მუცლის ტკივილი: უბრალო ჩივილი თუ სერიოზული პრობლემა
გააზიარე:
ვის არ სტკივებია მუცელი... ბავშვი ჯერ დაბადებულიც არ არის, რომ მზრუნველ მშობლებს პირველი განსაცდელი ატყდებათ თავს: რა ატირებს პაწიას? მუცელი ხომ არ სტკივა? ჩვილს ასაკი ემატება, პრობლემა კი არ ქრება. მეტიც: მუცლის ტკივილის მიზეზთა ნუსხა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. დისკომფორტიც სხვადასხვანაირად ვლინდება: მოვლითი ტკივილით დაწყებული, ყრუ, პერმანენტული ჩივილებით დამთავრებული.
ბავშვთა ასაკის პრობლემაა ჰელმინთოზი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ნაწლავებში ჭიების ჩასახლება, რომლებიც სხვა სიმპტომებთან ერთად მუცლის ტკივილითაც გვახსენებენ თავს.
მუცლის შეტევითი ტკივილის მიზეზად იოლად შეიძლება იქცეს გაუკუღმართებული კვებაც. ასეთი რამ არცთუ იშვიათად გვხვდება თინეიჯერებთან.
ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემა ნაწლავთა მოქმედების შეცვლით — შეკრულობით ან ფაღარათით ვლინდება. ორივე, ალბათ მიგვიხვდით, მუცლის ტკივილს იწვევს.
ზრდასრულ ასაკში მუცლის ტკივილის მიზეზთა ნუსხა იმდენად მრავალფეროვანია, ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მოდი, მთავარი თემა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს დავუთმოთ.
მუცლის ტკივილს ყველაზე ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას უკავშირებენ. გასტრიტი ანუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაც ხშირად ასეთივე შეგრძნებებს იწვევს.
ნაღვლის ბუშტის ანთებაც, რომელიც უმეტესად ამ პატარა ღრუ ორგანოში ჩალაგებული ქვიშისა და კენჭების ბრალია, საკმაოდ არის გავრცელებული და მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღმოცენებული ტკივილით იჩენს თავს.
აი, კუჭქვეშა ჯირკვლის ტკივილი კი სულ სხვა მიმართულებით ვრცელდება: ზურგისკენ, შემომსალტველი ხასიათის ძლიერი, აუტანელი შეგრძნებით.
ტკივილით გვახსენებს თავს ნაწლავების ანთებაც. ჭიანაწლავიც კი შეტევითი ტკივილით გვამცნობს, რომ გასაჭირშია.
სხვებს არც აირებით გამოტენილი ნაწლავები ჩამორჩებიან. მეტეორიზმის ყველაზე ხშირი გამოხატულება, სხვა უხერხულ სიმპტომებთან ერთად, მუცლის შეტევითი ტკივილიცაა, რომელსაც ყველაზე ეფექტურად ნახშირი და სხვა აბსორბენტები უმკლავდება.
როგორც არ უნდა ვეცადოთ, გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ მუცლის ტკივილი შეიძლება მძიმე დაავადების შედეგიც იყოს. თუნდაც მუცლის ფარის ანთება ანუ პერიტონიტი, რომელსაც ექიმები მწვავე მუცლის სიმპტომს უწოდებენ.
ყველა ამ პრობლემას მთავარ თემაში მიმოვიხილავთ. რა თქმა უნდა, არც ფიტოთერაპიას დავივიწყებთ, რომელსაც დღესაც ხშირად იყენებენ მუცელმტკივანი ადამიანები შვების იმედით.
ტკივილის უჩინარი მიზეზი
ერთხანს დამნაშავე უწესრიგო და უხარისხო კვება, მჟავე-ცხარეთი გატაცება ეგონათ, მერე აქცენტი თავისკენ გადაიტანეს და ივარაუდეს, რომ ყველაფრის თავიდათავი ნერვები, უფრო სწორად, სტრესი იყო, ბოლოს კი კირკიტა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ინფექცია ყოფილა. ალბათ, უკვე მიხვდით, რაზე ვაპირებთ საუბარს _ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებაზე, რომლის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი მუცლის ტკივილია.
წყლულოვანი დაავადების დიაგნოზს ყოველწლიურად მსოფლიოს მოსახლეობის 0,1-0,3%-ს უსვამენ. ასაკთან ერთად დაავადების გამოვლენის სიხშირე იმატებს. წინათ ის მამაკაცებში უფრო ხშირად აღირიცხებოდა, მაგრამ ბოლო ხანს სქესთა შორის თანაფარდობა გათანაბრების ტენდენც
იას ამჟღავნებს.
საქართველოს სინამდვილეში წყლულოვანი დაავადების გავრცელების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ძნელია, თუმცა არსებობს სტატისტიკის მოყვარული აშშ-ის მონაცემები, სადაც 309-მილიონიან მოსახლეობაში ყოველწლიურად წყლულოვანი დაავადების 4 მილიონი შემთხვევა აღირიცხება, ხოლო ამ დაავადების გართულების ფონზე სიკვდილიანობა 15 ათასს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაავადების სიხშირემ იკლო, მასთან ასოცირებული გართულებების პროცენტული მაჩვენებელი იგივე რჩება.
საიდან იწყება წყლული
წყლულით დაავადებული ათიდან 9 ადამიანის ორგანიზმში სპეციფიკური ბაქტერია Helicobacter Pylori ბუდობს. ამ ლათინური შესიტყვების პირველი ნაწილი ბაქტერიის კლასს აღნიშნავს, მეორე – საცხოვრებელ ადგილს. ასე რომ, ჩვენებურად მიკრობს პილორუსის ჰელიკობაქტერია ერქმევა. პილორუსი ბერძნული სიტყვაა და კარიბჭეს, ანუ კუჭის ბოლო, თორმეტგოჯა ნაწლავში გამავალ ნაწილს ნიშნავს. ეს მჟავაგამძლე ბაქტერია სწორედ კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანში ბინადრობს. ხშირად არც არაფერს აშავებს. ამერიკული სტატისტიკით, 30 წელზე უმცროსი ასაკის ახალგაზრდების მეხუთედი და 60 წელს გადაცილებულთა ნახევარი ამ ბაქტერიის მატარებელია, მაგრამ წყლული ყველას არ ემართება –ათ კაცზე საშუალოდ ერთი დაავადებული მოდის. ზუსტად არც ის არის დადგენილი, როგორ აღწევენ ეს ბაქტერიები ერთი ადამიანისგან მეორის ორგანიზმში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია მჭიდრო კონტაქტს, მაგალითად, კოცნას, თუმცა არც საკვებისა თუ წყლის მეშვეობით მათი შემოჭრისგან ვყოფილვართ დაზღვეულნი.
თუ წყლულოვანი დაავადების დროს ორგანიზმში ჰელიკობაქტერია არ აღმოჩნდა, დანაშაული (და, უნდა ითქვას, სავსებით სამართლიანად) ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ბრალდება. ამ ჯგუფში შედის ისეთი ცნობილი წამლები, როგორებიც არის ასპირინი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ვოლტარენი. პაციენტთა უმრავლესობა მათ ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე იტანს, მაგრამ ხანგრძლივი მიღებისას ზოგიერთს შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანი დაუზიანდეს.
ვერც მემკვიდრეობას გამოვრიცხავთ: ცნობილია, რომ თუ ახლო ნათესავს წყლულოვანი დაავადება აქვს, მისი ჩამოყალიბების რისკი გაცილებით მაღალია.
წყლულის განვითარებას ზოგიერთი სხვა დაავადებაც იწვევს, თუმცა ძალიან იშვიათად.
ექიმები გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებიც, როგორც გაირკვა, დამოუკიდებლად წყლულს არ აჩენს, მაგრამ ხელს უწყობს დაავადების ჩამოყალიბებას და შესაძლოა, შეხორცებაც გაართულოს და გაახანგრძლივოს. მედიკოსებმა ასეთი აგრესორების ნუსხაში შეიტანეს თამბაქო, ჭარბი ალკოჰოლი და სტრესი (როგორც ფსიქოგენური, ისე ფიზიკური, ვთქვათ, დამწვრობა ან ტრავმა).
წყლულოვანი დაავადება არის პროცესი, რომლის დროსაც კუჭის წვენი ორგანოს ლორწოვან გარსს აზიანებს და აწყლულებს. წყლული ყველაზე ხშირად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება, მაგრამ შესაძლოა, სხვაგანაც წარმოიშვას – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერ ისეთ უბანში, სადაც კუჭის წვენი თავის აგრესიულ მოქმედებას ამჟღავნებს, მაგალითად, საყლაპავში გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ან წვრილ ნაწლავში.
საყურადღებო ნიშნები
დაავადება უსიმპტომოდაც შეიძლება მიმდინარეობდეს, დისპეპსიური ფორმითაც (რომელიც ტკივილით, დისკომფორტით, სიმძიმის შეგრძნებით, გულისრევით ვლინდება) და ძლიერი ეპიგასტრული (მუცლის) ტკივილებითაც. კლასიკური ფორმისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილის აღმოცენება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. საკვების, მჟავადამაქვეითებელი პრეპარატის ან მინერალური, სოდიანი წყლის მიღების შემდეგ ტკივილი, წესისამებრ, სუსტდება.
საკმაოდ ხშირია ღამის ტკივილებიც, რომელიც პაციენტს ჩაძინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღვიძებს. აქვე უნდა ითქვას, რომ კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვან დაავადებას რამდენიმე დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი აქვს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ეხმარება ექიმს დაავადებაზე ეჭვის მიტანაში. მაგალითად, თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების დროს საკვების მიღების შემდეგ ტკივილი, წესისამებრ, ნელდება, მაგრამ 3-4 საათის შემდეგ კვლავ იჩენს თავს, კუჭის წყლულის შემთხვევაში კი საკვების მიღება ტკივილს აძლიერებს.
გარდა იმისა, რომ წყლულის არსებობა დისკომფორტს იწვევს, არსებობს სისხლდენის განვითარების საფრთხეც.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც კუჭის წყლულს უკავშირდება, სიმსივნური გადაგვარების რისკია. ცნობილია, რომ კუჭის წყლულების 5% სიმსივნური გადაგვარების პოტენციალს ატარებს. წდ-ს ძირითადი გართულებები კი ასეთია:
. სისხლდენა (ჰემორარგია), უფრო ზუსტად, სისხლის ჟონვა დაზიანებული კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანიდან. სისხლდენა ზოგჯერ უმნიშვნელოა, პაციენტისთვის შეუმჩნეველი, ზოგჯერ, შედარებით მსხვილი კალიბრის სისხლძარღვის დაზიანებისას – მასიური;
. კუჭის ან თორმეტგოჯას პერფორაცია ანუ გახვრეტა და შიგთავსის მუცლის ღრუში მოხვედრა;
. პენეტრაცია ანუ წყლულისა და ანთებითი პროცესის ფონზე კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მეზობელ ორგანოებში (კუჭქვეშა ჯირკვალში, მსხვილი ნაწლავში, ღვიძლში) გახსნა;
. სტენოზი, ანუ კუჭის ბოლო ნაწილისა და თორმეტგოჯას დეფორმაციული შევიწროება, რომელიც საკვების ნორმალურ გადაადგილებას უშლის ხელს.
თუ ადამიანს წდ-ის ეჭვი გაუჩნდა, უმჯობესია დროზე მიმართოს გასტროენტეროლოგს და საქმე გართულებამდე არ მიიყვანოს, დაავადების გართულების შემთხვევაში კი მისი მართვის სადავეები ექიმებმა უნდა აიღონ ხელში. თვითნებური მკურნალობა ან ლოდინის ტაქტიკის გამოყენება დაუშვებელია. ასეთ დროს გასტროენტეროლოგი ენდოსკოპისტსა და, თუ საჭიროა, ქირურგთან ერთად შეიმუშავებს დაავადების მართვის ტაქტიკას.
დიაგნოსტიკა-მკურნალობის შესახებ
ექიმს დაავადებაზე გარკვეულ წარმოდგენას თქვენი ჩივილების მოსმენა და გასინჯვაც შეუქმნის, თუმცა თანამედროვე მედიცინა წყლულის დანახვის საშუალებასაც იძლევა. ყველაზე ხშირად ენდოსკოპიურ მეთოდს მიმართავენ. მისი მეშვეობით ადვილად ადგენენ წყლულის ლოკალიზაციას, ზომას, კიდეების, ფსკერის მდგომარეობას...
მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის ჰელიკობაქტერიის არსებობის დადგენაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ბაქტერიის აღმოჩენა ენდოსკოპიის დროს აღებული ლორწოვანი გარსის ბიოპტატის შესწავლით ან სისხლის სპეციალური ანალიზით შეიძლება.
თუ წყლულის აღმოჩენასთან ერთად ჰელიკობაქტერიების არსებობაც დაადგინეს, მკურნალობის სქემაში, რა თქმა უნდა, წამყვან ადგილს ანტიბიოტიკები დაიკავებს. მიკრობი მთლიანად რომ განადგურდეს, ერთდროულად რამდენიმე წამლის მიღებაა საჭირო, თანაც კურსის შუა გზაზე შეწყვეტა არაფრით არ შეიძლება. მედიკამენტების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯგუფი კუჭის წვენის სეკრეციას ამცირებს და ლორწოვანს იარების მოშუშების დროს აძლევს. პაციენტი სნეულებისგან სამუდამოდ რომ გაათავისუფლონ. ექიმები ხშირად განსაზღვრული შუალედით ნიშნავენ რამდენიმე კურსს.
თანამედროვე მედიცინა, ჩვეულებრივ, ამარცხებს წყლულს. ქირურგიული ჩარევა შედარებით იშვიათია, კერძოდ, მაშინ, როცა კონსერვატიული მკურნალობით წყლულის შეხორცება ვერ ხერხდება, როცა რეციდივი კვლავ და კვლავ იჩენს თავს და გართულებისას.
განკურნებას საგრძნობლად დააჩქარებთ და შედეგიც უკეთესი იქნება, თუ კუჭს ზედმიწევნით მოარიდებთ გამაღიზიანებელ აგენტებს. ეს, უპირველეს ყოვლისა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, სტრესებთან გამკლავებას გულისხმობს.
ჩვენი ექიმების აზრით, მკურნალობისას დიეტის დაცვა აუცილებელია. იზღუდება ცხარე და ცხელი საკვები, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი და გაზიანი სასმელები. მკურნალობის დასრულების შემდეგ, თუ ადამიანს არც ტკივილი აწუხებს და ენდოსკოპიაც ადასტურებს, რომ წყლული შეხორცებულია, დიეტის დაცვა საჭიროდ აღარ მიიჩნევა. უცხოელები ნაკლებად კატეგორიულები არიან. მათი მონაცემებით, გამაღიზიანებელი საკვებისა თუ კერძების სია მკვეთრად ინდივიდუალურია, ამიტომ ავადმყოფს ურჩევენ დააკვირდეს, ტკივილს ხომ არ უძლიერებს ან გულძმარვას ხომ არ უჩენს რომელიმე საკვები და მხოლოდ მას მოერიდოს.
მოკლედ, თუ წყლულოვანი დაავადების დიაგნოზი დაგისვეს, მთელი სიცოცხლე დიეტაზე ყოფნას, სანახევროდ შიმშილს, მრავალ საყვარელ ნუგბარზე სამუდამოდ უარის თქმას აღარავინ მოგთხოვთ. დროულად მიმართეთ ექიმს, შეასრულეთ მისი ყველა რეკომენდაცია. თუ ასე მოიქცევით, დიდია ალბათობა, დაავადებას სამუდამოდ დააღწიოთ თავი.
აირების შემოტევა
ამერიკელ გასტროენტეროლოგთა მონაცემებით, აირების ჭარბ დაგროვებას მოსახლეობის 11% უჩივის. მათივე განმარტებით, მეტეორიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მუცლის ტკივილი და დისკომფორტი ახლავს თან, უმეტესად უწყინარია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ის მძიმე დაავადებაზე მიუთითებს. ასეთ დროს მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
მუცლის შებერილობასა და ტკივილს აირების ჭარბი დაგროვება იწვევს, თავად აირთა დაგროვების მიზეზი კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი გამოყოფის დარღვევა ან ჭარბი წარმოქმნაა. მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.
აირები ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით
ხვდება, უმთავრესად – ჰაერის გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში აირების ჭარბი წარმოქმნისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის (დახშობის) შედეგად მათი აბსორბციის (შეწოვის) დარღვევისას და ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში გადანაცვლებისას.
საკვების ან სითხის მიღების დროს გადაყლაპული აირი ჯანმრთელ ადამიანს პრობლემას არ უქმნის. ის თავისთავად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან საყლაპავის გავლით – ბოყინის გზით, რაც საკვების მიღების შემდეგ პათოლოგიად არ ითვლება. მაგრამ ხდება აირების ჭარბი გადაყლაპვაც, რასაც აეროფაგია ეწოდება. აეროფაგია იწვევს ხშირ ბოყინს. იგი უნებლიე პროცესია და ხშირად ასოცირდება ემოციურ სტრესთან. აეროფაგიის მიზეზია სწრაფი კვება, სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით სმა, ჭამის დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა, თამბაქოს წევა. გადაყლაპული აირის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის პოზაზეც.
შემოტევის ნიშნები
ნაწლავებში აირთა ჭარბი წარმოქმნა მუცლის არეში დისკომფორტს იწვევს. როდესაც აირი გადაადგილდება ნაწლავის, განსაკუთრებით – მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ფიზიოლოგიური ნაკეცების გასწვრივ, ადამიანმა შესაძლოა იგრძნოს ყრუ ან მკვეთრი, მჭრელი ტკივილი მუცლის ზედა ან შუა ნაწილში. ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს უშუალო კავშირი აირების რაოდენობასა და ტკივილის ინტენსივობას შორის, ვინაიდან ყველა ადამიანს ტკივილის ინდივიდუალური აღქმა აქვს. ზოგიერთი ამ დროს მხოლოდ მუცლის გარშემოწერილობის მატებას უჩივის, ზოგიერთს ნორმალური აირწარმოქმნის ფონზეც კი აწუხებს შებერილობის შეგრძნება და დისკომფორტი...
საკვებით გამოწვეულ აირთა ჭარბ წარმოქმნას ალიმენტური მეტეორიზმი ეწოდება. მისი მიზეზია ცელულოზით, უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი საკვების მიღება – ისეთისა, როგორებიც არის პარკოსნები (ლობიო, ბარდა), ბროკოლი, კომბოსტო, ხილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), კარტოფილი, ლაფშა.
კვებით გამოწვეული პრობლემა
ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვრული ნივთიერებების მონელება ამ პროცესში მონაწილე ფერმენტების დეფიციტის გამო. ასეთი დარღვევაა, მაგალითად, ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტის შედეგად განვითარებული ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზას რძე და რძის ნაწარმი შეიცავს. ლაქტაზის დეფიციტის დროს ასეთი საკვების მიღება ინტენსიურ აირწარმოქმნას, დიარეასა და მუცლის ტკივილს იწვევს.
ზოგჯერ ლაქტაზის დეფიციტი მეორეულია – ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ნაწლავებში ბაქტერიათა ჭარბი გამრავლების შედეგი, და ადამიანს, რომელიც მანამდე კარგად იტანდა რძესა და რძის ნაწარმს, ერთ დღესაც მათი მიღებისას შესაძლოა მუცლის შებერილობა, ტკივილი და დიარეა განუვითარდეს.
მუცლის შებერილობის ერთ-ერთი მიზეზია დისპეფსია, რომელიც მუცლის ზედა ნაწილში პერიოდული ან მუდმივი დისკომფორტით ვლინდება. ხშირია ფუნქციური ხასიათის დისპეფსია (აშშ-ში, მაგალითად, იგი მოსახლეობის 25%-ს აწუხებს და პირველადი ჯანდაცვის ექიმთან და გასტროენტეროლოგთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია). ამ დროს ჩივილის კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ფუნქციური ხასიათის დისპეფსიას ახასიათებს მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება. ზოგჯერ ამას ერთვის გულისრევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, წონის კლება.
ფუნქციური ხასიათის დისპეფსიის დროს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული (სტრუქტურული) დაზიანება არ შეინიშნება. ჩივილების მიზეზი შესაძლოა იყოს კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევა (კუჭის დროულად დაცლის შეფერხება), ასევე – კუჭის ან ნაწლავების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს) მაინერვირებელი ნერვების მომატებული აქტივობა, რის შედეგადაც, მიუხედავად კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისა და აირთა ნორმალური რაოდენობისა, ადამიანს დისკომფორტი და ტკივილი აწუხებს. ფუნქციური ხასიათის დისპეფსიასა და მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იწვევს სხვა ფაქტორებიც: კუჭის მოტორული ფუნქციის დარღვევა, ჰელიკობაქტერიული ინფექცია, შფოთვა და დეპრესია.
მუცლის შებერილობა ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრუქტურულ დაავადებასაც ახლავს თან. მაგალითად, წყლულოვან დაავადებას, გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს.
რას ვერიდოთ
ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ისეთ საკვებს მიღებას, როგორიცაა: რძე და რძის ნაწარმი (ლაქტოზის აუტანლობისას), პარკოსნები (ლობიო), კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი, კარტოფილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), ხილი, ხელოვნური დამატკბობლები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (მათ შორის – გაზიანი მინერალური წყალიც), საღეჭი რეზინი. მიირთვით ნელა, ჭამის დროს ნუ ილაპარაკებთ, ნუ მოსწევთ, ნუ შეჭამთ წამოწოლილი. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს.
მუცლის შებერილობისა და სხვა დისპეფსიური ხასიათის ჩივილების დროს ბევრი თვითნებურად იღებს ფერმენტულ პრეპარატებს. მართალია, გვერდითი ეფექტები ამ წამლებს თითქმის არ ახასიათებს, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე მათი გამოყენება მაინც არ არის მიზანშეწონილი.
საზოგადოდ კი, ინტენსიური აირწარმოქმნისა და მუცლის შებერილობისას ინიშნება: სიმეტიკონი, გააქტიურებული ნახშირი, ალფა-გალაქტოზიდაზა (ბიანო – სამწუხაროდ, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ არის), რომელიც ამცირებს აირთა წარმოქმნას პარკოსნების მიღების შემდეგ.
გაღიზიანებული და მტკივანი
ნაღვლის ბუშტის ანთების ანუ ქოლეცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამ მუჭისოდება ღრუ ორგანოში პატარ-პატარა კენჭების ჩალაგებაა. მართლაც, ნაღვლის ნორმალურ დინებას ყველაზე ხშირად კონკრემენტები (ჩვენებურად – ქვები, კენჭები) აფერხებს. ნაღვლის ეს გასქელებულ-გამაგრებული გროვები ზოგჯერ ქვიშის მარცვლისოდენაა, ზოგჯერ – ბავშვის მუჭისოდენაც კი.
ნაღველკენჭოვანი დაავადების ყველაზე ხშირი გამოხატულებაა ნაღვლის კოლიკა – ძლიერი შეტევითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ზოგჯერ ბეჭში ან ზურგში გადაეცემა. შეტევა, ჩვეულებრივ, ნახევრიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.
ფრანგი თერაპევტები ამბობენ, ნაღველკენჭოვანი დაავადება სნეულებაა, რომელსაც სიმპტომები არ გააჩნია, მხოლოდ გართულებები აქვსო. მართლაც ასეა: ნაღვლის ქვები ასიდან 80 შემთხვევაში არავითარ ჩივილს არ იწვევს. ასეთ “უჩინარ” ქვებს ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე ექოსკოპიისა თუ სხვა გამოკვლევის დროს. გამოთვლილია, რომ ნაღვლის ქვების წარმოქმნიდან სიმპტომების გამოვლენამდე საშუალოდ 25 წელი გადის. სამაგიეროდ, თუ უსიამოვნებამ ერთხელ იჩინა თავი, აღარ დაგვეხსნება და შეტევებიც უფრო და უფრო ხშირად შეგვაწუხებს.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული კენჭის ზომაზე. შეიძლება, კონკრემენტი ნაღველსადენი გზებით ნაწლავებში გადავიდეს (ეს სპონტანურ განკურნებას ნიშნავს) ან სადინარში გაიჭედოს. თანაც უცხო წარმონაქმნი განუწყვეტლივ აღიზიანებს ბუშტის კედლებს და ანთებით ცვლილებებს უდებს სათავეს.
დაავადების რისკფაქტორებია:
- სქესი. ქალებს ქვები ორჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ. ესტროგენის სიჭარბე, რასაც ორსულობა, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ან კონტრაცეპტივების მიღება იწვევს, ალბათობას უფრო მეტად ზრდის.
- ასაკი. 60 წელს გადაცილებულებს დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.
- გენეტიკა. საკმაოდ ხშირად ვხვდებით ნაღველკენჭოვანი დაავადების ოჯახურ შემთხვევებს.
- წონა. სულ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამიც კი საკმარისია, რომ რისკმა მოიმატოს.
- კვება. ცხიმიანი და ქოლესტეროლით მდიდარი კერძები, მცენარეული ბოჭკოს სიმცირე ქვების გაჩენის ალბათობას ზრდის.
- წონის სწრაფი კლება. სხვა ფაქტორები რომც გამოვრიცხოთ, შიმშილობისა და ექსტრემალური დიეტის დროს ნაღვლის ბუშტი უფრო იშვიათად იცლება, შეგუბება კი ქვების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დასადგენად ექიმები ყველაზე ხშირად ექოსკოპიას იყენებენ. ეს მარტივი, ხელმისაწვდომი და სრულიად უსაფრთხო გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ორგანოს ზომა, კედლის მდგომარეობა, გამოვავლინოთ ქვები და კენჭები და ავთვისებიანი პროცესიც (იშვიათად ასეც ხდება) კი ვიეჭვოთ. მეტი ინფორმაციულობისთვის ზოგჯერ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, კონტრასტულ ქოლეცისტოგრაფიასა და ქოლანგიოგრაფიას, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზსა და სხვა მეთოდებსაც მიმართავენ.
მკურნალობის ტაქტიკა დიაგნოზისა და მდგომარეობის მიხედვით შეირჩევა. უსიმპტომო, ე.წ. ჩუმი ქვების დროს დაკვირვება და მოცდაც საკმარისია. თუ ქვებმა პრობლემა გამოიწვია ან რაიმე გართულებამ იჩინა თავი, ექიმები მხოლოდ კონკრემენტებს კი არ იღებენ, არამედ მთლიანად ამოკვეთენ ნაღვლის ბუშტს. ამჟამად ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება – მუცლის კედლის გაკვეთის მაგივრად ქირურგი რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ დიამეტრის) ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეაქვთ და ორგანოს ამოკვეთენ.
ნაღვლის ბუშტმა რომ არ შეგაწუხოთ, ასე მოიქეცით:
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.
- ნუ წამოიწყებთ მკაცრ დიეტას, რომელიც დღეში 800 კალორიაზე ნაკლების მიღებას ითვალისწინებს.
- რაციონი ისე შეადგინეთ, რომ ნაკლებ ცხიმსა და მეტ მცენარეულ ბოჭკოს შეიცავდეს. რაც შეიძლება მეტი მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული, ასევე – გადაუმუშავებელი მარცვლეული. ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, კარაქს, მარგარინს, მაიონეზს, შემწვარ, მჟავე, მწარე, ცხარე და სუნელებით შეზავებულ კერძებს, კონსერვებს, ძეხვეულს, მეტისმეტად ცივ საკვებსა და სასმელს.
- საკვები რეგულარულად, დღეში 4-6-ჯერ უნდა მიირთვათ. ეს ნაღვლის ბუშტის დროულ დაცლას შეუწყობს ხელს.
რა უხდება ნაღვლის ბუშტს
ნაღვლის ბუშტის პრობლემებს საუკუნეების განმავლობაში მცენარეული ნაყენებით მკურნალობენ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პრეპარატები ლამის სასწაულს ახდენენ, ბალახეულმა წამლებმა დღემდე შეინარჩუნეს მნიშვნელობა. მოდი, თვალი გადავავლოთ იმ მცენარეებს, რომლებიც ნაღვლის ბუშტის პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.
ჯანჯაფილი ძალზე სასარგებლოა გულისრევისა და პირღებინების, მეტეორიზმის დროს, რომელიც ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით არის გამოწვეული. აშშ-ის ზოგიერთ საავადმყოფოში კუჭის პრობლემებისგან თავის დასაზღვევად თითქმის ყველა ახალნაოპერაციევს ჯანჯაფილის წვენს ასმევენ.
ძალზე მარგებელია კოწახურის მატონიზირებელი ჩაი: ერთ ჭიქა მდუღარეზე ვიღებთ ერთ ჩაის კოვზ ფოთოლს ან ნაყოფს, ვაყენებთ ნახევარი საათით და ვსვამთ დღეში სამჯერ. სასურველი ეფექტის მისაღებად კოწახურის ჩაი ორი კვირა მაინც უნდა ვსვათ.
შეიძლება ასეც: აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კოწახურის ხის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ს. კ. დღეში 2-3-ჯერ მაინც.
გულყვითელას სპირტხსნარის მოსამზადებლად აიღეთ 25 გ მცენარის გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი ან არაყი, დააყენეთ 15 დღის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ოღონდ დიდხანს. კალენდულას წვეთები აწესრიგებს ძილს, ამაღლებს შრომის უნარს და, რაც მთავარია, მარგებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს.
მწვავე, აუტანელი
მუცლის ტკივილი რომ მრავალ დაავადებას ახასიათებს, უკვე შევთანხმდით. არსებობს კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც იმდენად სერიოზულია, რომ გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. მას მედიკოსები მწვავე მუცელს უწოდებენ. ტკივილი ამ დროს იმდენად ძლიერია, რომ გვაიძულებს, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუმცა ხდება ისეც, რომ ვაგვიანებთ და ამით საკუთარ თუ სხვის სიცოცხლეს სასწორზე ვდებთ. პაციენტის გადარჩენა ამ დროს მხოლოდ ქირურგს შეუძლია, რომელმაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოიცნოს პათოლოგია და ოპერაციას შეუდგეს.
მაინც რისი ბრალია მწვავე მუცელი?
მუცლის ღრუში მდებარეობს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოლ. მწვავე მუცელი ნებისმიერი მათგანის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს.
მწვავე მუცელი, არსობრივად, პერიტონიტი ანუ მუცლის ფარის ანთებაა. ის შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი – ლოკალური, შემოფარგლული, ისე დიფუზური ანუ გავრცობილი.
იმის უკეთ გასაგებად, რასთან გვაქვს საქმე, მცირე ანატომიის გაკვეთილს შემოგთავაზებთ.
პერიტონეუმს ორი ფურცელი აქვს: პარიესული, რომელიც შიგნიდან ამოფენს მუცლის კედელს და ვისცერული, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოებს აკრავს გარს. პერიტონეუმში უხვადაა ნერვული დაბოლოება და სისხლძარღვი, ამიტომ ანთებითი პროცესი ძლიერ ტკივილს იწვევს. ეს არც ისე ცუდია, რადგან პათოლოგიური პროცესის დროულ გამოვლენას უწყობს ხელს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი სუსტია და პრობლემის იდენტიფიკაცია გვიანდება.
პერიტონიტის მთავარი სიმპტომი მუცლის ტკივილია, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ზოგჯერ – პირღებინებაც. მოძრაობისას ტკივილი, წესისამებრ, იმატებს.
იმისდა მიხედვით, რომელი ორგანოს დაავადების შედეგია პერიტონიტი, მწვავე მუცელს შესაძლოა ფაღარათი ან ყაბზობაც ახლდეს თან.
პერიტონიტის სხვადასხვა სტადიაში ტემპერატურული რეაქცია სხვადასხვაა. ტემპერატურა შეიძლება იყოს როგორც ჰექტიური – ძალზე მაღალი, ისე სუბფებრილურიც – 37°C-ის ფარგლებში.
პერიტონიტის მიზეზი უმეტესად ღრუ ორგანოს პერფორაციაა (კედლის გახვრეტა), რომელიც შეიძლება გამოიწვიოს არასპეციფიკურმა წყლულოვანმა კოლიტმა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულმა და სხვ. მწვავე მუცელში შეიძლება გადაიზარდოს ნაწლავთა გაუვალობა, მწვავე კენჭოვანი ქოლეცისტიტი, მწვავე აპენდიციტი. მუცლის ფარის ანთება ასევე შეიძლება გამოწვიოს მუცლის ღრუში შემავალმა დაზიანებამ (ნაკვეთმა ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობამ) ან ზოგადმა ტრავმამ, მაგალითად, დაცემის შედეგად მუცლის ღრუს ორგანოს – ელენთის, ღვიძლის – . გახეთქვამ.
მწვავე მუცელი პირობითი ცნებაა, რომლითაც განსაზღვრულ სიმპტომოკომპლექსს აღნიშნავენ. სიმპტომთა ამ კომპლექსში წამყვანია პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, რომელთა განსაზღვრა ქირურგს შეუძლია, თუმცა ის ყოველთვის ადვილად სადიაგნოზო არ არის, ვინაიდან მსგავსი ჩივილები ზოგჯერ სხვა დაავადებებსაც ახლავს თან, მაგალითად, ენტერიტს, ენტეროკოლიტს, ნაწლავური ინფექციით გამოწვეულ ნაწლავის ანთებას. ზოგჯერ კლინიკური სურათი იმდენად მსგავსია, რომ დიაგნოსტიკა უკიდურესად რთულდება. ამ შემთხვევაში დიაგნოზის სიზუსტისთვის ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სისხლის საერთო ანალიზს იყენებენ.
სანამ ტკივილით შეწუხებული ადამიანი გადაწყვეტს, რომ მისი ხსნის ერთადერთი გზა ექიმის ჩარევაა, თავად ებრძვის ტკივილს. გაითვალისწინეთ: ოყნა, კუჭის ამორეცხვა, ტკივილგამაყუჩებლების მიღება და სხვა შინაური მეთოდები მწვავე მუცლის დროს პაციენტსაც ვნებს და ექიმსაც ურთულებს საქმეს. ამიტომ გირჩევთ, მწვავე ტკივილის აღმოცენებისთანავე ექიმს მიმართოთ. არის შემთხვევები, როდესაც ექიმთან 24, 48, 72 საათის შემდეგაც კი მიდიან, ამ დროს კი უკვე უნივერსალური პერიტონიტია ჩამოყალიბებული, რომელსაც ძალზე მძიმე პროგნოზი აქვს. საქმეს ზოგჯერ სასწრაფო ოპერაცია და ახალი თაობის ანტიბიოტიკებიც ვეღარ შველის. დროული მიმართვის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკოთერაპიისა და სწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განკურნება სავსებით შესაძლებელია.
ამრიგად, დაიხსომეთ: მუცლის მწვავე ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. არ არის აუცილებელი, ეს უკანასკნელი მაინცდამაინც ქირურგი იყოს. შესაძლოა, სხვა პროფილის ექიმმა ტკივილის ზუსტ მიზეზს ვერ მიაგნოს, მაგრამ სწორ მიმართულებას აუცილებლად მოგცემთ.
პაწია ღიპუცას დიდი პრობლემები
მუცლის ტკივილი ლამის დაბადებიდან დაჰყვება ადამიანს. ჯერ მუცლის ჭვალი უფრთხობს ძილს, ოდნავ წამოიზრდება და ჰელმინთები შეუჩნდებიან... მოდი, მივყვეთ და პატარა ონავრის მუცლის ტკივილის მიზეზები ერთად გავარკვიოთ.
ჩვილებში მუცლის ტკივილს უმეტესად მუცლის კოლიკას, ჩვენებურად – ნაწლავთა ჭვალს, აბრალებენ. სამწუხაროდ, სპეციალისტებმა კოლიკის მიზეზის დადგენა დღემდე ვერ მოახერხეს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბრალი მიუძღვის აირებს, რომლებსაც ბავშვი ჭამის დროს უნებურად ყლაპავს, ზოგიერთის აზრით კი მიზეზი დედის მიერ მიღებული გამაღიზიანებელი (ცხიმიანი, ცხარე) საკვებია, რომლის კომპონენტებიც პაწია ღორმუცელას ორგანიზმში რძის მეშვეობით ხვდება.
ბოლო ხანს კოლიკა ბავშვის ტემპერამენტს დაუკავშირეს. მგრძნობიარე პატარებს, რომლებიც გამუდმებით ითხოვენ მშობლის ალერსს, ჭვალი თურმე უფრო ხშირად აწუხებთ.
ერთი სიტყვით, გახსოვდეთ: ნაწლავთა ჭვალი არ არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ პედიატრთან კონსულტაციას მაინც გირჩევთ. მანამდე კი გაითვალისწინეთ: კოლიკა დაბადებიდან რამდენიმე კვირაში იჩენს თავს. თუ პაწია დაბადებიდანვე მოუსვენარია და ხშირად ტირის, სავარაუდოდ, ჭვალი არაფერ შუაშია.
დაიხსომეთ ისიც, რომ სამი თვის ასაკში კოლიკა გაივლის. თუ ჭვალი გახანგრძლივდა, დისკომფორტი, სავარაუდოდ, რეფლუქსის ბრალი იქნება. ამ დროს კუჭში მოხვედრილი საკვები უკან, საყლაპავში ბრუნდება.
ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
პატარა ჭვალმა რომ არ შეაწუხოს, ასე მოიქეცით:
* ეცადეთ, კვების დროს ჩვილი ვერტიკალურად გეჭიროთ.
* კვების შემდეგ დაელოდეთ, ვიდრე დააბოყინებს.
* ჭვალის შეტევის დროს პატარა ხელში აიყვანეთ ან საწოლშივე დაარწიეთ. შეგიძლიათ, სარწეველა სავარძელში ან ჰამაკში ჩააწვინოთ და ისე არწიოთ.
* თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, გირჩევთ, საკუთარ რაციონს გადაავლოთ თვალი. არ შეიძლება სანელებლებიანი, ცხიმიანი, ცხარე, კოფეინის შემცველი საკვების, ციტრუსის მიღება. მართალია, ასეთი საკვები ნაწლავთა ჭვალის უშუალო მიზეზი არ არის, მაგრამ დისკომფორტს ამძაფრებს.
* ნუ მოაშივებთ ბავშვს და ნუ ეცდებით რეჟიმის დაცვას, თუ პატარა შიმშილის გამო ტირის. აჭამეთ იმდენი, რამდენსაც მოითხოვს. უმჯობესია, კვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით. რა გასაკვირია, შიმშილით შეწუხებულ თოთო ბავშვს ჭვალმა შეუტიოს.
* თუ თქვენი პატარა ხელოვნურ კვებაზეა და ჭამის შემდეგ იწყებს ტირილს, შესაძლოა, საკვები ფორმულის შეცვლა მოგიხდეთ.
* საკვები ჭამის წინ ბოთლით შეუთბეთ (რა თქმა უნდა, ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს ეს არ ეხება).
* გამოკვებეთ ჩვილი ვიწრონასვრეტიანი საწოვარათი. საზოგადოდ, ეცადეთ, სწრაფად არ ჭამოს.
* მიაღებინეთ თბილი აბაზანა. კოლიკის შეტევის დროს ბევრი ჩვილს მხოლოდ წელს ქვემოთ სვამს თბილ წყალში. ასეც შეიძლება, მაგრამ ბავშვს უფრო მეტად ესიამოვნება, თუ მთლიანად აჭყუმპალავებთ.
* დასამშვიდებლად მიეცით საწოვარა.
* ხელისგული საათის ისრის მიმართულებით ნაზად დაუსვით მუცელზე.
* მუცელზე რბილი და თბილი ნაჭერი შემოახვიეთ.
* ეტლში ჩააწვინეთ და სასეირნოდ წაიყვანეთ.
ფრთხილად
ნაწლავთა ჭვალი საშიში არ არის, მაგრამ ტკივილი შესაძლოა სხვა პრობლემის მაუწყებელი იყოს. აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, თუ:
* მუცელზე ხელის შეხებისას ბავშვი ტირილს უმატებს;
* პატარა აღარ იმატებს წონას;
* აქვს მაღალი ტემპერატურა;
* ეჭვობთ ტრავმას.
საბავშვო ბაღის ბრალია
მცირე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის მთავარი მიზეზი ჰელმინთოზი ანუ ჭიის კვერცხებით ინვაზიაა. მკურნალობის ეფექტიანობის მთავარი პირობა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, კერძოდ, ბავშვმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები. არასდიდებით არ შეიძლება დაუბანელი ხელებით ჭამა.
ჰელმინთოზზე მშობლებს მიანიშნებს კბილების კრაჭუნი ძილი დროს, გაძლიერებული ნერწყვდენა და უკანა ტანის ქავილი, თუმცა ამ ნიშნების არსებობა სრულიადაც არ არის აუცილებელი. საკმარისია, ბავშვი ხშირად იტკივებდეს მუცელს – ის უთუოდ უნდა მივიყვანოთ ექიმთან და უპირველესად ჭიის კვერცხების არსებობაზე გამოვიკვლიოთ.
არასწორი კვების შედეგი
წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი ბავშვებშიც იჩენს თავს. საქმე ის გახლავთ, რომ წყლულის ჩამოყალიბებას ხშირი სტრესი, კვების რეჟიმის დარღვევა უდევს საფუძვლად, რაც ზრდასრულთა ცხოვრებაში უფრო ხშირია.
თანამედროვე წარმოდგენით, წყლულოვანი დაავადების მთავარი გამომწვევია ჰელიკობაქტერია, თუმცა ორგანიზმში მისი არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ წყლული უთუოდ ჩამოყალიბდება. წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბებაში მრავალი სხვა ფაქტორიც (არასწორი კვება, კუჭის თანდაყოლილი მაღალი მჟავიანობა და ა.შ.) მონაწილეობს.
ბავშვებში გვხდება ნაღვლის ბუშტის პათოლოგიაც, რომელსაც მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში დისკომფორტი და ტკივილი ახასიათებს.
ქოლეცისტიტისთვის, გარდა ტკივილისა, დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა და ღებინება. ამჟამად მიიჩნევა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთება თან სდევს ნაღველკენჭოვან დაავადებას, რომელიც ბავშვთა ასაკში იშვიათია. ამ ასაკში უპირატესად სანაღვლე გზების დისკინეზია ვითარდება, რაც ნაღვლის პასაჟის (გამოდევნის) დარღვევით არის განპირობებული. ეს პათოლოგია, თავის მხრივ, შესაძლოა სანაღვლე გზების თანდაყოლილ დეფორმაციას (მაგალითად, ნალის ფორმის ნაღვლის ბუშტს) უკავშირდებოდეს. ნაღვლის პასაჟის შეფერხების შედეგად ირღვევა საკვების მონელების პროცესი, ნაღვლის ბუშტის კედლები იჭიმება, რაც ტკივილს იწვევს. ამდენად, ის, რაც მშობელს ქოლეცისტიტი ჰგონია, ხშირად სანაღვლე გზების დისკინეზიაა.
მოსწავლის კვების რეჟიმი
მშობლებს ვურჩევთ, ბავშვებს ბუნებრივი საკვები შესთავაზონ, მოარიდონ ძეხვეულს, სოსისებს, შებოლილ ხორცს, ჩიფსებს და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმს.
არასასურველია გაზიანი სასმელებით, მაგალითად, კოკა-კოლათი გატაცება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ტკბილი გაზიანი სასმელები სრულებით ავუკრძალოთ – დაბადების დღეზე, წვეულებაზე ორიოდე ჭიქა ნამდვილად არ ავნებს.
სკოლის მოსწავლე დღეში სამჯერ მაინც უნდა იღებდეს საკვებს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი უსაუზმო, მშიერი მიდის სკოლაში და პირველი კვება 2-3 საათზე უწევს. ეს სრულიად გაუმართლებელია. საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლოვანი აპარატი რეჟიმულად უნდა მუშაობდეს.
ახალგაღვიძებულ ბავშვს არ შია და იძულებით უწევს ჭამა. საუზმეს დისკომფორტი რომ არ ახლდეს თან, ჯობს, ბავშვი ადრე დააძინოთ. მაშინ ის უფრო ადრე გაიღვიძებს და გამოფხიზლებასა და ჯეროვნად მოშივებასაც მოასწრებს. სასურველია, წაიხემსოს სკოლაშიც, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება აქვს. მერე შინ უნდა ისადილოს, ბოლოს კი მსუბუქად ივახშმოს.
წვნიანი ბავშვმა ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. ამჟამად მიიჩნევენ, რომ არ არის სასურველი, ბავშვმა ერთბაშად მიირთვას პირველი კერძი, მეორე კერძი და დესერტი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მეტისმეტად იტვირთება და შესაძლოა, მონელების პროცესი დაირღვეს. უმჯობესია, თითო ჯერზე ბავშვმა თითო სახის საკვები მიიღოს. ხილი სასურველია ცალკე მივცეთ და არა ჩაროზად – ასე ორგანიზმი მას უკეთ შეითვისებს და სარგებლობასაც მეტს მოუტანს.
მშობლები ხშირად ამბობენ, რომ საღეჭი რეზინი მათ შვილს კუჭს უღიზიანებს. მისი ღეჭვა ჭამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში რეკომენდებულიც კია, ვინაიდან პირის ღრუს ასუფთავებს და მასში სასიამოვნო არომატს ტოვებს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში და, მით უმეტეს, მშიერ კუჭზე ნამდვილად არ გახლავთ სასურველი და აი, რატომ: რეზინის ღეჭვის დროს გამომუშავდება კუჭის წვენი, რომელიც საკვების მონელებისთვის არის საჭირო და ვინაიდან კუჭი ცარიელია, იგი საკუთარ ლორწოვანს ინელებს.
მკურნალობის პრონციპები
მკურნალობა უმთავრესად დიეტას გულისხმობს, თუმცაღა მცირედი შეზღუდვებით და მოკლე ხნით. არც მედიკამენტური მკურნალობაა ხანგრძლივი. მაგალითად, წყლულოვანი დაავადების დროს წამლების მიღება ბავშვს მეტწილად ერთი კვირის განმავლობაში უწევს. თუ შედეგს მცირე ხნის შემდეგ ვერ მივიღებთ, მკურნალობა გრძელდება.
თუ მონელების პრობლემას ვმკურნალობთ, მედიკამენტური თერაპია (ინიშნება მხოლოდ ერთი ან ორი დასახელების პრეპარატი) შედარებით ხანგრძლივია და ოც დღეს, ერთ თვეს მაინც მოითხოვს.
სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს მეტად ეფექტურია დუბაჟი.