როგორ კურნავს ჰომეოპათია

გააზიარე:

ამას წინათ ერთ საინტერესო დიალოგს შევესწარი. სამედიცინო განათლების მქონე ორი ქალბატონი ჰომეოპათიის შესახებ საუბრობდა. ამ მეთოდის შესახებ ორივეს ბევრი კარგი რამ გაეგონა, თუმცა ერთი მათგანი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი – წარმოუდგენელია, ასეთი მცირე განზავების ნივთიერება დაავადებას მოერიოს, მაგალითად, ფილტვების ანთების დროს ბაქტერიები დაამარცხოსო, მეორეს კი მიაჩნდა, რომ ბუნებაში ბევრი რამ ჯერ კიდევ შეუსწავლელია და სავსებით შესაძლებელია, ეს მეთოდი მედიცინისთვის დღემდე უცნობი გზებით კურნავდეს ადამიანს. სწორედ ამ დიალოგმა მიბიძგა, კიდევ ერთხელ დამეწერა ჰომეოპათიის შესახებ. დაე, მკითხველმა თავად განსაჯოს, ღირს თუ არა, საკუთარი ჯანმრთელობა მკურნალობის ამ მეთოდს ანდოს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჰომეოპათია ძალზე პოპულარულია გერმანიაში. ჰომეოპათიურ პრეპარატებს იქ ოჯახის ექიმებიც უნიშნავენ. ბოლო ხანს ასეთი წამლები ჩვენს აფთიაქებშიც მომრავლდა.

ჰომეოპათიის შესახებ სასაუბროდ ექიმ ჰომეოპათს, აკადემიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ჰომეოპათთა ასოციაციის პრეზიდენტ გია ნადარეიშვილს ვესტუმრე.

ინტერვიუს დაწყებამდე ბატონმა გიამ გამაფრთხილა – ამთავითვე გეტყვი, ჰომეოპათიის მოქმედების ზუსტი მექანიზმი დღემდე უცნობიაო. ამ სიტყვებმა იმედი ჩამისახა, რომ ჩვენი საუბარი საინტერესოდ წარიმართებოდა და არც შევმცდარვარ.

 

– რას უპასუხებდით ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია, ჰომეოპათიურმა საშუალებამ ბაქტერიები დაამარცხოს?

– ბაქტერიები დღეს მსოფლიო მეცნიერების აქტიური შესწავლის საგანია. ამერიკაში ზეაქტიურად იკვლევენ ორგანიზმის მიკროფლორას – მიკრობიომას, ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს სხეულში სახლობენ და ორ კილოგრამზე მეტს იწონიან. ყველა მათგანის ფუნქცია ბოლომდე არ არის შესწავლილი. დადგინდა, რომ არსებობს სიცოცხლის ბაქტერია, რომელიც კონკრეტულ უჯრედს და მთლიანად ორგანიზმს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ის რამდენჯერმე ასრულებს თავის მისიას და შემდეგ ქრომოსომის დონეზე ჩართავს აპოპტოზს – სიკვდილის მექანიზმს.

ბაქტერიებზე ჰომეოპათიური წამლების ზემოქმედების შესასწავლად უამრავი ცდა ჩამიტარებია. აგარის ნიადაგზე ვთესავდი მიკრობთა სხვადასხვა კოლონიას, ვასხამდი მათზე სხვადასხვა ჰომეოპათიურ საშუალებას და კოლონიების ზრდას ვაკვირდებოდი. მიკროსკოპით დაკვირვებაც აღარ უნდა, იმდენად თვალსაჩინოა, რომელი საშუალება ხოცავს ბაქტერიებს და რომელი – არა, რომელი კოლონია ნადგურდება და რომელი განაგრძობს ზრდას.

ერთი სიტყვით, ჰომეოპათიური წამლის ბაქტერიებზე ზემოქმედება საკუთარი თვალით მრავალჯერ მინახავს. აქვე გავიხსენებ ერთ ცდას, რომლის შედეგმა თავადაც გამაოცა.

დიდი რეზერვუარიდან, რომელიც კარგა ხანს ღია ცის ქვეშ იდგა და ამიტომ ძლიერ იყო დაბინძურებული, რაც ლაბორატორიულადაც დადასტურდა, ავიღე წყლის სინჯი. შემდეგ ამ რეზერვუარში ჩავასხი ჰომეოპათიური წამლების შემცველი წყალი. რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ ავიღე წყლის სინჯი და მისმა ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ბაქტერიებისგან სრულიად გასუფთავებულიყო – რამდენიმე ტონა წყალი!

მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რა მექანიზმით მოქმედებს ჰომეოპათიური საშუალება. ეს არ არის ქიმიური პრეპარატი; წყალში ბაქტერიები რომელიღაც არაქიმიური გზით დაიხოცა. ალბათ, პრეპარატმა სივრცეში ოსმოსური წნევა შეცვალა, რამაც ბაქტერიების შეკუმშვა ან გახეთქვა გამოიწვია.

აქვე დავძენ, რომ მეცნიერება უამრავ ფულს ხარჯავს სამყაროს შესასწავლად, არადა ნებისმიერი მოვლენის შესწავლა არცთუ ძვირადღირებული ცდებითაც არის შესაძლებელი. სამყაროში ერთი და იგივე კანონები მოქმედებს, ის ერთიანია; რაც ზემოთ არის, იგივეა ქვემოთ და რაც დიდია, იგივეა პატარა. მცირემასშტაბიანი ცდების ჩატარება დიდზეც შეგვიქმნის წარმოდგენას.

მაგალითად, თუ გაინტერესებთ, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი, ორგანიზმის გამაძლიერებელი რომელიმე სამკურნალო საშუალება როგორ იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე, შეგიძლიათ, ჯეჯილზე შეამოწმოთ – უჯრედებში ხომ მსგავსი პროცესები მიმდინარეობს: ორ თეფშზე დათესეთ ხორბალი, ერთს უბრალო წყალი დაასხით, მეორეს – სამკურნალო საშუალებაგარეული. მათი ზრდის ტემპისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შედარებით თვითონვე გამოიტანთ დასკვნას.

– ეთანხმებით თუ არა ჰომეოპათიის ფუძემდებლის, გერმანელი ქიმიკოსის სამუელ ჰანემანის პრინციპს “მსგავსი მსგავსითვე იკურნება”? რა სავარაუდო ძვრებს იწვევს ჰომეოპათიური საშუალებები ორგანიზმში?

– ჰანემანის პრინციპი კვლავ რჩება ჰომეოპათიის ერთ-ერთ თეზისად, თუმცა არა უწინდელი მნიშვნელობითა და მასშტაბით, რადგან ბოლო ხანს ჰომეოპათიაში მრავალი ახალი წამალი გაჩნდა, რომლებიც ამ ფორმულირებაში აღარ ჯდება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰომეოპათიური საშუალება ინფორმაციას აწვდის ადამიანის ორგანიზმში მცხოვრებ სასარგებლო ბაქტერიებს, გააქტიურდნენ და თავიანთი დანიშნულება უკეთ შეასრულონ. ჰომეოპათიური წამლის განზავება იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, მასში სამკურნალო საშუალების ერთი მოლეკულაც არ აღმოჩნდეს, ამიტომ ჰომეოპათიური საშუალების ქიმიური ზემოქმედება გამორიცხულია, ის ფიზიკურ ანუ ენერგეტიკულ დონეზე მოქმედებს.

ეს გასაკვირი არ არის. სამყაროს შესახებ წარმოდგენები ნელ-ნელა სხვა მიმართულებას იღებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უნდა დადგეს ახალი ტექნოლოგიების ეპოქა, როდესაც კარგისა თუ ცუდის საკეთებლად აღარც ატომური იარაღი იქნება საჭირო, აღარც სხვა მასშტაბური საშუალება – ეს ყველაფერი მცირედითაც მოხერხდება. ამ მიმართულების განსავითარებლად მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ ფიზიკის კანონები, რაც კოსმოსის, ორგანიზმის, დაავადების შეცნობასა და მკურნალობაში დაგვეხმარება.

უკვე არსებობს მაღალტექნოლოგიური მიკროსკოპი, რომელიც პროექტორზე საკვლევი ნივთიერების ელექტრომაგნიტურ ველს აჩვენებს. თითოეული დაავადების ელექტრომაგნიტური ველი რომ შევისწავლოთ, მოიძებნება წამალი, რომელიც გაიმეორებს დაავადების ველს და სამკურნალო საშუალება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება პანაცეა, მაგრამ ბევრად გააუმჯობესებს განკურნების პროცესს.

– დღეს რომელი პათოლოგიების მკურნალობაა შესაძლებელი ჰომეოპათიური საშუალებებით?

 – ფაქტობრივად ყველასი, გარდა ქირურგიული პათოლოგიების დიდი ნაწილისა. მთავარია, იმ წამალს მივაგნოთ, რომელსაც კონკრეტული დაავადება ითხოვს.

ჰომეოპათია წიგნებიდან ვისწავლეთ, რომლებშიც ბევრი საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ მას ახალიც ემატება. სამწუხაროდ, ჩარჩოებში ვართ მოქცეული, მაგრამ ლოგიკა იმის სრულ გრანტიას მაძლევს, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა შესაძლებელია. მთავარია, ამ ჩარჩოებიდან გამოვიდეთ.

არსებობს დაავადებები, რომლებიც ხშირია, რომლებიც ბევრ პაციენტს აწუხებს და რომელთა მკურნალობის ხერხები იმდენადაა დამუშავებული, რომ შედეგში ეჭვი აღარ გვეპარება. არსებობს დაავადებები, რომლებთანაც ნაკლები გამოცდილება გვაქვს და ხშირად ინტუიციურად გვიწევს მკურნალობა.

– მაშასადამე, ზოგიერთი ქირურგიული პათოლოგიაც კი ემორჩილება ჰომეოპათიურ მკურნალობას?

– დიახ, ასეა. მაგალითად, ოპერაციის შემდგომი ჩირქმდენი ფისტულები, ხერხემლის თიაქარი. ამ შემთხვევაში ჰომეოპათიური საშუალება ხრტილების კვებით აწესრიგებს პროცესს. ჰომეოპათიას არ ემორჩილება საზარდულისა და მუცლის თიაქრები, თუმცა ლიტერატურაში მათი განკურნების ორიოდე შემთხვევაც არის აღწერილი.

– პაციენტისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა.

– სამწუხაროდ, წინასწარ ვერავის ვერაფერს ვპირდებით. ხშირად არ ვიცით, რამდენ დღეში მივიღებთ შედეგს. ახლობელზე, რომელიც მუდამ გვერდით გყავს, – რა თქმა უნდა, მისივე თანხმობით, – შეიძლება ცდაც ჩაატარო, მაგრამ უცხო პაციენტთან, რომელსაც დანიშნულებას აძლევ და უშვებ, ამას ვერ გაბედავ. ცნობილია, რომ ჰომეოპათიური წამლები რეაქციებს იწვევს. ჩვენ ვცდილობთ, ეს რეაქციები თავიდან ავიცილოთ, რათა პაციენტი არ შეშინდეს, ამიტომ უფრო დამზოგველი მეთოდით ვმუშაობთ.

გერმანიაში ჰომეოპათიის სულ სხვა კულტურაა. ტრანსპორტში გხვდებათ ბუკლეტები ჰომეოპათიურ საშუალებებზე, მოსალოდნელ რეაქციებზე, რის გამოც პაციენტი უკეთ მომზადებული მიდის ექიმთან.

ზოგიერთი პათოლოგიის დროს, რომლებიც ხშირია პრაქტიკაში, განკურნების სავარაუდო ვადის დასახელება კიდევ შეიძლება, მაგრამ იშვიათი დაავადების (მაგალითად, გაფანტული სკლეროზის) შემთხვევაში არათუ ვადას ვერ ვუთითებთ, იმასაც კი ვერ ვპირდებით, რომ შედეგი საერთოდ იქნება.

– შეიძლება თუ არა ჰომეოპათიური საშუალებების ფარმაკოლოგიურ, ქიმიურ წამლებთან ერთად მიღება?

– ზოგიერთი ჰომეოპათი არ აძლევს ადამიანს თავის წამალს, ვიდრე ის ქიმიურ პრეპარატს სვამს. ეს მცდარი მიდგომაა, რაც ჰომეოპათიის რუსულ სკოლას ახასიათებს. ასეთმა ჰომეოპათებმა არ იციან ჰომეოპათიური და ქიმიური წამლის მოქმედების მექანიზმი. ეს ორი საშუალება ერთმანეთს ხელს ვერ შეუშლის, ეს ერთი და იმავე ორგანიზმის ორი გზაა; ერთი ქიმიურ პროცესებზე ზემოქმედებს, მეორე – ფიზიკურზე ანუ ენერგეტიკულზე.

ის კი არა, როდესაც ჰომეოპათიურ წამლებს იღებს ადამიანი, დაავადება ქიმიურ მედიკამენტსაც უფრო ადვილად ემორჩილება და შედეგსაც უფრო მალე და უკეთესს იღებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰომეოპათიური წამლებით შექმნილი ფონი ფარმაკოლოგიური პრეპარატების შედეგსაც აუმჯობესებს.

ჰომეოპათიის რამდენიმე სკოლა არსებობს. თავდაპირველად ის კლასიკური მედიცინის ერთ-ერთი დარგი იყო და ძალზე წარმატებულიც. შემდეგ კლასიკური მედიცინა წინ წავიდა, ჰომეოპათია კი მეცნიერულად ვერ განვითარდა. ჰომეოპათები სხვადასხვა გზას დაადგნენ. მაგრამ, ვფიქრობ, კლასიკური და ჰომეოპათიური მედიცინა ისევ დაუბრუნდებიან ერთმანეთს და შეავსებენ.

სხვადასხვა ქვეყანაში ჰომეოპათებს სხვადასხვა მიდგომები აქვთ. მაგალითად, გერმანული და ფრანგული სკოლები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ ორი ქვეყნის ექიმებს მუშაობის სტილიც სხვადასხვა აქვთ.

– ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობისას ზოგიერთი პროდუქტის მიღებას კრძალავენ...

– დიახ, ზოგიერთ წიგნში წერია, რომ არ შეიძლება ჰომეოპათიური წამლის მიღების დროს ყავის სმა, კარტოფილის ჭამა და სხვა. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მიდგომას, იმავე მიზეზით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

არსებობს არც ისე მაღალი განზავების ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც მინიმალური რაოდენობით მაინც შეიცავს მცენარეებს, მინერალებს, შხამებს, ანუ გააჩნია ქიმიური ზემოქმედების თეორიული შანსი, მაგრამ არსებობს მაღალი განზავების წამლებიც, სადაც საწყის ნივთიერებას ქიმიურად ვერ აღმოაჩენთ. მედიკამენტებსა თუ საკვებთან ურთიერთქმედებაზე საუბარი აქ როგორ შეიძლება?! ის კი არა, თუ დაავადებას არ ამწვავებს, ალკოჰოლის აკრძალვაც კი არ გვიწევს. მით უმეტეს, ჩვენს წამლებს სპირტზე ვამზადებთ. ალკოჰოლი ჰომეოპათიურ წამალს არ ვნებს, პირიქით, სპირტის წყალობით უკეთ ინახება.

– რა განსხვავებაა ჰომეოპათიურ წვეთებს, აბებსა და მალამოებს შორის?

– პრინციპულად არავითარი. სამკურნალო საშუალება ერთი და იგივეა. სხვადასხვაა მხოლოდ მისაღები ფორმა და ფასი. გერმანიის აფთიაქებში მრავლად არის ძვირად ღირებული ჰომეოპათიური კოსმეტიკა. ქალბატონები იმავე შედეგს მიიღებენ, თუ ამ შემადგენლობის წამალს ჩაიწვეთებენ, მაგრამ მათთვის ამ საშუალებათა მოხმარება მალამოს ან კრემის სახით უფრო მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს წამლის ღირებულებას შესამჩნევად ზრდის.

რეანიმაციაში მწოლ პაციენტებს, რომლებსაც წამლის ჩაწვეთება არ შეუძლიათ, მას სხეულის განსაზღვრულ წერტილებზე შესაზელად ვუნიშნავთ – შედეგი იგივეა.

– რა შემთხვევაში გამოიყენება ზოგადი რეცეპტის ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც აფთიაქებშიც იყიდება და როდის ჯობს ინდივიდუალური პრეპარატის შექმნა?

– მზა წამლის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება, თუ ექიმს, რომელიც პაციენტს ამ წამალს უწერს, ესმის, რა არის ჰომეოპათია, შეუძლია პრეპარატის შემადგენლობის გაშიფვრა და იმის დადგენა, ამა თუ იმ შემადგენლობის წამალი როგორ იმოქმედებს მის პაციენტზე.

წამლის დანიშვნისას ჰომეოპათები მრავალ ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის – პაციენტის ფსიქოტიპს, რაც მზა წამალში, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული. მზა წამალი განსაზღვრულ პრობლემასაა მორგებული და არა ცალკეულ პაციენტს, თუმცა ხშირად ისიც შესანიშნავ შედეგს გვაძლევს. მაგალითად, გერმანიაში აქტიურად გამოიყენება არნიკას მალამო ტრავმული სისხლჩაქცევების დროს და ძალზე შედეგიანიცაა.

ყოფილა შემთხვევა, ჩვენ მიერ განსაზღვრულ პრობლემას მორგებულ სტანდარტს ამა თუ იმ პაციენტთან არ უმუშავია. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვუღრმავდებით პაციენტს, დაწვრილებით გამოვკითხავთ სხვადასხვა ფაქტს (ჰომეოპათიაში ბევრ თითქოსდა უმნიშვნელო დეტალს აქვს მნიშვნელობა, იმასაც კი, ცხელი ჩაი უყვარს ადამიანს თუ ცივი). ამის შედეგად ირჩევა კონკრეტული პრეპარატი და უმეტესად სასურველ შედეგსაც ვიღებთ.

– რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა წამლის მიღებისას?

– წესი ერთადერთია: როდესაც წამალს წვეთების ან აბების სახით ვიღებთ, შეწოვის პროცესი რომ არ დაირღვეს და ეფექტი არ დაიკარგოს, ჭამამდე და ჭამის შემდეგ 15-წუთიანი შუალედი უნდა დავიცვათ. ამ პერიოდში არც წყალი უნდა მივიღოთ და არც საკვები. პრობლემის გამწვავებისას წამლის უფრო ინტენსიურ მიღებას ვურჩევთ. ისიც შესაძლოა, შევუცვალოთ წამალი ან დავამატოთ სხვაც.

– როგორ მოქმედებს ჰომეოპათიური წამლები სიმსივნიან პაციენტებზე?

– საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებით, სიმსივნიან პაციენტებთან ასეთი კანონზომიერება შევამჩნიე: ძალიან ხშირად ჰომეოპათიური მკურნალობა აჩერებს, ერთ დონეზე აკონსერვებს პროცესს, მაგრამ როგორც კი პაციენტი მკურნალობას შეწყვეტს, დაავადება ახალი ძალით უტევს და მერე უკვე ვეღარ ვერევით. ასე იყო ჩემი ღვიძლი დეიდა, რომელმაც 18 წელი იცოცხლა საშვილოსნოს ადენოკარცინომით; ბოლოს, დის გარდაცვალების შემდეგ, წამალი აღარ დალია და სიბერით გარდაიცვალა.

მახსენდება სიმსივნის გამო უკვე ლოგინად ჩავარდნილი პაციენტი, რომელიც მკურნალობის შედეგად წამოდგა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ წამლის მიღება შეწყვიტა და მალე გარდაიცვალა.

ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კი საკმაოდ რთულია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში სიმსივნური პროცესები ძალზე სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ჰომეოპათიისთვის მთავარია დრო, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გვაქვს, შვების მიცემა, მდგომარეობის გაუმჯობესება აქაც შეიძლება.

 

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: