მსგავსი იკურნება მსგავსით

გააზიარე:
ჰომეოპათია ბერძნული სიტყვაა და “მსგავს ტკივილს, მსგავს სენს” ნიშნავს. მკურნალობის ეს გზა გერმანელმა ექიმმა და ფარმაცევტმა სამუელ ჰანემანმა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შეიმუშავა და მანვე დაამკვიდრა ტერმინი სამედიცინო ლიტერატურაში. ის ქინინის ხის ქერქზე ცდებს ატარებდა, როდესაც შეამჩნია, რომ ქინინის კონცენტრირებული ხსნარი ჯანმრთელ ორგანიზმში სწორედ იმ სიმპტომებს იწვევდა, რომელთა სამკურნალოდაც იყო მიმართული. მოგვიანებით, კვლევისა და ექსპერიმენტების შედეგად, ეს კანონზომიერება მან სხვა ნივთიერებებშიც აღმოაჩინა და დაასკვნა: “მსგავსი იკურნება მსგავსით” (“simila similibus curantum”). სწორედ ეს თერაპიული კანონი უდევს საფუძვლად ჰომეოპათიას.

მკურნალობის ეს ალტერნატიული მეთოდი დღესდღეობით პოპულარულია ყველგან, განსაკუთრებით – ევროპაში, და ჰომეოპათ ექიმთა პაციენტების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. ჰომეოპათიას ხშირად მომავლის მედიცინასაც უწოდებენ, რადგან მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის, არასწორი კვების, თითქმის ყოველდღიური სტრესის, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებისა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ბუნებრივი, უსაფრთხო მკურნალობით, რომლის მთავარი პრინციპია “არ ავნო!” რა არის ჰომეოპათია? როგორ პასუხობს იგი თანამედროვე დაავადებებს ან უკვე კარგად ნაცნობ დაავადებათა ატიპიურ ფორმებს? აქვს თუ არა მკურნალობის ამ მეთოდს რაიმე უკუჩვენება და როგორ მიმდინარეობს ჰომეოპათთან ვიზიტი? – ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ჟურნალი “ავერსი” ექიმ თერაპევტს, ჰომეოპათს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტს თორნიკე ალაშვილს გაესაუბრა:
– რა არის ჰომეოპათია?
– ჰომეოპათია მკურნალობის მეთოდია, რომელიც მსგავსების თერაპიულ კანონს ეფუძნება. ეს იმას ნიშნავს, რომ წამალი უნდა შეირჩეს არა წინააღმდეგობის გასაწევად, დასათრგუნავად, ჩასანაცვლებლად ან სტიმულაციისთვის, არამედ მსგავსების მიხედვით. მცირე დოზა იმ პრეპარატისა, რომელიც ჭარბი დოზით პათოლოგიას იწვევს, მაკურნებელ ეფექტს ახდენს. ეს კვლევებით არის დადასტურებული. აქედან გამომდინარეობს, რომ წამალს აქვს ორი ურთიერთსაპირისპირო ეფექტი, რომელთა გამოვლენა დოზაზეა დამოკიდებული – ზედოზირებისას წამალი იწვევს იმას, რასაც მცირე დოზით მკურნალობს. დიმედროლს სედაციური ეფექტი აქვს, მაგრამ მისი ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტს აღგზნება ეწყება; ყავა ჯანმრთელებში აღგზნებას იწვევს, ხოლო ჰომეოპათიური Coffea 30 (ყავის უმცირესი დოზა) გამოიყენება სწორედ აღგზნებისა და უძილობის დროს; ალოეს წვენს საფაღარათო თვისებები აქვს, მაგრამ ჰომეოპათიური ალოე (Aloae 30) ფაღარათის დროს გამოიყენება. დაავადების განვითარება-უკუგანვითარება ორგანიზმში სწორედ ამ პრინციპს ემორჩილება.
ამრიგად, ჰომეოპათია არის მეცნიერულად გამართული სისტემა, რომელიც მეთოდოლოგიურად სწორად მკურნალობს დაავადებათა ფართო სპექტრს. ამავე დროს, ჰომეოპათია ბიომარეგულირებელი თერაპიაა, რომელიც ცდილობს, ადამიანს საკუთარი სარეზერვო ძალების, თავისივე პოტენციალის გამოყენებაში დაეხმაროს, რათა მისმა ორგანიზმმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს შიდა და გარე უარყოფით ფაქტორებს.
– თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა პროვოცირებას უწევს ახალ დაავადებებს ან უკვე კარგად ნაცნობი დაავადებების ატიპიურ გამოვლინებებს განაპირობებს. რამდენად შეესაბამება ჰომეოპათიური მკურნალობა ახალი დროის ახალ მოთხოვნებს?
– დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებში ჰომეოპათია გაცილებით საინტერესო და ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ფარმაკოპრეპარატები, რადგან მათ დანერგვას, გამოცდას, კვლევას ხშირად ათწლეულები სჭირდება, დრო კი არ ითმენს – დაავადებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენთვის საკმარისია დაავადების ეტიოლოგიური მიზეზის ცოდნა, სიმპტომური კომპლექსის განხილვა და უკვე შეგვიძლია მკურნალობა დავიწყოთ. ეს განკურნებისკენ მიმავალ გზას საგრძნობლად ამოკლებს.
– ვიზიტი ჰომეოპათთან – როგორ მიმდინარეობს იგი? რას უნდა ელოდოს ჰომეოპათთან კონსულტაციისთვის მისული პაციენტი? 
–    პირველი, რასაც აკეთებს ექიმი ჰომეოპათი, პაციენტის ჩივილების მოსმენაა. ამას სპონტანური ანამნეზი ეწოდება. ექიმი ცდილობს, ამ პროცესში არ ჩაერიოს, რათა მიმართულება არ შეუცვალოს პაციენტის ფიქრთა მდინარებას და ბოლომდე მოისმინოს მისი სატკივარი. შემდეგ იწყება ინფორმაციის მიღება პირდაპირი და არაპირდაპირი გამოკითხვის მეთოდით. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ასე ექიმი ეცნობა პაციენტის ფსიქოემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას, მის განწყობას, ემოციურ ფონს. ექიმ ჰომეოპათს ადამიანი აინტერესებს მთლიანობაში, თავისი სულიერი მდგომარეობით და ფიზიკური სიმპტომატიკით, და მკურნალობაც სწორედ ამ მთლიანობის გათვალისწინებით ინიშნება და არა ცალკეული ორგანოებისა თუ ცალკეული სიმპტომების მიხედვით. ასეთი პერსონოთროპიული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად ვუმკურნალოთ რამდენიმე ნოზოლოგიურ ერთეულს. პირველსავე ვიზიტზე ხდება ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევაც, რაც უკვე დასრულებულ სურათს ქმნის კონკრეტული პრეპარატის დასანიშნად.
– რაიმე უკუჩვენება თუ აქვს ჰომეოპათიურ წამლებს?
– ჰომეოპათიური პრეპარატები მიიღება ბუნების სამი სფეროსგან – ეს არის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ნედლეული. თუ ექიმი ჰომეოპათი პროფესიონალია და იცის თავისი საქმე, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე საუბარი, პრაქტიკულად, ზედმეტია. გამორიცხული არ არის წამლის მიღების შემდეგ პირველადი გამწვავება (მაშასადამე, შესაძლოა, ჯერ გამწვავდეს მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდგეგ დაიწყოს განკურნების პროცესი), მაგრამ ეს სავსებით კანონზომიერი მოვლენაა ჰომეოპათიაში. მეთოდი იმდენად უსაფრთხოა, რომ მას ასაკობრივი შეზღუდვაც კი არ აქვს. პრეპარატებს ვუნიშნავთ ახალშობილებსაც, ორსულებსაც და ხანდაზმულებსაც. მაღალი ეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების არარსებობის გ
არდა, ჰომეოპათიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აქვს – ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და აქ მხოლოდ მატერიალურ სახსარს არ ვგულისხმობ; მაღალმთიან რეგიონებში, ძნელად მისადგომ ადგილებში მეთოდს შეუცვლელი ღირებულება აქვს. ამ თვალსაზრისით ჰომეოპათია საკმაოდ პერსპექტიული დარგია.
– თანამედროვე აკადემიურ მედიცინასთან მის კავშირზე რას გვეტყვით? როგორია ურთიერთდამოკიდებულება ამ ორ მიდგომას შორის?

– ზევითაც აღვნიშნე, რომ მივმართავთ კვლევისა და დიაგნოსტირების იმავე მეთოდებს, რასაც ოფიციალური მედიცინა. წინააღმდეგობა და უთანხმოება ამ ორ დარგს შორის არ არსებობს. ჰომეოპათია პროგრესულ, სამეცნიერო, მეთოდოლოგიურ მიმართულებადაა მიჩნეული და ის იმავე მეთოდებს იყენებს პრეპარატის გამოცდისას, რასაც თანამედროვე ფარმაკოლოგია. ორმაგი ბრმა მეთოდით კვლევით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს პლაცებოს ეფექტს, ჰომეოპათიური პრეპარატები არაერთხელ გამოუცდიათ. ეს მტკიცებულებითი მეთოდები ჰომეოპათიაში ორასი წლის წინ იქნა დანერგილი და ეს უკვე მეტყველებს მის სანდოობაზე. თანამედროვე აკადემიური მედიცინა განვითარდა იმ მიღწევების საფუძველზე, რაც მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა, ჰომეოპათიის დაბადება და განვითარება კი უსწრებს ტექნიკური მედიცინისას და ზოგადთერაპიულ კანონზომიერებებს ეყრდნობა.

გააზიარე: