“მოურჩენელი” ხველა

გააზიარე:

 

გახსოვდეთ, მოურჩენელი ხველა არ არსებობს. თუ თქვენს შვილს ხველა საეჭვოდ გაუხანგრძლივდა, არც ანტიბიოტიკოთერაპია შველის და არც ხველის საწინააღმდეგო სხვა წამლები, მაშასადამე, იმას არ მკურნალობთ, რაც ხველას იწვევს. გახანგრძლივებული ხველა რომ მოვარჩინოთ, ჯერ მის მიზეზს უნდა მივაგნოთ.
ქრონიკულად მიიჩნევა ხველა, რომელიც რვა კვირაზე მეტია გრძელდება. განსხვავებული მიდგომაა ბავშვებთან – თუ თქვენს პატარას უკვე ოთხ კვირაზე მეტია ახველებს, საქმე ქრონიკულ ხველასთან გვაქვს.
პაციენტთა უმრავლესობისთვის ქრონიკული ხველა ორგანიზმის დამასუსტებელი ფაქტორია. ექიმები ქრონიკულ ხველას “დაუმორჩილებელ” და ძნელად სამართავ პრობლემად მიიჩნევენ. წარმატებული მკურნალობის გასაღები ხველის გამომწვევი დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება და აღმოფხვრაა. იდიოპათიურად მიიჩნევა ქრონიკული ხველა, რომლის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ჭეშმარიტი იდიოპათიური ხველა ძალზე იშვიათია, მის დიაგნოზს ხშირად არასწორად სვამენ.

სად ვეძებოთ დამნაშავე?
პაციენტთა 90%-ზე მეტთან ქრონიკულ ხველას სამი ძირითადი დაავადება იწვევს: ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და რინიტი.
მორეციდივე ხველა ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია. მცირედ განსხვავებულია მათთან მიზეზების ჩამონათვალი: ამ დროს ხველა უმეტესად ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს უამრავი სხვა დაავადებაც, რომელსაც ქრონიკული ხველის გამოწვევა შეუძლია. სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვთა დაახლოებით 10%-ს აღენიშნება პერსისტირებადი ხველა, რომელიც არც გაციებას და არც სუნთქვის გაძნელებას არ უკავშირდება. ხველა სუნთქვის გაძნელების გარეშე ხშირად ასოცირდება გარემო ფაქტორებთან, კერძოდ, სინესტესა და გარემოს დაბინძურებასთან, ასევე – სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობასთან. მწეველი მშობლის ყოლა მწვავე ხველის ქრონიკულში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ცნობილია, რომ ქრონიკულ ხველას უჩივის 11 წლამდე ასაკის იმ ბავშვთა 50%, რომელთა დედ-მამა სიგარეტს ეწევა.
ჯანმრთელ ბავშვს 24 საათის განმავლობაში შესაძლოა 19-ჯერ წამოახველოს, უმთავრესად – დღის განმავლობაში. ეს რიცხვი, წესისამებრ, იზრდება რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ინფექციის დროს, რომელიც ჯანმრთელ ბავშვს შესაძლოა წელიწადში 5-8-ჯერ შეხვდეს და 7-9 დღეს გაუგრძელდეს. ადრეული ასაკის ბავშვებს ინფექცია უფრო ხშირად ემართებათ, შესაბამისად, ხველაც უფრო ხშირად აწუხებთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 22% უჩივის ქრონიკულ ხველას გაციების კლინიკური ნიშნების გარეშე. არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ბავშვები, რომელთაც ქრონიკური ხველა აწუხებთ, ასთმის კანდიდატები არიან. სინამდვილეში მათ სულაც არ აქვთ ასთმისა და ატოპიის განვითარების სხვებზე მაღალი რისკი.
ქრონიკული ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
* 18 თვემდე – თანდაყოლილი პათოლოგია, ხველის ასთმის ვარიანტი (ასთმური ხველა), არტერიის თანდაყოლილი ანომალია;
* 18 თვიდან 6 წლამდე – ასთმური ხველა და სინუსიტი;
* 6 წლიდან 18 წლამდე – ასთმური და ფსიქოგენური ხველა.
დაწვრილებითი კლინიკური ანამნეზი, ჩივილების დეტალური გამოკითხვა დიაგნოსტიკას აადვილებს და ხშირად თავიდან გვაცილებს დამატებით ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქრონიკულ ხველას მჭიდრო კავშირია აქვს თამბაქოს წევასთან. ალბათ არც ის გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ მოზარდების დიდი ნაწილი ეტანება ამ მავნე ჩვევას. მსგავსი ინფორმაციის მოძიება, დღის განმავლობაში მოწეული სიგარეტის ზუსტი რაოდენობის დადგენა დიაგნოსტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ქრონიკული ხველა დოზადამოკიდებულია – რაც უფრო მეტს ეწევა მოზარდი, მით მეტად აქვს გამოხატული ეს სიმპტომი. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნახველის ანალიზს. ნახველი შეიძლება იყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი. სიგარეტის მოწევის ფონზე განვითარებული ხველა შესაძლოა იყოს მშრალიც, უნახველო. მას თამბაქოს მავნე ფაქტორების მიერ რეცეპტორების გაღიზიანება იწვევს. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის (ერთ ჭიქაზე მეტი) ნახველის გამოყოფა უფრო სერიოზული დაავადების – ბრონქოექტაზიის არსებობაზე ბადებს ეჭვს. ამ დროს ნახველი, წესისამებრ, ჩირქოვანია და მისი გამოყოფა პოზის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. 

ყველაზე ხშირი მიზეზი – ასთმა
გაძნელებული სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა, ჰაერის უკმარისობა და შეტევითი ხველა ასთმას ახასიათებს. ღამის გამწვავებებიც ასთმის სავარაუდო ნიშანია. ხველის შეტევა შესაძლოა ცივი ჰაერითა და ფიზიკური დატვირთვითაც იყოს განპირობებული.
სიცოცხლის პირველ წლებში ასთმაა სავარაუდო, როდესაც ქრონიკული ხველა ატოპიურ ეგზემასთან ასოცირდება ან ბავშვის ოჯახში ვინმეს ასთმა აქვს. ამასთან, ადრეული ასაკის ბავშვებთან ანთების ასთმური ტიპი დამახასიათებელი ეოზინოფილური ინფილტრაციითა და ქრონიკული ხველით იშვიათად ვლინდება. სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ქრონიკულ ხველას, მსტვენი სუნთქვით მიმდინარესთან შედარებით, კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს და უმეტეაად 6 წლამდე გაივლის.

რინოსინუსიტი და რეფლუქსი
თუ ხველას თან ახლავს ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, სახის ტკივილი ან განმეორებითი ჩახველება (ყელის ჩაწმენდა), სავარაუდო მიზეზია რინოსინუსიტი – ცხვირის ღრუსა და ცხვირის წიაღების ლორწოვანი გარსების ერთდროული ანთება. ამ დროს ხახა გაწითლებულია. 
ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამ დროს კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდის და ნაწილობრივ ხახის გაღიზიანებასაც იწვევს. ის საყლაპავის სფინქტერის გარდამავალი რელაქსაციით არის განპირობებული. ხველა შესაძლოა განვითარდეს ჭამის დროს და ჭამის შემდეგ, ასევე – გულაღმა წოლისას. ხველა მცირდება ძილის დროს, როცა სფინქტერი იხურება, და ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას. სიცილმა და საუბარმაც შეიძლება გამოიწვიოს რეფლუქსასოცირებული ხველა. 
ხველა ხშირად ასთმისა და რინოსინუსიტის ერთადერთი სიმპტომია, ამიტომ აუცილებელია პაციენტის სათანდო გასინჯვა და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

ინფექცია
ქრონიკულ ხველას ბავშვებთან მრავალი ინფექცია იწვევს: ყივანახველა, ტუბერკულოზი, მორეციდივე ვირუსული ინფექცია, ყელ-ყურ-ცხვირის ქრონიკული ინფექცია. ახალშობილებთან ქრონიკული ხველის მიზეზი შესაძლოა იყოს ქლამიდია, ციტომეგალოვირული, ureaplazma urealitica-ც. ყივანახველის შემთხვევაში ხველა რამდენიმე თვეს გრძელდება და არ ემორჩილება მკურნალობას. ეპიდემიის პროცესში დაავადება შესაძლოა იმ ბავშვებსაც დაემართოთ, ვისაც ყივანახველას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს. 

იმუნოდეფიციტი 
თუ სასუნთქი გზების ინფექცია უჩვეულოდ, არაბუნებრივად ხშირი და მძიმეა, უნდა დავუშვათ სხვა, უფრო მძიმე და იშვიათი პათოლოგიის – პირველადი იმუნოდეფიციტის არსებობა. თუ სასუნთქი გზების ქრონიკულ ინფექციას თან ახლავს ზრდაში ჩამორჩენა და მალაბსორბცია – ერთი ან რამდენიმე საკვები პროდუქტის შეწოვის დარღვევა წვრილ ნაწლავში, ოფლის ტესტის საშუალებით უნდა გამოვრიცხოთ სისტემური გენეტიკური დაავადება – კისტოფიბროზი. 

თანდაყოლილი ანომალია
ტრაქეობრონქომალაცია საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა. მას ბრონქული ხის ხრტილის, კუნთოვანი და ელასტიკური ქსოვილების თანდაყოლილი განუვითარებლობა ახასიათებს. მოგეხსენებათ, ნორმაში საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ სისტემებს შორის კავშირი არ არსებობს, აღნიშნული პათოლოგიის დროს კი ყველაფერი სხვაგვარადაა; ხშირად საკვები სასუნთქ გზებში ხვდება, აღიზიანებს მას და ხველას იწვევს. ის შესაძლოა იზოლირებული სახითაც არსებობდეს და სხვა სინდრომის ნაწილიც იყოს. ამ დროს ხველა დამახასიათებელია, უხეში. ტრაქეობრონქული ფისტულის ან ლარინგეალური ნაპრალიც იწვევს ხველას კვების დროს განვითარებული ასპირაციის შედეგად. 

უცხო სხეულის ასპირაცია
ბავშვებთან ხშირია უცხო სხეულის ასპირაცია. ასპირაცია გადაყლაპვაში არ უნდა აგვერიოს. ასპირაციის დროს უცხო სხეული არა საყლაპავში ან კუჭში, არამედ სასუნთქ გზებში – ტრაქეასა და ბრონქებში ხვდება. თუ სხეული არც ისე დიდია, მისი აღმოჩენა შესაძლოა დიდხანს ვერ მოხერხდეს. ლიტერატურაში არსებული მონაცემებით, ბრონქოსკოპიით ამის შანსი მცირეა. თუმცა ისიც შესაძლებელია, ბრონქოსკოპიით უცხო სხეულს მაშინ მიაგნონ, როცა მასზე ეჭვიც კი არ აქვთ. კომპიუტერული ტომოგრაფია ამ დროს ყველაზე ეფექტური გამოკვლევაა. 

ფსიქოგენური ხველა
ამგვარი ხველა ბავშვთა ასაკში შედარებით იშვიათია. ის შესაძლოა ყიყინს ან სიგნალს ჰგავდეს. დიაგნოზი უნდა დაისვას სხვა დაავადებების, განსაკუთრებით კი ტურეტის სინდრომის გამორიცხვის შემდეგ, რომელიც ბავშვთა ასაკში ზოგჯერ მხოლოდ ხველით გამოვლინდება. ტურეტის სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მოტორული ვოკალური ტიკები ახასიათებს.

რა დაგვეხმარება ხველის მიზეზის დადგენაში?
გულმკერდის რენტგენოგრაფია დაავადების ადრეულ საფეხურზევე სავალდებულო კვლევად მიიჩნევა, ვინაიდან ძალზე ინფორმაციულია და ზედმეტი გამოკვლევების თავიდან აცილება შეუძლია. ტარდება სპირომეტრიაც – მას შეუძლია საჰაერო გზების რეაქტიულობის გამოვლენა, რაც ასთმის დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო. ასთმის დიაგნოსტირების უფრო მგრძნობიარე მეთოდია ბრონქოპროვოკაციული ტესტი. თუ მისი შედეგიც უარყოფითი აღმოჩნდა, შეგვიძლია, ასთმა თამამად გამოვრიცხოთ. რინოსინუსიტის დიაგნოსტირებისთვის რეზერვში გვაქვს როგორც წიაღების რენტგენოგრაფია, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ცხადია, ეს უკანასკნელი უფრო მგრძნობიარე და ზუსტია, თუმცა ხშირად, სათანადო გასინჯვის შემთხვევაში, რენტგენიც საკმარისია. თუ ექიმმა გასტოეზოფაგური რეფლუქსი იეჭვა, საჭიროა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკვლევა. 

განკურნება შესაძლებელია?
გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქრონიკული ხველის შემთხვევათა უმეტესობა ემორჩილება მკურნალობას. ასთმას, გასტროეზოფაგურ რეფლუქსსა და სინუსიტს თუ სათანადოდ ვუმკურნალებთ, ხველაც გაივლის. თადაყოლილი ანომალიები ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, ფსიქოგენური ხველას კი ფსიქოლოგისას. გახსოვდეთ, ხველა სასუნთქი გზების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დამცავი რეფლექსია, მკურნალობის მიზანი კი ხველის ნორმალური რეფლექსის აღდგენა უნდა იყოს.
თამარ არქანია

გააზიარე: