რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა
გააზიარე:
დამეთანხმებით, დედობა უდიდესი ბედნიერებაა. სამწუხაროდ, სურვილი ყოველთვის არ არის საკმარისი – ზოგიერთისთვის შვილის ყოლა აუხდენელ ოცნებად რჩება. ქალების უმრავლესობა ამაზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც მოწიფულ ასაკს მიაღწევს და ოჯახს შექმნის, ამ დროისთვის კი დარღვევების აღმოფხვრა გაცილებით ძნელია, ხანდახან შეუძლებელიც კი. უშვილობის გამომწვევი მრავალი დაავადება ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში იჩენს თავს. სწორედ ამ დროს უნდა მივაქციოთ მათ ყურადღება, რათა გართულებები თავიდან ავიცილოთ.
მაშ, რომელი სიმპტომები მოითხოვს ექიმთან ვიზიტს და რომელი გინეკოლოგიური დაავადებებია დამახასიათებელი მოზარდობის ასაკისთვის? გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსის” დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში ჯენარა ქრისტესაშვილი.
– რამდენად ხშირია მოზარდობის ასაკში სქესობრივი განვითარების დარღვევა?
– სქესობრივი განვითარების დარღვევები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ნაადრევ განვითარებად და დაგვიანებულ განვითარებად. საზოგადოდ, სქესობრივი განვითარება მეტად ინდივიდუალურია. მისი დასაწყისი მკაცრად არ არის განსაზღვრული და 10-დან 15 წლამდე მერყეობს. ნაადრევი სქესობრივი განვითარება ბავშვთა ასაკს, გოგონებთან – 8, ვაჟებთან კი 10 წლამდე პერიოდს ეხება. ის მეტად საყურადღებო ნიშანია, რადგან მის უკან შესაძლოა საშიში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება, მაგალითად, ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნე ან ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება იმალებოდეს. მოზარდობის ასაკში კი სქესობრივი მომწიფების შეფერხებაა მოსალოდნელი. მართალია, მას ასეთი მძიმე პათოლოგიები არ იწვევს, მაგრამ მისი უგულებელყოფა მაინც არ შეიძლება – ეს შესაძლოა ძალზე ძვირად დაგვიჯდეს. ცხადია, მოზარდები ამ საკითხებში ვერ ერკვევიან და ექიმსაც მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტების – ჭარბი წონის, გამონაყარის, ჭარბთმიანობის გამო თუ მიმართავენ, ამიტომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მშობლებს მართებთ. მათ საეჭვო სიმპტომის შემჩნევისთანავე უნდა მიმართონ ექიმს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ეს მოზარდთა გინეკოლოგი იყოს, რადგან მოზარდი გოგონასა და ზრდასრული ქალის გინეკოლოგია ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. სამწუხაროდ, მშობლები მეზობლების, ნათესავებისა და არაკომპეტენტური ექიმების რჩევით ხშირად მცდარ გზას ადგებიან, მერე კი დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალზე ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც კი.
– სახელდობრ, რომელი სიმპტომების დროს არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაციის გავლა?
– ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ნიშანი მენსტრუაციული ციკლის დარღვევაა. ის თან ახლავს სხვადასხვა გინეკოლოგიურ-ენდოკრინულ დაავადებას – საკვერცხეების პოლიცისტოზს, ადრენოგენიტალურ სინდრომს, ჰიპერპროლაქტინემიას, ასევე – ჰიპოთალამურ სინდრომს, მეტაბოლურ სინდრომს და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ციკლის დარღვევა გამოხატულია არა იშვიათი, დაგვიანებული ან შეწყვეტილი მენსტრუაციებით, არამედ სისხლდენებით. იგულისხმება როგორც ჭარბი მენსტრუაციული გამონადენი, ასევე მენსტრუაციის დღეების გახანგრძლივება და სისხლდენები მენსტრუაციებს შორის. ყოველგვარი სისხლდენა თავისთავად ანემიის რისკფაქტორია, ანემია კი, თუ მისი კომპენსაცია დროულად არ მოხდა, შესაძლოა, სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს. სულ რამდენიმე წლის წინ თავად სისხლდენის შეჩერებაც პრობლემა იყო. დღეს ამ კუთხით პროგრესი შესამჩნევია – სამკურნალოდ წარმატებით იყენებენ ჰორმონულ ჰემოსტაზს ანტიანემიურ საშუალებებთან ერთად. გარდა გინეკოლოგიური და ენდოკრინული პათოლოგიებისა, სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰემოფილიის გენის მატარებლობა, ფონ-ვილებრანდის დაავადება და სხვა პათოლოგიები, რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარია დარღვეული, ამიტომ მკურნალობის პროცესში ხშირად ჰემატოლოგის ჩართვაც ხდება საჭირო.
– საკმაოდ ხშირია მტკივნეული მენსტრუაციაც...
– დიახ, ეს მოზარდობის ასაკისთვის მეტად დამახასიათებელი სიმპტომია. მტკივნეული მენსტრუაცია შესაძლოა ფუნქციური ან ორგანული დარღვევის შედეგი იყოს. პირველ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევაა. პუბერტატის პერიოდში მენსტრუაციული ციკლის ლუთეინური ფაზა, როგორც წესი, შემოკლებული ან არასრულფასოვანია, ამიტომ ნაკლებად გამოიყოფა პროგესტერონი და ამ ფონზე იზრდება პროსტაგლანდინების ეფექტი. ასეთ დროს პროგესტერონის ანალოგებითა და პროსტაგლანდინების ანტაგონისტებით მკურნალობენ. მტკივნეული მენსტრუაციის ორგანული მიზეზებიდან აღსანიშნავია ენდომეტრიოზი. ეს არის საშვილოსნოს ლორწოვანის მსგავსი ქსოვილის არსებობა საშვილოსნოს ღრუს გარეთ. მენსტრუაციული გამონადენი გროვდება ჩაკეტილ სივრცეში, რაც ტკივილს განაპირობებს. დაავადებამ შესაძლოა შეხორცებებიც გამოიწვიოს და უშვილობის მიზეზად იქცეს, ამიტომ ბოლო ხანს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ენდომეტრიოზის ადრეულ, მოზარდობის ასაკში დიაგნოსტიკას.
– კიდევ რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– ერთ-ერთი მეტად საყურადღებო სიმპტომია ჭარბი წონა. სამწუხაროდ, მას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ, არადა სიმსუქნე შესაძლოა სერიოზული დაავადების გამოხატულება იყოს. მყოლია 100 კილოგრამამდე წონის მოზარდი პაციენტები, რომლებიც ოჯახის წევრებს არა ჭარბი წონის, არამედ სრულიად სხვა პრობლემის, მაგალითად, ციკლის დარღვევის გამო მოუყვანიათ. ასეთ ოჯახებში, როგორც წესი, დარღვეულია ჭამის კულტურა, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ათასგვარი ტკბილეული. ამ მხრივ ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სწრაფი კვების ობიექტები, ტკბილი გაზიანი სასმელების პროპაგანდა... როგორც კი მოზარდები კვების ჯანსაღ რეჟიმზე გადადიან, 20-30 კილოგრამს იკლებენ და მრავალი პრობლემა უგვარდებათ.
– რისი ნიშანია სიმსუქნე და რატომ აქვს წონის მოწესრიგებას ასეთი დიდი მნიშვენელობა?
– მოზარდობის ასაკში სიმსუქნე ყველაზე ხშირად საკვერცხეების პოლიცისტოზის გამოხატულებაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მოზარდებს შორის, უკვე ზრდასრულ ასაკში კი ასევე წამყვანი ადგილი უკავია უშვილობის მიზეზთა ნუსხაში. თანამედროვე მიდგომით, ბავშვობაში მხოლოდ სიმსუქნეც კი საკვერცხეების პოლიცისტოზის რისკფაქტორად განიხილება. მოზარდ ასაკში ამას ერთვის მენსტრუაციული ციკლის დარღვევა (ტიპური ნიშანია დარღვევების განვითარება მენარქეს პერიოდიდან). ამავე პერიოდიდან იჩენს თავს ჭარბთმიანობაც. ზრდასრულ ასაკში წინა პლანზე წამოიწევს უშვილობა (ვინაიდან ციკლი არასრულფასოვანია). ანოვულატორული ციკლი ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიასაც (გასქელებას) იწვევს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა საშვილოსნოს ტანის კიბოს მიზეზად იქცეს. ცალკე გამოყოფენ საკვერცხეების პოლიცისტოზის ინსულინრეზისტენტულ ფორმას, რომლის დროსაც ჩამოთვლილ სიმპტომებს მოგვიანებით შაქრიანი დიაბეტიც ემატება. უნდა ითქვას, რომ სიმსუქნე მხოლოდ დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიმპტომი კი არ არის, არამედ თვითონვე უწყობს ხელს დანარჩენი სიმპტომების განვითარებას. როგორც ცნობილია, მამაკაცის სასქესო ჰორმონები ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება. მამაკაცის სასქესო ჰორმონებს გამოყოფს როგორც საკვერცხე, ასევე თირკმელზედა ჯირკვალიც. აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონის წყარო ცხიმოვანი ქსოვილიც ყოფილა. ამის კვალობაზე, ჭარბი ცხიმი ხელს უწყობს მამაკაცური ჰორმონების დონის ზრდას, რასაც, თავსი მხრივ, ჭარბთმიანობამდე და საკვერცხის ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ. იკვრება მანკიერი წრე – ანდროგენები ხელს უწყობს ცხიმის ჩალაგებას, ჭარბი ცხიმი კი, თავის მხრივ, ანდროგენების წარმოქმნას აძლიერებს. ამიტომ პოლიცისტოზის მკურნალობას სწორედ წონის მოწესრიგებით ვიწყებთ. ამასთან ერთად, ინიშნება ანდროგენების გამოყოფის დამთრგუნველი პრეპარატებიც. საკვერცხეების ფუნქცია ზედმეტად რომ არ დაითრგუნოს, მკურნალობა ფრთხილად, წყვეტილი კურსებით მიმდინარეობს. უკვე რეპროდუქციულ ასაკში, როცა შვილოსნობის საკითხი აქტუალური ხდება, ვიყენებთ რამდენიმე ტიპის მიდგომას: საკვერცხეების სტიმულაციას მედიკამენტებით, ქირურგიულ ჩარევას –საკვერცხეების ძალიან ფრთხილად დაჩხვლეტას, რის შემდეგაც შესაძლოა შვილოსნობის ფუნქცია აღდგეს, ან ინ ვიტრო განაყოფიერებას. დადგენილია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი, რადგან მით უფრო ნაკლებად მძიმეა საკვერცხეებში მორფოლოგიური ცვლილებები. ამიტომაც არის საჭირო, პრობლემა მოზარდობის ასაკშივე გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ – ასე შვილოსნობის აღდეგნის შანსი გაცილებით დიდია. ასე რომ, დაიმახსოვრეთ, მოზარდობისას ჭარბი წონა (თუ ის პროგრესირებს) ექიმთან მისვლის საკმაო საფუძველია.
– რას გვეტყვით გამონაყარზე?
– მოზარდ ასაკში საკმაოდ ხშირია აკნეც. გამონაყარის გამო ხშირად მიმართავენ კოსმეტოლოგებს, მაგრამ თუ მიზეზი რომელიმე დაავადებაა, კოსმეტოლოგიური ჩარევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. აკნე თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის ტიპური ნიშანია. ამ დაავადების სიმპტომატიკა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც საკვერცხეების პოლიცისტოზისა და ჰიპერპროლაქტინემიისა. მოზარდობის ასაკში სწორედ ეს სამი დაავადებაა ყველაზე ხშირი და სურათიც მეტ-ნაკლებად მსგავსი აქვთ. პოლიცისტოზისგან განსხვავებით, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამოვლენა ყოველთვის მენარქეს არ უკავშირდება – ეს შესაძლოა მოხდეს უფრო ადრეც და უფრო გვიანაც, მაგალითად, მშობიარობის ან აბორტის შემდეგ. ამისთვის პროცესში სტრესული ფაქტორის მონაწილეობაა საჭირო. პაციენტები მსუქნებიც იშვიათად არიან. წამყვანი სიმპტომი, როგორც მოგახსენეთ, აკნე და ჭარბთმიანობაა. ციკლიც უმეტესად შენარჩუნებულია, თუმცა ხშირად არის ანოვულატორული. დაორსულებაც უფრო ადვილია, მაგრამ სათანადო მკურნალობის გარეშე საკმაოდ დიდია ორსულობის შეწყვეტის რისკი. დაავადებას მკურნალობენ გლუკოკორტიკოიდებით, ჰორმონული პრეპარატებით. ჰიპერპროლაქტინემია ჩამოთვლილთაგან ყველაზე ადვილად ემორჩილება მკურნალობას. როგორც კი პროლაქტინის დონეს მყარად მოვაწესრიგებთ, ყოველგვარი გამოხატულება ქრება. მთავარია, ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუციებელი სიმსივნე არ გამოგვეპაროს. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმი პროლაქტინის სათანადო დონის მიღწევის შემდეგ მკურნალობას წყვეტს. ასე არამც და არამც შეიძლება. აუცილებელია შემანარჩუნებელი მკურნალობა და პროლაქტინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
– ჭარბთმიანობა ახსენეთ. კიდევ რომელი დაავადების გამოხატულება შეიძლება იყოს ის?
– ჭარბთმიანობა გულისხმობს როგორც ჰიპერტრიქოზს, ასევე ჰირსუტიზმსაც. ჰიპერტრიქოზი თმიანობის მომატებაა ქალის სხეულის იმ უბნებზე, სადაც ის ბუნებრივადაც არის, ჰირსუტიზმს კი ვუწოდებთ თმიანობის გაჩენასა და პროგრესირებას მამაკაცისთვის დამახასიათებელ არეებში. ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოიწვიოს საკვერცხეების პოლიცისტოზმა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიის თანდაყოლილმა ფორმამ, ჰიპერპროლაქტინემიამ, კუშინგის დაავადებამ, მამაკაცის ჰორმონმაპროდუცირებელმა სიმსივნემ და სხვა, თუმცა ისიც შესაძლოა, არავითარ პათოლოგიას არ მიუძღვოდეს ბრალი – ჭარბთმიანობა კონსტიტუციური იყოს. სადიფერენციაციოდ ვატარებთ ჰორმონულ კვლევას. თუ ჰორმონები ნორმაშია და მძიმე დაავადებები გამოირიცხება კონსტიტუციურ ჰიპერტრიქოზზე ვსაუბრობთ. ასეთ დროს ფსიქოლოგიური სტრესის მოსახსნელად საკმარისია დეპილაცია. სხვა მხრივ მდგომარეობა არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.
გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელია ოფლიანობაც. ცხიმის ჭარბი გამოყოფა ამ პერიოდში ნორმაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომლებსაც ასევე ჰორმონული კვლევით გამოვრიცხავთ.
როგორც ხედავთ, მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე ძნელია იმის გადაჭრით თქმა, გვაქვს თუ არა საქმე დაავადებასთან. ჩვენში პატივს არ სცემენ ექიმთან კონსულტირების პრაქტიკას. არადა, ვიდრე მშობელი საქმის ვითარებაში გაერკვევა და დასკვნას გამოიტანს, უმჯობესია, ეს პროფესიონალს მიანდოს. ასე უკეთ ვიქნებით დაზღვეულნი შეცდომებისა და სავალალო შედეგებისგან.
გვანცა გოგოლაძე