ჯანმრთელი ტერფები

გააზიარე:

თითოეული ნაბიჯის გადადგმა მთელი სხეულის ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ტერფების როლი ამ პროცესში ყველაზე დიდია. მათ, პირდაპირი გაგებით, სხეულის მთელი წონის ტარება უწევთ. ამიტომ ტერფების მოვლა, მათი რეგულარული შემოწმება ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ტერფების მდგომარეობამ შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზეც მიგვანიშნოს. მაგალითად, მისი სახსრების შებოჭილობამ – ართრიტზე, ჩხვლეტამ ან დაბუჟებამ – დიაბეტზე, შეშუპებამ – თირკმელების ან გულის დაავადებაზე, მაღალ არტერიულ წნევაზე.

რა შეიძლება მოუვიდეს ტერფებს და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემები?

თვალი გადავავლოთ ტერფების ყველაზე გავრცელებულ დაზიანებებს.

***

ბუშტუკი

ბუშტუკები სითხით სავსე წარმონაქმნებია, რომლებიც ტერფებზე საკმაოდ ხშირად ჩდება, უმთავრესად – კანის გარეთა შრეში. ისინი, როგორც წესი, წითელია, ამობურცული და შეხებისას მტკივნეული. თუ მათი გაღიზიანება გაგრძელდა, ტკივილმა შესაძლოა იმატოს და კანი გასკდეს.

მდებარეობიდან გამომდინარე, ბუშტუკმა შესაძლოა ხელი შეგვიშალოს ყოველდღიურ საქმიანობაში – გაგვირთულოს სიარული, ვარჯიში ან დიდხანს დგომა.

ბუშტუკი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, ის დაზიანებისგან იცავს ქსოვილის მის ქვეშ მდებარე შრეებს.

ბუშტუკი ჩნდება:

. კანზე წინდის ან ფეხსაცმლის ხახუნისა და ზეწოლის გამო, უმეტესად მაშინ, როდესაც ზედმეტად მოჭერილი ან თავისუფალი ფეხსაცმლით დიდხანს დავდივართ ან ვდგავართ;

. გადაჭარბებული ტენიანობის`ოფლიანობის გამო, უმეტესად – ცხელ სეზონზე სპორტსმენებში, უფრო ხშირად – მორბენლებში;

. მზით თუ სხვა მიზეზით პირველი ხარისხის დამწვრობის შედეგად, მისი განვითარებიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ. უფრო ძლიერი, პირდაპირი დამწვრობის დროს ბუშტუკი, როგორც წესი, მაშინვე წარმოიქმნება;

. კონტაქტური დერმატიტის შედეგად – მაშინ, როდესაც კანზე გამაღიზიანებელი ნივთიერება ან ალერგენი (ბენზინი, შხამიანი სურო და სხვა) ხვდება;

. მოყინვის, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის, ჩუტყვავილას, ჰერპესის, დისჰიდროზული ეგზემის დროს.

მკურნალობა

თუ ბუშტუკი მეტისმეტად მტკივნეული არ არის, ხელი არ ახლოთ. მისი დაუზიანებელი ზედა ფენა ბუნებრივი ბარიერია ბაქტერიებისთვის და ამცირებს ინფიცირების რისკს. დაზიანებისგან მის დასაცავად გამოჭერით დონატის ფორმის საფენი სქელი, მტკიცე ბამბის ქსოვილისგან (მაგალითად, მოლესკინისგან) ან გააკეთეთ ბამბის ბალიში, დაიდეთ ბუშტუკის გარშემო და სამედიცინო პლასტირით დაიკარით.

ფეხზე ბუშტუკები, როგორც წესი, ერთ-ორ კვირაში თავისთავად ქრება, მაგრამ თუ ბუშტუკმა ფერი შეიცვალა (მწვანე, ყვითელი ან იასამნისფერი გახდა), განვითარდა მისი ანთება ან ტკივილმა მოიმატა, ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც სტერილიზებული სკალპელის ან ნემსის დახმარებით ბუშტუკს შიგთავსისგან დაცლის.

თუ ტკივილი ძალიან ძლიერია, შეგიძლიათ, თავადაც გამოუშვათ სითხე, ოღონდ არ მოიქცეთ ასე, თუ დიაბეტი ან ტერფის სისსხლის მიმოქცევის დარღვევა გაქვთ.

ბუშტუკის გამოწურვამდე დაიბანეთ ხელები და ბუშტუკის არე საპნითა და თბილი წყლით, ბუშტუკზე გადაისვით იოდი, გაასტერილეთ სუფთა ნემსი სპირტით და ფრთხილად უჩხვლიტეთ ბუშტუკს კიდეებთან ერთ ან რამდენიმე ადგილზე, ზეწოლით გამოუშვით სითხე, ისე, რომ ზემოდან კანი თავის ადგილზე დარჩეს. წაისვით ვაზელინი და დაიდეთ დოლბანდი. თუ გამონაყარი გაჩნდა, ვაზელინის გამოყენება შეწყვიტეთ. ყოველდღე დაითვალიერეთ ბუშტუკი, რათა ინფიცირება არ გამოგეპაროთ. რამდენიმე დღის შემდეგ გასტერილებული პინცეტითა და მაკრატლით მოიცილეთ მკვდარი კანი, წაისვით ბევრი ვაზელინი და ისევ დაიდეთ დოლბანდი.

რომ არ გაგვიჩნდეს

ჩაიცვით კარგად მორგებული, არც მეტისმეტად მჭიდრო და არც მეტისმეტად თავისუფალი ფეხსაცმელი და ტენიანობის შემწოვი წინდები. შეგიძლიათ სცადოთ ორი წყვილი წინდის ჩაცმაც. ფეხსაცმელში ჩაყარეთ პუდრი, პრობლემურ ადგილებზე დაიკარით პლასტირი, წაისვით ვაზელინი – ეს ხახუნს შეამცირებს.

ტკივილის, დისკომფორტის, კანის გაწითლების შემთხვევაში აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ.

***

კოჟრი და კოჟიჟი

კოჟრი და კოჟიჟი კანის გასქელებული, გამაგრებული ფენებია. ისინი მაშინ ვითარდება, როდესაც კანი ხახუნისა და ზეწოლისგან თავის დაცვას ცდილობს. კოჟრი უფრო პატარაა და აქვს მყარი ცენტრი, რომელიც ანთებადი კანით არის გარშემორტყმული. ის უმეტესად წარმოიქმნება ფეხის იმ ნაწილებზე, რომლებსაც სხეულის წონა არ აწვება – თითების ზედა და გვერდითა ზედაპირებზე, ზოგჯერ – თითებს შორის. შესაძლოა, ზეწოლისას მტკივნეული იყოს. კოჟიჟი ჩნდება ფეხისგულებზე, უმეტესად – ქუსლებსა და წინა, საყრდენ ნაწილებზე და კოჟრზე დიდია.

კანი ორივე შემთხვევაში სქელდება და უხეშდება, გარქოვანებული ნაწილი ზედაპირიდან წამოწეულია, მტკივნეულია (ზოჯერ – მხოლოდ შეხებისას, ზოგჯერ – შეხების გარეშეც), კანი აქერცლილია, მშრალი ან ცვილისებრი.

კოჟრებს და კოჟიჟებს უმეტესად აჩენს მჭიდრო ან თავისუფალი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლები, ფეხსაცმლის უწინდებოდ ჩაცმა ან წინდები, რომლებიც კარგად არ ერგება ფეხს.

რისკფაქტორებია ბუნიონი – დიდი თითის ძირში სახსარზე განვითარებული პათოლოგიური ძვლოვანი ბორცვი, ჩაქუჩისებრი თითი და ტერფის სხვა დეფორმაციები.

პრევენციისთვის შეარჩიეთ კარგად მორგებული დეხსაცმელი, რომელშიც თითებს ამოძრავებთ. პრობლემური ადგილებისთვის იხმარეთ სპეციალური დამცავები, შეგიძლიათ მოსინჯოთ თითებშორისი სეპარატორები.

ამავე ღონისძიებებს გულისხმობს მკურნალობაც, პლუს იმ განმეორებადი მოქმედებების თავიდან აცილებას, რამაც მათი გაჩენა გამოიწვია.

თუ, მიუხედავად თქვენი ძალისხმევისა, კოჟრი ან კოჟიჟი არ მორჩა ან მტკივნეული გახდა, ჭარბი კანი ექიმმა უნდა მოგაჭრათ – თავად თუ ეცდებით, შესაძლოა ინფექცია შეიტანოთ.

კოჟრისა და კოჟიჟის სამკურნალოდ გამოიყენება სალიცილის მჟავას შემცველი სპეციალური პლასტირებიც, მათ რამდენჯერმე გამოიცვლით და საბოლოოდ დარბილებულ კანს პემზით გაიხეხავთ. თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა მდგომარეობა, რომელიც ფეხებში სისხლის ნაკადის დაქვეითებას იწვევს, თვითმკურნალობას ერიდეთ – კოჟრის საწინააღმდეგო პლასტირში შემავალ სალიცილის მჟავას შეუძლია გააღიზიანოს ჯანსაღი კანი და ინფექცია გამოიწვიოს.

ფეხის დეფორმაციის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა ორთოპედიული ღაბაშები დაგინიშნოთ.

როგორ ვუვლით:

. კოჟრსა და კოჟიჟზე დაიკარით დამცავი საფენები.

. გასქელებული კანის მოცილებამდე ჩაალბეთ ფეხები თბილ საპნიან წყალში – გასქელებული კანი დარბილდება და მისი მოცილება გაადვილდება.

. ბანაობის დროს ან მის შემდეგ მოიშორეთ გამკვრივებული კანის ფენა პემზით, ქლიბით, პირსახოცით. არ გამოიყენოთ ბასრი საგნები. არ გამოიყენოთ პემზა, თუ დიაბეტი გაქვთ.

. კარგად დაინოტივეთ კანი დამატენიანებლით.

. ატარეთ კომფორტული ფეხსაცმელები და წინდები.

***

ბუნიონი

ბუნიონი ტერფის დიდი თითის ვალგუსური დეფორმაციაა, ჰალუს ვალგუსი, რომელსაც ხშირად შეცდომით პოდაგრასაც ეძახიან (პოდაგრისთვისაც არის დამახასიათებელი ცერა თითის სახსრის დაზიანება). ის უმეტესად ჩნდება ვიწრო, მოჭერილი ფეხსაცმლის ტარების შედეგად, ცერა თითს პატარა თითებისკენ მოხრას და მის დიდ სახსარს თანდათანობით გარეთ გამოსვლას აიძულებს. შესაძლოა, ბუნიონზე კანი იყოს წითელი და მტკივნეული, პირველი და მეორე თითების შეხების ადგილას გაჩნდეს კოჟრი. ხშირია სახსრის მუდმივი ან გარდამავალი ტკივილი და მისი მოძრაობის შეზღუდვა.

ბუნიონის განვითარების სავარაუდო რისკფაქტორებია ფეხის მემკვიდრეობითი ტიპი, ტერფის დაზიანებები, თანდაყოლილი დეფორმაციები, მჭიდრო, მაღალქუსლიანი ან მეტისმეტად ვიწროწცხვირიანი ფეხსაცმლის ტარება, Რევმატოიდული ართრიტი.

ბუნიონის შესაძლო გართულებებია ბურსიტი – სახსრის სითხით სავსე პატარა ბალიშების ანთება, ჩაქუჩისებრი თითი, მეორე თითის პათოლოგიური მოხრა შუა სახასარში, რამაც შესაძლოა ტკივილი გამოიწვიოს, მეტატარზალგია, რაც ფეხისგულის წინა, საყრდენი ნაწილის ტკივილსა და შეშუპებას იწვევს.

ბუნიონის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. მას უნდა ჰქონდეს ფართო ცხვირი, რომელშიც დარჩება სივრცე ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის კიდეს შორის. ფეხსაცმელი ფეხის ფორმას უნდა შეესაბამებოდეს და არსად არ უნდა გაწვებოდეთ.

ბუნიონის კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს ფეხსაცმლის გამოცვლას, სილიკონის ან სხვა მასალის სპეციალური საცმელების ან თითებს შორის მოსათავსებელი სადებების გამოყენებას, ტკივილის დროს პარაცეტამოლის, იბუპროფენის მიღებას, ფეხზე დიდხანს დგომის შემდეგ ყინულის დადებას, რაც ტკივილს შეამსუბუქებს და შეშუპებას დააცხრობს. უკანასკნელი ღონისძიება ექიმთან უნდა შეათანხმოთ, თუ ტერფებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გაქვთ.

თუ კონსერვატიული მკურნალობა სიმპტომებს არ ხსნის, შესაძლოა ოპერაცია დაგჭირდეთ. კოსმეტიკური მიზნით ქირურგიული ჩარევა არ არის რეკომენდებული. ოპერაცია მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ბუნიონი ხშირად იწვევს ტკივილს ან ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ოპერაციულად შესაძლებელია შეშუპებული ქსოვილის მოცილება ცერა თითის სახსრის გარშემო, ცერა თითის გასწორება ძვლის ნაწილის ამოღების ხარჯზე, დაზიანებული სახსრის ძვლების სამუდამოდ შეერთება და სხვა. შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ მალევე გაიაროთ, მაგრამ სრულ რეაბილიტაციას კვირები ან თვეებიც დასჭირდეს.

***

ჩაქუჩისებრი და უროსებრი თითები

ჩაქუჩისებრი და უროსებრი თითები ტერფის დეფორმაციებია. ჩაქუჩისებრია თითი, რომელიც პათოლოგიურად არის მოხრილი თითის შუა სახსარში, უროსებრი თითის დროს კი ფრჩხილის უახლოესი სახსარია დაზიანებული. ამ დეფორმაციებს უმეტესად მეორე, მესამე და მეოთხე თითები განიცდის. დაზიანებული თითის მოძრაობა შესაძლოა გართულდეს და მტკივნეული გახდეს, მათზე გაჩნდეს კოჟრი ან კოჟიჟი.

დაზიანების მიზეზია მაღალქუსლიანი, ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელი, თითის ტრავმა. რისკის ფაქტორებია ასაკი, მდედრობითი სქესი – ქალებს უფრო ხშირად უჩნდებათ, ვიდრე კაცებს, თითების სიგრძე – თუ მეორე თითი ცერზე გრძელია, მეტია ჩაქუჩისებრი ან უროსებრი თითის განვითარების რისკი, ართრიტი და დიაბეტი, მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

ჩაქუჩისებრი ან უროსებრი თითი თავდაპირველად ინარჩუნებს მოქნილობას, მაგრამ საბოლოოდ მყესები იკუმშება და მაგრდება. ამის თავიდან აცილება შეიძლება მორგებული, კომფორტული ფეხსაცმლის ტარებით. ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცმლის შიდა ზედაპირს შორის სანტიმეტრზე მეტი თავისუფალი სივრცე უნდა იყოს. ერიდეთ წვეტიან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს.

მკურნალობისას გამოიყენება სპეციალური საცმელები და თითებს შორის მოსათავსებელი სადებები, ვარჯიშები. თუ კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ქირურგიული ჩარევა მყესის გასათავისუფლებლად.

***

მეტატარზალგია

მეტატარზალგია ფეხისგულის წინა ნაწილის, თითების ძირის მტკივნეულობა და ანთებაა. ის შესაძლოა გამოვლინდეს:

. ამ ადგილის მკვეთრი, ძლიერი ტკივილით ან წვით, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება შიშველი ფეხით მყარ ზედაპირზე დგომის, სირბილის, ტერფის მოხრის დროს და სუსტდება დასვენებისას;

. ფეხის თითების დაბუჟებით, მათი მკვეთრი, ძლიერი ტკივილით;

. ფეხსაცმელში კენჭის ჩავარდნის შეგრძნებით.

მეტატარზალგიია შეიძლება ერთმა ფაქტორმაც გამოიწვიოს, მაგრამ უმეტესად მის განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს, მათ შორის:

. ინტენსიური ვარჯიში ან სხვაგვარი ფიზიკური აქტიურობა – მაგალითად, მეტატარზალგიის რისკი აქვთ დისტანციებზე მორბენლებს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც მსგავს სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობს, განსაკუთრებით – თუ ფეხსაცმელი კარგად არ აქვს მორგებული;

. ტერფის განსაზღვრული ფორმა – მაღალი თაღი, ცერზე გრძელი მეორე თითი;

. ტერფის დეფორმაცია – ჩაქუჩისებრი თითი, ბუნიონი;

. ჭარბი წონა – წონის უმეტესი ნაწილი ტერფის წინა ნაწილს აწვება, ყოველი ზედმეტი კილოგრამი ტერფზე მეტ ზეწოლას ნიშნავს. წონის დაკლებამ სიმპტომები შეიძლება შეასუსტოს ან გააქროს;

. ცუდად მორგებული ფეხსაცმელი – როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვაცვია, ფეხის წინა ნაწილს უფრო მეტი წონა აწვება. მეტატარზალგიის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც არ აქვს სათანადო სიმყარე;

. სტრესული მოტეხილობები – ბზარები ტერფის ძვლებში, რომელთა გაჩენა გამოწვეულია ხშირი განმეორებითი დატვირთვით ან ოსტეოპოროზით;

. მორტონის ნეირომა – ნერვის ირგვლივ ფიბროზულქსოვილოვანი წარმონაქმნი მესამე და მეოთხე თითებს შორის.

ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად მეტატარზალგიის განვითარების რისკს ზრდის ფეხისგულზე კოჟიჟის არსებობა, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა.

მკურნალობა

დასვენება, ფეხსაცმლის გამოცვლა, მეტატარზალური საფენის გამოყენება შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სიმპტომების შესამსუბუქებლად. იშვიათად, როდესაც კონსერვატიული ზომები უეფექტოა ან მეტატარზალგია გართულებულია ჩაქუჩისებრი თითით, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

მკურნალობის გარეშე მეტატარზალგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი იმავე ან მოპირდაპირე ტერფის სხვა ნაწილებში, სხეულის სხვა ადგილებში (ზურგი, თეძო).

ტკივილის შესამსუბუქებლად:

. ტერფი დაასვენეთ, მოარიდეთ შემდგომ დაზიანებებს, არ გადატვირთოთ. დგომის ან სიარულის შემდეგ ფეხი მაღალზე შემოდეთ. შესაძლოა ცოტა ხნით თავის შეკავება მოგიხდეთ სპორტის გაკვეული სახეობებისგან და სანაცვლოდ ცურვაზე ან ველოსიპედით სიარულზე გადახვიდეთ.

. დღეში რამდენჯერმე, დაახლოებით 20 წუთით დაიდეთ ყინული. კანის დასაცავად ყინულის პაკეტები თხელ პირსახოცში შეფუთეთ.

. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, იბუპროფენი, ნაპროქსენი, ასპირინი.

. ატარეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი. ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მჭიდრო, მეტისმეტად ფართო, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. სპორტული დატვირთვისას გეცვათ სპორტის კონკრეტული სახეობის შესაბამისი ფეხსაცმელი.

. გამოიყენეთ მეტატარზალური ბალიშები – სპეციალური რბილი საფენები ფეხისგულის წინა ნაწილისთვის, რომლებიც ფეხზე ან ფეხსაცმელში მაგრდება.

. შესაძლოა დაგჭირდეთ სუპინატორები, თაღოვანი საყრდენები. ისინი ამცირებს ზეწოლას მეტატარზალურ ძვლებზე და ტერფის ფუნქციობას აუმჯობესებს.

***

პლანტარული ფასციიტი

პლანტარული ფასციიტი ქუსლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ფასცია ტერფის ქვედა ზედაპირზე არსებული მკვრივი ქსოვილია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქუსლს და ფეხის თითებს. მისი ანთება, ფასციიტი,  იწვევს ქუსლის საყრდენი ზედაპირის ტკივილს, რომელიც დილით პირველივე ნაბიჯებს მოჰყვება. ადგომისა და სიარულის შემდეგ ტკივილი მცირდება, მაგრამ შესაძლოა ისევ იჩინოს თავი ხანგრძლივი დგომის ან სკამიდან ადგომის შემდეგ. ფასციიტის განვითარებას ფასციაზე განმეორებად ძლიერ დატვირთვას უკავშირებენ.

რისკის ფაქტორები

პლანტარული ფასციიტი შესაძლოა აშკარა მიზეზის გარეშეც განვითარდეს, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი ზრდის მისი განვითარების რისკს. ესენია:

. ასაკი – პლანტარული ფასციიტი ყველაზე ხშირად 40-დან 60 წლამდე გვხვდება;

. აქტივობები, რომლებიც ძლიერ ტვირთავს ქუსლს და მასთან დაკავშირებულ ქსოვილს – შორ დისტანციაზე სირბილი, ბალეტი,  აერობიკა;

. ტერფის მექანიკის დარღვევა – ბრტყელტერფიანობა, მაღალი თაღი, სიარულის ატიპური მანერა;

. სიმსუქნე. ჭარბი წონა;

. საქმიანობა, რომელიც ფეხზე დგომას ითხოვს (ასეთ საქმიანობას მისდევენ, მაგალითად, მუშები და მასწავლებლები, რომლებიც სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს სიარულში ან დგომაში ატარებენ).

მკურნალობა

ზოგჯერ რენტგენი აჩვენებს ქუსლის ძვლის დეზს. წინათ მას ხშირად აბრალებდნენ ქუსლის ტკივილს და კვეთდნენ, მაგრამ ბევრია ისეთი, ვისაც ქუსლის დეზი აქვს, ქუსლის ტკივილი კი არ აწუხებს.

პლანტარული ფასციიტის მქონე ადამიანების უმეტესობა რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდება კონსერვატიული მკურნალობით – მტკივან ადგილზე ყინულის დადებით, გაჭიმვით, ტკივილის გამომწვევი აქტივობების შეცვლით. მედიკამენტებიდან გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები (იბუპროფენი, ნაპროქსენი). მიმართავენ ფიზიოთერაპიასაც – სპეციალურ ვარჯიშებს პლანტარული ფასციისა და აქილევსის მყესის გასაჭიმავად და ფეხის კუნთების გასაძლიერებლად. თერაპევტმა შესაძლოა გასწავლოთ ათლეტური ლენტის გამოყენებაც. ღამის სპლინტი – ტერფზე ჩასაცმელი სპეციალური მოწყობილობა – ჭიმავს ფასციას და აქილევსის მყესს. რეკომენდებულია სუპინატორების გამოყენება. გარკვეული პერიოდით შეიძლება  სპეციალური ჩექმის, ხელჯოხების ან ყავარჯნების მოშველიებაც, რათა ტერფზე ზეწოლა დროებით შემსუბუქდეს.

თუ კონსერვატიულმა ზომებმა რამდენიმე თვეში შედეგი არ გამოიღო, შესაძლოა ჩატარდეს სტეროიდული მედიკამენტის ინექცია, ქსოვილის აღდგენა ულტრაბგერითი ტალღებით, ოპერაცია ქუსლის ძვლიდან პლანტარული ფასციის მოსაცილებლად.

ტკივილის შესამცირებლად

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა, ატარეთ დაბალ– ან საშუალო სიმაღლის ქუსლიანი, სქელძირიანი, სუპინატორიანი, რბილსაფენიანი ფეხსაცმელი. ნუ ივლით ფეხშიშველი, ნუ ჩაიცვამთ ძველ, გაცვეთილ სპორტულ ფეხსაცმელს. სიარულის ან სირბილის ნაცვლად მისდიეთ ცურვას ან ველოსპორტს, დღეში რამდენჯერმე მტკივან ადგილზე დაიდეთ ყინული, ფეხისგულით აგორავეთ გაყინული წყლით სავსე ბოთლი, დაჭიმეთ ტერფები.

***

ქუსლის დეზი

ქუსლის დეზი არის კალციუმის დეპოზიტი, ძვლოვანი წანაზარდი ქუსლის ძვლის ქვედა მხარეს, რომელიც რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ჩანს. ხშირად უმტკივნეულოა. ზოგჯერ იწვევს ქუსლის ტკივილს დეზის გარშემო არსებული რბილი ქსოვილის დაზიანების გამო. მის განვითარებას უმეტესად განაპირობებს ტერფის კუნთების გაჭიმვა, იოგების, პლანტარული ფასციის დაძაბვა და დაჭიმვა. განსაკუთრებით ხშირია სპორტსმენებთან, რომლებსაც ბევრი სირბილი და ხტომა უწევთ. რისკის ფაქტორები იგივეა, რაც პლანტარული ფასციიტისა.

ტკივილი ნემსის წვერის შერჭობას მოგაგონებთ. თუ ის თვეზე მეტია გრძელდება, ექიმს უნდა მიმართოთ. მკურალობაც პლანტარული ფასციიტისას ჰგავს.

***

ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა ტერფის სიგრძივი, განივი ან ორივე თაღის დაწევაა, რის გამოც მთელი ფეხისგული ან მისი დიდი ნაწილი ფეხზე დგომისას იატაკს ეხება. უმეტესად ის არავითარ სიმპტომს არ იწვევს, თუმცა ზოგიერთი უჩივის ფეხის ტკივილს, განსაკუთრებით – ქუსლის ან თაღის მიდამოში, რომელიც დატვირთვისას ძლიერდება. შესაძლოა კოჭის შიგნითა მხარის შეშუპებაც.

სამ წლამდე ტერფის ბრტყელი ფორმა ნორმად მიიჩნევა, რადგან თაღები ჯერ არ არის განვითარებული. ზოგიერთ ბავშვს ჯდომის ან ფეხის წვერებზე დგომის დროს ეტყობა თაღი, მაგრამ როცა მთელ ტერფებზე დგას, უქრება. ასეთი ბრტყელტერფიანობაც უმეტესად ასაკთან ერთად გაივლის.

თაღები შესაძლოა დაეშვას ასაკთან, მყესების დასუსტებასთან ერთად. ბრტყელტერფიანობის რისკს ზრდის სიმსუქნე, ტერფის ან კოჭის ტრავმა, რევმატოიდული ართრიტი, სიბერე, შაქრიანი დიაბეტი.

როდესაც ბრტყელი ტერფი დისკომფორტს ქმნის, სიმპტომების შესამსუბუქებლად ინიშნება თაღოვანი საყრდენები – სუპინატორები, გაჭიმვები აქილევსის მყესის დასაგრძელებლად, ორთოპედიული ფეხსაცმელი, ფიზიოთერაპია.

მცირე ტკივილის გასაყუჩებლად უნდა ერიდოთ დატვრითვას, რომელიც მდგომარეობას აუარესებს, გამოიყენოთ სუპინატორები, დალიოთ ტკივილგამაყუჩებლები. რეკომენდებულია, ჯანსაღი წონის შენარჩუნება.

***

სესამოიდიტი

ადამიანის სხეულში ძვლების უმეტესობა სახსრებით უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არის რამდენიმე ძვალი, რომლებიც ან მხოლოდ მყესებს უკავშირდება, ან კუნთებშია ჩასმული. მათ სესამოიდური ძვლები ეწოდებათ. ტერფში ორი ასეთი ძვალია. ეს ძვლები ძალიან პატარაა, დაახლოებით სიმინდის მარცვლისოდენა, და ცერების წინატერფ-ფალანგის შესახსრების მიდამოში, ქვედა მხარს მდებარეობს. საბაგირო გორგლაჭის მსგავსად, მათ გლუვ ზედაპირებზე ადვილად სრიალებს მყესები, რაც კუნთების ძალას ზრდის. სწორედ ეს “გორგოლაჭები” ეხმარებიან ტერფებს წონის ზიდვაში, ამაღლებენ ცერის ძვლებს.

სესამოიდური ძვლების გარშემო მდებარე მყესების გაღიზიანებას, ანთებას სესამოიდიტი ეწოდება. ის გავრცელებულია ბალეტის მოცეკვავეებს, მორბენლებს, ბეისბოლის მოთამაშეებს შორის.

ტკივილი ფოკუსირებულია ცერა თითის ქვეშ, ვითარდება თანდათანობით (სესამოიდური ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში ტკივილი მყისიერი იქნება),  შესაძლოა გართულდეს და მტკივნეული გახადოს ცერა თითის მოხრა და გაშლა. ზოგჯერ ვითარდება შეშუპება და სისხლჩაქცევა.

მკურნალობა ძირითადად არაოპერაციულია. გულისხმობს ტკივილის გამომწვევი აქტივობების შემცირებას, ტკივილგამაყუჩებლებს, ყინულის საფენებს, რბილძირიანი, დაბალქუსლიანი ან კორპისძირიანი მაგარი ფეხსაცმლის ტარებას, სპეციალური საფენების გამოყენებას.

აქტივობას თანდათანობით უნდა დაუბრუნდეთ, სესამოიდური ძვლების ქვეშ უნდა დაიდოთ სპეციალური ბალიშები, შეიძლება, შეშუპების შესამცირებლად გაკეთდეს სტეროიდული მედიკამენტის ინექცია. 

***

მორტონის ნეირომა

მორტონის ნეირომა არ არის სიმსივნე, თუმცა კი ნეირომა ჰქვია. ეს არის თითების ნერვის ირგვლივ არსებული ქსოვილის გასქელება. ყველაზე ხშირად ვითარდება მესამე და მეოთხე თითებს შორის, როგორც წესი, გაღიზიანების, ტრავმის ან გადაჭარბებული დატვირთვის საპასუხოდ. ქალებში ის 8-10-ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

ახასიათებს ფეხისგულის წვა, ტკივილი, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს თითებში. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება დატვირთვის და ფეხსაცმლის ტარების დროს. ღამის ტკივილი იშვიათია. შესაძლოა, დაემატოს ფეხის თითების დაბუჟება, მაღალქუსლიანი ან ვიწროცხვირიანი ფეხსაცმელები მდგომარეობას აუარესებს.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე მეთოდის კომბინაცია: ფართო, კომფორტული ფეხსაცმლის ტარება; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება; ფეხზე მორგებული ორთოპედიული საშუალებები; კორტიზონის ინექციები, – შვებას ჰგვრის მორტონის ნეირომით დაავადებულთა 80 პროცენტზე მეტს. თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, შესაძლებელია ქირურგიულიც –  ნერვის მცირე ნაწილის რეზექცია ან ნერვის ირგვლივი ქსოვილისგან გათავისუფლება.

***

პლანტარული მეჭეჭი

მეჭეჭები ქუსლებსა და ფეხისგულებზე ადამიანის პაპილომავირუსითაა გამოწვეული. ეს პატარა გამონაზარდები ხშირად დიდი დისკომფორტის წყაროდ იქცევა. მეჭეჭები არ მოითხოვს მკურნალობას, გარდა რამდენიმე შემთხვევისა: თუ სისხლმდენია ან მტკივნეული; შეიცვალა ფერი ან ფორმა; ხელს გიშლით საქმიანობაში; გაქვთ დიაბეტი ან დასუსტებული იმუნური სისტემა; არ ხართ დარწმუნებული, რომ წარმონაქმნი მეჭეჭია.

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ტერფის კანში უმნიშვნელო ნაკაწრების, ნაპრალების მეშვეობით ხვდება. მისი ასზე მეტი სახეობიდან მხოლოდ რამდენიმე იწვევს ტერფებზე მეჭეჭებს.

ყველა ადამიანის იმუნური სისტემა სხვადასხვანაირად რეაგირებს HPV-ზე, მეჭეჭებიც ყველას არ უჩნდება, ერთი და იმავე ოჯახის წევრებს შორისაც კი. ვირუსს მოსწონს თბილი, ტენიანი გარემო. შესაბამისად, პლანტარული მეჭეჭი შეიძლება გაგიჩნდეთ აუზზე თუ გასახდელში ფეხშიშველი სიარულის შედეგად. მეჭეჭიდან შესაძლოა ვირუსი სხვა ადგილებზეც გავრცელდეს და მეტი მეჭეჭი გაჩნდეს.

როდესაც პლანტარული მეჭეჭები ტკივილს გაყენებთ, შესაძლოა შეგეცვალოთ დგომის ან სიარულის მანერა, რაც, თავის მხრივ, კუნთების ან სახსრების ტკივილს გამოიწვევს.

მეჭეჭების განვითარების რისკის შესამცირებლად:

. ერიდეთ სხვის თუ საკუთარ კანზე არსებულ მეჭეჭებთან შეხებას;

. შეხების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები;

. ეცადეთ, ტერფები მუდამ სუფთა და მშრალი გქონდეთ, ყოველდღე გამოიცვალეთ ფეხსაცმელი და წინდები.

. ერიდეთ ფეხშიშველა სიარულს აუზებზე და გასახდელებში;

. არ დააზიანოთ მეჭეჭი;

. არ შეახოთ მეჭეეჭის ზედაპირს პემზა ან სხვა ხელსაწყო, რომელსაც ჯანსაღი კანისა და ფრჩხილებისთვის იყენებთ.

მკურნალობა

პლანტარული მეჭეჭების უმეტესობა უვნებელია და თავისთავად ქრება, თუმცა ამას შესაძლოა ერთი ან ორი წელიც დასჭირდეს. თუ მტკივნეულია ან სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება, შეგიძლიათ იმკურნალოთ აფთიაქში ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებებით. შეიძლება სალიცილის მჟავათი მოწვა, მოყინვა (კრიოთერაპია),  მოკვეთა (ქირურგიული მკურნალობა), იმუნური თერაპია, ლაზერული თერაპია და სხვა.

***

ჩაბრუნებული ფრჩხილი

ჩაბრუნებულს ანუ ჩაზრდილს ვუწოდებთ ფრჩხილს, როდესაც მის ერთ ან ორივე მხარეს კანი იზრდება ფრჩხილის ზემოდან ან თავად ფრჩხილი იზრდება კანში. თავდაპირველად ფრჩხილის კუთხის მიმდებარე მიდამო მაგარი, შეშუპებული და მტკივნეულია. მოგვიანებით შესაძლოა გაწითლდეს, დაინფიცირდეს და ძალიან მტკივნეული გახდეს. შესაძლოა ჩირქიც გამოვიდეს.

მიზეზი უმეტესად არის ფეხის ფრჩხილების, განსაკუთრებით – ცერის, ზედმეტად დამოკლება, ფრჩხილის გვერდებზე მოჭრა, ძალიან მჭიდრო ან ძალიან მოკლე ფეხსაცმლის ტარება, ზოგჯერ – თითთან შედარებით ანატომიურად დიდი ფრჩხილი, თითის ტრავმა.

მკურნალობა

ჩაზრდილი ფრჩხილის აღმოჩენისთანავე ზომები უნდა მიიღოთ. თუ ინფიცირება ჯერ არ დაწყებულა, მას სახლშიც ადვილად გაუმკლავდებით დღეში 3-4-ჯერ ფეხის თბილ წყალში ჩალბობით, დარჩენილი დღის განმავლობაში ფეხის სიმშრალის შენარჩუნებით, კომფორტული ფეხსაცმლის ტარებით, სადაც ფეხის თითებისთვის საკმარისი ადგილია. ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება იბუპროფენის ან პარაცეტამოლის მიღება. თუ მდგომარეობა 2-3 დღეში არ გაუმჯობესდა და გაუარესდა კიდეც, მიმართეთ ექიმს.

შეგიძლიათ, ფრთხილად ასწიოთ ჩაზრდილი ფრჩხილის კიდე და ფრჩხილსა და კანს შორის მოათავსოთ ფლოსი, კბილის ძაფი. ის ყოველდღე უნდა გამოცვალოთ.

თუ ანთება, შეშუპება, ტკივილი და გამონადენი ძლიერია, სავარაუდოდ, ფრჩხილი ინფიცირებულია და მას ექიმმა უნდა უმკურნალოს. შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკების მიღება და ფრჩხილის ნაწილობრივ ან მთლიანად მოცილება.

პრევენცია

თუ პრობლემა თანდაყოლილი არ არის, ფრჩხილების ჩაზრდის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა ტერფების დაცვა ტრავმისგან, თითებთან თავისუფალი ფეხსაცმლისა და წინდების ტარება, ფრჩხილების სწორ ხაზზე გადაჭრა სუფთა, ბასრი მაკრატლით, კუთხეების მოჭრისა და დამრგვალების გარეშე. გაითვალისწინეთ, ფრჩხილები თითის კიდეზე მოკლე არ უნდა იყოს, ფეხები კი ყოველთვის სუფთა და მშრალი უნდა გქონდეთ.

***

ტერფის მიკოზი – ათლეტის ტერფი

ათლეტის ტერფი კანის სოკოვანი ინფექციაა, რომელიც, ჩვეულებრივ, იწყება თითებს შორის ქანის აქერცვლით, ქავილით (განსაკუთრებით – ფეხსაცმლისა და წინდის გახდისთანავე), კანის  მოწითალო, მოიისფრო ან ნაცრისფერი შეფერილობით, მისი წვით, მასზე ბუშტუკების გაჩენით, ფეხისგულის სიმშრალითა და აქერცვლით. მას სოკო დერმატოფიტია იწვევს. შესაძლოა გავრცელდეს ინფიცირებულ ადამიანთან ან დაბინძურებულ ნივთთან კონტაქტით (პირსახოცი, იატაკი, ფეხსაცმელი). შესაძლოა მისი გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებზეც.

რისკი იზრდება თუ ხშირად იცვამთ დახურულ ფეხსაცმელს, ძლიერ გიოფლიანდებათ ტერფები, ხმარობთ სოკოვანი ინფექციის მქონე ადამიანის ნივთებს, გასახდელში, საუნაში,  აუზზე, საერთო აბანოსა და საშხაპეში ფეხშიშველი დადიხართ.

დაავადებას სოკოს საწინააღდეგო პრეპარატებით მკურნალობენ.

***

ფრჩხილის სოკო

ფრჩხილის სოკო, იგივე ონიქომიკოზი, იწვევს ერთი ან რამდენიმე ფრჩხილის ფერის შეცვლას (მოთეთროდან მოყვითალო-ყავისფრამდე შეფერვას), სიმყიფეს, კიდეების მსხვრევას, ფორმის შეცვლას, გასქელებას, უსიამოვნო სუნს. ყველაზე ხშირად ის სოკო დერმატოფიტიით არის გამოწვეული. უფრო ხშირია ხანდაზმულებში, რადგან ასაკთან ერთად ფრჩხილი შრება და მტვრევადი ხდება, ფირფიტაში წარმოქმნილი ბზარები კი სოკოს ფრჩხილში შეღწევას უადვილებს. სხვა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ტერფების სისხლის მიმოქცევის დაქვეითება და იმუნური სისტემის დასუსტება.

ფეხის ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია შეიძლება დაიწყოს ტერფის მიკოზიდან, გავრცელდეს ერთი ფრჩხილიდან მეორეზე, მაგრამ სხვისგან ინფიცირება იშვიათია.

ფრჩხილის სოკოს განვითარების რისკს ზრდის:

* ასაკი – ხანდაზმულ ორგანიზმში სისხლის ნაკადი შემცირებულია, სოკოების ზემოქმედების ხანგრძლივობა მეტია და ფრჩხილებიც უფრო ნელა იზრდება;

* ძლიერი ოფლიანობა;

* ტერფის მიკოზი ჯანმრთელობის ისტორიაში;

* ფეხშიშველი სიარული აუზზე, სპორტულ დარბაზში, საერთო საშხაპეში;

* კანის ან ფრჩხილის დაზიანება, ფსორიაზი;

* დიაბეტი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები, დასუსტებული იმუნური სისტემა.

დიაგნოსტიკისთვის ტარდება ფრჩხილის ლაბორატორიული კვლევა.

ფრჩხილის სოკო ძნელად იკურნება და ხშირია განმეორებითი ინფექცია. გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო დასალევი და ფრჩხილზე წასასმელი წამლები. მკურნალობა თვეების განმავლობაში გრძელდება, შედეგი კიდევ უფრო გვიან ჩანს. ზოგიერთ შემთხვევში ფრჩხილს ქირურგიულადაც აცილებენ. 

სოკოვანი დაავადებების პრევენცია

იმისთვის, რომ ტერფის მიკოზი და ფრჩხილის სოკო არ დაგემართოთ ან არ გაგიმეორდეთ:

* რეგულარულად იბანეთ ხელები და ფეხები. დაიბანეთ ხელები ინფიცირებულ ფრჩხილთან შეხების შემდეგ. დაბანის შემდეგ ფრჩხილები დაიტენიანეთ.

* ფრჩხილები სწორ ხაზზე მოიჭერით, კიდეები ქლიბით გაასწორეთ და გასქელებული ადგილები მოქლიბეთ. ფრჩხილის საჭრელს ყოველი გამოყენების შემდეგ ჩაუტარეთ დეზინფექცია.

* ჩაიცვით ოფლის შთამნთქმელი წინდები ან გამოიცვალეთ ისინი დღის განმავლობაში.

* ფეხებს დროდადრო განიავების საშუალება მიეცით.

* არ ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი, არ გამოიყენოთ სხვისი პირსახოცი.

* შეარჩიეთ მსუნთქავი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი.

* ძველი ფეხსაცმელები გადაყარეთ ან დაამუშავეთ სადეზინფექციო საშუალებით ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილით.

* აუზის ტერიტორიაზე და გასახდელში ფეხზე აუცილებლად გეცვათ პლაჟის ქოშები.

* იარეთ სალონში, რომელიც მანიკურის საშუალებებს კარგად ასტერილებს.

* უარი თქვით ფრჩხილის ლაქსა და ხელოვნურ ფრჩხილებზე.

***

დიაბეტური ტერფი

ტერფის პრობლემებს განსაკუთრებით ხშირად უჩივიან დიაბეტით დაავადებულები. ეს იმდენად გავრცელებული მოვლენაა, რომ მედიცინაში ტერმინი “დიაბეტური ტერფიც” კი დამკვიდრდა.

დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებაა. მის დროს სისხლში იმატებს გლუკოზის დონე, რაც ტერფების სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებას იწვევს.

ნეიროპათიას, პერიფერიული ნერვების დაზიანებას, რომელიც დიაბეტით დაავადებულთა 60-70%-ს აღენიშნება, ხელ-ფეხში შეგრძნებების დაკარგვამდე მივყავართ. ამის შემდეგ ადამიანი ვეღარ ამჩნევს მათ ცვლილებებს და კიდურები ადვილად უზიანდება.

ტერფებზე შესაძლოა გაჩნდეს წყლულები, განვითარდეს კანის ან ძვლის ინფექცია (ოსტეომიელიტი),  ჩირქგროვები (აბსცესები), შარკოს ართროპათია – მოტეხილობები უმნიშვნელო ტრავმების შედეგად, რომლებმაც შესაძლოა ტერფის მძიმე დეფორმაციამდე მიგვიყვანოს.

ზოგჯერ საჭირო ხდება მუხლქვეშა ან ტერფის სრული ან ნაწილობრივი ამპუტაცია.

ნიშნები

ნეიროპათიის სიმპტომებია ტერფში მგრძნობელობის ან ტკივილის დაქვეითება და ჩხვლეტის შეგრძნების გაჩენა. მგრძნობელობის დაქვეითების გამო ადამიანმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს, რომ ბუშტუკი, ნაკაწრი ან ჭრილობა აქვს. პრობლემის რაობის მიხედვით, შესაძლოა შეშუპდეს ტერფი, კანმა შეიცვალოს ფერი (გაწითლდეს, გალურჯდეს, განაცრისფრდეს, გათეთრდეს), გაუჩნდეს წითელი ზოლები, ზედმეტად გახურდეს ან გაგრილდეს, განვითარდეს უმტკივნეულო ან უმნიშვნელოდ მტივნეული ტრავმა, გაჩნდეს ჭრილობა, ტერფი დეფორმირდეს, ტერფიდან გამონადენის გამო წინდებმა შეიცვალოს ფერი. თუ ტერფში ინფექციაა შეჭრილი, ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს ცხელებას, შემცივნებას, კანკალს, სიწითლეს, დაზიანებული ადგილიდან გამონადენს. ინფექციის სისხლში გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა – სისხლში გლუკოზის დონეზე კონტროლის დაკარგვა ან შოკი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

მიზეზები

ნეიროპათიის მიზეზი მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევებია. დიაბეტის დიაგნოზის დასმისას პაციენტთა დიდ ნაწილს უკვე დაავადებული აქვს სისხლძარღვებიც. ამ ფონზე წყლულების გაჩენას ხელს უწყობს ცუდად მორგებული ფეხსაცმელი, უხეშნაკერიანი წინდა, ფეხსაცმელში უცხო საგნის ჩავარდნა, ფეხშიშველი სიარული. ამასთანავე, როდესაც კიდური დაწყლულებულია, ფრჩხილია ჩაზრდილი, ფეხის თითებს შორის გადაგვარებულია კანი – სხეულში ადვილად იჭრებიან ბაქტერიები.

ნეიროპათია შეიძლება ნებისმიერ დიაბეტიან ადამიანს განუვითარდეს, მაგრამ რისკს ზრდის:

. სისხლში გლუკოზის ისეთი დონე, რომელიც ძნელი სამართავია;

. დიდხანს მიმდინარე დიაბეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ხშირად აღემატება პაციენტის სამიზნე დონეს;

. ჭარბი წონა;

. 40 წელზე უფროსი ასაკი;

. მუდმივად მაღალი არტერიული წნევა;

. სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე.

სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ერთად ნეიროპათია წყლულების გაჩენის რისკსაც ზრდის, ხოლო თუ წყლული დაინფიცირდა და არ შეხორცდა, შესაძლოა, ორგანიზმში ინფექცია გავრცელდეს და ადამიანის გადასარჩენად საჭირო გახდეს თითის, ტერფის, წვივის ნაწილის ამპუტაცია.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ტერფის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და სამკურნალოდ აუცილებელია მათი ყოველდღიური თვალირება. დროულად დაწყებული მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ამპუტაციის რისკს.

ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ან შესაჩერებლად აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნება ექიმის მიერ რეკომენდებულ სამიზნე დიაპაზონში, ასევე:

. თამბაქოზე უარის თქმა, რადგან მოწევა ამცირებს ფეხებში სისხლის ნაკადს;

. ჯანსაღი კვება, მაგალითად, მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა და ნაკლები შაქრისა და მარილის მიღება;

. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა. ყოველდღე 10-20 წუთი მოძრაობა სჯობია კვირაში ერთხელ ერთსაათიან დატვირთვას;

. ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღება.

დიაგნოსტიკა

ვინაიდან ტერფებს ნერვული ფუნქცია დარღვეული აქვს, ადამიანმა შესაძლოა ვერ იგრძნოს ტკივილი. ამის გამო ხშირად გვიანდება დიაგნოზის დასმა და პაციენტს შესაძლოა გვიან დაუდგინდეს კიდურებისთვის ან სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია.

დიაგნოზი დაისმის ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებზე დაყრდნობით. ამასთან ერთად, ექიმი კარგად ათვალიერებს ტერფს, სხვადასხვა მეთოდით ამოწმებს მის მგრძნობელობას, აფასებს სისხლის მიმოქცევას. ყველაფერი ეს ძალიან  მნიშვნელოვანია ჭრილობის შეხორცების პროგნოზირებისთვის.

მკურნალობა

დიაბეტური ტერფის მკურნალობის მიზანია, შენარჩუნდეს ძვალსახსროვანი სტაბილურობა, შესაძლებელი იყოს ფეხსაცმლის კარგად მორგება და ტერფის დაზიანებათა (ჭრილობების, ნაკაწრების) დროული აღმოჩენა.

ჭრილობები უნდა გაიწმინდოს და დამუშავდეს, საჭიროებისამებრ, დაინიშნოს ანტიბიოტიკები. შარკოს ართროპათიის დროს იმობილიზაციას ან ოპერაციას მიმართავენ. ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა აბსცესი და ოსტეომიელიტი, შესაძლოა ქსოვილის ქირურგიული გზით მოცილება გახდეს საჭირო, უფრო შორს წასული ინფექციების შემთხვევაში – ფეხის ამპუტაცია. სისხლის ნაკადის დაბლოკვისას შესაძლებელია არტერიული შემოვლითი გზის გაკეთება.

***

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ტერფები

. ყოველდღე დაითვალიერეთ ფეხები, სასურველია, ფეხსაცმლის ჩაცმამდე და გახდის შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაქვთ ნაკაწრი, ჭრილობა, სიწითლე, სითეთრე, შეშუპება, წყლული, ბუშტუკი, კოჟრი, კოჟიჟი... თუ ფეხისგულს ვერ ხედავთ, გამოიყენეთ სარკე ან ოჯახის წევრს სთხოვეთ დახმარება. შეამოწმეთ, როგორ გრძნობთ მსუბუქ შეხებას ბამბის ტამპონით.

. ყოველდღე დაიბანეთ ფეხები თბილი და არა ცხელი წყლით. ფეხები არ ჩაალბოთ. გამოიყენეთ რბილი საპონი. წყლის ტემპერატურა ჯერ ხელით შეამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არც მეტისმეტად ცხელია და არც მეტისმეტად ცივი. კარგად გაიმშრალეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი მთელ ტერფზე, გარდა თითებს შორის არეებისა.

. არ შემოაწყოთ ფეხები გასათბობად რადიატორზე, გამათბობელ ბალიშზე, არ მიუფიცხოთ ბუხარს – შესაძლოა სერიოზულად დაიწვათ. თუ ფეხებზე გცივათ, ჩაიცვით თბილი, კარგად მორგებული წინდები და ფეხსაცმელი, საწოლშიც თავისუფალი წინდები გეცვათ.

. თუ თოვლში ან წვიმაში ფეხები დაგისველდათ, შინ შესვლისთანავე კარგად გაიმშრალეთ და მშრალი წინდა და ფეხსაცმელი ჩაიცვით.

. არ იაროთ ფეხშიშველმა. სახლშიც კი ყოველთვის გეცვათ წინდები და ჩუსტები. ფეხსაცმლის ჩაცმამდე შეამოწმეთ, რამე ხომ არ გდია მასში (მაგალითად, კენჭი), ხოლო შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შიგნითა მხარეს არსებულ ნაკერებს.

. ატარეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი. ახალი ფეხსაცმელი დღის ბოლოს მოიზომეთ, როცა ფეხები გაფართოებულია. დააკვირდით, ხომ არ გიჭერთ ან გაჭერთ? ზედმეტად თავისუფალი ხომ არ არის? ფეხი თანდათანობით შეაჩვიეთ: თავდაპირველად დღეში მხოლოდ ერთი-ორი საათით ჩაიცვით, მერე და მერე მოუმატეთ, ვიდრე თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული არ გახდება. ფეხსაცმლის შიგნით ყოველთვის გეცვათ წინდები, სასურველია, უნაკერო.  ერიდეთ წვეტიან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. ეცადეთ, ფეხსაცმელი ტყავისა იყოს და თითებთან საკმარისად ფართო. ნუ ჩაიცვამთ ზედიზედ რამდენიმე დღე ერთსა და იმავე წყვილს. თასმები არც ძალიან მოუჭიროთ და არც მოუშვათ. თუ ტერფი დეფორმირებული გაქვთ, შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი ფეხის ფორმის მიხედვით სპეციალურად დამზადებული ფეხსაცმელი.

. თუ ტერფების შეშუპებისკენ გაქვთ მიდრეკილება, ატარეთ კომპრესიული წინდები, მაგრამ მოერიდეთ ჩვეულებრივ ბამბის წინდებს, რომლებსაც ვიწრო მაგარი რეზინი აქვს.

. ფეხის ფრჩხილები სწორ ხაზზე გადაიჭერით. არ ამოიჭრათ კუთხეები. ფრჩხილის კიდეები ფრთხილად გაიქლიბეთ. თუ ვერ ხედავთ ან ვერ სწვდებით საკუთარ ტერფებს, ვინმე დაიხმარეთ.

. კოჟრებს და კოჟიჟებს თავად ნუ მოიცილებთ. განსაკუთრებით ერიდეთ მათ მოსაშორებელ ურეცეპტოდ გასაცემ პროდუქტებს, რომლებმაც შესაძლოა კანი დაგწვათ.

. ყოველი ვიზიტის დროს დაათვალიერებინეთ ტერფები ექიმს. ყოველწლიურად ან, თუ ნერვის დაზიანება გაქვთ, უფრო ხშირად ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევა ტერფის მგრძნობელობისა და სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად.

. დაეხმარეთ ტერფებში სისხლის მიმოქცევას – ჯდომისას ფეხები მაღლა ასწიეთ, ამოძრავეთ ფეხის თითები დღეში რამდენჯერმე რამდენიმე წუთის განმავლობაში.

. აირჩიეთ ტერფებისთვის სასურველი აქტივობები: სიარული, ველოსიპედის ტარება, ცურვა. თუმცა აჯობებს, ექიმს ჰკითხოთ, რომელი აქტივობაა თქვენთვის საუკეთესო და რომელს უნდა ერიდოთ.

აუცილებლად ჰკითხეთ ისიც, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ ტერფების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ფიზიკური დატვირთვისას:

. იგრძენით ფეხების ტკივილი;

. დუნდულებში, ბარძაყებში ან წვივებში განგივითარდათ კრამპი (კრუნჩხვები, მოვლითი ტკივილი);

. ტერფში იგრძენით ჩხვლეტა, წვა ან ტკივილი, დაკარგეთ შეხების შეგრძნება, დაგიქვეითდათ სითბოს ან სიცივის შეგრძნება;

. ფეხის თითებზე თმა გაგცვივდათ;

. ტერფის ზურგზე ან მთელ ტერფზე კანი გამოშრა და დასკდა;

. ტერფმა შეიცვალა ფორმა, ფერი, ტემპერატურა, ფრჩხილები გასქელდა, გაყვითლდა, გაგიჩნდათ სოკოვანი ინფექცია თითებს შორის, ბუშტუკი, წყლული, კოჟრი დაინფიცირდა.

დიაბეტით დაავადებულთა უმეტესობას ტერფის გართულებების თავიდან აცილება შეუძლია. ამისთვის საჭიროა შინ ტერფის რეგულარული მოვლა და ექიმთან ყველა დანიშნულ ვიზიტზე მისვლა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: