რატომ გვტკივა მუხლები

გააზიარე:

ბევრი ვიფიქრე, რაზე დამეწერა ამ ნომერში ისეთზე, საინტერესოც რომ ყოფილიყო და აქტუალურიც. ვერაფერი მოვიფიქრე. მერე გადავწყვიტე, აზრი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მკითხველისთვის, ბებიაჩემისთვის მეკითხა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, მაშინვე მიპასუხა: ბებო, მუხლების ტკივილზე დაწერე, ჩემი ასაკის ხალხსაც დააინტერესებს და ახალგაზრდებსაცო. ბებო მართალია, ეს პრობლემა, მოზარდებით დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული, თითქმის ყველა ასაკის ხალხთან გვხვდება. თუ თქვენც, ბებიაჩემისა არ იყოს, მუხლების ტკივილს უჩივით და მიზეზი ჯერაც ვერ გაგირკვევიათ, სტატია ბოლომდე წაიკითხეთ – შესაძლოა, სადმე საკუთარ თავს გადააწყდეთ.

მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი ძალიან გრძელია, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებზე შევაჩერებ.

მუხლის ტკივილის მიზეზებს მწვავე და სახსრის გადატვირთვის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ყოფენ. მწვავე დაზიანება ერთჯერადი ტრავმის შედეგად წარმოიშობა, ხოლო სახსრის გადატვირთვის დროს ტკივილის ინტენსივობა თანდათან იმატებს, იგი ტრავმასთან არ არის დაკავშირებული.

ტკივილის მიზეზები ასაკის მიხედვითაც განსხვავდება. ბავშვებსა და მოზარდებთან მუხლების ტკივილს უმეტესად კვირისტავის ქვეამოვარდნილობა, ტიბიალური აპოფიზიტი, იგივე ოსგუდ-შლატერის დაავადება, და კვირისტავის ტენდინიტი (მხტუნავი მუხლი) იწვევს. მოზრდილებთან გვხვდება კვირისტავის ქონდრომალაცია, მედიალური ნაოჭის სინდრომი, ბატის ფეხის ბურსიტი, ტრავმა (იოგების დაჭიმვა ან მენისკის გაგლეჯა) და ანთებითი ართროპათიები: რევმატოიდული ართრიტი, რეიტერის დაავადება, სეპტიკური ართრიტი. ხანდაზმულებთან ხშირია ოსტეოართრიტი, კრისტალური ართროპათიები – პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა და ბეიკერის ცისტა. მოდი, გავიგოთ, როდის რომელი დაავადებით გამოწვეულ ტკივილთან გვაქვს საქმე.

პატელოფემორალური ტკივილის სინდრომი, იგივე კვირისტავის ქონდრომალაცია, ქალებთან წინა მუხლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. წარმოიდგინეთ, რომ კვირისტავი მატარებელია, რომელიც ისე მოძრაობს ბარძაყის ძვალზე, როგორც რელსებზე. ნებისმიერი ფაქტორი, რაც კი “მატარებლის” “რელსებიდან” გადასვლას გამოიწვევს, პატელოფემორალური ტკივილის სინდრომის მიზეზად იქცევა. ყველაზე ხშირად ეს არის კუნთების სისუსტე, კიდურის პათოლოგიური წყობა, კუნთების დაჭიმვა ან სხვა გადაძაბვით მიღებული ტრავმა. პაციენტი უჩივის მუხლის ზომიერ ტკივილსა და დისკომფორტს, რომელიც, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ აღმოცენდება. გასინჯვისას შეინიშნება მცირედი შეშუპება. პირდაპირი ზეწოლისას კვირისტავის წინა ზედაპირი მტკივნეულია. ტკივილი მძაფრდება ჩამუხვლის, სირბილის, დიდხანს ჯდომის, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს. მისი ეფექტური მკურნალობა გულისხმობს კუნთების აქტივობის გაზრდას, ნელა პროგრესირებად სავარჯიშო რეჟიმს. საქმეს ზოგჯერ სპეციალური ფიქსატორის, დამჭერის ან სტაბილიზატორის გამოყენებაც შველის.

მედიალური ნაოჭის სინდრომი სასახსრე ჩანთის დანამატის ანთებაა, რასაც ხშირი და განმეორებითი დატვირთვა იწვევს. იგი ხშირად არადიაგნოსტირებული რჩება. ტკივილი ჩვეული დატვირთვის მნიშვნელოვნად გაზრდის დროს აღმოცენდება. მუხლის შიგნითა ან წინა მხარეს ისინჯება მტკივნეული და მოძრავი კვანძი. ამ დროს სახსარი, წესისამებრ, შეშუპებული არ არის, არც რენტგენოლოგიურად ვლინდება რაიმე ცვლილება.

ბატის ფეხის ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის ანთებაა. ამ დროს ტკივილი შეიგრძნობა მუხლის შიგნითა მხარეს და განმეორებითი მოხრა-გაშლის დროს ძლიერდება.

ილიოტიბიალური ტრაქტის დაჭიმულობის სინდრომი ხშირია მორბენლებსა და ველოსიპედისტებთან, თუმცა მუხლის განმეორებითი მოხრის შედეგად შესაძლოა ნებისმიერ სხვასაც დაემართოს. ტკივილი მუხლის გარეთა ნახევარში ლოკალიზდება. მას ამწვავებს ფიზიკური დატვირთვა, კერძოდ, დაღმართზე ჩარბენა ან კიბეზე ასვლა. გასინჯვისას შეინიშნება ლოკალური მტკივნეულობა, ზოგჯერ – რბილი ქსოვილების შეშუპებაც.

მუხლქვეშა ტენდინიტი მყესის ანთებაა. ის შედარებით იშვიათი პათოლოგიაა. მისთვისაც მუხლის გარეთა ნახევრის ტკივილია დამახასიათებელი. უფრო ხშირად გვხვდება ღრძობა და დაჭიმულობა, რომელიც მუხლის ჯვარედინ იოგებს მოიცავს. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი, შეშუპება და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა.

მედიალური კოლატერალური იოგის დაჭიმულობაც გავრცელებული ტრავმაა. ამ დროს ძლიერ ტკივილს სწრაფი შეშუპება მოჰყვება, ვინაიდან ვითარდება ჰემართროზი – სასახსრე ჩანთაში სისხლის ჩაღვრა. მუხლი პალპაციისას მტკივნეულია. შედარებით იშვიათია ლატერალური კოლატერალური იოგის დაჭიმულობა.

მენისკის გაგლეჯას ხშირად ვაწყდებით სპორტსმენებთან. ის შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, სირბილის დროს მიმართულების უეცარი შეცვლისას. მისი კიდევ ერთი მიზეზია ხანგრძლივად მიმდინარე დეგენერაციული პროცესი. მენისკის გაგლეჯას მოჰყვება ტკივილი, სახსრის ბლოკადა და სახსარში სისხლჩაქცევა. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია მაქსიმალური მოხრის ან გაშლის დროს. მენისკის გაგლეჯის დიაგნოსტიკა ულტრაბგერითა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არის შესაძლებელი.

მუხლის სახსრის ინფექცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის განსაკუთრებით ხშირია ავთვისებიანი სიმსივნით, შაქრიანი დიაბეტით, ალკოჰოლიზმითა და შეძენილი იმუნოდეფიციტით (შიდსი) დაავადებულებთან.

სეპტიკური ართრიტის დროს პაციენტი უჩივის მუხლის უეცარ ტკივილსა და შეშუპებას, რომელიც ტრავმასთან არ არის დაკავშირებული. გასინჯვისას მუხლი შეშუპებული, მხურვალე და მტკივნეულია, უმნიშვნელო მოძრაობაც კი ძლიერ ტკივილს იწვევს. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა სახსრიდან სითხის ამოღება და მისი გამოკვლევა.

მუხლის ოსტეოართრიტი დეგენერაციული ართრიტის ფორმაა. ამ დროს იმ ქსოვილის განლევა ხდება, რომელიც ძვლებს იცავს. დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია; მისი განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად მიიჩნევა სიმსუქნე, ოჯახური ანამნეზი ან გადატანილი მენისკექტომია (მენისკის ოპერაციული ამოღება). სახსარში ქრონიკულ შებოჭილობასა და ტკივილთან ერთად პერიოდულად შეინიშნება სახსრის მწვავე ანთების ეპიზოდები. ტკივილი ძლიერდება ზეწოლითი დატვირთვის დროს, ხოლო დასვენების შემდეგ ქრება. დიაგნოზის დასადასტურებლად რენტგენოლოგიური გამოკვლევაა საჭირო.

კრისტალური ართროპათიების, პოდაგრისა და ფსევდოპოდაგრის, დროს მწვავე ანთება, წესისამებრ, ტრავმასთან არის დაკავშირებული. ახასიათებს ტკივილი, შეშუპება, მუხლის სახსარი ჰიპერემიულია, უმნიშვნელო მოძრაობაც კი ტკივილს იწვევს.

ბეიკერის, იგივე მუხლქვეშა ცისტა მუხლქვეშა უბნის სინოვიური ცისტაა. ამ დროს პაციენტი უჩივის მოულოდნელად აღმოცენებულ სუსტ ან ზომიერ ტკივილს მუხლქვეშა ფოსოში. ხელით მოსინჯვისას შესაძლოა თავად წარმონაქმნიც იგრძნოს. საბოლოო დიაგნოზის დასასმელად ექოსკოპიური ან კომპიუტერული გამოკვლევაა საჭირო. მკურნალობა, წესისამებრ, ოპერაციულია.

კვირისტავის ქვეამოვარდნილობა გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებთან ჯვარედინი იოგის კუთხის გაზრდით გამოწვეული გავრცელებული პათოლოგიაა. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს მცირედი შეშუპება. მუხლის მკვეთრი შეშუპება საყურადღებო ნიშანია. ის შესაძლოა სახსარში სისხლჩაქცევაზე მიუთითებდეს, რაც, თავის მხრივ, კვირისტავის მოტეხილობის დროს არის მოსალოდნელი.

ოსგუდ-შლატერის დაავადება, იგივე ტიბიალური აპოფიზიტი, უმეტესად თინეიჯერ ვაჟებთან გვხვდება, თუმცა 10-11 წლის გოგონებთანაც ვაწყდებით. ტკივილი მღრღნელია და თვეობით გრძელდება. ძლიერდება სირბილის, ხტუნვის, კიბეზე ასვლისა და ჩაბუქვნის დროს. სახსარი დიდი წვივის ძვალთან მყესის შეერთების ადგილას ფიზიკური გასინჯვითაც მტკივნეული და ზოგჯერ შეშუპებულია.

კვირისტავის ტენდინიტი კვირისტავის იოგის გაღიზიანებისა და ანთებითი დაზიანების შედეგია. შედარებით ხშირია თინეიჯერ ვაჟებთან. პაციენტი უჩივის მუხლის წინა ნაწილში დისკომფორტსა და ტკივილს, რომელიც თვეობით გრძელდება და სირბილისა და კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს ძლიერდება.

 

როგორ მოვიქცეთ?

მწვავედ აღმოცენებული ტკივილის შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამორიცხულია, რეკომენდებულია დასვენება და ყინულის დადება პირველი 24-48 საათის განმავლობაში – 15-20 წუთით 3-4 საათში ერთხელ. ყავარჯნების გამოყენება მაშინ არის საჭირო, როცა მუხლს ტკივილის გარეშე სხეულის მთელი წონის ტარება უჭირს, ასევე – მაშინ, როდესაც წონის ტარება არ შეიძლება (მოტეხილობა, ოსტეოქონდრიტი).

თუ ტკივილი შემაწუხებელია და აფერხებს ცხოვრების ნორმალურ რიტმს, რეკომენდებულია აცეტამინოფენის მიღება. თუ ტკივილმა არ გაიარა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. ძლიერი ან გახანგრძლივებული ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ანალგეზიის უფრო ეფექტური საშუალებაა სახსარშიდა ინექციები.

პატელოფემორალური ტკივილის სინდრომის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია დასვენება. ეცადეთ, ნაკლებად დატვირთოთ ფეხი. თუ სპორტსმენი ხართ, სრულფასოვან ვარჯიშზე დროებით უარის თქმა მოგიწევთ, მერე კი დატვირთვა ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ. ფორმის დაბრუნებაში სპეციალური ვარჯიშები დაგეხმრებათ, რომლებიც კუნთებს გააძლიერებს და ტკივილსაც შეამსუბუქებს. შეარჩიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი. სასურველია, სპორტული, სპეციალური სუპინატორებით.

ოსტეოართრიტის მკურნალობაში გვეხმარება მედიკამენტები და ფიზიკური თერაპია. ტკივილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება მუხლის გარშემო წასასმელი, ტკივილის შემამსუბუქებელი კრემები და ორალური მედიკამენტები. ფიზიკური თერაპია ვარჯიშების სპეციალურ პროგრამას ითვალისწინებს, რომელიც მუხლის მოძრაობისა და მოქნილობის აღდგენაში გვეხმარება. თუ ეს გზა უეფექტო აღმოჩნდა, შეიძლება ტკივილის საწინააღმდეგო ინექციების გაკეთება ანალგეზიური საშუალებებით. კორტიკოსტეროიდების ინექციები უფრო მეტი ხნით აცხრობს ტკივილს. თუ ამანაც არ გაჭრა, შეიძლება, ჰიალურონის მჟავას ინექციებს ან ქირურგიულ ჩარევას მივმართოთ.

ართრიტის დროს მკურნალობა გულისხმობს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებას, ფიზიკურ თერაპიასა და პროცედურებს. ზედმიწევნით დაზოგეთ სახსარი, თუ საჭიროა, გამოიყენეთ ხელჯოხი, ერიდეთ სიმძიმეების აწევას, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, დაიკელით, რეგულარულად ივარჯიშეთ სპეციალური პროგრამით, ტკივილის ან მოძრაობის შეზღუდვის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს.

თამარ არქანია

 

გააზიარე: