიურ მეთოდებს იყენებდნენ. ამჟამად ყველა შემთხვევის დიაგნოსტიკა კვლევის თანამედროვე მეთოდებით, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის, ე.წ. PCR რეაქციის, საშუალებით პაციენტის სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის გამოვლენას ემყარება, რასაც მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება, ამასთან, აღნიშნული მეთოდი 100%-ით სანდო დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

ყირიმ-კონგოს ცხელების კომპლექსურ მკურნალობაში გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, რომელთა დროული გამოყენება ხშირად განსაზღვრავს დაავადების კეთილსაიმედო გამოსავალს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ექიმი ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისას კარგავს, არის დრო, რომლის ანაზღაურება არავითარ ულტრათანამედროვე სამკურნალო საშუალებას არ შეუძლია.

ყირიმ-კონგოს ცხელების მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, რასაც ასევე ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი მოჰყვება, მაგრამ თუ პაციენტი გადარჩა, იგი სავსებით გამოჯანმრთელდება.

  • – როგორ შეიძლება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების პროფილაქტიკა?

– უპირველესად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული, ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა. მასზე ეჭვის მიტანა სამედიცინო სამსახურის პირველი რგოლის ექიმების პრეროგატივაა, ამიტომ აუცილებელია მათი ინფორმირება, სათანადო ტრენირება. ექიმებმა, განსაკუთრებით – შიდა ქართლის რეგიონში, უნდა იცოდნენ, რომ ზაფხულში არსებობს ყირიმ-კონგოს ცხელების გახშირების საფრთხე და განსაკუთრებით მაღალი რისკი ემუქრებათ შინაურ ცხოველებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს. ნებისმიერი პაციენტი საეჭვო სიმპტომებით დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი სპეციალიზებულ საავადმყოფოში. სამწუხაროდ, დროული დიაგნოსტიკა ყოველთვის არ არის საკმარისი. ყირიმ-კონგოს ცხელების ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა, დროულად დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, შედეგი მაინც ფატალურია. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ლეტალობა 5-დან 80%-დე მერყეობს. ამიტომ არის, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებები უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

* ვირუსით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

* სისტემატურად უნდა ჩატარდეს ცხოველთა სადგომების დეზინსექცია.

* ცხოველებთან ურთიერთობის დროს მომვლელმა უნდა ჩაიცვას სპეციალური დამცავი ტანსაცმელი. ეს ტანსაცმელი უნდა მუშავდებოდეს სპეციალური რეპელენტებით (მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით).

* ტკიპის კბენის შემთხვევაში ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

* სამკურნალო დაწესებულებებში დაავადებაზე საეჭვო პაციენტის მოთავსებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვირუსის მაღალი კონტაგიოზობა და მისი მაღალი კონცენტრაცია ავადმყოფის სისხლში. ასეთი პაციენტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ბოქსირებულ განყოფილებაში და მას სამედიცინო მომსახურება უნდა გაუწიოს საგანგებოდ განსწავლილმა პერსონალმა.

მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომითაა შესაძლებელი საფრთხის მინიმუმამდე შემცირება.

P.S. ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შემივიდა ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით, ამჯერად – საჩხერის რაიონიდან.

თამარ არქანია

 

გააზიარე: