კვებითი ინტოქსიკაცია
გააზიარე:
საყვარელი დრო დაავადებებსაც აქვთ: გრიპსა და გაციებას ზამთარი უყვარს, წყლულს და მაღალ წნევას – გაზაფხული, ზაფხული კი კუჭ-ნაწლავის ინფექციების ამოჩემებული პერიოდია. გარდა იმისა, რომ ბევრად მეტს ვმოძრაობთ და მეტ სიბინძურეს ვეხებით, თვითონ გამომწვევებსაც აქტიური გამრავლებისა და ცხოველქმედების პერიოდი უდგათ. ასე რომ, წელიწადის ამ დროს პური ჩვენი არსობისა უფრო ხშირად იქცევა უსიამოვნებათა სათავედ.
ექიმები ამბობენ, რომ ამ ინფექციების გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. ლათინურ ტერმინებში უკვე ისე გაიწაფეთ, ალბათ თავადაც მიხვდებით, ეს რას ნიშნავს. ჰოდა, აღარ განვმარტავთ, სამუდამოდ რომ არ დაგიკარგოთ საკვებსა თუ წყალთან მიკარების ხალისი. თუმცა ვიტყვით თუ არ ვიტყვით, ფაქტი ფაქტად რჩება – მშიერ-მწყურვალმა ლუკმას შესაძლოა ღმერთმა იცის სად ნამყოფი ბაქტერია, პარაზიტი თუ ვირუსი ჩავაყოლოთ. ხშირად ამ შეხვედრას ორგანიზმი თავადვე უმკლავდება, ისე რომ, ამბავი ექიმების ყურამდე არც კი მიდის. გამოთვალეს, რომ ამერიკაში საკვებთან ერთად მოხვედრილი პათოგენებით ყოველწლიურად 76 მილიონი ადამიანი ხდება ავად. ამათგან 5 000 შემთხვევა ფატალურად სრულდება.
ფაღარათისა და ღებინების დროს მთავარია, ორგანიზმი გაუწყლოებას გადავარჩინოთ. სვით რაც შეიძლება მეტი სითხე: წყალი, ბაცი ჩაი (უმჯობესია, მწვანე ან გვირილის), უგაზო ბორჯომი ან ნაბეღლავი, კომპოტი. უკეთესი იქნება, თუ სპეციალურ რეჰიდრატაციულ ხსნარს მიიღებთ. მისი მოსამზადებელი ფხვნილები: რეჰიდრონი, ჰუმანა ელექტროლიტი, – აფთიაქში იყიდება. ისინი ორგანიზმს წყლის გარდა დაკარგული მინერალების მარაგსაც შეუვსებს.
თვითნებურად ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს. ერთმა ან ორმა აბმა შესაძლოა დიარეისგან გიხსნათ, სამაგიეროდ, ნაწლავთა მიკროფლორას შემადგენლობას შეუცვლის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ანტიბაქტერიული საშუალებები მხოლოდ ექიმის რჩევით და მითითებული კურსის სრული დაცვით უნდა მიიღოთ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ სიმპტომებს დაერთო:
- მაღალი (38.5°C და მეტი) სიცხე;
- სისხლი განავალში;
- დიარეა სამ დღეზე მეტ ხანს;
- ძლიერი ღებინება;
- გაუწყლოების ნიშნები: პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, ჩაცვენილი თვალები, გამომშრალი კანი;
- შოკის ნიშნები: წნევის დაქვეითება, სუსტი გახშირებული პულსი ან ზედაპირული გახშირებული სუნთქვა;
- აბნეული ან შეცვლილი ცნობიერება.
ზაფხულის უსიამოვნებათა თავიდან აცილება კი მარტივია. ერთი სიტყვით რომ მოგვესურვებინა საწინააღმდეგო ღონისძიებათა აღწერა, ალბათ “სისუფთავეს” ავირჩევდით. ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა მრავალ დაავადებას აგაცილებთ თავიდან. ოღონდ ფართოდ რეკლამირებული ბაქტერიოციდული საპნების ყოველდღიური მოხმარებას არ გირჩევთ – ტრიკლოზანი მავნეებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ავლებს მუსრს. მავნებლებს ჩვეულებრივი საპონიც მშვენივრად მორევა, თუ, რა თქმა უნდა, საქმეს გულდასმით მოეკიდებით და არა ფაციფუცით. ექიმებმა სპეციალური გამოკვლევებიც ჩაატარეს. ერთნი გვარწმუნებენ, რომ საპნის ორჯერ წასმა ბაქტერიების რაოდენობას 90%-ით ამცირებს. მეორენი გვიქადაგებენ, ხელების ბანა 20 წამი მაინც უნდა გაგრძელდესო. ორივე მეთოდის ერთდროულ გამოყენებასაც არაფერი უდგას წინ. ანტიბაქტერიული საპონი კი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა კანი გაქვთ დაზიანებული (გაკაწრული, გაჭრილი), ავადმყოფს უვლით ანდა ცხოველს შეეხეთ.
კიდევ რამდენიმე რჩევა:
- ბაქტერიების უმრავლესობა ყველაზე უკეთესად 5-დან 60°C-მდე ტემპერატურაზე მრავლდება, ამიტომ საკვები მაქსიმალურად მოარიდეთ ამ დიაპაზონს: ცხელი კერძები ცხლად შეინახეთ, ცივი კი ცივად.
- ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს გაჩერებულმა მზა კერძმა შესაძლოა გაწყინოთ.
- ხილი და ბოსტნეული დიდხანს და გულდასმით რეცხეთ გამდინარე წყალში. მაგარქერქიანი პროდუქტების (კიტრისა და ნესვის) რეცხვისას სასურველია ბოსტნეულის სუფთა ჯაგრისიც გამოიყენოთ. გარეცხვის შემდეგ ხილისა და ბოსტნეულის ქაღალდის ხელსახოცით შემშრალება ბაქტერიების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს.
- მწვანილი, ხილი და კენკრა ჯერ 10-15 წუთით ჩააწყვეთ წყლიან ჭურჭელში, შემდეგ კი გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყლით, კომბოსტოს კი სასურველია გარეთა სამი ფურცელი შემოაცალოთ.
- სალათი მაიონეზითა და არაჟნით უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ შეკაზმეთ.
- უმი ხორცი, თევზი და მათი წვენი არამც და არამც არ უნდა შეეხოს მზა კერძს, ამიტომ მაცივარში მზა და უმი სურსათს ცალ-ცალკე მიუჩინეთ ადგილი, თანაც მზა პროდუქტები აუცილებლად თავდახურული ჭურჭლით შეინახეთ.
- არასოდეს გაალღოთ გაყინული პროდუქტი სამზარეულოს მაგიდაზე. გამოიყენეთ მაცივარი, ცივი გამდინარე წყალი ან მიკროტალღური ღუმელი.
- ნუ გამოტენით მაცივარს. საკვებმა სისაღე რომ შეინარჩუნოს, გრილი ჰაერი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.
- უმი და მოხარშული სურსათისთვის სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა ანდა ერთის სხვადასხვა მხარე გამოიყენეთ. უმ ხორცთან შეხების შემდეგ დაფები, დანები და მაგიდის ზედაპირი ცხელი საპნიანი წყლით გარეცხეთ.
- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი კვირაში ერთხელ გამოცვალეთ. ხშირად რეცხეთ მაგიდისა და ჭურჭლის საწმენდი ტილოები.
- თუ წყალს გრაფიკით გაწვდიან, ვიდრე სასმელად ან საკვების გასარეცხად გამოიყენებდეთ, ათიოდე წუთით აცადეთ დენა